რეცენზია

ელიზაბეტ გილბერტი “Big Magic” | კრეატიული ცხოვრება

“ჩვენს ცივილიზაციაში ჯერ კიდევ არის წარმოსახვის, სილამაზის და ემოციის ფუფუნების ადგილი”

ელიზაბეტ გილბერტი ამერიკელი მწერალია, რომელსაც პოპულარობა მისმა ბესტსელერმა “Eat, Pray, Love” (2006 წ.) მოუტანა. თუმცა, როგორც ელიზაბეტი ამბობს, მას არ აბრკოლებს ის ფაქტი, რომ შესაძლოა ასეთი წარმატება არცერთმა წიგნმა აღარ მოუტანოს და მაინც აგრძელებს თავის საყვარელ საქმიანობას – წერას.

“Big Magic: Creative Life Beyond Fear” (2015 წ.) გილბერტის ყველაზე ახალი წიგნია, რომელშიც ის ცდილობს მკითხველს კრეატიული ცხოვრების მნიშვნელობა დაანახოს. გილბერტისთვის კრეატიული ცხოვრება ისეთ ცხოვრებას ნიშნავს, რომელსაც “შიშზე მეტად ცნობისმოყვარეობა განაპირობებს”. ავტორის აზრით, სამყაროს თითოეულ ჩვენგანში განძი აქვს ჩამარხული, ამ განძზე ნადირობას გილბერტი კრეატიულ ცხოვრებას უწოდებს, ხოლო ნადირობის საოცარ შედეგებს “დიდ სასწაულს” (Big Magic).

ელიზაბეტის აზრით, კრეატიული ცხოვრების უდიდესი მტერი შიშია, რადგან კრეატიულობა თავის თავში მოიცავს სიახლეს, რომლის შედეგები წინასწარ უცნობია. თუმცა გილბერტი მიიჩნევს, რომ შიში ყველა ადამიანისთვის ერთნაირი და მოსაწყენია, კრეატიულობა კი – ორიგინალური და შესაბამისად მეტად საინტერესოც. გილბერტის რჩევა შემდეგია: შიშს არ უნდა გავუძალიანდეთ, რათა ის უფრო მეტად არ შეგვეწინააღმდეგოს, თუმცა მართვის სადავეები მას არ უნდა მივცეთ და ჩვენი საქმის კეთება უნდა გავაგრძელოთ.

ელიზაბეტ გილბერტის აზრით, კრეატიული პროცესი სასწაულია: იდეები დაფრინავენ და პარტნიორად ეძებენ ადამიანებს, რომლებიც მათთვის მოიცლიან და ამ იდეებს განახორციელებენ. გილბერტს იდეა ადამიანის გარეთ გააქვს და დამოუკიდებელ არსებად აღიქვამს. მისი აღქმა შთაგონებასთან დაკავშირებით განსხვავდება თანამედროვე, რაციონალური ხედვისგან. გილბერტი რომაულ მიდგომას ემხრობა, რომლის მიხედვითაც ადამიანები თავად კი არ არიან გენიოსები, არამედ მათ “გენიოსები ჰყავთ”. ავტორის აზრით, შემოქმედებით ადამიანს მხოლოდ ის შეუძლია, რომ საკუთარ ოსტატობაზე იმუშაოს და იდეის მოსვლას დაელოდოს.

იდეები უსხეულო, ენერგიის მქონე არსებები არიან. ისინი ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლები არიან, თუმცა ჩვენთან უცნაური გზით ინტერაქცია შეუძლიათ. იდეებს არ აქვთ მატერიალური სხეული, მაგრამ აქვთ ცნობიერება და რაც მთავარია – ნება.

იდეების ცალკე მდგომობას გილბერტი იმით ხსნის, რომ ერთი და იგივე იდეამ შეიძლება ჯერ ერთი ადამიანი შეაწუხოს, შემდეგ მეორე და ა.შ. მანამ, სანამ არ იპოვის ისეთს, რომელიც მას განახორციელებს. ამიტომაცაა, რომ, ხშირად, როდესაც იდეა გვებადება და მისთვის დრო არ გვაქვს, შემდეგ ამ იდეას სხვა ადამიანის მიერ განხორციელებულს ვხედავთ. თუმცა გილბერტისტვის ეს ყველაზე მისაღები მოცემულობაა: პირველ რიგში, ასეთი შეხედულების დამსახურებით ადამიანი ამპარტავანი ვერ იქნება, ასევე –ასეთი აზროვნება გვიცავს შურისგან სხვა კრეატიული ადამიანების მიმართ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი მიდგომა ადამიანს უხსნის იმ ტვირთს, რომლის მიხედვითაც მთელი კრეატიული პროცესის ბატონ–პატრონი თვითონაა და მთლიანად მასზეა დამოკიდებული მისი საქმის წარმატებაც და წარუმატებლობაც.

შენ არც შთაგონების მონა ხარ და არც მისი ბატონი, არამედ რაღაც სხვა, გაცილებით უფრო საინტერესო – მისი პარტნიორი და თქვენ ორნი ერთად მუშაობთ რაღაც დამაინტრიგებელის და ღირებულის შესაქმნელად.

გილბერტი კრეატიული ცხოვრების სირთულეზეც საუბრობს. იმის გამო, რომ კრეატიული შრომის შედეგი წინასწარ განსაზღვრადი არაა, ხშირად შემოქმედებით ადამიანებს უჭირთ საკუთარი თავისთვის მოტივაციის შექმნა.

საკუთარი თავისთვის იმის თქმა დავიწყე, რომ ჩემი მუშაობა მსიამოვნებდა. გამოვაცხადე, რომ ჩემი კრეატიული მცდელობების ყველა ასპექტი მსიამოვნებდა – ტანჯვა და ექსტაზი, წარმატება და წარუმატებლობა, სიხარული და სირცხვილი, ჩავარდნა და ერთფეროვნება, შეფერხება და დაბნეულობა, და ამ ყველაფრის უაზრობაც კი.

ელიზაბეტი ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველა საქმეს თან სდევს უარყოფითი მხარეები, თუმცა იმისთვის, რომ გაარკვიო რისი კეთება გინდა, საჭიროა შენს თავს დაუსვა კითხვა “რა მიყვარს იმდენად, რომ მის ყველაზე უსიამოვნო ასპექტებსაც კი გავუძლო?”

გილბერტი სამუშაო პროცესის პრაქტიკულ მხარესაც განიხილავს. მისი აზრით, კრეატიული პროცესისგან მატერიალურ კეთილდღეობას არ უნდა ველოდეთ. ფინანსური სარგებელი კრეატიული ცხოვრების შემთხვევითი შედეგია. რადგან შემოქმედებითი ცხოვრება თავისთავად, ყველანაირი შედეგისგან დამოუკიდებლად, უნდა გვანიჭებდეს სიამოვნებას. საჭიროა მატერიალური კეთილდღეობისთვის სხვა საშუალებებს მივმართოთ და ასე დავეხმაროთ ჩვენს კრეატიულ პროცესს.

ავტორი პერფექციონიზმზეც საუბრობს. მისი აზრით, იდეალისტური მიდგომა შემოქმედებითობას ხელს უშლის, რადგან იდეალი მიუღწეველია. გილბერტი პერფექციონიზმს დახვეწილ შიშს უწოდებს, რომელიც გვაბრკოლებს, რომ არამხოლოდ დავასრულოთ, არამედ საერთოდ წამოვიწყოთ საქმის კეთება. მისი აზრით, გაკეთებული საქმე სჯობს კარგ, მაგრამ დაუმთავრებელ საქმეს.

 

Bookshelf-ის შეფასება: ელიზაბეტ გილბერტის “Big Magic”  შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ განსხვავებულ ფილოსოფიას გვთავაზობს. გილბერტის აზრები უპირისპირდება რენესანსის პერიოდის შემდეგ ჩამოყალიბებული აღქმას, რომლის მიხედვით ადამიანი თავადაა თავისი ცხოვრების ბატონ–პატრონი და შესაბამისად პასუხისმგებელი თავის წარმატებასა და წარუმატებლობაზე. ავტორის არგუმენტები ხშირად არარაციონალური და ვიწროდ პერსონალურია, რასაც მისი ცხოვრებისეული გამოცდილება განაპირობებს. ამის გამო, გილბერტთან მკითხველს ძალიან ბევრი შეკითხვა შეიძლება გაუჩნდეს. თუმცა, ჩემი აზრით, “Big Magic”-ის წაკითხვა საინტერესო გამოცდილებაა, თუკი მკითხველს თანამედროვე აზრისგან განსხვავებული წარმოდგენების გაცნობა სურს.

__________________________________

ელიზაბეტ გილბერტი სოციალურ ქსელში:

Twitter

Facebook

წყარო

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close