გამორჩეული ადამიანებინიკო ფიროსმანი

ეთერ კაკალაშვილი “მოგონება ფიროსმანზე

ეთერ კაკალაშვილი “მოგონება ფიროსმანზე

ქალბატონ ეთერ კაკალაშვილის მამა – გიორგი კაკალაშვილი – მეტსახელად იაგორა, 10 წლის ასაკიდან დალაქთან იყო შეგირდად. სადალაქო იმ ეზოში იდგა, სადაც სარდაფის კიბის ქვეშ, ფიროსმანი ცხოვრობდა.
სამწუხაროდ, იაგორა ცოცხალი აღარ არის, ექვსი წლის წინ გარდაცვლილა და მხოლოდ მისი ქალიშვილის მონათხრობით შევძელით, აღგვედგინა დალაქის მოგონებები დიდ მხატვარზე. ბატონ გიორგის ნიკალას სიკვდილის მერე წაუკითხავს მასზე დაწერილი წიგნები და არ მოსწონებია – მოთხრობასავით შეთხზულია, ეს ფიროსმანის ცხოვრება არ არისო, – უთქვამს. გარდა ამისა, ძალიან ბრაზობდა, თურმე, როცა მხატვარს ლოთად აცხადებდნენ. აი, რა გვიამბო ქალბატონმა ეთერმა:
– მამაჩემის მშობლებს უჭირდათ შვილების გამოკვება და სიღარიბის გამო მამა ქალაქში ჩამოუყვანიათ დალაქთან. იმ დღიდან ახსოვს ნიკალა. მამა ღარიბ მხატვარს ყოველთვის იგონებდა. ფიროსმანი მფარველობდა, თურმე შეგირდს, ხშირად უჩხუბია სადალაქოს მფლობელთან მისი გულისთვის. ერთხელ კინაღამ სარკეც კი ჩაულეწავს – ბავშვს ნუ სცემ ნებისმიერი წვრილმანის გამო, რას გიშავებს, რატომ ჩაგრავო.
– მამათქვენსაც ცუდად ექცეოდა სადალაქოს მფლობელი?
– ძალიან გულქვა კაცი ყოფილა, შეგირდებს, თურმე შოლტით სცემდა. სიცოცხლის ბოლომდე აჩნდა იმ შოლტის კვალი ზურგზე. სამაგიეროდ, ცოლი ჰყოლია ღვთისნიერი და ქმრის სიკვდილის შემდეგ საპარიკმახეროც, იარაღებიც და ყველაფერი, რაც აქ იყო, მამაჩემს დაუტოვა. სხვათაშორის, მამა ისევ სოფელში რომ არ გაიქცა, ფიროსმანის დამსახურება იყო. ატირებული, თურმე, ნიკალასთან გარბოდა, ის აწყნარებდა საბრალო ბავშვს, ეხვეწებოდა, მოითმინე და სულ მალე ხელობა გექნება, კაცი იქნებიო. ნიკალას გულისთვისაც ხშირად მოხვედრია მამას. ყინვების დროს საპარიკმახეროში აჰყავდა ჩუმად ღამღამობით და იქ ერთად იძინებდნენ. თუ პატრონი წამოასწრებდა ხოლმე, შოლტით სცემდა. მამა ღამეს საპარიკმაროში ათევდა, დღისითაც კი, გარდა იმისა, რომ შეგირდი იყო, სადალაქოს მფლობელის ოჯახის წევრებს ხელზე მოსამსახურე ბიჭებს ჰყავდათ, მის შვილებსაც მამა უვლიდა. ხშირად უთხოვია ნიკალას ბატონისთვის, მშობლები აქ არა ჰყავს, შენ შემოგეკედლა, ყველაფერს გიკეთებს და ცუდად ნუ მოექცევიო.
– მამათქვენი ნიკალასაც ეხმარებოდა?
– ძალიან ბრაზობდა ხოლმე, როცა ნიკალაზე ვინმე იტყოდა – სვამდაო. ამბობდა,ტყუილია, ის კაცი ლოთი არ ყოფილაო. თუ ვინმეს კედელს მოუხატავდა ან აბრას გაუკეთებდა და პატივს სცემდნენ, ერთ ჭიქას ისიც დალევდა ხოლმე, განა ეს ლოთობაა? ნიკალა ობოლი კაცი ყოფილა. საშუალო სიმაღლის, ფიზიკურად სუსტი, გამხდარი, ბეჭებში მოხრილი, სახე მუდამ ავადმყოფურად უფერულა ჰქონია და ხშირად ახველებდა, თურმე,. სოფლიდან სამუშაოს საძებნელად ჩამოსულა. თბილისში ბინა არ ჰქონია და ამიტომ ცხოვრობდა კიბის ქვეშ. რკინიგზაზე დაუწყია მუშაობა, მაგრამ მძიმე ფიზიკური შრომა ვერ შეძლო და ლიანდაგებს გვიდა. რკინიგზელის ნახმარი ფორმაც კი მიუციათ ნიკალასათვის. თავზე, თურმე, ფორმის ქუდი ეხურა, ფეხზე კი ვიღაცის გამონაცვალი ბათინკები ეცვა.
– მას, ასე ღარიბი იყო?
– ლეიბიც კი არ ჰქონია. ძველისძველ “ტელეგრეიკასა” და ჯარისკაცის ფარაჯაზე ეძინა, თურმე. ფარდულში ყოფილა ერთი ძველი “საკვოიაჟი”, სადაც ფუნჯებს ინახავდა, თიხის ჯამი, რომლითაც მამჩემს მისთვის ხაში მიჰქონდა (ძალიან ჰყვარებია ხაში) და ერთი ხის კოვზი. მდგარა თუნუქის ყუთები საღებავებისთვის. კედელზე ონკანიც ჰქონია,სადაცჯამ-ჭურწელს რეცხავდა ხოლმე.
– ნათესავები არ აკითხავდნენ?
– ფიროსმანის და ცხოვრობდა, მაგრამ მამას მასთან ჩამოსული არ უნახახს, არ აიკთხავდა, თურმე. ვერც ნიკალა მიდიოდა უფულობის გამო სოფელში. ძირითადად ხელოსნები და მიკიტნები ეკოთხებოდნენ მისი ჯანმრთელობის ამბავს, თუ არ ჩანდა. თავად ნიკალა ძალიან თავმოყვარე და მორიდებული ყოფილა, თუ ვინმე თავად არ შესთავაზებდა რამეს, მშიერი რომ მომკვდარიყო, არავის ეტყოდა, მაჭამეთო. თხოვნა არ უყვარდა. სხვები რომ სასმელ-საჭმლით პატივს სცემდნენ, იმისაც კი ერიდებოდა. თავის შრომაში ფულს არ ართმევდა ხელოსნებსა და მიკიტნებს. ისინიც, მადლიერების ნიშნად, აჭმევდნენ, გამონაცვალ ტანსაცმელს ჩუქნიდნენ და მისთვის საღებავებს ყიდულობდნენ. მთელ დღეს, თურმე, თავისთვის, უხმაუროდ, შეუმჩნევლად იჯდა კიბის ქვეშ, ხან ფეხსაცმელს, ხან შატვალს იკერებდა. ხელოსნები და მიკიტნები თვითონ მოდიოდნენ მასთან და მიჰყავდათ დასახატავად. ზოგიერთები ღამესაც ათევინებდნენ, მაგრამ ერთ დღეზე მეტს არსად ჩერდებოდა, საოცრად მორიდებული იყო და არ უნდოდა სხვების შეწუხება, ისევ კიბის ქვეშ ბრუნდებოდა. საათობით ჩაჰყურებდა საღებავებს, ფერებს აზავებდა, ერთი ყუთიდან მეორეში ასხამდა. ისეთ ნაირნაირ, ხასხასა ფერებს ამზადებდა, თვალს ვერ ვაშორებდიო. მისი დამზადებული საღებავები საოცრად გამძლე იყო.
ძალიან კარგი მოსაუბრე ყოფილა, საპარიკმახეროშიც ხშირად შედიოდა და ბაასობდა, თურმე. ყველანი ყურადღებით ვუსმენდითო, _ იგონებდა მამა. იმდენად უჭირდა, რომ ზოგჯერ ზამთარში ფეხსაცმელიც არ ჰქონია. ბევრჯერ უცდია სამუშაოს მონახვა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ხატვა შემთხვევით დაუწყია. ვიღაცისთვის გაუკეთებია აბრა. სხვებს რომ უნახავთ, მოსწონებიათ, მისულან და წაუყვანიათ – ჩვენც დაგვიხატეო. ასე აკითხავდნენ, თვითონ არ ეძებდა კლიენტს, გასამრჯელოდაც არაფერს ითხოვდა.
– ფარდულში ხატავდა?
– იქ არც სინათლე იყო, არც სითბო და როცა მზის სხივები კიბის ქვეშ აღწევდა, ნიკალა ხატვას იწყებდა ფიცარზე ან ფანერზე გასამრჯელოს არც ამაში იღებდა. თუ ნახატიარ მოეწონებოდა, აგდებდა ან სხვებს აძლევდა უსასყიდლოდ.
ქურთი მეეზოვე, რომელიც ფიროსმანმა დახატა, სწორედ იმ ეზოს გვიდა, სადაც ნიკილა ცხოვრობდა. სულ საღებავებით ყოფილა მოსვრილი, ხელებიც მუდამ დათხუპნული ჰქონია და ტანსაცმელიც, რადგანაც ფინჯის გასაწმენდად ქსოვილის ნაჭერი არ მოეპოვებოდა და ტანსაცმელზე იწმენდდა ხელებსაც და ფუნჯსაც. მამაჩემს, თურმე, ჩუმად უჩუქებია ფუნჯის გასაწმენდად ძველი ხელსახოცები, რომელსაც დალაქები ხმარობენ, მაგრამ ისეთ საღებავებს აკეთებდა ნიკალა, თუ რამეზე დაეწვეთებოდა, რამდენიც უნდა გეფხიკა და გეხეხა, არ გადადიოდა. მისი საღებავი წებოსავით ყოფილა მძიმე, ვეღარც ხელებიდან იცილებდა, თურმე, და ვეღარც – ტანსაცმლიდან.
– მამათქვენი თუ დაუხატავს?
– მამაჩემის სადალაქოსაც ფიროსმანის მიერ შესრულებული აბრა ამშვენებდა, კედელზეც ყოფილა მისი ნახატი, მაგრამ შეკეთების მერე გაულესავთ და ნახატი განადგურდა, აბრა კი სადღაც დაიკარგა. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ოდესმე ფასი დაედებოდა ნიკალას ნამუშევარს! ფიროსმანს მამაც დაუხატავს ფიცარზე და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი პაპაჩემიც თავის გოდრიანად, რომლითაც კომში ჩამოუტანია სოფლიდან ბაზარში გასაყიდად.
– სად არის ახლა ეს ნახატები?
– სამწუხაროდ, ორივე დაიკარგა. მაშინ ვის რაში ჭირდებოდა, უყურადღებოდ სადღაც მიაგდეს, ალბათ, ვინ წაიღო, აღარ ახსოვთ.
– რაზე ესაუბრებოდა ხოლმე მამათქვენს ნიკალა?
– როცა ბატონზე გაბრაზდებოდა, ხშირად კი უმიზეზოდაც, მამაჩემი ჩუმად ჩაიპარებოდა ხოლმე ნიკალასთან. მას არც ლამპა ჰქონია, არც სანთელი. თუ ღამე იყო, ისხდნენ გენიალური მხატვარი და პატარა შეგირდი სიბნელეში და საუბრობდნენ. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ როგორც მამა ამბობდა ხოლმე, ჭკუას არიგებდა, ურჩევდა როგორ უნდა მოქცეულიყო, ხანაც თავისი გაჭირვების ამბებს უყვებოდა. ერთად ჭამდნენ იქვე, მალაკნების ბაზარში ნაყიდ საზამთროს. ხანდახან ფიროსმანი ხაშზე მიიპატიჟებდა და ერთად შეექცეოდნენ. თავის ხის კოვზს მამამჩემს აძლევდა, თვითონ კი ლავაშს აწობდა წვენში და ისე წამდა.
– რა ავადმყოფობა სჭირდა?
– როგორც მამა ამბობდა, ნიკალა ლოთი კი არა, ავადმყოფი კაცი ყოფილა. ისედაც ფიზიკურად სუსტი იყო, ბოლოს ძლივს დალასლასებდა, თურმე. ხელებიც სისუსტისგან უკანკალებდა და არა ლოთობის გამო. ხაშს არაყი უხდება და ხაშის სიყვარულით აყოლებდა ზედ… ეტყობა ჭლექი ჰქონდა, ხშირად ახველებდა, თურმე.
– ფარდულიდან სად გადავიდა საცხოვრებლად?
– მამამ არ იცოდა, სად წავიდა ნიკალა. მას შემდეგ აღარ უნახავს.
– რატომ გააგდეს?
– სარდაფი დაჭირდა ვიღაცას და იმიტომ.
– რით მოკვდა ნიკალა, ხომ არ იცით?
– ციებ-ცხელება შეჰყრია. ბოლოს ლოგინად ჩავარდნილა, სამ-ოთხ დრეს ფეხზე ვეღარ წამომდგარა, არარც ჭამდა, თურმე. უპატრონობითა და უწამლობოთ მომკვდარა. ხანდახან სამადლოდ მეზობლები, მიკიტნები, და ხელოსნები თუ ინახულებდნენ ხოლმე. მამა ამბობდა, გარდაცვალების შემდეგ მისი დამარხვის ხარჯებიც ხელოსნებმა და მიკიტნებმა გაიღესო.
– აკტრისა მარგოზე, გაყიდულ დუქანსა და ერთ ურემ ვარდებზე არაფერი უთქვამს მამათქვენს?
– არა, ამის შესახებ არაფერი მსმენია მისგან…

wyaro:burusi.wordpress.com

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close