გამორჩეული ადამიანებინიკო ფიროსმანი

მამია ჩორგოლაშვილი „ფიროსმანი ანუ სიკვდილით იწყება სიცოცხლე”

აღმოსავლეთ საქართველოში, თვალწარმტაც კახეთში არის ცივგომბორის კალთებზე შეფენილი ლამაზი კუთხე ქიზიყი. ქიზიყის სოფლებს შორის ერთ-ერთი ულამაზესთაგანია მირზაანი, რომლის აღმოსავლეთით ალაზნის ველი ხელისგულივით მოჩანს, მოშორებით ცამდე ამაყად აზიდულა კავკასიონი. სწორედ ამ სოფელში დაბადებულა 1862 წელს მომავალი გენიალური თვითნასწავლი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი.

ფიროსმანაშვილთა გვარის შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობს: მირზაანში სოფლის ერთგული გლეხი ფირო ცხოვრობდა. მომხდურ მტერს იგი ყოველთვის პირველი ეკვეთებოდა და ბრძოლიდან მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა. ერთხელ დროშაც კი წაურთმევია მტრისათვის. მადლიერ თანასოფლელებს გმირი ფირო მედროშის სახელით მოუნათლავთ, მისი შთამომავლობა – ფიროს შვილებად – ფიროსმანაშვილებად.

პატარა ნიკოს ბავშვობა სოფლელი ბავშვების ცხოვრებისაგან არაფრით გამოირჩეოდა. მეზობელ ბიჭებთან ყაჩაღობანას თამაშობდა, ისმენდა ზღაპრებს, ლეგენდებს, მოხუცების საუბრებს საქართველოს ისტორიაზე, ომებზე. მამას ვენახში წყალს მიურბენინებდა, ხან კი საძოვარზე გარეკავდა საქონელს. დედ-მამას თავს ერჩივნათ პატარა ბიჭი, ოჯახის მემკვიდრე. მათი კარმიდამო გორაკზე იყო. ეზოს მიღმა დიდი ფერდობი და ხევი მოჩანდა. ნიკო გადადგებოდა ხოლმე გორაკზე და ტკბებოდა ბუნების სილამაზით, მუხისა და კაკლის ხეების, ზვრებისა და ყანების ცქერით.

სულ პატარას გარდაეცვალა მამა. დედა ყველაფერს აკეთებდა, რომ ობლებს უმამობა არ ეგრძნოთ, მაგრამ მუხლჩაუხრელმა შრომამ ქალს ჯანი გაუტეხა და ავადმყოფობა მიეძალა. ოჯახს ახლობლები და მეზობლები ეხმარებოდნენ. დიდი ჯაფა დააწვა ნიკოსაც. იგი ხბორებს მწყემსავდა. დროდადრო ფეხით მოივლიდა ახლომახლო ადგილებს. უნახავი არ დაუტოვებია ისტორიული ძეგლებიც, ასულა ხორნაბუჯის ციხე-ქალაქში, ყარაღაჯის სიმაგრეში, საათობით მდგარა ხირსისა და ბოდბის მონასტერში, განცვიფრებულა ივრის ხეობის გამოქვაბულში შემორჩენილი ფრესკების ხილვით.

მშობლიური ბუნების სიყვარულმა და სოფლის ტრადიციებმა ისე მძლავრად გაიდგა ფესვები ნიკოს მახსოვრობაში, რომ ბავშვობის შთაბეჭდილებები სიკვდილამდე თან გაჰყვა. მამის გარდაცვალების შემდეგ ნიკო მალე თბილისში ჩამოიყვანეს და ერთ სახლში მოსამსახურედ დატოვეს. ოჯახის უფროსთან მისი დებიც ცხოვრობდნენ. ერთ-ერთმა დამ ანამ კეთილი ნიკო შვილივით შეიყვარა. თავისუფალ დროს გვერდით მოისვამდა, ასწავლიდა წერა-კითხვას და რუსულს. ნიკო ოჯახის ბავშვების მეცადინეობასაც უგდებდა ყურს და იღრმავებდა ცოდნას, ხშირად სარგებლობდა ოჯახის ბიბლიოთეკის ჟურნალ-გაზეთებით. უკვალოდ არც ოჯახის სტუმრიანობას ჩაუვლია. აქ მოსული სტუმრები საუბრობდნენ პოლიტიკაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე.

ნიკოს ძალიან უყვარდა წიგნის კითხვა და ხატვა. მისი ოთახის კედლები სულ ნაირნაირი ნახატებით იყო მოხატული. ერთხელ ანას მხატვარი გიგო ზაზიაშვილი ესტუმრა. კედელზე გაკრულმა ნიკოს სურათებმა მისი ყურადღება მიიპრყო, შემდეგ ნიკოც გაიცნო და სამხატვრო სახელოსნოს გახსნა შესთავაზა. თქმა და შესრულება ერთი იყო, დაიქირავეს პატარა დარაბა და დაიწყეს აბრების ხატვა. მაგრამ მხატვრებს ხელი მოეცარათ, საქმე არ აეწყო და იძულებულნი გახდნენ, სახელოსნო დაეხურათ. ნიკომ გადაწყვიტა, დამოუკიდებელი ცხოვრების სახსარი გაეჩინა და მუშაობა რკინიგზაში დაიწყო.

ნიკო სამორიგეოში გაამწესეს. იგი აქაც ხატავდა ხოლმე. ერთხელ ხატვამ ისე გაიტაცა, მორიგეობა სულ გადაავიწყდა. სწორედ ამ დროს წაადგა თავზე უფროსი, რომელმაც ერთხანს უყურა ხატვაში გართულ ნიკოს, მერე სურათი წაგლიჯა და გარეთ მოისროლა. ნიკომ წონასწორობა დაკარგა და უფროსს ეცა, გზის დარაჯმა ძლივს გამოგლიჯა ხელიდან, ის კი მაინც იწევდა საცემრად.

– რა დაგემართა, უფროსია, სამსახურიდან დაგითხოვს! – ეუბნებოდა გზის დარაჯი.

– რისი უფროსი, რა უფროსი, გამიშვი მოვკლავ მაგ მამაძაღლს, თამარის პორტრეტი დამიხია, – ყვიროდა გამწარებული ნიკო.

საქმე მართლაც ნიკოს სამსახურიდან დათხოვნით დამთავრდა. მაგრამ შემდეგ რკინიგზის უფროსი დაარწმუნეს ნიკოს უდანაშაულობაში და ნიკო სამსახურში დატოვეს, მაგრამ სხვა ადგილზე გადაიყვანეს. იქ ძალიან მძიმე ფიზიკური სამუშაო იყო შესასრულებელი, რაც სუსტი აღნაგობის ნიკოს ძალიან უჭირდა, ამიტომ იგი კონდუქტორის ადგილზე გადავიდა.

რკინიგზაზე მუშაობის პერიოდში ნიკოს ჯანმრთელობა შეერყა. რევმატიზმი, ციებ-ცხელება, გულის ტკივილები მოსვენებას არ აძლევდა. არც ექიმების მკურნალობა შველოდა. იგი იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა.

ნიკო თბილისში დაბრუნდა, არც სახლი ჰქონდა, არც სახსარი. თვითონაც არ იცოდა, თავი რითი ერჩინა. დადარდიანებული ერთ სამიკიტნოში შევიდა, მიკიტანმა თავის დამხმარედ მუშაობა შესთავაზა. მადლიერმა ნიკომ მას აბრა დაუხატა. ეს აბრა ისე მოეწონათ სხვა მედახლეებს, რომ ძალიან ბევრმა მისცა შეკვეთა და მალე ნიკოს დახატული აბრები მთელ ბაზარს მოეფინა. ერთ თვეზე მეტი იმუშავა ნიკომ მიკიტანთან და ბოლოს საკუთარი დახლიც ჩადგა ბაზარში. რძით, მაწვნითა და ყველით ვაჭრობდა. საქმე ძალიან კარგად წაუვიდა, ისე რომ მარტო ვერც კი აუდიოდა მუშაობას და თავისი თანასოფლელი აიყვანა დამხმარედ. ცოტა წელი რომ მოიდგა, სოფელში ჩავიდა და თავის დას სახლი აუშენა. და წუხდა, ფული შეინახე, ცოლს მოიყვან და დაგჭირდებაო. მაგრამ ნიკომ მიუგო, ქართველებს არ გვჩვევია, გაჭირვებაში მყოფი ახლობელი გვყავდეს და არ დავეხმაროთ, ფულის შენახვა რას მიქვიან, როცა შენ გიჭირსო. მე ასეთი ვარ და ვერ გამოვიცვლებიო. ახლადაშენებული სახლი ნიკომ ნაირნაირი ნახატებით მორთო. მეზობლები გაოცებულნი უყურებდნენ ასე წითელ-ყვითლად აჭრელებულ კედლებს.

სოფელში ნიკო ერთი წელი დარჩა და მერე ისევ თბილისში დაბრუნდა. იგი ძალიან კეთილი, ალალი და გულიანი ადამიანი იყო და ყველას ხელს უმართავდა. ნიკოს მადლიერი ქვეყნად ბევრი დადიოდა. მისი დახლი ყოველთვის სავსე იყო ნაცნობ-მეგობრებით. ვაჭრობის საქმეც კარგად მიუდიოდა. დრო სახატავადაც რჩებოდა. მაგრამ ერთმა შემთხვევამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება და ყველაფერი უკუღმა შეუტრიალა.

ერთხელ ნიკო მუშტაიდის ბაღში იჯდა და სადილს შეექცეოდა. ესრადაზე მომხიბვლელი ფრანგი ქალი მღეროდა. ერთხანს გულგრილად შესცქეროდა მხატვარი მომღერალს, მერე მზერა დაძაბა, დააკვირდა. ქალი ისეთი მომხიბვლელი და ჰაეროვანი ჩანდა, თვალი ვერ მოსწყვიტა. ნიკოს ერთი ნახვით ისე შეუყვარდა ქალი, რომ იგი მისი სიცოცხლის განუწყვეტელ ნაწილად იქცა. თითქოს არც მარგარიტა იყო გულგრილი, მხატვარს ხვდებოდა, ნიკოს გარდა სხვასთან არავისთან ვახშმობდა.

ერთ დილას ნიკო დაზგას მიუჯდა, ფუნჯი და მუყაო მოიმარჯვა და მარგარიტას ხატვას შეუდგა. იმ დღეს შინ დაბრუნებულ მარგარიტას მოხდენილად ჩაცმული ნიკო კართან დაუხვა. ხელში წითელი ვარდები და შეხვეული რაღაც საგანი ეჭირა. მარგარიტამ საგანს ქაღალდი მოხსნა და გაოცებულმა წამოიძახა:

– ნუთუ მე დამხატე? – მერე დაამატა, – ამ სურათს გვერდიდან არასოდეეს მოვიშორებ.

სიყვარულმა ნიკოს ყველაფერი დაავიწყებინა. მან თავისი სავაჭრო დახლი გაყიდა და მთელი ფული საყვარელ ქალს დაახარჯა. ერთ დილას, ერთი ორსართულიანი სახლის ახლომახლო რამოდენიმე ურემი დადგა, ყვავილებით დატვირთული. მეურმეებმა მინდვრის ნამიანი ყვავილები ბღუჯა-ბღუჯა ჩამოიღეს ურმებიდან და ქუჩაში ხალიჩად მიმოფინეს. მერე ბოლო ურმიდან სისხლისფერი ვარდები გადმოიღეს და ყვავილების ხალიჩის მთელ სიგრძეზე წითლად მოხასხასე ბილიკი გააკეთეს. გამვლელები გაოცებულნი უყურებდნენ, ასეთი რამ თბილისში არასოდეს მომხდარიყო. მალე კიბეზე ოქროსფერთმიანი ქალი გამოჩნდა, გაოგნებული იცქირებოდა. ბოლოს მიხვდა, რომ მხოლოდ ნიკოს შეეძლო ასეთი რამის ჩადენა. მხატვარიც იქვე იდგა და ქალს ელოდა.

დიდხანს თვალთმაქცობდა მარგარიტა ნიკოს წინაშე, იშვიათად თუ მიიწვევდა სახლში, მეტ დროს მდიდართაყვანისმცემლებთან ერთად ატარებდა.

ერთ დღეს მარგარიტასთან მისულ ნიკოს მეკარემ წერილი შეაჩეჩა ხელში. მარგარიტა წასულიყო, ნიკოს დახატული სურათი დაეტოვებინა და სამუდამოდ ემშვიდობებოდა. გაოგნებული და დარეტიანებული ნიკო დუქანში შევიდა მეგობრებთან. ღამე იქ გაათია, მერე სურათი აიღო და წავიდა. ერთი სახლის კიბეზე ჩამოჯდა გულდათუთქული. ფიქრებში გართულს თავზე მეეზოვე წამოადგა. კეთილმა, ყურადღებიანმა მეეზოვემ ნიკოს ამბავი დაწვრილებით მოაყოლა, შეეცოდა უსახლკარო, უსასხრო, იმედგაცრუებული ადამიანი და თავშესაფარი კიბის ქვეშ, ხელსაწყოების ფარდულში შესთავაზა. საჭმელიც თვითონ მიჰქონდა. შვილივით უვლიდა. რამოდენიმე ხანი ნიკო ამ ქვეყანას არ იყო, მაგრამ მერე ცოტა მოიხედა. ერთ დღეს, როცა მეეზოვემ საჭმელი მიუკითხა, ნიკომ მისი სურათი დაახვედრა. მეეზოვის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, გულში იხუტებდა სურათს და გაიძახოდა: არა, ნამდვილად მე ვარ, ნახე, როგორ მგავსო.

ამის შემდეგ ნიკო თავს მხატვრობითღა ირჩენდა, სამიკიტნოებს ხატავდა. იმ ხანად თბილისში ვინმე ბექო იაქიევს დუქანი გაეხსნა და სარფიანადაც ვაჭრობდა. მისი დუქანი ნიკომ ნარინაირი სურათებით დაამშვენა. მედუქნე ძალიან კმაყოფილი იყო და დიდად აფასებდა მხატვარს. ამ ბექო იაქიევს თავზე მეტად უყვარდა საქართველო, მის გარეშე სიცოცხლეც ვერ წარმოედგინა. დღე ისე არ გავიდოდა, თამარ მეფე და რუსთაველი არ ეხსენებინა. სახლში უკვდავი „ვეფხისტყაოსანიც“ კი ჰქონდა. ნიკო არაერთხელ ყოფილა ბექოს ოჯახში და მისი სიყვარული საქართველოს წარსულისადმი გულს უთბობდა. გადაწყვიტა სიურპრიზი მოემზადებინა მეგობრისათვის. საიდუმლოდ დაიწყო რუსთაველისა და თამარ მეფის პორტრეტების ხატვა. კვირის თავზე ორივე მზად იყო. დილით, როდესაც ბექო სამიკიტნოში შევიდა, კედლიდან მოულოდნელად შოთასა და თამარის სახეებმა შემოანათა. ადგილზე გაქვავდა. მიხვდა, ნიკოს საჩუქარი იყო. ეს პორტრეტები ბექოს ძლიერ უყვარდა, ვინ არ სთხოვა, რა არ შეაძლიეს, მაგრამ არავის უთმობდა. ერთხელ, ეს ნიკოს გარდაცვალებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ მოხდა, ბექოს სამიკიტნოს ცისფერყანწელები ეწვიენ – პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე… შეზარხოშებულებმა ლექსებით „ფარიკაობა“ გამართეს, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საკუთარი ლექსების თქმაში. ტიციანი კი „ვეფხისტყაოსნიდან“ სტროფებსაც ურევდა. მთელი სამიკიტნო სმენად იქცა, თვალზე ცრემლმორეული ბექოც იქვე იდგა და როდესაც ტიციანმა ყანწი აიღო და შოთას სურათთან მუხლმოყრილმა შესვა დიდი წინაპრის სადღეგრძელო, ბექომ ვეღარ მოითმინა, ჩამოხსნა სურათი, პოეტს გადასცა და უთხრა:

– განათლებული კაცი ხარ, ჩემი თბილისის მომღერალი. ახლა კი მივხვდი, ამ სურათის ადგილი სამიკიტნოში კი არა, შენისთანა კაცის სამუშაო ოთახშია. წაიღე, იცოდე, ნიკალას დახატულია, გულიც თან მიგაქვს. გაუფრთხილდი, არავის მისცე.

1937 წლამდე სურათი მართლაც ეკიდა ტიციანის საწერ მაგიდასთან, მერე… უკვალოდ გაქრა…

ერთხელ ნიკოს მოხატულ სამიკიტნო „ვარიაგში“ სადილად შეიარა სამმა ახალგაზრდამ, ორნი ძმები იყვნენ, ერთი კი მათი სტუმარი ფრანგი მხატვარი. ისინი აღაფრთოვანა კედლებზე გაკრულმა უცნობი მხატვრის სურათებმა და დაწვრილებით გამოიკითხეს მისი ვინაობა. მიშელი (ასე ერქვა ფრანგს) კარდაკარ დადიოდა და ნიკოს სურათებს იძენდა, ბოლოს თვითონ ნიკოსაც მიაგნო და გაიცნო. მალე მიშელმა ნიკოს სურათების პირველი გამოფენა მოაწყო, დიდხანს ელოდნენ თავად მხატვარს გამოფენაზე, მაგრამ არ გამოჩნდა. ამის შემდეგ მიშელმა ნიკოს ნახვა ვეღარ მოახერხა.

გავიდა წლები. სამიკიტნო „ვარიაგში“ერთი ახალგაზრდა შევიდა მეგობართან ერთად. ნელ-ნელა მოავლო თვალი მოხატულ კედლებს და დახლთან მდგარ მაღალ მამაკაცს მიაშტერდა. ეს ჩვენი მხატვარი, ნიკოაო უთხრეს.

– თქვენი ხელიდან დიდი სითბო და სიყვარული გამოდის. თქვენ პოეტური სულის ადამიანი ბრძანებულხართ. მიმართა მოსულმა მხატვარს.

– თქვენც გიყვართ სურათები? – სხვათა შორის ჰკითხა ფიროსმანმა.

– უყვარს კი არა, მხატვარი ლადო გუდიაშვილია. შარშან წარმატებით დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი და დღეს უკვე მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობსო, – უპასუხეს.

ასე გაიცნეს ერთმანეთი ორმა დიდმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა და ნიკო ფიროსმანმა.

მეორე დღიდანვე ლადო ფიროსმანის ნატერფალს აედევნა, დაეძებდა მის სურათებს, თითქმის ყველა თბილისური სამიკიტნო და დარბაზი შემოიარა.

ნიკოს შემოქმედებას „ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამაც“ მიაქცია ყურადღება და მხატვრის მოწვევა განიზრახა. მის მოსაძებნად ლადო გაგზავნეს. დიდუბეში, ერთი კიბის ქვეშ შეფარებულ მხატვარს ძლივს მიაგნო. ნახევრად ბნელ ოთახში შესული ლადო გაოცებული უყურებდა ხან ნიკოს, ხან გაჭვარტლულ კედლებს და ფიქრობდა: მიდი და მიაგენი საიდუმლოებას, თუ როგორ იქმნება ამ სიბეჩავეში და სიდუხჭირეში უკვდავი საკაცობრიო ქმნილებანი. თურმე კომფორტი და ფუფუნება როდი ყოფილა მუზების საბუდარი, აღმძვრელი მგზნებარე ფანტაზიისა! არა! აქ მთავარია სიმდიდრე ადამიანის სულისა, სიყვარული, რომლითაც სავსეა გული, ბობოქარი ვნებანი, რომლებიც არ ასვენებენ, აწვალებენ მხატვრის ოცნებას.

„ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ“ ფულადი დახმარებაც აღმოუჩინა გაჭირვებაში მცხოვრებ მხატვარს. ნიკოს ცხოვრებაში თითქოს გამოიდარა, იგი აღიარეს, მასზე წერდნენ გაზეთები, იწვევდნენ კრებებზე. ნიკოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ყველას უზიარებდა თავის ბედნიერებას. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ვიღაც ლიტერატორმა და მხატვარმა ღვარძლიანი წერილი გამოაქვეყნა ნიკოს წინააღმდეგ. ამ შემთხვევამ მხატვარს ყველაფერზე გული გაუტეხა, მოეშვა, იშვიათად ხატავდა, ნაცნობ-მეგობრებსაც აღარ ხვდებოდა, ბახუსს დაუმეგობრდა. ხანდახან თუ შეივლიდა სამიკიტნოში და ლუკმა პურის საშოვნელად დახატავდა რამეს.

1918 წლის გაზაფხული იდგა. ნიკომ ერთი დაუმთავრებელი სურათის ხატვა დაამთავრა ერთ დუქანში, საღამოხანს ცუდად შეიქნა…

სიკვდილთან მებრძოლი მხატვარი სასწრაფოდ გააქანეს საავადმყოფოსაკენ, მაგრამ გვიან იყო, გარდაიცვალა. დიდხანს ესვენა მისი გვამი და რომ არავინ მოაკითხა, როგორც უპატრონო მიცვალებული სადღაც წაიღეს და არავინ იცის, სად დაასაფლავეს.

ტექსტი მომზადებულია მამია ჩორგოლაშვილის წიგნიდან „ფიროსმანი ანუ სიკვდილით იწყება სიცოცხლე“
ხელოვნება, თბილისი, 1991

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close