გამორჩეული ადამიანებინიკო ფიროსმანი

“ნიკო ფიროსმანი და “მილიონი, მილიონი, მილიონი წითელი ვარდი” – ანი შაიშმელაშვილი

ამბობენ, ერთ დილას სასტუმროს წინ, სადაც მსახიობი მარგარიტა დე სევრი იმყოფებოდა, ურმების გრძელი ქარავანი გამოჩნდა. ისინი უთვალავი ახლად მოჭრილი წითელი ვარდით იყო დატვირთული. უცნაურ მსვლელობას გვერდით ფიროსმანი მიჰყვებოდა _ ნიკო ფიროსმანაშვილი, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ თავისი პატარა დუქანი ჰქონდა. ახლა კი მთელი თავისი ქონების სანაცვლოდ “ყვავილების მთელი ზღვა” ეყიდა…
1909 წლის მარტში ორთაჭალაში აფიშები გამოჩნდა: “ყურადღება, სიახლე! თეატრი “ბელ ვიუ”. მარგარიტა დე სევრის მხოლოდ 7 გასტროლი თბილისში! შანსონების უბადლო შემსრულებელი, რომელიც ამავე დროს კეკ-უოკსაც შეუდარებლად ცეკვავს!” როგორც ამბობენ, ნილო ფიროსმანიშვილმა მარგარიტა სცენაზე იხილა თუ არა, თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა წამოიძახა: “საოცრებაა! ქალი კი არა, ნამდვილი მარგალიტია!” ამ ამბის გაგრძელება კი რამდენიმე ვარიანტადაა ცნობილი: მარგარიტამ სასტუმროს ოთახის ფანჯრიდან დაინახა ყვავილების უგრძესი ხალიჩა და ფიროსმანს გაოგნებულმა მიმართა: “შენ დუქანი იმიტომ გაყიდე, რომ ეს მშვენიერი ვარდები ჩემთვის მოგერთმია? ამას ჩემს ცხოვრებაში არ დავივიწყებ, ჩემო რაინდო!” ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაც მდიდარ ჩინოვნიკთან ერთად თბილისიდან გაემგზავრა. მეორე ვარიანტი ამ ლეგენდისა ასეთია: როდესაც მსახიობ ქალს “მილიონი წითელი ვარდი” გაუგზავნა, ნიკალა უკანასკნელი გროშებით დუქანში დასალევად წავიდა. გულაჩუყებულმა მარგარიტამ მას სხვისი ხელით ბარათი გაუგზავნა, რომელშიც მისვლას სთოვდა. ფიროსმანი იპოვეს, თუმცა უგონოდ მთვრალს ვერ გააგებინეს, მისგან რა უნდოდათ. ხოლო როცა მან სასტუმროში მისვლა შესძლო, გვიანღა იყო. მსახიობი იქ აღარ დაუხვდა. გასტროლები დასრულდა და მარგარიტა თბილისიდან გაემგზავრა. იმასაც ამბობენ, რომ 1969 წელს, როცა ლუვრში ფიროსმანის 85 “პრიმიტიული” შედევრი გამოფინეს, ნახატთან “აქტრისა მარგარიტა” ყოველდღე მიდიოდა ხანში შესული ქალი და კარგა ხანს ჩერდებოდა. ბოლოს ვიღაც დამთვარიელებელმა მათ შორის მსგავსება შეამჩნია. დიახ, ეს დაბერებული მარგარიტა დე სევრი გახლდათ!
იმასაც ამბობენ, რომ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ლეგენდაა, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ფიროსმანის შემოქმედების მკვლევართა აზრით, ფრანგი მსახიობი ქალის მიმართ მხატვრის გაუზიარებელი სიყვარულის ამბავი ლამაზი ზღაპარია და მეტი არაფერი. სინამდვილეში არც ქონება გაუყიდია ვინმეს, არც ვარდების ზღვა ყოფილა და უფრო მეტიც, ფიროსმანი მარგარიტა დე სევრს პირადად არა თუ იცნობდა, ნანახიც არ ჰყავდა! სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პორტრეტი ნატურიდან კი არა, თეატრალური აფიშიდანაა დახატული. ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებაში სულ სხვა დრამა დატრიალდა. თუმცა, ერთი რამ ნამდვილად მართალია: ბედნიერი სიყვარული გენიალურ მხატვარს თუ უბრალოდ _ ნიკალას არასოდეს ღირსებია.
დაქორწინება ფიროსმანმა ერთხელ მოინდომა. ეს იყო შეძლებული ოჯახის ასული, რომელმაც დაობლებული პატარა ნიკალა, პრაქტიკულად, იშვილა. ელისაბედი და ნიკო, შეიძლება ითქვას, ერთად გაიზარდნენ. შემდეგ ქალი გათხოვდა და ფიროსმანს ის მრავალი წლის განმავლობაში არ უნახავს. დაახლოებით ორმოცი წლის ასაკში ელისაბედი დაქვრივდა და მშობლიურ სახლში დაბრუნდა. მათი შეხვედრაც აქ მოხდა. ელისაბედი შეცვლილი იყო, ძველი სილამაზე წლებს თუ დარდს წაეღო, მაგრამ ფიროსმანისათვის იგი მაინც შეუდარებელი გახლდათ! ნიკალამ ელისაბედს ცოლობა სთხოვა და… ამ წინადადებაზე ძალიან ზრდილობიანი უარი მიიღო. იმ წუთში ეს ჩაკეტილი ბუნების, უცნაური და თავისებური ნიკალასათვის ამქვეყნად ყველაფრის დასასრულს ნიშნავდა. “მე მისი და ამ ოჯახის ღირსი ვერასოდეს გავხდები”, – გადაწყვიტა ფიროსმანმა და პირად ბედნიერებაზე საბოლოოდ ჩაიქნია ხელი.
ძმის დაქორწინება ერთხელ ფიროსმანის დამ – ფეფუცამაც სცადა. მირზაანში ჩასულ ნიკალას დამ მეზობელ სოფელში საცოლე მოუნახა და ფიროსმანი ქალის სანახავად, პრაქტიკულად, უკვე საკუთარ ქორწილში მივიდა. მეორე დღეს შეურაცხყოფილი და გაგიჟებული მხატვარი მირზაანში მარტო დაბრუნდა და ფეფუცას უთხრა: “ეგ რა ურჯულო ხალხია, საერთოდ ვინ არიან! წმინდა გიორგისათვის ბატკანი მინდოდა შემეწირა, მაგათ კი არ დამანებეს… წამართვეს, შეჭამეს და დამცინეს კიდეც. დღესაც ჩემზე იცინოდნენ: შენ გიჟი ხარ, შეშლილი, ცოლი და ოჯახი რად გინდაო?! და შეეჭვდა _ არავინ იცის, ეს ამბავი რამდენად მართალი იყო, მაგრამ ძმის ხასიათი იცოდა და რაღას გააწყობდა! ნიკალას გადარწმუნება და მისი “გონზე მოყვანა” ხომ შეუძლებელი იყო!
მართალი იყო ფიროსმანის დედობილი, ქალბატონი ეფროსინე (ელისაბედის დედა), როცა ამბობდა: “ვერ გამიგია, რა არის, ეს ბიჭი არავისა ჰგავს. სული ნატიფი აქვს და ჭკუა-გონება მახვილი, მაგრამ ძალზედ უცნაურია, სწავლა და მუშაობა არ უნდა, მაგრამ თითქოს არც ზარმაცია და უქნარა. არ უნდა ცხოვრებაში წინ წაიწიოს. თითქოს ამ ქვეყნისა არ არისო!”
ის კი… იქნებ მართლა არ იყო “ამ ქვეყნის”… იქნებ ამიტომაც გაქრა ასე უკვალოდ და დღეს მისი საფლავიც საძებარია. მის ცხოვრებაზე კი ის ლამაზი ზღაპრები, ლეგენდები და მისივე ნახატები მოგვითხრობენ, რომლებშიც მართლაც რომ სულ სხვა სულია…
და საერთოდ, რა იყო ფიროსმანის ცხოვრება, თუ არა მთლიანად სიყვარული, ის სიყვარული, რომლითაც ცოცხლობდა და რისთვისაც ცოცხლობდა?!
რა არის თითოეული ნახატი, თუ არა მემკვიდრე, შვილი და ძირი ამ დიდი სიყვარულისა, რომელსაც “უცნაური” ნიკალა მთელი ცხოვრება გულით ატარებდა?
მის შემოქმედებას კი ისეთივე “უბრალო” შეფასება მიეცა, როგორიც თვითონ მხატვარი იყო: ეს იყო და არის გენიალური სიმარტივე.

წყარო:  burusi.wordpress.com

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close