რეცენზიალიტერატურა

ვიქტორ პელევინის – “Generation П”

„ყველაფერი თავიდანვე გასაგებია. რიგითი მეწარმე ხსნის საწარმოს, სახელად, მაგალითად – „ევერესტი“ და აგერ უკვე მეორე დღეს იმდენად აჟიტირებულია ამით, რომ სურს „ევერესტის“ ლოგოტიპი, პირველ ნაციონალურ არხზე, სადმე „ბმვ“-სა და „კოკა-კოლას“ რეკლამებს შორის იხილოს. ამ აზრით იმდენადაა შეპყრობილი, რომ მეტზე ვეღარაფერზე ფიქრობს. და სწორედ ამ დროს გამოვდივართ ბუჩქებიდან ჩვენ…“
„ჩვენ“-ის გაგონებამ ტატარსკი ბავშვური სიხარულით აღავსო.
ვავილენ ტატარსკი ვიქტორ პელევინის რომანის – Generation “П”, მთავარი პერსონაჟია. ინტელიგენტი, ახალდიპლომაღებული ლიტერატორი, რომელიც უაზროდ არის გაჭედილი მე-20 საუკუნის ბოლოში. ეს-ესაა დაინგრა საბჭოთა კავშირი და მისი, როგორც რუსული წიგნების მოკავშირე რესპუბლიკების ენებზე მთარგმნელის მოთხოვნილებაც 0-მდე დავიდა. შემთხვევითობის წყალობით ის სარეკლამო ბიზნესში აღმოჩნდებაა. სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკის გასინჯვის შემდეგ უკვე სარეკლამო სლოგანების მოფიქრების ნიჭსაც გააღვიძებს საკუთარ თავში… და იწყება ვოვას ფანტასმაგორიული მოგზაურობა რეალობასა და წარმოსახვაში.
მისი, როგორც „კოპირაიტერის“ მთავარი მოვალეობაა, დასავლური პროდუქტი შეფუთოს იმგვარად, რომ ახალგისოსებმონგრეულ რუსეთის საზოგადოებას შეძლებისდაგვარად მარტივად შეაყვაროს „პეპსი“, „ჯონი უოლკერი“ და „მერსედეს ბენცი“. პეპსი, რომელიც უკვე აირჩია თაობა П – მ. თაობამ, რომელიც კიდევ უფრო უარეს დღეში აღმოჩნდა, ვიდრე მათი მონათესავე „დაკარგული თაობა“. ვავილენი ნელ-ნელა შედის იმ სამყაროში, სადაც კარგად გამოწყობილი უცნაურსახელიანი თანამდებობის მქონე ხალხი, ყოველდღიურ ცხოვრებას ეკრანის მეორე მხრიდან უყურებენ. ტატარსკის ნიჭის წყალობით, ის მალევე აღმოჩნდება რეკლამოლოგთა გილდიაში. მალევე მიხვდება, რომ როდესაც „ახალი რუსი“ ყიდულობს კოკაინს, ის სინამდვილეში ყიდულობს არა ნარკოტიკს, არამედ რაღაც X-ს. რადგან ამ შემთხვევაში, მთავარია არა საგანი, არამედ მისი ფასი. ხოლო, თუ „მომენტ წებო“-ს 100 გრამს გაყიდიან 500 დოლარად, ხოლო კოკაინს 100 რუბლად, ღიპიანი ივანოვების აბსოლუტური უმრავლესობა კოკაინიდან დაუფიქრებლად გადავა წებოზე. ხოლო ძვირადღირებული ნამუშევრების გამოფენებზე, უკვე საჭირო აღარ არის ექსპონანტის ილუსტრირება. მთავარია მხოლოდ მისი ფასი. ფასი, რომელზეც მიდის ვაჭრობა. ექსპონანტი კი, უკვე მისი ყიდვის შემდეგ შეიძლება ნახო. რადგან მთავარი… მთავარი ფასია. ფასი და პროცესი.
საინტერესოა, რომ 90-იანი წლების რეალობას, დდტ-ს მუსიკას, ჩეჩნეთ-რუსეთის პრობლემებს, ელცინის „ტინგიცობას“ და გახსნილ საზღვრებს ავტორი ოსტატურად ახვევს მითოლოგიურ საბურველში. ვავილენი თავიდანვე ეჭვობს თავისი სახელის ბაბილონურ წარმომავლობაზე, (სინამდვილეში კი მამამისმა ეს სახელი ლენინის და ვასილი აქსენოვის საპატივსაცემოდ დაარქვა) შემდგომ კი, მთელი წიგნის განამვლობაში, მანამ სანამ ტატარსკი წარმოსახვით რეალობას ეცნობა, ეჯახება ძალიან ბევრ მომენტს შუმერული მითოლოგიიდან. შეიძლება ითქვას, რომ სიუჟეტის დიდი ნაწილი შუმერულ მითოლოგიაზეა აგებული, თუმცა პელევინი ჭკვიანურად აქცევ ამ ყოველივეს, „კაიფში“ მყოფი ვავილენის წარმოსახვის ნაწილად.
Generation “П”-ს ყველა გამოცემის წინასიტყვაობაში, ნახსენებია ის საიდუმლო, რომელსაც ტატარსკი რეკლამის ბიზნესში მუშაობისას მიაგნებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ერიდება ამ საიდუმლოს გამხელას.  ჩემი აზრით კი, ეს წიგნის შინაარსში დამატებით შემოტანილი ფანტასტიკური ელემენტია, რომელიც დიდად არც მოქმედებს სიუჟეტის განვითარებაზე. თუმცა, დაე ეს ყველამ თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს. ვავილენმა კი, მარტივად დაიჯერა და თავისი შემდგომი საქმიანობაც ამ პრინციპზე ააგო.
გარდა ზემოაღნიშნული „პეპსის თაობისა“, არსებობს ნაწარმოების სათაურის გაშიფვრის მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, “П” აღნიშნავს სიტყვას – «Пиздец» , ხოლო სრული სათაური იკითხება როგორც – „GenerationПиздец“. პუბლიცისტი და კრიტიკოსი – გენადი მურიკოვი მიიჩნევს, რომ სათაურში ლათინურთან ერთად მხოლოდ ერთი, რუსული ასოს (“П”) გამოყენება მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ნაწარმოებში საუბარია არა საყოველთაო, არამედ კონკრეტულ, რუსულ სამამულო Пиздец-ზე. თუმცა, რა დასამალია და იმავე წარმატებით, პარალელურ სამყაროში ამავე წიგნს თავისუფლად შეიძლებოდა რქმეოდა – „Generation პ“.
ასეა თუ ისე, წიგნის ბოლოსკენ, ნათელი ხდება, რომ „პეპსის თაობამ“ საბოლოოდ მაინც კოკა-კოლა აირჩია.
მაგრამ სავარაუდოა, რომ ესეც  Пეპსის  რეკლამის ჭეშმარიტი მიზნებით მოხდა…
დასასრულს, აღსანიშნავია, რომ გარდა ნახსენებისა, პელევინი სიღრმისეულად გვაწვდის „ალტერნატიული ფილოსოფიის“ თემებს. იგი განიხილავს ადამიანის ცვლილებას Homo Sapiens-დან Homo Zapiens-ამდე და აღნიშნავს, რომ „უკვე კარგა ხანია, ადამიანი ადამიანისთვის აღარ არის მგელი. ადამიანი ადამიანისთვის აღარც ქილერია, აღარც „იმიჯმეიკერი“ და თქვენ წარმოიდგინეთ, აღარც „პერსონალური დისტრიბუტორი“. დღეს ყველაფერი გაცილებით მარტივად და საშიშად გამოიყურება. დღეს ადამიანი ადამიანისთვის არის… ”WOW”. გონებასა და ცნობიერებაზე ზემოქმედების ერთადერთი რეალური საშუალება.
ტატარსკის კი, მიუხედავად საბჭოთა კავშირის სიძულვილისა, მაინც არ ესმის, რა აუცილებელი იყო ბოროტების იმპერიის დანგრევა, თუ მის ნაცვლად მივიღებდით ბოროტ ბანანის რესპუბლიკას.
ბანანის რესპუბლიკას, რომელიც ბანანს ფინეთიდან ეზიდება.

ავტორი: ირაკლი სულაძე

celsius-233.blogspot.com
Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა