რეცენზიამერი შელი

მერი შელის „ფრანკენშტაინი“ (მიმოხილვა)

მსოფლიო ლიტერატურის ხანგრძილივი ისტორიის განმავლობაში, ხელოვნების თითქმის ყველა მიმდინარეობაში იქმნებოდა მხატვრული შედევრები, რომლებიც ბრწყინვალედ ასახავდა იმ ეპოქის მსოფმხედველობას, იდეოლოგიას, მრწამსს, მორალისა და ეთიკის კრიტერიუმებს, რომლითაც სულდგმულობდა კონკრეტულ ეპოქაში მცხოვრები ინტელიგენცია (და ჩვეულებრივი ადამიანებიც). უძველესი ლიტერატურის წიაღში დაიბადა ჰომეროსი, ვერგილიუსი, შუა საუკუნეებმა დასაბამი მისცა ბრწყინვალე რაინდულ ეპოსებს, რენესანსმა აწ უკვე მოძველებული იდეოლოგიები დაანგრია და გადატრიალება მოახდინა ლიტერატურაში დანტესა და ბოკაჩოს სახით, ბაროკომ სავსებით ახალი სტილის მხატვრებსა და სკულპტურისტებს დაუდო საფუძველი (სამწუხაროდ მკვეთრად გამოკვეთილ ღირებულ ლიტერატურას ამ ეპოქაში არ ვხვდებით), ხოლო ამის შემდეგ კი ხელოვნებაში გაჩნდა კიდევ ერთი ახალი მიმდინარეობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ მოდერნიზმსს. ეს მიმდინარეობა გახლდათ რომანტიზმი. რომანტიზმი ძალიან საინტერესო შეხედულებებს აერთიანებდა თავის თავში. მისთვის პრიორიტეტული იყო ადამიანის წარმოსახვის უნარი და ის გრძნობები, რომლითაც ის აღიქვამდა გარესამყაროს. რომანტიზმისთვის წარმოსახვის უნარის განვითარება უმნიშნველოვანეში თვისება გახლდათ, რადგან ის რეალობა, რომელშიც უწევდა ცხოვრება ამ მიმდინარეობაში მოღვაწე ხელოვანს, ხშირად მიუღებელი და არაფრისმომცემი გახლდათ. სწორედ ამიტომ ჩვენ ხშირად ვხვდებით რომანტიკოსთა ნააზრებში წარსულის ან მომავლის ტრფობას, მათ განდიდებას. წარსულის ,,მოყვარულ“ ხელოვანებს იმ პერიოდში ხშირად პასიურ რომანტიზმსს აკუთნებდნენ, რომელიც მოიცავდა უდიდეს მწუხარებას, ნიჰილიზმსა და მელანქოლიას, ხოლო იმ ხელოვანებს, რომლებიც იმედს მომავალზე ამყარებდნენ, აქტიური რომანტიზმის წარმომადგენლებად თვლიან. ეს უკანასკნელი კი უფრო ოპტიმისტური იდეებითაა განმსჭვალული და შესაბამისად ამ ტიპის ნაწარმოებები უფრო მსუბუქი საკითხავიცაა.

ბევრს აღარ ვილაპარაკებ რომანტიზმის ზოგად სახეზე და გადავალ მის კონკრეტულ მახასიათებლებზე ამ მიმდინარეობაშივე კლასიკად ქცეულ ნაწარმოებ ,,ფრანკენშტაინზე“. ეს ნაწარმოები, გარდა იმისა, რომ აერთიანებს რომანტიზმის მახასიათებლებს, ცხადად მოიცავს სხვა უფრო საინტერესო იდეებსა და შეხედულებებს. კერძოდ, ამ წიგნში არსებული ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ადამიანი, როგორც შემოქმედი; ადამიანი, როგორც ,,გაამპარტავნებული“ არსება, რომელიც თავისი ცოდნით(რომელიც დამღუპველი აღმოჩნდება და ამაზე ცალკე ვისაუბრებთ) მთავარ შემოქმედს, ღმერთს დაუპირისპირდება. ამათ გარდა წიგნში კარგად არის წარმოდგენილი სხვა აქტუალური თემები, როგორიცაა საზოგადოება და მის მიერ განწირული, გარიყული პიროვნება. ჩვენ ვნახავთ თუ რა ბედი შეიძლება ეწიოს ამგვარი განაჩენის მქონე ადამიანს.

პირველ რიგში, დავიწყებ იმ უშუალო შეხედულებებით, რომლებიც ცხადად მეტყველებენ ამ წიგნის რომანტისტულ სახეზე. როგორც ზემოთ ვახსენე, რომანტიკოსი ადამიანი ვერ ეგუება აწმყოს, ის გამუდმებით ცდილობს მკაცრ რეალობას გაექცეს თავის წარმოსახვებში. იგი თვლის რომ მარტო, ობლადაა დარჩენილი ამ წუთისოფელში და ამ დარდის გაქარვების საუკეთესო საშუალებად ბუნების წიაღში გასვლა მიაჩნია. ბუნება რომანტიზმში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ის არის ერთვარი ნუგეში ეულად დარჩენილი პიროვნებისა. თუ გავიხსენებთ ქართველი რომანტიკოსის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს ,,ფიქრნი მტკვირს პირას“, დასაწყისში პოეტი სწორედ ბუნების წიაღში გადის მწუხარების გასაქარვებლად. აი რას წერს იგი:

      ,,წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,

        აქ ვეძიებდი ნაცნობ ადგილს განსასვენებლად

        აქ ლბილ მდელოზედ სანუგეშო ვინამე ცრემლით

        აქა ყოველი არემარე იყო მოწყენით…“

ასეთივე შემთხვევას ვაწყდებით ,,ფრანკენშტაინში“, სადაც მწერალი ბუნებაში სეირნობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რათა არ დაუბრუნდეს იმ გულისამრევ რეალობას, რომელშიც ცხოვრება უწევს. ამის დასტურია შემდეგი სიტყვები : ,, ბუნებაში ყოველგვარი დიდებულისა და ძლიერის ხილვა ყოველთვის სადღესასწაულოდ განმაწყობდა და მაიძულებდა დამევიწყებინა წარმავალი წუთისოფლის ყოველდღიური საზრუნავი.“ ფაქტია რომ ბუნებაში გასვლა რომანტიკოს ადამიანს ახალი ძალითა და ენერგიით ავსებდა, ერთგვარი ელექსირით, რომელიც აძლებინებდა ამ წარმავალ წუთისოფელში ყოფა-ცხოვრებას.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ ნაწარმოებში გამოკვეთილ რომანტიკულ ბუნებაზე მეტყველებს, არის აწმყოსადმი ნდობის დაკარგვა და წარსულისადმი ტრფობა. აშკარაა, რომ ეს ნაწარმოები პასიურ რომანტიზმსს ეკუთვნის, ამიტომაცაა, რომ მთელი წიგნის განმავლობაში მკითხველი გამუდმებით მელანქოლიასა და ნიჰილიზმსს აწყდება. ნაწარმოებში ფაქტობრივად მომავლის მცირედი იმედიც კი დაკარგულია. ერთადერთი, რაც აძლებინებს მწერალს ცხოვრებას(ბუნებაში გასვლის გარდა), არის წარსულის ტკბილი მოგონებები. ამაზე მეტყველებს შემდეგი სიტყვები: ,, სიამოვნებას მანიჭებს ბავშვობის მოგონებები, ეს ხომ ის დრო იყო, სანამ უბედურება დამიბნებლებდა გონებას, დაამსხვერვდა ჩემს ნათელ ოცნებებს.“ როგორც ხედავთ, პასიურ რომანტიზმში ნამდვილად რთულადაა საქმე. ამხელა დეპრესიას, ამხელა მწუხარებას არცერთ სხვა მიმდინარეობაში არ ვხვდებით. ამ მელანქოლიამ განაპირობა რწმენის დაკარგვა ყველა მატერიალური და არამატერიალური ცნებების მიმართ, ასეთმა ტიპის ადამიანმა დაუშვა ის აზრიც, რომ ქვეყნად არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისთვისაც გულის გადაშლა არის შესაძლებელი ანუ არ არსებობს მისთვის მეგობარი. ასეთი ტიპის შეხედულებაც იკვეთება ამ წიგნში, როდესაც დოქტორი ფრანკენშტაინი იძახის: ,, მე მართლაც მწვავედ განვიცდი უმეგობრობას. გვერდით არ მიდგას, გონიერი მხნე და ამავე დროს მგრძნობიარე, უმწიკვლო სულის ადამიანი, რომელიც გაიზიარებდა ჩემს გულისტკივილს.“

მოდით ახლა გვერდით გადავდოთ ამ წიგნში არსებული რომანტიკული იდეები და ვისაუბროთ სხვა მნიშვნელოვან შეხედულებებზე, რომლის გამოც ვფიქრობ, რომ ეს ნაწარმოები ღირებულია. თუ კარგად დავაკვირდებით, ძალიან ბევრ მოვლენასთან შევძლებთ პარალელის გავლებას წმინდა წერილთან. მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟი, რომელიც ბევრ ადამიანს მხედველობის არედან უვარდება, არის ბოფორი, დოქტორი ფრანკენშტაინის მამის მეგობარი, რომლის ისტორია ძალიან საინტერესოა. ის ერთი მდიდარი სოვდაგარი იყო, რომელიც გაღარიბების შემდეგ სახლ კარს გაყიდის და ფულს უბრალოდ გაფლანგავს, იმის იმედით, რომ სამსახურის დაწყება არ გაუჭირდება. თუმცა რა თქმა უნდა, თავისი გეგმები ჩაეშლება და უაღრესად დეპრესირებული ლოგინად ჩავარდება. ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავავლოთ პარალელი ახალ აღთქმასთან, სადაც უფალი ამბობს: ,,ვისაც გაქვთ მოგეცემათ, ვისაც არ გაქვთ- წაგერთმევათ“.შეიძლება თავიდან გაიკვირვოს ადამიანმა, როგორ ან რა უნდა წაერთვას მას, ვისაც არ აქვს. ამის ნათელ მაგალთად ბოფორი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ბოფორმა ვერ შეძლო იმ ნიჭის შენარჩუნება, რაც გააჩნდა, მას აქ ჰქონდა იმის ნებისყოფა, რომ გაემრავლებინა მოცემული ტალანტი და შესაბამისად ისიც წაერთვა რაც ჰქონდა, ვგულისხმობ იმ ფიზიკურ ძალას, ჯანმრთელობას, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში ის შეძლებდა ,,ტალანტის გამრავლებას“.

ბიბლიური პარალელები ვახსენე და ვფიქრობ, დროა გადავიდე იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელზეც არის საუბარი წიგნში და რომელიც უშუალო პარალელია ძველი აღთქმის ,,შესაქმეს“ თავთან, კერძოდ ადამიანის შექმნასთან. ეს საკმაოდ სერიოზული თემაა და შესაბამისად რამდენიმე ფრაგმენტად დაყოფა მოგვიწევს(შესაძლოა არაქრონოლოგიურადაც გამოვიდეს, რათა უფრო გავამარტივო ჩემი სათქმელი). დავიწყებ იმ ფაქტით, რომ ნაწარმოებში წამოჭრილია ცოდნისა და მასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, რა შედეგებამდე შეგვიძლია მიგვიყვანოს ცოდნის არარაციონალურად გამოყენებამ და უფრო მეტიც, ცნობისმოყვარეობის მიერ ადამიანის კონტროლმა. სწორედ ამ პრობლემებს ეხმიანება დოქტორი ფრანკენშტაინის მოუთოკავი ცნობისმოყვარეობის მიერ იმ მონსტრის შექმნა, რომელიც საბოლოოდ ჩვენი მეცნიერის კოშმარად და სიკვდილსი მიზეზად იქცევა. ფრანკენშტაინი ძალიან საინტერესო სიტყვებს იძახის: ,, მინდა ჩემმა საკუთარმა მაგალითმა გიჩვენოთ თუ რაოდენ საშიშროებას მოიცავს ცოდნა. ის ადამიანი, ვისთვისაც სამყარო მშობლიური ქალაქით იფარგლება, ბევრად უფრო ბედნიერია იმ პიროვნებაზე, ვისაც სურს აღზევდეს და გადალახოს ბუნების მიერ დაკანონებული საზღვრები.“ მან ძალიან კარგად უწყოდა რომ იმ ზღვრების გადალახვა, რომელიც ღმერთის(ბუნების) მიერ არის დაწესებული, ან უცილობლად სიკვდილამდე მიგვიყვანს , ან უბრალოდ ჭკუიდან შეშლის ადამიანს. თუმცა ამ ყველაფრის შესახებ მან, სამწუხაროდ, მხოლოდ უშუალოდ ამ ბალანსის დარღვევის შემდეგ გაიგო, როდესაც უკვე შეუქცევადი პროცესები იყო წასული. ის სამწუხაროდ გვიანღა მიხვდა რომ ადამიანმა უნდა აკონტროლოს, მოთოკოს ცნობისმოყვარეობის უსაზღვრო სურვილი და არა პირიქით- ცნობისმოყვარეობამ ადამიანი.

დასაწყისში მე ვახსენე ადამიანის მიერ შემოქმედთან დაპირისპირება და ახლა სწორედ ეს აზრი მინდა განვავრცო. ცხადია, ამ დაპირისპირებაში არ იგულისხმება ფიზიკური მეტოქეობა, ეს არის ტიპური იდეური ჯახი, როდესაც ადამიანი ცდილობს თავისივე შემქმნელზე დიადი აღმოჩნდეს. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, თუმცა ვფიქრობ, რომ ფრანკენშტაინის მიერ ადამიანის (რომელიც შემდეგ მონსტი აღმოჩნდება) შექმნა იყო ერთგვარი გამოწვევა ღმერთისა. მან მოინდომა ანალოგიური საქმის ჩადენა, რაც თავის დროზ შემოქმედმა(ღმერთმა) გააკეთა, თუმცა მისი ეს წამოწყება იყო ძირშივე მცდარი, რადგან ამას გამოწვევის სახე ჰქონდა უკვე მიცემული. ამ ბრძოლაში , როგორც მოგეხსნებათ, ჩვენი მეცნიერი მარცხდება, რადგან მან ვერ შესძლო იმ მასშტაბების შემოქმედებითი უნარების განვითარება, როგორიც ღმერთს გააჩნდა ადამიანის შექმნისას. აქ მართებული იქნება გავიხსენოთ ძველ აღთქმაში იაკობისა და ღმერთის შერკინება, სადაც იაკობი ,ბუნებრივია, მარცხდება და ღმერთი ამ დამარცხების ნიშანსაც ასვამს მას(ფეხის მოტეხვა, აქაც არ უნდა ვიგულისხმოთ ეს ფაქტი ფიზიკურ ასპექტში). ფრანკენშტეინის დამარცხების დაღი კი იყო მისი შექმნილი არსების ,,მონსტრულობა“ და ის სინდისის ქეჯნა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა თან. აქ ვფიქრობ, იკვეთება თავისუფალი ნების მომენტიც, კერძოდ რას ნიშნავს თავისუფალი ნების არსებობა ადამიანში და არის თუ არა ის დიდი წყალობასთან ერთად დიდი გამოცდაც? ჩვენ ვიცით, რომ ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, თუმცა ნების ფენომენის საშიშროებაზე ძალიან კარგად წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: ,,ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია; ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს.“ ამრიგად ნების თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის მოქმედება, რომლის გაკეთების საშუალებას იძლევა თავისუფალი ნება სასარგებლოა და ყოველთვის კარგ შედეგს გამოიღებს.

საინტერესოა განვიხილოთ თვითონ ფრანკენშტაინის მიერ შექმნილი მონსტრის ფენომენი, რომელიც თავის თავში ძლიერ მარგინალიზაციასაც გულისხმობს. ნაწარმოებს დასაწყისში ეპიგრაფად უძევს შემდეგი ფრაზა: ,,განა ოდესმე მითხოვნია შენთვის უფალო, რომ თიხისაგან შემქმენ მეთქი ადამიანად?“ აქ ეს ფრაზა ზუსტად მიესადაგება იმ მონსტრის იდეოლოგიას, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბროთ. ეს მონსტრი(სახელი არ აქვს და ხშირად X სიმბოლოთი მოვიხსენიებ) მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საშინელ მკვლელობას სჩადის, უაღრესად ტრაგიკული პიროვნებაა. ნაწარმოებიდან ჩანს, რომ ის არ იყო ისეთი ბოროტი თავდაპირველად, როგორიც შემდგომ ადამიანთა გამო გახდა. ის იყო ადამიანთა მოდგმის სისუსტეების მსხვერპლი, რომელიც ვერავინ ვერ აიტანა, მოიძულეს. ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ X თავად შემქმელმაც, ფრანკენშტაინამც შეიძულა და ბედის ანაბარა მიატოვა. წარმოუდგენელია მონსტრმა მკითხველში სიბრარული არ გამოიწვიოს, რადგან ხშირად ძალიან ამაღელვებელ სიტყვებს ლაპარაკობს: ,, გახსოვდეს მე შენი ქმნილება ვარ. მე შენი ადამი უნდა ვყოფილიყავი, ნამდივლად კი დამარცხებული ანგელოზი უფრო ვარ, რომელსაც დაუმსახურებლად უოველგვარი სიცოცხლე მოუსპე.“ აქ აშკარად იკვეთება ფრანკენშტაინის ბრალეულობაც, პასუხისმგებლობა აიღო სიცოცხლის შემქნაზე, შექმნა კიდეც, მიუხედავად ბევრი დეფექტისა, თუმცა ამის შემდეგ მოიშორა ყველა პასუხისმგებლობა და საკუთარი ,,ადამი“ გასწირა. თუ შექმნა , ბუნებრივია ბოლომდე უნდა ეპატრონა კიდეც, ან უბრალოდ ისევე წაერთმია მისთვის სიცოცხლე, როგორც თავიდან ,,სული შთაბერა“. თუმცა ეს სიცოცლის წართმევაც ძალიან პრობლემური თემაა, რომელზეც ბევრნაირად შეიძლება განვავითაროთ საუბარი. ჩვენ ვიცით რომ X-მა ბევრი უდანაშაულო ადამიანი მოკლა, თუმცა სასიკვდილო განაჩენის გამოტანა კი ვფიქრობ, არამართებულია. ეს შესაძლოა სიკვდილით დასჯის ფენომენად განვაზოგადოთ, მაგრამ შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი და ამიტომ ჯობია უშუალოდ სიუჟეტს მივყვეთ. აი რას იძახის X ამ ყველაფერზე: ,, შენ მკვლელობაში მდებ ბრალს და შენ თვითონ კი სრულიად გულდამშვიდებით სიცოცხლეს გამომასალმებდი შენ მიერვე შექმნილ არსებას. ოჰ ქება-დიდება კაცთა მოდგმის უკვდავ სამართალს.“ მონსტრს სიკვდილით დასჯა ჩვეულებრივ მკვლელობის რანგში აჰყავს. მისთვის ყველა ის არგუმენტი, რომელიც სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ამართლებს ფარსია და ამიტომ ამბობს შემდეგ სიტყვებს: ,,ადამიანებო, რა უმეცარნი ხართ და თავი კი მოგაქვთ, ბრძენი ვართო! გაჩუმდით, თქვენ თავად არ იცით , რას ამბობთ.“ ამ სიტყვებიდან გამომდინარე ყველა დამეთანხმება, რომ X-ის ტრაგედია უკიდეგანოა. ის უბრალოდ საზოგადოების მსხვერპლია, რომელმაც ვერ აიტანა მასზე ფიზიკურად განსხვავებული ადამიანი. სხვათაშორის ფრანგი მწერალი ეგზიუპერი ბრწყინვალედ აფასებს ამ მოვლენას: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.”

ამრიგად, ავტორმა ბრწყინვალედ შესძლო გადმოეცა ფურცელზე იმ აქტუალური პრობლემების არსი, რომელიც გამუდმებით აწუხებდა მსოფლიოს, მიუხედავად იმისა, რომ მწერალი თვითონ იძახის ამავე ნაწარმოებში: ,, ქაღალდი უბადრუკი საშუალებაა გრძნობათა გამოსახატად.“ თუმცა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავინახავთ, რომ ქაღალდი არც ისე უბადრუკი ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ავტორი: გიორგი წერეთელი

წყარო: celsius-233.blogspot.com

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Check Also

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა