არდაშელ თაქთირიძემოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ვატაშინონამაევა შოთადეს!

ვატაში ვა ნიჰონჯინდეს! – მე იაპონელი ვარ! – ამაყობს იაპონელი და არც კი იცის, რომ საქართველოში არის კუთხე – გურია, სადაც სოიოს იაპონიას ეძახიან და ყოველი ზაფხულის ბოლოს, გურულები იაპონიის ასაღებად მიდიან.
***
ქართველი მოჭიდავე შოთა ჩოჩიშვილი 22 წლის იყო, მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ძიუდოს ოლიმპიურ ნაკრებში რომ გამოიძახეს, მაგრამ მალევე უარი უთხრეს, რადგან ძიუდოს ფედერაციამ უპირატესობა იმავე, 93 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სოლოდუხინს მიანიჭა. შოთამ ვარჯიში აღარ გააგრძელა და საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ანდრეევმა, რომელიც ჩოჩიშვილის შესაძლებლობებს სწორად აფასებდა, ჰკითხა – შესძლებო? – არ შეგარცხვენო! – უპასუხია შოთას. მწვრთნელი ხედავდა, რომ ქართველ ახალგაზრდაში მებრძოლი სული ბობოქრობდა და ტიტულოვან ფალავნებს ტოლს არ დაუდებდა, ამიტომ სთხოვა, ცოტა ხნით კიდევ დარჩენილიყო. თვითონ კი, ფედერაცია დაარწმუნა შოთას უპირატესობაში და ახალგაზრდა, გამოუცდელი და უვარჯიშებელი ქართველი ფალავანი, საკუთარი კარიერის რისკის ფასად, მიუნხენის ოლიმპიადაზე წაიყვანა.
***
ნიჰონ ვა სეკაი დე იუიიტსუ სონზაიდეს! – იაპონია ერთადერთია მსოფლიოში! – ამბობს იაპონელი და არც კი იცის, რომ საქართველოში არის სოფელი ჯაპანა, და რომ იაპონელებს თუ ჰყავთ კინორეჟისორი აკირა კუროსავა, ქუთაისლებს ფოტოგრაფი ჰყავთ – აკიმა იოსავა.
***
ტატამის ერთ მხარეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი – ფუმიო სასახარა დგას. წინასწარ ულოცავენ გამარჯვებას. მისი ტიტულების ჩამონათვალიც კი საკმარისია, რომ მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურად განადგურდეს, მაგრამ ყველასთვის უცნობ 22 წლის ბიჭს თავი ღირსეულად უჭირავს. ორთაბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ჩემპიონმა ერთი ილეთი ჩაატარა და “ვაზარი” აიღო. დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, მათი თვალები შეხვდნენ ერთმანეთს. გამოცდილი სასახარა შეაცბუნა ახალგაზრდის შინაგანმა სულიერმა ძალამ, რომელსაც თვალებიდან ასხივებდა. წამით შედრკა და აი ისიც – შოთას საყვარელი ილეთი – კისრული. ჩემპიონმა ფეხებით ჰაერში წრე შემოხაზა და ბეჭებით ტატამზე დაენარცხა.
იმ ოლიმპიადაზე შოთა ჩოჩიშვილმა ოქროს მედალი აიღო.
ამბობენ, შერცხვენილ სასახარას გასახდელში მაშინ შეუსწრეს, თავის მოკვლას რომ აპირებდაო.
***
ძიოდო – ნიჰონ ნო რესურინგუ! – ძიუდო იაპონური ჭიდაობაა! – გვამცნობს იაპონელი და არც კი იცის, რომ თანამედროვე ძიუდოში ქართული ჭიდაობის ილეთებია შესული – კისრული, მოგვერდი, გარეკაური და შუაკაური.
***
1989 წელს, ჩემპიონმა წესების გარეშე ბრძოლაში – იაპონელმა ანტონიო ინოკიმ, მოკრივე მუჰამედ ალი და ძიუდოისტი შოთა ჩოჩიშვილი იაპონიაში მიიწვია. ინოკისა და მუჰამედ ალის შეხვედრა უღიმღამო გამოდგა და ფრედ დამთავრდა. აი, შოთა ჩოჩიშვილმა კი, ინოკი ძირს დასცა და მტკივნეული ილეთი ჩაუტარა. სხვა დანებდებოდა, მაგრამ იაპონელმა გაუსაძლის ტკივილს გაუძლო და ასპარეზობა ამოვარდნილი მხრით გააგრძელა. შოთამ არ იკარდა, ცალხელა მეტოქეს ორი ხელით შებრძოლებოდა და თვითონაც ცალი ხელით გააგრძელა ბრძოლა. ბოლოს, კისრულით წამოიკიდა და ისე დაანარცხა, რომ იაპონელი ძლივს გამოიყვანეს ღრმა ნოკაუტიდან.
***
ვატაშინონამაევა შოთადეს! – მე შოთა მქვია! – გვეცნობა იაპონელი და იცის, რომ მას, და კიდევ, იმ პერიოდში დაბადებულ 10000-ზე მეტ იაპონელს, ძიუდოს ლეგენდის, ოლიმპიური ჩემპიონის – შოთა ჩოჩიშვილის სახელი ჰქვიათ.

არდაშელ თაქთირიძე

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close