პოეზიაპოემალია სტურუა

ლია სტურუა – წრეში

I

მე დავიღალე თოკზე სიარულით,

სახლებს შორის გაჭიმულ თოკზე,

მით უმეტეს, რომ მუშაითი არ ვყოფილვარ

არც ხელობით არც მოწოდებით,

სულ უფრო მეტად მეშინია

ქვაფენილის და ასფალტის,

რომელიც ნახერხის ყვითელი ნიადაგი

უნდა მგონებოდა სანამ თოკზე გავდიოდი

(ასე ვიყავი შეთანხმებული გულსუსტ მაყურებელთან,

ყოველ მათგანთან,

ვისაც სჯეროდა, ან არ სჯეროდა ჩემი…)

და მივდიოდი ისე დაძაბული,

რომ ვგრძნობდი თმის ყოველ ღერს,

რომელზეც სრიალებდა

ოფლის და ცივი ჰაერის წვეთები,

დაძაგრულ კუნთებს, ტვინს, სულმთლად დაცლილს

სიტყვისგან, აზრისგან,

რომელიც, მტკივნეული და შეკუმშული,

ყურის ნიჟარებს აწყდებოდა

და მე მეგონა, ჩემი ნიჟარა,

ნატიფი და სადაფისფერი

წალეკა ლიმფამ

და ათასი მედუზის ტანი ჩამიდგა ყურში…

მე მეგონა გამიხევდა ყოველი ნაკვთი

და გადავიქეცი ფაიფურის მყიფე ტიკინად

და თუ თოკიდან ჩამოვვარდი და დავიმტვერი,

არავის აზრად არ მოუვა ჩემი დამარხვა,

შეაგროვებენ ჩემს ნამტვრევებს, შეაწებებენ,

შემამკობენ ბრინჯაოს ფრთებით

და დამდგამენ შუშის ხუფის ქვეშ,

სადმე ოჯახში,

სადაც მოსწონთ სიტყვა “ბაროკო”

და ყოველ კვირას, საკომისიო მაღაზიაში

ყიდულობენ ბრინჯაოს ნივთებს,

შემკულს ფაშფაშა ამურებით, ანგელოზებით

და ხვავიანი ასფურცელა ყვავილებით…

მაგრამ მე მაინც მივდიოდი,

და მე მეგონა,

რომ უნდა იყოს სადღაც კიდევ

მეორე თოკი

და მეორე მუშაითი, კაცი ან ქალი,

რომელიც მიცდის თოკის ბოლოში,

მაგრამ ყოველი თოკის ბოლოს

იყო ცა და სიცარიელე,

ხოლო ქვევით, მოედნის წრეში

ხალხი ღრიალებდა,

ტაშს უკრავდა და იმეორებდა

გაზეპირებულ აქსიომას,

რომ ორი ხაზი პარალელური

ერთმანეთს არსად არ გადაკვეთს.

მე კი ვიცოდი, რომ გადაკვეთენ,

რადგან ზევიდან,

ჩემი მეათასე თოკის სიმაღლიდან

ვხედავდი თქვენს სახეებს,

გაოგნებულს და აღტაცებულს,

სუფრებისგან შეკერილ დროშებს,

რომლებზედაც წითლად ღაჟღაჟებდა

ჩემი სახელი (ქალის, იდეალის)

თქვენ მარწმუნებდით, რომ ეს სისხლია

და არა ღვინო…

მე ისე მინდა დაგიჯეროთ,

მით უფრო, როცა დავიღლები,

როცა თვლებში ცეცხლის ბორბლებივით

ტრიალებს იდეა ბერწი ხეების…

მაგრამ ნათელხილვის მწარე უნარი მეუბნება,

რომ ეს დროშები ექსტაზია,

და არა რწმენა,

ღვინის ფოთლებით თავდადგმული

ზარხოში ნდომა,

რომელიც მალე გაილევა,

რადგანაც თოკი უსაზღვროდ გრძელია,

ხოლო მოედნის წრეში მოქცეულებს

წყალივით აკლიათ ოთხი კედელი და მყუდროება

და კიდევ ქალი,

ზომიერად თეთრი და რბილი,

რომელსაც შეუძლია ყველაფრის პატიება,

რომელსაც სჭირდება მამაკაცი

და არა გმირი…

თქვენ, ალბათ, გიჭირთ არჩევანი,

რომელსაც მე

სიკვდილმისჯილივით ველოდები…

ღმერთო, მაღირსე სილბო აბრეშუმის,

მისი სიმჩატე და გლუვი ძაფი,

თოკი უხეშია და წვიმით გაჟღენთილი…

თქვენ აირჩიეთ ოთხი კედელი და მყუდროება,

ერთადერთი ჭეშმარიტება,

თქვენი, საკუთარი,

და ის სისუსტე, ულამაზესი,

ღვინის ფოთლებით თავდადგმული,

უკვე აღარ დაგესიზმრებათ…

თქვენ მრავლდებით და ძლიერდებით

სანთელივით ჩამოქნილ ცისქვეშ,

ხოლო ჩემი ცა

დახაზულია თოკის წრფეებით,

რომლებიც ერთმანეთს

ვერასოდეს ვეღარ გადაკვეთენ…

მაგრამ მე ერთხელ

მქონდა სიზმარი

რომ ბედნიერი, მსუბუქი ფრენით შეიცვალა

ჩემი თოკზე სიარული (ასწილად მომეზღო)

ხოლო ნახერხის ნიადაგზე ამოიწვერა სონატის ტოტი,

ოქროსფერი და უზაკველი…

II

როდესაც ეს გამახსენდება

მე ვიცი, რომ არ მაქვს უფლება

სამუდამოდ შენთან დარჩენის,

მაგრამ მე მინდა დავისვენო,

მოვიდე შენთან, ჩემო ძუძუმტევ, მიწისმიერო,

ვეზიარო გახამებული მიტკლის სათნოებას,

ვიყნოსო სიმწიფე ყვითელი ბიების,

რომლებიც მიწაზე ეცემიან და არა ნახერხში,

მოვიშორო იოდის და თამბაქოს ფერი…

გახსოვს, წინათ,

როცა ქალაქის მოედნები მერჩია

შენს მყუდროებას, სულ მინდოდა

გაფცქვნილი კვერცხივით კრიალა ჭერზე

ჩემი სისხლისფრად შეღებილი ფრჩხილებით

ამომეკაწრა მამალი,

რომელსაც ფრთებზე და ბოლოზე

ცეცხლი უკიდია…

ახლა მე მინდა ვეზიარო

გახამებული მიტკლის სათნოებას

და უნაკლო მისმა სითეთრემ

შემიკუმშოს გული დატვინი,

რომ მერე, როცა დავბრუნდები,

როდესაც შიში

ბირკასავით აეკრობა თოკების ხაოს,

ისევ უკან არ გამოვიქცე,

რადგან მე არ ვარ მუშაითი

არც ხელობით, არც მოწოდებით

და შენ ალბათ ვერც წარმოიდგენ,

რა ძნელია თოკზე გავლა

ცარიელი რწმენით…

განსაკუთრებით, როცა შიში შესაძლებელის

მელოდება ერთი კი არა, მეათასე თოკის ბოლოში

და ჰორიზონტზე ჩემი ფრჩხილებით ამოკაწრული

მამალი ღვივის…

ხოლო სადღაც, ჩემი გუმანის მყიფე გარსში

გამჭვირვალე მჩატე ცხენები

სამი კი არა, მთელი რემა

ბიების სუნით გაჟღენთილი

და სევდიანი სამოთხისკენ მიმაჭენებენ

და მე ვეძახი მაყურებელს,

რომ ამ ერთხელაც დამიჯეროს,

ბრმად და ბოლომდე დამიჯეროს,

რომ თოკზე ფეხი არ დამიცდეს…

ხალხს ეუფლება დიდი რწმენა და სათნოება,

მაგრამ ერთმა არ დაიჯერა,

ერთადერთმა კაცმა ათასში.

მე ჩამოვვარდი და დავიმტვერი…

მოჯარდნენ ჩემი ჭირისუფლები

და ნარკოზის თეთრმა ცხენებმა

იოდის წვიმაში მაჭენეს დიდხანს.

და სწორედ მაშინ მოხვედი შენ,

ჩემო ძუძუმტევ, მიწისმიერო,

ფრთაცეცხლიანი მამალი დამიკალი

და მის სისხლში ამოავლე ფიტული თაბაშირის

და მე ვიგრძენი,

რომ ჩემი ძვლების დამსხვრეულმა, ცივმა ტოტებმა

მოისხა ხორცი

ვარდისფერი და მშვენიერი..

III

მე მაგონდება ჩემი თავი

ოცი წლის წინათ.

ავადმყოფს ვუზივარ სასთუმალთან

და ყოველ წუთში

პირში ვუდებ ყინულის ნაჭრებს,

გარეთ თოვს,

ორი უცხო ხელი,

ცარცივით თეთრი და უმოძრაო

საზღვრად ავლია

ტკივილის ალისფერ უდაბნოს,

რომელშიც დადის ბებიაჩემი,

ხელში ბზის ტოტი უჭირავს, დამჭკნარი,

მე ვჩურჩულებ: – თოვლი მოვიდა!

მაგრამ საწოლის თეჯირს იქით

ტკივილის უდაბნოა, უკიდეგანო

და ქვიშის მკვრივი და ჟღალი ინა

არ უშვებს თოვლში…

ცხელი ქარი,

კაბის ქობას ულოკავს,

მერე მკერდს, მერე ხელებს

და ბზის ტოტს ცეცხლი ეკიდება.

თოვლი მოვიდა _ ვკივი მე,

რადგან მხოლოდ ეს ორი სიტყვა

აკავშირებს ჩემთან ავადმყოფს,

ის მიღიმის და მიყურებს კიდეც,

არა როგორც თავის სისხლსა და ხორცს,

არამედ სიმბოლოს

თოვლით სავსე სუსხიანი სამოთხის,

სადაც ყინულის ნაჭრები

ისე წკრიალებენ,

როგორც უკანასკნელი ტრამვაის

ზარი მის წარსულში,

ეს ყველაფერი მაგონდება ახლა,

სიგარეტის კვამლით, პოპ-მუსიკით

და ღვინონარევი აღტკინებით სავსე ოთახში…

ვუსმენ ოპერას “იესო ქრისტე _ სუპერვარსკვლავი”.

ცეკვავენ…

ჰაერი იმუხტება

პირველყოფილი ლტოლვით ერთმანეთისკენ,

ხოლო იუდა _ სტერეოხმით აბრალებს ქრისტეს

რომ ის ამაღლდა ადამიანებზე და რწმენაზე,

რომელსაც თვითონ უნერგავდა თორმეტ მოწაფეს,

და ჰაერში, ორ საგანს შორის,

კარების ღრიჭეებში, ადამიანების

ერთადქცეულ სხეულებს შორის,

ყველგან იჭედება ერთი იდეა:

სტერეოიდეა ოცდაათი ვერცხლის…

ხოლო ქრისტე,

დგას უდაბნოში (ჩემში ისევ შემოდის ხილვა.

ტკივილის უდაბნო, უკიდეგანო, ალისფერი)

და ქვიშის მკვრივი და ჟღალი ინა

უბორკავს ფეხებს…

ბრბო ყვირის, მოითხოვს სასწაულს,

კაცს კი სცხელა, ის მარტოა

და, სანამ გვამში ღმერთი ჩაუძვრება,

ეჩვენება, რომ მისი ტანი სისხლით კი არა,

ჟანგისფერი პეპლების ნაკუწებით აივსო…

ბრბო კი თავის წინ სასწაულს მოითხოვს

და მაშინ იგი, ზევარსკვლავად მონათლული

და მილურსმული სხეულის ფასად

ახდენს სასწაულებს,

ერთი მეორეზე გასაოცარს,

ეს იგივეა,

რაც თოკზე გავლა ცარიელი რწმენით,

რომ როგორც პურზე დასხმული ღვინო

ადამიანის ბუნება დაწდეს და დაიწმინდოს

და დაუბრუნდეს თავის პირველსახეს –

უსაზღვრო რწმენას და სათნოებას.

ტკივილის უდაბნო, ალისფერი, ქარით ივსება.

მე სულ მინდა ვთქვა: თოვლი მოვიდა,

მაგრამ ჩვენს შორის საზღვარია,

ჩემი ბავშვობის საწოლის თეჯირი

რომ განსხეულდეს,

კივილში, რიტმში და ბიბლიაში,

ისეთი საზღვარი, გარდაუვალი…

ისევ ცეკვავენ და ყოველ მათგანს

თავზე ადგას იოდისფერი შარავანდედი,

ხოლო სახეები მშვიდი აქვთ და უზაკველი,

რადგან ლტოლვამ ერთმანეთისკენ

რამდენიმე საათით მაინც

მიიღო ფორმა, ამჯერად პლასტიკური

და ავი თვალის ასარიდებლად

შემოივლო ოთხი კედელი.

მე დღეს პირველად

შემეშინდა, ჩვენს ოჯახში

სიკვდილის და ჩაბნელებული ფანჯრების შემდეგ,

როცა ბავშვები კნუტს

თვალებს თხრიდნენ, მერე

სისხლიანი და აყვირებული

ცეცხლში ჩააგდეს

და განაგრძეს თამაში.

ბავშვებს რძის სუნი ასდიოდათ,

ისეთი ძლიერი,

რომ ჩაახშო სისხლი და ფუტი

და ვიღაც ფაშფაშა დედაკაცი,

მთვარესავით თეთრი და ოფლში გახვითქული

მაფრთხილებდა: ხმა არ ამომეღო,

თორემ რძეს სხივი ჩაუქრება…

ღამე დამესიზმრა ისევ უდაბნო უკიდეგანო,

მის შუაგულში ცეცხლი ენთო,

რომელსაც ბზის ტოტებს უკეთებნენ

ულამაზესი ცისფერი ბავშვები,

შიგ ყრიდნენ კნუტებს, ძაღლებს და წიგნებს,

რომლებიც უკვე მოინელეს,

და ვიღაც ბიჭი, ქალური სახით

და უცნაურად აწოწილი, ცეცხლში შედიოდა,

სულ სათითაოდ გამოჰყავდა

დამწვარი ცხოველები

და გამოჰქონდა წიგნების ნაცარტუტა,

ხოლო უკან ბავშვები მისდევდნენ

და ესროდნენ ქვებს და მუგუზალს.

მე იქვე ვიდექი,

მაგრამ ქვიშის მკვრივი და ჟღალი ინა

ფეხებს მიბორკავდა და არ მიშვებდა,

ბიჭი კი ჩემსკენ მოდიოდა,

გაგლეჯილ პერანგზე ცეცხლის ორი ფრთა გამოესხა.

წვივები ქვებით ჰქონდა დაჩეჩქვილი,

სულ ახლოს მოვიდა,

თავის იარებს მაჩვენებდა და მიყვიროდა,

რომ ყველაფერი ჩემი ბრალია:

ბზის ტოტებში ჩამდგარი ცეცხლი

სისხლი ბავშვების კიდურებზე,

რომ ჩემი გენები

ჟანგისფერი პეპლებივით ფათურობენ

მათ ტანებში

და ისევ ჩემი,

ინით შეღებილი ყალბი მზე

უთიმთიმებთ თმებში.

მე მინდოდა თავის გამართლება,

მაგრამ ბიჭი უკვე გარბოდა,

მას მისდევდნენ ბავშვები და მათი მშობლები

ახალთახალი მანქანებით, ფეხით, ტრამვაით,

სპილენძის ტაფებს ახათქუნებდნენ,

უსევდნენ მაძღარ, ჯიშიან ძაღლებს

და ესროდნენ ქვებს და მუგუზალს,

და მე ვიფიქრე:

იქნებ მართლაც ჩემი ბრალია,

იქნებ რძის სუნმა ისე გამაბრუა,

რომ დამიჩლუნგდა ყნოსვა და ალღო

და სისხლის სუნი ვეღარ ვიგრძენი.

მე უნდა დამესვა ისინი მიწაზე,

ორ ასფალტირებულ ფილაქანს შორის

მდინარესავით რომ მიედინება,

იმ მიწის ნაჭერზე,

და წამეკითხა მათთვის ზღაპრები

დევებზე და მზეჭაბუკებზე,

გამევლო თოკზე და მათ სცოდნოდათ,

რომ მხოლოდ რწმენა გადამარჩენს

დამტვრევისაგან.

ძაღლები ყეფენ,

სპილენძის ტაფები ისე ზრიალებენ,

თითქოს სამრეკლო დააყენეს შუა ქალაქში

და ცხენს კი არა,

მანქანის მეტალს მიხორცებული კენტავრები

მისდევენ სალოსს, რომ მას,

ყველაზე ჩვილს და სუფთას,

აჰკიდონ მხრებზე,

თავისი ცოდვა და ტკივილები…

IV

სალოსს ეძახდნენ,

თორემ მაშინ, ჩემს ბავშვობაში

ის იდგა, როგორც წმინდა სანთელი

ჩემსა და ალისფერ უდაბნოს შორის

და არ მიშვებდა მომაკვდავი ბებიაჩემის

ხელების მესერს გადავცდენოდი,

ის იჯდა დიდი ტკივილის ზღვართან,

სიმწრისაგან დამტვრეული თერმომეტრების

სინდიყით მოჭირხლულ იატაკზე

და ქათქათა კოლიოს ჭამდა,

მერე მიდიოდა ჩვეულებრივ სკოლაში

და თამაშობდა ჩვეულებრივ ბავშვებთან,

ისინი დილიდან საღამომდე

იმეორებდნენ უფერულ სიტყვებს,

რომლებიც არაფერს არ გულისხმობდნენ,

გარდა ხისგან ან ლითონისგან

გამოჩორკნილი მკვიდრი საგნების,

ნაცნობის და ყოველდღიურის.

ყველაფერს ჰქონდა მკაცრი ფორმა

კონუსების, კვადრატებს ანდა წრეების,

არავითარი წრეს გადასვლა და მდინარება.

ის კი იტყოდა სიტყვას “პური”

და ჭვავისფერი კვადრატის ნაცვლად

მის უკან იდგა

ვერცხლის გუნდაში ამოვლებული,

იდეა შვების…

ერთ მშვენიერ დღეს ქალი მოვიდა,

მას თმები ჰქონდა ჩამიჩისფერი

და ხელში მთელი ძროხა ეჭირა,

გამოშიგნული.

მან უთხრა ბიჭს:

_ როდემდე გინდა იყო სალოსი

და სინდიყით მოჭირხლულ თმებშ;ი

ერთხელ მაინც არ გატკაცუნდეს

ჟღალი მუხტი მდედრისკენ ლტოლვის…

და ძროხის ხორცი შესთავაზა.

სალოსმა ხორცი ვერ შეჭამა,

რადგან მას ჰქონდა ძროხის ფორმა.

დედაკაცმა ბარკალი მოუჭრა

და ყველაფერი ატრიალდა:

დიდმა უდაბნომ გამოარღვია ხელების მესერი

და ჩემს ოთახში შემოიჭრა,

გამოედო ხორკლიან კედლებს

და ზედ ხორცივით შეატოვა

ჟანგისფერი პეპლის ფიტული.

მისი ფრთებიდან ქვიშა ცვიოდა

და ქვიშის მკვრივმა და ჟღალმა ინამ

ააყირავა დაჭირხლული იატაკი და ჭერად აქცია.

ხოლო ჭერი,

რეტდასხმული და ნამჯისფერი

პეპლებით მოხატული

(დამსკდარი ბათქაშის ილუზია)

მკვიდრად ნაგებმა საგნებმა ამოავსო

და ყველა სიტყვა, რომლის უკანაც

არ იდგა სკამი, ან კარადა,

რომელიც არ ილექებოდა ხალიჩის ხაოზე

ან წვერწამახულ ბრინჯაოს ფრთაზე,

კაცის მოკვლაზე

უფრო დიდ ცოდვად ითვლებოდა…

სალოსი იქცა ოჯახის კაცად

და ხორცის მასამ,

მწითური ბალნით შემოსილმა

შთანთქა ხერხემლის მოქნილობა და სინატიფე…

ახლა მას უკვე აღარ შეეძლო

გაეტეხა სიმწრის ოფლისგან გაოგნებული

სიცხის საზომი და

ვერცხლისფერ შვებად ექცია…

მაგრამ ერთ დილას

ის წავიდა და აღარ დაბრუნდა.

ქალს დამშეული ძროხასავით ჩაუცხრა ფერდები

და სიფრიფანა კანში

ნეკნებმა გამოანათეს.

მან მოიარა ყველა ქუჩა

და ეძახდა თავის მამაკაცს,

ბოლოს მიაგნო

ყველაზე უფრო დიდ მოედანზე,

ის გადიოდა

ორ სახლს შორის გაჭიმულ თოკზე

და მის გარშემო ათას თოკზე ეკიდა კარადები,

ტახტები, სავსე ხავერდის ბალიშებით,

მთელი შუშაბანდი,

რომლის შუაში მაგიდა იდგა,

ზედ ახორხლილი ფაიფურის ჭურჭლით…

ბიჭმა დამინახა,

გამიღიმა

და თოკიდან პირდაპირ ჰაერში გადმოაბიჯა.

ჩემი კივილი და მისი ტანი

ერთად გახევდნენ,

ნივთისმიერი სალტე გაირღვა,

ის იდგა ცაზე

სიფრიფანა და უზაკველი,

ქვემოთ კი ხალხი, დასიცხული,

უსაზღვროდ ჭრელი და მოძრავი…

მაგრამ ეს ბიჭი,

ვერ გახევდება ასე ჰაერში,

მას ქუსლები აქვს დაჩეჩქვილი

და მხრებზე ცეცხლის ფრთები ასხია,

რომლებიც ქვესკნელისკენ ეწევიან…

ის მოიმწვდიეს ხორცის ზვინებში,

ასმევენ არაყს, იცინიან

სპილენძის ტაფებს აზრიალებენ,

და მათ შორის არ არის კაცი,

რომელიც იტყვის: თოვლი მოვიდა…

და ყინულის ერთადერთ ნაჭერს

ხორცით გატენილ

და არაყით გამომწვარ პირში ჩაუდებს…

V

მე კიდევ დიდხანს

მაწვალებდა ერთი ხილვა:

სიზმრის დაბამბულ სივრცეებში

დარბოდნენ ბავშვები

ერთად, ხელიხელჩაკიდებულნი,

მერე იზრდებოდნენ და კარგავდნენ ერთმანეთს…

ყვიროდნენ, ბამბა ხმას ახშობდა,

მირბოდნენ, ფეხები ეფლობოდათ

ღრმა ჭაობისმიერ სირბილეში…

ბავშვები ტიროდნენ,

მე კი ვიცოდი,

რომ არავინ არ დაკარგულა,

ისინი ისევ ერთად იყვნენ,

მაგრამ ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ.

მათი პირიდან მარტივ სიტყვებთან

და ნერწყვთან ერთად,

აბრეშუმის ძაფი დიოდა,

რომელიც ნელა იბეჭებოდა

და ყაჭის პარკად იქცეოდა,

თითო ბავშვს თითო პარკი მოერგო,

ამ პარკებს შიგნით

ისინი დაკაცდნენ, დაოჯახდნენ,

ცრა თვე პარკიდან ნათელი ასხივებდა,

მერე გაირღვა ყაჭის კედელი

და ნარინჯისფერი პეპელა გამოფრინდა,

ყრუ და დაბამბულ სამყაროში

მინასავით გაიწკრიალა სათნოებამ…

_ მაგრამ სად სათნოება

და სად მყვირალა ნარინჯისფერი? _

გიჟდებოდა ქათქათა ბამბა

და მის წიაღში

აბრეშუმის ჭიასავით ფათურობდა

შიში მარტოობის…

ვიღვიძებ,

ყველა ზომის და ფორმის ჭურჭელში

ყვავიან ბამბის ანემონები,

ჟანგისფერ მტვერში ამოვლებული…

დღეს უნდა გადავლახო ჩემი სიზანტე,

და მივიდე სახლში, სადაც მელიან.

ჟინჟღლავს…

ლურჯი მინანქრის ნეკისხელა კრავს

ვიდებ ხელისგულზე და მივდივარ,

წინკარშ.ი სითბოს ვარდისფერი ღრუბლები ყვავიან,

მოდიან სტუმრები და ყოველ მათგანს

მოყვება საკუთარი ბინის შიგთავსი:

ანტიკვარული კარადები,

ამპირის სტილის მაგიდები,

ვერცხლი და ბროლი,

ერთ-ერთ ტახტზე კატაც კი ზის

განწყობილების შესაქმნელად…

ყველა ოთახი ივსება ავეჯით

წვიმიანი ქურქების ორთქლით,

სიტყვების მიამიტი, მრგვალი მარცვლებით…

კატის კრუტუნი,

ჩაწერილი სტერეოფირზე

ახშობს მუსიკას და

დიასახლისი ისეთი ხმით, თითქოს

მინანქრის კრავი გაისრისა ხელისგულებში

და ხმაში მისი სილურჯე ჩაეღვარა,

მთხოვს: _

ცხელა, გაიხადეთ!

და რადგან აღარაფერი მაქვს გასახდელი,

თავაზიანი ღიმილით მხდის ტყავს…

მტკივა:

ლავიწიდან ფეხის ტერფამდე

მყესი და ძვალი,

შუბლიდან კეფამდე –

გაშიშვლებული ნერვები…

ქურქებში მონებივრე ჭუპრი კი იცინის

და ითხოვს ჩემგან თოკზე გავლას,

ან სხვა სასწაულს

და ამდენ ხალხში არ არის კაცი,

ვისაც სჯერა, რომ არ დავიმტვრევი…

ხომ არ შეიძლება მუხის კარადებს,

სარკეებს და ბროლს

და კარაქივით რბილ სიასამურს

ებრძოლო, როგორც ქარის წისქვილებს!

წინკარში ჩემი ტყავი კიდია,

რამდენიმე სამსჭვალით გახვრეტილი,

ვიცვამ, მივდივარ

და უკვე ვიცი,

რომ მოედანი ხალხით აივსო,

ხლო ნახერხის ნიადაგზე

ამოიწვერა სონატის ტოტი,

ოქროსფერი და უზაკველი…

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close