პოეზიალია სტურუა

ლია სტურუა – ჩემი მუშა ტვინის და…

* * *

ჩემი მუშა ტვინის და

მუშა გულის გზაჯვარედინზე

უქმე დღესავით ძევს არე,

რომელსაც ჩემი სულიერი სამყარო ქვია

და რომელშიც

აყვავებული ხეების მიღმა

(ბროწეულის ცეცხლი,

ნუშის თეთრი მიტკალი)

დაფშვნილი შუშით მოფენილი

მინდორი იწყება:

ასეთი ნიადაგი სჭირდება

გამოტანჯულ ხატებს,

რომლებიც კენწეროში ტკბილდებიან…

წვეტიანი შუშა

შაქარივით ელავს მზეზე

და დარაჯობს ჩემს მარტოობას,

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც

ჩემი მუშა ტვინი

ამაოდ ცდილობს ამოავსოს უფსკრული

ხატებსა და სიტყვებს შორის;

მის პატიოსნებაში ეჭვს ვერ შეიტან,

მაგრამ სიტყვასაც

წვეტიან შუშაზე ვერ გამოატარებ,

ის ისეთი რეალურია,

რომ შეიძლება სისხლიც წასკდეს…

გამოწუწნული შაქრის წვეროზე კი

კიბეა მიდგმული…

ღმერთო, შემაძლებინე ამის გამოთქმა,

მე, სქელტუჩას და ენაბრგვნილს!

ჩემი ტრაგიკული მეხსიერება სოდომის ცოდვებს

ისეთი ფერადი სახიერებით ინახავს,

რომ სიტკბოს

წვეროზე მიდგმული კიბე ირყევა,

ამ წუთში მე შემიძლია

ძაღლის გუმანივით გავიწელო

ტკივილიდან იმ ერთადერთ ბალახამდე,

რომელიც წამლობს ამ ტკივილს,

მერე კი ორი შეკრული, ელვარე მუშტი

შედის თვალებში,

როგორც სიტყვაში

ტმესის ცივი და გამთიშავი ძალმოსილება

და დაფშვნილი შუშით მოფენილ მიწაზე

ბოწეულის ხე ამოსკდება,

მას უამრავი ხალხი მიაშურებს,

წვეტიან შუშაზე ისე გაივლიან,

როგორც დაპენტილ ბამბაზე,

რადგან მარტივი და ძლიერი

ანდამატი ძევს ალისფერში…

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close