მოთხრობასაბავშვოზღაპარიოსკარ უაილდიPdf

ოსკარ უაილდი – ბედნიერი უფლისწული

ქალაქის ზემოთ, ერთ მაღალ სვეტზე ბედნიერი უფლისწულის ქანდაკება იდგა. იგი დაფარული იყო ბაჯაღლო ოქროს თხელი ფირფიტებით, თვალების მაგიერ ორი ელვარე საფირონი ჰქონდა ჩასმული და ხმლის ვადაში დიდი წითელი ლალი კიაფობდა. ქანდაკება, მართლაც, ყველას მოსწონდა.
– აფქიოსავით ლამაზია, – შენიშნა ქალაქის საბჭოს ერთმა წევრმა, რომელსაც გულით უნდოდა მასზე ეთქვათ, არტისტული გემოვნების პატრონიაო. – მხოლოდ ესაა, იმდენად სასარგებლო არ არის, – უმალვე დაუმატა შეშინებულმა, ვინმემ არ დამწამოს არაპრაქტიკული ყოფილაო.
– რატომ ბედნიერი უფლისწულივით არ იქცევი? – ეკითხებოდა გონიერი დედა თავის ბიჭუნას, რიმელიც ცუდუბრალოდ ჭირვეულობდა და ტიროდა. – ბედნიერი უფლისწული ხომ თავის დღეში არ ტირის.
– კიდევ კარგი, ამქვეყნად ერთი ვინმე მაინც არის ბედნიერი, – ჩაილაპარაკა ცხოვრებაზე გულაყრილმა კაცმა, როცა ამ მშვენიერ ქანდაკებას შეხედა.
– ნამდვილი ანგელოზივით გამოიყურება, – თქვეს საქველმოქმედო სკოლის ბავშვებმა, რომლებიც ამ დროს ღია წითელი მოსასხამებითა და თეთრი წინსაფრებით მორთულნი საკათედრო ტაძრიდან გამოვიდნენ.
– საიდან იცით? – ჰკითხა მათ მათემატიკის მასწავლებელმა, – როდის გინახავთ ანგელოზი?
– აჰ, როგორ არა, სიზმრად გვინახავს, – უპასუხეს პატარებმა. მათემატიკის მასწავლებელმა შუბლი შეიკრა და მკაცრად გადახედა ბავშვებს, რადგან არ მოეწონა, რომ ისინი ძილში სიზმრებს ხედავდნენ. ერთ ღამეს, ქალაქში პატარა მერცხალი მოფრინდა. მისი მეგობრები ექვსი კვირის წინ გაუდგნენ ეგვიპტის გზას, ის ჩამორჩა, რადგან ულამაზეს ლერწამს გაუმიჯნურდა. მერცხალი ლერწამს ადრე გაზაფხულზე შეხვდა, აი, მაშინ, მდინარის პირას დიდ ყვითელ ფარვანას რომ მისდევდა დასაჭერად, და ისე მოიხიბლა მისი საროს ტანით, რომ საუბარი გაუბა.
– შეგიყვარო? – ჩვეულებისამებრ, პარდაპირ საქმეზე გადავიდა მერცხალი. ლერწამმა მდაბლად დაუკრა თავი. ამის შემდეგ მერცხალი არ მოშორებია ლერწამს, სულ თავს დასტრიალებდა და მისი ფრთების შეხებისაგან წყალზე ვერცხლისფერი ჭავლი ციმციმებდა. ასე უხსნიდა მერცხალი სიყვარულს ლერწამს და ასე გრძელდებოდა ეს სიყვარული მთელ ზაფსულს.
– მაგ გრძნობისა ვერაფერი გაგვიგია, – ჟღურტულებდნენ სხვა მერცხლები. – ლერწამს სულ არა აქვს ფული, და თანაც უამრავი ნათესავი ჰყავს. – და მართლაც მდინარე სავსე იყო ლერწმებით. მერე როცა შემოდგომა დადგა, მერცხლები გაფრინდნენ. მათი წასვლის შემდეგ მერცხალმა მარტოობა იგრძნო. სატრფომაც თავი მოაბეზრა. „სულ არ შეუძლია საუბარი, – თქვა მან. – თანცოტა კოკობზიკაც უნდა იყოს, მუდამ ქარს ეკეკლუცება“. მართლაც, დაუბერავდა თუ არა ქარი, ლერწამი მაშინვე წელში კოპწიად შეირხეოდა ხოლმე. „უდავოდ, დიდი ოჯახის მოყვარული ქალი ჩანს“, – განაგრძო მერცხალმა. – მაგრამ მე მოგზაურობა მიყვარს, მაშასადამე ჩემს ცოლსაც მოგზაურობა უნდა უყვარდეს“.
– წამოხვალ ჩემთან ერთად? – გადაჭრით შეეკითხა მერცხალი ლერწამს. მაგრამ ლერწამს ისე უყვარდა თავისი კერა, რომ უარის ნიშნად თავი გაიქნია.
– მაშ გამოდის, რომ აქამდე მეთამაშებოდი? მშვიდობით, მე პირამიდებისკენ მივდივარ. -შესძახა მერცხალმა და გაფრინდა.
მთელი დღე მიფრინავდა მერცხალი და ღამით ამ ქალაქს მოაღწია. „სად გავჩერდე? იმედი მაქვს, ქალაქი მზადაა ჩემს დასახვედრად“, – თქვა მან და უცბად მაღალ სვეტზე შემდგარი ქანდაკება შეამჩნია.
– აქ გავჩერდები. მშვენიერი ადგილია, სუფთა ჰაერიც ბევრია, – წამოიძახა მან და ბედნიერი უფლისწულის ფეხქვეშ მოიკალათა. – მე ოქროს საწოლი მქონია, – თქვა მერცხალმა ხმადაბლა და ირგვლივ მიმოიხედა. შემდეგ დასაძინებლად მოემზადა და, ის იყო, ფრთის ქვეშ თავი ამოსდო, რომ ზედ წყლის დიდი წვეთი დაეცა. – გასაოცარია! – წამოიძახა მერცხალმა, – ცაში ერთი ღრუბელი არ არის, ვარსკვლავებს კაშკაში გააქვთ და მაინც წვიმს. ჩრდილოეთ ევროპაში პირდაპირ საშინელი ჰავაა. ლერწამს კი უყვარდა წვიმა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ დიდი თავკერძა ვინმე ბრძანდებოდა. მალე მეორე წვეთი ჩამოვარდა.
– რის მაქნისია ქანდაკება, თუკი წვიმისგან ვერ დაგიფარავს. ერთი კარგი საკვამური მოვძებნო ისა სჯობია, – თქვა მერცხალმა და გაფრენა დააპირა, მაგრამ სანამ ფრთებს გაშლიდა, მესამე წვეთიც დაეცა. მერცხალმა ზევით აიხედა და დაინახა – იცით, რა დაინახა?
ბედნიერ უფლისწულს თვალები ცრემლით ავსებოდა და ოქროს ღაწვემზე ღაპაღუპით სცვიოდა. მთვარის შუქზე ისეთი მშვენიერი სანახავი იყო, რომ პატარა მერცხალს გული სიბრალულით აევსო.
– ვინა ხარ? – შეეკითხა მერცხალი.
– მე ბედნიერი უფლისწული ვარ.
– მაშ, რაღა გატირებს? – გაიკვირვა მერცხალმა. – სულ ერთიან დამასველე.
– როცა მე ცოცხალი ვიყავი და ადამიანის გული მქონდა, – უპასუხა უფლისწულმა, – ცრემლი რა იყო, არ ვიცოდი. ვცხოვრობდი სანსუსის სასახლეში, სადაც მწუხარებას შემოსვლის ნება არა ჰქონდა: დღისით ჩემს მეგობრებთან ერთად ბაღში ვერთობოდი, საღამოობით კი ცეკვას ვმართავდი დიდ დარბაზში. ბაღს ირგვლივ მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული. ჩემ გარშემო ისე თვალწარმტაცი იყო ყველაფერი, რომ არასოდეს მიკითხავს, რა იყო ამ გალავანს იქით. ჩემი კარისკაცები ბედნიერ უფლისწულს მიწოდებდნენ და მართლაც ბედნაერი ვიყავი, თუ განცხრომას ბედნიერება ჰქვია. ასე ვცხოვრობდი და ასე მოვკვდი. ახლა კი უსულო, აქ, ამ სიმაღლეზე შემაყენეს, რათა უკეთ დავინახო ჩემი ქალაქის სიმახინჯე და საცოდაობა. და თუმცა გული ტყვიისა მაქვს, რაღა დამრჩენია ტირილის გარდა.
– როგორ, განა გულიც ოქროსი არა აქვს? – ჩაილაპარაკა მერცხალმა თავისთვის, რადგან ის ერთობ ზრდილი გახლდათ. და არ შეეძლო ასეთი რამ ხმამაღლა ეთქვა.
– აი, იქ, შორს, პატარა ქუჩაში, – განაგრძო უფლისწულმა დაბალი, საამური ხმით, – ერთი ღარიბი სახლი დგას. სარკმელი ღიაა და მე ვხედავ ქალს, რომელიც მაგიდას უზის. მას გამხდარი დაღლილი სახე და ნემსით დაჩხვლეტილი უხეში, წითელი თითები აქვს. ქალი მკერავია. ის ვარდებს ქარგავს ატლასის კაბაზე, რომელიც დედოფლის სეფექალთაგან ულამაზესმა უნდა ჩაიცვას მომავალ მეჯლისზე. ოთახის კუთხეში, ლოგინში მისი პატარა ავადმყოფი ბიჭუნა წევს. ბიჭუნას ციებ-ცხელება სჭირს და ფორთოხალს თხოულობს;
დედამისს კი მდინარის წყლის გარდა არაფერი გააჩნია და ბავშვი ტირის. მერცხალო, მერცხალო, პატარა მერცხალო, ხომ არ მიუტან იმ მკერავს ჩემი ხმლის ვადის ლალს? მე ფეხები მიკრული მაქვს კვარცხლბეკზე და განძრევა არ შემიძლია.
– მე რომ ეგვიპტეში მელოდებიან? – თქვა მერცხალმა. – ჩემი მეგობრები ნილოსის ნაპირებზე დაფრენენ და დიდი ლოტოსის ყვავილებთან საუბარი აქვთ გამართული. ისინი მალე დაიძინებენ დიდი მეფის აკლდამაში. წამლეულობით შემურული მეფეც იქვე წევს მოხატულ კუბოში. ყვითელ საბურველში გახვეულს კისერზე მოლისფერი ნეფრიტის ჯაჭვი აქვს შემოვლებული და ხელები დამჭკნარ ფოთლებს მიუგავს.
– მერცხალო, მერცხალო, პატარა მერცხალო, – თქვა უფლისწულმა. – დარჩი ჩემთან ერთ ღამეს და შიკრიკობა გამიწიე. ბიჭუნას ისე წყურია და დედამისი ისე წუხს.
– მე ბიჭები სულაც არ მომწონს, – უპასუხა მერცხალმა. – შარშან ზაფხულს, მდინარის პირას რომ ვისვენებდი, იქ ორი გაუზრდელი ბიჭი ცხოვრობდა – მეწისქვილის ვაჟები – სულ ქვებს მესროდნენ. მართალია, ერთხელაც ვერ მომახვედრეს, ჩვენ, მერცხლები საკმაოდ სწრაფად დავფრინავთ და, თანაც ჩემი ოჯახი განთქმულია თავისი სიმარდით, მაგრამ ეს მაინც უპატივცემულობის ნიშანია.
მაგრამ ბედნიერი უფლისწული ისე სევდიანად შესცქეროდა პატარა მერცხალს, რომ ჩიტს გული ეტკინა.
– აქ ძლიერ ცივა, – თქვა მან, – მაგრამ, რა გაეწყობა. ერთ ღამეს დავრჩები და შიკრიკობას გაგიწევ.
– გმადლობ, პატარა მერცხალო, – თქვა უფლისწულმა.
პატარა მერცხალმა უფლისწულს ხმლიდან ლალი ამოაძრო, ნისკარტში დაიჭირა და ქალაქისაკენ გაფრინდა. გზად ჩაუარა საკათედრო ტაძრის კოშკს, რომელსაც თეთრი მარმარილოს ანგელოზები ამკობდა. ჩაუარა სასახლეს, საიდანაც მუსიკის ხმა მოესმა. აივანზე ერთი ბანოვანი გამოსულიყო თავის მიჯნურთან ერთად.
– რა საოცარი ვარსკვლავებია, – უთხრა ყმაწვილმა ქალს, – და რა საოცარია სიყვარულის ძალა.
– იმედი მაქვს, კაბას მომისწრებენ მეჯლისისთვის, – უპასუხა ამაზე ქალმა. – მე მინდა, რომ ზედ ვარდები ამომიქარგონ. მაგრამ მკერავები ისეთი ზარმაცები არიან. შემდეგ მერცხალმა მდინარეს გადაუარა და დაინახა, რომ გემების ანძებზე ფარნები ჩამოეკიდათ; ებრაელთ უბანს გადაუარა და დაინახა მოხუცი ებრაელები, რომლებიც ერთ ყიდვა-გაყიდვაში იყვნენ და ფულს სპილენძის სასწორზე სწონიდნენ; ბოლოს იმ ღარიბ სახლთანაც მიფრინდა და შიგ შეიხედა. ციებ-ცხელებით შეპყრობილი ბავშვი ლოგინზე მოუსვენრად ბორგავდა, დედას ჩასძინებოდა. მერცხალი ოთახში შეფრინდა და ლალი მაგიდაზე, სათითურის გვერდით დადო. შემდეგ ნელა შემოუარა საწოლს და ფრთებით ბავშვს შუბლი გაუგრილა.
– როგორ გავგრილდი, ალბათ მალე მოვრჩები, – თქვა ბავშვმა და ტკბილ ბურანში გაეხვია. მაშინ მერცხალი ბედნიერ უფლისწულთან დაბრუნდა და უამბო, რაც გააკეთა.
– რა უცნაურია, – დაუმატა მან, – თითქოს დამთბა კიდეც, ნამდვილად კი ასე ცივა.
– ეს იმიტომ, რომ კეთილი საქმე გააკეთე, – უთხრა უფლისწულმა. პატარა მერცხალი ჩაფიქრდა და ცოტა ხნის შემდეგ ჩაეძინა. ფიქრი ყოველთვის ძილსა ჰგვრიდა ხოლმე. ინათა თუ არა, მერცხალი მდინარესთან მიფრინდა და იბანავა.
– რა ღირსშესანიშნავი მოვლენაა, – თქვა ორნიტოლოგიის პროფესორმა, რომელიც ამ დროს იქვე ხიდზე მიდიოდა – მერცხალი ზამთარში – ამის შესახებ პროფესორმა ადგილობრივ გაზეთში დიდი წერილიც მოათავსა. ამ წერილში მრავალი სიტყვა იყო ისეთი, რომლის მნიშვნელობა ხალხს არ ესმოდა, ამიტომ ყველა ზეპირად იმეორებდა წერილის ადგილებს.
– ამაღამ ეგვიპტეში მივფრინავ, – თქვა მერცხალმა და გული სიხარულით აევსო. მან მოინახულა ქალაქის ყველა ძეგლი, დიდხანს იჯდა ეკლესიის სამრეკლოზეც. საითაც კი წავიდა, ბეღურებმა მის დანახვაზე ერთი ჟივილ-ხივილი ასტეხეს:
– შეხედეთ, რა გამოჩენილი უცხოელია. მერცხალს ეს ძალიან ართობდა.
როდესაც მთვარე ამოვიდა, მერცხალი მიფრინდა ბედნიერ უფლისწულთან და დაუძახა:
– ხომ არაფერს დამაბარებ ეგვიპტეში? მე უკვე მივფრინავ.
– მერცხალო, მერცხალო, პატარა მერცხალო, – თქვა უფლისწულმა. – დარჩი ჩემთან კიდევ ერთ
ღამეს.
– ეგვიპტეში რომ მელოდებიან – უპასუხა . მერცხალმა. – ხვალ ჩემი მეგობრები მეორე ჩანჩქერისაკენ გასწევენ. იქ, ლელიანში ჰიპოპოტამიაა განაბული და დიდი გრანიტის ტახტზე ღმერთი მემნონი ზის. მთელი ღამე უთვალთვალებს იგი ვარსკვლავებს და, როცა ცისკრის ვარსკვლავი ამოსხივდება, ღმერთს ერთი სიხარულის ყიჟინა აღმოხდება ხოლმე და მერე გაჩუმდება. შუადღისას ყვითელი ლომები წყლის დასალევად ჩამოდიან მდინარის პირზე.
მათ თვალები მწვანე ბივრილივით უელავთ და ჩანჩქერზე უფრო ხმამაღლა ღრიალებენ.
– მერცხალო, მერცხალო, პატარა მერცხალო, – თქვა უფლისწულმა. – შორს, ქალაქის ბოლოს,  ერთი სახლის სხვენზე მე ვხედავ ყმაწვილ კაცს. იგი ქაღალდებით სავსე მაგიდას დაყრდნობია, გვერდით, ჭიქაში დამჭკნარი იის თაიგული უდევს. ყმაწვილს წაბლისფერი, ხუჭუჭი თმა და მეოცნებე ფართო თვალები აქვს, ტუჩები ბროწეულივით დასწითლებია. ყმაწვილი ცდილობს თეატრის დირექტორს პიესა დაუმთავროს, მაგრამ სცივა და ვერ წერს. ბუხარში ცეცხლი ჩამქრალა და ყმაწვილი შიმშილმა დაასუსტა.
– ერთ ღამეს კიდევ დავრჩები შენთან, – დასთანხმდა მერცხალი, რომელსაც, მართლაც, ჩვილი გული ჰქონდა, – მეორე ლალი ამ ყმაწვილს წავუღო?
– ვაი, რომ მეტი ლალი აღარა მაქვს, – უთხრა მერცხალს უფლისწულმა. – თვალების მეტი არაფერი დამრჩა. ისინი ფასდაუდებელი საფირონისა არიან; ეს საფირონები ინდოეთიდან ჩამოიტანეს ათასი წლის წინ. ამომთხარე ცალი თვალი და იმ ყმაწვილ კაცს მიუტანე. საფირონს ის ოქრომჭედელს მიჰყიდის და იმ ფულით შეშას შეიძენს და პიესასაც დაამთავრებს.
– ძვირფასო უფლისწულო, ამას ვერ ვიზამ, – თქვა მერცხალმა და ატირდა.
– მერცხალო, მერცხალო, პატარა მერცხალო, – თქვა უფლისწულმა, – მოიქეც ისე, როგორც გიბრძანებ. მერცხალმა ამოსთხარა უფლისწულს ცალი თვალი და სტუდენტის სხვენისკენ გაფრინდა. იქ შესვლა ძალიან ადვილი გახლდათ. ჭერი ერთ ადგილას გამონგრეული იყო და მერცხალი ამ ნახვრეტიდან შეფრინდა. ყმაწვილ კაცს თავი ხელებში ჩაერგო და ჩიტის ფრთების ფრთხიალი არ გაუგონია. მხოლოდ, მერე, როცა აიხედა, დამჭკნარ იებში მშვენიერი საფირონი დაინახა.
– ოჰო, ხალხმა უკვე გაიგო ჩემი ფასი, – წამოიძახა მან. – ეს საფირონი უთუოდ რომელიმე დიდმა თაყვანისმცემელმა გამომიგზავნა. ახლა კი დავამთავრებ ჩემს პიესას, – და მას სახეზე ბედნიერება გამოეხატა.
მესამე დღეს მერცხალი ნავსადგურში მიფრინდა და იქ დიდი გემის ანძაზე ჩამოჯდა.
მეზღვაურები ტრიუმებიდან დიდ ყუთებს ეზიდებოდნენ და ყოველი ყუთის გამოჩენაზე ერთმანეთს უყვიროდნენ:
– აბა, მარჯვედ!
– მე ეგვიპტეში მივდივარ, – გასძახა მერცხალმა, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
როდესაც მთვარე ამოვიდა, მერცხალი ბედნიერ უფლისწულთან მიფრინდა.
– გამოსამშვიდობებლად მოვედი, – დაუძახა მან უფლისწულს.
– მერცხალო, მერცხალო, პატარა მერცხალო,- თქვა უფლისწულმა. – დარჩი ჩემთან კიდევ ერთ ღამეს.
– – ახლა ზამთარია, – უპასუხა მერცხალმა, მალე თოვლიც მოვა. ეგვიპტეში კი მწვანე პალმებში მზე ისე თბილია, ნიანგები ტალახში ნებივრობენ და აქეთ-იქით ზანტად იყურებიან. ჩემი მეგობრები ბაალბეკის ტაძარში ბუდეს იკეთებენ; მათ საქმიანობას თეთრი და ვარდისფერი მტრედები შესცქერიან და ერთმანეთს შეჰღუღუნებენ. ძვირფასო უფლისწულო, უნდა დაგტოვო; მაგრამ არასოდეს დაგივიწყებ: შემდეგ გაზაფხულზე ორ ძვირფას ქვას მოგიტან, იმის სანაცვლოდ, რაც შენ გაეცი, წითელ ვარდზე უწითლეს ლალს ჩამოგიტან და დიდ ზღვასავით ლურჯ საფირონს.
– ქვემოთ, მოედანზე, – თქვა ბედნიერმა უფლისწულმა, – პატარა გოგონა ასანთს ჰყიდის.
გოგონას კოლოფი თხრილში ჩავარდნია და ასანთი მთლად გაფუჭებია. გოგონა ტირის, რადგან თუ შინ ფული არ მიიტანა, მამა სცემს. მას ფეხსაცმელი არ აცვია, არც წინდები აქვს და თავშიშველია. ამომთხარე მეორე თვალი და მიუტანე იმ გოგონას. მაშინ მას მამა აღარ გალახავს.
– ერთი ღამე კიდევ დავრჩები შენთან, – თქვა მერცხალმა. – მაგრამ თვალს ვერ ამოგთხრი, მაშინ ხომ სულ დაბრმავდები.
– მერცხალო, მერცხალო, პატარა მერცხალო, – თქვა უფლისწულმა. – მოიქეც ისე, როგორც გიბრძანებ.
მერცხალმა უფლისწულს მეორე თვალიც ამოსთხარა და ქალაქისკენ ისარივით დაეშვა; იქ გიგონას გვერდით ჩაუქროლა და საფირონი ხელისგულში ჩაუცურა.
– რა ლამაზი შუშის ნაჭერია – წამოიძახა პატარა გოგონამ და აკისკისებული შინისკენ გაიქცა. მერცხალი მიბრუნდა ისევ უფლისწულთან და უთხრა:
– ახლა შენ ბრმა ხარ და თავს ვერ დაგანებებ.
– არა, პატარა მერცხალო, – თქვა საბრალო უფლისწულმა. – შენ ეგვიპტეში უნდა გაფრინდე-. მე შენ არ მოგშორდები. – უთხრა მერცხალმა და მის ფერხთით დაიძინა.
მეორე დღეს მერცხალმა უფლისწულის მხარბზე გაატარა. მთელი დღე უყვებოდა უცნობ ქვეყნებში ნახულს. ის ჰყვებოდა ამბავს წითელი ყაჯირებისა, რომლებიც ნილოსის ნაპირებთან ჩამწკრივებულან და ნისკარტით ოქროს თევზებს იჭერენ; სფინქსისა, რომელიც დედამიწასავით ძველია, უდაბნოში ცხოვრობს და ყველაფერი იცის; სოვდაგრებისა, რომლებიც ქარვის კრიალოსანს მარცვლავენ ხოლმე და დინჯად მიჰყვებიან აქლემთა
ქარავნებს; მთავარის მთების მეფისა, რომელიც აბანოზივით გაშავებულა და თაყვანსა ცემს დიდ ბროლს; დიდი მწვანე გველისა, რომელიც პალმის შტოებში ბინადრობს და რომელსაც ოცი ქურუმი თაფლის ნამცხვართ კვებავს; ქონდრის კაცებისა, რომლებიც უზარმაზარ ფოთლებზე შემსხდარნი დიდ ტბაზე დაცურავენ და ერთთავად ეომებიან პეპლებს.
– ძვირფასო, პატარა მერცხალო, – თქვა უფლისწულმა, – საკვირველ ამბებს მიამბობ. მაგრამ ყველაზე საკვირველი მაინც ადამიანთა გაჭირვებაა. ამქვეყნად გაჭირვებაზე უფრო დიდი იდუმალება არ არსებობს… გაფრინდი ქალაქში, პატარა მერცხალო, და რასაც იქ ნახავ, ის მიამბე.
მერცხალი გაფრინდა ქალაქში და ნახა, რომ მშვენიერ სახლებში მდიდრები ილხენდნენ, მათხოვრები კი ჭიშკართან ისხდნენ. მერცხალმა ახლა ბნელი ქუჩებისაკენ გაუხვია და დაინახა შიმშილისაგან ფერმიხდილი ბავშვები, რომლებიც ბნელ ქუჩას მოუსვენრად გაჰყურებდნენ. ხიდის თაღქვეშ ორი პატარა ბიჭი ერთმანეთს ჩაჰკვროდა, იქნებ როგორმე გავთბეთო.
– როგორ გვშია, – კვნესოდნენ ისინი.
– ვინ მოგცათ აქ წოლის უფლება: – დაუყვირა მათ ღამის დარაჯმა და ბავშვები წვიმაში გამორეკა.
მაშინ მერცხალი უკან გამობრუნდა და, რაც ნახა, ყველაფერი უფლისწულს უამბო.
– მე ბაჯაღლო ოქროს ფირფიტებით ვარ დაფარული, – თქვა უფლისწულმა, – ამაძრე სათითაოდ და ღარიბებს დაურიგე. ცოცხლებს მუდამ ჰგონიათ, რომ ოქრო მათ ბედნიერებას მიანიჭებს.
სულ სათითაოდ ააცალა მერცხალმა ქანდაკებას ოქროს ფირფიტები, სანამ საცოდავ უფლისწულს ნაცრისფერი არ დაედო. სულ სათითაოდ ჩამოურიგა მერცხალმა ოქროები ღარიბებს: ბავშვებს სახე აუვარდისფერდათ.
– ჩვენ ახლა პური გვაქვს, – გაიძახოდნენ ისინი და ერთი სიცილ-ხარხარი ჰქონდათ ქუჩებში.
ამასობაში თოვლიც მოვიდა, თოვლს ყინვა მოჰყვა. ქუჩები ისე ააბრჭყვიალა ყინვამ, თითქოს ვერცხლით მოუჭედიათო. ყინულის გრძელი ლოლუები ბროლის მახვილივით ეკიდა სახურავზე. ყველა ქურქში გახვეულიყო: პატარა ბიჭებს წითელი ქუდები დაეხურათ და ციგურებით ყინულზე დასრიალებდნენ.
საწყალ მერცხალს სულ უფრო და უფრო შეუტია სიცივემ, მაგრამ უფლისწულს თავს მაინც არ ანებებდა, მეტისმეტად უყვარდა იგი. ხაბაზს რომ სადმე გაიგულებდა, მიფრინდებოდა სახაბაზოსთან და იქ დაყრილ ნამცეცებს ჰკენკავდა, თან ფრთას ფრთაზე უფათქუნებდა გასათბობად.
ბოლოს მერცხალმა იგრძნო, რომ მისი აღსასრული მოახლოვდა. უფლისწულის მხარზე ძლივძლივობით აფრინდა და ყურში ჩასჩურჩულა:
– მშვიდობით, ძვირფასო უფლისწულო, ნებას მომცემ, რომ ხელზე გეამბორო?
– როგორ მიხარია, რომ ეგვიპტეში მიდიხარ, – თქვა უფლისწულმა. – შენ აქ ისედაც დიდხანს დარჩი. მხოლოდ ხელზე კი არა, ტუჩებში მაკოცე, რადგან მე შენ მიყვარხარ.
– ეგვიპტეში არ მივდივარ, – თქვა მერცხალმა, – სიკვდილის სამყოფელში მივდივარ. განა სიკვდილი ძილის ძმა არ არის? – და მერცხალმა ბედნიერ უფლისწულს ტუჩებში აკოცა და მის ფერხთით უსულოდ დაეცა. ამ დროს, ქანდაკების შიგნით უცნაური ჭახანი გაისმა, თითქოს რაღაც გატყდაო. მოხდა კი ის, რომ ქანდაკებას ტყვიის გული ორად გაეპო. მართლაც, საშინლად ყინავდა მაშინ.
მეორე დილით, ადრე ქალაქის თავი საბჭოს წევრებთან ერთად ბაღში სასეირნოდ გამოვიდა. როდესაც სვეტს ჩაუარეს, ქალაქის თავმა ქანდაკებას ახედა და წამოიძახა:
– ღმერთო ჩემო! რა საცოდავად გამოიყურება ბედნიერი უფლისწული!
– მართლაც, რა საცოდავად გამოიყურება, – ერთხმად წამოიძახეს საბჭოს წევრებმა, რომლებიც ყველაფერში ეთანხმებოდნენ ქალაქის თავს: ყველანი ქანდაკების სანახავად ავიდნენ.
– ლალი ხმლიდან ამოვარდნილა, თვალებიც დაჰკარგვია, ოქროც აღარსადა ჩანს, – თქვა ქალაქის თავმა. – მთლად მათხოვარს დამსგავსებია!
– მთლად მათხოვარს დამსგავსებია, – კვერი დაუკრეს საბჭოს წევრებმა.
– ფერხთით კი, შეხედეთ, მკვდარი ჩიტი უგდია, – განაგრძო ქალაქის თავმა, – ოფიციალურად უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩიტებს აქ სიკვდილის უფლება არა აქვთ. – საბჭოს წევრებმა უბის წიგნაკში ჩაინიშნეს ეს მითითება.
ბედნიერი უფლისწულის ქანდაკება ჩამოხსნეს.
– ვინაიდან ეს ქანდაკება ლამაზი აღარ არის, მას არც სარგებლობის მოტანა შეუძლია, – განაცხადა უნივერსიტეტში ხელოვნების პროფესორმა. ამის მერე ქანდაკება ქურაში გადაადნეს და ქალაქის თავმა მუნიციპალიტეტი მაშინვე სათათბიროდ მოიწვია, როგორ გამოვიყენოთ დარჩენილი ლითონიო.
– რა თქმა უნდა, ჩვენ მეორე ქანდაკება უნდა ჩამოვასხათ, – თქვა მან, – და ეს ჩემი ქანდაკება იქნება.
– ჩემი ქანდაკება იქნება, – თქვეს ცალ-ცალკე საბჭოს წევრებმა და მერე ჩხუბი მოუვიდათ. მე რომ ისინი უკანასკნელად გნახე, ისევ ჩხუბობდნენ.
– რა უცნაურია! – თქვა მუშების ზემდეგმა სამსხმელო საამქროში, – ეს გატეხილი ტყვიის გული არაფრით არ დნება ქურაში. მოდი, გადავაგდოთ. – და გული იქვე ნაგვის გროგაში გადაისროლეს. მკვდარი მერცხალიც იქვე ეგდო.
– ორი, ყველაზე ძვირფასი რამ მომართვით ქალაქიდან, – უბრძანა უფალმა თავის ანგელოზებს. ანგელოზებმა მას ტყვიის გული და მკვდარი ჩიტი მოართვეს.
– თქვენი არჩევანი სწორია, – თქვა უფალმა, – რადგან ეს პატარა ფრთოსანი ჩემს სამოთხის ბაღში იგალობებს მარად ჟამს, ხოლო ბედნიერი უფლისწული ხოტბას შემასხამს ჩემს ოქროს ქალაქში.

თარგმანი ინგლისურიდან – ქეთევან კანდელაკი

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close