სხვადასხვა

ქართველი სტუდენტების ეთნიკური სტერეოტიპი

შალვა აბზიანიძე , მედეა დესპოტაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოცემულ კვლევაში შევეცადეთ აგვესახა ქართველი  ახალგაზრდების აუტო და ეთნიკური სტერეოტიპები  თერთმეტი ეროვნების წარმომადგენლების  მიმართ.  კითხვარი ასახავდა როგორც ამა თუ იმ ეროვნების  სტერეოტიპულ შეფასებებს, ასევე ზოგად ცოდნას ამ  ეროვნებების შესახებ. შედეგებმა საკმაოდ  მრავალფეროვანი სურათი გამოავლინა, თუმცა  გამოიკვეთა საინტერესო ურთიერთგადამფარავი  შეფასებები.

      ეთნიკური სტერეოტიპებისადმი ინტერესი  რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აქტუალური  რჩებოდა. ეს სფერო პრაქტიკულ კვლევათა   დაწყებისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. ეთნიკური სტერეოტიპების ცნება გულისხმობს  სხვადსხვა  ეთნიკური ჯგუფებისათვის დამახასიათებელი  ფიზიკური  და ფსიქოლოგიური  თვისებების  შესახებ  შედარებით მყარი  წარმოდგენების  ფიქსაციას  და  შეიძლება მიმართული  იყოს  რასების,  ეროვნებების,  ერის  შიგნით არსებული  ეთნოლოგიური ჯგუფების  თუ  ეროვნული   უმცირესობის  წარმომადგენლების  მიმართ.  ავტოსტერეოტიპები, ანუ სტერეოტიპები  საკუთარი   ეთნიკური ჯგუფის მიმართ უმთავრესად დადებით  შეფასებათა ერთობლიობას წარმოადგენს. საკუთარი   ეთნიკური ჯგუფი ფასდება როგორც გონიერი,  შრომისმოყვარე, მამაცი  და  სხვა ღირსებებით   დაჯილდოვებული.  რაც შეეხება

ჰეტეროსტერეოტიპებს, ანუ სტერეოტიპებს სხვა  ეთნიკური ჯგუფების მიმართ, ისინი შეიძლება  დადებითიც იყოს და უარყოფითიც, რაც  დამოკიდებულია მოცემულ ჯგუფსა და შემფასებელ  ჯგუფს შორის არსებულ ურთიერთობაზე, აწმყოსა  და  წარსულში  და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ  ინფორმაციაზე, განურჩევლად მისი ობიექტურობისა   და  რეალურობისა.  სხვადასხვა ჯგუფების

წარმომადგენლების ურთიერთობისას ხშირად  სტერეოტიპები ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს  წარმოადგენენ.

        სტერეოტიპების კვლევისას ძირითადი  პრობლემაა მათი ვალიდობა.  მათი უმრავლესობა  ზოგა-დი,  გამარტივებული  და  ზედაპირულია  და   ზუსტად  არ  ასახავს  ობიექტურ  რეალობას. ზოგი  ავტორი თვლის, რომ სტერეოტიპები ნაკლებად  შეესაბამებიან ფაქტებს და უმეტესწილად შეიცავენ  მცდარ  შეხედულებებს. თუმცა  მიუხედავად  მათი   შეზღუდულობისა ისინი  მაინც  ასახავენ კულ-ტურის   ზოგიერთ  რეალურ  მახასიათებლებს,  ხოლო კემობელი თვლის,  რომ სტერეოტიპები რეა-ლობის  ადექვატურია  თუ  აუტო  და ჰეტეროსტერეოტიპები ერთმანეთს ემთხვევა.  ჯგუფთან უშუ-ალო  კონტაქტი  მნიშვნელოვნად   ზრდის სტერეოტიპების ვალიდობას. სტერეოტიპების  სიახლოვე რეალობასთან დამოკიდებულია მათი  განმსაზღვრელი ფაქტორების  ურთიერთდამოკიდებულებაზე. ჰარდინგი,  პროშანსკი,   კატნერი  და  ჩეინი  სტერეოტიპებს  განიხილავენ ეთნიკური ატიტუდების კოგნიტურ კომპონენტებად  და  გამოყოფენ მათი  დეტერმინანტების  სამ კლასს:

1)  შესაფასებელი ჯგუფის  ობიექტური  მახასიათებლები;

2) შემფასებელ  და  შესაფასებელ ჯგუფებს შორის არსებული  მეგობრული  თუ  მტრული  ურთიერთობები;

3) შესაფასებელი ჯგუფის წევრების ინდივიდუალური  მახასიათებლები.  ბიუკანენი

მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად ქვეყნებს შორის  არსე-ბულ  პოლიტიკურ  მდგომარეობას  ასახელებს,   სტერეოტიპები კი  მისი  აზრით  მეგობრული  და  მტრული  გრძნობების  მანიფესტაცია უფროა ვიდრე  ობიექტური აღწერა. მნიშვნელოვანმა პოლი-ტიკურმა   მოვლენებმა  შესაძლოა  დროის  მცირე  მონაკვეთში  რადიკალური ცვლილებები გამოი-წვიონ   სტერეოტიპებში.  მათ  პოზიტიურობას  ხელს   უწყობს  კულტურის  ცოდნა, უცხო ქვეყნის გაცნობა,  მეგობრების შეძენა, ენის სწავლა. მნიშვნელოვანია  ისიც, თუ როგორ პირობებში მიიღება ინფორმაცია   მეორე  ჯგუფის შესახებ.  ტრაინდისმა  და   ვასილიუმ იკვლიეს ინტერპერსონალური  ურთიერთობების გავლენა სტერეოტიპებზე როდესაც  ერთი ჯგუფი ნაკლებად ავტორიტეტულია ვიდრე  მეორე და გამოყვეს სტერეოტიპების შემდეგი  განზომილებები:

   ჯგუფისადმი მიწერილი თვისებების რაოდენობა და  სირთულე.

   რამდენად არანეიტრალურია მეორე ჯგუფისადმი  მიწერილი ღირებულებები და რამდენად ეთანხმებიან  ჯგუფის წევრები ერთმანეთს ამ შეფასებებში.    რამდენად განსაზღვრულიაბსტრაქტულია  მიწერილი თვისებები.

   სტერეოტიპების ვალიდობა, ანუ მათი შესაბამისობა  ჯგუფის რეალურად დამახასიათებელ თვისებებთან.     მიწერილი თვისებების სასურველობა.    რამდენად  ხდება  ჰეტეროსტერეოტიპების  და   აუტოსტერეოტიპების ერთმანეთთან შედა-რება.  თუ A   და B ჯგუფებს  შორის განსხვავება  დიდია, ჩნდება  კონტრასტის ეფექტი,  ჯგუფები  თავს  გაცილებით  უფრო განსხვავებულად აღიქვამენ, და პირიქით, თუ განსხვავება ძალიან მცირეა იგი თითქმის არც  აღიქმება.

   ტრაინდისის  თეორია  გულისხმობს, რომ  ორ  ჯგუფს შორის განსხვავება უმეტეს შემთხვევაში   აისახება   მათ  სტერეოტიპებში,  ხოლო  ჯგუფებს  შორის კონტაქტი  მათ უფრო ვალიდურს  ხდის  და   აახლოვებს  სოციოტიპთან.  ეს  ცვლილება უფრო მეტად არანორმატულ სტერეოტიპებს  მოი-ცავს,   რომლებიც  კონტაქტის  ზრდასთან  ერთად  უფრო   მეტად იძენენ სიცხადეს.  ასეთი  ცვლი-ლებები   ნაკლებად  ეხება ნორმატულ სტერეოტიპებს  და მათ  სიცხადეს. კონტაქტი ასევე  აისახება  აუტოსტერეოტიპებზე და მათ უფრო კონტრასტულს  ხდის, ხოლო  სტერეოტიპები  უფრო რთული და   განსაზღვრული ხდებიან.  ბოლო თუ კონტაქტი ძალიან  მცირეა და  არ არის მოცემული ნორ-მატული   სტერეოტიპები,  ჰეტეროსტერეოტიპები  წმინდა   პრაქტიკულ  ბუნებას იძენენ.  თეორია აგრეთვე  ხაზს  უსვამს,  რომ აუტოსტერეოტიპები უმთავრესად  თვითშეფასების ამაღლებას ემსახუ-რებიან.

   ხშირად აღნიშნავენ, რომ სტერეოტიპებს  ახასიათებს მდგრადობა და რიგიდულობა, ანუ  არსებობენ საკმაოდ დიდხანს და თაობიდან თაობას  გადაეცემიან და როდესაც დგება მათი შეცვლის  აუცილებლობა ისინი მაინც უცვლელი რჩებიან. ასეთ  აუცილებლობას შეიძლება იწვევდეს ახალი  ინფორმაციის მიღება, სუბიექტის მოთხოვნილებების,  მოტივების და ინტერესების შეცვლა ან ჯგუფების  ურთიერთობის ხასიათის შეცვლა. ამასთან  დაკავშირებით ხშირად აღნიშნავენ სტერეოტიპების  დაცვითი მექანიზმების შესახაბ, რაც მდგომარეობს  ინფორმაციის შერჩევით მიღებაში და ემოციურ  მიმართულებაში.

   ეთნიკურ სტერეოტიპს ორი მხარე აქვს: კოგნიტური  და აფექტური. კოგნიტურ ელემენტს განწყობა აძლევს  შინაარსს და მიმართულებას და განსაზღვრავს მის  ინტენსივობას. სტერეოტიპის ჩამოყალიბებას წინ  უსწრებს განწყობის შექმნა, რომლის შინაარსსაც იგი  შემდგომ შეიძენს.

   რაც შეეხება სტერეოტიპის ფუნქციას, ესაა  აზროვნების ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება  არასრულყოფილი იყოს, მაგრამ მათი მნიშვნელობა  მაინც ძალიან დიდია. ისინი ასახავენ სხვადასხვა  ჯგუფებს შორის არსებულ ძალთა ბალანსს და ამ  ჯგუფების წევრების დამოკიდებულებას ამ  ბალანსისადმი. ეს იმაშიც ვლინდება, რომ ძლიერი  ჯგუფის სტერეოტიპები დაქვემდებარებულისადმი  უმეტესწილად ნეგატიურია. დადებითი შეფასება  შეიძლება იყოს “მხიარული, გულკეთილი, მეგობრული”, მაგრამ არა -“ჭკვიანი, შრომისმოყვარე და ა.შ.”, რაც მიუთითებს ძლიერი ჯგუფის დამოკიდებულებაზე, რომ სუსტი მხარის მდგომარეობა სწორედ მათი თვისებებითაა  განპირობებული. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ამ  ჯგუფის წარმომადგენლები მდგომარეობის შეცვლას  ცდილობენ იცვლება ის დადებითი სტერეოტიპებიც,  რომლებიც ადრე არსებობდნენ. როგორც წესი,  დადებითი და უარყოფითი სტერეოტიპები  განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებან.

   ჩვენი კვლევის მიზანი იყო თერთმეტი ეროვნების  მიმართ ეთნიკური სტერეოტიპების გამოვლენა  ქართველ ახალგაზრდებში. ამისთვის შევარჩიეთ ხუთი

პოსტსაბჭოური (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი,  ჩეჩნეთი, ოსეთი), ოთხი დასავლური (ინგლისი,  გერმანია, საფრანგეთი, ამერიკა), და ორი აზიური  (თურქეთი, ისრაელი) ქვეყნის ეროვნებები. ასევე  გვაინტერესებდა აუტოსტერეოტიპების ზოგადი სურათი  იმავე პარამეტრების მიხედვით, რითაც განზრახული  გვქონდა ჰეტეროსტერეოტიპების გამოკვლევა. გარდა  ამისა შევეცადეთ გამოგვევლინა არეკლილი  სტერეოტიპები, ანუ ქართველი ახალგაზრდების  წარმოდგენაში როგორ აღიქვამენ და აფასებენ  მათ  სხვა ეროვნებების წარმომადგენლები. ამას გარდა,  საერთო ფონის შესაქმნელად კითხვარი ასახავდა  ზოგად ცოდნას მოცემული ეროვნებების,  სახელმწიფოების, მათი კულტურის თუ პოლიტიკური  სტატუსის შესახებ, ამ კულტურებთან და მათ  წარმომადგენლებთან არსებული კონტაქტის ხასიათს და სასურველ კონტაქტს მათთან.

 მეთოდი

   ცდის პირები

   ცდის პირები იყვნენ 20-27 წლამდე ახალგაზრდები.  კითხვარი ჩატარდა 100 ცდის პირზე, აქედან 20 იყო  გორის რაიონიდან, დანარჩენი თბილისიდან.

   საზომი

   კითხვარის მიზანი იყო შეძლებისდაგვარად  გამოვლენა იმისა, თუ რა იციან და რა

დამოკიდებულება აქვთ ქართველებს ზემოთ  აღნიშნული ქვეყნებისა და ეროვნებების  წარმომადგენლების მიმართ. რესპოდენტი მიუთითებდა  იყო თუ არა ამ ქვეყნებში და თუ იყო, რამდენ ხანს.  ჰქონდა თუ არა ურთიერთობა ამ ეროვნებების  წარმომადგენლებთან და იცის თუ არა მათი ენა. ასევე  გვაინტერესებდა როგორი იყო მათი ინტერესი ამ  ქვეყნების ისტორიის, კულტურის, მეცნიერების თუ  სპორტისადმი, იცოდნენ თუ არა მეთი სახელმწიფო და  ტერიტორიული მოწყობის შესახებ და ამ ეროვნებების თვილსაჩინო წარმომადგენლების  შესახებ. შემდეგ რესპოდენტები აფასებდნენ ამ  ეროვნებების წარმომადგენლების დამოკიდებულებას  საკუთარი პიროვნებისადმი, ოჯახისადმი, საკუთარი  ქვეყნისადმი, რელიგიისადმი, პოლიტიკისადმი, საქმიანი  საკითხებისადმი, სოციალური საკითხებისადმი, და როგორ იღებენ ისინი გადაწყვეტილებებს. შემდეგ  შვიდ ბალიან შკალაზე მიაკუთვნებდნენ ოცდა ცამეტ  თვისებას. ამის შემდეგ მიუთითებდნენ რამდენად სასურველი იყო მათთვის ამ ეროვნებების  წარმომადგენლებთან, როგორც მეზობლებთან,  მეგობრებთან, ნათესავაბთან თუ ოჯახის წევრებთან  ურთიერთობა, საქმიანი ურთიერთობა და ისურვებდნენ  თუ არა, რომ მათ იცხოვრონ საქართველოში, ან  თვითონ იცხოვრებდნენ თუ არა (დროებით თუ  მუდმივად) ამ ქვეყნებში. გარდა ამისა, რესპოდენტები  მიუთითებდნენ რამდენად მისაღებია მათთვის ამ  ხალხების დამოკიდებულება საკუთარი  პიროვნებისადმი, ქვეყნისადმი, ოჯახისადმი,  რელიგიისადმი, პოლიტიკისადმი, შრომისადმი და სხვა  ეროვნებების წარმომადგენლებისადმი. და ბოლოს  ფასდებოდა თერთმეტივე ეროვნების წარმომადგენლების დამოკიდაბულება ქართველი  ხალხისადმი ისევ ოცდა ცამეტი თვისების მიხედვით.

   შედეგები

   აუტოსტერეოტიპების ანალიზმა აჩვენა, რომ  ქართველები საკუთარ თავს მიიჩნევენ რელიგიურად,  პოლიტიზირებულად, დემოკრატიულად, იდეალისტად,  აგრესიულად, ქაოტურად, ორიენტირებულად საშინაო  პოლიტიკაზე და პირად ინტერესებზე. გარდა ამისა,  თავს თვლიან მფლანგველად, ხოლო სოციალურ  ნორმებს იცავენ მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში.  ასევე გამოიკვეთა, რომ ქართველებისთვის ოჯახი  მნიშვნელოვანია დამასში დომინირებს მამაკაცი,  ხოლო დამოკიდებულება საკუთარი პიროვნებისადმი  გადაჭარბებულად შეაფასეს. რაც შეეხება საკუთარი  ეროვნებისადმი მიწერილ თვისებებს, ესენია:ნიჭიერი,  კეთილი, ემოციუეი, მგრძნობიარე, გულისხმიერი,  ცნობისმოყვარე, ამაყი, მშვიდობიანი, სასიამოვნო,  აღგზნებული, მხიარული, აქტიური, ძლიერი,  მორალური, გულწრფელი, ფიცხი, ზრდილობიანი,  ოპტიმისტი, უხეში.

   გერმანელების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ  ქართველების სტერეოტიპები გერმანელების მიმართ  და მათი არეკლილი სტერეოტიპები მნიშვნელოვნად  ემთხვევა ერთმანეთს. გერმანელების დამოკიდებულება  საკუთარი ოჯახისადმი შეაფასეს როგორც  მნიშვნელოვანი, თუმცა უფრო ნაკლებად ვიდრე ქართველებისთვის,  ასევე მამაკაცის დომინირების ხარისხი გერმანულ

ოჯახში უფრონაკლებად შეფასდა ვიდრე ქართულში.  გარდა ამისა გერმანელები ითვლებიან  პოლიტიზირებულებად, დემოკრატიულებად,  მატერიალისტებად, ორგანიზებულებად,  აგრესიულებად, ორიენტირებულებად საშინაო  პოლიტიკაზე და სახელმწიფოსა და საზოგადოების  ინტერესებზე განსხვავებით ქართველებისგან,

რომლებიც იდეალისტებად და პირად ინტერესებზე  ორიენტირებულებად მიიჩნიეს. ასევე განსხვავებულად  შეაფასეს გერმანელები ფულისადმი, სოციალური  ნორმებისადმი და საქმიანი საკითხებისადმი  დამოკიდებულების მიხედვით. ჩათვალეს, რომ  გერმანელები იცავენ სოციალურ ნორმებს, საქმიან  საკითხებს განიხილავენ საფუძვლიანად, არიან  წინდახედულნი, ანგარიშიანი, ეკონომიური, ხოლო  გადაწყვეტილების მიღებისას ფიქრობენ დიდხანს.

   საბოლოო ჯამში, გერმანელების დამოკიდებულება  საკუთარი პიროვნებისადმი, ოჯახისადმი,  რელიგიისადმი და სხვა ერებისადმი შეფასდა როგორც  ნაწილობრივ მისაღები, ხოლო დამოკიდებულება  საკუთარი ქვეყნისადმი, პოლიტიკისადმი და

შრომისადმი დ როგორც მისაღები. ქართველების  უმრავლესობას არ სურს გერმანელები იყვნენ მათი  ნათესავები, ოჯახის წევრები და ხელმძღვანელები,  მაგრამ თანახმაა ისინი იყვნენ მათი მეგობრები,  მეზობლები, საქმიანი პარტნიორები ან ხელქვეითები.  ასევე უმრავლესობას არ სურს გერმანიაში მუდმივად  ცხოვრება, მაგრამ ისურვებდა დროებით წასვლას.    ასევე ემთხვევა ერთმანეთს ქართველების სტერეოტიპები ფრანგების მიმართ და მათი არეკლილი  სტერეოტიპები. შეფასებების მიხედვით ფრანგებისთვის  ოჯახი მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო ნაკლებად  ვიდრე ქართველებისთვის, და მასში დომინირებს  მამაკაცი. მათი დამოკიდებულება საკუთარი  პიროვნებისადმი არის გადაჭარბებული. მათ უყვართ  საკუთარი ქვეყანა, ხოლო საქმიქნ საკითხებთან  დაკავშირებით არიან წინდახედულნი, ანგარიშიანი და მშვიდი, საკითხებს განიხილავენ საფუძვლიანად და  გადაწყვეტილებას იღებენ სწრაფად. რაც შეეხება  სოციალურ ნორმებს, ფრანგები მათ როგორც წესი არ  იცავენ.

   საბოლოო ჯამში, ქართველებისთვის მისაღებია  ფრანგების დამოკიდებულება საკუთარი  პიროვნებისადმი, ოჯახისადმი, ქვეყნისადმი,  რელიგიისადმი, პოლიტიკისადმი და შრომისადმი,  ხოლო მათი დამოკიდებულება სხვა ერებისადმი ნაწილობრივ მისაღებია.    ქართველების უმრავლესობა თანახმაა ფრანგებმა იცხოვრონ საქართველოში, მათ ქალაქში, იყვნენ მათი  მეზობლები, მეგობრები, საქმიანი პარტნიორები და  ხელქვეითები და სურთ დროებით ცხოვრება  საფრანგეთში. მაგრამ ქართველების არ სურთ  ფრანგები იყვნენ მათი ნათესავები, ოჯახის წევრები  და არ სურთ საფრანგეთში მუდმივად ცხოვრება.     შეფასებების მიხედვით ქართველების  სტერეოტიპები ინგლისელების მიმართ და მათი  არეკლილი სტერეოტიპები უმეტესად ემთხვევა  ერთმანეთს. ინგლისელებისთვის ოჯახი ისევე  მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ხოლო  მამაკაცი ინგლისუროჯახში უფრო ნაკლებად  დომინირებს ვიდრე ქართულში. ქართველებისგან  განსხვავებით დამოკიდებულება საკუთარი  პიროვნებისადმი ობიექტურია. რაც შეეხება  პოლიტიკას, ინგლისელები მიიჩნიეს  პოლიტიზირებულებად, დემოკრატიულებად,  მატერიალისტებად, აგრესიულებად,

ორიენტირებულებად საშინაო პოლიტიკაზე და პირად  ინტერესებზე. ქართველებისგან განსხვავდება მათი  დამოკიდებულება ფულისადმი, ანუ ისინი

ეკონომიურად შეაფასეს, ხოლო სოციალურ ნორმებს  ინგლისელები იცავენ ისევე, როგორც ფრანგები და  გერმანელები. უფრო მსგავსად შეფასდა  ინგლისელების დამოკიდებულება საკუთარი  ქვეყნისადმი, რადგან ჩათვალეს, რომ  მათ უყვართ

საკუთარი ქვეყანა.    საქმისადმი დამოკიდებულებისას ინგლისელები არიან წინდახედულნი, ანგარიშიანი და მშვიდი,  საკითხებს განიხილავენ საფუძვლიანად და  გადაწყვეტილებაზე ფიქრობენ დიდხანს.

საბოლოო ჯამში, ქართველებისთვის მისაღებია  ინგლისელების დამოკიდებულება საკუთარი  პიროვნებისადმი, ოჯახისადმი, ქვეყნისადმი,  რელიგიისადმი, პოლიტიკისადმი, შრომისადმი, ხოლო  მათი დამოკიდებულება სხვა ერებისადმი ნაწილობრივ  მისაღებია. ქართველები თანახმა არიან ინგლისელებმა  იცხოვრონ მათ ქვეყანაში, მათ ქალაქში, იყვნენ მათი  მეზობლები, მეგობრები, საქმიანი პარტნიორები და  ხელქვეითები, მაგრამ არ სურთ ისინი იყვნენ მათი  ნათესავები, ოჯახის წევრები და არ სურთ ინგლისში  მუდმივად ცხოვრება.

   შედარებით მსგავსია ქართველების სტერეოტიპები  ამერიკელების მიმართ და მათი არეკლილი  სტერეოტიპები. შეფასებების მიხედვით მათთვის  ოჯახი მნიშვნელოვანია, ხოლო მამაკაცის  დომინირების ხარისხი უფრო ნაკლებადაა  გამოკვეთილი ვიდრე ქართულ ოჯახში. ამერიკელების  დამოკიდებულება საკუთარი პიროვნებისადმი შეფასდა  როგორც ობიექტური. და ქართველების მსგავსად  ისინი მიიჩნიეს რელიგიურებად.

   პოლიტიკასთან დაკავშირებით ამერიკელები ჩათვალეს პოლიტიზირებულებად, დემოკრატიულებად,  მატერიალისტებად, არააგრესიულებად,  ორგანიზებულად ორიენტირებულებად საშინაო  პოლიტიკაზე და პირად ინტერესებზე. სოციალურ  ნორმებს გარკვეულ სიტუაციებში  იცავენ, უყვართ  საკუთარი ქვეყანა, საქმიანი საკითხების განხილვისას  არიან ემოციურები, წინდახედულნი, ანგარიშიანნი

საკითხს განიხილავენ საფუძვლიანად,  გადაწყვეტილებას იღებენ სწრაფად.

   ამერიკელების დამოკიდებულება საკუთარი  ოჯახისადმი, რელიგიისადმი და სხვა ერებისადმი  ნაწილობრივ მისაღებია, ხოლო დამოკიდებულება  საკუთარი პიროვნებისადმი, ქვეყნისადმი,  პოლიტიკისადმი და შრომისადმი მისაღებია.  ქართველებს ას სურთ ამერიკელები იყვნენ მათი  ოჯახის წევრები და ნათესავები, თუმცა თანახმა  არიან იყვნენ მათი მეგობრები, მეზობლები, საქმიანი  პარტნიორები, ხელმძღვანელები თუ ხელქვეითები.

   ებრაელების სტერეოტიპული შეფასებები და მათი  არეკლილი სტერეოტიპები ნაწილობრივ ემთხვევა  ერთმანეთს. ებრაელებისთვის ოჯახი ისევე  მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისთვის.  ისინიმიიჩნიეს ღრმად მორწმუნეებად, ხოლო მათი  დამოკიდებულება საკუთარი პიროვნებისადმი დ  ობიექტურად. პოლიტიკასთან დაკავშირებით ისინი  დაახასიეთეს როგორც პოლიტიზირებულები,  ორგანიზებულები, მატერიალისტები, არააგრესიულები,  დამოკრატიულები, ორიენტირებულები საშინაო  პოლიტიკაზე და პირად ინტერესებზე. საკუთარ  ქვეყანას ისინი სხვებზე მაღლა აყენებენ და იცავენ  სოციალურ ნორმებს. განსხვავებულია საქმისადმი  დამოკიდებულების შეფასებაც, რადგან ქართველების

აზრით ებრაელები საკითხს განიხილავენ  საფუძვლიანად, არიან წინდახედულნი, მშვიდნი  დაანგარიშიანნი, ხოლო გადაწყვეტილებას იღებენ  სწრაფად.

   საბოლოო ჯამში ნაწილობრივ მისაღებია  ებრაელების დამოკიდებულება პოლიტიკისადმი და სხვა ერებისადმი, მისაღებია მათი დამოკიდებულება  საკუთარი ქვეყნისადმი, ოჯახისადმი, პიროვნებისადმი,  რელიგიისადმი, შრომისადმი. ქართველებს არ სურთ  ებრაელები იყვნენ მათი ნათესავები და ოჯახის  წევრები, ან თვითონ მუდმივად იცხოვრონ ისრაელში,  მაგრამ ისურვებდნენ იქ დროებით ცხოვრებას და თანახმა არიან ებრაელები  იყვნენ მატი მეზობლები, მეგობრები, საქმიანი  პარტნიორები და ხელწვეითები.

   სტერეოტიპები აზერბაიჯანელების მიმართ და მათი  არეკლილი სტერეოტიპები უფრო განსხვავებულია.

შეფასებების მიხედვით აზერბაიჯანელებისთვის ოჯახი მნიშვნელოვანია და მასში გამოკვეთილად დომინირებს  მამაკაცი. მათი დამოკიდებულება საკუთარი  პიროვნებისადმი არის ობიექტური, ისინი  რელიგიურები არიან, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკას,არიან არადამოკრატიულები, მატერიალისტები,  პოლიტიზირებულები, აგრესიულები, ქაოტურები,   ორიენტირებულები საშინაო პოლიტიკაზე და პირად  ინტერესებზე. ისინი იცავენ სოციალურ ნორმებს და სხვებზე მაღლა აყენებენ საკუთარ ქვეყანას. საქმიანი   საკითხების განხილვისას არიან ემოციურები და  გადაწყვეტილებას იღებენ სწრაფად, ამასთან არიან  წინდახედულნი, ანგარიშიანი ეკონომიური და საკითხს  განიხილავენ საფუძვლიანად.     საბოლოო ჯამში ქართველებს არ სურთ  აზერბაიჯანელებმა იცხოვრონ მათ ქალქში,  იყვნენ  მათი მეზობლები, მეგობრები, ნათესავები, ოჯახის   წევრები, ხელმძღვანელები და  თვითონ დროებით თუ  მუდმივად იცხოვრონ აზერბაიჯანში, მაგრამ თანახმა  არიან აზერბაიჯანელები იყვნენ მატი საქმიანი  პარტნიორები.

   სომხების შეფასებებში და მათ არეკლილ  სტერეოტიპებში იყო ბევრი დამთხვევა, თუმცა იყო  საპირისპირო შეფასებებიც. ქართველების მსგავსად  სომხებისთვის ოჯახი მნიშვნელოვანია და მასში  დომინირებს მამაკაცი, არიან რელიგიურები და აქვთ  ობიექტური დამოკიდებულება საკუთარი  პიროვნებისადმი. პოლიტიკასთან მიმართებაში არიან  პოლიტიზირებულები, არადამოკრატიულები,  მატერიალისტები, აგრესიულები, ორგანიზებულები,   ორიენტირებულები საშინაო პოლიტიკაზე და პირად  ინტერესებზე. სოციალურ ნორმებს იცავენ გარკვეულ  სიტუაციებში. საქმიანი საკითხების განხილვისას  არიან წინდახედულები,  ანგარიშიანები,  ემოციურები,  საკითხს განიხილავენ დიდხანს და  გადაწყვეტილებაზეც ფიქრობენ დიდხანს.

    საბოლოო ჯამში ქართველებს არ სურთ სომხებმა იცხოვრონ მათ ქვეყანაში, ქალქში, ან თვითონ  იცხოვრონ სომხეთში დროებით თუ მუდმივად. არ  სურთ ისინი იყვნენ მათი მეზობლები, მეგობრები,  ნათესავები, ოჯახის წევრები, საქმიანი პარტნიორები, ხელმძღვანელები თუ ხელქვეითები.

   ჩეჩნების სტერეოტიპული შეფასებები და  არეკლილი სტერეოტიპები შედარებით მსგავსია.  ერთნაირად შეფასდა დამოკიდებულება ოჯახისადმი:  მათთვის ოჯახი მნიშვნელოვანია და მასში  დომინირებს მამაკაცი. მათი დამოკიდებულება  საკუთარი პიროვნებისადმი ობიექტურია, რაც შეეხება  რელიგიურობას, ისინი უფრო მეტად ფანატიკოსებად  მიიჩნიეს. პოლიტიკასთან მიმართებაში ისინი არიან  პოლიტიზირებულები, აგრესიულები,  არადემოკრატიულები, იდეალისტები,  ორგანიზებულები,   ორიენტირებულები საშინაო  პოლიტიკაზე და საზოგადოების და სახელმწიფოს  ინტერესებზე, საკუთარ ქვეყანას აყენებენ სხვებზე  მაღლა. ხოლო რაც შეეხება სოციალურ ნორმებს,  თანაბარი ხარისხით შეაფასეს რომ ისინი იცავენ ან  არღვევენ მათ. ჩეჩნები საქმიან საკითხებს განიხილავენ  საფუძვლიანად, არიან წინდახედულები, ანგარიშიანები,  ემოციურები და გადაწყვეტილებაზე ფიქრობენ

დიდხანს.

    საბოლოო ჯამში ქართველების უმრავლესობას არ  სურს ჩეჩნებმა იცხოვრონ საქართველოში ან მათ  ქალქში, ან თვითონ იცხოვრონ ჩეჩნეთში იქნება ეს  მუდმივად თუ დროებით. არ სურთ ჩეჩნები  იყვნენ  მათი მეზობლები, მეგობრები, ნათესავები, ოჯახის  წევრები, საქმიანი პარტნიორები, ხელმძღვანელები თუ  ხელქვეითები.

   თურქების სტერეოტიპული შეფასებები და მათი  არეკლილი სტერეოტიპები არსებითად განსხვავებულია.  ქართველების შეფასებით მათთვის ოჯახი ისევე  მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, მაგრამ  კაცი უფრო ნაკლებად დომინირებს ვიდრე ქართულ  ოჯახში. მათი დამოკიდებულება საკუთარი  პიროვნებისადმი ობიექტურია, ხოლო რაც შეეხება  რელიგიურობას, ისინი ღრმად მორწმუნედ მიიჩნიეს.

   პოლიტიკურ საკითხებში თურქები შეაფასეს  როგორც აგრესიულები, ორიენტულები საშინაო  პოლიტიკაზე და პირად ინტერესებზე, ქართველებისგან  განსხვავებით არიან       დემოკრატიულები,  მატერიალისტები, ორგანიზებულები, და არღვევენ  სოციალურ ნორმებს.   მათ  უყვართ საკუთარი  ქვეყანა, ხოლო საქმიანი საკითხების მიმართ არიან  წინდახედულები, ემოციურები, ანგარიშიანები, საკითხს  განიხილავენ საფუძვლიანად და გადაწყვეტილებაზე  ფიქრობენ დიდხანს.

   საბოლოო ჯამში ნაწილობრივ მისაღებია თურქების  დამოკიდებულება საკუთარი პიროვნებისადმი და  ქვეყნისადმი, მიუღებელია მათი დამოკიდებულება  ოჯახისადმი და რელიგიისადმი. ქართველებს არ სურთ თურქებმა იცხოვრონ  საქართველოში და მათ ქალაქში, ან თვითონ დროებით  თუ მუდმივად იცხოვრონ თურქეთში. არ სურთ  თურქები იყვნენ მათი მათი მეზობლები, მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები, საქმიანი პარტნიორები  თუ ხელქვეითები.

   რუსების შეფასებები და არეკლილი სტერეოტიპები  ძირითადად განსხვავდება, ისევე როგორც  დამოკიდებულება ოჯახისადმი: მათთვის ოჯახი  უმნიშვნელოა და მასში დომინირებს ქალი, ხოლო  მათი დამოკიდებულება საკუთარი პიროვნებისადმი  არის გადაჭარბებული. რაც შეეხება რელიგიას, ისინი  მიიჩნიეს რელიგიურებად.

   პოლიტიკასთან მიმართებაში რუსები არიან  პოლიტიზირებულები, აგრესიულები,

არადამოკრატიულები, მატერიალისტები,  ორგანიზებულები,  ორიენტირებულები საგარეო  პოლიტიკაზე და პირად ინტერესებზე. უყვართ  საკუთარი ქვეყანა, ხოლო სოციალურ ნორმებს  არღვევენ. საქმიან საკითხებს განიხილავენ ზოგადად,  არიან წინდახედულები, ანგარიშიანები და  ემოციურები, გადაწყვეტილებას იღებენ სწრაფად.    საბოლოო ჯამში ქართველებისთვის მიუღებელია  რუსების დამოკიდებულება ოჯახისადმი და სხვა  ერებისადმი, ნაწილობრივ მისაღებია მათი

დამოკიდებულება საკუთარი პიროვნებისადმი,  ქვეყნისადმი, რელიგიისადმი, პოლიტიკისადმი და  შრომისადმი. ქართველები თანახმა არიან რუსები  იყვნენ მათი მეგობრები, საქმიანი პარტნიორები და ხელქვეითები და თვითონ დროებით იცხოვრონ  რუსეთში, მაგრამ არ სურთ რუსები იყვნენ მათი  მეზობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები თუ  ხელმძღვანელები და იცხოვრონ საქართველოში და  მათ ქალაქში.

   ოსების სტერეოტიპული შეფასებები და არეკლილი  სტერეოტიპები მნიშვნელოვნად განსხვავდება.  ქართველების აზრით მათთვის ოჯახი მნიშვნელოვანია,  თუმცა მასში კაცი ნაკლებად დომინირებს. მათი  დამოკიდებულება საკუთარი პიროვნებისადმი  გადაჭარბებულია. ხოლო რწმენის მიხედვით მათ  რელიგიურებად მიიჩნიევენ. ფილთან მიმართებაში  არიან როგორც ეკონომიურები, ისე ძუნწები. უყვართ  საკუთარი ქვეყანა, ხოლო სოციალურ ნორმებს არღვევენ. საქმიანი სალითხების განხილვისას არიან  წინდაუხედავები, ანგარიშიანები, ემოციურები,  უდარდელები საკითხს განიხილავენ შედარებით  ზოგადად და გადაწყვეტილებაზე ფიქრობენ დიდხანს.

   საბოლოო ჯამში ქართველებს არ სურთ ოსებმა  იცხოვრონ საქართველოში, მათ ქალაქში, ან თვითონ  დროებით თუ მუდმივად იცხოვრონ ოსეთში. არ სურთ  ოსები იყვნენ მათი მეზობლები,  მეგობრები, ოჯახის  წევრები, ნათესავები, საქმიანი პარტნიორები,  ხელმძღვანელები თუ ხელქვეითები.

   დასკვნა

   ოჯახისადმი დამოკიდებულების  მიხედვით ქართველებთან უფრო ახლის არიან ჩეჩნები  და აზერბაიჯანელები, შემდეგ ინგლისელები,  ამერიკელები, ებრაელები, თურქები და ოსები. უფრო  შორს არიან რუსები.

   საკუთარი პიროვნების შეფასებისას ქართველები  უფრო ობიქტურად მიიჩნევენ  თურქებს, სომხებს,  ჩეჩნებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, ფრანგებს,  ინგლისელებს და ამერიკელებს. გადაჭარბებული  დამოკიდებულება საკუთარი პიროვნებისადმი აქვთ  რუსებს, ოსებს და ქართველებს.

   რაც შეეხება რელიგიისადმი დამოკიდებულებას,  ებრაელებს და თურქებს მიიჩნევენ ღრმად  მორწმუნეებად, გერმანელებს, ფრანგებს,  ინგლისელებს, ამერიკელებს, რუსებს,  აზერბაიჯანელებს, სომხებს, ოსებს და ქართველებს  მიიჩნევენ რელიგიურებად, ხოლო ჩეჩნებს  ფანატიკოსებად თვლიან.

   ფულისადმი დამოკიდებულებაში ქართველები თავის  თავს ახასიათებენ მფლანგველებად. ძუნწად თვლიან  სომხებს, ხოლო ებრაელებს და ოსებს თანაბრად

მიაწერენ სიძუნწეს და ეკონომიურობას. ეკონომიურად  აგრეთვე თვლიან ფრანგებს, ინგლისელებს,  გერმანელებს, ამერიკელებს, თურქებს,  აზერბაიჯანელებს და ჩეჩნებს.

   რაც შეეხება სოციალურ ნორმებს თვლიან, რომ  გერმანელები, ფრანგები, ინგლისელები,  აზერბაიჯანელები იცავენ მათ.  ამერიკელები,  სომხები, ქართველები გარკვეულ სიტუაციებში იცავენ  სოციალურ ნორმებს, ხოლო ჩეჩნები, ოსები, რუსები, თურქები არღვევენ მათ.

   პოლიტიკისადმი დამოკიდებულების მიხედვით  უფრო მეტად პოლიტიზირებულად მიიჩნიეს რუსები და  ჩეჩნები. დემოკრატიულებად მიიჩნიეს გერმანელები,  ფრანგები, ინგლისელები, ებრაელები, ამერიკელები,  ქართველები, ხოლო რუსები, თურქები, აზერბაიჯანელები, სომხები მიიჩნიეს არადემოკრატიულებად.

   აგრესიულობა ყველაზე მეტად მიაწერეს ჩეჩნებს,  რუსებს, ხოლო უფრო ნაკლებად –  გერმანელებს,  ინგლისელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ოსებს,  ქართველებს, არააგრესიულად მიიჩნიეს ფრანგები,  ამერიკელები, ებრაელები.

   მატერიალისტებად მიიჩნიეს გერმანელები,  ამერიკელები, ებრაელები, რუსები, თურქები,  აზერბაიჯანელები, სომხები, ოსები. იდეალისტებად –  ფრანგები, ინგლისელები, ჩეჩნები, ქართველები.

   ყველაზე ორგანიზებულად მიიჩნიეს მიიჩნიეს  გერმანელები, ინგლისელები,  ამერიკელები,  ებრაელები, ხოლო უფრო ნაკლებად – ფრანგები,    რუსები, თურქები, სომხები,  ჩეჩნები. ქაოტურად   მიიჩნიეს აზერბაიჯანელები, ოსები, ქართველები.

   საკუთარი პიროვნებისადმი დამოკიდებულების  მიხედვით უფრო მისაღებად შეაფასეს ფრანგები,  ინგლისელები, ამერიკელები,  ებრაელები. ნაწილობრივ

მისაღებად დ გერმანელები, თურქები.

   ოჯახისადმი დამოკიდებულების მიხედვით  მისაღებად შეაფასეს ინგლისელები და  ებრაელები,  ნაწილობრივ მისაღებად დ გერმანელები, ფრანგები, ამერიკელები, მიუღებლად დ რუსები და თურქები.

   საკუთარი ქვეყნისადმი დამოკიდებულების მიხედვით  მისაღებად შეაფასეს გერმანელები, ფრანგები,  ინგლისელები, ამერიკელები, ებრაელები, ნაწილობრივ  მისაღებად დ რუსები და თურქები.

   რელიგიისადმი დამოკიდებულების მიხედვით  მისაღებად შეაფასეს ფრანგები, ინგლისელები,  ებრაელები, ნაწილობრივ მისაღებად დ გერმანელები,  ამერიკელები, რუსები, მიუღებლად –  თურქები.    პოლიტიკისადმი დამოკიდებულების მიხედვით

მისაღებად შეაფასეს გერმანელები, ფრანგები,  ინგლისელები, ამერიკელები, ნაწილობრივ მისაღებად  დ ებრაელები, რუსები.

   ამასთან, ქართველები, ფრანგები, ინგლისელები,  ამერიკელები, ებრაელები, გერმანელები, თურქები,  სომხები მიიჩნიეს როგორც უფრო საშინაო  პოლიტიკაზე ორიენტირებულები, ხოლო რუსები  მიიჩნიეს საგარეო პოლიტიკაზე ორიენტირებულებად.  გარდა ამისა, ქართველები, ფრანგები, ინგლისელები,  ამერიკელები, ებრაელები, რუსები, თურქები,  აზერბაიჯანელები, სომხები შეაფასეს როგორც პირად  ინტერესებზე ორიენტირებულები, ხოლო გერმანელები  სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებულებად ჩათვალეს.

   საკუთარი ქვეყნისადმი დამოკიდებულების მიხედვით  მიიჩნიეს, რომ, ფრანგებს, ინგლისელებს, ამერიკელებს,  თურქებს, აზერბაიჯანელებს,  სომხებს, ოსებს,   ქართველებს უყვართ საკუთარი ქვეყანა, ხოლო  ებრაელები, რუსები, ჩეჩნები სხვებზე მაღლა აყენებენ  მას.

   შრომისადმი დამოკიდებულების მიხედვით  მისაღებად მიიჩნიეს გერმანელები, ფრანგები,  ინგლისელები, ამერიკელები, ებრაელები, ნაწილობრივ  მისაღებად დ რუსები.

   სხვა ერებისადმი დამოკიდებულების ნაწილობრივ  მიხედვით მისაღებად მიიჩნიეს გერმანელები,  ებრაელები, ფრანგები,  ამერიკელები, ინგლისელები,  რუსები.

   ქართვალაბის უმეტესობას არ სურს რუსებმა,  თურქებმა, აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, ჩეჩნებმა,  ოსებმა იცხოვრონ საქართველოში, მაგრამ თანახმაა  ფრანგებმა, ინგლისელებმა, ამერიკელებმა,  გერმანელებმა, ებრაელებმა იცხოვრონ მათ ქალაქში  და ქვეყანაში.

   ქართვალაბის უმეტესობას არ სურს თურქები,  აზერბაიჯანელები, ოსები, ჩეჩნები, რუსები, სომხები  იყვნენ მათი მეზობლები და თანახმაა ფრანგებმა,  ინგლისელებმა, ამერიკელებმა, ებრაელებმა,  გერმანელებმა იცხოვრონ მათ მეზობლად. ასეთივე  დამოკიდებულება გამოიკვეთა ამ ეროვნებების  წარმომადგენლებთან მეგობრობის შესახებ იმ  განსხვავებით, რომ უმეტესობა თანახმაა რუსები  იყვნენ მათი მეგობრები. გარდა ამისა, რესპოდენტების  უმრავლესობას არ სურს ამ ეროვნებების წარმომადგენლები იყვნენ მათი ნათესავები თუ   ოჯახის წევრები.

   რაც შეეხება საქმიან ურთიერთობებს,  გამოკითხულთა უმეტესობას არ სურს რუსები,  თურქები, ოსები და სომხები იყვნენ მათი საქმიანი  პარტნიორები, არ სურს გერმანელები, ფრანგები,  ინგლისელები, ებრაელები, თურქები,  აზერბაიჯანელები, სომხები, ჩეჩნები და ოსები იყვნენ  მათი ხელმძღვანელები, არ სურს თურქები, სომხები,  ჩეჩნები და ოსები იყვნენ მათი ხელქვეითები და  თანახმაა აზერბაიჯანელებთან, გერმანელებთან,  ფრანგებთან, ინგლისელებთან, ებრაელებთან,  ამერიკელებთან პარტნიორულ ურთიერთობებზე.

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close