ლიტერატურაიროდიონ ერემეიშვილი

იროდიონ ერემეიშვილი – აკაკი და კონსტანტინე გამსახურდია

სურათი გადაღებულია ქუთაისის ერთ-ერთ საოჯახო ბაღში. ექიმ გოკიელის სახლის პირდაპირ, დღევანდელ წერეთლის ქუჩაზე – სასტუმრო “სევერნაიას” უკან. ფოტო ნიკოლოზ საღარაძის.
სურათზე სხედან: (მარცხნიდან მარჯვნივ) 1. ტიციან ტაბიძე, 2. გრიგოლ ვეშაპიძე, 3. იროდიონ ევდოშვილი, 4. ვარლამ რუხაძე, 5. აკაკი წერეთელი, 6. დავით კლდიაშვილი, 7. ლ. დარჩიაშვილი, 8. იასონ ნიკოლაიშვილი, 9. ისიდორე კვიცარიძე.
დგანან: (მარცხნიდან მარჯვნივ) 1. გალაკტიონ ტაბიძე, 2. ა. სვანი, 3. ბ. გელაზანია, 4. ილია ბახტაძე, 5. ია ეკალაძე, 6. ნემო, 7. თეოფილე ხუსკივაძე, 8. კონსტანტინე გამსახურდია, 9. ჯაჯუ ჯორჯიკია, 10. დავით მებუკე (ცვარნამი), 11. ლელიკო ჯაფარიძე.

******************************************

მადლიერმა საქართველომ 1908 წლის 7 დეკემბერს თბილისში მოაწყო დიდი აკაკის სამწერლო მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის იუბილე. ეს იყო დიდი ეროვნული დღესასწაული.

აკაკიმ თავისი იუბილეს დასასრულს, მრავალი მხურვალე მილოცვის საპასუხოდ, სიტყვა წარმოთქვა და ხასგასმით აღნიშნა: „ბატონებო! ორმოცდაათი წელი ვებრძოდი უსამართლობას, განსაკუთრებით შინაურ უკუღმართობას. იარაღად ვხმარობდი კალამს და სიტყვას, სადაც ძალიან მცირეოდენ თაფლთან ბევრი ნაღველი იყო ჩემსავე ცრემლებში ჩალესილი… ასე თუ ისე, ამ ჩემმა ხელობამ ბევრი სიმწარე გამომაცდევინა და ვინ იცის, რამდერჯერ გამისკდებოდა გული, რომ აქა-იქ თანამგრძნობელი არ მყოლოდა, უმეტესად ქალებში მათის გულკეთილობის, და ახალგაზრდებში მათის გულუბრყვილობით, რისთვისაც საჯაროდ ვსწირავ მათ მადლობას“…

დიახ, თანამგრძნობელები ჰყავდა დიდ პოეტს არა „აქა-იქ“, როგორც ის აღნიშნავს მოკრძალებულად, არამედ, ქვეყნის ყველა კუთხეში. აკაკის იუბილე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. ყველა პროფესიის წარმომადგენელს სურდა ამ დიდ იუბილეში რაიმე მხრივ მონაწილეობის მიღება.

აკაკის იუბილე ქუთაისში 1908 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა. აქ ყველაზე მეტი თაოსნობა მასწავლებლებმა, ექიმებმა და დიასახლისებმა გამოიჩინეს.

აკაკის იუბილეს ფართოდ გამოეხმაურნენ ახალგაზრდა მწერლები, განსაკუთრებით-გალაკტიონ ტაბიძე და კონსტანტინე გამსახურდია. ეს უკანასკნელი იმხანად კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის ნაწარმოებებს.

გალაკტიონ ტაბიძე ხალხს მოუწოდებდა: „ამხანაგებო! ვემზადოთ ჩვენი სიამაყის ჩვენი დიდი სახალხო მგოსნის აკაკის სამწერლო ასპარეზზე მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის იუბილესათვის.

აკაკი ხალხის საყვარელი მგოსანია, მისი სულისკვეთების გამომხატველი, აკაკი განხორციელებული „ხალხის შვილია“, კარგად ესმის მისი ავი და კარგი. აი, სწორედ ამისთვის შეიყვარა ხალხმა აკაკი, სწორედ ამისთვის იგი ემზადა დიად ეროვნულ დღესასწაულის გადახდისათვის“. (გ. ტაბიძე, ტ. 12, გვ. 9):

ჩვენ მივაკვლიეთ კონსტანტინე გამსახურდიას ორ ლექსს, მიძღვნილს აკაკისადმი, რომლებიც უცნობია მკითხველთა ფართო მასისათვის და არაა შეტანილი მის თხზულებათა რვატომეულში. პირველი ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალში „ერთობა“ (1909, №1) საახალწლოდ:

აკაკის

მგოსანო ჩაგრულ ენისა!
შენ გაგვინათე ბნელია.
შენ გვიძღვებოდი ბელადათ,
გზა გაგვიკაფე ძნელია.
თუმცა სიბერემ გიწია –
თმაი შეგექმნა ჭაღარა.
გმირებს კვლავ ეძებს,
მტერთ
აფრთხობს,
შენი დაფი და ნაღარა.

ეს ლექსი კ. გამსახურდიამ დაწერა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში სწავლის დროს და ამით გამოხატა დიდი სიყვარული პოეტისადმი. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ აკაკი ამ პერიოდში გიმნაზიის ხშირი სტუმარი ყოფილა, არაერთხელ დასწრებია სილოვან ხუნდაძეს ქართული ენის გაკვეთილებზე და მოხიბლულა მოსწავლეთა პასუხებით (შ. თაბუკაშვილი, მოგონებანი, „პიონერი“, 1940, №6 გვ. 13).

დიდმა მგოსანმა 1912 წლის 21 ივლისიდან მოყოლებული, ორი კვირის განმავლობაში, რაჭა ლეჩხუმში იმოგზაურა. ეს მოგზაურობა მოწინავე ქართული ინტლიგენციის წარმომადგენლებმა მოაწყვეს. ქუთაისიდან აკაკის თან ახლდნენ მასწავლებლები: ვასილ პეტრიაშვილი, სამსონ დათეშიძე, იაკობ ვარაზიშვილი, გაზეთ „კოლხიდის“ რედაქტორი მიხეილ ჯაფარიძე, კორესპონდენტი ლადო ბზვანელი, კინოოპერატორი ვასილ ამაშუკელი და ფოტოგრაფი კოტე ქავთარაძე. ღონისძიებას დიდი გამოხმაურება ჰქონია იმდროინდელი პრესის ფურცლებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

აკაკის მოგზაურობას მიეძღვნა მრავალი წერილი, ნარკვევი და გრძნობით აღსავსე ლექსი. გადაღებულ იქნა მრავალი ფოტოსურათი, რომელშიც აღიბეჭდა აკაკის მოგზაურობის საინტერესო და დამახასიათებელი ეპიზოდები. ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური კინონარკვევი – „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში,“ რომელიც ქართველი ხალხის საყვარელ ფილმადაც იქცა.

ჩვენი ყურადღება მიიპყრო აკაკის მოგზაურობის პერიოდში გაზეთ „კოლხიდაში“ (1912 №109, 28 ივლისი) გამოქვეყნებულმა ლექსმა – „არწივთა მაღალ მთისათა“, აკაკისადმი მიძღვნილმა, რომელიც ეკუთვნის კ. გამსახურდიას (ხელმოწერილია ფსევდონიმით კ. აბაშისპირელი). აი, ეს ლექსიც:

არწივთა მაღალ მთისათა
ნეტავ რათ უნდა ქებანი?
შენს სადიდებლად მოვმაეთე
ჩემი ქნარი და ებანი.
წყევლა მიეცი ეჭვის გველს,
სევდებს კი-დავიწყებანი…
მითხრეს, რომ, ბერო მინდიავ,
მუხლი მოგიბავს მგლისაო,
წინ შემოყრილხარ ბინდისას
მახარობელთა მზისაო.
გამხნევდი, ლომო მოხუცო!..
გესმის ქვითინი მთისაო…
ხომ ხედავ, სამშობლოს მთანი
რარიგად ირაზმებიან!
თვალებს იფშვნეტენ ძილისგან,
იშმუშნებიან, დგებიან!..
მუზარადები მებრძოლთა
ცის კიდურს ებჯინებიან!..
მთის შიკრიკს მოაქვს ამბავი:
ამირან ზეზე დგებაო,
ილესავს თავის ფრანგულსა,
საომრად ემზადებაო,
ჯაჭვი გასწყვიტა…
ყვავ-ყორნებს
ცუდი დღე დადგებაო!..
მაშ ისევ, ჩვენო ჯავარო,
მომართე შენი ებანი!
ამირან-ცეცხლის მომტანის –
გმართებს ქებათა ქებანი..,
მაგრამ არწივთა მთისათა
ნეტავ რათ უნდა ქებანი!
(ქრებალო)

ეს ლექსი მრავალმხრივაა საინტერესო ჯერ ერთი, რომ ახალგაზრდა, დამწყებმა მწერალმა ერთხელ კიდევ გამოხატა უღრმესი სიყვარული და პატივისცემა დიდი მგოსნისადმი. და მეორეც, იგი არაოფიციალურად თან ახლდა აკაკის, რასაც ამტკიცებს ლექსის ქვეშ მიწერილი რაჭის ერთ-ერთი სოფლის – ჭრებალოს – სახელი.

ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ აკაკისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ნადიმზე სიტყვა წარმოუთქვამს ქუთაისის ქართული გიმნაზიის მოსწავლეს ვალერიან ჯაფარიძეს (მ. ალავიძე, „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, 1947, გვ. 38), რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ კ. გამსახურდიას გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ვალერიანთან, ამასთან თავის ნაწარმოებს უმეტესად აქვეყნებდა გაზეთ „კოლხიდაში“ (რომლის რედაქტორი იყო მიხეილ ჯაფარიძე) და ყოველივე აღნიშნულმა განაპირობა მისი მონაწილეობა დიდი მგოსნის მოგზაურობაში.

კ. გამსახურდიას თავისი მოღვაწეობის შემდგომ პერიოდში არა ერთხელ აღუნიშნავს აკაკის დიდ დამსახურებაზე ჩვენი ერის წინაშე, რასაც ადასტურებს მის პუბლიცისტურ წერილებში და საჯარო გამოსვლებში გამოთქმული სიტყვები: „ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი იყვნენ საქართველოს უგვირგვინო მეფენი“, „აკაკი ჩვენი ქართული პოეზიის ტკბილხმოვანი ორფეროსია“, „ილიამ ქართულ ენას შესძინა ქართლური სიდარბაისლე, ხოლო აკაკიმ – იმერული სილბო“.

გაზეთი „ქუთაისი“. 1988 წელი. 31 ივლისი.

Source
ბურუსი
Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close