პოეზიაიოსიფ (იოსებ) ბროდსკი

შებინდებისას

„ცა იყო თეთრი, მის ფეხებზე უფრო ელვარე,
და ვერ შეერთო, ვერ შეუღო მან ბნელეთს კარი“.
შებინდებისას, იმ საღამოს კოცონის გვერდით
ჩვენ დავინახეთ შავზე შავი ულაყი ერთი.

მე არ მინახავს ფერი შავი იმაზე უფრო.
მისი ფეხები იყო როგორც ნახშირი, ქუფრი.
სიცარიელის და წყვდიადის იყო სადარი.
კუპრივით იყო მისი კუდი, მისი ფაფარი.
ზურგზე კი ედო მას სიშავის სხვა ელვარება,
ზურგს უნაგირი რომ არასდროს არ ეკარება.
გაქვავებული იდგა, თითქო ძილს მისცა თავი.
შეაშინებდა ნებისმიერს ფლოქვები შავი.

ისეთი კუპრი, ვერც კი გრძნობდა ის ჩრდილს მის მიერს.
ვერსად იხილავ სხვა სიშავეს, უფრორე ძლიერს.
ბნელი, უკუნი, თვალებსაც რომ არარა ესმის.
შავი, უჩინი, ისე როგორც შენს შიგნით ნემსი.
ისეთი შავი, ვით ხეები, შორს რომ მოჩანან.
მკერდს და ზურგს შორის უკუნ ალაგს გავდა ოჩანი.
როგორც მიწაში ორმო სავსე პურის თავთავით.
ვფიქრობ, ჩვენშიაც ეს ბნელეთი იღებს სათავეს.

თვალსა და ხელს შუა შავდებოდა სულ უფრო მეტად.
საათზე მაშინ შუაღამის იყო თორმეტი.
მან არ გადმოდგა ჩვენკენ ერთი ნაბიჯიც მცირე.
მის საზარდულში ბატონობდა კუპრი უძირო.
უკვე ზურგიც კი არ უჩანდა სიბნელისაგან.
ვერსად ნახავდით მის სხეულზე ერთ ნათელ ლაქას.
მხოლოდ თვალებში შერჩენოდა სინათლის ალი.
თუმცა საშინლად შავი ჰქონდა მას გუგა თვალის.

თითქოს ვიღაცის ნეგატივის ის იყო მსგავსი.
რატომ შეწყვიტა რბენა მარდი, სიცოცხლით სავსე,
განთიადამდე ჩვენთან ყოფნა მას ანაცვალა?
კოცონისაგან ფეხი რატომ არ მოიცვალა?
რად შეისუნთქა მან კუპრივით შავი ჰაერი?
რად ეხებოდა ამ წყვდიადში ტოტებს ხმაურით?
უკუნ სინათლეს რად აფრქვევდა თვალები ნეტა?

ჩვენში უთუოდ დაეძებდა ის თავის მხედარს.

მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Check Also

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა