ნოველაფრიდონ ხალვაში

ჩემი ცოლი მინერი

როგორც იქნა, ბინა მივიღეთ.
ერთი წელია ქარხჯანაში ვმუშაობ, მაგრამ, როგორც ახალდაოჯახებულს, მუშათა კრებამ ბინაზე უარი არ მითხრა.
კიბეზე ჯერ ისევ ცემენტის მტვერი და ბეტონის ნატეხები ეყარა, სახლში შეუმშრალი საღებავის, კირის და ნესტის სუნი ტრიალებდა.
მინერი საბარგო მანქანის კაბინაში დავტოვე, ბოხჩას ხელი წავავლე და გასაღებმომარჯვებულმა კიბე ავირბინე. კარი შევაღე, ბოხჩა კუთხეში მივაგდე და სასწრაფოდ ეზოში ჩამოვედი.
ბარგი ცოტა გვქონდა. შოფერი დაგვეხმარა და მალე ჩვენს ახალ ბინაში მარტონი დავრჩით.
სიხარულით გაბრუებული ყურადღებას არ ვაქცევდით ისეთ უბრალო რამეებს, როგორიცა აქა-იქ გაბზარული კედელი, ამოცვენილი პარკეტი თუ აივანზე გასავლელი კარი, რომელიც არ იხურება.
ეს იმიტომ, რომ მთავარი ნატვრა აგვისრულდა, ბინა მივიღეთ.
თეთრი კედლები ისე ქათქათებდა, თითქოს მთელი ქვეყნის სინათლდე შიგ შემოღვრილიყო და ჩვენი ხმაურით გამოღვიძებული ოთახი მინაირ ექოს გამოსცემდა, გეგონებოდა, ისიც მხიარულობს, რაღაცით გვაქეზებს და ჩვენსავით ახალგაზრდული მოუთმენლობით ღელავსო.
რაც იყო მივალაგ-მოვალაგეთ, ბოლოს ორად ორი სკამი ოთახის შუაგულში დავდგით, ზედ ჩამოჯექით და ერთმანეთს თვალებში შევაცქერდით.
ოთხი თვის შერთული მყავდა მინერი.
რატომღაც იგი ყოველთვის ჩვეულებრივზე დაბალი მეჩვენებოდა, მაგრამ ჩემთან რომ გაჩერდებოდა, შუბლამდე მწვდებოდა.
ასეთი სიმაღლე, ჩემი აზრით, საკმარისია ქალისთვის.
თმებს რომ გუბლზე მომისვამდა, უნებურად ხელს მოვხვევდი, წუთით გავრინდდებოდი, ცხვირს კულულებში ჩავრგავდი და უცნაური სევდით თუ ნეტარებით მეგონა ბალახის ფოთლებისა და წვიმის სურნელს ვყნოსავდი.
ჩვიდმეტი წელიწადი სოფელში ვიცხოვრე და ახლა ქალაქში რომ ვარ, თითქოს სული მეხუთება, ახალნაწვიმარ მიწაზე ფეხშიშველა სირბილი მენატრება. არ იქნა, ვერ შევეჩვიე ცხელი ასფალტის სუნს, ამდენ გრუხუნს, ამდენ ფაციფუცს და რაღაცნაირ არაბუნებრივ საზიზღარ შავ ტალახს კიბის ძირებში და ტროტუარის კიდეებთან რომ გაჩნდება ხოლმე. სოფლის ტალახი სუფთაა და ლამაზი. ხელში ავიღებ, თუ გინდა მოვზელ, გავაგორგვალებ, გუნდასავით ვისვრი. ამას კი, აქაურ ტალახს, დასანახავადაც ვერ ვიტან.
მაგრამ მინერის შემდეგ ყველაფერს ნელ-ნელა შევეწყვე, გავუშინაურდი და ჩემი მოუხეშავი, ჯიუტი ხასიათი ერთგვარ მოთმინებას მივაჩვიე. რადგან მინერი ქალაქელი იყო, მეგონა, ეწყინება ჩემი ბავშვური აზრები რომ გავუმხილო-მეთქი და სოფელზე ფიქრებს ვუმალავდი, თითქოს ამით მისთვის სასიამოვნო რამეს ვაკეთებდი.
სრულიად შემთხვევით გავიცანი იგი შარშან გაზაფხულზე.
შემთხვევით კი არა, ბარე ორჯერ გავიცანი…
კვირა დილას ვეთზის ბაზარში გავიარე. სასიკეთოს ვერაფერს შევხვდი და მოედანზე დავიწყე ყიალი, იმ მოედანზე, სადაც ყოველთვის მიჯრით დგანან მთაში მიმავალი ავტობუსები და კალათ-ხურჯინიანი სოფლელები ერთმანეთში ირევიან.
ვიღაცამ დასტვინა. მოვიხედე. ტაქსის ნაცნობი შოფერი ხელს მიქნევს. მივედი, უკან ქალიშვილი უზის. ვიფიქრე რაღაც სხვანაირადაა-მეთქი საქმე, მაგრამ ისეთი სერიოზული კილოთი გამიბა ამ ჩემმა ნაცნობმა საუბარი, რომ მივხვდი გოგოსკენ ხშირ-ხშირად გადახედავდა ამ კაცს გააღიზიანებდა. მაგრამ როგორც თვალი მოვკარი, ქალიშვილი უცნაურად იღიმებოდა.
თამაზი ერქვა იმ ბიჭს. წაბლის ბუჯგივით მაგარი წვერი ჰქონდა, რომელსაც იშვიათად იპარსავდა.
უმალ ზღვისპირა ქუჩაზე აღმოვჩნდით.
_ იცნობ? _ დაბალი ხმით და მალული ღიმილით მკითხა შოლფერმა და უკან მჯდომ მგზავრზე მანიშნა.
ახლა კი უნებურად მივაბრუნე თავი და ერთგვარი დაბნეულობაც ვიგრძენი. მგონი ცოტა ფერიც მეცვალა სახეზე. ქალიშვილმა თვალები დახარა.
ჰოდა, წარმოიდგინეთ, თითქოს მეცნო კიდეც.
თამაზი გაჩუმებულიყო, ეშმაკურად იღიმებოდა, თან სარკეში ხედავდა ყველაფერს.
საზღვაო ვაგზალთან გააჩერა მანქანა, კარი გამიღო და უკან გადაჯექიო, მითხრა. გადავჯექი, მოვიხედე, თვითონ აღარსად ჩანდა. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ენა ჩამივარდა, სუნთქვა გამიხშირდა, სულ ერთიანად დავიშალე, მაგრამ იმდენი ძალა მოვიკრიბე, რომ გადავწყვიტე გარეთ გავვარდნილიყავ, თამაზი მომენახა და ერთი მაგრად გამელანძღა.
_ ეს ჩემი ბრალია… _ მორცხვად მითხრა ქალიშვილმა. _ მე ვუთხარი დაუძახე-მეთქი. მე… მინერი ვარ. არ გახსოვს?..
მეგონა თეატრში ვიყავი და წარმოდგენას ვუყურებდი. ამიტომ ყოველგვარ მოულოდნელ რამეს მშვიდად დაველოდე და ისეთი სახე მივიღე, ვითომ ის ამბავი არც მეხებოდა.
თორემ, აბა, როგორ არ მახსოვდა მინერი. ტექნიკუმში რომ ვსწავლობდი, ბინად ვიყავი მასთან. მამა ომში დაეღუპა, დედა სასურსათო მაღაზიაში მუშაობდა და ძალიან ბევრი რამე მოჰქონდა სახლში, თუმცა მე არც მაჩვენებდა, სულ მალავდა, მაგრამ მარტო რომ დავრჩებოდით, მინერი ჩემს ბუჭულია ოთახში შემოზიდავდა ათასგვარ ძეხვეულს, ნამცხვრებს, ტკბილეულს და ისეთ ჭამა-ყლაპვას გავაჩაღებდით, ყასაბსაც შეშურდებოდა.
ტექნიკუმს ვამთავრებდი. მინერიც წამოიზარდა, მხრები დაუმრგვალდა, ტუჩები დაუსუქდა, დასერიოზულდა, ისე სირბილით აღარ ჩაივლიდა კიბეს, უფრო ნელი, ქალური სიმსუბუქითა და სიკოხტავით ჩაათავებდა საფეხურებს. თმადაუვარხნელი და საშინაოდ ჩაცმული თითქმის აღარ მენახებოდა. გული მტკიოდა, მენანებოდა მისი ლამაზი, მოუსვენარი, გულუბრყვილო და ლაღი ბავშვობის ასე უეცრად დაკარგვა. ჩემთან სიარულსაც უკლო. მაგრამ, როცა შემოვიდოდა რატომღაც თვალებს ვერ მისწორებდა. მეტყოდა რაღაცას, არც ჩამოჯდებოდა და უმალვე გავიდოდა.
ერთხელ, ივლისის ცხელ საღამოს, როცა ჩემს ოთახში ბარგშეკრული დიასახლისს ველოდებოდი, რომ მადლობა გადამეხადა და თან დავმშვიდობებოდი შემოვიდა მინერი, სკამზე ჩამოჯდა, თვალები სევდიანად მომაშტერა და კანკალებული ხმით მითხრა:
_ ალბათ უმაღლესში წახვალთ.
_ კი. _ ვუპასუხე.
_ მეც წამოვალ, მაგრამ… _ ენა დაება. გამეცინა, მერე შემებრალა კიდეც, სერიოზული სახე მივიღე, გავუგე და სადღაც ჩუმი ტკივილი ვიგრძენი. მერე შემომხედა, მომეჩვენა თითქოს თვალებიც ამღვრეოდა.
_ მეგონა სულ ერთად ვიქნებოდით… _ თქვა ხმადაბლა, ჩუმად ამოიხვნეშა, სწრაფად წამოდგა და, ჩემსკენ არც გამოუხედავს, ისე გავიდა.
გული დამეწვა და პატარა სარკმლიდან ზღვას გავხედე. დასავლეთის ცას ჭვარტლისფერი ღრუბლები მოსწოლოდა. ალაგ-ალაგ კი გაპობილიყო და სისხლივით წითელი ცის ნაჭრები მოჩანდა. ღრუბლებს შორის დარჩენილი ერთი მეწამული ტიალი ალაგი ჩემს სარკმელს მივამგვანე და უცებ წარმოვიდგინე, ვითომ სწორედ იქიდან გადავყურებდი მთელ სამყაროს, ხოლო ეს აჭრელებული უსაზღვროება იდუმალი ჩურჩულითა და სველი თვალებით რაღაცას მანიშნებდა, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. ძალიან მწყინდა, რომ ვერაფერს ვხვდებოდი.
_ გოფერი ვინაა? _ მოულოდნელად ვკითხე მინერს.
_ ის? არავინ… არც ვიცობ. მაგრამ დავჯექი თუ არა, დაგინახე, გიცანი და ვთხოვე დაეძახა. ჩემთვის უხერხული იყო… _ ისეთი გაბედულებით მიყვებოდა სიმართლეს, რომ ვიფიქრე ეს გოგო ალბათ წახდა, მამაკაცებთან საუბარს შეეჩვია, სხვა გზაზე მისარულე გახდა-მეთქი. მერე თვალებში რომ შევხედე, ისევ ის წინანადელი ბავშვობის ნაცი და უმწიკვლო სინათლის თამაში შევნინე და გული ისევ მომილბა.
შოფერი მობრუნდა. უეცრად უკანიდან საშინელი სისწრაფით თეთრი `ვოლგა~ მოგვიახლოვდა და იქვე, ჩვენს ახლოს, წრიპინით დამუხრუჭდა. შავულვაშიანი სქელი ბიჭი სწრაფად გადმოვიდა, ჩვენკენ გამოქანდა, კარი გააღო და პირდაპირ მინერს მიახალა:
_ სად მიდიხარ! _ თან შევატყვე, ხმაში მღელვარება ეტყობოდა, თუმცა ძალიან ცდილობდა ეს დაეფარა და ვაჟკაცური გაბედულება გამოეჩინა. მაგრამ მინერს თავიც არ მიუბრუნებია მისკენ.
_ შინ მივდივართ, _ გულდამშვიდებით უთხრა ულვაშიანს და ხაზგასმით წარმოთქვა მეორე სიტყვა.
ვაჟმა ცივად და მრისხანედ შემათვალიერა, თვალის გამზომა, რაღაც გადაწყვიტა, მაგრამ შესრულება ვეღარ გაბედა, კარი მოგვიჯახუნა და ბუზღუნით უკანვე გაექანა.
ჩვენი მანქანაც დაიძრა. არაფერი ვიცოდი საით და რატომ მივდიოდით. დედათა სახლთან მანქანა შევაჩერებინე და ორივე ძირს ჩამოვედით.
_ უსინდისო… _ მივხვდი, იმ ულვაშიან ვაჟს გულისხმობდა მინერი, _ აღარ მომცა საშველი. ვეღარსად გამივლია მაგის გამო. ვიცი არ მუშაობს, ფული კი ოხრად აქვს.
_ მინერ, მე რად მეუბნები?
_ არა, გადავწყვიტე დღეს გითხრა ბევრი რამე. გითხრა, რაც მაწუხებს, თუნდაც რომ შეგძულდე…
~შეგძულდე~. ეს რაღაა. ჯერ სიყვარულზე რა გითქვამს, რომ ახლა სიძულვილზე ვილაპარაკოთ.
_ ჰო, ასე მინდა, _ განაგრძო გულამომჯდარმა ქალიშვილმა. _ ამდენი ხანია გელოდები, არაფერს ამბობ. მე კი, რომ იცოდე, რა დღეში ვარ… მარტო იმიტომ, რომ მიყვარდი.
უცებ გონებაში გამრა, ხომ არ მომიწყვეს ეს დღევანდელი სცენა?
ყველაფრის თქმა რა საჭიროა. მალე დავრწმუნდი, არაფერიც არ მოუწყვიათ. პირველი ბუნდოვანი ეჭვები წაიშალა. გული ბედნიერების ჟრუანტელით აივსო და მინერის გარეშე ყოფნა საშინელ სიცარიელედ იქცა.
იმ წუთში, ახალმიღებული ოთახის შუაგულში ორად-ორ სკამზე რომ ვიჯექით და ერთმანეთს თვალებგში შევყურებდით, ყველაფერმა ამან თვალწინ ჩამიქროლა და მეგონა მინერიც ჩასწვდა ჩემს ფიქრებს. უცებ გადავიხარხარე. მინერს, წარმოიდგინეთ, არც გაღიმებია, ადგილიდან წამოიჭრა და კარს მიაშურა. ალბათ ვიღაცამ დაუძახა-მეთქი, ვიფიქრე. წამოვდექი და ღია კარს გავხედე. ჩვენი მოპირდაპირე ბინაც ღია იყო და შიგ ბარგს ეზიდებოდნენ. ერთი თვალის გადავლებით ვერავინ ვიცანი და ოდნავ გამიკვირდა, ჩემი ქარხნის საცხოვრებელში ვინ უნდა შემოესახლებინათ-მეთქი. ამ დროს ღია კარს შიგნიდან სქელი, ულვაშიანი ახალგაზრდა კაცი მოადგა. ჰო, სწორედ ის იყო, თეთრვოლგიანი, რომ კინაღამ დაგვეჯახა. გადავირიე. მაინც საიდან მოახერხა ამ უსაქმურმა ბინის მიღება… მინერი უკვე მობრუნებულიყო, ოთახში შესულიყო და ფანჯრიდან მოწყენილი გადაჰყურებდა ქუჩას.
არაფერი მითქვამს. კარი მივხურე და საუბარი სხვა თემაზე გავაბი. ძალიან მესიამოვნა, რომ მინერის მალე გადაავიწყდა ყველაფერი და ახალი ოჯახის საქმეებით გაერთო.
მეც თავი გავანებე უსიამო ფიქრებს მეზობლებზე და ჩვეულებრივად დავდიოდი სამუშაოდ.
მეზობელი ბინის კარი მუდამ გამოკეტილი იყო. პატრონი არსად ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, მე არსად შემხვედრია.
შემოდგომის პირზე მინერის ბორჯომის საგზური ვუშოვნე. მე შვებულება არ მეკუთვნოდა, ამიტომ მარტო გავგზავნე. დაისვენა, მოკეთდა, ოდნავ თითქოს გამოიცვალა კიდეც. შევხედავდი: გაზრდილი, ამაღლებული, დასრულებული მეჩვენებოდა. საღამოობით კინოში სირალუ სდავეჩვიეთ. ერთხელ სახლის შესასვლელთან, კინოდან დაბრუნებულებმა ჩვენი მეზობელი ვოლგიანი ბიჭი და ერთიც უცნობი შევნიშნეთ. არ მესიამოვნა. ჩავუარეთ.
მინერი მიესალმა.
ვაჟმა დამცინავი ღიმილი გაგვაყოლა და მომეჩვენა, თითქოს მეგობარს თვალი ჩაუკრა.
მეორე დღეს გვიან მოვედი.
კარებთან ულვაშიანი მეზობელი დამხვდა. მინერს რაღაც გამოართვა, მადლობა გადაუხადა საგანგებო თავმდაბლობით, თავისი კარი გააღო და შიგ შეიმალა.
_ გასაღები დატოვა და ახლა წაიღო. _ განმიმარტა უცნაური სიზუსტით მინერმა. მიუხედავად იმისა, რომ მე ამას სრულებითაც არ მოვითხოვდი.
_ რაღა შენ დაგიტოვა, მინერ, _ ვეღარ მოვითმინე.
_ ბოლოს და ბოლოს, მეზობლები ვართ. _ მიპასუხა მტკიცედ.
მე აღარაფერი ვუთხარი, რადგან ვიგრძენი, რომ საქმე სხვანაირ მიმართულებას მიიღებდა.
გულმოკლული ჩავწექი ლოგინში. მთელი ღამე არ დავლაპარაკებივარ ცოლს. გამთენიას ძილი გამიტყდა, ავდექი და უჭმელი გავიპარე. საღამოს ბიჭებმა კაფეში შევიარეთ. ორ-ორი კონიაკი გადავკარით და კინოში წავედით. მერე სამწვადეში თითოც დავამატეთ და პირველზე შინ მივედი. ეზოდან შევიხედე, ჩემი ოთახი ჩაბნელებული იყო. იქით კი, მეზობლის ფანჯრიდან სინათლე გამოკრთოდა. რა დროში ავირბინე კიბე, არ მახსოვს. კარს მძლავრად მივაწექი და ბური მივუგდე. ვერავითარი ხმა ვერ გავიგონე. თვალებზე რაღა შავი გადამეფარა და ცხელმა ტალღამ ტანში დამიარა. მოვტრიალდი და მეზობლის კარ დავეჯახე. მთლად წარმოდგენილი არ მქონდა რას ვიზამდი, იქ რომ შევვარდებოდია მინერს დავინახავდი. ამ დროს რაღაც ხმაურმა მომაბრუნა. ჩემი ბინის ღია კარებში გაოცებული მინერი იდგა. შემოვბრუნდი, ქალისათვის არც შემიხედავს, ისე გაქანებული შევიჭერი შინ, ლოგინზე გაუხდელად გადავიშხლართე. არ ვიცი როდის ჩამეძინა.
თვალი რომ გავახილე, მინერი ფანჯარაზე გადაწოლილი დავინახე. ფანჯარაში აღმოსავლეთის ცა მოჩანდა ჭვარტლისფერი სქელი ღრუბლებით. თენდებოდა ღრუბლები აქა-იქ გაღებულიყო და სისხლივით წითელი წეცის ნაჭრები მოჩანდა მინერის სახლის სარკმელი მომაგონდა მოულოდნელად.
დღის ბოლოს მინერი ქარხნის გამოსასვლელთან დამხვდა. თვალები წინანდელი ბავშვობის შუქით აევსო და უცნაური ღიმილით მომეგება. ხელი მკლავში გამომდო, ავტობუსის გაჩერებას გვერდი აუქცია და ცოტა ხანში რუსთაველის ქუჩაზე აღმოვჩნდით.
_ იღი რა? _ მითხრა _ ზუსტად ჩვენისთანა ბინა ვიშოვე. გადავცვალოთ… ა, რას იტყვი?
ვერ მოვახერხე რაიმეს თქმა, თუმცა კი ბევრი რამ მინდოდა მეთქვა.
გვიანი შემოდგომა იყო და ადრე დაღამდა.
დედათა სახლის პირდაპირ, ხესთან გავჩერდით.
მინერს რაღაცა უხაროდა და ბავშვურად, დაულაგებლად მეჩურჩულებოდა.
_ იცი რა? _ მითხრა ბოლოს. _ მომეცი ხელი.
ჩემი მარცხენა ხელი ფრთხილად წაიღო და მუცელზე მიიდო.
როცა შევხედე, ყველაფერს მივხვდი და სულ გამოვიცვალე: მინერში ჩემი სიცოცხლე სუნთქავდა. ისეთი სითბო, ისეთი სიახლოვე ვიგრძენი, რომ ჩახუტება მომინდა, მაგრამ ამის მაგივრად ხელი ჩავავლე მკლავში და ჩქარი ნაბიჯით გავემართეთ.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა