ართურ კონან დოილიდეტექტივიმოთხრობა

უკაცრიელი სახლი

გრაფ რონალდ ადერის მკვლელობამ, რაც, 1894 წლის გაზაფხულზე, ძალიან უჩვეულო და იდუმალებით მოცულ გარემოებაში მოხდა, მთელი ლონდონი უაღრესად დააინტერესა, ხოლო მაღალი საზოგადოება შეაძრწუნა. ამ დანაშაულის ცალკეულ დეტალებს, რომელთა მიკვლევა პოლიციამ მოახერხა, თავის დროზე ფართო საზოგადოებრიობა გაეცნო, მაგრამ ძიების მასალები ისეთი მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ უმრავლესობა დაფარეს და არ გამოუქვეყნებიათ. და მხოლოდ ახლა, თითქმის ათი წლის შემდეგ, საშუალება მეძლევა შევავსო ფაქტების ეს განსაცვიფრებელი ჯაჭვი იმ რგოლებით, რომლებიც ამ საქმეს აკლია. დანაშაული ხომ თავისთავად იყო საინტერესო, მაგრამ მისი მიუწვდომელი შედეგები ჩემთვის ათასჯერ უფრო ყურადსაღები შეიქმნა. იმ შედეგებმა უფრო მეტად განმაცვიფრეს და შემაძრწუნეს, ვიდრე ყოველივე იმან, რაც ჩემს სიცოცხლეში გამომიცდია. ჩემი ცხოვრება კი ყოვლად უცნაური თავგადასავლებით გახლდათ აღსავსე. ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, თავზარი დამეცემა ხოლმე, როცა ამ საქმეს ვიხსენებ, ისევ უნდობლობა, გაოცება და სიხარული მეუფლება, მაშინ რომ მოზღვავდნენ და სული ამიფორიაქეს. დაე, მკითხველებმა, რომელთაც შესანიშნავი ადამიანის საქმეებსა და ზრახვებზე, ჩემ მიერ შექმნილი მოთხრობებისადმი ცხოველი ინტერესი გამოიჩინეს, მაპატიონ, რომ ჩემი აღმოჩენა მაშინვე არ გავუზიარე. ჩემს უპირველეს მოვალეობად ჩავთვლიდი მთელი ამ ისტორიის გულწრფელად გადმოშლას, შებოჭილი რომ არ ვყოფილიყავი იმავე ადამიანის პირით წარმოთქმული კატეგორიული აკრძალვით, რაც სულ ახლახან, გასული თვის სამი რიცხვიდან მოიხსნა.

სრულიად ბუნებრივია, რომ შერლოკ ჰოლმსთან მეგობრობის დაწყების დღიდან აღმეძრა სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმისადმი ღრმა ინტერესი, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობარი სარბიელიდან გაქრა, გაზეთებში გამოქვეყნებულ გაუხსნელ დანაშაულობათა ანგარიშების სინჯვა განსაკუთრებული გულმოდგინებით დავიწყე. ხშირად, საკუთარი სიამოვნებისათვის ვცდილობდი მათ ახსნას, ამასთან, ვსარგებლობდით იმავე მეთოდებით, რომელთაც ჩემი მეგობარი იყენებდა, თუმცა ისეთივე წარმატებებით ვერ დავიკვეხნი. უნდა ვაღიარო, რომ ვერც ერთმა ბნელით მოცულმა დანაშაულის ისტორიამ ვერ ამაღელვა ისე, როგორც რონალდ ადერის ტრაგიკულმა დაღუპვამ. გულდასმით გავეცანი ძიების მასალებს. დადგენილი მხოლოდ ის იყო, რომ “მკვლელობა ჩადენილია განზრახ, ერთი ან რამდენიმე უცნობი პირის მიერ”, და უფრო ღრმად, ვიდრე ოდესმე, ვიგრძენი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ შერლოკ ჰოლმსის დაკარგვით ძალიან მძიმე დანაკლისი განიცადა. ამ უცნაურ საქმეში იყო ისეთი ამბები და გარემოებები, რომლებიც აუცილებლად მიიქცევდნენ ჰოლმსის განსაკუთრებულ ყურადღებას, და პოლიციის კვლევა-ძიება უთუოდ შეივსებოდა, ანდა ჰოლმსის რჩევა-დარიგების საფუძველზე სწორი გზით წარიმართებოდა. რჩეულთა შორის რჩეულ ევროპელ მაძებარს თავისი ფხიზელი ჭკუისა და დახვეწილი დამკვირვებლობის წყალობით ჭეშმარიტად შეეძლო ასეთი ამოცანის წარმატებით დაძლევა.

დავდიოდი ჩემს პაციენტებთან და აზრით ისევ და ისევ ადერის საქმეს ვუბრუნდებოდი, მაგრამ ვერც ერთი ისეთი ახსნა ვერ მოვნახე, რომ დამაკმაყოფილებლად მომჩვენებოდა. თუმცა რისკს ვეწევი, რომ ვიმეორებ იმას, რაც ყველასათვის ცნობილია, მაინც მინდა მოგაგონოთ ფაქტები იმ სახით, როგორც ძიების დამთავრების შემდეგ საზოგადოებას შეატყობინეს.

სერ რონალდ ადერი ავსტრალიის ერთ-ერთი ჩვენი კოლონიის გუბერნატორის, გრაფ მეინუსის მეორე შვილი იყო. ადერის დედა ავსტრალიიდან ინგლისში იმ განზრახვით ჩამოვიდა, რომ ლიბრგადაკრული თვალი ქირურგის დანით მოერჩინა. ქალბატონი ადერი ვაჟიშვილითა და ასულით პარკლეინზე №427 სახლში დაბინავდა. ყმაწვილი საუკეთესო საზოგადოებაში ტრიალებდა, არც მტრები ჰყავდა და არც რაიმე ცუდი მანკი ჰქონია. ერთ დროს იგი ედიტ ვუდლიზე იყო დანიშნული, მაგრამ ახალგაზრდები თავისი ნებით დასცილდნენ ერთურთს და გული არც ერთს არ დასწყვეტია. ისე რომ, ახალგაზრდა ადერის ცხოვრება შინაურობასა და იმ მაღალ წრეშიც, რომელშიაც ყოფნა უხდებოდა, მშვიდად და მყუდროდ მიედინებოდა. წყნარი ხასიათისას გემოვნება და ჩვევებიც ზომიერი ჰქონდა. აი, სწორედ ასეთი უდარდელი ახალგაზრდა არისტოკრატის გული განგმირა უცნაურმა და სრულიად მოულოდნელმა ტყვიამ. ეს მოხდა 1894 წლის 30 მარტს თორმეტის ათიდან ოც წუთამდე.

რონალდ ადერი ბანქოს მოთამაშე იყო, მუდამ თამაშობდა, მაგრამ კეთილგონიერების საზღვრებიდან არ გადადიოდა. იგი სამი კლუბის: ბოლდვინის, კევენდიშისა და ბაგატელის წევრად ითვლებოდა. დაადგინეს, რომ სიკვდილის დღეს, სადილის შემდეგ, რონალდს ერთი რობერი და რამდენიმე ხელი ვისტი უთამაშია, ეს მომხდარა ბაგატელის კლუბში. უთამაშია სადილობამდეც. პარტნიორებმა – მისტერ მერეიმ, სერ ჯონ ჰარდიმ და პოლკოვნიკმა მორანმა – უჩვენეს, რომ სწორედ ვისტს თამაშობდნენ, და თამაში თითქმის ყაიმით დამთავრდა. ადერმა ალბათ ხუთ გირვანქამდე წააგო, მაგრამ მეტი კი ნამდვილად არ წაუგიაო. საკმაოდ დიდი შეძლების პატრონს ასეთი წაგება ვერც გაანაწყენებდა. იგი თურმე, თითქმის ყოველდღე თამაშობდა და ჩვეულებრივ იგებდა. მოწმეთა ჩვენებებიდან გაირკვა ისიც, რომ სიკვდილამდე ერთ-ნახევარი თვის წინ ადერმა, რომელიც პოლკოვნიკ მორანთან ერთად თამაშობდა, ერთ საღამოს გოდფრი მილნერსა და ლორდ ბელმორანს ოთხას ოცი გირვანქა მოუგო. აი, ყველაფერი, რაც ცნობილი გახდა მისი სიცოცხლის უკანასკნელი რამდენიმე კვირის შესახებ.

იმ საბედისწერო საღამოს კლუბიდან ზუსტად საღამოს ათ საათზე დაბრუნებულა. და და დედა სტუმრად ყოფილან წასული და შინ არ დახვედრიან. მოსამსახურე გოგომ ფიცით დაამტკიცა, ადერის ოთახში შესვლა გავიგეო. ეს ოთახი მეორე სართულზე იყო, ფანჯრები ქუჩისაკენ ჰქონდა და პატრონი თურმე სასტუმროდ იყენებდა. ახალგაზრდა გრაფის მოსვლის წინ მოსამსახურე გოგოს ბუხარში ცეცხლი დაუნთია და ფანჯარაც გაუღია, რადგან ბუხარი ახრჩოლებულა. მოსამსახურეს თორმეტის ოც წუთამდე ოთახიდან ჩქამიც არ გაუგონია. ამ დროს დაბრუნებულან შინ ლედი მეინუსი და მისი ქალიშვილი. ლედი მეინუსს ვაჟთან შესვლა მოუნდომებია, რათა მისთვის ღამე ნებისა ესურვებინა, მაგრამ ოთახის კარი შიგნიდან ყოფილა დაკეტილი და თუმცა ბევრი უყვირია და უკაკუნებია, ხმა არავის გაუცია. მაშინ განგაში აუტეხავს, კარი ძალით შეულეწიათ და თვალწინ საშინელი სურათი გადაშლიათ: ბედშავი ჭაბუკი მაგიდის ახლოს იატაკზე გაშხლართულიყო. თავი რევოლვერის ტყვიით ჰქონდა საშინლად დამახინჯებული, მაგრამ ოთახში არავითარი იარაღი არ აღმოჩნდა. მაგიდაზე იდო ორი ათგირვანქიანი საკრედიტო ბილეთი და ჩვიდმეტი გირვანქა და ათი შილინგი ოქროს და ვერცხლის ფული. მონეტები დაწყობილი იყო სხვადასხვა სიდიდის პატარა სვეტებად. იქვე მაგიდაზე იდო ქაღალდის ფურცელი, რომელზედაც ციფრები და ადერის კლუბის რამდენიმე ამხანაგის სახელი ეწერა. აქედან იმ დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა, რომ სიკვდილის წინ ახალგაზრდა კაცი ბანქოში მოგებისა და წაგების ანგარიშით იყო გართული.

ყველა გარემოების გულმოდგინე გამოკვლევის შემდეგ საქმე კიდევ უფრო იდუმალებით მოცული აღმოჩნდა. უპირველეს ყოვლისა, გაუგებრობას იწვევდა შიგნიდან კარის ჩარაზვა. მართალია, მკვლელსაც შეეძლო კარი შიგნიდან ჩაეკეტა და მერე ფანჯარაში გადამხტარიყო, მაგრამ ფანჯარა მიწიდან ოცი ფუტის სიმაღლეზე იყო. ამასთანავე აყვავებული ზაფრანის კვალი მის პირდაპირ სრულიად დაუზიანებელი აღმოჩნდა. ერთი ყვითელი ყვავილიც კი არ იყო გათელილი. არავითარი კვალი არ ჩანდა არც კორდის ვიწრო ზოლზე, სახლს რომ გზიდან ყოფდა. ეტყობოდა, სახლი თვითონ რონალდ ადერს დაეკეტა. მაგრამ რანაირად ეწვია სიკვდილი? ისე ხომ ვერავინ გადაძვრებოდა ფანჯარაში, რომ კვალი არ დაეტოვებინა? ხოლო თუ ვივარაუდებთ, რომ მკვლელმა მსხვერპლს ფანჯრიდან ესროლა, გამოჩენილი ჩუბინი უნდა ყოფილიყო, რადგან რევოლვერის ტყვიით ასეთ მანძილზე ადამიანის მოკვლა მეტისმეტად ძნელია. ამას გარდა, პარკ-ლეინი – ხალხმრავალი ქუჩაა, და სახლიდან რაღაც ას იარდზე კი ეტლთა სადგომია. მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ სროლის ხმა არავის გაუგონია. ამასთან ერთად – უტყუარი ფაქტები – მოკლული და რევოლვერის ტყვია, რომელიც მეორე მხარეს გასულიყო, სახეზე გახლდათ. ჭრილობის ხასიათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჭაბუკი ტყვიას ანაზდეულად უნდა მოეკლა.

ასეთი იყო პარკ-ლეინზე მომხდარი იდუმალი მკვლელობის გარემოებანი – მკვლელობისა, რომლის იდუმალება კიდევ უფრო ძლიერდებოდა იმით, რომ მკვლელობისათვის არავითარი თვალსაჩინო მოტივი არ არსებობდა: აკი, როგორც მოგახსენეთ, ახალგაზრდა ადერს თითქოს არავითარი მტერი არ ჰყავდა, ხოლო ფული და ძვირფასეულობა ოთახში ხელუხლებელი აღმოჩნდა.

მთელი დღე გონების სასწორზე ვწონიდი ყველა ამ ფაქტს, ვცდილობდი მიმეყენებინა მათთვის რომელიმე თეორია, რაც ერთმანეთის საპირისპირო მოვლენებს შეათანხმებდა, მეპოვა “წინააღმდეგობის წერტილი”, რასაც ჩემი საწყალი მეგობარი ყოველგვარი კვლევა-ძიების ამოსავალ პუნქტად მიიჩნევდა. უნდა ვაღიარო, რომ ეს ვერ მოვახერხე. საღამოს პარკში ვსეირნობდი და ასე ექვს საათზე მოულოდნელად პარკ-ლეინისა და ოქსფორდსტრიტის კუთხეში აღმოვჩნდი. იქ, ტროტუარზე, თავი მოეყარათ უსაქმურებს, რომლებიც დაჟინებით აცქერდებოდნენ ერთ სარკმელს. მაშინ მომაგონდა, რომ მეც სწორედ ამ სახლის სანახავად მოვედი. მაღალი, გამხდარი, შავსათვალიანი კაცი, რომელიც, ჩემი აზრით, გადაცმული მაძებარი უნდა ყოფილიყო, მომხდარ ამბავთან დაკავშირებით რაღაც თეორიას აყენებდა, სხვები უსმენდნენ და გარშემო მჭიდროდ შემორტყმოდნენ. უფრო ახლოს მივედი, მაგრამ მისი მსჯელობა იმდენად სულელური მეჩვენა, რომ ზიზღი მომგვარა, უკან დავიხიე და განრიდება ვცადე. ამ დროს უცაბედად დავეჯახე ჩემს უკან მდგარ წელში მოხრილ ბერიკაცს, რომელსაც იღლიაში ამოჩრილი წიგნები ძირს დაუცვივდა. დასახმარებლად დახრილმა, შევნიშნე ერთი წიგნის სათაური: “ხეების კულტის წარმოშობა”, და გავიფიქრე, ალბათ რომელიმე საწყალი ბიბლიოგრაფია, რომელიც გამორჩენის ან ხელოვნების სიყვარულით იშვიათ გამოცემებს აგროვებს-მეთქი. ის იყო ბოდიშის მოხდა დავაპირე, მაგრამ წიგნები, რომელთაც საუბედუროდ ასე უკადრისად მოვექეცი, ეტყობა, მათ მფლობელს ძალიან ძვირად უღირდა, ვინაიდან გაჯავრებულმა რაღაც ჩაიბურტყუნა, ზიზღით მიბრუნდა და მალე მოხრილბეჭებიანი და ჭაღარა ქილვაშებიანი ბერიკაცი ბრბოში გაუჩინარდა.

ჩემი დაკვირვება, პარკ-ლეინზე მდებარე №427 სახლზე, იმ ამოცანის გადაწყვეტაში, რამაც დამაინტერესა, ბევრს ვერაფერს დამეხმარა. სახლი ქუჩიდან მესერიანი დაბალი კედლით იყო გამოყოფილი. ღობის სიმაღლე ხუთ ფუტსაც ვერ აღწევდა. მაშასადამე, ბაღში, ვინც მოისურვებდა, ძალიან იოლად შევიდოდა. სამაგიეროდ ფანჯარა სრულიად მიუდგომელი აღმოჩნდა. მის სიახლოვეს არც წყალსადენის მილი იყო და არც მცირეოდენი შვერილი. ასე რომ, კედელზე აცოცებას თვით ყველაზე უფრო დახელოვნებული ტანმოვარჯიშეც ვერ შეძლებდა.

უწინდელზე უფრო შეფიქრიანებული შინ დავბრუნდი. კაბინეტში ხუთი წუთიც არ დამიხანებია, როცა მსახურმა გოგომ მომახსენა, ვიღაც უცნობი გელოდებათო. ჩემდა განსაცვიფრებლად, იგი აღმოჩნდა ის მოხუცი ბიბლიოფილი, რომელსაც პარკ-ლეინზე გადავეყარე. ჭაღარით მოსილი, გამოკვეთილი, დაღარული სახე ჰქონდა და იღლიის ქვეშ ათიოდე ძვირფასი წიგნი ამოეჩარა.

– რა თქმა უნდა, ჩემი მოსვლა გაგიკვირდებოდათ, სერ? – მითხრა მან თავისი უცნაური, ჩხავანა ხმით.

დავუმოწმე, გამოიცანით-მეთქი.

– ხედავთ, სერ, მეც თავაზიანი კაცი ვარ. კოჭლობით მოგყვებოდით უკან და უცბად შევნიშნე, რომ ამ სახლში შემოხვედით. გადავწყვიტე, ასეთ ზრდილ და წესიერ ადამიანთან უნდა შევიდე და ბოდიში მოვიხადო-მეთქი. მართალია, ცოტა უხეშად მოგექეცით, მაგრამ თქვენი წყენა ნამდვილად არ მქონია გულში და ძლიერ მადლობელიც ვარ, რომ დაბლა დაყრილი წიგნების აკრეფაში დამეხმარეთ.

– არ ღირს ლაპარაკი ასეთ წვრილმანებზე, – ვუპასუხე. – ნება მიბოძეთ გკითხოთ, რანაირად გაიგეთ ჩემი ვინაობა?

– გავბედავ და მოგახსენებთ, სერ, რომ თქვენი მეზობელი გახლავართ, ჩერჩსტრიტის კუთხეში წიგნის სავაჭრო პატარა დუქანი მაქვს და ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე მინახულებთ. იქნებ თქვენც აგროვებთ წიგნებს, სერ? აი “ბრიტანეთის ფრინველები”, “კატული”, “საღვთო ომი”. შეიძინეთ, სერ. მუქთად მოგცემთ. ხუთი ტომი სწორედ შეავსებდა ცარიელ ადგილს თქვენი წიგნების კარადაში, თორემ რაღაც ულამაზო იერი აქვს, ასე არ არის, სერ?

შევტრიალდი, რომ თაროზე ამეხედა. როცა თავი ხელახლა მოვაბრუნე, ჩემი საწერი მაგიდის გვერდით მომღიმარი შერლოკ ჰოლმსი იდგა. გაოცებისაგან შევხტი და რამდენიმე ხანს მუნჯივით შევცქეროდი, შემდეგ კი ალბათ გრძნობა დავკარგე – ჩემს სიცოცხლეში პირველად და, იმედი მაქვს, უკანასკნელად. მახსოვს, რომ თვალებში რაღაც მუქი ნისლი ჩამიდგა, ხოლო როცა ბურანიდან გამოვერკვიე, საყელო გახსნილი აღმომაჩნდა და ბაგეზე კონიაკის გემო ვიგრძენი. თავს ჰოლმსი მადგა, რომელსაც ხელში კონიაკის ბოთლი ეჭირა.

– ჩემო ძვირფასო უოტსონ, – თქვა კარგად ნაცნობმა ხმამ, – ათასი ბოდიში მომითხოვია. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი დაბრუნება თქვენზე ასე ძლიერ იმოქმედებდა.

ხელი ჩავავლე და გაოგნებულმა შევყვირე: – ჰოლმს! ეს თქვენა ხართ? ნუთუ მართლა ცოცხალი ხართ? განა შესაძლებელია, რომ იმ საშინელი უფსკრულიდან ცოცხალი ამოსულიყავით?

– ერთი წუთი მადროვეთ, – მიპასუხა მან. მინდა გკითხოთ, შეგწევთ თუ არა უნარი საღად იმსჯელოთ? რადგან ჩემმა გამოცხადებამ ძალიან ძლიერ აგაღელვათ.

– ახლა უკეთ ვარ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჰოლმს, ჩემს თვალებს არ ვუჯერებ. ღმერთო დიდებულო! ღმერთო მოწყალეო! ნუთუ ეს თქვენა ხართ?

ისევ წავავლე ხელი და მისი წვრილი კუნთოვანი ხელი მოვსინჯე.

– არა, ეს ამბავი სულის გამოცხადებას არა ჰგავს, ეს უდავოა, – ვუთხარი მე. – ჩემო ძვირფასო მეგობარო, რამდენად ბედნიერი ვარ, რომ გიყურებთ! დაბრძანდით და მიამბეთ, რანაირად მოახერხეთ იმ უფსკრულიდან თავის დაღწევა.

ჰოლმსი ჩემ პირდაპირ დაჯდა და დაუდევარი ნაცნობი მანერით პაპიროსი გააბოლა, მას ბუკინისტის გაცვეთილი სერთუკი ეცვა, მაგრამ ამ მასკარადის მთელი დანარჩენი მოწყობილობა – ბღუჯა ჭაღარა თმა და ძველი წიგნების შეკვრა – მაგიდაზე ეყარა. ჩემი მეგობარი კიდევ უფრო გამხდარიყო და მზერაც უფრო გამჭოლი ჰქონდა. სახეზე საშინელი ფერი დასდებოდა, ეტყობოდა, ისეთი ცხოვრება, რასაც უკანასკნელ წლებში ეწეოდა, მისი ჯანმრთელობისათვის სიკეთის მომტანი არ უნდა ყოფილიყო.

– რა სასიამოვნოა წელში გასწორება, უოტსონ! – მითხრა ჰოლმსმა, – მაღალი კაცისათვის მთელი ფუტით დამოკლება და რამდენიმე საათს ასე დარჩენა, იოლი საქმე როდია. ახლა კი, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ვილაპარაკოთ სერიოზულ ამბებზე… საქმე ის არის, რომ მინდა დახმარება გთხოვოთ, და თუ თანახმა იქნებით, მთელ ღამეს მძიმე და სახიფათო მუშაობა მოგველის. ხომ არ აჯობებს ჩემი თავგადასავლის თხრობა იმ დრომდე გადავდოთ, როცა ეს სამუშაო უკვე დამთავრებული გვექნება?

– მართალი გითხრათ, ცნობისმოყვარეობა ცეცხლის ალივით მწვავს, ჰოლმს, და ვამჯობინებდი თქვენი ამბავი ახლავე მომესმინა.

– თანახმა ხართ მეახლოთ ამ ღამეს?

– ჯოჯოხეთშიაც რომ ჩახვიდეთ, თან ჩამოგყვებით.

– სწორედ ისე, როგორც დალოცვილ ძველ დროს. მგონი, წასვლის წინ დანაყრებასაც მოვასწრებთ… ჰო, ახლა იმ უფსკრულის ამბავი გავიხსენოთ. სიმართლე გითხრათ, იქიდან ამოსვლა არცთუ ძალიან გამჭირვებია იმ უბრალო მიზეზით, რომ უფსკრულში არც ვყოფილვარ.

– არ ყოფილხართ?!

– არა, უოტსონ, არ ვყოფილვარ. მაგრამ ჩემი ბარათი თქვენდამი სრულიად გულწრფელადაა დაწერილი. როცა ვიწრო ბილიკზე ანაზდეულად განსვენებული პროფესორი მორიარტი გამოჩნდა და ხსნის ერთადერთი გზა ჩამიკეტა, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემთვის ყველაფერი დასრულდა. მის რუხ თვალებში უწყალო გადაწყვეტილება ამოვიკითხე. ერთმანეთს რამდენიმე სიტყვა გავუზიარეთ და მან თავაზიანად დამრთო ნება დამეწერა მოკლე ბარათი, რაც თქვენ მიიღეთ კიდეც შემდეგში. წერილი ჩემს პორტსიგარსა და ალპენშტოკთან ერთად დავტოვე, თვითონ კი ბილიკს გავყევი. მორიარტი ფეხდაფეხ მომყვებოდა. ბილიკის ბოლოს რომ მივაღწიე, შევჩერდი – იქით გზა აღარ იყო. ჩემს მოწინააღმდეგეს იარაღი არ უხმარია, ხელდახელ მეცა და თავისი გრძელი მკლავები შემომხვია. იცოდა, რომ მისი წირვა გამოსული იყო, და ჩემთვის სამაგიეროს გადახდა ეწადა. ერთმანეთს ხელს არ ვუშვებდით, ვიდექით და უფსკრულის პირას ვბღლაძუნობდით. მოგეხსენებათ, რომ მე ვიცი იაპონური ჭიდაობის “ბარიტსუს” ილეთები, რომელთაც არა ერთხელ ვუხსნივარ. როგორც იქნა, პროფესორს ხელიდან დავუსხლტი. მან გიჟურად შეჰყვირა, რამდენიმე წამი ზედ უფსკრულის პირას ბარბაცებდა, ჰაერს ეჭიდებოდა, ხელებს ასავსავებდა, რომ წონასწორობა დაეცვა, მაგრამ, ყოველგვარმა ცდამ ამაოდ ჩაუარა; დარღვეული წონასწორობა ვეღარ აღადგინა და უფსკრულში გადაეშვა, ქვესკნელში გადავიხედე და კიდევ დიდხანს ვუცქეროდი, როგორ მიფრინავდა ძირს ჩემი მოწინააღმდეგე. შემდეგ კლდის შვერილს დაენარცხა და წყალში ჩაიძირა.

ღრმა მღელვარებით ვუსმენდი ჰოლმსს, რომელიც თავის ამბავს ისე მომითხრობდა, თითქოს სხვისას ყვებოდა და თან პაპიროსს მშვიდად აბოლებდა.

– მერე, კვალი? – შევძახე უეცრად. – თვითონვე, ჩემი საკუთარი თვალით ვნახე ორი წყვილი ფეხის კვალი, ძირს რომ მიყვებოდა ბილიკს და უკან აღარ ბრუნდებოდა.

– ეს ასე მოხდა. იმავე წამს, როცა პროფესორი უფსკრულის სიღრმეში ჩაიკარგა, ვიგრძენი, რომ ბედის რჩეული მე ვიყავი. მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი, მორიარტი არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი სიკვდილი სურდა. სულ ცოტა, სამი მისი თანამზრახველი მაინც რჩებოდა. მეთაურის დაღუპვას კი მათ გულებში მხოლოდ შურისძიების ცეცხლის გაღვივება შეეძლო. სამივე უაღრესად საშიში ადამიანი იყო და რომელიმე მათგანი უსათუოდ მოახერხებდა უახლოეს დროში ჩემთან ანგარიშის გასწორებას. გონების ძალით განვჭვრიტე: თუ მათ ეცოდინებოდათ, რომ ცოცხალი აღარა ვარ, უფრო იოლად გასცემდნენ თავიანთ თავს, და ადრე თუ გვიან მათ განადგურებას მოვახერხებდი. მერე კი შემეძლო თავისთავად გამომეცხადებინა, რომ ცოცხალი ვარ! ადამიანის ტვინი სწრაფად მუშაობს. ვიდრე პროფესორი მორიარტი რაიხენბახის ჩანჩქერის ძირამდე ჩააღწევდა, ეს გეგმა უკვე მოფიქრებული მქონდა.

ჩემს უკან კლდოვანი კედელი იყო აღმართული. ჩემი დაღუპვის ამბავი, რაც ესოდენ მხატვრულად დაგიწერიათ, ცხოველი ინტერესით წავიკითხე რამდენიმე თვის შემდეგ. თქვენ ამტკიცებთ, კედელი შვეული და სრიალა იყოო. ეს მთლად ასე არ გახლდათ. კლდეს ჰქონდა რამდენიმე შვერილი, რომლებზედაც შეიძლებოდა ფეხის მოკიდება. გარდა ამისა, ზოგიერთი ნიშნის მიხედვით გავიგე, რომ ცოტა ზემოთ ღრმულიც არსებობდა… სიმაღლის გამო კლდის თავამდე აცოცება შეუძლებელი იყო, ასევე შეუძლებლად მეჩვენა დასველებული ბილიკის უკვალოდ გავლა. მართალია, შემეძლო ჩექმების უკუღმა ჩაცმა, როგორც ეს კვალის ასაბნევად გამიკეთებია ხოლმე, მაგრამ ერთი მიმართულებით მიმავალი სამი წყვილი კვალი მნახველს განზრახ მოტყუებაში აუცილებლად ეჭვს აღუძრავდა.

ამრიგად გზა ხსნისა კლდეზე აცოცება იყო. ეს არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, უოტსონ. ქვემოთ ჩანჩქერი ღმუოდა და კლდენი ბანს ეუბნებოდნენ. ფიცხი ჭკუის კაცი არა ვარ, არც ცეცხლოვანი ფანტაზია გამაჩნია, მაგრამ გეფიცებით, მომეჩვენა, თითქოს ჩემამდე აღწევდა პროფესორ მორიარტის ხმა, რომელიც უფსკრულიდან მიხმობდა. მცირეოდენი დაუდევრობა და შედეგიც საბედისწერო გახდებოდა. რამდენჯერმე, ხელებში ბალახის ღეროები შემრჩა, ან კლდის სველ შვერილებზე ფეხი დამისხლტა და, ვიფიქრე, ყველაფერი გათავებულია-მეთქი. მაგრამ მაინც მივცოცავდი, ბოლოს, როგორც იქნა, საკმაოდ ღრმა, რბილი მწვანე ხავსით დაფარულ ნაპრალს მივაღწიე, იქ შემეძლო შეუმჩნევლად დავწოლილიყავი და დამესვენა. ამ დროს, კი თქვენ, ძვირფასო უოტსონ, და ყველანი, ვინც თქვენ მოიყვანეთ, ასე გულის ამაჩუყებლად, მაგრამ უშედეგოდ ცდილობდით აღგედგინათ ჩემი სიკვდილის სურათი.

ბოლოს მომხდარი ამბის მიხედვით გარდაუვალი, მაგრამ სრულიად მცდარი დასკვნები გააკეთეთ და სასტუმროში წახვედით. დავრჩი მარტო და წარმოვიდგინე, რომ ჩემი თავგადასავალი დასრულდა, თუმცა ერთმა სრულიად მოულოდნელმა ამბავმა მიჩვენა, რომ კიდევ ბევრი სიურპრიზი მელოდა. კლდის უზარმაზარი ნამსხვრევი გრუხუნით გადამევლო თავზე, ბილიკზე დაეცა და ჩანჩქერთან ერთად უფსკრულში გრიალით ჩაეშვა. პირველ წამს ეს უბრალო შემთხვევითობას მივაწერე, მაგრამ მაღლა რომ ავიხედე, ნახევრად მიბინდული ცის ფონზე მამაკაცის თავი შევნიშნე. იმავე წამს, ჩემი საწოლიდან ოდნავ დაცილებით, მეორე ლოდი პირდაპირ იმ ნაპრალის კიდეს მოხვდა, სადაც მე ვიწექი. ჩემთვის ნათელი შეიქმნა, რომ მორიარტი მარტო არ იყო. ეს თანამზრახველი გუშაგად იდგა, როცა მორიარტი თავს დამესხა. ჩემთვის შეუმჩნეველმა მტერმა თავისი მეგობრის სიკვდილი და ჩემი გადარჩენა შორიდან იხილა. მან ერთ ხანს დაიცადა, მერე კლდეს შემოუარა, მეორე მხრიდან მწვერვალზე ავიდა და იმის გაკეთებას ცდილობდა, რაც ვერ შესძლო მორიარტიმ.

დიდხანს ფიქრის დრო არ იყო, უოტსონ. გავიხედე და ისევ შევნიშნე, კლდის თავზე ჩემი მოთვალთვალე ის მკაცრი სახე. მივხვდი, რომ ეს იყო ახალი ქვის დაგორების მაუწყებელი ამბავი. მაშინვე ბილიკისაკენ დავეშვი და ეს ათასჯერ უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე აცოცება. მაგრამ ყოყმანის დრო აღარ მქონდა. როცა ჰაერში დაკიდებულ ნაპრალის კიდეს ვებღაუჭებოდი, ჩემს გვერდით მესამე ქვამ გაიზუზუნა. შუაგზაზე კლდეს მოვწყდი, დავსრიალდი, მაგრამ რაღაც სასწაულით მაინც ბილიკზე მოვხვდი. დათხაპნილი და დასისხლიანებული, რაც ძალა და ღონე მქონდა, მივრბოდი. ასე ვირბინე წყვდიადით მოცულ მთებში ათი მილი და ერთი კვირის შემდეგ აღმოვჩნდი ფლორენციაში, დარწმუნებული, რომ ქვეყნად არავინ უწყოდა, რა ბედი მეწია.

ჩემი საიდუმლო მხოლოდ ერთ ადამიანს – ჩემს ძმას მაიკრფოტს გავანდე. ათას ბოდიშს ვიხდი, ძვირფასო უოტსონ, მაგრამ ჩემთვის უაღრესად საჭირო იყო, რომ მიცვალებულად ჩავეთვალე ყველას, ხოლო თქვენ ვერასოდეს ვერ დაწერდით დამაჯერებელ ცნობას ჩემს ტრაგიკულ სიკვდილზე, რომ თვითონვე არ ყოფილიყავით დარწმუნებული, ნამდვილად მოკვდაო. ამ სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე წამძლია სულმა მომეწერა თქვენთვის – და ყოველთვის თავს ვიკავებდი იმის შიშით, რომ თქვენი ვაჟკაცური ერთგულება ჩემდამი რაიმე დაუდევრობას ჩაგადენინებდათ, რაც თქვენგან უნებურად გაამჟღავნებდა, რომ ცოცხალი დავრჩი. აი, რატომ გაქციეთ ზურგი დღეს საღამოს, როცა დამეჯახეთ და ხელიდან წიგნები გამაგდებინეთ. იმ წუთს ძალიან დიდ რისკს ვეწეოდი და თქვენ რომ გაოცების ან სიხარულისაგან შეგეყვირათ, ზოგ ვინმეს შეიძლება მეტისმეტი ყურადღებით შევეთვალიერებინე, და ამ ამბავს, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგიც მოჰყოლოდა. რაც შეეხება მაიკროფტს, მისთვის საიდუმლოება უნებურად უნდა გამენდო, ვინაიდან ფული აუცილებლად მესაჭიროებოდა. ლონდონში საქმე უხეიროდ წარიმართა, გაცილებით ცუდად, ვიდრე ველოდი. მორიარტის ბანდის გასამართლების შემდეგ საპყრობილეს გადაურჩა ორი ყველაზე უფრო საშიში ბოროტმოქმედი, ისინი მორიარტის ბანდის წევრები და ჩემი მოსისხლე მტრები იყვნენ. ამიტომ ორი წელი ტიბეტში ვიმოგზაურე, ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილე, ლხასა დავათვალიერე და რამდენიმე დღე დალაილამასთან გავატარე. ალბათ გაგიგონიათ ტიბეტის ნორვეგიელ სიგერსონისეულ გამოკვლევებზე, მაგრამ, ცხადია, აზრადაც არ მოგსვლიათ, რომ მისი ავტორი თქვენი მეგობარი გახლდათ. შემდეგ გადავსერე სპარსეთი, მოვინახულე მექა და ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო ვიზიტი მქონდა ხართუმის ხალიფთან… ამ ვიზიტის ანგარიში თავის დროზე საგარეო საქმეთა სამინისტროში წარვადგინე.

ევროპაში რომ დავბრუნდი, რამდენიმე თვე გავატარე სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, სადაც ქვანახშირის ფისიდან მიღებული ნივთიერებების გამოკვლევაზე ვმუშაობდი. ლაბორატორიაში წარმოებული ცდები დაგვირგვინებული მქონდა, როცა შევიტყვე, რომ ლონდონში მხოლოდ ერთი მოსისხლე მტერიღა დამრჩა და შინ დაბრუნება განვიზრახე. ამას ზედ დაერთო პარკ-ლეინზე მომხდარი საიდუმლოებით მოცული მკვლელობის ამბავი, რამაც კიდევ უფრო ამაჩქარა. ეს საქმე იმიტომაც მაინტერესებს, რომ მისი გახსნა ჩემი პირადი გეგმების აღსრულებაშიც დამეხმარება. ერთი სიტყვით ლონდონში ჩამოვედი, საკუთარი ფეხით მივედი ბეიკერსტრიტზე, სადაც ჩემმა გამოცხადებამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მისის ჰადსონს ბნედა მოჰგვარა. მაიკროფტის ზრუნვის შედეგად ჩემი ქაღალდები და ოთახები იმ სახით დამხვდა, როგორც დავტოვე. ამრიგად, დღეს, ორ საათზე, აღმოვჩნდი ჩემს ძველ ბინაში, ჩავჯექი სავარძელში, და ერთადერთი რამ, რაც შემეძლო მენატრა, იყო ის, რომ ჩემი ერთგული მეგობარი უოტსონიც ჩემს გვერდით მჯდარიყო.

ასეთი იყო განსაცვიფრებელი მოთხრობა, რაც 1894 წლის აპრილის ერთ საღამოს მოვისმინე. ამ მოთხრობას ვერ ვერწმუნებოდი, საკუთარი თვალით რომ არ მეხილა ჩემი მეგობრის გამხდარი სხეული და ჭკვიანი, ენერგიული სახე, რომლის ნახვას აღარასოდეს ველოდი. ჰოლმსს ჩემი ცოლის გარდაცვალების ამბის გაგება რაღაცნაირად მოესწრო. მისი სამძიმარი და თანაგრძნობა უფრო ხმის კილოში გამოიხატა, ვიდრე სიტყვებში.

– შრომა ტანჯვის შემამსუბუქებელი საშუალებაა, ძვირფასო უოტსონ, – მითხრა ჰოლმსმა. – მე და თქვენ კი ამაღამ ისეთი სამუშაო გველის, რომ, ვინც მას დასძლევს, თამამად შეუძლია თქვას, ფუჭად არ მიცხოვრიაო.

ამაოდ ვთხოვდი, ყველაფერი უფრო ნათლად მითხარით-მეთქი.

– დილამდე საკმაოდ გაიგონეთ და მოისმინეთ, – მიპასუხა. – ჯერჯერობით კი ისედაც ბევრი გვაქვს სალაპარაკო – ჩვენ ხომ სამი წელია არ გვინახავს ერთმანეთი! ვფიქრობ, ათის ნახევრამდე ეს თემა გვეყოფა, შემდეგ კი ძალიან საინტერესო თავგადასავლის შესახვედრად ერთი მიტოვებული სახლისაკენ გავეშურებით.

როცა დანიშნულ საათს კებში ჩავსხედით, ვიგრძენი, რომ ყველაფერი ძველებურად აეწყო. ჯიბეში რევოლვერი მოვსინჯე, და არაჩვეულებრივი ამბების მოლოდინში გულმა ბაგაბუგი დამიწყო.

ჰოლმსი თავშეკავებული, პირქუში და მდუმარე იყო. როცა ქუჩის ფარნების შუქმა ჩემი მეგობრის მრისხანე სახე გაანათა, დავინახე, რომ იგი წარბებშეკრული და ბაგემოკუმული იჯდა. ჯერაც არ ვიცოდი, ლონდონის დანაშაულობათა სამყაროს ჯუნგლებში რომელი მტაცებელი მხეცის კვალს მივყვებოდით, მაგრამ ამ ყველაზე უფრო დახელოვნებული მონადირის საქციელი უსიტყვოდ ჩამძახოდა, რომ იმღამინდელი თავგადასავალი უაღრესად საშიში უნდა ყოფილიყო, ხოლო მქირდავი ღიმილი, რაც ჩემს თანამგზავრის ასკეტურად მკაცრ სახეზე დროდადრო გაიელვებდა, კარგს არას უქადდა იმ ნადირს, რომლის კვალსაც დავადექით.

ჩემი ვარაუდით ბეიკერსტრიტისაკენ მივდიოდით, მაგრამ ჰოლმსმა მეეტლე კევენდიშის სკვერის კუთხეში შეაჩერა. იგი ეტლიდან გადმოვიდა, ყურადღებით მიმოიხედა გარშემო და ფრთხილი ნაბიჯით წინ გასწია. ვამჩნევდი, რომ ყოველ მოსახვევში უკან იხედებოდა, რათა დარწმუნებულიყო, გვითვალთვალებდნენ, თუ არა. რაღაც უცნაური გზით მივდიოდით. ჰოლმსი ყოველთვის მაოცებდა ლონდონის მიხვეულ-მოხვეული ჩიხების ცოდნით. იგი ამჯერადაც თავდაჯერებული მიაბიჯებდა საჯინიბოებსა და მეეტლეთა კარ-მიდამოებს შორის, ლაბირინთებში, რომელთა არსებობაც აქამდე არ ვიცოდი. ბოლოს და ბოლოს ერთ ვიწრო ქუჩაზე, ძველი კუშტი სახლების ორ რიგს შორის აღმოვჩნდით. ამ ვიწრო ქუჩამ ჯერ მანჩესტერსტრიტზე გაგვიყვანა, მერე კი უცებ ბლენდფორსტრიტზე მოვხვდით. აქედან ჰოლმსმა სწრაფად შეუხვია ერთ პატარა ჩიხში, ხის ჭიშკარი გაიარა, უკაცრიელ ეზოში შევიდა და გასაღებით გააღო ერთ-ერთი სახლის უკანა კარი. შევედით თუ არა, მაშინვე კარი შიგნიდან ჩარაზა.

ისეთი უკუნი იდგა, თვალთან თითს ვერ მიიტანდით, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ სახლი უკაცრიელი იყო. შიშველ იატაკს ფეხის დადგმაზე ჭრაჭაჭრუჭი გაჰქონდა, კედელზე კი, რომელსაც შემთხვევით შევეხე, დაგლეჯილი შპალერის ნახევები ეკიდა.

ჰოლმსმა გაბლიკებული წვრილი თითები მაგრად ჩამჭიდა ხელში და თავის ნებაზე წამიყვანა. გავიარეთ გრძელი ტალანი და მანამდე ვიარეთ, ვიდრე კარის თავზე ნახევრად მრგვალი ფანჯრის ბუნდოვანი მოხაზულობა არ შევნიშნე. ამ ადგილას ჰოლმსმა უეცრად მარჯვნივ შეუხვია, რომლის კუთხეებში წყვდიადს დაესადგურებინა, შუაგულში კი ქუჩის სინათლეების მკრთალი შუქი აღწევდა, მაგრამ იმის გამო, რომ ფანჯრის ახლო ფარანი არ იყო და მინებსაც მტვრის სქელი ფენა ფარავდა, ერთიმეორის დანახვაც გვიჭირდა.

ჩემმა თანამგზავრმა მხარზე ხელი დამადო და ბაგით თითქმის ჩემს ყურს შეეხო.

– იცით, სადა ვართ? – მკითხა ჩურჩულით.

– მგონი, ბეიკერსტრიტზე, – ვუპასუხე და მქრქალ მინაში გავიხედე.

– სავსებით სწორია, სწორედ ჩვენი ძველი ბინის პირდაპირ, კემენდის სახლში ვიმყოფებით.

– მაგრამ რისთვის მოვედით აქ?

– იმიტომ, რომ აქედან ჩვენი სახლი მშვენივრად მოჩანს და მისი ცქერა თვალს ახარებს, ძვირფასო უოტსონ. გთხოვთ ფანჯარას მოუახლოვდეთ, ოღონდ ფრთხილად, არ უნდა დაგინახონ. აბა, შეიხედეთ ჩვენს ადრინდელ ბინაში, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო თავგადასავალი დატრიალებულა. ახლა კი, ჩემი თავი მინდა გამოვცადო, განვლილმა სამმა წელმა ხომ არ დამაკარგინა იმის უნარი, რომ გაგაკვირვოთ.

წინ ნაბიჯი გადავდგი თუ არა, ნაცნობ სარკმელში შევიხედე და გაოცების წამოძახილი აღმომხდა. ფარდა ჩამოშვებული გახლდათ, მაგრამ საუცხოოდ განათებული ოთახის სიღრმეში, ფანჯრის ნათელ ფონზე, აშკრად ჩანდა სავარძელში მჯდარი კაცის ჩრდილი. თავის დაჭერის მანერა, ფართო მხრების ფორმა, სახის გამოკვეთილი ნაკვთები – ყოველივე ეს იმ ჩრდილს ჰოლმსის ჭეშმარიტ ორეულად წარმოსახავდა. მისი ნახევრად შემობრუნებული თავი იმ შავ სილუეტებს მაგონებდა, ბებიები რომ უხატავენ ხოლმე ბავშვებს. განცვიფრებულმა, უნებურად გავიწოდე ხელი, რათა დავრწმუნებულიყავი, ჰოლმსი მართლა ჩემს გვერდით იდგა თუ იქ, ოთახის სიღრმეში სავარძელში მოკალათებულიყო. თვითონ ჰოლმსს კი უხმო სიცილისაგან მხრები უთრთოდა.

– აბა, რას იტყვით, უოტსონ?

– პირდაპირ წარმოუდგენელი ამბავია! – ვთქვი მე ჩურჩულით.

– ჩანს, წლებს ვერ ჩაუკლავს და დაუშრეტია ჩემი გამომგონებლობის უნარი, – თქვა ჰოლმსმა და მის ხმაში დავიჭირე სიხარული და სიამაყე იმ ხელოვანისა, რომელიც თავისი ქმნილებით ტკბება. – ჰა, მართლა მგავს, ხომ?

– მზად ვიყავი დამეფიცა, რომ ეს თქვენა ხართ.

– ბატონ მენიეს ნახელავია. იგი რამდენიმე დღე თავაუღებლად მუშაობდა და ცვილისაგან ჩამოქნა ჩემი ორეული. ყველაფერი დანარჩენი კი ჩემი ხელით გავაკეთე, დღეს დილით ბეიკერსტრიტზე ვიყავი.

– მაგრამ რისთვის დაგჭირდათ ეს ყოველივე?

– საამისოდ, ძვირფასო უოტსონ, სერიოზული მიზეზები არსებობს. მე მინდა ზოგიერთი ადამიანი დავარწმუნო, რომ ჩემს ოთახში ვიმყოფები, იმ დროს, როცა სინამდვილეში სხვა ადგილას ვარ.

– ფიქრობთ, რომ ბინას უთვალთვალებენ?

– კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, რომ უთვალთვალებენ.

– მერე ვინ?

– ჩემი ძველი მტრები, უოტსონ. ის მომხიბლავი კომპანია, რომლის მეთაურიც რაიხენბახში ჩანჩქერის ფსკერზე განისვენებს. როგორც გახსოვთ, მხოლოდ მათ იცოდნენ, რომ მე ცოცხალი გადავრჩი. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ადრე თუ გვიან ჩემს ბინაში დავბრუნდებოდი. ყურყური, თვალთვალი და ზვერვა ამ ხნის მანძილზე არ შეუწყვეტიათ. და აი, დღეს დილით ნახეს, რომ მართლაც დავბრუნდი.

– მაგრამ როგორ გაიგეთ, რომ გითვალთვალებდნენ?

– ფანჯრიდან მათი უწყინარი მზვერავი პარკერი დავინახე. იგი პროფესიით მძარცველი და მკვლელია. ამავე დროს საუცხოო ორღანისტიცაა. პარკერი სრულებით არ მაინტერესებს. უფრო საყურადღებო მეორე – სწორედ ის საშინელი ადამიანია, ვინც მის ზურგს უკან იმალება. იგი მორიარტის უახლოესი მეგობარი გახლავთ. ეს ის კაცია, ვინც კლდის მწვერვალიდან ლოდები დამიშინა. იგი მთელ ლონდონში ყველაზე უფრო ცბიერი და საშიში ბოროტმოქმედია. სწორედ ეს ადამიანი ნადირობს ამაღამ ჩემზე, უოტსონ, და ის კი არ იცის, რომ ჩვენ თვითონ მასზე ვნადირობთ.

ჩემი მეგობრის გეგმებს ჩემს თვალში თანდათან მოეფინა შუქი. მოხერხებული თავშესაფრიდან საშუალება გვეძლეოდა გვეთვალთვალა მათთვის, ვინც ჰოლმსის პიროვნებით იყო დაინტერესებული და მის ყოველ ნაბიჯს ზვერავდა. ფანჯარაში მისატყუებლად ჩემი მეგობრის სილუეტი ჩანდა, ჩვენ კი მონადირეები ვიყავით.

უსიტყვოდ ვიდექით ერთიმეორის გვერდით ბნელში და გაფაციცებულნი ვაკვირდებოდით გამვლელებს, ჩვენს პირდაპირ ქუჩაში რომ წინ და უკან მიმოდიოდნენ. ჰოლმსი კრინტს არ ძრავდა, არც ირხეოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ საშინლად დაძაბული იყო, და თვალმოუშორებლად აკვირდებოდა ტროტუარზე მიმომავალ ადამიანთა ნაკადს. ცივი და ავდრიანი ღამე გახლდათ, სუსხიანი ქარი თავისუფლად დანავარდობდა. მიუხედავად ამისა, ქუჩებში ხალხმრავლობა იყო და, თითქმის ყველა საყელოში ან ყელსახვევში ცხვირჩარგული აჩქარებული ნაბიჯით მიმოდიოდა.

მომეჩვენა, რომ ერთმა და იმავე ადამიანმა სახლს რამდენჯერმე აუარ-ჩაუარა. განსაკუთრებით საეჭვო მეჩვენა ორი კაცი, დიდხანს რომ იყვნენ ატუზული ჩვენ მახლობლად ერთ შესასვლელში, თითქოს ქარს მოერიდნენ და აქ შეაფარეს თავიო. ვცადე ჰოლმსის ყურადღება მათზე მიმექცია, მაგრამ ოდნავ გასაგონი წყენის ამოძახილით მიპასუხა და ქუჩაში ყურადღებით ცქერა განაგრძო. ჩემი მეგობარი დროდადრო ფეხს ინაცვლებდა, ჩანდა, ადგილს ვეღარ პოულობდა, წრიალებდა, და კედელზე თითებს ნერვიულად ათამაშებდა. ვხედავდი, რომ გუნება წაუხდა, რადგან მოვლენები არც ისე ვითარდებოდა, როგორც მოელოდა. ბოლოს, როცა შუაღამე გახდა და ქუჩა თითქმის დაცარიელდა, ჰოლმსი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, ისე რომ უკვე მღელვარებას აღარ ფარავდა. რაღაცის თქმა მინდოდა, როცა ჩემი მზერა უეცრად განათებულ ფანჯარაზე შეჩერდა, და თითქმის ისევე გაოცებული დავრჩი, როგორც პირველად.

– თქვენი გამოსახულება შეირხა! – შევძახე მე.

და მართლაც, ჩემი მეგობრის გამოსახულება ახლა პრო-ფილში კი აღარ იდგა, არამედ ზურგით იყო მობრუნებული.

როგორც ჩანს, ჟამთა სვლას ვერ შეერბილებინა ჰოლმსის მკვეთრი ხასიათი, და იმ ადამიანებთან შეხვედრისას, ვისაც მისებრ დახვეწილი გონება ვერა ჰქონდა, იგი კვლავ მოუთმენლობას ამჟღავნებდა.

– რა თქმა უნდა, შეირხა, – თქვა მან. – ნუთუ ისე უტვინო ხეპრე გგონივართ, უოტსონ, რომ ოთახში ნამდვილ ფიტულს დავსვამდი და იმედი მექნებოდა, რომ მისი შემწეობით გავაცურებდი ყველაზე უფრო გაქნილ თაღლითებს, რომელნიც კი ევროპაში არსებობენ? ჩვენ ამ სოროში ვყურყუტებთ და მისის ჰადსონმა ამ ხნის განმავლობაში რვაჯერ შეუცვალა ჩემს სახებას ადგილი – ესე იგი, ყოველ თხუთმეტ წუთში უცვლის ადგილსამყოფელს. ოსტატურად კი უახლოვდება ხოლმე, რომ ქალის ჩრდილი არ ჩანს… აჰა! – წარმოთქვა მან, უეცრად სუნთქვა შეიკრა და გაირინდა. ბინდით მოცულ ოთახში შევნიშნე, რომ ჰოლმსი კისერწაგრძელებული იდგა და რაღაც დაძაბულ მოლოდინში იყო.

ქუჩა ახლა სრულიად უკაცრიელი იყო და ადამიანის ჭაჭანება არ ჩანდა. შესაძლოა ის ორი კაცი კიდევ იდგა შესასვლელში მიმალული, მაგრამ ვეღარ ვხედავდი. გარშემო დუმილი და წყვდიადი გამეფებულიყო. კუნაპეტ სიბნელეში თვალის მომჭრელად ჩანდა განათებული ფანჯარა და მის ცენტრში ჩემი მეგობრის სახება. სრულ დუმილში გავიგონე ჰოლმსის მსტვინავი სუნთქვა და ვიგრძენი, რა ძლიერ ღელავდა. უეცრად ოთახის სიღრმეში ბნელ კუნჭულში მიმაგდო და წუთით ხელი დამაფარა სახეზე, რითაც სრულ დუმილს ითხოვდა. იმ წუთს ვიგრძენი, როგორ უცახცახებდა თითები. ჯერ არასოდეს არ მენახა ასე აღელვებული, ამასთან ბნელი ქუჩა ისევ უდაბური და მდუმარე ჩანდა.

უეცრად გავიგონე ის, რასაც უკვე ჩემი მეგობრის მახვილ სმენამდე მიეღწია. რაღაც წყნარი, ყრუ, შეკავებული ხმა მომესმა, მაგრამ არა ბეიკერსტრიტის მხრიდან, არამედ იმავე სახლის სიღრმიდან, რომელშიაც ჩვენ ვიმალებოდით. გავიგონე, როგორ გაიღო და დაიხურა შემოსასვლელი კარი. წუთის შემდეგ დერეფანში ვიღაცის შემპარავი ნაბიჯის ხმაც გაისმა. ეტყობოდა, უცნობი ქურდული ნაბიჯით დაცაცუნებდა, მაგრამ უკაცრიელ სახლში ის ფრთხილი სიარულიც გრგვინავდა.

ჰოლმსი კედელს აეკრა, მეც იგივე გავაკეთე და თან რევოლვერის ტარს ხელი მოვუჭირე. სიბნელეში რომ კარგად დავაკვირდი, მამაკაცის ბუნდოვანი სილუეტი შევნიშნე. ადამიანის შავი გამოსახულება წუთით შეჩერდა, შემდეგ დაიხარა და შემპარავი ნაბიჯით წინ დაიძრა. მის ყოველ მოძრაობაში მუქარა იფარებოდა. ადამიანზე ავბედითი მონადირე სამ ნაბიჯზე იყო ჩვენგან, და მე მოსულზე თავდასხმისათვის გამზადებულმა, ყველა კუნთი ზამბარასავით დავჭიმე, როცა უეცრად ჩემს გონებაში იელვა, რომ უცნობმა ჩვენი იქ ყოფნისა არა იცოდა რა.

ისე ჩაგვიარა, კინაღამ შეგვეხო. ფანჯარასთან მიპარვით მივიდა და ჩარჩო თითქმის ნახევარ ფუტამდე, ძალიან ფრთხილად, სრულიად უხმაუროდ ასწია. როცა დაიხარა, ღია ფანჯრიდან შემოჭრილმა სხივმა სახე გაუნათა. სახეზე უკიდურესი მღელვარება აღბეჭდოდა. თვალები ციებიანივით უელავდა და ნაკვთები დაღრეჯოდა.

უცნობი მოწიფული კაცი იყო, წვრილი ქორისებური ცხვირი, მაღალი გამელოტებული შუბლი და შეჭაღარავებული ულვაში ჰქონდა. ცილინდრი კეფაზე გადასწეოდა, პალტო გადაღეღოდა და ფრაკის გახამებული გულისპირი მოუჩანდა. მისი შავგვრემანი, პირქუში სახე ღრმა ნაოჭებს დაეღარა. ხელში რაღაც დასაბჯენი ჯოხის მაგვარი ეჭირა, მაგრამ როცა იატაკზე დადო, ლითონის წკრიალა ხმა შემომესმა. შემდეგ, ჯიბიდან დიდი ზომის რაღაც საგანი ამოიღო და რამდენსამე წუთს ჯახირობდა, ვიდრე რაღაც რკინებს ერთმანეთს მოარგებდა. მერე ჩამუხლისთავებული წინ გადაიხარა, მთელი სხეულით დააწვა ალბათ იმ გრძელ რკინის ჯოხს და ჩვენ ლითონის მკვეთრი ხანგრძლივი, ღრჭიალა ხმა გავიგონეთ. როცა წელში გასწორდა, დავინახე, რომ ხელში რაღაც თოფის მაგვარი ეჭირა, ოღონდ უცნაური, უხეშკონდახიანი. საკეტი გახსნა, ალბათ ლულაში ტყვია თუ ჩადო და ისევ დააჩხაკუნა. შემდეგ ჩაცუცქდა, ლულის ბოლო ფანჯრის რაფაზე დადო, და მისი გრძელი ულვაში ლულაზე დაეკიდა, ხოლო სამიზნის წერტილზე მიშტერებულმა თვალებმა ბნელში უცნაურად გაიელვეს. ბოლოს თოფი მხარზე მიიდო და შვებით ამოიოხრა: მიზანი მის წინ იყო – განსაცვიფრებელი მიზანი, შავი სილუეტი, რაც თეთრ ფონზე ნათლად მოჩანდა. ერთი წამით გაშეშდა, სასხლეტზე თითი დააჭირა, და ხმამაღალი ზუზუნი გაისმა, რასაც მინის წკრიალის ხმა მოჰყვა.

იმავე წამს ჰოლმსი მსროლელს, როგორც ვეფხვი, ზურგზე დაახტა და იატაკზე თავდაყირა დასცა. მაგრამ მომდევნო წამს წაქცეული ფეხზე წამოვარდა და ჩემს მეგობარს არაჩვეულებრივი ძალით ჩაავლო ყელში ხელი. მაშინ ჩემი რევოლვერის ტარი ჩავკარი თავში და ბოროტმოქმედი ისევ დაეცა. წაქცეულს იმწამსვე ზედ დავაწექი. ჰოლმსმა არ დააყოვნა და ხმამაღლა დაუსტვინა, ქუჩიდან ჩვენკენ გამოქცეულ ადამიანთა ფეხის ხმა მოისმა და მალე სადარბაზო კარიდან ოთახში ორი პოლისმენი შემოვარდა. მათვე შემოჰყვათ სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი მაძებარი.

– ეს თქვენა ხართ, ლესტრეიდ? – იკითხა ჰოლმსმა.

– დიახ, მისტერ ჰოლმს. გადავწყვიტე ამ საქმეს ხელი თვითონ მოვკიდო. მოხარული ვარ, რომ ისევ გხედავთ ლონდონში, სერ.

– ვიფიქრე, ჩემი უბრალო არაოფიციალური დახმარება ხელს არ შეუშლის-მეთქი. სამი გაუხსნელი მკვლელობა ერთ წელიწადში – საკმაოდ ბევრია, ლესტრეიდ. მაგრამ მოლსეის ძიების საქმე თქვენ არცთუ ისე… ესე იგი, მინდოდა მეთქვა, რომ ეს საქმე ცუდად არ წაგიმართავთ…

ყველანი ფეხზე ვიდექით. ჩვენს ტყვეს ორი ჯანმაგარი კონსტებლი აქეთ-იქიდან ამოსდგომოდა და მაგრად ჩაებღუჯათ, რის გამოც მძიმედ ქშინავდა. ქუჩაში უსაქმურმა და დოყლაპია ცნობისმოყვარეებმა იწყეს თავშეყრა. ჰოლმსი ფანჯარასთან მივიდა და დახურა. ლესტრეიდმა სანთლები აანთო, ხოლო პოლიციელებმა თავიანთი ფარნები მოიშველიეს. ახლა კი შემეძლო ჩვენი ტყვის რიგიანად შეთვალიერება.

არაჩვეულებრივად ვაჟკაცური და თან ზიზღისმომგვრელი სახე ჰქონდა. ფილოსოფოსივით გადაშლილი შუბლი და ღორმუცელას ყბა იმისი მაუწყებელი იყო, რომ ამ კაცში, როგორც სიკეთის, ასევე ბოროტების უდიდესი ნიჭი იმალებოდა. ბუნებას თვითონ დაეჯილდოვებინა ეს კაცი ისეთი გარეგნობით, რომ მსწრაფლ მიხვდებოდით, ვისთანაც გქონდათ საქმე. სასტიკი, ფოლადის ელფერიანი თვალები, მათი ცინიკური გამოხედვა და ზედ ჩამოწოლილი წარბები, მტაცებელი ქორისებური ცხვირი და ღრმა ნაოჭები, რომელთაც დაესერათ მთელი შუბლი, იმას მოწმობდნენ, რომ იგი საზოგადოებისათვის საშიშ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. არც ერთ ჩვენგანს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. მისი მზერა მიჯაჭვული იყო ჰოლმსზე, რომელსაც გაოცებითა და მძულვარებით შესცქეროდა.

– ეშმაკი! – ამბობდა ჩურჩულით. – ცბიერი, ცბიერი ეშმაკი!

– ამრიგად პოლკოვნიკო, – უთხრა ჰოლმსმა და თან თავის დაჭმუჭნულ საყელოს ისწორებდა, – გულითადი მეგობრები, როგორც ძველებური ანდაზა ამბობს, ერთმანეთს ხელახლა ხვდებიან. მგონი, არა მქონია სიამოვნება მენახეთ მას შემდეგ, რაც თქვენი მოწყალე ყურადღების ღირსად გამხადეთ, – აი, გახსოვთ, მაშინ, რაიხენბახის ჩანჩქერის თავზე ნაპრალში რომ ვიწექი.

პოლკოვნიკს, თითქოს მოჯადოებულიაო, ჩემი მეგობრისათვის მზერა ვერ მოეცილებინა.

– ეშმაკი, ნამდვილი ეშმაკი! – იმეორებდა ისევ და ისევ.

– დროა წარმოგიდგინოთ, – წამოიწყო ჰოლმსმა. – ჯენტლმენებო, ეს გახლავთ პოლკოვნიკი სებასტიან მორანი, მისი უდიდებულესობა დედოფლის ინდოეთის არმიის ოფიცერი და მსხვილ მხეცებზე საუკეთესო მონადირე. ვფიქრობ, არ შევცდები, პოლკოვნიკო, თუ ვიტყვი, რომ თქვენს მიერ მოკლული ვეფხვების რაოდენობით ჯერ კიდევ პირველი ადგილი გიჭირავთ?

ტყვე გაჭირვებით იკავებდა ბრაზს და კვლავ ჯიუტად დუმდა. თვითონაც ვეფხვს ჰგავდა: პირგამეხებულს, თვალები ბოროტად უელავდა და ულვაში აბურძგნოდა.

– მიკვირს, რომ ჩემმა მარტივმა გამოგონებამ მოატყუა ასეთი გამოცდილი მონადირე, – განაგრძობდა ჰოლმსი. – თქვენთვის ეს ახალი რამ არ უნდა ყოფილიყო, პოლკოვნიკო! განა არ მიგიბამთ ხის ქვეშ თიკანი და კარაბინით ხელში ფოთლებში ჩასაფრებულს არ გიცდიათ, როდის მოვიდოდა ვეფხვი მისატყუებელთან? ეს უკაცრიელი სახლი – ჩემი ხეა, თქვენ კი – ჩემი ვეფხვი. ვფიქრობ, ზოგჯერ მარქაფად სხვა მსროლელებიც გახლდათ ხოლმე, იმ შემთხვევისათვის, თუ რამდენიმე ვეფხვი მოვიდოდა, – ან – რაც ნაკლებად დასაჯერებელია, თუ თვითონ ააცდენდით. ეს ბატონები – და ჩვენზე უჩვენა, – ჩემი სათადარიგო მსროლელები არიან. ჩემი შედარება ზუსტია, ხომ მართალია?

უეცრად პოლკოვნიკი მორანი გაშმაგებული ღმუილით გაიჭრა წინ, მაგრამ კონსტებლებმა უფრო მაგრად გაქაჩეს. მისი სახე ისეთ სიძულვილს გამოხატავდა, რომ შეხედვაც საშინელი რამ იყო.

– უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად პატარა სიურპრიზი მომიწყვეთ, – განაგრძო ჰოლმსმა. – არაფრით არ ვიფიქრებდი, თუ თვითონვე მოინდომებდით ამ უკაცრიელი სახლისა და ფანჯრის გამოყენებას. მართლაც, ძალიან მოხერხებული კია ორივე. მეგონა, რომ თქვენ ქუჩიდან იმოქმედებდით, სადაც ჩემი მეგობარი ლესტრეიდი თავისი თანაშემწეების თანხლებით გელოდათ. ამ დეტალის გარდა ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გავიაზრე.

პოლკოვნიკი მორანი ლესტრეიდს მიუბრუნდა:

– არ ვიცი, გაქვთ თუ არა ჩემი დაპატიმრების რაიმე საფუძველი, მაგრამ მე აღარ შემიძლია ამ ვაჟბატონების ქირდვის ატანა. თუ კანონის ხელში ვარ, ყველაფერი კანონიერების ფარგლებში მოხდეს.

– ეს, მართლაც, სამართლიანი სიტყვაა, – შენიშნა ლესტრეიდმა. – ვიდრე აქედან წავიდოდეთ, დაგრჩათ კიდევ რაიმე სათქმელი, მისტერ შერლოკ ჰოლმს?

ჰოლმსმა იატაკიდან აიღო უზარმაზარი საჰაერო თოფი და მექანიზმის სინჯვას შეუდგა.

– დიდებული და ამასთანავე ერთადერთი თოფია! – თქვა მან. – ისვრის უხმაუროდ და გამანადგურებელი ძალა გააჩნია. მე ვიცნობი ბრმა მექანიკოსს, გერმანელ ფონ ჰერდერს, რომელმაც ეს თოფი განსვენებულ პროფესორ მორიარტის დაკვეთით დაამზადა. აი, უკვე მრავალი წელია, რაც ვიცი ამ თოფის არსებობა, მაგრამ არასოდეს არ მქონია შემთხვევა, რომ ხელში ამეღო. განსაკუთრებით გირჩევთ, ლესტრეიდ, ყურადღება მიაქციოთ თოფსა და მის ტყვიებს.

– ფიქრი ნუ გაქვთ, მისტერ ჰოლმს, უყურადღებოდ არ დავტოვებთ, – თქვა ლესტრეიდმა, როცა ყველა იქ მყოფი კარისაკენ დაიძრა. – სულ ეს არის?

– დიახ. თუმცა, მინდოდა მეკითხა, რა ბრალდებას წაუყენებთ დამნაშავეს?

– როგორ, თუ რა ბრალდებას, სერ? რაღა თქმა უნდა, შერლოკ ჰოლმსის მოკვლის ცდას.

– ო, არა, ლესტრეიდ, ამ საქმეში გარევა სრულებით არ მინდა. პოლკოვნიკ მორანის დაპატიმრების პატივი მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. გილოცავთ, ლესტრეიდ! თქვენთვის დამახასიათებელი შორსმჭვრეტელობისა და სიმამაცის შერწყმის წყალობით, ბოლოს მაინც შეძელით ამ კაცის შეპყრობა.

– მერე, ვინ არის ეს კაცი, მისტერ ჰოლმს?

– ის, ვისაც ამაოდ ეძებდა მთელი პოლიცია, პოლკოვნიკი სებასტიან მორანი, რომელმაც გასული თვის ოცდაათ რიცხვში პარკ-ლეინის №427 სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან საჰაერო თოფის ტყვიით განგმირა სერ რონალდ ადერი. აი, რა უნდა დაედოს ბრალად, ლესტრეიდ… ახლა კი, უოტსონ, თუ ტყვიით გახვრეტილი ფანჯრიდან შემოჭრილი გამჭოლი ქარისა არ გეშინიათ, ერთი ნახევარი საათი ჩემს ოთახში დავსხდეთ და სიგარები მოვწიოთ – იმედი მაქვს ეს ცოტა გაგართობთ.

მაიკროფტ ჰოლმსის მეთვალყურეობისა და მისის ჰადსონის უშუალო ზრუნვის წყალობით ჩვენს უწინდელ ბინაში არაფერი არ შეცვლილიყო. მართალია, შესვლისას გამაკვირვა უჩვეულო სიკოხტავემ, მაგრამ ყველა ნაცნობი ნივთი თავის ადგილზე დაგვხვდა. “ქიმიის კუთხეში” მწვავე სიმჟავეებისაგან დალაქული ფიჭვის სკამი ისევ უწინდებურად იდგა. თაროზე ძველებურად ელაგა გაზეთებიდან ამოჭრილი ცნობების უზარმაზარი ალბომები და ცნობარები, რა სიამოვნებით ისროდა ცეცხლში ყოველ მათგანს მრავალი ჩვენი თანამემამულე! უთვალავი ჩიბუხით გაჭედილი პატარა თარო, დიაგრამები, ვიოლინო თავის ბუდიანად, სპარსული ფეხსაცმელიც კი, ჰოლმსი რომ სათუთუნედ იყენებდა – ყველაფერი ხელახლა ჩვენს თვალწინ იყო. ოთახში ორნი დაგვიხვდნენ: ჯერ ერთი, მისის ჰადსონი, რომელიც მხიარული ღიმილით შემოგვეგება, მეორე მანეკენი, რომელმაც იმღამინდელ ამბებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ჩემი მეგობრის ორეული, შეღებილი ცვილის ბიუსტი, დამზადებული იყო არაჩვეულებრივი ხელოვნებით და განსაცვიფრებლად მიაგავდა ორიგინალს. იგი დაბალ პატარა მაგიდაზე იდგა და ისე ოსტატურად იყო შენიღბული ჰოლმსის ხალათით, რომ თუ კაცი ქუჩიდან შემოიხედავდა, სრული ილუზია იქმნებოდა.

– მგონი, ყველა ჩემი მითითება ზუსტად შეასრულეთ, მისის ჰადსონ? – ჰკითხა დიასახლისს ჰოლმსმა.

– მუხლებზე ხოხვით ვუახლოვდებოდი, სერ, როგორც თქვენ მიბრძანეთ.

– ჩინებულია. ყველაფერი ისე გააკეთეთ, უკეთესად არ შეიძლებოდა. შენიშნეთ, სად მოხვდა ტყვია?

– დიახ, სერ. თქვენს ლამაზ ბიუსტს თავში გაუარა და კედელს შეეჭყლიტა. ნოხზე ეგდო. ინებეთ.

ჰოლმსმა ტყვია მე გამომიწოდა.

– რევოლვერის მსუბუქი ტყვია გახლავთ – ნახეთ, უოტსონ. ეს ხომ პირდაპირ გენიალურია! აბა, ვინ იფიქრებდა, რომ საჰაერო თოფით შესაძლებელი იქნებოდა ასეთი ტყვიის გასროლა? ჩინებულია, მისტერ ჰადსონ, გმადლობთ დახმარებისათვის… ახლა, უოტსონ, ძველებურად თქვენს ადგილზე მოკალათდით. რამდენიმე საკითხი მინდა თქვენთან ერთად გავარკვიო.

გაცვეთილი სერთუკი გადააგდო, თავის ორეულს რუხი ფერის ხალათი მოხსნა, თვითონ მოიხურა და ჩემს თვალწინ ისევ უწინდელი ჰოლმსი წარმოდგა.

– ძველ მონადირეს ისეთივე მაგარი ნერვები შერჩა და თვალიც ისევე საიმედოდ უჭრის, – თქვა მან სიცილით, როცა ცვილის ფიგურის გახვრეტილ შუბლს ათვალიერებდა, – შიგ შუაგულ კეფაში კი მოუხვედრებია ტყვია და ტვინიც გაუხვრეტია. მორანი სწორუპოვარი მსროლელი იყო ინდოეთის ჯუნგლებში, და ვფიქრობ, არც ლონდონში ეყოლება ბევრი მეტოქე. გაგიგონიათ უწინ ოდესმე მისი სახელი?

– არა, არასოდეს.

– თქვენ, როგორც მახსოვს, ისიც აღიარეთ, რომ არ გაგიგონიათ თვით პროფესორ ჯეიმს მორიარტის სახელი, ის კი ჩვენს საუკუნეში უდიდესი გონების ადამიანი გახლდათ. გთხოვთ, თაროდან ჩამოიღოთ ბიოგრაფიული საძიებელი…

ჰოლმსი მოხერხებულად მოეწყო სავარძელში, პაპიროსს ექაჩებოდა და თან ზანტად ფურცლავდა წიგნს.

– “მანზე” ბრწყინვალე კოლექცია მაქვს, – წამოიწყო ჰოლმსმა. – მარტო მორიარტი იკმარებდა, რომ ესახელებინა რომელიც გნებავთ ასო, აქ კი მას ემატება მორგანი – მომწამვლელი, მერიდიუ, რომელმაც საზარელი ხსოვნა დატოვა, მეტიუზი – სწორედ ის, რომელმაც ჩარინგ-კროსის სადგურზე მოსაცდელ დარბაზში მარცხენა ღოჯი გამიტეხა. დაბოლოს, ეს ჩვენი დღევანდელი მეგობარი.

წიგნი გამომიწოდა და შემდეგი სტრიქონები წავიკითხე:

“მორანი სებასტიან, გადამდგარი პოლკოვნიკი. მსახურობდა მესანგრეთა პირველ ბენგალორის პოლკში. დაიბადა ლონდონში 1840 წელს. შვილი ოგესტესე მორანისა, აბანოს ორდენის კავალერისა და ინგლისის ყოფილი ელჩისა სპარსეთში. დაამთავრა იტონის კოლეჯი და ოქსფორდის უნივერსიტეტი. მონაწილეობდა მეკავშირედ ჯოკავის, ავღანეთის, ჩარასიაბის, შერპურის და ქაბულის ექსპედიციებში. ავტორი წიგნებისა: “მსხვილ მხეცებზე ნადირობა დასავლეთ ჰიმალაებში” (1881) და “სამი თვე ჯუნგლებში” (1884). მისამართი: კონდუიტსტრიტი. კლუბები: ინგლის-ინდოეთისა, ტენკერვილისა და ბაგატელისა”.

– უცნაურია, – ვთქვი მე და ჰოლმსს წიგნი დავუბრუნე. – კაცი იფიქრებდა, რომ ამ კაცის გზა პატიოსანი ჯარისკაცის გზა იქნებოდა.

– თქვენ მართალი ხართ, – მიპასუხა ჰოლმსმა. – გარკვეულ დრომდე ცუდი არაფერი ჩაუდენია. ეს იყო რკინის ნერვებიანი კაცი, ინდოეთში დღემდე დადის ლეგენდა იმაზე, თუ როგორ გახოხდა მდინარის მშრალ კალაპოტში, კლანჭებიდან გამოგლიჯა დაჭრილ ვეფხვს ადამიანი და უეჭველი სიკვდილისაგან დაიხსნა. არსებობს ისეთი ხეები, უოტსონ, რომლებიც გარკვეულ სიმაღლემდე ნორმალურად იზრდებიან და უეცრად ნორმიდან რაღაც მახინჯურად გადაიხრებიან. ხშირად ასე ემართებათ ადამიანებსაც. ჩემი თეორიის თანახმად, ყოველი ინდივიდუმი თავის განვითარებაში იმეორებს თავისი წინაპრების განვითარების ისტორიას, და მე ვთვლი, რომ ყოველი მოულოდნელი გადახრა სიკეთის ან ბოროტებისაკენ დამოკიდებულია რომელიმე ძლიერ ზეგავლენაზე, რომლის საწყისი ადამიანის საგვარეულო ნუსხაში უნდა ვეძიოთ. მაშასადამე, მისი ბიოგრაფია მთელი ოჯახის ბიოგრაფიის რაღაც მინიატურული გამეორებაა.

– აი, ეს თეორია კი რამდენადმე ფანტასტიკურია.

– რა გაეწყობა, ნათქვამს არ ჩავეჭიდები. რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, მთავარი ისაა, რომ პოლკოვნიკი მორანი ცუდ გზას დაადგა. ყოველგვარი გახმაურებული აურზაურის გარეშე ინდოეთში იმდენად აიმხედრა ზოგი ვინმე, რომ იქ მისი დარჩენა შეუძლებელი შეიქმნა. სამსახურიდან გადადგა, ლონდონში ჩამოვიდა და აქაც გაიტეხა სახელი. აი, მაშინ აღმოაჩინა ის პროფესორმა მორიარტიმ, და მორანი მისი მარჯვენა ხელი გახდა. მორიარტი მას უხვად ამარაგებდა ფულით, დახმარებას კი იშვიათად სთხოვდა. მას ისეთ განსაკუთრებით ძნელ საქმეებს ავალებდა, რომელთა შესრულება ჩვეულებრივ დამნაშავეს გაუჭირდებოდა. იქნებ გახსოვთ მისის სტიუარტ ლაუდერელის უცნაური სიკვდილი 1887 წელს? არა? ვფიქრობ, ამ საქმეს უმორანოდ არ ჩაუვლია, თუმცა მის წინააღმდეგ არავითარი გარკვეული სამხილი არ წამოუყენებიათ. პოლკოვნიკი ისე მოხერხებულად ფარავდა დანაშაულის კვალს, რომ იმის შემდეგაც კი, რაც მორიარტის მთელი ბრბო გაფანტეს, ჩვენ კიდევ ვერ მოვახერხეთ მისი სამსჯავრო სკამზე დასმა.

გახსოვთ, უოტსონ, ის საღამო, თქვენთან რომ მოვედი და დარაბები მივხურე. მაშინ საჰაერო თოფის ტყვიისა მეშინოდა. თქვენ ჩემი საქციელი უცნაურად მოგეჩვენათ, მაგრამ მე ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი, რადგან ჩემთვის უკვე ცნობილი იყო ამ შესანიშნავი თოფის არსებობა და ამას გარდა ვიცოდი, რომ ეს თოფი ხელთა აქვს ერთ ყველაზე უფრო დახელოვნებულ ჩუბინს. როცა მე და თქვენ შვეიცარიაში გავემგზავრეთ, მორანი მორიარტისთან ერთად დაგვედევნა და სწორედ მას უნდა ვუმადლოდე იმ არასასიამოვნო წუთებს, რომლებიც რაიხენბახის ჩანჩქერის თავზე წოლისას კლდის ნაპრალში განვიცადე.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ხარბად ვკითხულობდი ინგლისურ გაზეთებს, როცა საფრანგეთში ვიყავი: იმედი მქონდა ოდესმე ვიპოვნიდი რაიმე შესაძლებლობას, რომ ეს ბოროტმოქმედი ოთხ კედელს შორის მომექცია. თავად განსაჯეთ: ვიდრე ის თავისუფლად დანავარდობდა, ლონდონში დაბრუნებაზე ფიქრიც კი არ შემეძლო. დღედაღამ სიკვდილის მუქარა ნისლავდა ჩემს ცხოვრებას, მორანს ადვილად შეეძლო ეპოვნა შემთხვევა და მოვეკალი. რა უნდა მექნა? მისი ტყვიით მოკვლა მე არ შემეძლო. ასე ხომ თვითონ აღმოვჩნდებოდი ბრალდებულის სკამზე! სასამართლოში საქმის აღძვრაც უსარგებლო ოცნება იყო. სასამართლოს უფლება არა აქვს მარტოოდენ დაუსაბუთებელი ეჭვის საფუძველზე აღძრას საქმე, ხოლო საბუთები მე არა მქონდა. ასე რომ, უძლური ვიყავი რაიმე მეღონა. ერთიღა მრჩებოდა – დაუღალავად მედევნებინა თვალი დანაშაულობათა ქრონიკისათვის, რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან მის შეპყრობას ამ გზით მოვახერხებდი.

სწორედ ამ დროს ვერაგულად მოკლეს რონალდ ადერი და ჩემი დროც დადგა! იოტისოდენი ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ ის კაცი სწორედ პოლკოვნიკმა მორანმა მოკლა! იგი ბანქო ეთამაშა ყმაწვილს კაცს, კლუბიდან ფეხდაფეხ მიჰყვა და საჰაერო თოფიდან ნასროლი ტყვიით სიცოცხლეს გამოასალმა. ახლა ტყვიაც კმაროდა სამხილად, რომ პოლკოვნიკი მორანი სახრჩობელაზე გაეგზავნათ. მაშინვე ლონდონში გავჩნდი. პოლკოვნიკის მზვერავმა მნახა და, რა თქმა უნდა, თავის ბატონს ეს ამბავი მყისვე შეატყობინა. მორანს არ შეეძლო არ დაეკავშირებინა ჩემი უეცარი ჩამოსვლა თავის დანაშაულთან და შეშფოთდა. დარწმუნებული ვიყავი, ეცდებოდა გზიდან ჩამოვეცილებინე, რისთვისაც უეჭველად თავის მომაკვდინებელ იარაღს გამოიყენებდა. ამიტომ დავუმზადე ჩემი კაბინეტის ფანჯარაში მისატყუებელი სამიზნე და პოლიციაც გავაფრთხილე, რომ შეიძლებოდა მათი დახმარება დამჭირებოდა. თქვენ თვითონ გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენი სახლის მისასვლელში ორი პოლისმენი შენიშნეთ. ამის შემდეგ, სათვალთვალოდ ავირჩიე ის უკაცრიელი სახლი, რადგან თვალყურის სადევნებლად მოხერხებული მეჩვენა. მაგრამ, სწორი გითხრათ, ის კი არ დამსიზმრებია, რომ ჩემი მოწინააღმდეგეც თავდასხმისათვის იმავე ადგილს აირჩევდა. აი, ყველაფერი, ძვირფასო უოტსონ. ახლა, მგონი, თქვენთვის ყველაფერი ნათელია?

– არა, – ვუპასუხე მე. – ჯერ კიდევ არ გითქვამთ, რისთვის დასჭირდა პოლკოვნიკ მორანს სერ რონალდ ადერის მოკვლა.

– აი, აქ კი, ჩემო მეგობარო, ჩვენ ვარაუდებს უნდა მივმართოთ. ყველა ადამიანს შეუძლია მოცემული ფაქტების მიხედვით შექმნას საკუთარი ჰიპოთეზა, და შეიძლება მისი მოსაზრება გამართლდეს და არა ჩემი.

– მაშ, თქვენი ჰიპოთეზა უკვე შექმნილია?

– ჰო, ჩემი აზრით, მოცემული ფაქტების ახსნა არც ისე ძნელია. ძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის წინ პოლკოვნიკმა მორანმა და ახალგაზრდა ადერმა, რომლებიც პარტნიორები იყვნენ, საგრძნობი თანხა მოიგეს. მაგრამ მორანი, უდავოა, პატიოსნად არ თამაშობდა. მე დიდი ხანია ვიცოდი, რომ იგი შულერი იყო. იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა, ადერმა უეჭველად შენიშნა მორანის ეშმაკობა. ადერი ალბათ პირისპირ ელაპარაკა პოლკოვნიკს და დაემუქრა, რომ, თუ იგი ნებაყოფლობით არ გავიდოდა კლუბის წევრობიდან და სიტყვას არ მისცემდა, რომ სამუდამოდ აიღებდა ხელს თამაშზე, ადერი მას ამხელდა. ისეთი ყმაწვილი, როგორიც რონალდ ადერი იყო, ერთბაშად საჯაროდ არ ახლიდა პირში თავისზე უფროს კაცს ასეთ სკანდალურ ბრალდებას, მით უმეტეს, რომ მორანს საზოგადოებაში თვალსაჩინო ადგილი ეჭირა. საფიქრებელია, რომ იგი პოლკოვნიკს ცალკე, მოწმეების გარეშე მოელაპარაკა. მაგრამ მორანისათვის, რომელიც მხოლოდ იმ ფულით ცხოვრობდა, რის შოვნასაც შულერობით ახერხებდა, კლუბიდან გარიცხვა გაკოტრებას ნიშნავდა. ამიტომაც ადგა და მოკლა ადერი, და მოკლა იმ დროს, როცა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც არ სურდა გამხდარიყო უპატიოსნო გზით ნაშოვნი ფულის თანამოზიარე, ანგარიშობდა, რა თანხა უნდა დაებრუნებინა თითოეული დაზარალებულისათვის. იგი ოთახში ალბათ იმ მიზნით ჩაიკეტა, რომ დედას და დას არ წაესწროთ და გამოკითხვით არ შეეწუხებინათ, რას ნიშნავდა, ან იმდენი ჩამოწერილი სახელი, ანდა მონეტების სვეტები, მაგიდაზე რომ იყო დახროვილი… აბა, რას იტყვით, ჰგავს თუ არა სიმართლეს ჩემი განმარტება?

– დარწმუნებული ვარ, რომ ყოველივე სწორედ ასეა.

– ძიება გვიჩვენებს, მართალი ვარ, თუ არა. ასე თუ ისე, პოლკოვნიკი მორანი მეტად აღარ შეგვაწუხებს. ფონ ჰერდერის სახელგანთქმული საჰაერო თოფი სკოტლენდ-იარდის მუზეუმის კოლექციას დაამშვენებს, ხოლო მისტერ შერლოკ ჰოლმსს იმ პატარა საინტერესო გამოცანების ამოხსნაში, რომლებითაც ასე მდიდარია ლონდონის რთული ცხოვრება, ამიერიდან ხელს ვეღარავინ შეუშლის.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა