ართურ კონან დოილიდეტექტივიმოთხრობა

ბოჰემიაში მომხდარია აურზაური

ჰოლმსისათვის ის მუდამ ჭეშმარიტი ქალი იყო. არ მახსოვს, იგი სხვა რამ სახელით ეხსენებინოს. მისი აზრით, აირენ ადლერი მთელ საქალეთში ყველას ჩრდილავდა და ყველაზე მაღლა იდგა. უყვარდა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ყველა გრძნობა და მათ შორის სიყვარული, ჰოლმსის დარბაისლურ, ზუსტ აზროვნებასა და ცივ გონებას ახლოსაც არ ეკარებოდა. არ შევცდები, თუ ვიტყვი, ჰოლმსი გახლდათ ყველაზე ყურადღებიანი, დაკვირვებული და ჭკუადამჯდარი მანქანა, რომელიც კი ოდესმე ამქვეყნად შექმნილა. შეყვარებული ჰოლმსი მე ვერ წარმომიდგენია. და ალბათ, ამ როლში იგი ძალიან ყალბი იქნებოდა. იგი უზენაესსა და სათუთ გრძნობებზე მხოლოდ დაცინვითა და მასხრობით ლაპარაკობდა. მისი აზრით, ასეთი გრძნობები წარმოადგენდა მხოლოდ შორიდან დამკვირვებელთა შესწავლის საგანს, რომელიც ადამიანთა მოქმედების უჩინარ ხლართებს ჩამოაცილებდა იდუმალ საფარველს და ნათელს მოჰფენდა ამ მოქმედებათა აღმძვრელ მოტივებს. მაგრამ თუ გამოცდილი და ჭკუადამჯდარი ადამიანი ამ გრძნობებს საკუთარ სულში დაბუდების საშუალებას მისცემდა, ამით ნებაყოფლობით გაუხსნიდა გზას დამანგრეველ ძალებს თავის აღუშფოთველ გონებრივ სამყაროში. სხეულში შეჭრილი ასეთი გრძნობა უფრო დამანგრეველი ძალისაა, ვიდრე მგრძნობიარე ინსტრუმენტში მოხვედრილი ქვიშა, ან უზარმაზარ სარკეზე გაჩენილი ბზარი. მიუხედავად ამისა, არსებობდა ერთადერთი ქალი და ისიც მეტად საეჭვო ყოფაქცევისა – აწ გარდაცვლილი, აირენ ადლერი, რომლისადმი შენამსჭვალებიც აღმოჩნდა ჩემი კეთილი მეგობარი.

ჰოლმსს ბოლოს დროს იშვიათად ვხვდებოდი ხოლმე. ჩემმა ქორწინებამ ერთმანეთს დაგვაშორა. პირადმა ბედნიერებამ, აგრეთვე იმ ინტერესებმა, რომელიც კაცის დაოჯახებისთანავე იჩენს თავს და მისი ბატონ-პატრონი შეიქმნება, ერთბაშად შთანქთა მთელი ჩემი ყურადღება. ბოჰემურ ცხოვრებას ჩვეული ყოლმსი, საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველი ფორმის მოძულე გახლდათ და ისეთადვე დარჩა. ძველ წიგნებში ჩაფლული ჩემი მეგობარი ისევ ბეიკერსტრიტზე ცხოვრობდა. კვირიდან კვირამდე კოკაინის ცთუნებას აყოლილი, პატივმოყვარეობის შემოტევას ნარკოტიკული საშუალებებით იგერიებდა და თავის არაადამიანურ, უხვ ენერგიასა და ძლიერ ბუნებას ალკოჰოლით იჩლუნგებდა. იგი უწინდებურად საგამომძიებლო საქმეებით იყო გატაცებული. თავის უდიდეს ძალასა და არაჩვეულებრივ დაკვირვების უნარს ისევ იმ დახლართული, აწეწილ-დაწეწილი და ბნელით მოცული საქმეების გახსნას და სააშკარაოზე გამოტანას ახმარდა, ოფიციალური პოლიციის მიერ უიმედო “მკვდარ საქმეებად” რომ იყო მიჩნეული. დრო და დრო ჩემამდე აღწევდა მონაჭორი თუ მართალი ამბები მის საქმიანობაზე. მითხრეს, ვინმე ტრეპოვის მკვლელობის საქმეზე ჰოლმსი ოდესაში მიიწვიესო. მანვე მოჰფინა შუქი ტრიკომალელი ძმების – ატკინსონების საქმეს; დაბოლოს, გავიგე ჰოლანდიის სამეფო კარზე მომხდარი ამბავი, რომელიც ჰოლმსმა დიდის გულმოდგინებითა და საქმის ცოდნით გამოიკვლია. გარდა ყოველდღიურ პრესაში გამოქვეყნებული ცნობებისა, მე ძალიან ცოტა რამ ვიცოდი ჩემი ყოფილი მეგობრისა და კომპანიონის ცხოვრებისეულ წვრილმანებზე.

1888 წელს ოც მარტს ერთი ავადმყოფი მოვინახულე და უკან ვბრუნდებოდი. ამ დროს უეცრად შევნიშნე, რომ გზად ბეიკერსტრიტზე უნდა გამევლო. თვალი მოვკარი თუ არა კარგად ნაცნობ კარს, წამსვე გამახსენდა ჩემი დაქორწინებისა და “ალისფერი კვალის” შავბნელი ამბავი, თანაც დაუძლეველი სურვილი დამეუფლა, მენახა ჩემი მეგობარი და გამეგო, იმჟამად რა თავსატეხი ამოცანის გადაწყვეტაზე მუშაობდა. მისი გაჩახჩახებული სამუშაო ოთახიდან სინათლის შუქი უხვად იღვრებოდა და მე ორჯერ მოვკარი თვალი ფანჯარაში ჩემი მეგობრის მაღალ. გამხდარ სილუეტს. მხრებში თავჩარგულ ჰოლმსს ხელები უკან შემოეწყო და გამალებული ბოლთასა სცემდა. მე, რომელმაც კარგად ვიცოდი მისი ჩვევები და ხასიათის თავისებურებანი, მაშინვე მივხვდი, რომ იგი, იმ წამს, რაღაც დახლართული საქმის კვანძის გამოხსნაზე ფიქრობდა. ახალმა ამოცანამ, ეტყობა, აიძულა გამაბრუებელი საშუალებებისათვის თავი მიენებებინა და ბუნებით ფხიზელი გონება ვინმეს სასიკეთოდ აემუშავებინა. ზარი დავრეკე და შემიშვეს იმ ოთახში, რომელიც ოდესღაც, ნაწილობრივ, ჩემიც გახლდათ.

ჰოლმსი ხმამაღალი შეძახილებითა და სიხარულის ცრემლთა ფრქვევით არ შემომგებებია. ამდაგვარ რამეს იგი ძალიან იშვიათად სჩადიოდა, მაგრამ მე აშკარად შევნიშნე, რომ ჩემმა დანახვამ გაახარა. კეთილი მზერით უსიტყვოდ მანიშნა, სავარძელში მოიკალათეო, სიგარების ყუთი ჩემს სიახლოვეს მოაჩოჩა და ღვინო შემომთავაზა. მერე ცეცხლის წინ დადგა და თავისი მახვილი მხერა მომაპყრო.

– ცოლის შერთვა მოგხდენიათ, უოტსონ. – მითხრა ჰოლმსმა, – მგონი, ქორწინების მერე, ერთი შვიდ-ნახევარი გირვანქა მაინც მტგიმატებიათ წონაში.

– შვიდი გირვანქა და არც ერთი მისხალი მეტი, – ვუპასუხე მე.

– მართლა? მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ შვიდ გირვანქაზე მეტი უნდა გქონდეთ მომატებული, უოტსონ. როგორც ვხედავ, პრაქტიკისათვისაც კვლავ მოგიკიდნიათ ხელი. თქვენ ჩემთვის არ გითქვამთ, რომ ასეთ დაძაბულ შრომაში აპირებდით ჩაბმას.

– საიდან გაქვთ ასეთი ინფორმაცია?

– მე რასაც ვხედავ, დასკვნები იქიდან გამომაქვს. აბა, საიდან უნდა ვიცოდე, რომ თქვენ ამას წინათ კარგა მაგრად დასველდით, რომ ძალიან უდარდელი და ჭრიჭინობელასავით უზრუნველი მსახური გოგო გყავთ?

– ეს კი მეტისმეტია, ძვირფასო ჰოლმს. თქვენ რომ ამ რამდენიმე საუკუნის წინათ გეცხოვრათ, ალბათ ჯადოქრობისათვის, ერეტიკოსივით დაგწვავდნენ კოცონზე. მართლაც, წარსულ ხუთშაბათს ქალაქგარეთ ვიყავი და მაგრადაც დავსველდი, მაგრამ ტანსაცმელი მთლიანად გამოვიცვალე და საიდან რა შემატყვეთ, ვერაფერი გამიგია. რაც შეეხება მერი ჯეინს, იგი მართლაც ზარმაცი და უქნარაა. ცოლმა გააფრთხილა კიდეც, გაგაგდებო. უნდა გითხრათ, რომ თქვენმა მიხვედრილობამ მაინც ძალიან გამაოცა.

ჰოლმსმა ჩაიცინა და თავისი გრძელი, ნერვულად მოცახცახე ხელები ერთმანეთს მაგრად გადააჭდო.

– აბა, რა მიხვედრა უნდა, ძვირფასო უოტსონ, თუ ჩემი საკუთარი თვალითა ვხედავ, რომ თქვენი მარცხენა ფეხსაცმელი, სწორედ იქ, სადაც სინათლის სხივი ეცემა, შიგნითა მხარეს ექვს ალაგასაა პარალელურად გაკაწრული. ცხადია, ეს განაკაწრები იმ ადამიანის დაუდევრობის ბრალია, ვინც ფეხსაცმელს ზედმიმხმარი ტალახი მოაცილა. აქედან მე ორმაგი დასკვნა გამოვიტანე. პირველი, რომ თქვენ წვიმიან ამინდში იყავით ქალაქგარეთ და მეორე, – ზარმაცი და უქნარა მსახური გყავთ. რაც შეეხება თქვენს სამედიცინო პრაქტიკას, როდესაც ჩემს ოთახში იოდიფორმის სურნელით გაჟღენთილი მამაკაცი შემოვა, რომელსაც მარჯვენა საჩვენებელ თითზე ტუტის შავი ლაქა ეტყობა, და სტეტესკოპისაგან ოდნავ გამობერილი ცილნდრი ახურავს, შტერი უნდა ვიყო, რომ ვერ მივხვდე, ჩემ წინ ექიმია-მეთქი.

თავი ვერ შევიკავე და გულიანად გამეცინა, ამ უბრალო ახსნა-განმარტებასა და დასკვნებზე.

– რლდესაც თქვენს დასკვნებს გადმომცემთ, ყოველივე ისე უბრალოდ მეჩვენება, რომ ვფიქრობ, ამას მეც მივხვდები-მეთბი. მაგრამ ყოველი ახალი შემთხვევის დროს, წინასწარ ვერაფერს ვხვდები და თქვენი დასკვნები, თითქოს თავზარს მცემს, თუმცა ამიხსნით თუ არა, როგორ მიხვედით ამ დასკვნამდე, ყველაფერი კვლავ ძალზე იოლად მეჩვენება. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ თვალი და მხედველობა თქვენზე ნაკლები როდი მაქვს.

– სრულიად მართალი ბრძანდებით, – მიპასუხა ჰოლმსმა, სიგარეტი მოქაჩა და სავარძლიდან წამოიწია. – თქვენ ყოველივეს ხედავთ, მაგრამ არ აკვირდებით. მხოლოდ ეს განგვასხვავებს ერთმანეთისაგან. მაგალითად, თქვენ ალბათ ხშირად გინახავთ კიბე, რომელიც ამ ოთახს ამოუყვება?

– დიახ.

– მაინც რამდენჯერ.

– ალბათ, ათასჯერ და მეტჯერაც.

– აბა, მითხარით, რამდენი საფეხური აქვს ამ კიბეს?

– ვერ გეტყვით.

– ვერ მეტყვით, იმიტომ რომ არ დაკვირვებიხართ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე გინახავთ ეს კიბე. სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული. მე კი გეტყვით, რომ ჩვიდმეტი საფეხურია, რადგან არა მარტო მინახავს, არამედ დავკვირვებივარ კიდეც. თუმცა, თქვენც გაინტერესებთ ხოლმე ისეთი პატარ-პატარა პრობლემები, რომელთა აღწერითაც თავი შეიწუხეთ და გამოაქვეყნეთ კიდეც. ამიტომ თქვენთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ეს წერილი. – თქვა ესა და ჰოლმსმა მაგიდაზე დაგდებული, ვარდისფერი, სქელი ბარათი აიღო და გადმომიგდო, – ახლახან მივიღე, – მითხრა და მთხოვა, წერილი ხმამაღლა წამეკითხა.

წერილი უთარიღო, უადრესატო და ხელმოუწერელი იყო. “დღეს საღამოთი რვა საათსა და თხუთმეტ წუთზე, – იუწყებოდა ბარათი, – თქვენთან ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე საკონსულტაციოდ მოვა ერთი ჯენტლმენი. ის დახმარება და სამსახური, რაც თქვენ ამ ცოტა ხნის წინათ გაუწიეთ ევროპის ერთ-ერთ მეფური წარმოშობის ოჯახს, სრულ საფუძველს იძლევა, რომ მოგანდოთ ფრიად საიდუმლო და საყურადღებო საქმე. სადაც კი არ გავიკითხ- გამოვიკითხე, ყველამ დადებითად დაგახასიათათ. დანიშნული დროისათვის შინ დამხვდით და ცუდს ნურაფერს გაიფიქრექთ, თუ თქვენი სტუმარი ნიღაბაფარებული გამოგეცხადებათ”.

– ეს მართლაც საიდუმლოებით მოცული ამბავი უნდა იყოს, – ვთქვი მე, – თქვენ რას ფიქრობთ, ჰოლმს?

– ჯერჯერობით დასკვნებისათვის არავითარი მონაცემები არ გამაჩნია. პრაქტიკას მოწყვეტილი თეორია მუდამ განწირული და შემცდარია. ასეთ დროს ადამიანი ისეთ ფაქტებს დაეძებს, რომლებიც მის თეორიას განამტკიცებს, იმის ნაცვლად, რომ ფაქტებზე ააგოს თავისი ნააზრევი. თუმცა, წერილი თავისთავად ფაქტია. რა დასკვნები შეგიძლიათ გააკეთოთ ამ ბარათიდან?

– მე ძალიან გულდასმით დავათვალიერე ქაღალდიცა და თვითონ ბარათიც. წერილის დამწერი მდიდარი კაცი უნდა იყოს, – წამოვიწყე მე, გამახსენდა რა ჩემი მეგობრის დედუქციური მეთოდი, – ასეთი მკვრივი და მტკიცე ქაღალდის ფურცელი ნახევარი კრონი მაინცა ღირს…

– განსაკუთრებული და თავისებურია, – შემაწყვეტინა ჰოლმსმა, – ეს ინგლისური ქაღალდი არაა. აი, მიიტანეთ და სინათლესთან გასინჯეთ.

ბარათი სინათლესთან მივიტანე თუ არა, მთავრული ასოები “ე” და პატარა “ჯ” შევნიშნე, კარგად რომ დავაკვირდი, კიდევ აღმოვაჩინე “პ”, მთავრული “ჯ” და პატარა “ტ”.

– რა დასკვნა შეგიძლიათ გამოიტანოთ? – მკითხა ჰოლმსმა.

– ალბათ ქაღალდის გამკეთებელი ფაბრიკის მეპატრონის გვარი ან მისი მონოგრამა იქნება, – ვუპასუხე მე.

– თქვენ შეცდით, უოტსონ! დიდი “ჯ” პატარა “ტ”-სთნა გერმანული სიტყვა – პუთუდდთსრფაე-ია და კომპანიას ნიშნავს. ეს იგივეა, როგორც ჩვენი ქაღალდის აღმნიშვნელი სწყ ზყახლა უნდა ამოვხსნათ: “ე” და “ჯ”. აბა, ჩვენს საკონტინენტთაშორისო ცნობარს გადავხედოთ. – ეს თქვა და ჰოლმსმა თაროდან ყავისფერ ლედერინგადაკრული მძიმე ტომი ჩამოიღო. “უპუკშფ” – ბოჰემიაში ეს ის ადგილია, სადაც გერმანულად ლაპარაკობენ, კარლსბადთან ახლოს. ვალენშტაინის სიკვდილის ადგილი განთქმულია მინისა და ქაღალდის ფაბრიკა-ქარხნებით. აბა, ჩემო ბიჭუნი, რა დასკვნები შეგიძოიათ გამოიტანოთ ყოველივე ამოკითხულიდან. – ჰოლმსს თვალები უბრწყინავდა და სიგარეტის ბოლი გამარჯვებული, მოხეიმე კაცის იერით გამოუშვა.

– ბოჰემიური ქაღალდია, – ვთქვი მე.

– რა თქმა უნდა. ბარათის დამწერი კი გერმანელი უნდა იყოს. აბა, ყურადღება მიაქციეთ ფრაზას “სადაც კი არ გავიკითხ-გამოკითხე, ყველამ დადებითად დაგახასიათათ”. მხოლოდ გერმანელს შეეძლო ასეთი ფრაზის დაწერა. ფრანგი და რუსი მშობლიურ ენასა და ზმნას ასე აგდებულად არ მოეპყრობოდა. ახლა გამოსარკვევი ისაა, რა უნდა სურდეს ჩვენგან იმ გერმანელს, რომელიც ბოჰემიურ ქაღალდზე წერს და ნიღაბაფარებული დადის. მგონი, ერთხელ ქუჩაში თვალი რომ მოვკარი, ის უნდა იყოს და ალბათ ყველაფერს დაწვრილებით გავიგებთ.

ქუჩიდან ცხენის ფლოქვების თქარათქური და ეტლის ზამბარათა ჭრიალი შემოგვესმა. მალე ვიღაცის ძლიერმა ხელმა ზარი გაბმულად დარეკა. ჰოლმსმა გაოცებით დაუსტვინა.

– თუ ფლოქვების თქარუნის მიხედვით განვსჯით, – წამოიწყო ჰოლმსმა, – წყვილცხენიანი ეტლი უნდა იყოს. – დიახ, – დაადასტურა მან თავისი ვარაუდი, როცა სარკმლიდან გაიხედა.

– მშვენიერ ეტლში ისეთი წყვილი ბედაურია შებმული, თითო ას ორმოცდაათი გინეა ეღირება. არარაობაა და მეტი არაფერი. ამბავს ძალიან საინტერესო პირი უჩანს და დასანანი იქნება, რომ უთქვენოდ ჩაიაროს…

– თქვენი კლიენტი…

– არა უშავს რა. იქნებ, მასაც და მეც დაგვჭირდეს თქვენი დახმარება.

– აი, მოდის კიდევ. სავარძელში მოიკალათეთ და ყური ისე მახვილად გეჭიროთ, რომ არაფერი გამოგეპაროთ.

ნელი, მძიმე ნაბიჯები სწორედ კარს წინ შეწყდა და მერე ხმამაღალი კაკუნის ხმა გაისმა.

– შემობრძანდით,- გასძახა ჰოლმსმა.

ოთახში ექვსი ფუტისა და ექვსი დუიმის სიმაღლის, ჰერკულესივით აღნაგობის მამაკაცი შემოვიდა. ტანზე ძალიან მდიდრულად ემოსა. თუმცა ინგლისში ეს ცუდი გემოვნების მაჩვენებელია. პალტოზე, სახელოებსა და საყელოზე ძვირფასი კრაველი ჰქონდა მოვლებული. მხრებზე წამოგდებულ, ლურჯი ფერის წამოსასხამს საყელოსთან ცეცხლისფერი აბრეშუმი უმშვენებდა და ბერილის ძვირფასი ქვით იყო შებნეული, მოკლეყელიანი, ძვირფასი ბეწვმოვლებული ჩექმები კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი გახლდათ, იმისა, რომ მთლიანად მის მორთულობასა და გარეგნულ ბრწყინვალებას ბარბაროსული იერი ახლდა. ხელთ ფართოკიდეებიანი ქუდი ეჭირა და თვალებზე შავი ნიღაბი ეფარა. ეტყობოდა, ნიღაბი ოთახში შემოსვლის წინ გაეკეთებინა, რადგან ხელის დაშვება ჯერ კიდევ ვერ მოესწრო. თუ სახის დაუფარავი ნაკვთების მიხედვით განვსჯიდით, სტუმარი ძლიერი ხასიათის ადამიანი უნდა ყოფილიყო. სქელი, წინ წამობურცული ტუჩები და გრძელი, სწორი ნიკაპი პატრონის მტკიცე, ურყევ და ჯიუტ ხასიათზე მეტყველებდა.

– მიიღეთ ჩემი ბარათი? – იკითხა მან დაბალი, უხეში ხმითა და მკაფიო გერმანული აქცენტით. – მე გაცნობეთ, რომ მოვიდოდი. – იგი ხან მე შემომცქეროდა, ხან ჰოლმსს, რადგან არ იცოდა, ვისთვის მიემართა.

– დაბრძანდით, გეთაყვა, – შესთავაზა სავარძელი ჰოლმსმა. – ეს ჩემი მეგობარი და კოლეგა დოქტორი უოტსონია. იგი ისეთი კეთილი ადამიანი გახლავთ, რომ ხშირად მეხმარება ხოლმე ძიებაში. თქვენ ვინ ბრძანდებით?

– თქვენ შეგიძლიათ მიწოდოთ გრაფი ფონ კრამი. ვიმედოვნებ, თქვენი მეგობარი პატივსაცემი და ნდობით აღჭურვილი პიროვნებაა, რომელსაც შეიძლება გავანდო ფრიად საყურადღებო ამბავი. წინააღმდეგ შემთხვევაში მირჩევნია მარტოს მოგელაპარაკოთ.

მე წასასვლელად წამოვიწიე, მაგრამ ჰოლმსმა ხელით კვლავ სავარძელში ჩამსვა:

– ან ორივეს გვითხარით სათქმელი, ანდა სრულიად ნურაფერს გვეტყვით. ამ ჯენტლმენის თანდასწრებით ისევე თავისუფლად შეგიძლიათ ილაპარაკოთ, როგორც მარტოდ მყოფთან.

გრაფმა განიერი მხრები აიჩეჩა.

– მაშინ ისღა დამრჩენია, გაგაფრთხილოთ, რომ ამბავი, რომელსაც ახლა გაგანდობთ, ორი წელი მაინც უნდა შეინახოთ საიდუმლოდ. ამ ხნის მერე მის გამჟღავნებას აღარავითარი აზრი აღარ ექნება. ახლა კი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა გითხრათ, რომ ამ ამბის გახსმიანებამ შეიძლება ევროპის ისტორიაზე თავისი გავლენა მოახდინოს.

– გაძლევთ პატიოსან სიტყვას, – წარმოთქვა ჰოლმსმა.

– მეც ასევე, – დავძინე მე.

– მაპატიეთ, რომ ნიღაბაფარებული გელაპარაკებით, – გვითხრა ჩვენმა უცნობმა სტუმარმა. – მისმა უდიდებულესობამ, ვისი სახელითაც მე ვმოქმედებ, მოისურვა, რომ მისი რწმუნებული უცნობი დარჩეს თქვენთვისაც. ამიტომ გულახდილად მინდა გითხრათ, რომ ის ტიტული, რომლითაც თავი წარმოგიდგინეთ, პირობითია.

– ეს ჩემთვის უკვე ცნობილია, – მშვიდად მიუგო ჰოლმსმა.

– მდგომარეობა ძალზე რთულია და ყოველმხრივ სიფრთხილე გვმართებს, რომ ამ ამბის გარშემო აურზაური არ ატყდეს და ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამეფო დინასტიას სახელი არ გაუტყდეს. ერთი სიტყვით, საქმე ეხება ბოჰემიის სამეფო ორმსტეინთა გვარეულობას.

– მეც სწორედ აგრე ვფიქრობდი, – წამოიძახა ჰოლმსმა, სავარძელში უფრო ღრმად ჩაჯდა და თვალები მილულა.

ჩვენმა სტუმარმა გაოცებული მზერა მიაპყრო სავარძელში გადაწოლილ, თვალებმილულულ ჰოლმსს. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჰოლმსი მას მთელ ევროპაში ყველაზე დაკვირვებულ, ალღოიან და გამჭრიახ გამომძიებლად მიაჩნდა. ამასობაში ჰოლმსმა თვალები ნელა გაახილა და გლიათური აღნაგობის სტუმარს მოუთმენლად დააცქერდა.

– თუ თქვენი უდიდებულესობა იმდენ პატივს დამდებს, რომ თავის საიდუმლოს გამანდობს, რჩევას უფრო ადვილად მივცემ, – წარმოთქვა ჰოლმსმა.

ჩვენი სტუმარი ადგილიდან წამოიჭრა და აღელვებული, ბოლთის ცემას მოჰყვა. მერე ხელი ჩაიქნია, მოსახდენი უნდა მოხდესო, თქვა, თვალებზე აფარებული ნიღაბი ჩამოიგლიჯა და იატაკზე დააგდო.

– თქვენ მართალი ხართ, – ხმამაღლა წარმოთქვა მან, – მე მეფე ვარ და რა მაქვს საკუკუმალო?

– ჭეშმარიტად მართალს ბრძანებთ, – წარმოთქვა ჰოლმსმა, – თქვენს უდიდებულესობას ლაპარაკი არც კი ჰქონდა დაწყებული. რომ მე უკვე ვიცოდი, ჩემ წინაშე იდგა კასელ ფელშტაინის უდიდესი ჰერცოგი და ბოჰემიის მემკვიდრე, მეფე ვილჰელმ გოტსრეის სიგიზმუნდ ფონ ორმსტეინი.

– მაგრამ თქვენ გამიგებთ, – წამოიწყო ჩვენმა უცნაურმა სტუმარმა. იგი კვლავ სავარძელში ჩაჯდა და მაღალ, თეთრ შუბლზე ხელი გადაისვა, – დიახ, გამიგებთ, რომ ასეთი საქმეების მოწესრიგება პირადად არ მჩვევია. თანაც მეჩოთირა, ეს საქმე სხვებისათვის მიმენდო და გადავწყვიტე, თვითონ მომეკიდა ხელი, რომ სხვების კლანჭებში არ ჩავვარდნილიყავი. პრაღიდან ინკოგნიტოდ ჩამოვედი, რათა თქვენთვის პირადად მომემართა.

– მზადა ვარ მოგისმინოთ, – წარმოთქვა ჰოლმსმა და თვალები კვლავ მილულა.

– ფაქტები მოკლედ ამდაგვარია: ამ ხუთიოდე წლის წინათ, კარგა ხანს ვიმყოფებოდი ვარშავაში, სადაც გავეცანი ცნობილ ავანტიურისტ ქალს აირენ ადლერს. ეს სახელი ალბათ თქვენთვის კარგად ცნობილია.

– კეთილი ინებეთ, უოტსონ და ჩემს ცნობარში მონახეთ, – ისე წაიდუდუნა ჰოლმსმა, რომ თვალები არ გაუხელია. ჩემმა მეგობარმა ადამიანებზე, მათს საქმიანობასა და თავსგადახდენილ ამბებზე რამდენიმე წლის წინათ დაიწყო საძიებლის შედგენა. ისე რომ, მისთვის საჭირო გვარის, სახელისა და საგნის მოძებნა ძნელ საქმეს არ წარმოადგენდა.

აირენ ადლერის ბიოგრაფიას ებრაელთა რაბინისა და ვიღაც შტაბის უფროსის (რომელსაც ზღვის სიღრმეში მობინადრე თევზთა შესახებ დაეწერა გამოკვლევა) ბიოგრაფიებს შუა წავაწყდი.

– აბა, მიჩვენეთ, – მითხრა ჰოლმსმა. – ჰმ! დაბადებულა ნიუჯერსში 1858 წელს. კონტრალტო – ჰმ! ლა სკალა, ჰმ! ვარშავის საიმპერიო ოპერის პრიმადონა, ეს მესმის! მიატოვა სცენა – ჰა? ამჟამად ცხოვრობს ლონდონში. სწორედ ასეა! თქვენო უმაღლესობავ, როგორც ეტყობა, ამ ქალის ბადეში ხართ მოხვედრილი. ალბათ ბარათები მისწერეთ, რომელთაც შეუძლიათ სახელი გაგიტეხონ და გინდათ მამხილებელი საბუთები უკანვე დაიბრუნოთ.

– ნამდვილად აგრეა, მაგრამ როგორ დავიბრუნო, საქმეც ეს არის.

– აირენ ადლერზე საიდუმლოდ ხომ არ დაგიწერიათ ჯვარი!

– არა.

– ამის თაობაზე ხომ არ გააჩნია მას რაიმე საბუთი?

– არა.

– მაშ, რა გაწუხებთ, თქვენო უმაღლესობავ! თუ ახალგაზრდა ქალი გამოძალვის მიზნით შეეცდება თქვენი ბარათების გამოყენებას, რით დაგიმტკიცებთ, რომ ნამდვილად თქვენ მისწერეთ?

– მაგრამ ჩემი ხელწერა?

– მიმსგავსებული ნაყალბევიაო, ვიტყვით.

– ჩემი პირადი საფოსტო ქაღალდი?

– მოპარულიაო, განვაცხადებთ.

– პირადი ბეჭდი?

– ყალბისმქმნელთაგან დამზადებულიაო, ვიტყვით.

– ფოტოსურათი?

– შესყიდულიაო, განვაცხადებთ.

– მაგრამ ფოტოსურათზე რომ ორივენი ვართ გამოსახული?

– აი, ეს კი ძალიან ცუდი ამბავია! თქვენო უმაღლესობავ, ნამდვილად დაუდევარი საქციელი ჩაგიდენიათ.

– ისე მიყვარდა, რომ ხელად მაქცია.

– ეს ნამდვილად სახელს გაგიტეხთ.

– მაშინ ახალგაზრდა უფლისწული ვიყავი, მხოლოდ ახლახან შემისრულდა ოცდაათი წელი.

– ფოტოსურათი უნდა დავიბრუნოთ.

– ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ.

– მაშინ უნდა გამოისყიდოთ.

– რომ არ ელევა?

– მაშინ მოვიპაროთ.

– ხუთჯერ ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. ორჯერ დავიქირავე მძარცველები. მთელი სახლი გადააქოთეს, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ, მოგზაურობის დროს, ბარგიც გავუჩხრიკეთ, მაგრამ მიზანს ვერ ვეწიეთ. ორჯერ შევიტყუეთ, მაგრამ საწადელი მაინც ვერ შევისრულეთ.

– ვერაფერს გახდით?

– ვერა.

– სრულებით ვერაფერს?

ჰოლმსმა ჩაიცინა.

– ეს საქმე ძალიან პატარა სასიამოვნო სამუშაო იქნება.

– მაგრამ ჩემთვის იგი ძალიან სერიოუზლი ამბავია, – შეესიტყვა მეფე.

– ჭეშმარიტად აგრეა. მაგრამ რას უპირებს თქვენს ფოტოსურათს?

– ალბათ, ჩემს დაქცევას ლამობს.

– მაგრამ როგორ მოახარეხებს?

– მე ხომ ჯვარის დასაწერად ვემზადები.

– მაგ ამბავს ყური მეც მოვკარი.

– ჯვარს ვიწერ სკანდინავიის მეფის მეორე ქალიშვილზე, კლოტილდა ლოთმენ ფონ საქს-მენინგენზე. იქნებ თქვენც გაგიგონიათ, თუ როგორი მკაცრი პრინციპებია დანერგილი მათ ოჯახში. თვითონ კლოტილდა ციდან მოვლენილი ანგელოზივით უცოდველია. ოდნავ ეჭვიც რომ აიღონ ჩემს წარსულ ცხოვრებაზე, საქმე გათავებულია.

– და აირენ ადლერმა რაო?

– იქადნება, ფოტოსურათს კლოტილდას მშობლებს გავუგზავნიო. და მე ვიცი, რომ ნამდვილად გაუგზავნის! თქვენ მას არ იცნობთ, იგი ფოლადისაგანაა გამოკვეთილი. მის ლამაზ და ნაზ, ამომავალ ცისკარივით ნათელ გარეგნობაში ვაჟკაცური სიმტკიცე და მრისხანე სული იმალება. იგი არაფერს დაერიდება, ოღონდ მე სხვაზე არ ვიქორწინო.

– თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ აირენ ადლერს ჯერ კიდევ არ გაუგზავნია თქვენი საცოლისათვის ფოტოსურათი?

– დიახ.

– რატომ?

– მან განაცხადა, რომ ფოტოსურათს სწორედ მაშინ გააგზავნის, როცა ჩემი ნიშნობა ოფიციალურად გამოცხადდება. ეს კი მომავალ ორშაბათს უნდა მოხდეს.

– აბა, ჩვენ ჯერ კიდევ დაგვრჩენია სამი დღე, – მთქნარებით წარმოთქვა ჰოლმსმა. – დიახ, საბედნიეროდ-მეთქი, ვამბობ, რადგან ამ ხნის განმავლობაში ერთი-ორი, ძალიან ყურადსაღები საქმის მოგვარებასაც მოვასწრებ. თქვენო უმაღლესობავ, ჯერჯერობით ალბათ ლონდონში დარჩებით, არა?

– რაღა თქმა უნდა. თქვენ შეგიძლიათ მომნახოთ სასტუმრო “ლენგჰემში”, სადაც გრაფი ფონ კრამის სახელითა ვარ დაბინავებული.

– დიახ, მე ბარათებს გამოგიგზავნით ხოლმე და საქმის წარმატების თაობაზე ყოველივეს შეგატყობინებთ.

– ძალიანა გთხოვთ. ისე ვღელავ, როგორც პატარა ბიჭი.

– ფულის საკითხი როგორ მოვაგვაროთ?

– თქვენ გექნებათ სფკეუ იდფტსრუ.

– აბსოლუტური?

– მინდა გითხრათ, ჩემი სამეფოს რომელ პროვინციასაც გინდათ გავიღებ ჯილდოდ, ოღონდაც ის ფოტოსურათი მომაგდებნა ხელში.

– მიმდინარე ხარჯებისათვის?

მეფემ ტყავის მძიმე ქისა ამოიღო და მაგიდაზე დააგდო. – აქ სამასი პაუნდია ოქროთი და შვიდასი – ბანკნოტებით, – თქვა მან.

ჰოლმსმა ფულის მიღებაზე პატარა ხელწერილი დაწერა და მეფეს გადასცა.

– მადმუაზელის მისამართი როგორია? – იკითხა ჩემმა მეგობარმა.

– ბრაიონი-ლოჯი, სერპენტაინავენიუ. სენტ-ჯონზ-უედი.

ჰოლმსმა მისამართი ჩაიწერა. – კიდევ ერთი შეკითხვა მექნება, – თქვა მან, – ფოტოსურათი რა ზომისაა?

– 9 12, – უპასუხა მეფემ.

– ახლა კი დაგემშვიდობებით, თქვენო უმაღლესობავ, გისურვებთ მშვიდობის ღამეს და მალე კარგი ამბების შეტყობას. ღამე მშვიდობისა. უოტსონ, – მომმართა მე, როცა მეფის ეკიპაჟი დაიძრა. – თუ ხვალ სამი საათისათვის შემომივლით, ამ საქმეზე წავიმუსაიფებთ.

||

სრულ სამ საათზე ბეიკერსტრიტზე გავჩნდი, მაგრამ ჰოლმსი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო. მნე ქალმა მითხრა, დილიდანვე სადღაც წავიდაო. ბუხართან იმ განზრახვით მოვკალათდი, რომ ჰოლმსისათვის თუნდაც მეორე დილამდე მელოდა. ამ საქმემ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიერ აღწერილ ამბებთან შედარებით მეტად უფერულად გამოიყურებოდა, მაინც ძალიან დამაინტერესა. თვითონ საქმის არსი და კლიენტის განსაკუთრებული მდგომარეობა ამ საქმეს ჩემს თვალში ბუნებრივ მომხიბვლელობასა და მიმზიდველობას ანიჭებდა. რომ არაფერი ვთქვათ თვითონ ამ საქმის გამოძიების ინტერესზე (რაც მე უთუოდ მქონდა), ჰოლმსი ყოველთვის მტკიცე მარჯვენით წარმართავდა ძიებას და ისეთ ოსტატობას, სიმარჯვეს, ხელოვნებასა და ალღოს იჩენდა ხოლმე, ისე ერკვეოდა დახლართულ, აწეწილ-დაწეწილ სიტუაციებში, რომ მე დიდ სიამოვნებას მგვრიდა და მატკბობდა მისი მუშაობის ცქერა. მისი დედუქციური მეთოდის, ვარაუდებისა და რკინისებური ლოგიკის წინაშე ხომ ყველა საიდუმლოებით სოცული ცხრაკლიტულის კარი იმსხვრეოდა. ჰოლმსის წარმატებებს ძიებაში ისე ვიყავი შეჩვეული, რომ არასოდეს აზრადაც არ მომსვლია, თუ იგი ოდესმე წაიფორხილებდა.

ოთხი საათი იქნებოდა, როცა კარი გაიღო და ოთახში შეზარხოშებული გაჩეჩილთმიანი, სახეზე ალმოდებული, ქილვაშებიანი და უხეიროდ ჩაცმული მეჯინიბე შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ შეჩვეული ვიყავი ჩემი მეგობრის მიერ სახეთა ცვლას, სამჯერ მაინც მაგრად ჩავაშტერდი, რომ ამომეცნო და მეთქვა, ნამდვილად ჰოლმსია-მეთქი. თავი ოდნავ დამიკრა თუ არა, თავის საწოლში გაუჩინარდა და იქიდან ხუთი წუთის შემდეგ ჩვეულებრივად მორთულ-მოკაზმული გამოვიდა. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, ფეხები ბუხრისკენ მთელ სიგრძეზე გასჭიმა და რამდენიმე წამს გულიანად ხარხარებდა.

– ძალიან კარგი, – წამოიყვირა მან, მერე ხველება აუვარდა, რომელსაც ისევ გულიანი სიცილი მოჰყვა და ბოლოს ქანცმილეული და დაოსებული ჰოლმსი სავარძელში გადაესვენა.

– რა მოხდა? – ვიკითხე მე.

– ნამდვილად სასაცილო ამბავია. თუ თვიონ არ გითხარით, ალბათ ვერასოდეს ვერ მიხვდებით, როგორ გავატარე დღევანდელი დილა და რა მოვიმოქმედე.

– ვერ წარმომიდგენია, მაგრამ, ალბათ აირენ ადლერის სახლს ზვერავდით, არა?

– მართალი ბრძანდებით, მაგრამ შედეგი რაღაც არაჩვეულებრივი გამოდგა. თუმცა თავიდან მოგიყვებით. ამ დილით, ცხრა საათი იქნებოდა, სახლიდან რომ უმუშევარი მეჯინიბის სამოსით გავედი. თქვენ ალბათ იცით, რომ ცხენების მოყვარულნი ერთმანეთსაც ერთგვარი სიმპათიით ეპყრობიან. აი, თუ როდისმე მეჯინიბე გახდებით, ყოველივეს გაიგებთ. ბრაიონი-ლოჯი მალე ვიპოვე. იგი ძალიან პატარა, ორსართულიანი ვილაა, რომელსაც უკან პატარა ბაღი აკრავს. თვითონ სახლი ქუჩის პირასა დგას. კარზე კარგა მოზრდილი ბოქლომი ადევს. მარჯვენა მხარეს კარგად მორთული ვეებერთელა სასტუმროა, რომელსაც დიდი, იატაკიდანვე ამოჭრილი ფანჯრები აქვს. ფანჯრების საკეტად მშენებლებს ინგლისური, უბრალო კონსტრუქციის ურდულები გაუკეთებიათ. მათ გაღებას ბავშვიც კი შეიძლებს. შიგნიდან საინტერესო არაფერი შემინიშნავს, გარდა იმისა, რომ დერეფანში გამომავალ ფანჯრებს ეტლის ფარდულის სახურავიდან შეიძლება მიუდგე. ეტლის დასაყენებელი ფარდული კარგად დავზვერე, ყოველმხრივ შემოვუარე, მაგრამ საინტერესო ვერაფერი აღმოვაჩინე. მერე ისევ ქუჩას დავუყევი და სადაც მოველოდი, სწორედ იქ, ბაღის გვერდზე მიშენებული საჯინიბო შევნიშნე. მეჯინიბეებს ცხენების წმენდაში წავეხმარე, რისთვისაც გასამრჯელოდ ორი პენსი, ჭიქა არაბი და თამბაქო მივიღე. აირენ ადლერსა და მის მეზობლებზე კი რამდენიც მინდოდა, იმდენი ცნობები შევკრიბე. მართალია, აირენ ადლერის მეზობლების ბიოგრაფიები არაფრად მეპიტნავებოდა, მაგრამ მეტი ჩარა არ იყო, ისინიც მოვისმინე.

– მერედა რა შეიტყვეთ აირენ ადლერზე? – ვიკითხე მე.

– ოჰ, ქალაქის ამ ნაწილში მცხოვრები მამაკაცები მთლად გადარეულნი არიან. ისეთი ლამაზია, რომ მთელ ცისქვეშეთში ბადალი არა ჰყავსო, ასე ამბობენ სერპანტაინელი მეჯინიბეები. წყნარ ცხოვრებას ეწევა. კონცერტებზე მღერის. ყოველდღიურად ხუთ საათზე სეირნობს და შვიდზე სადილისათვის უკანვე ბრუნდება. დღისით, სხვა საათებში სახლიდან იშვიათად გამოდის, გამონაკლისია, თუ მღერის სადმე. მამაკაცთაგან მასთან მხოლოდ ერთი ვინმე დაიარება, მაგრამ ძალიან ხშირად. იგი შავგვრემანია, ლამაზი და ამავე დროს გაბედულიც. დღეში ორჯერაც ხშირად უნახავთ აირენ ადლერთან მისული. იგი ინერ ტემპლელი მისტერ გოდფრი ნორტონი ყოფილა. ხედავთ, რა წარმატების მიღწევაა შესაძლებელი, თუ მეჯინიბეებს დაუახლოვდები. მათ მისტერ ნორტონი ერთი ოცჯერ მაინც მიუყვან-მოუყვანიათ და მასზე ყველაფერ წვრილმანს ყვებიან. მეჯინიბეთა ნალაპარაკევი რომ მოვისმინე, ბრაიონი-ლოჯის წინ დავიწყე სიარული და შემდგომი მოქმედების გეგმის შედგენას შევუდექი.

ამ საქმის წამომწყები იურისტი გოდფრი ნორტონი უნდა იყოს. ხოლო ის ამბავი, რომ იგი იურისტია, მეტად სახიფათოა და ჩვენს კლიენტს კარგს არაფერს უქადის. აბა, დავუფიქრდეთ, რა კავშირი უნდა ჰქონდეს მას აირენ ადლერთან და რას უნდა ნიშნავდეს მისი ხშირი მიმოსვლა. გასარკვევია: ნორტონი ქალის რწმუნებულია, მეგობარი, თუ სატრფო? თუ ნორტონი ადლერის რწმუნებულია, მაშინ ფოტოსურათი მასთან უნდა ვეძიოთ. ხოლო, თუ საყვარელია, მაშინ ფოტოსურათს ქალის მას არ გადასცემდა. ამ კითხვის გარკვევისთანავე გადაწყდება, სად უნდა განვაგრძო მუშაობა, ბრაიონი-ლოჯში, თუ იმ ჯენტლმენის სახლში, ტემპლში რომ მდებარეობს. ეს ძალიან თავსატეხი საკითხია და სამოქმედო სარბიელსაც მეტისმეტად აფართოებს. მეშინია, რომ ამდენი წვრილმანი ამბებით თავი შეგაწყინეთ, მაგრამ თუ ყოველივე ჩემი გასაჭირი არ გიამბეთ, უოტსონ, შექმნილ მდგომარეობაში ვერ გაერკვევით.

– მთელი გულისყურით გისმენთ, – ვუპასუხე მე.

– მე საქმის ყოველ წვრილმანს გონებაში ვწონიდი. ამ დროს ბრაიონი-ლოჯს შესანიშნავი ეკიპაჟი მოადგა. ეტლიდან მშვენიერი გარეგნობის შავგვრემანი ულვაშებაკოკრილი ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა, რომელსაც არწივისებური ცხვირი უმშვენებდა სახეს. ჩემი აზრით, იგი ნორტონი უნდა ყოფილიყო. ეტყობოდა, ძალიან ჩქარობდა, რადგან ეტლიდან სწრაფად გადმოხტა, მეეტლეს მიაძახა, მომიცადეო და სადარბაზო კარში, რომელიც მოსამსახურე გოგომ გაუღო, ისე თამამად შეაბიჯა, როგორც საკუთარ ბინაში.

სახლში ალბათ ნახევარი საათი თუ დაჰყო. ჩემი სამალავიდან ვხედავდი, როგორ სცემდა ბოლთას, აღგზნებული ლაპარაკობდა, თუ ამტკიცებდა რაღაცას და საუბარში ხელებსაც იშველიებდა. ქალი არ დამინახავს. ქუჩაში გამოსვლისას შევნიშნე, რომ ის კაცი უფრო აღელვებული და აღგზნებული იყო. ეტლთან მისულმა, ჯიბიდან ოქროს საათი ამოიღო და დახედა თუ არა, მეეტლეს უბრძანა: – ცხენები რაც შეგიძლია მარდად გააქროლე, ჯერ რიჯენტსტრიტზე გროსსა და ხენკესთან და მერე ედჯვარროუდისაკენ წმიდა მონიკას ეკლესიაში. თუ ოც წუთში მომიყვან, ნახევარ გინეაზე არ გალაპარაკებო.

ეტლი ადგილიდან მოსწყდა თუ არა, მაშინვე მოვისაზრე, რომ კარგი იქნებოდა, თუ უკან დავედევნებოდი. სწორედ იმ წუთას ჩემს წინ დაბარებულივით ულამაზესი ლანდო გაჩნდა. მეეტლეს სანახევროდაც ვერ მოესწრო პალტოს ღილების შებნევა, ჰალსტუხი ყურთან უფრიალებდა და კაზმულობა აბზინდების გარეთ დაეტოვებინა. სად იყო და სად არა, ეტლთან იმწუთასვე აირენი გაჩნდა და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, რომ უკვე ეტლში ჩაჯდა. მართალია, ქალის სახეს თვალი უცებ მოვკარი, მაგრამ გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ულამაზესი ქალია და კაცს მისთვის სიკვდილიც არ დაენანება.

– წმიდა მონიკას ეკლესიისკენ, ჯონ, – მიმართა მან მეეტლეს, – ნახევარ გინეას მოგცემთ, თუ ოც წუთში იქ გაჩნდებით.

ასეთი შემთხვევის ხელიდან გაშვება დანაშაულია, უოტსონ. და იმწამსვე იმაზე დავიწყე ფიქრი, უკან დავდევნებოდი, თუ პატარა ბიჭივით ეტლს უკან ჩამოვკონწიალებოდი. ფიქრი არ დამემთავრებინა, რომ ვიღაცამ ჩემ წინ ეტლი მოაგრიალა და გადმოვიდა. მეეტლემ ერთი-ორჯერ ეჭვის თვალით ამხედ-დამხედა, მაგრამ მე უარის თქმა არ ვაცალე და ელვის სისწრაფით ეტლში მოვკალათდი.

– წმიდა მონიკას ეკლესიისაკენ, – ვუთხარი მე, – და გაძლევთ ნახევარ გინეას, თუ ოც წუთში იქ გაჩნდებით. – თორმეტს ოცდახუთი წუთი აკლია და ძნელი მისახვედრი არ გახლავთ, თუ სად იყო ძაღლის თავი დამარხული. ეტლი ელვასავით მიჰქროდა. არა მგონია ოდესმე ასე ჩქარა მევლოს. მაგრამ როცა ადგილზე მივედი, ორივე ეტლი გაოფლიანებული ცხენებით ეკლესიის შესავალში იდგა. მეეტლეს ანგარიში გავუსწორე და ეკლესიაში შევედი. შიგნით, მღვდლისა და იმათ გარდა, ვისაც მივდევდი, ძე-ხორციელი არავინ ჩანდა. ისინი კი საკურთხეველთან იდგნენ და მღვდელი რატომღაც საყვედურით ელაპარაკებოდა. მე ეკლესიაში შემთხვევით შესული ადამიანივით დავიწყე კედლე-კედელ ხეტიალი. უცებ, ჩემდა გასაოცრად, სამივენი ჩემკენ შემობრუნდნენ და ნორტონი, იმწამსვე ჩემ წინ გაჩნდა.

– მადლობა ღმერთს. – წამოიყვირა მან, – სწორედ თქვენ გვჭირდებოდით. აბა, წამოდით, წამოდით!

– რა მოხდა, – ვიკითხე მე.

– მოდით. ძალიან გთხოვთ, მოწმედ დაგვესწარით, თორემ ჯვარს არა გვწერენ.

თითქმის ძალით მიმათრიეს საკურთხეველთან. იმაშიც ვერ გავრკვეულიყავი, რა ხდებოდა ან სად ვიყავი, რომ შევნიშნე, ჩემს უნებურად ვიმეორებდი იმას, რასაც ყურში ჩამჩურჩულებდნენ. ასე დავესწარი ქალწულ აირენ ადლერისა და უცოლო გოდფრი ნორტონის ჯვარისწერას. ყოველივე ეს თვალის დახამხამებაში მოხდა. ერთის მხრივ, ჯენტლმენი მიხდიდა მადლობას, მეორე მხრივ, პირმშვენიერი ქალბატონი, ხოლო მესამის მხრივ, მადლობის ნიშნად მღვდელი მიღიმოდა. ასეთ სულელურ ყოფაში ჩემს სიცოცხლეში არა ვყოფილვარ და ახლა სწორედ ამის გამო ვიცინოდი. ალბათ მექორწინეთ რაღაც ფორმალური ამბები არა ჰქონდათ წინასწარ მოგვარებული, რაკი მღვდელმა მოწმის გარეშე ჯვარისწერაზე ცივი უარი განუცხადა მათ. ჩემმა იქ ყოფნამ კი დაიხსნა სასიძო ქუჩაში გამოსვლისა და იქ მოწმის ძებნისაგან. ქალმა ერთი სოვერინი მაჩუქა, რომელიც ამ ამბის სამახსოვროდ საათის ძეწკვზე უნდა შევიბა.

– საქმე სულ სხვაგვარად დატრიალებულა და მერე რა მოხდება, ღმერთმა უწყის, – ვთქვი მე.

– ჩემი ადრინდელი გეგმები, – განაგრძო ჰოლმსმა, – სულ ერთიანად დაიმსხვრა. ეტყობოდა, რომ ისინი იმწამსვე აპირებდნენ გამგზავრებას და მე სასწრაფოდ რაღაც უნდა მეღონა. მაგრამ გარეთ რომ გამოვიდნენ, ერთხელ კიდევ ამირიეს გზა-კვალი. კაცი ტემპლისაკენ გაემგზავრა, ხოლო ქალმა თავის სახლში წასვლა მოიწადინა. პარკში სასეირნოდ ჩვეულებრივ ხუთ საათზე გამოვალო, ქალისაგან წარმოთქმულ ამ სიტყვებს გარკვევით მოვკარი ყური. მეტი აღარაფერი გამიგონია. ისინი სხვადასხვა მხარეს გაემგზავრნენ, მე კი შინისკენ გამოვბრუნდი, რომ საღამოსათვის თადარიგი დამეჭირა.

– რა უნდა მოიმოქმედოთ?

– ცოტა ცივი ხორცი და ლუდი მომიტანეთ, – უთხრა ჰოლმსმა ზარის ხმაზე შემოსულ მსახურს. – იმდენად ჩავეფალი ამ საქმეში, რომ ჭამა სრულიად გადამავიწყდა და ამ საღამოს, ალბათ, უარესი რამ მომელის. ამავე დროს, უოტსონ, თქვენი დახმარება დამჭირდება.

– მოხარული ვიქნები, თუ შევძლებ თქვენს დახმარებას.

– კანონის დარღვევისა ხომ არ გეშინიათ?

– არა.

– ციხეში მოხვედრა ხომ არ გაძრწუნებთ?

– კარგი საქმისათვის ამაზეც ყაბულსა ვარ.

– დიდებული საქმეა!

– მეც თქვენთანა ვარ.

– მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა.

– მაგრამ რას ფიქრობთ?

– როგორც კი მისის ტერნერი საჭმელს მოიტანს, ჰოველივეს აგიხსნით. – ახლა, – დაიწყო ჰოლმსმა, როცა მისის ტერნერმა ხორცი და ლუდი შემოიტანა, – ჭამის დროს გეტყვით ყველაფერს, ვინაიდან მეტი დრო არა მაქვს. – მალე ხუთი საათი შესრულდება. ორ საათში ყველაფერი უნდა მოვასწროთ და ბრაიონი-ლოჯშიც მივიდეთ. მის აირენ ადლერი სეირნობიდან ამ დროისათვის დაბრუნდება და უნდა შევხვდეთ.

– მერე რა უნდა ვქნათ?

– ეს მე მომანდეთ. მე ყველაფერი მოვამზადე. რაც უნდა მოხდეს, მხოლოდ ერთი რამ გახსოვდეთ: თქვენ არ ჩაერიოთ.

– უბრალო მაყურებლის როლში უნდა გამოვიდე?

– დიახ. ალბათ რაიმე უსიამოვნება მოხდება. თქვენ არ უნდა ჩაერიოთ. ყოველივე იმით დამთავრდება, რომ მე სახლში შემიყვანენ. ოთხ-ხუთ წუთში ალბათ სასტუმრო ოთახის ფანჯრებს გამოაღებენ და თქვენ იმ ღია ფანჯრის ქვეშ უნდა დადგეთ.

– ძალიან კარგი.

– უნდა მადევნოთ თვალი, რადგან ფანჯრიდან ოთახში ყველაფერი კარგად მოჩანს.

– ძალიან კარგი.

– როგორც კი ხელს, აი, ასე ავწევ, რასაც მე გადმოგცემთ, ოთახში შემოაგდებთ და დაიყვირებთ: ხანძარია! ხანძარი!

– ყოველივეს თქვენი დარიგების მიხედვით შევასრულებ.

– აქ საშიში არაფერია, – თქვა ეს და ჰოლმსმა ჯიბიდან სიგარის მოყვანილობის ასაბოლებელი რაკეტა ამოიღო, რომელსაც, ჩვეულებრივ, ორივე ბოლოში ასაფეთქებელი კაფსული აქვს. – თქვენი დავალება ამით ამოიწურება, როგორც კი დაიყვირებთ, ცეცხლიაო, იმწამსვე ჩემ მიერ დაქირავებული რამდენიმე კაციც აგყვებათ. მერე ქუჩის ბოლოსაკენ დაიძარით და რამდენიმე წუთში მეც თქვენთან გავჩნდები. მე მგონია, ყოველივე ნათელი და გასაგებია.

– მე არ უნდა ჩავერიო წაკინკლავებაში, საჭიროა მივიდე ფანჯარასთან, გითვალთვალოთ. ნიშანს მომცემთ თუ არა, რაკეტა ოთახში შემოვაგდო და ვიყვირო, ხანძარია, ხანძარი-მეთქი. მერე გავემართო ქუჩის ბოლოსაკენ და იქ დაგელოდოთ.

– დიახ, ყველაფერი კარგად დაგიმახსოვრებიათ.

– იქონიეთ ჩემი იმედი.

– ძალიან კარგია. ახლა კი დროა მოვემზადო იმ როლისათვის, რომლის გათამაშებაც საღამოს მომიწევს.

იგი საწოლ ოთახში შევიდა და ცოტა ხნის შემდეგ მღვდლის ანაფორაში გამოწყობილი დაბრუნდა. ფართოკიდეებიან ქუდს, ტმრისებურ შარვალს, თეთრ ჰალსტუხსა და სასიამოვნო ღიმილს, რომელიც სახეზე გადაჰფენოდა, ისე გამოეცვალა ჰოლმსი, რომ მღვდლის ასეთი სახის შექმნას ალბათ სახელმოხვეჭილი მსახიობი ჯონ ჰეარი თუ შეძლებდა. საქმე მარტო ის როდი იყო, რომ ჰოლმსმა ტანსაცმელი გამოიცვალა. მას გამომეტყველება, მანერები ნამდვილი მვდლისა ჰქონდა და იგი უდიდეს წარმატებას აღწევდა გარდასახვაში. მე მგონი, სცენამ მისი სახით უდიდესი მსახიობი დაკარგა, ხოლო მეცნიერებამ კი – შესანიშნავი მკვლევარი, როცა მან თავის პროფესიად დანაშაულის გახსნის და დამნაშავეთა პოვნის სახიფათო გზა აირჩია.

სახლიდან შვიდის თხუთმეტ წუთზე გამოვედით და როცა სერპენტაინს მივაღწიეთ, ათი წუთი კიდევ იყო ჩვენს განკარგულებაში. უკვე ბინდდებოდა და აქა-იქ შუქიც აანთეს. ჩვენ ბოლთის ცემას მოვყევით და გაფაციცებულნი ველოდით ბრაიონი-ლოჯის მკვიდრთა გამოჩენას. სახლი სწორედ ისეთი გამოდგა, როგორიც ჰოლმსმა ამიწერა, მაგრამ ქუჩა უფრო ხალხმრავალი მეჩვენა, ვიდრე ველოდი. ქალაქის განაპირა ქუჩა, მყუდრო და წყნარი კი არა, ხალხმრავალი გამოდგა და თითქოს გამვლელთაგან ტევა აღარ იყო. ქუჩის ერთ კუთხეში ვიღაც ნაძირალები უდარდელად აბოლებდნენ და იცინოდნენ, იქით დანების მლესავი მიმოდიოდა, გვარდიელები მოსამსახურე გოგოს ეარშიყებოდნენ. იქვე, შორიახლო, რამდენიმე კარგად ჩაცმული, სიგარაგაჩრილი ახალგაზრდა ყმაწვილი მიმოდიოდა.

– იცით, – წამოიწყო საუბარი ჰოლმსმა, – ეს ქორწინება უფრო ამარტივებს ჩვენს საქმეს. ის ფოტოსურათი ახლა აღარაა ქალისათვის გამოსადეგი. არც იარენ ადლერისათვის იქნება სასიამოვნო, რომ იგი მისტერ ნორტონმა იხილოს. ნორტონისთვის ფოტოსურათის ჩვენებას ადლერი ისევე უნდა უფხრთხოდეს, როგორც ჩვენი კლიენტი უფრთხის, რომ იგი მისმა პრინცესამ არ იხილოს. ახლა საკითხავი ისაა, სად ვეძიოთ ფოტოსურათი?

– მართლაც ძალიან საინტერესო ამბავია.

– არა მგონია, აირენ ადლერს სურათი თან დაჰქონდეს. ფოტოსურათი, ჩვენი კლიენტის აღწერით, ისეთი ზომისაა, რომ ქალი უბეში ვერ დამალავს. ამავე დროს ქალმა შესანიშნავად იცის, რომ შეიძლება მეფემ იგი შეიტყუოს სადმე და გააჩხრეკინოს. ორჯერ ხომ უკვე უცდიათ ასეთი რამ. მაშასადამე, ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქრობთ, რომ ფოტოსურათი ქალს თან არა აქვს.

– აბა, სად უნდა ინახავდეს?

– მე მგონია, თავის ვექილთან, ან თავის ბანკირთან. შესაძლებელია, მაგრამ მე ერთიც მეეჭვება და მეორეც. ქალებს ბუნებით უყვართ იდუმალებით მოცული ამბები, მაგრამ საკუთარ ხვაშიადს არავის ანდობენ. რატომ უნდა გაენდო ვინმესთვის თავისი საიდუმლოება აირენს? ამ შემთხვევაში ქალს შეუძლია ენდოს მხოლოდ საკუთარ თავს. რადგან თუ ვინმე საქმიან კაცს გაანდობდა ამ ამბავს, იმ ადამიანს შეეძლო პოლიტიკური კარიერის ან, ფულადი გამორჩენისა და ანგარების მიზნით ქალისათვის ეღალატა და საიდუმლო გაეცა. გარდა ამისა, აირენი ხომ დაემუქრა მეფეს, შენს საცოლეს სურათს სწორედ ნიშნობის დღეს გავუგზავნიო. ესე იგი, ფოტოსურათი მას ხელთა აქვს და საკუთარ სახლში ინახავს.

– მაგრამ სახლი ხომ ორჯერ გაქურდეს.

– იმ ბრიყვებმა არ იცოდნენ, სად უნდა ეძებნათ ფოტოსურათი.

– თქვენ როგორღა იპოვით?

– მე საგულდაგულოდ ძებნას არც დავუწყებ.

– აბა რას იზამთ?

– საქმეს ისე მოვაწყობ, რომ აირენი სურათს თვითონვე მიჩვენებს.

– აირენი ამას არასგზით არ იზამს.

– სხვა გამოსავალი არ ექნება. თუმცა ახლა მუსაიფის დრო აღარაა, გახსოვდეთ, უოტსონ, ჩემი მითითებანი და ყოველივე ზუსტად შეასრულეთ.

ამ დროს, მოსახვევში, ლანდოს გვერდით შუქს მოვკარი თვალი და თვალის დახამხამებაში წყვილცხენიანი მშვენიერი ეტლი ბრაიონი-ლოჯის წინ დადგა. როგორც კი ეტლი შეჩერდა, ვიღაც ქუჩის ნაძირალა ეტლის კარს მივარდა, რომ გამოეღო და ამ გზით ყელის ჩასასველებელი უზალთუნი ეშოვა, მაგრამ მეორემ არ აცალა და ისიც, იმავე მიზნით ლანდოს კარს დაეჯაჯგურა. ატყდა მათ შორის ხელჩართული ჩხუბი და ჭიდილი, რომელიც გვარდიელებისა და დანების მლესავის ჩარევით კიდევ უფრო გაძლიერდა. ლანდოდან გადმოსული ლედი, ერთ ხანს მუშტითა და ჯოხებით დაუზოგავად მოჩხუბართა შუაგულში მოექცა. ჰოლმსი მოჩხუბართა წრეში შეიჭრა, რომ ლედისათვის ეშველნა. მაგრამ ქალთან მივიდა თუ არა, ერთი საოცრად შეჰყვირა და სახეგასისხლიანებული მიწაზე გაიშხლართა. როგორც კი დაცემულ, სისხლში მოსვრილ კაცს მოჰკრეს თვალი, გვარდიელებმა იმწამსვე მოკურცხლეს, ქუჩის მაწანწალებმა რომ შენიშნეს, საქმე ცუდადააო, იმათაც მოუსვეს. ვიღაც წესიერად ჩაცმულმა გამვლელებმა ახლა კი მოხედეს ლედისა და მიწაზე გაშხლართულ დაზარალებულს. აირენ ადლერმა უცებ აირბინა კიბის საფეხურები, მაგრამ კიბის თავზე შეყოვნდა და ქუჩას გახედა. მისი კენარი ტანი ჰოლიდან გამომავალ შუქზე რაღაც ზღაპრულად იხრებოდა და იკვალთებოდა.

– საწყალი ჯენტლმენი, მძიმედ დაიჭრა? – იკითხა მან.

– მოკლეს, – უპასუხა რამდენიმე ხმამ.

– არა, ცოცხალია! – დაიყვირა ვიღაცამ. – მაგრამ ვიდრე საავადმყოფოში მიიყვანენ, მოკვდება.

– აი, გაბედული კაცი, – თქვა ვიღაც ქალმა, – ეგ რომ არა, ლედის საფულესა და საათს წაჰგლეჯდნენ. ეგ მაწანწალები კი არა, ნამდვილი მძარცველები იყვნენ. აჰ, მგონი, მობრუნდა და სუნთქვა დაიწყო.

– დაჭრილს ქუჩაში ხომ არ დავტოვებთ, თუ ნებას დაგვრთავთ, თქვენს სახლში შემოვიყვანთ, ქალბატონო.

– რაღა თქმა უნდა. აი, სასტუმრო ოთახში სავარძელზე დააწვინეთ.

ნელა, როგორღაც ზარ-ზეიმით შეიყვანეს ჰოლმსი ბრაიონი-ლოჯში და დივანზე დააწვინეს. სახლში შუქი აანთეს, მაგრამ დარაბები არ მოუხურავთ. ჩემი სათვალთვალო ადგილიდან ყოველივეს კარგად ვხედავდი. არ ვიცი, განიცდიდა თუ არა ჰოლმსი სინდისის ქენჯნას იმის გამო, რომ ამ, მის მიერვე მოწყობილ თამაშში მონაწილეობდა. რაც შემეხება მე, იმაზე უხერხულად ჩემს ცხოვრებაში არ მიგრძნია თავი, როცა შევხედე, ის ულამაზესი და უტურფესი ქალი, რომლის საწინააღმდეგო შეთქმულებაშიც მე ჩამაბეს, რა გულმოდგინებითა და მზრუნველობით დაჰკანკალებდა თავს ჩემს მეგობარს. მაგრამ თუ ჰოლმსის მითითებებს ზუსტად არ შევასრულებდი, ესეც მეგობრის ღალატი იქნებოდა და ჩემს ცხოვრებას მუდამ შავ ლაქად დააჩნდებოდა. გულდამძიმებულმა ამოვიღე ჯიბიდან რაკეტა. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ მას ზიანს არ ვაყენებდით, მხოლოდ ხელს ვუშლიდით, რომ თვითონ სხვისთვის არა ევნო რა.

ჰოლმსი დივანზე წამოჯდა და ისე დაიკლაკნა, თითქოს ჰაერი არ ყოფნისო. მოსამსახურე ფანჯარას მივარდა და გამოაღო. იმავე წამს შევნიშნე, რომ ჰოლმსმა დათქმისამებრ ხელი ასწია. რაკეტა ოთახში შევაგდე და რაც ძალა და ღონე მქონდა ვიყვირე, ხანძარია, ხანძარი-მეთქი. სიტყვა დამთავრებულიც არა მქონდა, რომ მთელი ბრბო ამყვა. ოთახში ავარდნილი რაკეტის ბოლო ჯერ ადგილზე დატრიალდა, მერე კი ღია ფანჯრიდან გარეთ გამოიჭრა. მე დავინახე, როგორ დარბოდნენ ოთახებში შეძრწუნებული ადამიანები. ცოტა ხნის მერე ჰოლმსის ხმაც შემომესმა, ირწმუნებოდა, განგაში ცუდ-უბრალოდ ატახეს და არავითარი ხანძარი არ მომხდარაო. ხალხში გავძვერი და ქუჩის ბოლოსაკენ გავემართე. ათ წუთში ჩემი მეგობარიც წამომეწია, ხელკავი გამიკეთა და შფოთისა და აურზაურის ადგილს სწრაფად გავშორდით. იგი ხმაამოუღებლივ და ძალზე სწრაფად მოაბიჯებდა, ვიდრე თავი არ ამოვყავით იმ ქუჩაზე, რომელიც ედჯვარ-როუდზე გადიოდა.

– თქვენ დავალება პირნათლად შეასრულეთ, უოტსონ, – მითხრა ჰოლმსმა.

– ფოტოსურათი თქვენს ხელთაა?

– არა. მაგრამ ვიცი, სადაც ინახება.

– როგორ შეიტყვეთ?

– აირენმა თვითონვე მიჩვენა. ხომ გითხარით, თვითონვე მიჩვენებს-მეთქი.

– ჩემთვის მაინც ყველაფერი გაურკვეველია.

– მაინცდამაინც დიდი საიდუმლო ამბავი არაა, – სიცილით წარმოთქვა ჰოლმსმა. – პირიქით, ყოველივე ძალიან უბრალოდ მოხდა. თქვენ ალბათ მიხვდით, რომ ქუჩაში მყოფნი მე დავიქირავე და ჩემს მითითებებს ასრულებდნენ.

– დიახ, მაგას მაშინვე მივხვდი.

– მოჩხუბრებში რომ შევიჭერი, ხელში თხევადი წითელი საღებავი მეჭირა, ძირს დავეცი, ხელი სახეზე მოვისვი და თავგატეხილისა და მძიმედ დაჭრილის სცენა გავითამაშე – ეს ხომ ძველისძველი ხრიკია.

– ამასაც მივხვდი.

– მერე სახლში შემიყვანეს. აირენ ადლერი იძულებული იყო, სასტუმრო ოთახში დავეწვინე. ეს სწორედ ის ოთახი გახლდათ, რომელზეც ეჭვი მქონდა. მაგრამ შეიძლებოდა ფოტოსურათი საწოლ ოთახში ჰქონოდა დამალული. ჩემი ამოცანა ნათელი იყო, უნდა გამერკვია, სად ინახებოდა იგი. ჩემმა დაქირავებულმა ხალხმა სავარძელზე დამასვენა. მერე საქმე ისე წარმოვადგინე, თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა. მოსამსახურე გოგომ ფანჯარა გამოაღო და თამაშში თქვენც ჩაებით.

– რით დაგეხმარათ საბოლებელი რაკეტა?

– გადამწყვეტი როლი სწორედ რაკეტამ ითამაშა. როცა ქალი ფიქრობს, რომ მისი სახლი ცეცხლის ალშია გახვეული, იგი იმის გადარჩენას ცდილობს, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია. ეს ყველაზე მძლავრი იმპულსია და მისი გამოყენებით მრავალი წარმატებაც მომიპოვებია. დარლინგტონსა და არნსვორთის კოშკში მომხდარი ამბების ძიების დროსაც ეს მეთოდი გამოვიყენე. გაჭირვებაში ჩავარდნილი გათხოვილი ქალი ბავშვს გადაარჩენს, ხოლო გაუთხოვარი – ძვირფასეულობას. ახლა ჩემთვის ნათელია, რომ ამ ფოტოსურათზე უძვირფასესი განძი აირენ ადლერისათვის არაფერი მოიძებნება. განსაცდელის ჟამს იგი სწორედ ფოტოსურათის გადარჩენას ცდილობდა. მან მართლაც ირწმუნა თქვენს ყვირილზე, ხანძარი მოხდაო. მისი რკინისებური ნერვებიც შედრკა და მე შევიტყვე, რომ ფოტოსურათი ზარის დასარეკ ადგილას, საიდუმლო სამალავში აქვს საგულდაგულოდ შენახული. იგი თვალის დახამხამებაში გაჩნდა სამალავთან. ცდილობდა გადაერჩინა ფოტოსურათი, მაგრამ სწორედ იმ დროს მე დავიყვირე, არავითარი ხანძარი არ მომხდარა და ტყუილად გაჰკივიან-მეთქი. აირენმა ფოტოსურათი ისევ თავის ადგილას დატოვა, რაკეტას გადახედა, ოთახიდან გავარდა და მერე თვალითაც აღარ მინახავს. წამოვდექი, ბოდიში მოვიხადე და ოთახიდან ჰაიჰარად გამოვედი. ერთ ხანს შევყოყმანდი, ვიფიქრე. სამალავიდან ფოტოსურათს დღესვე წავიღებ-მეთქი, მაგრამ ოთახში მეეტლე შემოვიდა და ავი თვალით დამიწყო ცქერა. ვაითუ აჩქარებით ყველაფერი წავახდინო-მეთქი, ვიფიქრე და წამოვედი.

– მერე რა უნდა იღონოთ, – შევეკითხე მე.

– საძიებო სამუშაო პრაქტიკულად დავამთავრეთ. ხვალ მეფესა და თქვენთან ერთად, თუ თქვენ გინდათ მონაწილეობა მიიღოთ ამ საქმეში, აირენ ადლერს თავზე დავადგებით. ჩვენ დაგვაცდევინებენ სასტუმრო ოთახში. როცა ლედი სტუმრების სანახავად სასტუმრო ოთახში შემოვა, იქ არც ჩვენ და არც ფოტოსურათი აღარ დახვდება. იქნებ მისმა უდიდებულესობამ მოინდომოს და საკუთარი ხელით ამჯობინოს ფოტოსურათის სამალავიდან ამოღება.

– როდის შეატყობინებთ მეფეს?

– დილის რვა საათზე ჩვენ ბრაიონი-ლოჯში ვიქნებით. ლედი ჯერკიდევ ლოგინში იქნება და ჩვენ უეჭველად წარმატება მოგველის. უნდა ვიჩქაროთ, თორემ იქნებ ქორწინებამ აირენ ადლერს ხასიათი და ჩვევები შეუცვალოს. მეფეს ახლავე უნდა გავუგზავნო დეპეშა.

ამასობაში ბეიკერსტრიტს მივაღწიეთ და სახლის წინ გავჩერდით. ჰოლმსი ჯიბეებში გასაღებებს დაეძებდა, როცა ვიღაც გამვლელმა ღამე მშვიდობისა უსურვა.

ქვაფენილზე რამდენიმე კაცი ირეოდა, მაგრამ მშვიდობის ღამე, მგონი, ვიღაც მაღალმა ახალგაზრდამ უსურვა და უცბად გაგვცილდა.

– ეს ხმა სადღაც გამიგონია. – თქვა ჰოლმსმა და ნახევრად განათებულ ქუჩას გახედა, – დიახ, გამიგონია, მაგრამ ვეღარ გამიხსენებია, სად და როდის?

|||

ის ღამე ბეიკერსტრიტზე გავატარე. ჩვენ ჯერ ისევ ყავასა და შებრაწულ პურს შევექცეოდით, როცა კარებში ბოჰემიის მეფე შემოიჭრა.

– მართლა წაართვით ფოტოსურათი? – მხიარულად წამოიძახა მან და ჰოლმსს მხრებზე ხელები მოუთათუნა, თანაც სახეგაბრწყინებულმა თვალებში ჩახედა.

– ჯერ არა.

– მაგრამ იმედი გაქვთ, რომ აუიცლებლად ხელში ჩავიგდებთ, არა?

– ნამდვილად.

– მაშინ ახლავე წავიდეთ, რადგან მოთმინება აღარ მყოფნის.

– ჩვენ ხომ ეტლი გვესაჭიროება.

– ჩემი ეტლი გარეთაა.

– აბა, გავწიოთ.

ჩვენ დაბლა ჩავედით და ეტლში ჩავსხედით.

– აირენ ადლერი გათხოვდა, – თქვა ჰოლმსმა.

– გათხოვდა? როდის?

– გუშინ.

– ვის გაჰყვა?

– ინგლისელ ვექილს. გვარად ნორტონს.

– მაგრამ უსიყვარულოდ გაჰყოლია.

– მე მგონია, უყვარს.

– რატომ გგონიათ?

– იმიტომ, რომ ეს სიყვარული თქვენს უმაცღლესობას დაიფარავს მომავალში ყოველგვარი უსიამოვნებისაგან. თუ აირენ ადლერს თავისი ქმარი უყვარს, მაშასადამე, თქვენი უმაღლესობა აღარ უყვარს და ამიტომ არც გზაზე გადაგეღობებათ.

– მართალია, მაგრამ ნეტავ აირენი მეფური ჩამომავლობისა ყოფილიყო! ო, რა დედოფალი იქნებოდა! – მერე იყუჩა და ვიდრე სერპენტაინ-ავენიუზე არ გავედით, ხმა აღარ ამოუღია.

ბრაიონი-ლოჯის კარი ღია დაგვიხვდა და კიბის თავზე ვიღაც მოხუცი ქალი შემოგვეგება. ეტლიდან რომ ჩამოვდიოდით, ის ქალი რაღაც დამცინავი ღიმილით შემოგვცქეროდა.

– რომელია თქვენში მისტერ შერლოკ ჰოლმსი? – იკითხა მოხუცმა.

– მე გახლავართ, – უპასუხა ჩემმა მეგობარმა და სახეზე გაოცება გამოეხატა.

– დიახ, ჩემმა ქალბატონმა გამაფრთხილა, აუცილებლად შემოივლისო. იგი ქმართან ერთად ამ დილით, ხუთ საათსა და თხუთმეტ წუთზე ჩარინგ-კროსის ვოგზლიდან კონტინენტისაკენ გაემგზავრა.

– რაო, – წამოიძახა შერლოკ ჰოლმსმა და უკან დაიხია. იგი გაოცებული და აღელვებისაგან ფერგამკრთალი მეჩვენა. – თქვენ გინდათ თქვათ, რომ აირენ ადლერი ინგლისიდან გაემგზავრა?

– დიახ, და აღარც დაბრუნდება.

– და ქაღალდები, ყველაფერი დაიღუპა? – მთრთოლარე ხმით იკითხა მეფემ.

– ვნახოთ, – თქვა ჰოლმსმა, მოხუც ქალს გვერდი აუარა და ოთახში შევარდა. ჩვენც თან შევყევით. ავეჯი მიყრილ-მოყრილი დაგვიხვდა, უჯრები ღია და ცარიელი. ეტყობოდა, ლედის გაქცევის წინ მთელი სახლი ჰაიჰარად აეფორიაქებინა. ჰოლმსი სამალვს ეცა და იქიდან ფოტოსურათი და წერილი ამოიღო. ფოტოსურათიდან საღამურ ტანსაცმელში გამოკვალთული აირენ ადლერი შემოგვცქეროდა. წერილი კი ჰოლმსის სახელზე იყო დატოვებული. ჩემმა მეგობარმა უცებ წაახია კონვერტს თავი და სამივემ წერილის კითხვა დავიწყეთ. წერილი წინა ღამის რიცხვით გახლდათ დათარიღებული და აი, რა ეწერა შიგ:

“ჩემო

ძვირფასო მისტერ შერლოკ ჰოლმს. ყველაფერი ისე კარგად გაითამაშეთ, რომ ეჭვი არაფერში შემპარვია. მაგრამ ხანძარზე რომ მიდგა საქმე, მაშინ კი დავეჭვდი. როცა ვნახე, როგორ დაუდევრად გავეცი საკუთარი თავი, მერე ყოველივეს ჩავუფიქრდი. რამდენიმე ხნის წინათ გამაფრთხილეს, თუ მეფე შეეცდება ვინმე მაძებარს მიანდოს თავისი საქმე, ის მაძებარი აუცილებლად წერლოკ ჰოლმსი იქნებაო. ეს ვინც მითხრა, თქვენი მისამართიც მანვე გადმომცა. თქვენ მაინც მიაღწიეთ იმას, რომ ჩემს საიდუმლოს ფარდა ახადეთ. ჩემი ეჭვის მიუხედავად იმ ძვირფას, კეთილ და მოხუც მღვდლეზე ცუდი მაინც არ მინდოდა მეფიქრა. თქვენ კარგად იცით, მე თვითონ ვიყავი მსახიობი. მამაკაცის ტანსაცმლის გადაცმა ჩემთვის ახალი ხილი არაა. მე თქვენს სათვალთვალოდ მეეტლე ჯონი გამოვგზავნე, თვითონ კი ზევით ავედი, მამაკაცის ტანსაცმელი გადავიცვი და უკან აგედევნეთ.

სწორედ თქვენს სახლის კარამდე მოგყევით და დავრწმუნდი, რომ ჩემი საქმით თვითონ ბრწყინვალე შერლოკ ჰოლმსი იყო დაინტერესებული. მერე საკმაოდ დაუდევრად გისურვეთ ღამე ნებისა და ქმართან ტემპლში გავემგზავრე.

ჩვენ ორთავემ ბევრი ვიფიქრეთ. მაგრამ ისეთ მოწინააღმდეგესთან შებმას, როგორიც თქვენა ხართ, გაქცევა ვამჯობინეთ. ასე რომ, ჩვენს ბინაში მოსულს, ჩვენი ბუდე ცარიელი დაგხვდებათ. რაც შეეხება ფოტოსურათს. თქვენს კლიენტს შეუძლია დამშვიდებული ბრძანდებოდეს. მე იგი აღარ მიყვარს და მასზე უკეთეს მამაკაცს ვუყვარვარ. მეფეს, როგორც მოენებება, ისე მოიქცეს. მე მისთვის ვნების მიყენებას არ მოვინდომებ. თუმცა თვითონ კი გამამწარა. ფოტოსურათს მხოლოდ თავდაცვის მიზნით შევინახავ. შევინახავ, როგორც იარაღს, იმ შემთხვევისათვის, თუ მეფე ჩემ წინააღმდეგ კვლავ საქმეს წამოიწყებს. მე ვტოვებ აქ ჩემს ფოტოსურათს და თუ მეფე მოინდომებს, თან წაიღოს. დავრჩები თქვენი ერთგული, აირენ ადლერი, ნორტონისა”.

– ოჰ, რა ქალია, ოჰ, რა ქალია! – წამოიყვირა ბოჰემიის მეფემ, როცა წერილი ჩავათავეთ. – აკი გეუბნებოდით. ჭკვიანი და ძალიან მოხერხებულია-მეთქი! ოჰ, რა სათაყვანებელი და საგოგმანებელი დედოფალი იქნებოდა? სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ მეფური სისხლისა არ იყო.

– მას მერე, რაც ეს ქალი შევიცანი, მეც იმ აზრისა ვარ, თქვენო უმაღლესობამ, რომ იგი თქვენი ტოლი მართლაც არ არის, – ცივად წარმოთქვა ჰოლმსმა. – ძალიან ვწუხვარ, თქვენო უმაღლესობავ, რომ საქმის უფრო უკეთ დაბოლოება ვერ შევძელი.

– პირიქით, ძვირფასო, სერ, – წამოიძახა მეფემ. – ამაზე უკეთესი დაბოლოება არც შეიძლებოდა. მე ვიცი, რა შეუვალი სიტყვის პატრონია აირენი. ფოტოსურათი ახლა ისევე უვნებელია, ვითომ ჩვენი ხელით დაგვეწვას.

– მოხარული ვარ, რომ თქვენი უმაღლესობის პირიდან ასეთი სიტყვები მესმის, – უთხრა ჰოლმსმა.

– მე თქვენგან ძალიან დავალებული ვარ და მინდა რითიმე გადაგიხადოთ, აი ეს ბეჭედი… – თქვა ეს, ხელიდან ზურმუხტისთვლიანი ბეჭედი წაიძრო და ჰოლმსს გაუწოდა.

– თქვენს უმაღლესობას უფრო ძვირფასი განძი გააჩნია, – უთხრა ჰოლმსმა.

– დამისახელეთ და მზადა ვარ.

– აი, ეს ფოტოსურათი.

მეფემ ჩემს მეგობარს გაოცებით შეხედა.

– აირენის ფოტოსურათი? – წამოიძახა მან,- ინებეთ. თუ ასე გინდათ.

– მადლობთ, თქვენო უმაღლესობავ. მაშასადამე, საქმე ამით დამთავრებულია.

– პატივი მაქვს, მშვიდობის დილა გისურვოთ, – ჰოლმსმა თავი დაუკრა მეფეს და მის მიერ გამოწვდილი მარჯვენა არც კი შეუმჩნევია, ისე წამოვიდა ჩემთან ერთად ბეიკერსტრიტისაკენ.

აი, რა მიზეზით მოხდა აურზაური ბოჰემიაში და ჩემი მეგობრის შესანიშნავი გეგმა როგორ იძლია ქალის ჭკუისა და მოხერხების წყალობით. ქალის ჭკუაზე რომ სიტყვა ჩამოვარდებოდა, ჰოლმსს ეს სასაცილოდ არა ყოფნიდა ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს რატომღაც ამ საკითხზე საუბრისას დუმილს არჩევს. – თუმცა, როცა აირენ ადლერს ახსენებს ან მის ფოტოსურათს დახედავს ხოლმე, მხოლოდ ერთი ეპითეტით ამკობს მას: “აი, ჭეშმარიტი ქალი!”

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა