პოეზიამუხრან მაჭავარიანი

ჭოლა

აკლდა
ორიღა წუთი ტფილისიდან მატარებლის გასვლას.
საკატორღენი აჰყავდათ ვაგონებში –
ჟღარუნებდა ბორკილი.
წარმოსადეგი თავადი მარილიანად ოხუნჯობდა,
სიცილით ბუქნავდა
კეთილშობილი მანდილოსანი –
თევზივით მოქნილი.

– ნამდვილი კომიკი ხართ, ბატონო ტიტიკო! –
(ღიმილით პასუხობდა კომპლიმენტს თავადი).
ირგვლივ საყურადღებო არაფერი ხდებოდა თითქო, –
კვლავ გულიანად კისკისებდა ქალი ტანადი.

დარეკეს ზარი –
აჩოჩქოლდა მატარებელი გრძელი –
ბაქანზე დარჩა
ყაყაჩოიანი ყმაწვილივით
ჭაღარა რკინიგზელი.

ვაგონის ფანჯრიდან ველებს გასცქეროდა,
თოვლით გადაბარდნილს, ჭაბუკი ჭოლა.
მის თვალებს ცივი ციმბირი ელოდა,
სუსტ ფილტვებს –
ქარბუქი გამჭოლი.

და აი, საცაა მის სოფელს გადასერავს
ეს მატარებელი – გველივით მსრბოლი.
ალაგ ღოღნაშოზე ყვავები სხედან,
ალაგ ბუხრებიდან ამოდის ბოლი.

თენდება.
სოფელში მამალმა იყივლა.
იღვიძებს, იღვიძებს სოფელი ჩემი.
ჭოლას არ სჩვევია ტირილი სიყრმიდან,
ო, არა,
ეს ისე, –
წამოსცდა ცრემლი.

მატარებელი კი, თითქოს არაფერი! –
მიჰქრის და…
აღარ სჩანს ქოხები, ღობე.
– დედაო, მიშველე! – კინაღამ დაიძახა
ჭოლამ,
ვით სიყრმეში იცოდა ხოლმე.

. . . . . . . . . .

ციმბირი. კატორღა. სულს ღაფავს ჭოლა.
მომაკვდავს ეჩვენება სოფელი თვისი:
დედა ძროხას წველის.
საყვარელ ბოჩოლას
ჭოლას უმცროსი ძმა ეძახის: ჩივის!

. . . . . . . . . .

გამოჩნდა ტფილისიც.
ტფილისის ქუჩებში
დილაა.
წყნეთელი გაჰყვირისის: მაწონს!
ჭოლა ევაჭრება წყნეთელს ციმბირიდან:
– რა ღირსო ქილა მაწონი, კაცო?

. . . . . . . . . .

ირგვლივ ციმბირია, ირგვლივ ღრმა თოვლია.
მთვარე საფლავიდან ადგა.
აქ არც ტფილისია, აქ არც წყნეთელია, –
ჭოლა
აღარ არი რადგან.
Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Close