მუხრან მაჭავარიანიპოეზია

ტყე-ტყე მიდის ..

ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის…
ინდი მინდი ფერად შინდი…
იმღერს ლექსთა საბრალოთა… 
მიდის… მიდის…

ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის… 
ინდი მინდი ფერად შინდი…
სჭკნება ტურფა საბაღნარო… 
სწყდება ზეცას მეტეორი…
– მოშაირე არა ჰქვია, 
თუ სადმე თქვას ერთი ორი!
ერთი…
ორი…
და იცვლება საუკუნე საუკუნით…
მაინც მღერის,
მაინც სტირის,
ვით
სტიროდა გული…

ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის… 
ინდი მინდი ფერად შინდი…
იმღერს ლექსთა საბრალოთა… 
მიდის… მიდის…

ღმერთო ერთო! –
ღმერთო ერთო! –
თრთის სხეული… თრთის ბაგენი…
რუსნი,
სპარსნი,
მოფრანგენი –
ისმენდიან, – გაჰკვირდიან, 
რა ატირდის, – ატირდიან…
– რა პატარა ქვეყნიდანა… 
რა დიდია!…

ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის… 
ინდი მინდი ფერად შინდი…
მიდის… მიდის… წვება ბინდი…
ვარსკვლავები…
კვლავ დილა!…
– ავთანდილი?!
– რუსთაველია!
რამ გაავთანდილა!…

ტყე-ტყე მიდის… ტყე-ტყე მიდის… 
ინდი მინდი ფერად შინდი…
Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Check Also

Close
Close