რეცენზიაელიფ შაფაქი

ელიფ შაფაქი “ღირსება” (რეცენზია)

ელიფ შაფაქი  (1971 წ.) თურქი წარმოშობის ავტორია, რომელიც სტრასბურგში დაიბადა. შაფაქის წიგნები აღმოსავლური და დასავლური კულტურის საინტერესო ნაზავია. ამავდროულად ის ორ ენაზე წერს: თურქულად და ინგლისურად, რაც მას მკითხველისთვის ნოველების განსხვავებული სპექტრით დანახებაში ეხმარება.

შაფაქის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ორმა მთავარმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა: მას ბავშვობიდან მარტოხელა დედა ზრდიდა, რომელიც დამოუკიდებელი და ძლიერი ადამიანი იყო და ამით განსხვავდებოდა უამრავი თურქი ქალისგან, რომლებსაც პატრიარქალურ საზოგადებაში უწევდათ ცხოვრება. ასევე შაფაქი სტამბულში, ლონდონში, მადრიდსა და ამერიკის რამდენიმე ქალაქში ცხოვრობდა, რამაც მას საშუალება მისცა კულტურულ სხვადასხვაობაზე დაფიქრებულიყო. ამ ორი მიზეზის გამო, მის წიგნებში მოთხრობილი ამბები ხშირად ქალებს, ემიგრანტებს, კულტურულ განსხვავებებს და ტრადიციებს ეხება.

წიგნი “ღირსება” ორიგინალში ინგლისურად არის დაწერილი და მოქმედებაც ძირითადად ლონდონში ვითარდება. ნაწარმოებში შაფაქი თურქულ-ქურთული ოჯახის სამი თაობის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებასაც გენდერი, კულტურა, ტრადიციები და ცრურწმენები განსაზღვრავს.

შვიდი წლის რომ ვიყავი, მწვანე სახლში ვცხოვრობდით. ერთი მეზობელი გვყავდა, ხელმარჯვე თერძი, რომელიც ცოლს ხშირად სცემდა. საღამოობით გვესმოდა ყვირილი, მოთქმა, გინება, დილით კი ცხოვრებას ისე ვაგრძელებდით თითქოს არაფერი მომხდარა. მთელი სამეზობლო თავს იკატუნებდა, რომ ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა.

ეს წიგნი ეძღვნება მათ, რომლებიც ხედავენ და ესმით.

ნაწარმოების ნარატორი ესმა ტოპრაკია, რომელიც თავისი ძმის ციხიდან გამოსვლისთვის ემზადება. ძმის, რომელმაც დედამისი “ღირსების შელახვის მოტივით” მოკლა.

“ღირსების” ისტორია ესმას დედის, პემბეს და მისი ტყუპისცალის, ჯამილას დაბადებით იწყება. პემბე და ჯამილა ისეთ სოციუმში დაიბადნენ, სადაც ქალები მანამ აჩენენ შვილებს, სანამ ბიჭი არ ეყოლებათ და სადაც გოგოები სკოლაში არ დადიან, რადგან მათი მთავარი ფუნქცია არა – სწავლა, არამედ გათხოვებაა. მათს საზოგადოებაში ჩადებულია ღირსების კოდი, რომელიც სხვა ყველაფერზე მაღლა დგას. ღირსება არის სახელი, რომელსაც მხოლოდ ბიჭებს არქმევენ.

თურმე ქალები მსუბუქი თეთრი ბატისტისგან იყვნენ შეკერილები, კაცები კი სქელი, მუქი ნაჭრისგან. უფალმა ასე შეკერა ქალი და კაცი: ერთი მეორეზე აღმატებულია.

მუქ ნაჭერზე ლაქები არ ჩანდა, თეთრზე კი მტვრის ნაწილაკიც შესამჩევი იყო.

პემბეს ოცნება მოგზაურობა და სამყაროს მრავალფეროვნების ნახვაა, რომელსაც აიხდენს, როცა მისი მომავალი ქმარი ადემი მას, მისი დის ნაცვლად, ღირსების გამო მოიყვანს ცოლად. მათი შვილები ლონდონში დაიბადებიან და გაიზრდებიან: ესმას, იუნუსის და ისკანდერის გარემო სრულიად განსხვავდება მათი მშობლების წარმოშობის ადგილისგან, თუმცა ისკანდერს, როგორც უფროს ვაჟს, ღირსებისა და ოჯახის სახელის დაცვის გამძაფრებული სურვილი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი მასზე განსაკუთრებულად ზრუნავს, მამა კი სახლიდან მიდის და შვილებით აღარ ინტერესდება, მისთვის დედის მიერ დაშვებული შეცდომა უპატიებელია, მამის მიერ ჩადენილი იგივე საქციელი კი – არა.  სწორედ ისკანდერის ამგვარ, გაუაზრებელ, დამოკიდებულებას ოჯახის და გარშემომყოფი ადამიანების მიმართ, იგი საბედისწერო შეცდომამდე მიჰყავს.

 

Bookshelf-ის შეფასება: ელიფ შაფაქის “ღირსება” ძირითადად კულტურულ საკითხებს ეხება. წიგნში რეალისტური ამბების გარდა მისტიკურ ელემენტებსაც ვხვდებით, თუმცა ძირითადი აქცენტი ოჯახზე, სიყვარულზე, ურთიერთობებსა და ტრადიციებზეა.

“ღირსების” გმირების საქციელს კოლექტიური შეგნება განაპირობებს. ნაწარმოებში აღწერილ საზოგადოებაში კულტურული კოდები, დროისა და სივრცისგან დამოუკიდებლად, თაობიდან თაობას გადაეცემა. პერსონაჟები უპირობოდ იღებენ თავიანთი სოციუმის ტრადიციულ მოთხოვნებს, არ აკრიტიკებენ ნორმებს და ბრმად ექცევიან  მათი გავლენის ქვეშ.

“ღირსება” მტკივნეულად წასაკითხი წიგნია. მტკივნეულია იმით, რომ ვხედავთ, როგორ ზრდიან ქალები თავიანთ ვაჟებს ისეთ კაცებად, როგორებსაც თავადვე გაურბიან; როგორ ღალატობენ, სცემენ და კლავენ ასეთი კაცები ცოლებს; როგორ არიან მარტოობისთვის განწირული “ღირსებაშელახული” ახალგაზრდა გოგოები; როგორ მიჰყავს საზოგადოების მიერ დამკვიდრებულ ნორმებს ადამიანის ბედისწერა ტრაგედიამდე.

მტკივნეულია, რადგან დრო და ადგილი, რომელზეც ელიფ შაფაქი წერს სინამდვილეში ჩვენგან არც ისე შორსაა.

წყარო

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also

Close
Close
Close