პოეზიაგალაკტიონ ტაბიძე

ახალ ტალღას

„იქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით“
ნ. ბარათაშვილი

მუდამ თან მსრბოლი ფიქრი მწვავდა, ფიქრი მტანჯავდა,
გამოვექეცი გულის დამწველ მშვიდ არემარეს;
ნაპირი ზღვისა იმავ სევდით მშვიდად სუნთქავდა,
ცას შესცქეროდა ზღვა ლაჟვარდი გულცივს, მდუმარეს.
და უზრუნველად
სიო ფრთამალი,
თავისუფალი
ჰქროდა მთა-ველად.
ფიქრს მისცემოდა სივრცე წყნარი, ვრცლად გადაშლილი,
მზის მკვეთრი სხივი ზღვას მოწყენილს დასციმციმებდა,
კამკამს სევდიანს დასცქეროდა ნორჩი ყვავილი,
გედი ყივილით წრფელ მეგობრებს ცისკენ იწვევდა.
არ მინდა, არა! სულს მოსწყინდა ეგ ერთფერობა,
სული ეძიებს ქარიშხალს და ბობოქარ ტალღებს,
მუდმივ დუმილში ვერ თავსდება ტანჯულის გრძნობა
და ნაზ სიმღერას, გულში აღძრულს, ზღვას შეღაღადებს:
შენს მოლოდინში
გულს ნუ მიდაგავ,
დაჰკარ, დაჰქუხე,
ახალო ტალღავ!
Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Close
ზედა პანელზე გადასვლა