პოეზიაგალაკტიონ ტაბიძე

ამაო ცდა

ამაოდ ცდილობ, რომ ჩემის სახის
გულის სიღრმეში წაშალო კვალი,
ის იქ იცოცხლებს, როგორც ტბის გულში
ჰაეროვანი სახე ფერმკრთალი.
ვერ განიშორებ ჟინიან წარსულს,
მოგონებებში ვერ წაშლი მის კვალს,
მუდამ აანთებს ის შენს თვალებში
ბედნიერ დღეთა ცხოველ ნაპერწკალს.
წადი, სადაც გსურს... შორს, მარტო მყოფი,
როგორც დემონი მოუსვენარი,
არ მოგასვენებს მისი დაღლილი
და გატაცებით მკვნესარე ქარი.
და სახე მკრთალი, დაღონებული
მარადის თვალწინ დაგეხატება,
ბევრჯერ იტირებ და იქვითინებ,
ბევრჯერ წარსულზე გული დაგწყდება.
მოკვდი, რას ნიშნავს? სამარეშიდაც
თან ჩამოგყვება მწველი სიმღერა,
რომ დაგიბრუნოს განსვენებაში
სიცოცხლის სული და ვნების ძგერა.
და როცა ცრემლი განშორებისა
ტრფიალის სურვილს გაუცხოველებს,
გიჟური ვნებით ზედ დააკვდება
ორ გველს და ორ ლერწს - შენს დაღლილ ხელებს.
სიმებს გააბამს ორთა გულს შუა,
სიმღერას მოჰფენს ტყესა და ველებს,
და ამ ჰანგებში თვით უკვდავება
შენს სურვილებსაც აამეტყველებს.
და ფერფლი შენი მივიწყებული
სამარის ჩრდილით გამოიხმობა,
ასეთი არის ტრფობის სიმღერა,
და ასეთია თვით იგი ტრფობა.
Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Check Also

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა