თემურ ელიავაპოეზია

ვერლიბრი

როცა აივანთან ჩაივლის პროცესია,
მე კი, აივნიდან ხოშიანად გადმოვაფურთხებ,
სიმღერას შეწყვეტენ ისინი, 
ვინც ღმერთი დამაკარგვინა
და უღმერთოს მიწოდებენ. 

მართლმადიდებლურად დაიბოღმებიან, 
გზას ლოცვა-ლოცვით გაუყვებიან 
ტაძრისაკენ. 
აუცილებლად დამიმახსოვრებს ერთ-ერთი მათგანი,
რათა მოგვიანებით, 
როგორც კი მარხვა დასრულდება,
ყოვლადბრძენი მამაოს კურთხევით 
საქმე გამირჩიოს. 
მაგრამ ჯერ ადრეა,
ჯერ სამოთხე უნდა გაინაღდონ.

რამდენი რამ არ იცით ჩემზე, უბრალოდ, ეჭვი გაქვთ, 
რომ ღამ-ღამობით კატებს ვკლავ სასაფლაოზე და 
რქები ამომდის. 
აქ ჩემი ცოლი არაფერ შუაშია,
მე იმ ხეპრე პოლიციელისგან განსხვავებით,
სულ სხვა მიზეზით ამომდის რქები -
აიდი ბარათი მაქვს აღებული იუსტიციის სახლში. 
არიქა, საქმეს ნუ დაიჭერთ ჩემთან, 
ჩემი საქმე წასულია!
თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაში კი არა,
სარჩევნო სიებშიც არ ვარ. 
ასე რომ, არაფერში მიმიძღვის ბრალი,
თუ არ ჩავთვლით მამაჩემის უეცარ სიკვდილს,
რომელიც, ჩემგან განსხვავებით,
არის საარჩევნო სიაში.

მე კი ვერლიბრებს ვეჩვევი და სმას თავს ვანებებ.
ხომ ვთქვი, ჩემი საქმე წასულია-მეთქი...
ღვაწლმოსილ მწერალს 
არასდროს უჩუქნია ჩემთვის კალამი,
აღარც დუელიანტი ვარ, გასული საუკუნის,
აღარც კავალერი ვარ, რომელიმე ორდენის,
ბერეტი და შარფიც კი არ მაქვს.
სამაგიეროდ, სისხლი მაქვს აზნაურის
და რაიონული სასამართლოს დადგენილება
სამართალდამღრვევ თემურ ელიავას შესახებ,
რომელიც მთვრალი, შუაღამით, ქუჩაში ყეფდა.

2

ზამთარია, რა ხანია, მკვდარი ვარ 
და ახლა, როგორც არასდროს 
რაღაცას წარმოვადგენ!
წესი იმ ახალგაზრდა ყმაწვილმა ამიგო,
ჩემს დასახიჩრებას რომ ლამობდა
მარხვის დასრულებისთანავე.
სასაცილოა, 
იმ სასაფლაოზე დამკრძალეს, სადაც
ყოველ ორშაბათს კატებს ვკლავდი და 
ვინ იცის, კიდევ რას ჩავდიოდი.
მართალია, ორდენის კავალერი ვერ გამხადეს,
მაგრამ შარფი და ბერეტი სულაც არ ყოფილა პრობლემა -
უხვად ჩამატანეს პოეზიის ლაწირაკებმა.
წინ ღვაწლმოსილი მწერალი მიუძღოდათ,
პირადი კალმით გულის ჯიბეში -
ხომ ვთქვი, 
როგორც არასდროს, რაღაცას წარმოვადგენ-მეთქი.

რაც მთავარია, 
ამომშალეს ნისიების დავთრიდან
და ავტომატურად ავღმოვჩნდი საარჩევნო სიაში,
მამაჩემის სახელის გვერდით.
Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა