გამორჩეული ადამიანებიტერენტი გრანელი

ზოზიას მოგონება ტერენტი გრანელზე

საუბარი ძმაზე

“ზოზია! ზოზია! ზოზიაო! – რაღაცნაირად ხდება – ტერენტი დამესიზმრა და მის თაობაზე ვინმე არ მოვიდეს არ იქნება.

დიდი და პატარა ტერენტი, ბუნებრივია, ერთმანეთისაგან ბევრი რამით განსხვავდებოდა, მაგრამ სიკეთე, სისათუთე, გულიბრყვილობა, პატარა ტერენტისა დაჰყვა.

მამის დასაფლავების დღეს ტერენტი შემთხვევით აღმოჩნდა ზუგდიდში, სადაც უთქვამთ ამ უბედურების შესახებ. დაუქირავებია ცხენი და ის-ის იყო სამარეში უნდა ჩაეშვათ კუბო, ფერწასული და ოფლში გახვითქული წალენჯიხაში, სასაფლაოზე მოვარდა. რა დღეში იყო. სამი კაცი ვერ აკავებდა, ერთი იმათგანი მწიგნობარი იაკობ შანავა, მას ძალიან უყვარდა. სიკვდილის წინ მამა ამბობდა: “მე არ ვარ კარგად, ვკვდებიო. რა ბედნიერი ვიქნებოდი ჩემთან დარჩენილიყო ტერენტი, ერთი მანახაო ახლა”.

წალენჯიხაში და ზუგდიდში ტერენტი სამ თვეში ერთხელ ჩამოდიოდა. ჩერდებოდა მხოლოდ სამი-ოთხი დღე, უთბილისოდ ვერ ძლებდა. ჩვენ ვაკითხავდით თბილისში და რითაც შეგვეძლო ვეხმარებოდით. მჭირდება რამეო, ჩვენთან არ წამოსცდენია ტერენტის, იცოდა ჩვენი დუხჭირი ცხოვრება.

ერთხელ თბილისში ტერენტის სანახავად ჩამოვედი, ვკითხე: სადაა შენი ბინა გაგისუფთავებ, დაგილაგებ, გაგირეცხავ მეთქი”. ახლა არა უშავს შემდეგ ჩამოსვლამდე გადავდოთო”. როგორც გაირკვა იმ ხანად ბინა საერთოდ არ ჰქონია. არ მიმხელდა დას შეეშინდებაო.

გულით ავადმყოფი ვიყავი, ეს რა თქმა უნდა იცოდა ტერენტიმ. შემომთავაზა ცნობილ ექიმ გომართელთან წაგიყვანო. დავთანხმდი. რუსთაველის გამზირს გავყევით. ტერენტი ერთ ახალგაზრდას გამოელაპარაკა: “გაიცანით, ჩემი და ზოზიააო”. “სასიამოვნოა, კაი და გყოლია, კაი და”, – თქვა მან და თავი გალაკტიონად წარმომიდგინა. ექიმმა გომართელმა კარგად მიგვიღო. ჩემს ძმას შუბლზე აკოცა: ჩანდა უყვარდა. გამსინჯა და წამლები დამინიშნა.

ტერენტიმ წიგნად შეკრული ვეება ხელნაწერი ჩამომიტანა ზუგდიდში და მითხრა: ეს ჩემი ლექსებია, რომ მომკლან ან მოვკვდე, იცოდე ამას დაბეჭდავენ და უპატრონეო”. გული მეტკინა, არ მოვეშვი, რატომ ამბობ მეთქი ასე. “ათასნაირი რამე შეიძლებაო შეემთხვეს ადამიანს”. მერე მიყურა, მიყურა და მითხრა “შენ რატომ შეგეშინდა, ისე ვთქვიო”.

ერთხელ ზუგდიდში ჩამოვიდა ტერენტი. ცუდად ეცვა, გვარიანად გამოვაწყვე. ბავშვივით გაიხარა. უყვარდა, როგორ უყვარდა ჩაცმა. რა პატარა ყოფნიდა.

ტერენტის ავადმყოფობა შემატყობინეს და სასწრაფოდ თბილისში ჩამოვედი. მაშოსთან ერთად სურამში ვაპირებდი გამგზავრებას. იქ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა ტერენტი. ის-ის იყო უნდა გავსულიყავით სახლიდან, რომ ტერენტი გამოჩნდა. გავოცდით, ჯერ ერთი არ ველოდით, მეორე და, ავადმყოფს არაფერი უგავდა. იმ ღამეს თითქმის არ ეძინა. ვინმეს ფეხის ხმას რომ გაიგონებდა, იჩემებდა: “ამაღამ მომკლავენო”, მაშინ ამისთვის საგანგებო მნიშვნელობა არ მიგვიცია, ტერენტის ავადმყოფობა გვტანჯავდა.

ტერენტი გრანელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

ტერენტი ნიჭიერი იყო, თავაზიანი, ნამეტნავად გულუბრყვილო, მაგრამ უღარიბესი, ამიტომ ეცოდებოდათ მეგობრებს, პოეზიის მოყვარულებს და პირველად თავისით ეხმარებოდნენ. მერე კი თვითონ ტერენტიც არ ერიდებოდა მათთვის კაპიკების გამორთმევას. თუკი საჭიროზე მეტს მისცემდნენ, უკან უბრუნებდა. მაშოს უთქვამს და ტერენტის მეგობრები წერენ. ტერენტი ყოველთვის ცდილობდაო პატივისცემის გადახდას. აიღებდა თუ არა ლექსის ჰონორარს იქვე დახარჯავდა. მეტიც: ერთხელ როცა წიგნის ჰონორარი აუღია, იქვე დაუტოვებია გამოიყენეთო. სიამაყე კი თავისი გონების საკადრისი ჰქონდა.

ზოზია კვირკველია

წყარო: burusi.wordpress.com

Print Friendly, PDF & Email
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა