გამორჩეული ადამიანებიტერენტი გრანელი

ლავრენტი ბერია ტერენტი გრანელზე

ალექსანდრე სიგუას მოგონებებიდან

ჩემს ბინაში (ალექსანდრე სიგუა) ერთი კერძო საუბრის დროს ტერენტიმ მიამბო:
– ამ დღეებში ჩიტაძის ქუჩაზე შემხვდა პოეტი ლადო გეგეჭკორი და მითხრა – ბერიას სახლში ვიყავი და მითხრეს, ტერენტი გრანელს თუ იცნობო. ძალიან ახლოს – მეთქი. ამის შემდეგ მათ ჩემთან საუბარი არ გაუგრძელებიათ.
იქვე ჩემთან მოვიდა ბერიას მეუღლე ნინო გეგეჭკორი და სიხარულით მითხრა: დაუწერია ტერენტი გრანელს ჩვენი დიდი მომღერლის, ვანო სარაჯიშვილის შესახებ და თანაც ლექსი მოიტანა “ვანო სარაჯიშვილს” და წაიკითხა, რომელსაც ლავრენტი ბერიაც უსმენდა:

ვანო სარაჯიშვილს

დაეშვა ფარდა, დაბნელდა სცენა,
შეწყდა შრიალი და მისტერია.
ვანო! აღსრულდა შენი სიმღერა:
“თავო ჩემო, ბედი არ გიწერია!”
და ახლა ირგვლივ გლოვის წამია,
წამია გლოვის, ცრემლების გარდა.
ქართულ სცენაზე მძიმე ღამეა,
ქართული სცენა დამგლოვიარდა.
შენ გადაფრინდი სინათლის იქით,
რომ მხოლოდ ნისლი იყოს კარავი.
და გვირგვინების მწუხარე რიგი
ახლა შენს მაღალ კუბოს ფარავენ.
დღეს აღარა ხარ, ძვირფასო, მაგრამ
ჩვენთან ელვარებს შენი ნათელი.
სამწუხაროა, რომ ასე გაჰქრა
შენი ხმა: ცეცხლი და ჟრუანტელი.
დაეშვა ფარდა, დაბნელდა სცენა,
თვალები მაინც შენ გიცქერიან.
ვანო! აღსრულდა შენი სიმღერა:
“თავო ჩემო, ბედი არ გიწერია”!

ლავრენტიმ მოწონების ნიშნად გაიღიმა.
აქვე მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევაც. ერთხელ ბატონმა შალვამ ბერიასთან წამიყვანა. კაბინეტში ვისხედით. შემთხვევით სიტყვამ მოიტანა (ბატონი შალვა მწერლებზე საუბრობდა) და იგი მოულოდნელად შეეკითხა ბერიას. ლავრენტი ბატონო, პოეტ ტერენტი გრანელს თუ იცნობდით ან თუ გსმენიათ მის შესახებ რაიმე. ბერია ფეხზე წამოდგა, ჩვენს წინ დადგა და რიხიანად წარმოთქვა: – ტერენტი დიდებული პოეტი გახლდათ, ბატონო შალვა”. პაუზა უმალ შეივსო, – “კი, დიდებული პოეტი იყო ის ცხონებული, მაგრამ”. ახლა პაუზა ბატონმა შალვამ გაჭიმა, “მაგრამ ცხოვრებას მან ვერ გაუგო და დამარცხდა, თავი დაიღუპა”. ბერია, რომელიც ნახევრადშებრუნებული იდგა ფანჯარასთან, უეცრად შემოტრიალდა და გამჭოლი, გამყინავი თვალებით შემოგვხედა. მცირე დაყოვნების შემდეგ კი, თითქმის პათეტიკურად წარმოთქვა: – “ცხოვრებას კი არა, ბატონო შალვა” – და ამ უკანასკნელს ხაზი გაუსვა, თვით ცხოვრებამ ვერ გაუგო მას”.
ეს ისე იყო ნათქვამი, ტანში გამცრა, დავიბენი, ამისთანა პასუხს არ ველოდი და ვერც წარმოვიდგენდი. გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო, თვალწინ ტერენტი წარმომიდგა თავისი განუმეორებელი ღიმილით:

“ქართველმა ხალხმა გიჟი მიწოდა
მზე მიდის გაღმა
ცის ხმა ისმოდა”.

გავიდა რამდენიმე დღე და მომაგონდა ტერენტის მონათხრობი:
– ერთხელ გზაზე შემაჩერა ორმა ახალგაზრდამ და მითხრა, თქვენ ტერენტი გრანელი არ ბრძანდებით? – დიახ, ტერენტი გრანელი გახლავართ.
– თქვენ გთხოვთ ჩვენი უფროსი.
– ვინაა თქვენი უფროსი?
– ლავრენტი ბერია.
მე გავყევი, ვინაიდან ვიცოდი ლადო გეგეჭკორისაგან, რომ მან ჩემი გვარი იკითხა. შემიყვანეს მის კაბინეტში, კარგად მიმიღო და მითხრა: ვანო სარაჯიშვილზე რა მშვენიერი ლექსი დაგიწერიაო და იქვე დასძინა, ჩემთან იყვნენ რომელიღაც გამომცემლობის ხელმძღვანელები, მოიტანეს თქვენი ლექსების კრებული და მთხოვეს გამოცემის ნებართვა. მე დიდი კმაყოფილი და გახარებული წამოვედი მისი კაბინეტიდან.
მაგონდება კიდევ ერთი ეპიზოდი. რედაქციასთან ახლოს ჩამოსასხდომზე ვისხედით. ჩემი და ტერენტის საუბარი, როგორც ყოველთვის, პოეზიას შეეხებოდა. რედაქციიდან ვიღაც ქალი ჩამოვიდა, საუბარი გაგვაწყვეტინა და იკითხა, ბატონი ტერენტი რომელიაო. მე გახლავარ უპასუხა პოეტმა და ფეხზე წამოდგა. რედაქტორი თავისთან გიხმობთ – ტერენტი უცებ აენთო და მკვახედ მოუჭრა, – თუ რაიმე საქმე აქვს, აქ თვითონ… ჩამოეთრიოს… ეს ისე იყო ნათქვამი, რომ მსმენელს არ გაუჭირდებოდა, თუ რა იგულისხმა ამაში. ტერენტიმ ქალს სცა პატივი, რადგან სახის გამომეტყველებით სჩანდა, რომ „რედაქციას“ ღირსეულად შეამკობდა. ტერენტი გაბრაზებული და შეურაცხყოფილი წამოვიდა, მეც გავყევი. ცოტა სიარულის შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა: – ჩემო საშა, შენ რა, ეს წყობა გგონია? უცებ ხელები გაიშვირა და წარმოთქვა: „ესენი დამხვრეტელები არიან, დამხვრეტელები!“. მე ტანში გამცრა, მიმოვიხედე, ხომ არავინ გვისმენს-მეთქი. ტერენტიმ ხელი ჩაიქნია და ისევ ჩქარი ნაბიჯებით განაგრძო სიარული. უაღრესად შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა აქაურობას, სადმე მყუდრო ბაღში შესულიყო და თავი საკუთარ სამყაროში ეგრძნო.
ტემპს მოუმატა, მე ძლივს ვეწეოდი. ასე, ორასიოდე ნაბიჯით თუ ვიქნებოდით გაცლილი ინციდენტის ადგილს, რომ ჩვენს გვერდით ქაშვეთთან გზაზე მანქანა მკვეთრად დამუხრუჭდა. ორი ახალგაზრდა გადმოვიდა და ჩვენს წინ დადგა, ჩვენც უცებ შევჩერდით. მანქანის ღია კარებიდან კი ლავრენტი ბერიას სახე შორს მიმავალი მზერით მკაფიოდ ჩანდა. გაურკვევლობისა და უსიამოვნო შეგრძნების ტალღამ თოთქმის მთელი საუკუნე განვლო.
– ბატონო ტერენტი! – მოგვესმა ხაზგასმული გამყინავი ხმა. პაუზამ რამდენიმე წამს გასტანა, მონუსხულივით ვიდექით. ცივი და გამყინავი ხმა თითქოს შორიდან მოდიოდა, მაგრამ მკაფიოდ ჩამესმოდა ყურებში: „ტერენტი!… ტერენტი, წერე… წერე! და კარების დახურვის ხმა ისე მკაფიოდ ცამესმა, თითქოს ვიღაცას ჩემთვის ძლიერი სილა გაელაწუნებიოს. მანქანა ადგილიდან მოწყდა და სწრაფად გაუჩინარდა. თავში პოეტის ლექსიდან სულის სიღრმემდე ჩამწვდომი სტროფები ამოტივტივდა:
ამ ხალხის ქება არ მიხარია,
ეს ხალხი ჩემს სულს როგორ ექცევა?
ჩემი ცხოვრება ქარიშხალია
და ჩემი გული მიწას ეცემა
…………………………………………….
რომელი იგრძნობს შორეულ საგანს,
რომელმა იგრძნო ეს ატირება.
და მე ამნაირ ცხოვრებისაგან
თითქმის ყოველდღე ვგრძნობ დამცირებას.
ტერენტიმ შემომხედა, ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, თავი მსუბუქად დამიკრა და ხმის ამოუღებლად დამემშვიდობა.
იმ დღეებში ხელნაწერის სახით მოსწავლე-ახალგაზრდობა ავრცელებდა პოეტის ერთ ლექსს, რომელსაც მთლიანად მოვიყვან. არ ვიცი, უბრალო დამთხვევა იყო ეს, თუ პოეტის ცხოვრების სხვა ეპიზოდს ეხებოდა ეს უცნაური შეხვედრა. ახლა ვერ ვიტყვი. ამის შესახებ ტერენტისთან მე არ მილაპარაკია, მკითხველისათვის კი ვფიქრობ, საინტერესო იქნება ეს ლექსი, რომელიც პოეტის კრებულში არ არის შესული.

პოეზია

ფიქრი გადადის შორეულ ხეზე,
როგორც სისწრაფე და შენელება,
აქ სხვები წერენ “ქალის ფეხებზე”,
როცა მე ვუმღერ საშინელებას!

ვფიქრობ, ეს ქალი როგორ ვიწამე,
ვფიქრობ, ეს ქალი ჩემთვის მკვდარია.
აქ სხვები წერენ მხოლოდ მიწაზე,
როცა მე ვუმღერ პლანეტარიას.

ფიქრის ტრიალი ისევ მოშალეს,
ისევ ხმაურის დადგა დროება,
აქ სხვები წერენ მხოლოდ დროშაზე,
როცა მე ვუმღერ უსაზღვროებას.

ჩნდება ფიქრები შორეულ ალზე,
ვიცი ეს გრძნობა არ მოისპობა.
აქ სხვები წერენ მხოლოდ ნამგალზე,
როცა მე ვუმღერ მარადისობას!

წიგნიდან “ტერენტი გრანელი – ცისფერი სიშორე”; შემდგენელ-გამომცემელი გაიოზ როგავა

წყარო:  burusi.wordpress.com

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა