პოეზიავახტანგ ღლონტი

ვახტანგ ღლონტი – მე კი არ ვცოცხლობ,- ვკვდები!

***
მე კი არ ვცოცხლობ,- ვკვდები!
რაკიღა ვკვდები,- ვცოცხლობ!
და მწეწენ ტყუპი დები,
მოტკბო და მოავხორცო.

ერთი მეძახის – ,,დარჩი!”
მეორე მირჩევს – ,,წამო!”
ერთი – შეღებილ წარბით,
მეორე – უწამწამო.

მე ერთ-ერთს ვეტრფი ცხადად,
ორთავეს ერთად – ფიქრით.
ორთვალას ორი ცხენი
მიაქროლებს და მივქრი.

და გზის სიმოკლეს ვჯავრობ,
რადგან გამიდის ყავლი;
მე მარადისში ვმგზავრობ
წუთისოფელზე გავლით.

ბოლოს მიმჩეხავს სადმე –
ის,ვინც მექცევა ქამად;
მაინც არ მაცლის დავტკბე
პირველ ქალთან და მშხამავს.

თვისკენ მეწევა თითო,
ვარ კრავი,დასაკლავი;
და მეც ჯვარს ვგევარ თვითონ
ორი გაშლილი მკლავით.

,,გვაშორე შენი ხვედრი,
ღმერთო,ჯვარცმულო,გვიხსენ!”
მაგრამ ჯვარცმული ღმერთი
არ იხედება ჯვრისკენ.

ხოლო ვინც იხედება
არის არაფრის მხედი;
ყველა სურათი ქრება,
ბრწყინავს გოლგოთის ხედი.

ბრწყინავს გოლგოთის ხედი
ცისა და მიწის ხიდად;
თუ ამ ხიდს გადახვედი,
რას სწუხ და,რაღა გინდა.

არც არაფერი მინდა,
არცრას გყვედრით და ვითხოვ;
მე თქვენ მიყვარდით…დიახ!
და თქვენც,ვერ მთმობდით თითქოს.

ვახტანგ ღლონტი,1994 წელი

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also

Close
Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა