პოეზიავახტანგ ღლონტი

ვახტანგ ღლონტი – წადით,წავიდეს ყველა უძღები

***(ფრაგმენტი პოემიდან)
წადით,წავიდეს ყველა უძღები,
ოღონდ მტერს ნუღარ შემოუძღვებით,
როგორც მომხდარა ასჯერ,ათასჯერ;
სამშობლო სწორედ იმათ დასაჯეს,
ვინც მოისხლიტა დედამ ძუძუდან,
ვინც დაჰკრა ფეხი და გაძუნძულდა.
ცრემლით მაძღარი,ლუკმით მშიერი,
ვინც უნუგეშოდ გახდა ძლიერი.
ვინც გადაურჩა ბევრჯერ აღზევანს,
ვინც სცნო ეშმაკმა და აღაზევა
სამეფო კაცად მტრის სამეფოში…
ვინც სისხლში ახშო ყველა დებოში,
ზედ მიაყოლა მტყუანს მართალიც
და გახდა დიდი მთავარსარდალი
და განადიდა უფრორე დიდად
სხვისი საზღვრები,თუმც ერთი ციდა
არ დავიწყნია მშობლის მამულიც
მტერთაგან მუდამ თვალდანამული
და მიუერთა სამწყსოს თავისას;
იქნებ ფიქრობდა – ,,უკეთ დავიცავ…
ას პატარა მტერს ჯობს ერთი დიდი –
გყავდეს მფარველად,რომ უფრო მშვიდი
გქონდეს ცხოვრება და მომავალი…”
გაქვითა ყველა სარგო და ვალი –
იღებდა ცრემლით,იხდიდა ტყვიით,
ქვეყნებს და ხალხებს დღესაც ატყვიათ
მისი ნასაქმარ-ნასასტიკარი…
არადა,ახსოვთ – ეცვა სტიქარი,
ხელში – ლოცვანი,გულში – უფალი;
სურდა სამშობლო თავისუფალი
და,ჯერ უწვრთნელი,ბალღური რითმით,
უძღვნიდა ლექსებს,ახლაც რომ ითქმის
ხალხში,სუფრასთან – იმის დასტურად,
რომ მოკვდა,მაგრამ არსად წასულა!
სად წავიდოდა,ჩვენ არ გავუშვით –
ვინ გორში,ვინ კი ხარაგაულში,
ზოგიც ნოსტეს და ზოგიც ჯანდაბას,
ან იმის იქით – სოფელს ან დაბას,
ძველ რუკებზეც რომ ვერსად მოძებნეს,
არ მოაკლდება ყრმა მეოცნებე,
გასვლას რომ ლამობს ტყეუღრანიდან,
რომ შემდგომ იქცეს წყეულ გრანიტად.
იქცეს კოლოსად,ქუჩად,ხეივნად…
ჯერ მორცხვად,მერე რა არხეინად
მიდის თავებზე ფეხით გადავლა…
არავის უნდა – იყოს ნადავლი,
მიიბან ხელზე მოკლე სადავით,
აჭენონ გზებზე ფოსტის ცხენივით…
რა – მკვდარი გერქვას,რა – შერცხვენილი!
ბედი არჩევანს თუ არ გიტოვებს,
როგორ მოიქცე,საჯე თვითონვე.
მათხოვრად ყოფნას მეფობა გიჯობს,
დროებით მაინც…მიაწექ,ბიჭო!
აქეთ – შენ,იქით – მთელი სამყარო…
ჯერ დააღწიე თავი ამ ხაროს,
სად ბევრი ჩაკვდა უგვარსახელოდ,
საღრჩობელა სჯობს მონის საყელოს…
ისეც ხელი ხარ,მე რა გახელო?!
დიახ,ცხოვრება ომია…ომი,-
მრავალთა გარჯის,მცირეთა ძღომის,
ხან დაყვავებით,ხან ყელში წვდომით.
კრავიც რომ იყო,მშვიდობის მდომი,
მაინც ჩაგითრევს კაენის ტომი.
უწესო დროში ომი წესია;
ჩამოქვეითდა კაცად მესია,
გვაცრემლა მტერთა ჩვენთა სიცოდით
ჩვენ,ვინც ძმის ძმობაც კი არ ვიცოდით.
ხომ არაფერი გამოვიდა რა,
მე მაინც ვეტყვი ამ ვიგინდარას;
-დაიმახსოვრე,ჩემო ბიძია,
ვინც სამშობლოზე შური იძია,
არ იხსენება კაცებში კაცად.
კი,შეიძლება,მოგექცეს მკაცრად
შენი სამშობლო ვიღაცის ხელით,
მოგაგოს ტანჯვა აურაცხელი.
გაჩენილია კაცი დარდისთვის,
როლებს და ნიღბებს იცვლის არტისტი,
ხან გმირს თამაშობს,ხან მოღალატეს,
ყველას ერთად კი საღვთო ღალა გვდეს;
გარეშე ფიცის,ღვინოში კვეხნის,
ვიყოთ ერგული საკუთარ ქვეყნის.
არც სხვა ღმერთია,არც სხვა სამშობლო,-
მადლი შენ,ჩემო სისხლის გამშრობო!
შენ როცა მწყევლი,მე გლოცავ იმ დროს,
მანამ იყავი,სანამ არ გიმტრო.
თუმცა ხანდახან მძულხარ კიდევაც,
ამ დღეში შენი გადამკიდე ვარ.
ხომ სული სხეულს უკვე გამოცდა,
რით აღარ მორჩა ჩემი გამოცდა.
აქვს კი სახელი ამ სახიობას,
რატომ გინდოდი ახალ იობად.
თუ ვარ,დე ვიყო ბოლო ზვარაკი,
ჯერ კიდევ შემრჩა ცრემლის მარაგი.
,,ყოფნა?..არყოფნა?..”- ღირს თუ არა ღირს,
ჰა,გიძღვნი ამ ლექსს,როგორც ჰარაკირს
და გვედრი,ვისაც წამართვი აწმყო,
ხვალზეგ დიდებით ნუ შეურაცხმყოფ;
ის მერენდელი შენი ალერსიც
ნაცრის შეყრაა,მკვდრისთვის,თვალებში;
მე კი არ მინდა მატყუონ მკვდარიც…
რა უსაშველო სამშობლო არის,-
ვისთვის სამშობლო,ვისთვის სამრჩობლო,-
ალალი იყოს,უნდა მაჯობოს,
უნდა მივიღო სასჯელი ჯილდოდ;
ვინც იდეისთვის შვილსაც არ ინდობს –
ის,-ან ღმერთია,ან უკუღმერთი…
შენ განასრულე,ისე თუ ვერ ვთქვი,
მამაღმერთივით მკაცრო მამულო,
იქნებ სხვის გულსაც მიელამუნო.
ხომ დაგჭირდება ხვალისთვის კიდევ
ჯვრის მაყარი და ხელისმომკიდე.
რომ შეალეწონ ძვალი და ხორცი
ხის პატარძალზე უცნაურ ქორწილს
ახალმა მეფემ და ავაზაკმა
და თუ გოლგოთის ჰავამ ასაქმა,
ვიდრე ექცევათ ჯვრისწერა ჯვარცმად,
სადაც ღმერთს უჭირს,იქ რა ჰქნას კაცმა?!

ვახტანგ ღლონტი

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა