ენიგმავიდეოსურათებიუცნაური

მოჩვენებების ყველაზე ცნობილი ფოტოები და ჩანაწერები

1966 წელს ყოფილმა მღვდელმა რალფ ჰარდიმ ინგლისის ქალაქ გრინვიჩის ეროვნულ საზღვაო მუზეუმში ყოფნისას დედოფლის რეზიდენციის განყოფილებაში სპირალურ კიბეს გადაუღო ფოტო. როცა გაამჟღავნა, მოაჯირთან ადამიანის ფორმის გამოსახულება შენიშნა. ექსპერტებმა ნეგატივი გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ რაიმე სახის მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია. დიდი ხნის განმავლობაში იყო ეს ფოტო ერთ-ერთი ძირითადი ხელმოსაჭიდი იმ თეორიისა, რომ მოჩვენებები მართლაც არსებობენ. გადაღების ადგილას არც ისე იშვიათია ნაბიჯების ხმა, კარის უმიზეზოდ გაღება-დახურვა და ბავშვების სიმღერა, როცა ახლომახლო არავინაა. მუზეუმის სტუმრებს ზოგჯერ შეხება ან ბწკენაც კი უგრძვნიათ. ისტორიკოსები ამბობენ, რომ 300 წლის წინ მოახლე გოგონა ამ კიბიდან გადმოაგდეს 15 მეტრი სიმაღლიდან. შეიძლება ამით აიხსნება მუზეუმში პარანორმალური აქტივობა.


1959 წელს მეიბლ ჩინერი დედის საფლავის მოსანახულებლად წავიდა ბრიტანულ სასაფლაოზე. მანქანიდან გადმოსვლის შემდგომ შიგ დარჩენილ თავის ქმარს ფოტო გადაუღო. შემდგომში აღმოჩნდა, რომ მეიბლის ქმარი მარტო არ იცდიდა ავტომობილში, ფოტოს გამჟღავნებისას მისი ქმრის უკან სათვალეებიანი ქალბატონის სილუეტი იყო. მეიბლს დიდი წვალება არ დასჭირვებია მისი ვინაობის გასარკვევად – მაშინვე იცნო გარდაცვლილი დედა, სწორედ ის, ვის საფლავსაც ესტუმრა. ფოტოგრაფიულმა ანალიზმა დაამტკიცა, რომ გამოსახულება არც რაიმე საგნის ანარეკლი იყო და არც ორმაგი ექსპოზიციის შედეგი.

როდესაც სატელევიზიო შოუში “მოჩვენებებზე მონადირეებში” (“Ghost Hunters”) გადაწყვიტეს, წვეოდნენ ფილადელფიაში მდებარე ისტორიულ შენობას – აღმოსავლეთის კოლონიას, თან წაიღეს უმაღლესი ხარისხის აპარატურა და რამდენიმე ვიდეო გადაიღეს. ერთ-ერთ მათგანზე საოცარი რამ დაფიქსირდა: გაურკვეველი წარმოშობის გამოსახულება გამოიქცა კამერისკენ და შემდეგ უკან გაბრუნდა.


კალიფორნიის შტატის ქალაქ ნაივეილში მდებარეობს სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის “Toys ‘R’ Us”-ის მაღაზია, რომელიც ვინმე ჯონის სულის საბინადროს წარმოადგენს. სურათზეც სწორედ ისაა გამოსახული და კედლისკენ მიიწევს. ეს ფოტო რეალითი შოუს “That’s Incredible”-ის მიმდინარეობისას გადაიღეს. ოთახში მყოფთაგან მოჩვენება არავის შეუნიშნავს, თუმცა გამოჩნდა ინფრაწითელ ფოტოზე. მაღაზიას მრავალჯერ ესტუმრნენ ცნობილი მედიუმები, მაგალითად სილვია ბრაუნი. სტუმრობისას სპირიტული სეანსები ჩაატარეს და ჯონის სახელიც იქ ამოტივტივდა. ჯონი მოქადაგე იყო და 1880-იანებში ცხოვრობდა იმ რანჩოში, რომლის ადგილზეც მაღაზია იყო აშენებული. განსხვავდება ინფორმაციები იმაზე, თუ როგორ გარდაიცვალა ჯონი, თუმცა ერთ რამეში თანხმდებიან – შეშის ჩეხვისას მიყენებული ჭრილობის გამო ის სისხლისაგან დაიცალა. “Toys ‘R’ Us”-ის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ და კლიენტებს ჯონი ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. მაგალითად, შედის ქალების ოთახში და ონკანს მოუშვებს, თოჯინებს თაროებიდან ყრის, ხალხს ყურში მათ სახელს ჩასჩურჩულებს, ეს უკანასკნელნი კი ბრუნდებიან და ახლომახლო ვერავის ხედავენ.


დენის რასელმა ეს ფოტო ბებიას გადაუღო 1997 წელს. ბებია ასაკით 90-ს გადაცდენილი იყო და ოჯახური პიკნიკის დროს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დენისმა მისი აღბეჭდვა გადაწყვიტა. სურათი გამჟღავნდა და დენისმა შეინახა, მაგრამ 3 წლის განმავლობაში არავინ დააკვირდა ყურადღებით და ვერ შენიშნეს ქალის უკან მდგარი მოხუცი მამაკაცი. ერთხელაც, როცა შეამჩნიეს, მაშინვე ამოიცნეს, რომ ეს ადამიანი სხვა არავინ იყო, თუ არა დენისის ბაბუა და ფოტოზე აღბეჭდილი ქალბატონის ქმარი, რომელიც 1984 წელს გარდაცვლილიყო.


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული სურათი მოჩვენებების ფოტოებიდან. ასევე გამოირჩევა იმით, რომ წარმოადგენს ეჭვმიუტანელ საბუთს – მისი სიყალბის დამტკიცება დღემდე ვერ მოხერხდა. გადაღებულია 1936 წელს კაპიტან ჰუბერტ პროვანდის მიერ ინგლისში, ნორფოლკის საგრაფოში. ფოტოგრაფები ჟურნალ “Country Life”-ის სურათებს იღებდნენ, როცა მოულოდნელად კიბეზე ქალის გამოსახულება დააფიქსირეს. პროვანდი პირველი თვითმხილველი აღმოჩნდა და ეს ცნობილი ფოტოც გადაიღო. მას “ყავისფერი ლედი” უწოდეს და სავარაუდოდ დოროთი ვალპულის (1686-1726), დიდი ბრიტანეთის პირველი პრემიერ-მინისტრის დის, აჩრდილია.


1946 წელს ავსტრალიის შტატ ქვინსლენდში ერთმა ქალბატონმა, სახელად მისის ენდრიუსმა, თავისი განსვენებული შვილის საფლავს ფოტო გადაუღო. მისი ქალიშვილი გასულ წელს გარდაცვლილიყო, 17 წლის ასაკში. როცა ფოტო გაამჟღავნეს, მისის ენდრიუსისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა – მასზე ჩანდა ჩვილი გოგონა და ის პირდაპირ კამერას უყურებდა. იმ დღეს სასაფლაოზე ბავშვების ჭაჭანება არ იყო, მითუმეტეს გოგონას საფლავთან ახლოს, რომ შემთხვევით კადრში აღმოჩენილიყვნენ. მისის ენდრიუსიც არ იცნობდა ისეთ ვინმეს, რომ მიემსგავსებინა, მის შვილს კი მითუმეტეს არ ჰგავდა. წლების შემდეგ, პარანორმალური მოვლენების ავსტრალიელმა მკვლევარმა ტონი ჰილმა საქმის გამოძიება გადაწყვიტა და დაადგინა, რომ მისის ენდრიუსის შვილის საფლავის შორიახლოს ორი პატარა გოგონას საფლავი იყო, რომელთაგან ერთ-ერთი სიცოცხლეში ძალიან ჰგავდა სურათზე გამოსახულს.

ვაშინგტონის სასტუმრო 1902 წელს გაიხსნა ვაშინგტონის ბორცვზე, ნიუ ჰემპშირის ქალაქ კეროლში. გადმოცემების მიხედვით, ამ შენობაში რამდენიმე მოჩვენება ბინადრობს. მათგან ყველაზე მეტად გამოირჩევა პრინცესას სული, რომელიც აქტიურობას ზაფხულობით იწყებს და ყველაზე ხშირად კონტაქტობს სტუმრებთან. პირველი ჯგუფი პარანორმალური მოვლენების მკვლევარებისა, რომლებმაც სასტუმროში არსებული ვითარების გამოძიება გადაწყვიტეს, იყო “Ghost Hunters”. მათ შეძლეს და რამდენიმე ამაღელვებელი მტკიცებულება მოიპოვეს, რომ სასტუმრო იმქვეყნიური არსებების სათარეშო ადგილია. მათ 314-ე ოთახში, პრინცესას საყვარელ ადგილას, აუდიოჩანაწერი გააკეთეს. კითხვაზე: “პრინცესა, აქ ხარ?” ისმის პასუხი: “ცხადია, აქ ვარ. თქვენ სად ხართ?”


ინგლისში, ჰერტფორდშირში ყოფნისას ფოტოგრაფი ნილ სანდბახი ადგილობრივ ფერმაში იღებდა სურათებს, რომელთაგან ერთ-ერთზე განსაცვიფრებელი რამ დაფიქსირდა. მოგვიანებით ანალიზის დროს ნილი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. გადაღებამდე კარგად შეამოწმა და ახლომახლო არავინ იყო, სურათზე კი ბავშვის გამოსახულება ჩანდა. მოგვიანებით ნილმა ფერმის მფლობელებს ჰკითხა, მანამდე შეემჩნიათ თუ არა პარანორმალური აქტივობა (ფოტოს შესახებ არ გაუმხელია), რაზეც პასუხად მიიღო, რომ ხშირად ხედავდნენ პატარა ბიჭის აჩრდილს, რომელიც შუაღამით ჩნდებოდა და თეთრად ანათებდა.

ერთ ღამეს ოკლაჰომას შტატში ავარია მოხდა – სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. დაზიანებული მანქანები საწყობში გადაიტანეს და მალე მუშებმა სამეთვალყურეო კამერებით უჩვეულო რამ იხილეს: დამსხვრეული მანქანების მიდამოში სული მიმოდიოდა. ავარიაში გარდაცვლილი ერთ-ერთი ადამიანის ოჯახის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ფიგურა მათი საყვარელი ადამიანის მოჩვენება იყო და რაღაცის თქმას ცდილობდა.

წყარო: charlius.com

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა