პოეზიალია სტურუა

ლია სტურუა – ჩემიანები

აი, ამ ხალხს მე ჩემიანებს ვეძახი,

წელში ოდნავ წახრილებს და მხრებაწურულებს,

მოლაპარაკეთ სუფთა ქართულით,

რომელიც მზის ირიბი სხივივით

ქართლური კილოსკენ იხრება,

ისინი ღამის მქრქალი პეპლებივით

შეუმჩნეველი რჩებიან

საკონცერტო დარბაზის სიჭრელეში,

უგულოდ უსმენენ კამათს

მუსიკოსის ღირსებასა თუ ნაკლზე,

რადგან ამ დროს მათ ხორხში ჩატანებული

ხმა ღვთისა თეთრი ლექსით კითხულობს

ორღანის ანტიკურ ტრაგედიას,

ხოლო მათ ტანში მეწამული ნათურა ინთება,

ათასსანთლიანი _

ასე ღონივრად ანათებს

მუსიკით დაპურებული ტანი…

შემდეგ კონცერტამდე ან წარმოდგენამდე

ისინი მტვრიანი ოთახების ჰაერს ისუნთქავენ

სიგარეტისაგან და ყავისგან ჩაშავებული ფილტვებით,

მათი ოთახები სენაკებს გავს,

ან ლოკოკინას ნიჟარას, რომელიც შეიძლება

ზურგზე მოიგდო და ისე იარო

და დადიან ქუჩაში ეს მუდმივი ქვეითები,

წყევლიან მოძალებულ მანქანებს,

ეფერებიან უპატრონო ძაღლებს,

ცხოვრებიდან მიდიან ისე,

როგორც ქარის წაღებული ხმელი ფოთოლი

და არავის არ აკლდებიან…

მაგრამ ვისაც მათი ავლადიდება ერგება,

ერთ ფუთაში გამოკრული

ბუკინისტებთან ნაყიდი წიგნები,

ნახატები, მათსავით მქრქალი კერამიკა,

რომელზედაც ჩამოხაზულია პატინის მწვანე თმა,

ისიც ერთი იმათგანი ხდება,

ერთი ჩემიანთაგანი,

მათი კასტის თუ ორდენის წევრი,

ის ლაპარაკობს სუფთა ქართულით,

თუმცა ეს ზოგჯერ ძალიან ჭირს,

კედელივით აეფარება ხოლმე

მუსიკოსს ან პოეტს,

როცა მას სალონური კამათის ჯვარზე

უპირებენ გაკვრას

და მის ტანში მეწამული ნათურა ინთება,

ათასსანთლიანი,

რომ დაინახონ, რა ღონივრად ანათებს

პოეზიით დაპურებული ტანი!

და მაინც ვინ არის იგი შენთვის?

არც ნათესავი, არც მეგობარი,

ის არც გმირია და არც წმინდანი,

უმეტეს შემთხვევაში შენ მას არ იცნობ,

მაგრამ ის შენიანია და თქვენ

ერთ ენაზე ლაპარაკობთ,

რომელიც მზის ალმაცერი სხივივით

უძველესი სამარხებისკენ იხრება,

სადაც პატინის მწვანე თმაა ჩამოხაზული,

მშვენიერი და მგლოვიარე…

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა