პოეზიალია სტურუა

ლია სტურუა – ჩემ შვილებს,დიდსა და პატარას

როგორ მინდა, როგორც ცხოველმა

თავის ლეკვებს,

ქეჩოში წაგავლოთ კბილები

და პირდაპირ, ზაფხულში დაგსვათ

ეს არ უნდა ჰგავდეს ჩიტების გადაფრენას,

თბილი ქვეყანა სხვაა,

სამშობლო სხვა,

ძნელია გაგლეჯა მათ შორის,

ჩემს სითამამეს,

რომელიც წითლად მაღებინებდა

თმასა და პირს, როცა

ამის საჭიროება აღარ იყო,

ლექსებს მაწერინებდა

გაგანია ომის დროს,

უნდა, რომ ზაფხულში იცხოვრონ

ჩემმა შვილებმა:

დიდმა და პატარამ,

შემცივნულებმა ბეღურებივით,

ერთმა ხატოს, მეორემ

ამ ნახატებზე იაროს

შაქრისფერი ფეხებით:

მზის შესქელებულ მონასმებზე,

დანაყილი ფირუზის ცაში,

ოთახის სახეს

მურაბების ჭორფლი ეყაროს,

ჰქონდეთ ქალაქი, ქუჩა, ეზო,

ფანჯრის წინ ხეები,

რომლებიც უყვართ

არა ტკბილი ნაყოფის გამო,

არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთს

სცნობენ სუნით და კილოთი,

ნათესავებივით…

იყოს მუსიკა, თუნდაც,

ფონეტიკის დონეზე,

როგორც ბავშვობაში

უჩვეულო სიტყვები

“ლამბალო და ყაშა”,

უფრო იდუმალ სამყაროს

მიშენებდნენ, ვიდრე

მთელი წიგნი…

ჩემი მისამართი _

ზამთარი, შალის დღეები,

მოწყენილი,

გასაყიდად გამზადებული სახლი…

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა