პოეზიალია სტურუა

ლია სტურუა – შიში

მთელი ოჯახი ზის მაგიდის გარშემო,

არავინ არ აკლიათ,

ფანჯრები დაგმანულია

და კარები დაკეტილი

მატლმა რომ ატმის ნაყოფიდან გამოიხედოს,

ისეთ ვარდისფერ გარემოში აწობენ სახეებს,

მაგრამ როცა უნდათ,

ერთმანეთს რაღაც უთხრან,

მურაბის ნაშთი ეყინებათ ტუჩებზე

და სიტყვას აზრივით აკლდება სიტკბო…

ვიღაცას კოვზი უვარდება ხელიდან,

რაც სიჩუმეში ჭერის ჩამონგრევას გავს,

ვიღაც მდუღარე ჩაის გადაივლებს

და კვნესა თეთრი ძაფივით

ჩასრიალდება ტუჩებზე _

ლოკოკინების საზეიმო სვლა

წვიმის შემდეგ…

ასეთი უსიამოვნო წვრილმანები

რომ შეაკოწიწო

ერთ სევდიან განწყობილებად,

ტვინის უმოქმედო და ბნელი სიღრმეები

შიშს გამოასხივებენ,

ცხოველის ალღოსავით მიწისძვრის წინ…

ის რომ ისეთივე რეალური

და მახინჯი იყოს,

როგორც დაჭყლეტილი ლიმონი ფინჯანში,

ბავშვებზე გადაიტანდი

ბრაზნარევ ყურადღებას,

რომლებიც ჯერ გემოზე არიან გამობმული

ოქრო ძაფით და

მერე სილამაზეზე,

მაგრამ ბავშვები წყნარად სხედან,

ლიმონიც სავსე მთვარესავით

მიბნეულია შუა მაგიდაზე,

არავის თავი არ სტკივა

და გული არ აწუხებს,

უცხო მწითური ქალის თმაც

არ ბზინავს

ოჯახის უფროსის გახამებულ პერანგზე…

გარეთ კი ისეთი ქარია,

თითქოს ქალაქი გადის ქალაქიდან,

და აჭრიალებული და ფეხადგმული

ხეების ანაბარა გტოვებს,

ფანჯრები დაგმანულია

და კარები ჩაკეტილი,

მაგრამ ოთახში გარკვევით ისმის

მათი ფეხის ხმა…

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა