ფსიქოლოგიაფსიქოლოგიამარინა კუჭუხიძე

მარინა კუჭუხიძე – ღირებულებები და პროფესიის არჩევანი

შესავალი

     წარმოდგენილი ნაშრომის მიზანი იყო  პროფესიის არჩევანსა და ინდივიდის ღირებულებებს  შორის არსებული დამოკიდებულების შესწავლა.  რამდენადაც ღირებულება არის ის ცენტრალური  კატეგორია, რომელიც განსაზღვრავს ერთი მხრივ  ადამიანის მსოფლმხედველობას, იდეოლოგიას,  არჩევანსა და მეორე მხრივ მის ქცევას, ორიენტაციასა,  და დამოკიდებულებებს გარშემომყოფების,  საზოგადოების, რელიგიისა, და გარემოს მიმართ,  ლოგიკურია რომ მას დიდი მნიშვნელობა უნდა  ჰქონდეს პიროვნების მიერ პროფესიის არჩევანში.

      როკიჩის მიხედვით ღირებულება განისაზღვრება  როგორც სასურველი ტრანსსიტუაციური მიზნები,  რომელთა მნიშვნელობაც ვარირებს ადამიანთა  ცხოვრების წამყავნი პრინციპებიდან გამომდინარე. ღირებულებათა შორის განმასხვავებელი არის  მოტივაციური მიზანი, რომელსაც ის გამოხატავს.       შვარცის თეორია ადამიანის ძირითადი  ღირებულებების შესახებ ორი მთავარი კომპონენტისაგან შედგება. ერთი ახასიათებს  ღირებულებათა 10 მოტივაციურად გამიჯნულ ტიპს.  მეორე, ღირებულებითი ორიენტაციების ამ ტიპებს  შორის დინამიურ ურთიერთკავშირს. თეორია  გვიჩვენებს, თუ რომელი ღირებულებებია მსგავსი,  თავსებადი და ურთიერთდამხმარე და რომელია  ოპოზიციური და კონფლიქტური ერთმანეთის მიმართ.

      განსხვავებული მნიშვნელობის ღირებულებათა  ტიპოლოგია შემდეგ საფუძველზე შეიქმნა: ადამიანური  არსებობისათვის დამახასიათებელ ცვალებადობასთან  შესაგუებლად ჯგუფები და ინდივიდები საკუთარ  მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს გადათარგმნიან  კონცეფციებში, რომლითაც ურთიერთობენ  ერთმანეთში, გამოხატავენ რა მათ ღირებულებების  ენაზე.

ღირებულებათა 10 მოტივაციურად განსხვავებული  ტიპი

1. თვითორიენტაციის ღირებულებათა ბლოკის  განმსაზღვრელი მიზანია დამოუკიდებელი ფიქრი და  მოქმედება _ არჩევანი, შემოქმედება და კვლევა.  თვითორიენტაცია გამომდინარეობს ორგანიზმის საჭიროებიდან აკონტროლოს და დაოსტატდეს და ავტონომიის და დამოუკიდებლობის ინტერაქციული მოთხოვნილებებიდან. ეს მოტივაციური ტიპი გულისხმობს ცვლილებას, თავისუფლებას, საკუთარი მიზნების არჩევანს, ცნობისმოყვარეობას და დამოუკიდებლობას.

2. სტიმულაციის ღირებულებითი ტიპი გამომდინარეობს ცვლილებისა და სტიმულაციის ორგანიზმის თანდაყოლილი საჭიროებიდან, რათა შეინარჩუნოს აქტივაციის ოპტიმალური მოთხოვნილების დონე. ეს საჭიროებები  დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნულ თვით-ორიენტაციის ღირებულებებთან. სტიმულაცია და  აგზნება ეფუძნება ბიოლოგიურ საფუძვლებს და განპირობებულია სოციალური გამოცდილებით, რასაც შეუძლია შექმნას ინდივიდუალური განსხვავებები სტიმულაციის ღირებულებათა მნიშვნელოვანებას  შორის. სტიმულაციური ღირებულებების მოტივაციური  მიზანი არის მღელვარება, სიახლე და ცვალებადი  ცხოვრება.

3. ჰედონიზმის ღირებულებითი ტიპი  გამომდიდანარეობს ორგანიზმის საჭიროებების და  სიამოვნებების დაკმაყოფილების მოთხოვნილებიდან. ეს  მოტივაციური ტიპი შეიძლება განისაზღვროს, როგორც  პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ  მიმართული.

4. მიღწევის ღირებულებათა განმსაზღვრელი მიზანი  არის პიროვნული წარმატება სოციალური  სტანდარტების შესაბამისად კომპეტენციის  დემონსტრირებით. კომპეტენციის დემონსტრირება  მოთხოვნილებად წარმოგვიდგება, თუ ინდივიდს აქვს  გადარჩენის, სოციალური ინტერაქციის და  ინსტიტუციონალური ფუნქციონირების წარმატების  რესურსები. ეს ტიპი აძლიერებს კომპეტენციის  დემონსტრაციას კულტურული სტანდარტების ფონზე  და სოციალურ აღიარებას აღწევს. ეს ღირებულებები  მოიცავს საკუთარი უპირატესობის შინაგან  სტანდარტს.

5. ძალაუფლების ღირებულებები ეყრდნობა  უნივერსალური მოთხოვნილებების მრავალ ტიპს.  სოციალური ინსტიტუტების ფუნქციონირება მოითხოვს  სტატუსთა დიფერენციაციის გარკვეულ ხარისხს და  დომინანტობა-მორჩილების განზომილებებს მრავალი  ინტერპერსონალური ურთიერთობის შიგნით.  სოციალური ცხოვრების ამ ფაქტის დაზუსტებისათვის  და ჯგუფის წევრების დათანხმებისათვის ასეთ  ურთიერთობებზე ჯგუფებმა უნდა თავის თავზე  გამოსცადონ ძალაუფლება, როგორც ღირებულება.  ძალაუფლების ღირებულებები აგრეთვე შეიძლება  იყოს დომინანტობის და კონტროლის ინდივიდუალური  მოთხოვნილებების ტრანსფორმაციები, რასაც  ანალიტიკოსები სოციალურ მოტივებს უწოდებენ.  ძალაუფლების ღირებულებების ცენტრალური მოტივია  სოციალური სტატუსის და პრესტიჟის მიღწევა,  ადამიანებზე და რესურსებზე კონტროლი და  დომინირება (ავტორიტეტი, სიმდიდრე, სოციალური  ძალაუფლება, საზოგადოებრივი იმიჯის შენარჩუნება,  სოციალური აღიარება).

   როგორც ძალაუფლების, ისე მიღწევის  ღირებულებები ფოკუსირდება სოციალურ  პატივისცემაზე. მიღწევის მოთხოვნილებები (მაგ.  წარმატება, ამბიციები) გამოხატავს  კონკრეტულ  ინტერაქციაში კომპეტენციის აქტიურ დემონსტრაციას,  ხოლო ძალაუფლების ღირებუბულები (ავტორიტეტი,  სიმდიდრე) გამოხატავს მრავალ გენერალურ  სოციალურ სისტემებში დომინანტური პოზიციის  მიღწევას და შენარჩუნებას.

6. უსაფრთხოების ღირებულებათა ტიპის მოტივაციური  მიზანია დაცულობა, ჰარმონია და სტაბილობა  საზოგადოებაში, ურთიერთობებში და საკუთარ თავში. ის წარმოიშვება ბაზისური ინდივიდუალური და  სოციალური მოთხოვნილებებიდან. შეიძლება  განვსაზღვროთ ორი განსხვავებული უსაფრთხოების  ღირებულებითი ტიპი _ ინდივიდუალური და ჯგუფური.  ზოგიერთი უსაფრთხოების ღირებულება ემსახურება უფრო მეტად ინდივიდუალურ ინტერესებს (მაგ.  ჯანმრთელობა), ზოგიერთი _ კოლექტიურ ინტერესებს  (მაგ. ნაციონალური უსაფრთხოება), ხოლო ზოგჯერ  ღირებულებები, რომლებიც მიეკუთვნება კოლექტიურ  ინტერესებს, განსაზღვრავენ პიროვნული  უსაფრთხოების მიზნებსაც.

7. კონფორმულობის ღირებულებათა განმსაზღვრელი  მიზანია შეაკავოს მოქმედებები, იმპულსები და  მიდრეკილებები, რომლებიც სხვებს გაანაწყენებენ, ან  ზიანს მიაყენებენ და დაარღვევენ სოციალურ  მოლოდინებსა და ნორმებს. ინდივიდუალური უჩვეულო  მიდრეკილებები შეიძლება იყოს სოციალურად  დამანგრეველი, თუ ურთიერთობები და ჯგუფის  ფუნქციონირება აირევა. კონფორმულობის  ღირებულებები ეხება გარშემომყოფებთან  ყოველდღიურ ურთიერთობებში თავშეკავებას.

8. ტრადიციის ღირებულებათა ტიპი ეყრდნობა  მოსაზრებას, რომ ჯგუფები ყველგან ავითარებენ  სიმბოლოებს და ქცევებს, რომლებიც წარმოადგენს  მათი გამოცდილების და ბედის ნაწილს. ეს  საბოლოოდ ხდება სანქციონირებული როგორც

ტრადიციები და ჩვევები, რომლებიც ღირებულია  ჯგუფის წევრებისათვის. ქცევის ტრადიციული  ფორმები ქმნიან ჯგუფური სოლიდარობის  სიმბოლოებს, ეს არის მათი უნიკალურობის  გამოხატულება და მათი გადარჩენის გარანტია.  ტრადიციები ყველაზე ხშირად იღებს რელიგიური  რიტუალების, რწმენების და ქცევის ნორმების ფორმას.  ტრადიციის ღირებულებების მოტივაციური მიზანი  არის პატივისცემა, მიღება და დათანხმება იმ  ჩვევებისა და იდეებისადმი, რომელსაც ერთი კულტურა, ან რელიგია სთავაზობს ინდივიდუუმს.

9. კეთილგანწყობის (ზრუნვის) ღირებულებები  ფოკუსირდება ყოველდღიურ ურთიერთობებში  გარშემომყოფების კეთილდღეობაზე ზრუნვაზე.  ზრუნვის ღირებულებათა მოტივაციის მიზანია იმ  ადამიანების კეთილდღეობის დაცვა და გაძლიერება,  რომელთანაც ის ხშირ კონტაქტში იმყოფება.

10. უნივერსალიზმის ღირებულებათა ტიპი ადამიანის  უნივერსალურ მოთხოვნილებებს გამოხატავს.  უნივერსალიზმის მოტივაციური მიზანია გაგება,  ტოლერანტობა და მფარველობა ადამიანისა და  ბუნების კეთილდღეობისათვის. ეს მიზანი  განსხვავებულია კეთილგანწყობის ღირებულებების  ვიწრო ფოკუსისაგან. უნივერსალიზმის ღირებულებათა  მოტივაციური მიზანი გამომდინარეობს იმ საჭიროებიდან, რომელიც ნათელი ხდება, როცა  ადამიანები კონტაქტში შედიან დიდ ჯგუფებთან და  აცნობიერებენ ბუნებრივი რესურსების დეფიციტს. ხალხს შეუძლია მიხვდეს,  რომ სხვა ადამიანების მიუღებლობა და მათი განსჯა  მათ კეთილდღეობას ჩიხში მოაქცევს, ხოლო გარემოს  დაუცველობა მათ მიიყვანს იმ რესურსების  დაშლისაკენ, რომელზეც დამოკიდებულია მათი  სიცოცხლე. აღმოჩნდა, რომ ასეთი ღირებულებები  შეიძლება არ ჰქონდეს ძალიან პატარა, იზოლირებულ,  ერთგვაროვან კულტურებს.

      ღირებულებები გაცნობიერებული მიზნების  ფორმით პასუხობს სამ უნივერსალურ მოთხოვნას,  რომელსაც ყოველმა ინდივიდმა, ან სოციუმმა უნდა  უპასუხოს: ინდივიდის, როგორც ბიოლოგიური  ორგანიზმის მოთხოვნილებებს, სოციალური  ურთიერთობების კოორდინაციისათვის აუცილებელ  მოთხოვნებს და ჯგუფების ნორმალური  ფუნქციონირების და გადარჩენის მოთხოვნებს.  ღირებულებათა 10 მოტივაციურად განსხვავებული  ტიპი წარმოიშობა ამ სამი უნივერსალური  მოთხოვნიდან. ღირებულებათა ურთიერთობის  სტრუქტურის გაგების გასაღები არის დაშვება, რომ  თითოეული ტიპის ღირებულების მოქმედებას აქვს  ფსიქოლოგიური, პრაქტიკული, ან სოციალური  შედეგები, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდეს  კონფლიქტში, ან ეთანხმებოდეს სხვა ღირებულებების მოქმედებებს.

 სხვადასხვა ღირებულებებს შორის  არსებული კონფლიქტებისა და თავსებადობის ანალიზი, იძლევა ღირებულებათა შორის  ურთიერთკავშირის უნივერსალურ კონფიგურაციას.  ღირებულებათა სისტემებს შორის კონფლიქტური და  თავსებადი კავშირების ზოგადი პატერნი  წარმოდგენილია #1 ნახაზზე.  კონკურირებად  ღირებულებათა ტიპები ცენტრიდან ოპოზიციურ  მიმართულებებზე მდებარეობს, თავსებადი ტიპები  მიმდებარეა. ტრადიციის ღირებულებათა ტიპის

მდებარეობა კონფორმულობის გარეთა საზღვართან  მიუთითებს, რომ ღირებულებათა ეს ორი ტიპი  ემსახურება ერთ მოტივაციურ მიზანს _ სოციუმიდან

თავსმოხვეული მოლოდინებისადმი პიროვნების  დაქვემდებარებას.

      როგორც ნახაზი უჩვენებს მთლიანად  ღირებულებათა სისტემა ორგანიზებულია ორ ჯგუფად:  ოპოზიციური მაღალი დონის ღირებულებათა ტიპები  დალაგდა ორ ბიპოლარულ განზომილებაზე.

      პირველი განზომილება _ ცვლილებისდმი  ღიაობა (მზაობა) კონსერვაციის საწინააღმდეგოდ  აპირისპირებს ღირებულებებს, რომლებიც საკუთარ  დამოუკიდებლობასა და ცვლილებებს უსვამს ხაზს  (სტიმულაცია და თვითორიენტაცია), ღირებულებებს,  რომლებიც აქცენტს აკეთებს თვითშეზღუდვაზე,  ტრადიციების შენახვასა და სტაბილობაზე  (უსაფრთხოების, კონფორმულობის, დაცულობის  ღირებულებათა ტიპები).

      მეორე განზომილება _ თვით-ტრანსცენდენტური  თვით-გაძლიერების წინააღმდეგ აპირისპირებს  ღირებულებათა ტიპებს, რომლებიც ყურადღებას  ამახვილებენ სხვების, როგორც თანაბარის  მიმღებლობას და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვას  (უნივერსალიზმი და კეთილგანწყობის ღირებულებათა  ტიპები) ღირებულებებს, რომლებიც ხაზს უსვამს  ერთის წარმატებაზე და სხვებზე დომინანტობაზე  (ძალაუფლებისა და მიღწევის ღირებულებათა ტიპები).  ჰედონიზმი შეიცავს ღირებულებათა ორი ტიპის _  ცვლილებებისადმი ღიაობისა და თვით-გაძლიერების  ელემენტებს, ამდენად ნახაზზე მათგან წყვეტილი  წირითაა გამოყოფილი.

მეთოდი

      ცდის პირები

რაოდე-ნობა

ქალი

კაცი

მინ. ასაკი

მაქს. ასაკი

საშ. ასაკი

დაქორწი-ნებული

დაუქორ-წინებელი

განქორწ-

ინებული

ეკონომისტები

50

22

28

17

22

19

2

44

___

ექიმები

50

25

25

17

26

21

4

48

___

იურისტები

51

26

25

17

23

18.9

2

49

___

ჟურნალისტები

50

27

23

17

23

20

6

40

___

პედაგოგები

44

37

6

17

25

20

4

37

___

პოლიციის აკადემია

53

4

49

17

26

19.8

4

48

___

სხვა სტუდენტები

106

55

51

17

25

19

11

86

1

სულ

404

192

209

17

29

19.9

33

352

1

      მოცემული კვლევის ობიექტად შეირჩა ორი  ტიპის ჯგუფები. ერთი _ კონკრეტული პროფესიის  მიხედვით სტუდენტთა შემდეგი ჯგუფები: იურისტები,   ეკონომისტები, ჟურნალისტები,  პედაგოგები, ექიმები  და პოლიციის აკადემიის  მსმენელები  ჯგუფებში         ცდის პირები შეირჩა სხვადასხვა სპეციალობისა და  სხვადასხვა კურსების სტუდენტთაგან შემთხვევითი  წესით. თითოეულ ჯგუფში იყო საშუალოდ 50 ცდის  პირი,სულ 298 ცდის პირი.მეორე იყო შერჩევა  თბილისის უმაღლესი სასწავლებლების მთელი  პოპულაციიდან (საერთო ჯგუფი), რომელშიც

შედიოდნენ ჰუმანიტარი, ბუნებისმეტყველი,   ტექნიკოსი, ხელოვანი სტუდენტები (თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები, 106  ცდის პირი.და 10-10 რესპოდენტი პროფესიების  მიხედვით

      გამოყოფილი 6 ჯგუფიდან (სულ 164 ცდის  პირი.)       საერთო ჯამში გამოკითხული იყო 404  რესპოდენტი, რომელთა განაწილება სქესის, ასაკისა

და ოჯახური მდგომარეობის მიხედვით  წარმოდგენილია #1 ცხრილში.

      მეთოდად გამოვიყენეთ შვარცის ღირებულებათა საკვლევი კითხვარი, რომელიც მოიცავს  56  ღირებულებას, რომელთაგან 30 ცნებითია და 26  ინსტრუმენტული. პირველ შემთხვევაში   ღირებულებები წარმოდგენილია მიზნისა და  მდგომარეობის ცნებებში, რომლებიც არსებითი სახელებითაა გამოხატული, მაგ. მორჩილება,  თავისუფლება და ა.შ. მეორე შემთხვევაში   ღირებულებები წარმოდგენილია ინსტრუმენტული  მიზნების ცნებებში, როგორც მოქმედებები და   გამოხატულია ზედსართავებით, მაგ. დამორჩილებული,  თავისუფალი და ა.შ.. ცდის პირი.მისთვის თითოეული  ღირებულების მნიშვნელობას აფასებდა 8 ქულიან  სკალაზე (-1-დან 7-მდე).

      კითხვარი აპრობირებული იყო 40 ქვეყანაში, მათ   შორის საქართველოში. კითხვარში წარმოდგენილია  ექსპერტული გამოკითხვების შედეგად გამოყოფილი 10

ღირებულებითი (ტიპი) ორიენტაცია, რომლის  ვალიდობაც დადასტურდა მრავალრიცხოვანი  კვლევების შედეგად. მოცემული  ორიენტაციები   ყალიბდება  კითხვარში  არსებული  ღირებულებების  ბლოკებით  და  იღებს  გარკვეული განაწილების  ფორმას, რაც უნივერსალური აღმოჩნდა ყველა  კულტურისათვის და უჩვენებს ამ ღირებულებათა  ურთიერთკავშირებს  და დაპირისპირებულობებს

(ცხრილი#2).

      ცხრილი #2

ღირებულება

ღირებულებითი ორიენტაცია (ტიპი)

თავისუფლება (5), შემოქმედებითობა (16), საკუთარი

თავის პატივისცემა (14), დამოუკიდებელი (31),

საკუთარი მიზნების ამომრჩეველი (41), ცნობისმოყვარე

(53).

თვითორიენტაცია

მრავალფეროვანი ცხოვრება (25), საინტერესო

ცხოვრება (9), გამბედავი (37).

სტიმულირება

სიამოვნება (4), სიცოცხლისაგან ტკბობის  მიმღები

(50).

ჰედონიზმი

წინმსწრაფი (34), გავლენიანი (39), უნარიანი (43),

წარმატების მქონე (55), ჭკვიანი (48).

მიღწევა

სოციალური ძალაუფლება (3), სიმდიდრე (12),

სოციალური აღიარება (23), ავტორიტეტი (27), თავის

შესახებ საზოგადოებრივი აზრის შემნარჩუნებელი (46).

ძალაუფლება

თვითდისციპლინა (20), ზრდილობა (11), მშობლებისა

და უფროსების პატივისმცემელი (40), დამჯერი (46).

კონფორმულობა

ეროვნული უსაფრთხოება (13), ამაგის დაბრუნება (15),

ოჯახის უსაფრთხოება (22), მიკუთვნებულობის

გრძნობა (7), სოციალური წესრიგი (8), ჯანსაღი (42),

სუფთა (56).

უსაფრთხოება

ტრადიციების პატივისცემა (18), მორწმუნე (51),

ცხოვრებაში კუთვნილი წილის  მიმღები (44),

თავმდაბალი (36), ზომიერი (32).

ტრადიციები

სულიერი ცხოვრება (6), ცხოვრების საზრისი (10),

მოწიფული  სიყვარული (19), ნამდვილი მეგობრობა

(28), დახმარების გამწევი (49), სანდო (52), მპატიებელი

(54), პატიოსანი (45), ერთგული (33).

კეთილგანწყობა

(ზრუნვა)

თანასწორობა (1), მშვიდობა მსოფლიოში (17),

ბუნებასთან ერთიანობა (24), სიბრძნე (26), სილამაზის

სამყარო (29), შინაგანი ჰარმონია (2), სოციალური

სამართლიანობა (30), ფართო შეხედულებების მქონე

(35), გარემოს დამცველი (38).

უნივერსალიზმი

შედეგები

      სტუდენტთა ცალკეული ჯგუფების _  იურისტები, ეკონომისტები, ჯურნალისტები,  პედაგოგები, ექიმები, პოლიციის აკადემიის მსმენელები  _ მონაცემები შევადარეთ საერთო ჯგუფის  სტუდენტებთან მიღებულ მონაცემებს. მოგვყავს  მხოლოდ სტატისტიკურად სანდო შედეგები, სადაც პ  ნაკლებია0.05.ქვემოთ წარმოდგენილი თითოეული  გრაფიკის ვერტიკალურ ღერძზე და ცხრილებში  მოცემულია ჯგუფის მიერ ღირებულების შეფასების  საშუალო ქულა.

1. იურისტი და საერთო ჯგუფის სტუდენტთა  შედარება.

      გრაფიკი # 1

      ცხოვრების საზრისი, ამაგის დაბრუნება,  შემოქმედებითობა, ბუნებასთან ერთიანობა, სილამაზის  სამყარო, საკუთარი თავის პატივისცემა,  თვითდისციპლინა იურისტი სტუდენტებისათვის უფრო  ნაკლებად ღირებულია, ვიდრე სტუდენტთა საერთო  პოპულაციისათვის. მათ უფრო ნაკლებად სურთ იყვნენ  უნარიანი, ვიდრე სხვა სტუდენტებს.

2. ეკონომისტი და საერთო ჯგუფის სტუდენტთა

შედარება

      ცხრილი #3

სოციალური ძალაუფლება

მიკუთვნებულობის გრძნობაN

ავტორიტეტი

ცხოვრების საზრისი

შემოქმედებითობა

მოწიფული სიყვარული

ეკონომისტები

3.1

4.52

4.43

5.49

3.31

4.24

საერთო ჯგუფი

2.12

3.78

3.44

6.11

4.07

5.18

ცდუნებისაგან განდგომა

მრავალფეროვანი ცხოვრება

სილამაზის სამყარო

გავლენიანი

ზომიერი

ერთგული

სანდო

ეკონომისტები

1.4

4.6

4.49

4.23

2.86

5.06

4.8

საერთო ჯგუფი

2.35

5.23

5.19

3.33

3.64

5.84

5.47

      სოციალური ძალაუფლება, მიკუთვნებულობის  გრძნობა, ავტორიტეტი ეკონომისტი სტუდენტებისათვის  უფრო მეტად ღირებულია, ვიდრე სტუდენტთა საერთო  პოპულაციისათვის. მათ სხვებზე მეტად სურთ იყვნენ  გავლენიანი, მაგრამ ნაკლებად ზომიერი, ერთგული და  სანდო. ცხოვრების საზრისი, შემოქმედებითობა,

მოწიფული სიყვარული, ცდუნებისაგან განდგომა,  მრავალფეროვანი ცხოვრება, სილამაზის სამყარო  ეკონომისტი სუდენტებისათვის ნაკლებად ღირებულია,  ვიდრე დანარჩენი სტუდენტებისათვის.

3. ჟურნალისტი და საერთო ჯგუფის სტუდენტთა

შედარება.

      გრაფიკი #2

შინაგანი ჰარმონია და შემოქმედებითობა  ჟურნალისტი სტუდენტებისათვის უფრო  მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სტუდენტთა საერთო  პოპულიციისათვის, სამაგიეროდ ნაკლებად ღირებულია  ნამდვილი მეგობრობა. მათ სურთ იყვნენ  დამოუკიდებელნი და ცნობისმოყვარენი.

4. პოლიციის აკადემიის სტუდენტებისა და საერთო

ჯგუფის შედარება.

      ცხრილიი #4

სიამოვნება

საინტერესო ცხოვრება

ცხოვრების საზრისი

ამაგის დაბრუნება

შემოქმედებითობა

მრავალფეროვანი

ცხოვრება

პოლიციის აკადემია

4.56

4.36

5.27

2.64

3.27

4.06

საერთო ჯგუფი

5.17

5.34

6.11

4.05

4.07

5.23

ნამდვილი მეგობრობა

სილამაზის სამყარო

სოციალური წესრიგი

ეროვნული უსაფრთხოება

ტრადიციების პატივისცემა

ავტორიტეტი

პოლიციის აკადემია

5.77

4.49

4.92

5.92

5.17

4.34

საერთო ჯგუფი

6.15

5.19

3.98

5

3.9

3.44

სოციალური სამართლიანობა

გამბედავი

გარემოს დამცველი

მშობლებისა და უფროსების პატივისმცემელი

დამჯერი

მპატიებელი

პოლიციის აკადემია

5.32

5.25

4.35

5.81

4.42

3.13

საერთო ჯგუფი

4.53

4.31

3.15

5.03

3.28

4.03

      სიამოვნება, საინტერესო ცხოვრება, ცხოვრების  საზრისი, ამაგის დაბრუნება, შემოქმედებითობა,  მრავალფეროვანი ცხოვრება, ნამდვილი მეგობრობა,  სილამაზის სამყარო პოლიციის აკადემიის  მსმენელებისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე სტუდენტთა მთელი პოპულაციისათვის.

      სამაგიეროდ სოციალური წესრიგი, ეროვნული  უსაფრთხოება, მშვიდობა მსოფლიოში, ტრადიციების  პატივისცემა, ავტორიტეტი და სოციალური  სამართლიანობა მათთვის უფრო ღირებული აღმოჩნდა,  ვიდრე სხვა სტუდენტებისათვის. პოლიციის აკადემიის  სტუდენტებს  სხვებზე მეტად სურთ იყვნენ გამბედავი, გარემოს  დამცველები, მშობლებისა და უფროსების  პატივისმცემლები, დამჯერები, მაგრამ ნაკლებად  მპატიებლები.

5. მომავალი პედაგოგებისა და საერთო ჯგუფის  სტუდენტების შედარება.

      გრაფიკი #3

      ცხოვრების საზრისი, თავისუფლება და  ნამდვილი მეგობრობა მომავალი პედაგოგებისათვის  ნაკლებად ღირებული აღმოჩნდა, სამაგიეროდ მათ  სხვებზე მეტად სურთ იყვნენ ცხოვრებაში კუთვნილი  წილის მიმღებნი.

6. მომავალი ექიმებისა და საერთო ჯგუფის  სტუდენტების შედარება.

            გრაფიკი #4

            საინტერესო ცხოვრება და ცხოვრების საზრისი  მომავალი ექიმებისათვის ნაკლებად ღირებულია,  ვიდრე სტუდენტთა მთელი პოპულაციისათვის, მაგრამ  მათთვის სხვებზე მეტად ღირებულია ავტორიტეტი. მათ  სხვა სტუდენტებთან შედარებით ნაკლებად სურთ  იყვნენ ერთგულები.

            ღირებულებითი ორიენტაციების (ტიპების)  მიხედვით მიღებული სურათი

     საერთო ჯგუფისათვის ყველაზე დიდი  სტატისტიკური წონა აღმოაჩნდა კეთილგანწყობის  ღირებულებით ორიენტაციას, ხოლო ყველაზე ნაკლები  ძალაუფლების და ტრადიციების ღირებულებით  ორიენტაციებს, დანარჩენი მოტივაციური ტიპები  განაწილდა მათ შორის.

      გრაფიკი #5

1. იურისტი სტუდენტებისათვის საერთო ჯგუფთან  შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა  თვითორიენტაციისა და უნივერსალიზმის  ღირებულებათა ბლოკები.

გრაფიკი #6

2. ეკონომისტებისათვის საერთო ჯგუფთან შედარებით,  უფრო მნიშვნელოვანი იყო ძალაუფლების  ღირებულებათი ტიპი, ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვანი  _ კეთილგანწყობის ორიენტაცია.

      გრაფიკი #7

3. ჟურნალისტებისათვის საერთო ჯგუფთან შედარებით  უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თვითორიენტაციის  ღირებულებათა ბლოკი.

      გრაფიკი #8

4. პოლიციის აკადემიის სტუდენტებს ჰქონდათ მაღალი  კონფორმულობის ღირებულებითი ორიენტაცია და  დაბალი – სტიმულაციის ღირებულებების ტიპი.

     გრაფიკი #9

5. 6. მომავალი პედაგოგებისა და ექიმების ჯგუფების  ღირებულებით ორიენტაციებსა და საერთო ჯგუფს  შორის არსებული სხვაობები არ იყო სტატისტიკურად სანდო.

დასკვნები:

  სტუდენტთა მთელი პოპულაციიდან შერჩეული  ჯგუფის გამოკვლევამ უჩვენა კეთილგანწყობის  ღირებულებათა ბლოკის უპირატესობა სხვა ბლოკებზე,  რაც გულისხმობს სხვისი ინტერესების  გათვალისწინებას და საკუთარ ინტერესებზე მაღლა  დაყენებას (ასეთი მიდგომა დამახასიათებელია  მრავალი სულიერი ფასეულობისათვის). როდესაც  პოპულაციაში მაღალია გულმოწყალების  ღირებულებების წონა და დაბალია ძალაუფლების  ღირებულებები, ეს იმის მანიშნებელია, რომ  მოცემული საზოგადოება ცდილობს სხვები აღიქვას  თანასწორუფლებიანად და იზრუნოს მათი  კეთილდღეობისათვის; დააყენოს სხვათა კეთილდღეობა  საკუთარზე მაღლა. ტრადიციის ღირებულებათა  ბლოკის დაბალი შეფასება მიუთითებს, რომ  პოპულაცია არ არის მიმართული თავშეკავებისაკენ და

მორჩილებისაკენ, რაც მართლაც  ახალგაზრდობისათვისაა დამახასიათებელი. ასეთი

სურათის არსებობა შეესაბამებოდა ჩვენს მოლოდინს  გამომდინარე ქართული კულტურიდან და  რესპოდენტთა ასაკიდან.

      ღირებულებათა ბლოკების და ცალკეული  ღირებულებების შესწავლამ პროფესიის მიხედვით  გამოყოფილ ჯგუფებში უჩვენა, რომ არსებობს  განსაზღვრული კავშირი ღირებულებებსა და  პროფესიის არჩევანს შორის, კონკრეტულად:

1. იურისტების ჯგუფთან გამოვლენილი დაბალი  თვითორიენტაცია და უნივერსალიზმი მიუთითებს, რომ  ამ ჯგუფს სხვა ახალგაზდებისაგან განსხვავებით  ნაკლებად აქვს საკუთარი განსჯის, ურთიერთობებში  წესრიგის დაცვის, სტაბილურობის და ჰარმონიის  სურვილი. მათთვის კოლექტიური ინტერესები უფრო  ნაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე სხვა  ახალგაზრდებისათვის.

2. ეკონომისტი სტუდენტების ჯგუფთან მიღებული  შედეგები საერთო ჯგუფის მონაცემების ოპოზიციური  აღმოჩნდა, ანუ აქ გვქონდა მაღალი ძალაუფლების  მოტივაცია დაბალ კეთილგანწყობასთან ერთად.  ცალკეული ღირებულებების ანალიზთან ერთად ეს  გვიჩვენებს, რომ ამ ჯგუფისათვის პირადი ინტერესები  და ძლიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგადად  ახალგაზრდათა პოპულაციისათვის, ხოლო ნაკლებად  მნიშვნელოვანია სხვაზე ზრუნვის და სულიერი,  უნივერსალური ღირებულებები.

3. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების  გამოკვლევით მიღებული შედეგები უჩვენებს, რომ  მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თვითორიენტაციისა  და თვითგანვითარების ღირებულებები, რაც ნიშნავს  მათ გახსნილობას ცვლილებების მიმართ და  საკუთარი განსჯის სურვილს მრავალმხრივობასთან  ერთად. ცალკეული ღირებულებების ანალიზიც ამასვე  ადასტურებს _ სტუდენტთა ეს ჯგუფი ყველაზე  დამოუკიდებელი და განვითარებისაკენ ყველაზე მეტად  მიმართული აღმოჩნდა, რაც მათ პროფესიასთან  მიმართებაში ძალიან კარგი პროგნოზირების  საშუალებას იძლევა.

4. პოლიციის აკადემიის მსმენელების ჯგუფის  მოტივაციური მიზნების და ღირებულებების ანალიზი  იმის მიმანიშნებელია, რომ ეს პოპულაცია  მიმართულია მორჩილებისაკენ და ურთიერთობაში  წესრიგის დაცვისაკენ, არა აქვს შინაგანი მოტივაცია  ცვლილებების მოხდენის, ოსტატობისა და  გახსნილობისაკენ. ისინი მიდრეკილნი არიან  ტრადიციული ქცევის და სტაბილურობის დაცვისაკენ.  მათი აზროვნება და მოქმედება მოკლებულია  დამოუკიდებლობას. ეს ჯგუფი პოტენციურად კარგი  შემსრულებელია, მაგრამ არა აქვს მართვისა და  ორგანიზირებისათვის აუცილებელი მოტივაციური  საფუძველი.

5. თუმცა პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტთა  ღირებულებათა მოტივაციურად გამიჯნული ტიპების  მიხედვით მიღებული სურათი საერთო ჯგუფისაგან  სანდოდ არ განსხვავდებოდა. ხოლო, ცალკეული  ღირებულებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ის  ფასეულობები, რომლებიც ტრდიციულად  პედაგოგისათვის მნიშვნელოვნად იყო მიჩნეული  (ცხოვრების საზრისი, შინაგანი ჰარმონია,  თავისუფლება, შემოქმედებითობა, მშვიდობა  მსოფლიოში და ა.შ.), დღეს სხვა ჯგუფებთან  შედარებით უფრო დაბალია; ანუ უნივერსალური და  თვითორიენტაციის ბლოკების ღირებულებები. ამასთან  სიმდიდრე მათთვის სხვა ჯგუფებზე უფრო  მნიშვნელოვანია.

6. მომავალი ექიმების ღირებულებათა ტიპები ასევე არ  განსხვავდებოდა საერთო ჯგუფის სურათისაგან.  ცალკეული ღირებულებების ანალიზი უჩვენებს, რომ  ეს პოპულაცია სხვადასხვა ჯგუფისაგან სხვადასხვა  კუთხით განსხვავდება. თუმცა ამ სხვაობების ერთ  სისტემაში გაერთიანება არ ხერხდება, შეიძლება  ითქვას, რომ მათთან ნაკლებადაა წარმოდგენილი  კეთილგანწყობისა და სტიმულაციის ღირებულებები,  რაც საზოგადოებაში არსებულ ექიმის სტერეოტიპს  ნაკლებად შეესაბამება.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა