ალექსანდრე სიგუა

ალ. სიგუა “ტერენტი გრანელი და 1921-1924 წლები”

ორთაჭალა-კრწანისში ტერენტი გრანელი ხშირად არამარტო იმისთვის დადიოდა, რომ აქ, ამ ეგზოტიკურ კუთხეში ენახა ყარაჩოღელი კინტოები, არამედ აქ ჯერ კიდევ ისმოდა 1924 წელს წამებულთა კვნესა, აქ ჯერ კიდევ იდგა სისხლის ტბა. მებაღე ანდრია ძიძიგური პოეტს აქ უამბობდა თავის თვალით ნახულ საშინელებაზე.

სწორედ ამ საშინელ დღეებს მიუძღვნა პოეტმა თავისი ცნობილი წიგნი “Memento mori”. ამ სიტყვებით მიმართავდნენ გამარჯვებულ ტრიუმფატორებს ძველ რომში – “გახსოვდეთ სიკვდილი” – თქვენც ხომ მისი შვილები ხართ. საქართველოსათვის თავდატეხილი ამ დიდ ტრაგედიის “შემომქმედს” იოსებ სტალინს მიმართავს პოეტი, რომლის ერთი სტროფი დღესაც შიშის ჟრუანტელს მგვრის:

“იმპერატორო, შენ დიქტატორო
მძვინვარებ სისხლის კორიანტელით,
მამის საფლავზე რად დაგავიწყდა
აგენთო თუნდაც ერთი სანთელი”.

წითელარმიელების შემოსვლა საქართველოში, 1921 წლის თებერვალიწითელარმიელების შემოსვლა საქართველოში, 1921 წლის თებერვალი

აქვე, კომენტარების გარეშე მინდა გავიხსენო საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე 1921 წელს მდგარი პოეტის თვალით ნანახი მწარე სინამდვილე, რომელიც პოეტმა ასახა თავის ლექსში:

1921

დახოცილებთან ერთად დაჭრილი
იუნკერებიც დაუმარხავთ.

ახლა ეს ლექსი სხვა სამარეა,
მოვიდა ქარი, ხე შეარხია
და საქართველო ეს ის მხარეა,
სადაც ცოცხალი ხალხი მარხია.
ციხეში ვზივართ, გარეთ მთვარეა,
შორს გაუსხლავი ლურჯი ბაღი
და საქართველო ეს ის მხარეა,
სადაც ცოცხალი მარხია ხალხი.

გამოჩენილმა პოეტმა, ტერენტი გრანელის მეგობარმა და დიდმა პატრიოტმა კოტე მაყაშვილმა, განა ორთაჭალის გულშემზარავ სურათს არ მიუძღვნა ლექსი:

გეკითხები მხიარულო მარადა,
რად იქეცი ცხარე ცრემლის ღვარადა?
მზე და მთვარე მიგაჩნია არადა,
კვნესი, მოთქვამ მწარე გლოვის ზარადა!
რად დაჰქროლავ მოუსვენარ ქარადა?
რად დაჭრილხარ შმაგად მთა და ბარადა!
რად გიქცია ვარდი ეკალ-ნარადა,
რად მიგაგდო შენ სიკვდილის კარადა?
სიყვარული, ახ მომედო ალადა!
შემომეჭრა გულში ძალის ძალადა!
გადმეშალა ია-ვარდის ხალადა,
გადმეფარა სურნელოვან შალადა!
მაგრამ ტურფამ, კოხტამ ტანად, თვალადა,
არ მიკარა, შემომხედა მწყრალადა,
გულს ჩამედო სევდა ორპირ ხმალადა,
ვაჰ, სიცოცხლე აღარ მიღირს ჩალადა!
ამიტომაც მხიარული მარადა
ახლა ვიქეც ცხარე ცრემლის ღვარადა!
მზე და მთვარე მიმაჩნია არადა,
ვკვნესი, მოვთქვამ მწარე გლოვის ზარადა!”

ამ ლექსების განხილვა არ თავსდება არავითარ კომენტარის ფარგლებში. პოეტები თითქოს თავისი თვალით უყურებდნენ იმ საშინელებებს, იმ ტრაგედიებს, რომლებიც 1921 და 1924 წელს დატრიალდა მთელ საქართველოში, კერძოდ კი ორთაჭალა-კრწანისის ბნელ ხეივნებში. პოეტი აქ ტირის, პოეტი აქ კვნესის, თითქოს თავისი თვალით უყურებდეს საქართველოს “გადახვნას, ქართველი ინტელიგენციის დახვრეტას და დაჭრილი იუნკრების ცოცხლად დამარხვას. განა საშინელი სურათი არ დაგვიხატა ორთაჭალელმა მებაღემ ანდრია ძიძიგურმა, რაც პოეტმა კოტე მაყაშვილმა თავის ლექს “კაეშანში” თქვა:

დიდი სევდა გულით დამაქვს,
ქვეყნად დავალ ცრემლთა მდენი.
ახ, სათქმელი რამდენი მაქვს,
ახ, რამდენი, ახ, რამდენი!
მაგრამ, აბა ყურს ვინ მიგდებს?!
ჩემ დარდისთვის ვისა სცხელა?!
ვინ მიხვდება, ვინ გაიგებს?!
უცხოს სულში რარიგ ბნელა?!

როცა ის მბჟუტავი ცეცხლიც ჩაქრა, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის განადგურებას მოჰყვა, და როცა კომუნისტებმა გაავრცელეს ხმა მისი მეთაურის დაღუპვის შესახებ, პოეტმა საქართველოს სასიქადულო შვილს მიუძღნა შესანიშნავი ლექსი, სადაც იგი მძიმედ განიცდის საქართველოს მძიმე ტრაგედიას, მაგრამ ქართველ ხალხს მიმართავს გამამხნევებელი სიტყვებით. ის მაინც არ კარგავს მომავლის იმედს და არ ვარდება სასოწარკვეთილებაში. პოეტი მუდამ ბოლომდე მებრძოლია, როგორც ჭეშმარიტი ქართველი.

ფიქრები ქაქუას მკვლელობის დღეს*

კვდება ეს მდელო და ეს ქარია
და საქართველო ახლა მკვდარია,
დილაზე მდელოს ვუმზერ სპეტაკი:
და საქართველოს ციდან ვუძახი.

მათ საქართველო დღეს გულში დაჭრეს,
ახლა ძნელია სულის მიგნება.
ირგვლივ ღამეა, არ ჩანს მესია
და საშინელი ეს გაციგნება.

მაგრამ..! ლაზარე აღსდგება მკვდრეთით
აღსდგება როგორც ღვთის სიყვარული.
…………………………………………….
მას ვამბობ რასაც ვამბობდი: კმარა!!!”
მზეო! ამოდი, ამოდი ჩქარა!!!

*მადლობა ღმერთს ეს მათ მიერ გავრცელებული ჭორი ყოფილა

წიგნიდან “ტერენტი გრანელი – ცისფერი სიშორე”

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა