ისტორია

ნანა ღვინეფაძე – „დაჭრილი შევარდენი” (მარო მაყაშვილი)

… თებერვალია და ძველი ჭრილობები თავს იჩენს… გამოვიხმოთ შორეული სილუეტები ადამიანებისა, ვინც 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა…

… თებერვალია და ჩვენი ვალია კვლავაც გავიხსენოთ მარო მაყაშვილი – ქალი რაინდი, რომელიც დრომ მოკლა და დრომ გააცოცხლა!

– “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული უნდა იყოსო”, ამ რწმენით მიეგება გიმნაზიელი გოგონა საქართველოს სპორტული საზოგადოება “შევარდენის” დაარსებას.

“სამშობლოს აღდგენის და ქართველი ერის კეთილდღეობის იდეით იყო მთლად გამსჭვალული. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ იდეისკენ იყო მიმართული მისი გონება და გული”, – ასე წერდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დღეებში თანამემამულეთა მხარში ამოსადგომად მოხალისედ წასული და ტრაგიკულად დაღუპული პირმშოს შესახებ გულდაკოდილი პოეტი კოტე მაყაშვილი.

– “მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი ჩემ თანამემამულეთაო” – ქალწულის ფარული ფიქრი ხომ მისივე დღიურიდან გამჟღავნდა: – “ღმერთო, რად დამბადე ქალად… მინდოდა ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად!” – ეს 1919 წლის ზაფხულის ჩანაწერია; ეს სულიერი წრთობა საზოგადოება “შევარდენში” მიიღო ისედაც ნებისყოფიანმა და მისი სინორჩისათვის საოცრად გათვითცნობიერებულმა გოგონამ.

მარო მაყაშვილი, მხატვარი ზურაბ სამხარაძე

საქართველოს შევარდენთა კავშირი ტანვარჯიშულ აკადემიად იშვა; მას თავისი წესი და რიგი, ანუ სახი ჰქონდა, როგორც ვაჟებისთვის, ჭაბუკთა და ბიჭთათვის, ასევე ქალთათვის – გოგონათა და ცირათათვის – აქ გიორგი ნიკოლაძის ხელწერა იგრძნობა – მან ხომ არაერთ უცხოურ სიტყვას მოარგო სხარტი ქართული შესატყვისი, ანუ სახელსახი – ამის მაგალითია ზომსადარი (მასშტაბი), ზექი-ეფექტი, მათემატიკური ლექსიკონი.

გადავხედოთ ჟურნალ “შევარდენის” პირველ და ერთადერთ ნომერს (1922 წ. მაისი) – მასში ჩანს შევარდენთა იერი, – თეთრხალათიანი, გულამოღებული, საყელოგადაკეცილი, შავ მოკლეშარვლიანი, შავ-შავი წინდა-წუღებიანი და წითელქამრიანი ვაჟები თუ ჭაბუკები, ბიჭებიც.

– რა ეცვათ ქალებს. – ოთხკუთხად ამოღებული (გულისპირი და ზურგის მხარე), თეთრი ხალათი, შავი კაბა წვივებამდის – გვერდებზე დანაოჭებული, უკან სწორი (მუხლიდან ხუთი თითის დადებაზე ქვევით), შავი მაღალი წინდები (კაბიდან 3 თითით დაშორებული) და მათაც წითელი ქამარი, თავზეც წითელი არშია; – გოგონათა და ცირათათვის – მოკლესახელოიანი თეთრი ხალათი და შევარდნული განიერი შავი შარვალი მუხლიდან 3 თითის დადებამდე.

ასეთი თარგი შეუქმნია შევარდენთათვის ცნობილ მხატვარს ვალერიან სიდამონ-ერისთავს და მასთან შევარდნული ნიშანიც! ჩინებულად აუწყვიათ საგამომცემლო საქმიანობაც, რაშიც დიდი წვლილი მიუძღოდათ ი.მაჭავარიანს, გ.ეგნატაშვილს, ი.ლორთქიფანიძეს, გ.ნიკოლაძეს, პ.მარღანიძეს, ს. ასლანიშვილს და ასევე ცნობილ ქორეოგრაფს დ.ჯავრიშვილს, რომლის სახელმძღვანელო “საშევარდნო მწყობრი” მოწმობს, თუ რამდენად დიდი ყურადღება ექცეოდა ვარჯიშის მხატვრულობასაც -“მწყობრი ერთი რთული ვარჯიშთაგანია ყველა ვარჯიშთაგან”, – აღნიშნავს ძმა გოგია და უქებს ავტორს ნაშრომს (ამის შესახებ ვრცლად რუსუდან ფაილოძის მონოგრაფიაში – “დავით ჯავრიშვილი”).

… მახსოვს, რა სიამაყით გამომეცხადა აკადემიკოსი შალვა ხიდაშელი, გულშეძრული მარო მაყაშვილის გმირობის გახსენებისა და შევარდენელთა მოხსენიებისთვის – “მე ძველი შევარდენელი ვარო” – გაიხსენა მაროსთან ერთად გიორგი ნიკოლაძის და თამარი (ვარჯიშთათვის შემწე), ჟორჟეტა ღამბაშიძე, დები ქეთო და თინა ჯაფარიძეები, მაროს უმცროსი და ნუნუც (ერისთავისა) – ლამაზი ფორმა ჰქონდათო – “გუშაგობ ერს.

მარად – იყო პასუხი!

… ეს ეპიზოდი ჩემივე ადრინდელი ნარკვევიდანაა – “თავგანწირვა” – ასე რომ, “შევარდენი” არა მარტო სხეულს, სულსაც აკაჟებდა!

ამ სიტყვების წარმოთქმისას ჩემს წინაშე იდგა არა ჭაღარა სწავლული, არამედ ჭაბუკი, რომელსაც წვრთნიდა შევარდენთა კავშირი.

ერის გუშაგთა სილუეტები შემორჩა ჟურნალის ფურცლებს – სამგლოვიარო წერილებია მიძღვნილი მარო მაყაშვილისადმი (და მარო მაყაშვილის ასული, ტფილისის “შევარდენი”-ის მოვარჯიშე), ასევე “შევარდენი”-ის წურთნელის ირაკლი თოიძისადმი (დაბად.1898 წ.). თბილისის მე-2 ვაჟთა გიმნაზიის შემდეგ (დაუმთავრებია 1916 წ.) იმავე წელს შესულა სამხედრო სასწავლებელში, სადაც მცირე ხანს დაუყვია და კიევის საინჟინრო სამხედრო სასწავლებელში მიუღია განათლება. 1917 წლიდან ის უკვე სამშობლოშია, მუშაობდა ამიერკავკასიის სხვადასხვა საინჟინრო ნაწილებში – დაბოლოს თბილისის სამხედრო სასწავლებლის საინჟინრო (საინჯინერო) განყოფილებაში ინსტრუქტორად 1921 წლის 19 თებერვლამდე!..

გიორგი ნიკოლაძეგიორგი ნიკოლაძე

შევარდენთა კავშირში ყოფნას სიამით იხსენებს ახლახან ჟურნალ “ჩვენ მწერლობაში” გამოქვეყნებულ მოგონებაში “მცირე მონათხრობი ჩემს ცხოვრებაზე” (1921 წლიდან 1937 წლამდე) ცნობილი მკურნალისა და ქველმოქმედის ვახტანგ ღამბაშიძის ასული – ჟორჟეტა, გიორგი ნიკოლაძისადმი ბავშვობიდანვე ნაფერები უნაზესი გრძნობის შესახებ – ეს ფრიად საინტერესო მოგონება ქალბატონ ნანა ღამბაშიძეს უთარგმნია ინგლისურიდან. ღამბაშიძეები უკვე ემიგრაციაში ყოფილან, როდესაც მათ ოჯახს ეს ნამდვილი ქართველი რაინდი ეწვია…

“1926 წლის ერთ დღეს ჩვენი ოჯახის მეგობარი, ბატონი გიორგი ნიკოლაძე, საქართველოდან პარიზში ჩამოვიდა სორბონაში, უმაღლეს მათემატიკაში ხარისხის დასაცავად. სანქტ-პეტერბურგის კურსდამთავრებული, თბილისში ცნობილი მათემატიკოსი და მეტალურგიც გახლდათ…”

… ცნობილიც და ახალი თაობის რჩეულიც. მამაჩემის სიტყვები გამახსენდა, ჟურნალ “მეცნიერება და ტექნიკის” ერთ-ერთი ნომრის ყდაზე გიორგი ნიკოლაძის სურათი დაინახა; სათუთად აიღო ჟურნალი და ჩაილაპარაკა: – “აი კაცი, აი კაცი” – ეს მადლიერი შეგირდის გულითადობით თქმული სიტყვები იყო!..

– “არ ვიცოდი გაბედავდა თუ არა ჩვენს მონახულებას, ის ხომ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ გამოგზავნა, როგორც საბჭოთა წყობის ხელქვეითი” – ეს ხაზგასმითაა ნათქვამი, რადგან მათ ემიგრანტთა მონახულება ეკრძალებოდათ: “მით უმეტეს, – განაგრძობს მოგონების ავტორი, – “იმ დროისათვის მამა ქართველთა კოლონიის პრეზიდენტი გახლდათ. ჩვენდა გასაკვირად, მოვიდა, გვინახულა. ხუთი წლის ასაკიდან ვიცნობდი, ჩემი ოცნების გმირი იყო, როდესაც პატარა ცემში ჩვენთან, სანატორიუმში ჩამოდიოდა, მე და ჩემი მეგობარი გვერდიდან არ ვცილდებოდით. მაშინ სტუდენტი იყო და ოქროსფერღილებიანი მოხდენილი ფორმა ეცვა. ერთხელ ვთხოვეთ, ორი ღილი მოგვეცითო, მოგვცა. გავაპრიალეთ, პატარა კოლოფში ჩავდეთ, ბამბაც ჩავატანეთ და სასოებით ვინახავდით. აქამდე მქონდა შემონახული მისი ფოტო, მუხლებზე ჩემი მეგობარი უზის, მგონი უკვე დავხიე”… (ეჭვიანობისა გამო?! ჩანს, გიორგი ნიკოლაძის ქვრივში არასოდეს არ წაშლილა მისი ოცნების გმირის ხატი! – ნ.ღ.). ახლა კი ახალი ეპიზოდი.

“მოგვიანებით, 14 წლისა, თბილისის ფიზკულტურული საზოგადოების წევრი გავხდი, სადაც ინსტრუქტორად მუშაობდა. მისით აღტაცება არ გამნელებია. ერთხანს, კვირის ბოლო დღეებში, მე და რამდენიმე ჩემი მეგობარი ფიზკულტურული ტერმინოლოგიის ქართული ლექსიკონის შედგენაში ვეხმარებოდით. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო, თუმცა სიამოვნებით ვასრულებდით, რადგან ყველას ძალიან გვიყვარდა…”

… ეს უკვე სიტყვიერების მეორე სფერო, რაც მე ადრევე მენიშნა, ანუ მეორე ლექსიკონი.

… აღსარებასავით:

“… პარიზში გიორგი ნიკოლაძის სტუმრობით ყველა აღტაცებულნი დავრჩით. მე და ის ბევრს ვსაუბრობდით. მერე ლონდონში წავიდა მამის სანახავად.

… ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი (ნიკო ნიკოლაძე იმ ხანად ლონდონში მუშაობდა. ნ.ღ.).

აღსარების გაგრძელება… “იქიდან ყოველდღე წერილებს მიგზავნიდა და მალე აშკარა გახდა, რომ ჩვენს შორის მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. მალე ცოლად გაყოლა მთხოვა, თუმცა გადაულახავი დაბრკოლებანი გვეღობებოდა”.

… დიდ სიყვარულს ეს დაბრკოლებაც გადაულახავს…

… ჟორჟეტა, სუნანა, მედეა. ამ სამი დიდან ორნი – სუნანა და მედეა მაროს განუყრელი მეგობრები იყვნენ, ხშირად იხსენიებს მათ, განსაკუთრებით მომწონს მაროს დღიურში აღბეჭდილი სცენა, ერთ მხიარულ დღეს, ასე მოიხსენიებს თვითონ პირველ და უკანასკნელ მეჯლისს, როდესაც აუხდა პაოლო იაშვილის გაცნობის ნატვრა – “ლელი ჯაფარიძე დამპირდა პაოლოს გაგაცნობო – მე ველი”… 1918 წლის 30 ივნისი.

… ჩემს ერთ-ერთ ნარკვევში, რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა “შარავანდედის” შემდეგ, ბედი სასტიკი და ლამაზი!” (1990 წ. “ახალგაზრდა ივერიელი”), სწორედ ეს მომხიბვლელი ამბავი გავათამაშე – მართლაც თამაშა გამართულა 1919 წლის 22 თებერვალს პაოლოს სტუმრობით და თამადობით, კოპალასთან (დავით კოპალეიშვილთან) ერთად ლექსაობით, მაროს “ჩაჩნურით” – მე-7 კლასელთა დიდ ბალზე, სტუმრები: ახალგაზრდა ოფიცრები, თანატოლები მე-7 ვაჟთა გიმნაზიიდან, პოეტები, მსახიობები, ვანო სარაჯიშვილი, ინაშვილი, სპიტკო, მშობლები. ბრწყინავდა გიმნაზია – ლხინით გადაღლილ გიმნაზიელებს დირექტორი სიყვარულიანი სიტყვით მიმართავს, “მერე პაოლომ და კოპალამ დალიეს, ალავერდი ჩემთან იყო. დაუკრეს ჩაჩნური. ვიცოდი, რომ მე მათამაშებდნენ. გავიქეცი და დავიმალე სხვა ოთახში. ყველანი გამომეკიდნენ “კნიაჟნა, კნიაჟნა! სულ ერთია არ დაგანებებთ თავსო, მანამ არ ითამაშებთ, რა მექნა, მეც დავთანხმდი”…

პაოლო იაშვილი – Paolo Iashvili

ფრაგმენტი ჩემივე ნარკვევიდან: “მთაწმინდის კალთა, გაზაფხულის პირი – სამაია: მარო; სუნანა და მედეა ერთად გამოდიან სასწავლებლიდან”… პაოლო ხან აყვავებული ხის ტოტს უძღვნის ქალიშვილებს, ხან იებს – ქართული ჯარის ნაწილი ჩაივლის მათ წინაშე და იებს გააჩუქებენ; პაოლო ექსპრომტით გააცილებს ქართულ ჯარს, მერე ერთ დუქანში ყველაზე დიდ და ლამაზ ვაშლს აარჩევს და გასძახებს: “მარო მაყაშვილის ქალო, ვაშლი, ვაშლი დაიჭირეო”.

… “მე ძლივს დავიჭირე”…

… სიკვდილი კი ვერაფერმა ვერ დაიჭირა…

მარტო მარომ როდი დასდო თავი თავისუფლებისთვის.

… “შევარდენმა” მაროს ხსოვნასთან ერთად დაიტირა მისიანები – “შევარდენი” საქართველოს შვილია” – ასე იწყება ივ. მაჭავარიანის სამგლოვიარო წერილი “მარო, ირაკლი, გალია”… “შევარდენი მოწოდებულია ქართველ ახალგაზრდობაში აღზარდოს სილამაზე, ღონე და ჯანმრთელობა” – ასეთი იყო ამ ჰარმონიული კავშირის დევიზი!..

… შორეულ სილუეტად დარჩა დაჭრილი შევარდენიც… ეს სათაური ვაჟას ლექსმა შთამაგონა – ზოგი ჭრილობა შუშდება, ზოგი კი ვერა…

23 თებერვალი გლოვის დღედ დარჩა!

ნანა ღვინეფაძე

2009 წლის შუა თებერვალი”საქართველოს რესპუბლიკა ” # 34
სამშაბათი, 24 თებერვალი, 2009 წელი

მინაწერი:
1917 წელს გაიოზ ბერელაშვილმა და დათა ჯავრიშვილმა თბილისში დააფუძნეს ტანვარჯიშული საზოგადოება “ამირანი”. მოგვიანებით, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ, “სოკოლისა” და “ამირანის” ხელმძღვანელებმა მხარი დაუჭირეს გიორგი ნიკოლაძის წინადადებას გაერთიანების საფუძველზე მთავრობისგან დამოუკიდებელი ტანვარჯიშული საზოგადოების – “შევარდენის” დაარსების თაობაზე. “შევარდენი” შეიქმნა 1918 წლის 25 აგვისტოს და 1922 წლის 3 ნოემბრამდე იარსება. იმ დროისთვის მისი 15 ორგანიზაცია 10 ათასამდე წევრს აერთიანებდა. საზოგადოების აქტიური წევრები იყვნენ არჩილ ბაქრაძე, ვანო და გიორგი ბერიძეები, გიორგი ეგნატაშვილი, ირაკლი ლორთქიფანიძე, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი მერკვილაძე, გიორგი ლაზარაშვილი და სხვები. გიორგი ნიკოლაძის მეთაურობით “შევარდენმა” ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოასწრო. საზოგადოების წევრებმა შეადგინეს ტანვარჯიშის ქართული ტერმინოლოგია, გამოსცეს სპეციალური ლიტერატურა. მოგვიანებით ტანვარჯიშული ჯგუფი გაიხსნა “პიშჩევიკის”, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, 31-ე საავიაციო ქარხნისა და სხვა დარბაზებში. ამ დარგის სპეციალისტები მოგზაურობდნენ რეგიონებში, არჩევდნენ ნიჭიერ ბავშვებს და დასაოსტატებლად თბილისში ჩამოჰყავდათ.

Print Friendly, PDF & Email
წყარო
ბურუსი
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა