საბავშვობერნარ კნაველი

ბერნარ კნაველი – ბუ, რომელმაც მთვარე გადაყლაპა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი ბუ, რომელსაც სახელად ვიქტორს ეძახდნენ.
ის უზარმაზარი ტყის ყველაზე ბებერ მუხაში ცხოვრობდა; ვეებერთელა და დაკოჟრილ მუხაში, რომლისთვისაც ქარიშხალს ერთი ტოტი მოეტეხა და მის ადგილას წვიმასა და მწერებს ღრმა ფუღურო ამოეთხარათ. აი, ამ პატარა გამოქვაბულში ატარებდა მძინარე ვიქტორი მთელ დღეებს.
ღამით ბუ ტოვებდა თავის სადგომს, რათა მინდვრის თაგვებზე, ბიგებსა და პატარა თაგვებზე ენადირა.
ვიქტორი მაინცდამაინც კარგი ხასიათით არ გამოირჩეოდა და ამის გამო ტყის სხვა ფრინველებს არ უყვარდათ. არა, ბოროტი არ ყოფილა, ცოტა ბუზღუნა და, რაც მთავარია, ტრაბახა გახლდათ.
დღენიადაგ იმეორებდა:
– მე, ვიქტორი, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი ვარ. ეს მე ვარ ყველაზე საუკეთესო მონადირე და მეთევზე ბუთა მთელ მოდგმაში. მე ძალმიძს დავიჭირო ყოველნაირი ცხოველი, როგორც წყალში და მიწაზე, ისე ჰაერში.
სხვა ჩიტები ერთმანეთს ფრთებს ჰკრავდნენ და ჩურჩულებდნენ:
– მთელ ფრინველთა სამყაროში არ მოიძებნება მასზე უფრო პრეტენზიული არსება. ისეთი რა გავაკეთოთ, რომ მას ეს მედიდურება დავაკარგვინოთ?
და აი, ერთ მშვენიერ საღამოს პატარა ეშმაკუნა ბუკიოტი – მინერვა ბუსთან მივიდა და შეეკითხა:
– ერთი მიბრძანეთ, ბატონო ვიქტორ, ტირიფებში დიდი გუბე რომ არის, გინახავთ თუ არა?
ბუმ წყენით მხრები აიჩეჩა და უთხრა:
– რა სულელური შეკითხვაა? ცხადია, მინახავს. მე ხომ ყოვლისმცოდნე და ყოვლისმნახველი ვარ!
– მართალია! – ღიმილით უპასუხა პატარა ბუკიოტმა, – მაპატიეთ, მაგრამ ერთი ეს მითხარით, იცით, რომ იმ გუბეში უშველებელი თევზი-მთვარე ცხოვრობს, რომლის დაჭერაც ჯერ ვერავის გაუბედავს?
ვიქტორს ბუნდოვნად ჰქონდა გაგონილი თევზი-მთვარის ამბავი, მაგრამ კონკრეტულად არაფერი იცოდა და მის სახეზე შეცბუნება რომ არ შეემჩნიათ, ესღა თქვა:
– ეგ თევზი ტირიფებიან გუბეში რომ ყოფილიყო, უკვე დიდი ხნის შეჭმული მეყოლებოდა.
– მოგეხსენებათ, ის სულ ერთი კვირაა, რაც იქ არის, თანაც, იცის, რომ თქვენ ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი ხართ. ამიტომაც, როგორც კი დაგინახავთ, მაშინვე იმალება.

ვიქტორმა გადაიხარხარა, მედიდური იერის მისაღებად ბუმბული აიბუა და განაცხადა:
– წამოდი, პატარავ, და ნახე, ჭკუით სავსე ბუ როგორ იჭერს თევზ-მთვარეს.
სანამ ისინი ამგვარად საუბრობდნენ, ტყის დანარჩენი ჩიტები, ბუკიოტისაგან მოწვეულნი და გაფრთხილებულნი, სულგანაბულნი უსმენდნენ მათ.
მინერვა და ვიქტორი ტირიფებისკენ გაფრინდნენ. გზადაგზა ხის ტოტებზე სხდებოდნენ და აყურადებდნენ. პატარა ბუკიოტი ვიქტორს ეჩურჩულებოდა:
– ბატონო ვიქტორ, შეეცადეთ, თქვენმა ფრთებმა ხმა არ გაიღოს.
დიდი ბუ ბუზღუნებდა:
– ნუ წუხხარ, მეც მშვენივრად ვიცი ნადირობის წესები.
სხვა ჩიტები შორიახლო მიჰყვებოდნენ. ისე ფრთხილად მიფრინავდნენ, რომ მათი ფრთების ხმა ტოტებში მოარული სიოს ჩურჩულში იკარგებოდა, – ჩქამსაც კი არ გამოსცემდნენ. თვით ენაჭარტალა კაჭკაჭიც კი ჭანარივით დადუმებულიყო.
ბოლოს, ბუკიოტმა და ბუმ გუბეს მიაღწიეს. იქით, ტყის გაღმა, სავსე მთვარე ნელა ამოდიოდა. გუბის პატარა ტალღები წყნარად ლივლივებდა, რის გამოც წყალში მთვარის ანარეკლი ოდნავ სხვანაირი მოჩანდა, – ზოგჯერ წაგრძელდებოდა და დიდმუცლიან თევზს ემსგავსებოდა.
– შეხედეთ, – წასჩურჩულა პატარა ბუკიოტმა ბუს და ნისკარტი ზედ ყურზე მიაწება, – თქვენ მას ხედავთ ზუსტად შუაგულში.
ვიქტორმა ავად მოჭუტა ცალი თვალი და უხმაუროდ წაიწია წინ, ლერწმებში. მერე ერთბაშად აფრინდა და პირდაპირ ცხვირით ჩაერჭო წყალში. გაისმა დგაფუნი. წყლის წვეთები და მთვარის შუქი ერთად მიმოიფანტა ყოველ მხარეს. მთლად გალუმპული ბუ წყლით დამძიმებული ფრთების ქნევით გაბრუნდა ტყისაკენ. გუბის ზედაპირზე უკვე აღარ ჩანდა მთვარე, მხოლოდ პატარა, შეყვითლებული ტალღები მოძრაობდნენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს წყალზე ათასი ოქროსფერი მარცვალი მოაბნიესო.
– ხედავ, თქვა ვიქტორმა, – ეს არც ისე ძნელია, – მაგრამ ხმა საოცრად გაბზარული და ჩახლეჩილი ჰქონდა. ვიქტორი ალვის ხის კენწეროზე შემოჯდა, რომ ყველას დაენახა და შეექო. ჩიტები, რომლებსაც დამალვის მიზეზი აღარ ჰქონდათ, გარს შემოერტყნენ და სიცილი ატეხეს. ამის საბაბი კი ნამდვილად ჰქონდათ. შეგიძლიათ, მენდოთ; ერთ სანახაობად ღირდა ამ უზარმაზარი დამრგვალებული ბუს ყურება, რომლის თვალებსაც მთვარის ელვარება მისცემოდა.

დარცხვენილი ბუ თავისი ფუღუროსაკენ გაეშურა.
ამ ამბის შემდეგ, როცა ცხვირს გარეთ გამოყოფს, რათა ღამის ჰაერი ჩაისუნთქოს, ჩანს მხოლოდ მისი ორი დიდი თვალი, რომელიც მთვარის ორი ნატეხივით ანათებს.

თოვლის გუნდის მოგზაურობა.
თარგმანი რუსულიდან – თამარ ჩიხლაძე.
მე მსმენია ერთი მშვენიერი, მთების ძირას გაშლილი სოფლის შესახებ, სადაც ბავშვები ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ. სოფლის წინ მაღალი ბალახითა და ველური ყვავილებით მორთული მინდორია, რომლის ახლოს მდინარე მიჩუხჩუხებს და ხეები შრიალებს. უკან მთაა, მარადიული თეთრი მწვერვალით. იგი ძალიან ლამაზია, თუმცა ხნიერი ადამიანები ამბობენ:
– იქ, მაღლა, დათვები ბინადრობენ, რომლებიც ბავშვებს ჭამენ.
და ბავშვებიც არასოდეს ადიან მთაზე,
მაგრამ ამ დილით მდინარის პირას მოთამაშე პატარა სესილს ისე მოუნდა თოვლის გუნდა, როგორც ნამცხვარი ან შოკოლადი მოუნდებათ ხოლმე.
ჰოდა, ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, ტყეებისა და საძოვრების გავლით, გოგონა მთის გზას მიუყვება. ერთი საათის სიარულის შემდეგ, უკან, ვაკისაკენ იხედება და ამჩნევს ასანთის კოლოფისოდენა სახლებსა და ჭიანჭველისტოლა ადამიანებს.
იგი ამბობს:
– უფრო გრძელი ხელი რომ მქონდეს, ავიღებდი და იმ სახლებს სულ აქ ამოვიტანდი. როგორ გაკვირდებოდა ხალხი, უცებ მთაზე რომ აღმოჩნდებოდა!
ამგვარად, სესილი ადის ზევით და აღწევს იმ ადგილს, საიდანაც უკვე თოვლის საფარი იწყება. იქ აღმართიც თავდება და თითქოს მთა თოვლის სიმძიმით წელში იხრებაო, ფერდობი პლატოდ იქცევა. სესილი მაშინვე თოვლის გუნდას აკეთებს, ძირს აგდებს და აგორებს. გუნდა ნელ-ნელა იზრდება და ისე მსხვილდება, რომ გოგონას აღარ შეუძლია მისი ადგილიდან დაძვრა.
სესილი ფიქრობს, ახლა როგორ მოიქცეს, მაგრამ უეცრად საიდანღაც დიდი და ნაცრისფერი დათვი გამოდის. გოგონა მისი ფეხის ხმას ვერ იგებს, რადგან დათვმა მგელივით უხმაურო სიარული იცის. სესილს ისე შეეშინდება, რომ კანკალს იწყებს. მას ხომ თავის დაცვა არ შეუძლია.
– რატომ კანკალებ? – ეკითხება დათვი, – გცივა?
– არა, – მიუგებს გოგო ტირილით, – არა, მშვენივრად ვიცი, რომ შემჭამ.
დათვი იცინის.
– ჰა, ჰა, ჰა, რა სასაცილოა! წარმოგიდგენია? ერთ დღეს ჟურნალისტი მოვიდა ამ რეგიონში ხალხთან შესახვედრად. გამოიკითხა, ვის რა უყვარდა. მეც მკითხა, – შენ, დათვო, შენ რაღა გიყვარსო? მე ვუპასუხე: ბავშვები მიყვარს ძალიან-მეთქი. ეს ისე ვთქვი, როგორც, მაგალითად, შენ გიყვარს ხეები, სახლები, პეპლები. ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ გიყვარს ხეების, სახლებისა და პეპლების ჭამა?
– არა, რა თქმა უნდა! – მიუგებს სესილი, – მერე?
– მერე, ადამიანებმა, რომლებიც მხოლოდ ჭამაზე ფიქრობენ და უფრო ღორმუცელები არიან, ვიდრე დათვები, გაიგეს ისე, თითქოს დათვებს უყვართ ბავშვების ჭამა. მას შემდეგ ბავშვებს მთაში აღარ უშვებენ.
– ძალიან სამწუხაროა, – შენიშნავს სესილი, – რადგან თოვლი, ჩემი აზრით, შესანიშნავი გასართობი რამაა.
დათვი უყურებს თოვლის გუნდას და ეკითხება:
– ჰო, მაგრამ ამ დიდი გუნდით რის გაკეთებას აპირებ?
– მინდოდა, ველზე ჩამეტანა, სოფლის ახლოს.
– ეს ხომ ძნელი არ არის? – ამბობს დათვი და ძლიერი ცხოველი მსუბუქად უბიძგებს გუნდას. ისიც მიგორავს და ყოველ გადაბრუნებაზე უფრო და უფრო მსხვილდება, ბოლოს კი სოფლის ეკლესიაზე სამჯერ დიდი ხდება.
– ახლა კი, – ამბობს დათვი, – გუნდა უნდა გავაჩეროთ, თორემ შეიძლება გზაზე დაიშალოს.
გუნდას თან წამოეღო რამდენიმე ხე და ძველი ფარეხი.
– არა უშავს, – ამბობს მშვიდად დათვი, – მას შემდეგ, რაც უკანასკნელი ცხვარი შევჭამე, ეს ფარეხი საჭირო აღარ არის.
სოფელს რომ მოადგნენ, დათვი ეუბნება სესილს:
– აბა, პატარა გოგო, როგორც კი მოგინდება გუნდა, მაშინვე ზემოთ ამოდი.
– არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო! – უპასუხებს სესილი.
– მეორეჯერ რომ ამოხვალ, ტკბილეული ამომიტანე. განსაკუთრებით თაფლი მიყვარს. ახლა კი მივდივარ, არავითარი სურვილი არა მაქვს, აქ დავხვდე შუადღის ძილისგან გამოფხიზლებულ ხალხს, – ამბობს დათვი და გეზს იღებს თეთრი მწვერვალისაკენ.
ველზე ძალიან ცხელა და გუნდაც დნობას იწყებს. სესილი, ალბათ, ძლიერ დანაღვლიანდებოდა, რომ არ სცოდნოდა ერთი რამ: ახალი გუნდისათვის საკმარისი იყო მაღლა მთაზე ასვლა.
სასწაულიც ეს არის! დნება თოვლი და რჩება ფარეხი, – სახლი სესილისათვის შუაგულ მდელოზე.
როდესაც სოფლის მცხოვრებნი იღვიძებენ, თოვლის უმცირესი კვალიც აღარ არის.
– ეს უკვე მეტისმეტია! – ამბობენ განცვიფრებულნი, – ვინ მოიტანა აქ ფარეხი?!

– მე, – ამბობს სესილი, – მე მოვიტანე ჩემს მეგობართან ერთად, – და ჩუმდება. კინაღამ წამოსცდება თავისი მეგობარი დიდი დათვის ამბავი, მაგრამ არა, არაფერს იტყვის. მან იცის, რომ თუ თავის თავგადასავალს მოჰყვება, უმეთვალყურეოდ აღარ გაუშვებენ სათამაშოდ.
– მაშ, – იძახის ხალხი, – შენ მოიტანე, პატარა სულელო? ვინ დაგეხმარა ნეტავ? თქვი რაღა, ვინ არის შენი მეგობარი?
სესილი შეჰყურებს მათ და ენანება, რომ ისინი ისე პატარებად არ დარჩნენ, როგორც ზემოდან ჩანდნენ.
საქმეში სესილის დედა ერევა:
– ნუ უსმენთ ამ ბავშვს, – მიმართავს ხალხს, – თქვენც კარგად იცით, ჩემი გოგო იმიტომ იგონებს ამ ამბავს, რომ ყურადღება მიიქციოს.
სესილი თავს ხრის. მას დასცინიან, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, საიდუმლოს მაინც არ გასცემს, არაფერს იტყვის დათვზე, რათა მონადირეებმა არ მოძებნონ მისი კვალი. იგი არ მოჰყვება თავის თავგადასავალს, რადგან იცის, რომ არსებობს ისეთი რამეები, რასაც უფროსები ვერასოდეს გაიგებენ.

თარგმანი რუსულიდანთამარ ჩიხლაძე

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა