სხვადასხვა

ლადო გუდიაშვილი – “შეხვედრა ფიროსმანთან”

ზდანევიჩების ოჯახს თბილისში ესტუმრა ფრანგი მიშელ ლე დანტიუ. იგი დაინტერესებული იყო ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშებით, კერძოდ, კერამიკით და თავისი მასპინძლის ახალგაზრდა ვაჟთან ერთად კერამიკის შესათვალიერებლად თბილისის ბაზარსაც ეწვია; სადგურთან ერთ-ერთ სამიკიტნოში შევიდნენ. შევიდნენ და გაოცებული მიაჩერდნენ კედლებზე გადმოკიდებულ ფერწერულ ტილოებს… რა თქმა უნდა, მაშინვე ავტორი იკითხეს… უთხრეს, როგორ გეტყობათ მხოლოდ რესტორნებში რომ დაბრძანდებით, ეგეთი ნახატებით ხომ მთელი ახლომახლო სამიკიტნოებია მორთული, ნიკალა გვყავდეს ცოცხალი, თორემო…

კედლებიდან იცქირებოდნენ ფიროსმანის “თამარ მეფე”, “რუსთაველი”, “მწყემსი”, კიდევ “მწყემსი”, “თავადი”… მეორე სამიკიტნოში ნახეს “ყურძნის კრეფა ალაზნის ველზე”. უსაზღვრო იყო მათი გაოცება. მერე მისი სხვა სურათებიც მოაგროვეს. სამიკიტნოს მეპატრონეები ხალისით აძლევდნენ სურათებს, იმ იმედით, რომ “ნიკალა ახალს დაგვიხატავსო”.

უკითხავთ, სად ვიპოვოთ ეს კაციო. – არ ვიცით სად ცხორობს, ბინა არც კი აქვსო, – უპასუხნიათ.

თბილისი მაშინ მტკვარგაღმა ღარიბებისა იყო, მტკვარგამოღმა – მდიდრებისა. ფიროსმანი რომ გავიცანი, ვკითხე, რაღა ამ უბანს ჩააცივდი, აქეთ გამოდი-მეთქი. – აქეთ მე ვინ მომცემს დაკვეთას, მდიდრები არიან, მე კი ერთი საწყალი კაცი ვარო, – მიპასუხა.

მე მას რამდენჯერმე პირადად შევხვდი. მაღალი კაცი იყო, შეჭაღარავებული, უკან გადავარცხნილი თმა ჰქონდა. მის ფერმკრთალსა და მოტეხილ სახეს თან სდევდა რაღაცნაირი კეთილშობილური, მე ვიტყოდი, ინტელიგენტური იერი და სიმშვიდე. წვერი შეკრეჭილი ჰქონდა და ულვაში ქვევით დაშვებული.  ეცვა ნაცრისფერი პიჯაკი და სქელი, საღებავებით დასვრილი შარვალი.

მახსოვს, ერთხელ შევიყვანეთ მხატვართა საზოგადოების კრებაზე. მკერდზე გულხელდაკრეფილი იჯდა და გარინდებული და გაქვავებული ერთ წერტილს მისჩერებოდა. სახე ფარულ სიხარულსა და გაკვირვებას გამოხატავდა. ასე იჯდა მთელი სხდომის განმავლობაში და ხმა არ ამოუღია. სხდომის გათავების შემდეგ შემოეხვივნენ მხატვრები და დაუწყეს გამოკითხვა. პასუხს იძლეოდა მოკლედ, ლაპარაკობდა ცოტას. დაინტერესდა ორატორებით. “ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? – თქვა მან, – …უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე. თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ.”

შემდეგ სხდომაზე ფიროსმანიშვილი არ გამოცხადებულა. ცხოვრობდა, როგორც გაგვეგო, სადღაც დიდუბეში, მაგრამ ვერავინ იპოვა. გაიარა წელიწადმა. ფიროსმანიშვილი გაქრა და მის შესახებ არაფერი ისმოდა.

მხატვართა საზოგადოების ერთ–ერთ კრებაზე გამოტანილ იქნა დადგენილება – აღმოეჩინათ ხელვიწრო წევრებისათვის მატერიალური დახმარება: გადაწყდა, ნიკო ფიროსმანიშვილისათვის მიეცათ დახმარება 200 მანეთის ოდენობით. ფულის გადაცემა მე მომანდეს. ეს იყო ფიროსმანის ცხოვრების უკანასკნელი წლები. მივიღე ფული და დავიწყე ფიროსმანიშვილის ძებნა. დაახლოებით ვიცოდი სად ცხოვრობდა. ბევრი ვიარე, ბევრ ეზოში შევყავი თავი და გამოვიკითხე, მაგრამ სულ ამაოდ.

დაღონებული ვბრუნდებოდი, რომ ერთი ეზოდან მომესმა საშინელი ყვირილი (ლანძღვა), ხმაური და ბავშვების ჟივილ–ხივილი. დაინტერესებული ამ გარემოებით გადავედი მეორე მხარეს და მივადექი იმ ალაყაფის კარებს, საიდანაც ხმაური მომესმა. წინ ბნელი იყო და იქით კი მზით სავსე ეზო მოჩანდა. სანახაობა იყო მეტად შესაბრალისი. ეზოს ბავშვები – ასე ათამდე – ქვებს უშენდნენ ერთი ოთახის კარებს, სადაც ცხოვრობდა აბუჩად აგდებული კაცი. ეს კაცი, საშინლად გაჯავრებული, გამოხტა ოთახიდან, გამოუდგა ბავშვებს, სწრაფადვე გაბრუნდა გაჯავრებული ლანძღვა-გინებით და ჩაკეტა კარები. დაფიქრებულმა ამ ამბით გადავწყვიტე, რომ ნიკო უნდა ყოფილიყო ეს ცხოვრებით დაჩაგრული და ბავშვების მიერ აბუჩად აგდებული კაცი. ერთ ბავშვს ვკითხე მისი ვინაობა და მან მიპასუხა – ეს “შალაპაი პიანიცა, ჟივოპისცა” არისო. მე გამეხარდა, რადგან მივაგენ იმას, ვისაც ვეძებდი. თან შემაწუხა მისმა ასეთმა ყოფამ. დავაკაკუნე. გამოჩნდა ნიკო. ჩემ წინ იდგა ,,ბოსიაკური“ და ლოთური ცხოვრებით გატეხილი და დაბეჩავებული უღარიბესი უბნის მცხოვრები.

– ვინ გნებავთ? – შემეკითხა ჩაფიქრებული.

– ბატონი ფიროსმანიშვილი.

– მე ვარ, გთხოვთ, – გააღო კარები. დავიღუნე და შევედი.

უეცრად შემაჩერა და მკითხა:

– როგორ მოხველით, როგორც მტერი, თუ როგორც მოყვარე?! – და თან მიყურებდა თვალების არაჩვეულებრივი  გამომეტყველებით.

“ხომ არ გაგიჟდა!” – გავიფიქრე გუნებაში, ხმამაღლა კი ვუთხარი:

– არა, თქვენც მხატვარი ხართ და მეც, რა მტერი უნდა ვიყო მე თქვენი? მე გუდიაშვილი ვარ, არ გახსოვართ?..

– დიახ, დიახ, – დაიწყო მან თითქო ცახცახით. – გთხოვთ, მობრძანდეთ, გთხოვთ, ლადო, არა?

– დიახ, ლადო.

– დაბრძანდით! ძმობილო! აი, ასე, ეს არის ჩემი ოთახი, როგორცა ხედავთ. ო! ო! რომელია თქვენი სახელი? ლადო, დიახ, ლადო! შეიძლება წყალი დალიოთ? – დაასხა ჭიქაში და მომიტანა. – ბოდიშს ვიხდი, რომ ლიმონათი არა მაქვს. – სწრაფად შევათვალიერე  ოთახი. ეს იყო კიბის ქვეშ მოთავსებული, რამდენიმე ნაბიჯი სიგრძისა და სიგანის პატარა ოთახი. დგომა შეუძლებელი იყო. კუთხეში საწოლი იდგა, ზედ ჭუჭყიანი ქვეშაგები ელაგა, კედელზე პატარა კოლოფი იყო მიკრული – ეს იყო “შკაფი”. მეორე კუთხეში ეყარა სხვადასხვა ხელსაწყო მღებარისა და მხატვრისა: ვედრო, მუშამბა, საღებავები, ფუნჯები და სხვ.

– თქვენ იცნობთ ძმებს ზდანევიჩებს? – მკითხა მან უეცრად. – მათ ბევრი სურათი აქვთ ჩემი. მე ბევრს ვმუშაობდი, თბილისის სარდაფები ჩემი მოხატულია. ამით ვცხოვრობ… შეიძლება მიირთვათ რამე. იქნებ პური… აი, გთხოვთ, – და გამოიღო “შკაფიდან” ხმელი პურის ნატეხი. მე მადლობა ვუთხარი.

– ასე, ასე, ჩემო ძმობილო, ძვირფასო ლადო, როგორ გეძახიან – ლადო, არა? ჰო, ლადო!.. – გაჩერდა, ჩაფიქრდა. უეცრად ფეხზე წამოიჭრა. დაიწყო რაღაცის ძებნა. კუთხეში ნახა გაქონილი, ჭუჭყიანი ქაღალდი.

– ხედავთ? – გაშალა გაზეთი “სახალხო ფურცლის” ნომერი, სადაც მისი სურათი იყო მოთავსებული. – ჩემი პორტრეტი. მე გადამიღო ვიღაც გოგოლაშვილმა და შემდეგ გაზეთში მოათავსა.

ვუთხარი ნიკოს, რომ ეს სურათი ნანახი მქონდა.

– ეხლა რაზედ მუშაობთ? – ვკითხე შემდეგ.

– არაფერს არ ვაკეთებ. ვასრულებ მხოლოდ შენაკვეთს რესტორანში. სიღარიბეში ვცხოვრობ. ხშირად მატყუებენ და არ მაზლევენ ფულს.

ამოვიღე ფული და გადავეცი. ისიც ვუთხარი, ვისგან იყო. შეჩერდა და გაოცებული გაქვავდა, ხმა ვეღარ დაძრა. არ იცოდა როგორ გადაეხადა მადლობა.

– ცოტა არის, – ვუთხარი, – მაგრამ ამ ფულით შეიძლება პატარა ხანს ცხოვრება. იყიდეთ საღებავები.

ავდექი და მოვემზადე წამოსასვლელად. კუთხეში რაღაც შევამჩნიე.

– ეს რა არის?

– საღებავები, ჩემო ძმაო. მუშაობა ასე უნდა. თქვენ კოსტიუმებში და გალსტუკებში მუშაობთ და გოლოვინის პროსპექტზედაც დასეირნობთ, – არა, ასე არ შეიძლება, უნდა ჩაიცვა ძველი ფართუკი, აანთო ლამპა და მოაგროვო ჭვარტლი. უნდა დაფქვა ფეხით კირი და გააკეთო უმარილი, აიღო დიდი ფუნჯი და შეღებო კედლები თეთრი ან შავი ფერით, ძირიდან ჭერამდე. ძმაო ლადო! თქვენ ლადოს გეძახიან, არა? ო, ასე კარგია, ძლიერ კარგია. მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ ახლა? ავაშენოთ სახლი თუ არა? ავაშენოთ და შევიკრიბოთ იქ. ვიქნებით ერთად, თორემ რა აზრი არის ეხლა? დახატავ სურათს, წაიღებ სარდაფში, გაჭმევს, დაგალევინებს მისი პატრონი ღვინოს და სურათს კი დაიტოვებს. და ასე ყოველთვის.

მერე ნიკომ მაჩვენა სურათები: “ლომი” და “თამარ დედოფალი”.

– აქ ბავშვები მიშლიან ხელს, ყვირიან და ქვებს ისვრიან ფანჯრებში, მაწვალებენ უღმერთოდ. მაშასადამე, თქვენ მიდიხართ? წავიდეთ… იცით რა? – თქვა მან წყნარად, – წავიდეთ სარდაფში, დავლიოთ.

მე ვუთხარი, რომ ღვინოს არა ვსვამდი.

– არა უშავს, ლიმონათს მაინც დალევთ.

კიდევ უარით ვუპასუხე. სახეზე წყენა შევნიშნე. სახლში რომ დავბრუნდი, მეტად დამაღონა ჩემმა საქციელმა, მაგრამ რაღა გაეწყობოდა.

სადგურის მოედნამდე ერთად ვიარეთ. გზაში ბევრი მელაპარაკა თავის ჭირ-ვარამზე და თანაც მაჩვენებდა სარდაფებს, სადაც სურათები იყო…

მას აქეთ დიდხანს ვეღარ შევხვდი, ვეძებდი, ვიყავი სახლში, მაგრამ შინ ვერ მივუსწარი, ვეძებე სარდაფებშიც – იქაც ვერ შევისწარი.

გავიდა ამ შეხვედრის შემდეგ თითქმის წელიწადი. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ დასდო დახმარება ღარიბ მხატვართა სასარგებლოდ. ფიროსმანიშვილისათვის გადმომცეს დაახლოებით 300 მანეთი. გავემართე ისევ მისკენ, მაგრამ თავისი ოთახიდან გადასულიყო. ახლა იქ პატარა დუქანი მოეთავსებინათ და წინანდელი მობინადრისა არაფერი იცოდნენ. რამდენიმე ბავშვმა იკისრა ფიროსმანიშვილის მოძებნა, გავყევი მათ, შემოვიარეთ დიდუბე.

– დიდი ხანია არ დაგვინახავსო, – გვპასუხობდნენ შეკითხვაზე მედუქნეები და რესტორნის პატრონები. ვერაფერი გვითხრეს სამისამართო მაგიდაშიც. მას შემდეგ ფიროსმანიშვილი სამუდამოდ დაიკარგა.

თავისი წუთისოფელი ნიკომ სადღაც, მიგდებულ სარდაფში დაასრულა 1918 წელს, მაგრამ რა დღეს მოკვდა, რა პირობებში, ვინ დამარხა, ეს გამოურკვეველი დარჩა.

ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, 1949 წ

ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი – Pirosmani. Lado Gudiashvili. 1949 წ

Print Friendly, PDF & Email
წყარო
burusi.wordpress.com
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Check Also

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა