მეცნიერებაევოლუციაუცნაურისურათებიNational Geographicფლორა და ფაუნა

“მოსიარულე” თევზი – ევოლუციის მოდელი მოქმედებაში

არიან თევზები, რომელთათვისაც წყლის გარეშე ყოფნა სულაც არაა დამღუპველი და უფრო მეტიც, მშვენივრად ეგუებიან ასეთ პირობებს. ამის მაგალითია ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მობინადრე ე.წ. “ზღვის მხტუნავი ფინია” (Alticus arnoldorum). მეცნიერებმა შეძლეს და დაკვირვებით შეისწავლეს ხმელეთზე მაცხოვრებელი თევზი, რომელიც მიკრონეზიის ტერიტორიაზე ბინადრობს.

კვლევამ დაადგინა, რომ “მოსიარულე” თევზი არაჩვეულებრივად მარდი და მოძრავია ხმელეთზე, სადაც სოციალურ და ინტიმურ ურთიერთობებს ამყარებს. კვლევას ხელმძღვანელობდა ტერი ორდი, ევოლუციონისტი ეკოლოგი ავსტრალიიდან, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტიდან. ორდმა კოლეგებთან ერთად შენიშნა, რომ ხმელეთის თევზებს შეუძლიათ საკვების მოპოვება, არშიყობა და შეწყვილება ზღვის მიქცევა-მოქცევის დროს სულ რამდენიმე საათში. ეს ხდება მაშინ, როცა წყლის დონე საკმაოდ მაღალია, რათა თევზს კანი სველი ჰქონდეს, მაგრამ ტალღები არაა იმდენად ძლიერი, რომ უკან ზღვაში შეითრიოს.

ზღვის ფინიები სუნთქავენ ლაყუჩებით და ნაწილობრივ კანით. სრულად გაშრობის შემთხვევაში მათ სული ეხუთებათ. “ეს თევზები კარგად ეგუებიან ხმელეთს, რაც მათი ევოლუციური ისტორითაა გამოწვეული.. დღის ბოლოს ისინი ისევ ჩვეულებრივი თევზები არიან, თევზები კი როგორც წესი, წყალში ცხოვრებას უფრო არიან შეგუებულნი, ვიდრე ხმელეთზე.” – შენიშნა ორდმა სამეცნიერო ჟურნალ Ethology-სთან ინტერვიუში.


ზღვის მხტუნავი ფინია სანაპიროზე ერთ-ერთ ქვაზე წვება, სადაც ამ სახეობის წარმომადგენლები, ტერი ორდის მიხედვით, “სრულ კომფორტში არიან”. ორდი და მისი კოლეგები ინდივიდუალური თევზების ქცევებს აკვირდებოდნენ და იწერდნენ, შემდეგ ცდილობდნენ 6 სმ სიგრძის თევზების დაჭერას გასაზომად და სურათების გადასაღებად. თმის სარჭით ან ფანქრით ჯიკების დროს მეცნიერები აიძულებდნენ მათ, პატარა ბადეში ჩამხტარიყვნენ, თუმცა ბადის გარდა ყველგან ხტებოდნენ. ან ბადეში ხტებოდნენ, მაგრამ მალევე ისევ სხვაგან გადაინაცვლებდნენ ხოლმე.


ორდის მიხედვით, ზღვის მხტუნავ ფინიებს აქვთ გულმოდგინედ დამუშავებული სოციალური რიტუალები. მაგალითად, მდედრებიც და მამრებიც მაშინვე წამოშლიან ზურგის წითელ ფარფლებს, როგორც კი დაინახავენ უცხო თევზებს, რომლებიც საფრთხედ აღიქმებიან მათ საკვებ არეალში. “ამ ქმედებას ხშირად თან ახლავს სხეულის ფერის სწრაფი ცვლილება – ბუნდოვანი მომწვანო-მონაცრისფროდან შავამდე”.

მამრები დიდ დროს უთმობენ არშიყობას – ისინი სანაპიროზე, ქვებთან არსებული ხვრელების შესასვლელთან დგებიან და საკმაოდ დიდ დროს ატარებენ თავის ქნევაში. სავარაუდოდ ამ ქცევით მდედრებს იზიდავენ თავისთან და აცდუნებენ, რომ ხვრელში შეიტყუონ. “მდედრები, რომლებიც მამრებს მიჰყვებიან, ათვალიერებენ სოროს და შიგ ქვირითს ყრიან, რომელსაც შემდგომ მამრი ანაყოფიერებს.”


ორდის განცხადებით, ხმელეთზე გამძლე თევზები მხოლოდ მიკრონეზიისთვის დამახასიათებელი უნიკალური მოვლენა არაა. მსგავსი რამ ფიქსირდება ასევე ტაივანზეც, არის ცნობები მსგავსი სახეობების არსებობაზე ფილიპინების წყლებში, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში და ატლანტის ოკეანეში.

აქედან გამომდინარე ისმება კითხვა: თუკი ეს თევზები ხმელეთზე მშვენივრად ძლებენ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ სხვა კუნძულზე მობინადრე ანალოგიური თვისებების მქონე სახეობებს დამოუკიდებლად განუვითარდათ ეს იშვიათი უნარები? თუ ამ სახეობებს ყველას ჰყავდა ერთი საერთო ევოლუციური წინაპარი, რომელმაც თავისი შესაძლებლობები გადასცა ნაშიერებს და რომლის შთამომავლებიც სხვადასხვა რეგიონებში მიმოიფანტნენ?

“ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ მომენტში ვაერთიანებთ გენეტიკური კვლევისა და თევზების ქცევის შესწავლის შედეგებს, რათა კითხვას ახსნა მოვუძებნოთ”.


როგორც ტერი ორდი ამბობს, ზღვის მხტუნავი ფინიების შესწავლა ორი მიზეზითაა სასარგებლო და საინტერესო. პირველი მიზეზი ისაა, რომ არც ისე ბევრია ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა შორეულ წარსულში (დევონის პერიოდში 416 მილიონი წლის წინ) თევზის ტრანსფორმაცია ამფიბიად – რა ეტაპების გავლა იყო საჭირო ამისთვის. წყნარი ოკეანის მხტუნავი ფინია იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, შესწავლილ იქნას თანამედროვე თევზი, რომელსაც იგივე გარდამავალი პერიოდი აქვს.

გარდა ამისა, ეს სახეობა იდეალური მოდელია ბუნებრივი სელექციის შესასწავლად. ასევე იმ ადაპტაციების გამოსაკვლევად, რომელიც სახეობის ახალ საცხოვრებელ გარემოში გადასვლას ან არსებული გარემოს შეცვლას ახლავს თან. “ამ თევზებმა გადაინაცვლეს წყლის გარემოდან, რომელსაც კარგად იყვნენ შეგუებულნი, სხვა გარემოში, რომელიც სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა – ხმელეთის გარემოში. ხმელეთზე მცხოვრები ამ თევზის შესწავლით ჩვენ ერთდროულად გამოვიკვლევთ ევოლუციასა და ბუნებრივ სელექციას.”

Print Friendly, PDF & Email
წყარო
https://charlius.com
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა