ართურ კონან დოილიდეტექტივიმოთხრობა

ცისფერი კარაბუნკური

ქრისტეშობის მეორე დღეს, დღესასწაულის მისალოცად ჩემი მეგობარი – შერლოკ ჰოლმსი მოვინახულე. მას მეწამული ფერის ხალათი ეცვა და დივანზე წამოწოლილიყო. ხელმარჯვნივ მისაწვდომზე ჩიბუხები ეწყო, ხელმარცხნივ კი დაჭმუჭნილი, დილის გაზეთების ზვინი იდგა. ეტყობოდა, გაზეთები ის-ის იყო, გადაეკითხა. ტახტთან შევნიშნე ზურგიანი ხის სკამი, რომელზეც ძალზე გაცრეცილი და ხმარებისაგან ალაგ-ალაგ დაჭმული ქუდი ეკიდა. სკამზე დაგდებული ქუდი, ოპტიკური მინა და ქირურგიული სატაცი იმწამსვე მიგახვედრებდათ, რომ შერლოკ ჰოლმსს ქუდი დაკვირვებით დაეთვალიერებინა, კარგად გაესინჯა და გულდასმით შეემოწმებინა.

– ალბათ დაკავებული ხართ და ხელი შეგიშალეთ, არა? -ვუთხარი მე.

– სრულიადაც არა. პირიქით, მოხარული ვარ, რომ ამ წამს ჩემს გვერდით იქნებით და შესაძლებლობა მექნება, ჩემი დასკვნები გაგიზიაროთ. ამბავი როგორღაც გაცვეთილი ჩანს (და ცერით ქუდზე მანიშნა), მაგრამ ამ საქმესთან, მე მგონი, ძალიან საინტერესო და ჭკუისსასწავლი თავგადასავალი უნდა იყოს დაკავშირებული.

მე სავარძელში ჩავჯექი და ხელები ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს მივუფიცხე. გარეთ ისე საშინლად ყინავდა, რომ სარკმლის მინები ჭირხლს ერთიანად მოეხატა და კარგა გვარიანადაც გაესქელებინა.

– ჩემი აზრით, – წამოვიწყე მე, – ამ ერთის შეხედვით უბრალო ქუდთან, რაღაც უბედური ამბავი უნდა იყოს დაკავშირებული. ალბათ ეს ქუდი იქნება თქვენთვის იდუმალებით მოცული საქმის გასაღები და დამნაშავეც დაისჯება.

– არა, არა. არავითარი დანაშაული, – თქვა შერლოკ ჰოლმსმა სიცილით. – ეს მხოლოდ ერთი პატარა, უცნაური შემთხვევაა, რომელიც ყოველთვის მოხდება იქ, სადაც ოთხი მილიონი ადამიანი ძალიან პატარა სივრცეზე სახლობს და ერთმანეთში ირევა. ამ აუარება ხალხის ყოველ მოქმედებასა და უკუმოქმედებას თან ჯაჭვივით გადაბმულ ათასგვარ შემთხვევათა კომბინაცია ახლავს. ხშირად ბევრი პატარა ამბავი, ერთის შეხედვით, ძალიან უცნაური და საკვირველია, მაგრამ დანაშაულის ნიშნებს სრულიად არ შეიცავს. მე მქონდა ბევრი ასეთი შემთხვევა.

– სწორედ აგრეა, – ჩავურთე მე, – ექვსი შემთხვევიდან, რომელიც ჩემი შენიშვნების წიგნში შევიტანე, სამი არავითარ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

– მართალია. თქვენ აირენ ადლერის, მის მერი საუთერლენდის და ტუჩგახეთქილი კაცის თავგადასავლის საქმეებზე გადამიკარით ხომ სიტყვა? ძალიან კარგი. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პატარა ამბავიც, ამნაირ უცოდველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. თქვენ ხომ იცნობთ პეტერსონს, შიკრიკი რომაა?

– დიახ.

– ეს ნადავლი იმას ეკუთვნის.

– პეტერსონის ქუდია?

– არა, არა, პეტერსონმა იპოვა. პატრონი ვინაა, უცნობია. მე გთხოვთ, ქუდი ისე დაათვალიეროთ, როგორც ძნელად ამოსახსნელ ამოცანას შეჰფერის და არა, როგორც რაიმე ძველმანი საგანი. პირველ ყოვლისა იმას გიამბობთ, ეგ ქუდი აქ როგორ მოხვდა. პირველად იგი ვნახე ქრისტეშობის დილას, ერთ მსუქან ბატთან ერთად, რომელსაც ახლა ალბათ პეტერსონი ცეცხლზე ატრიალებს. აი, ამ ამბის ისტორია: შობა დილით, დაახლოებით ოთხ საათზე, პეტერსონი, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, ძალიან პატიოსანი კაცია, ოდნავ შექეიფიანებული ტოტენჰემ კორტის გზით შინ ბრუნდებოდა. გაზის ფარნის შუქზე მან შენიშნა, რომ ვიღაც აყლაყუდას, თეთრი ბატი მხარზე გადაეკიდებინა და მის წინ ოდნავი ბარბაცით მიდიოდა. გუჯის ქუჩის კუთხეს რომ მიაღწია, ვიღაც ავარებმა უცნობს გაპამპულება მოუნდომეს. ერთმა მათგანმა ქუდი მოხადა და გადაუგდო. უცნობმა თავდასაცავად ჯოხი დაატრიალა, მაგრამ უცაბედად მაღაზიის ვიტრინას მოახვედრა და შუშა ერთიანად ჩალეწა. პეტერსონი უეცრად გამოვარდა წინ, რომ უცნობს გამოსარჩლებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი შუშის ჩამსხვრევამ და ფორმაში გამოწყობილი კაცის დანახვამ ისე შეაშინა, რომ ბატი ხელიდან გააგდო, უკან მოუხედავად მოჰკურცხლა და ტოტენჰემ კორტ-როულის უკან მდებარე ქუჩის ლაბირინთებში გაუჩინარდა. პეტერსონის გამოჩენაზე ავარებიც აქეთ-იქით მიიმალნენ. ბრძოლის ველის ბატონ-პატრონი პეტერსონი შეიქმნა და გამარჯვების ნაყოფი: – გაცვეთილი ქუდი და შესანიშნავი მსუქანი ბატიც, მანვე მოიმკო.

– რომელიც მან პატრონს უკანვე დაუბრუნა, არა?

– სწორედ მანდაა ძაღლის თავი დამარხული. მართალია, ბატის მარცხენა ფეხზე ჩამოკიდებულ ქაღალდს, მისის ჰენრი ბეიკერი აწერია, ისიც სწორია, რომ ინიციალები ჰ.ბ. ქუდის ცაზე შიგნიდანაა აღნიშნული, მაგრამ ვინაიდან ქალაქში ათასობით ბეიკერი ცხოვრობს და ასობით მათგანს სახელად მონრო ჰქვია, ძნელია მათში ბატის ნამდვილი პატრონი აღმოაჩინო და დაკარგული ქონება დაუბრუნო.

– მაშ, როგორ მოიქცა პეტერსონი?

– რაკი იცოდა, რომ გამოსაკვლევი საქმის ყველა წვრილმანი მაინტერესებს ხოლმე, პეტერსონმა ბატიცა და ქუდიც ქრისტეშობის დღეს, სისხამ დილით, ჩემთან მოარბენინა. ბატი დღევანდლამდე ჩემთან იყო. დღეს დილით კი, ყინვების მიუხედავად, გადავწყვიტე, რომ მისი ხორცით ყელის ჩაკოკლოზინება უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა და პეტერსონს დავუბრუნე. იმ ბატს ალბათ ეწერა, რომ პატრონის ნაცვლად ბოლოს პეტერსონი მოუღებდა. მე კი იმ უცნობი ჯენტლმენის ქუდი შემომრჩა, ვინც ქრისტეშობის დღის სადილი დაკარგა.

– დამკარგავს გაზეთში განცხადება ხომ არ მოუთავსებია?

– არა.

– აბა, რა გზითა და გასაღებით უნდა მიაკვლიოთ ბატის ყოფილ პატრონს?

– მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ გონება ავამუშაოთ, ვიფიქროთ და ჩვენი მიხვედრილობის წყალობით ვაკეთოთ დასკვნები.

– და ყველა მიხვედრისა და დასკვნის ამოსავალი წერტილი ეს ქუდი იქნება?

– რა თქმა უნდა.

– თქვენ ხუმრობთ, ჰოლმს. აბა ამ ჭუჭყიანი, გაცრეცილი და ძველი ქუდიდან რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

– აი, აქ არის ლინზა, კარგად დაათვალიერეთ ქუდი და ჩემი მეთოდის გამოყენებით თამამად გამოთქვით თქვენი აზრი, იმ ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ვისაც ეს ქუდი ეკუთვნის.

დაგლეჯილ-დაფლეთილ ქუდს ხელი დავავლე და სასოწარკვეთილმა დიდხანს ვუკირკიტე. იგი სავსებით ჩვეულებრივი, მრგვალი, ხეშეში და ხმარებისაგან ლაზათდაკარგული რამ გახლდათ. ქუდის ოდესღაც წითელი აბრეშუმის სარჩული გაცრეცილი და ფერგადასული გამოიყურებოდა. რომელი სახელოსნოს ნაწარმი იყო, იარლიყზე აღარ ეტყობოდა, თუმცა, როგორც ჰოლმსმა შენიშნა, ჰ. ბ. ინიციალები ერთ კუნჭულში ვიღაცას აჩხაბაჩხად მიეჩხაპნა. ქუდის კიდეში საწმენდი რეზინის ნასვრეტი აღმოვაჩინე, მაგრამ რეზინი შიგ აღარ იდო. ერთი სიტყვით, ქუდი ლაზათდაკარგული, ჭუჭყიანი და დალაქავებული იყო. დაკვირვებისას შეიმჩნეოდა, რომ ამ ლაქების დასაფარავად პატრონს მელანი ეხმარა.

ვერაფერი შევნიშნე-მეთქი, წარმოვთქვი უხერხულად და ქუდი ჰოლმსს დავუბრუნე.

– პირიქით, უოტსონ თქვენ ყველაფერს ამჩნევთ, მაგრამ აზრის ხმამაღლა გამოთქმისა გეშინიათ. თქვენი დასკვნების გამოტანისას სიმხდალეს იჩენთ და მეტი არაფერი.

– მაშინ თქვენ თქვით, რა დასკვნების გაკეთება შეგიძლიათ.

ჰოლმსმა ქუდს წამოავლო ხელი და დამახასიათებელი გულისყურითა და დაკვირვებით დააცქერდა. – ბევრი რამ, – წამოიწყო ჩემმა მეგობარმა, – აქ სავარაუდებელი უფროა, ვიდრე გარკვეული. ერთი სიტყვით, ძალიან ცოტა რამაა ცხადი და უფრო მეტი რამ საეგებიო და საგულისხმო. ის ამბავი, რომ ქუდის პატრონი მაღალნიჭიერი კაცია, აშკარაა. ისიც ცხადია, რომ სამი წლის წინათ ხელგაშლილად უცხოვრია, მაგრამ, ამჟამად შავი დღე დასდგომია და გასაჭირში ჩავარდნილა. – ეტყობა, საგნებს, მოვლენებს და მომავალს წინასწარ ჭვრეტდა და წინდახედულებაც არ აკლდა, მაგრამ ეს უწინ ყოფილა. აშკარაა, მერე რაღაც ავი ზნე შეეყარა, რამაც მისი ბედი ჩარხუკუღმა დაატრიალა – ალბათ გალოთდა და ამიტომ ნივთიერადაც დაქვეითდა. ისიც ნათელია, რომ მასზე ცოლსაც აუყრია გული.

– ძვირფასო ჰოლმს!.. – ჩავურთე მე, მაგრამ ჩემმა მეგობარმა სულმოთქმელად განაგრძო. – საკუთარი ღირსების გრძნობა, ასე თუ ისე, მაინც შეუნარჩუნებია. თანაც ეტყობა, ისეთ საქმიანობას ეწევა, რომ დიდხანს ჯდომა უხდება. სახლიდან იშვიათად გამოდის, საშუალო ხნისაა, სხეულის წვრთნას არ დაგიდევთ, ჭაღარით მოსილია და ამ ცოტა ხნის წინათ თმა შეუკრეჭინებია. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ სახლში გაზის განათება არა აქვს.

– თქვენ ნამდვილად ხუმრობთ, ჰოლმს.

– არავითარ შემთხვევაში. ნუთუ, როცა ჩემი დაკვირვების შედეგად მიღწეული შედეგები ასე დაწვრილებით გაგაცანით, ახლაც ვერ ხვდებით, როგორ მივაღწიე მათ ამოხსნას?

– შტერი და მიუხვედრელი რომ ვარ, კარგად ვიცი. მაგრამ მაინც უნდა ვაღიარო, რომ თქვენს აზრთა დინებას ვერ მივყვები ხოლმე. აბა, საიდან აიღეთ, რომ ის კაცი მაღალი ნიჭიერებით გამოირჩევა? – პასუხის მაგიერ ჰოლმსმა ქუდი საკუთარ თავზე დაიხურა, რომელმაც შუბლი დაუფარა და ცხვირის კეხამდე უწია. – აქ კუბიკური ტევადობის საკითხია, – თქვა მან, – ასეთი დიდი მოცულობის თავი ცარიელი ხომ არ იქნება!

– ის საიდანღა მოიტანეთ, ახლა შავ დღეში ჩავარდნილაო?

– ეს ქუდი სამი წლისა გახლავთ. ბრტყელი და ბოლოში აპრეხილკიდეებიანი, ასეთი ქუდი მაშინ იყო მოდაში, თანაც უმაღლესი ხარისხისაა. აბა, ლენტსა და აბრეშუმის სარჩულს დააკვირდით. თუკი ადამიანმა ამ სამი წლის წინათ ასეთი ძვირფასი ქუდი შეიძინა და მას მერე ვეღარ გამოიცვალა, ცხადია, საქმეები კარგად არ უნდა მიუდიოდეს.

– ის, რაც განმარტეთ, ნათელია, მაგრამ წინასწარ ჭვრეტასა და წინდახედულებას როგორ ახსნით, ან რაღაც ავი ზნე შეჰყრიაო, რომ სთქვით, საიდან მოიტანეთ?

ჰოლმსმა გაიცინა. – წინასწარჭვრეტასა და წინასწარდახედულებას როგორ ახსნითო, მეკითხებით, არა? ახლავე გიჩვენებთ, – თქვა და ყბის ქვეშ ამოსადებ პატარა რეზინისათვის განკუთვნილ ნაჩვრეტს თითი დაადო. ხომ მოგეხსენებათ, რომ რეზინი ქუდთან ერთად არ იყიდება. თუ ქუდის პატრონმა რეზინი ქუდის დასამაგრებლად შეიძინა, რომ ქარიან ამინდში უშიშრად ევლო – აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა გამომდინარეობს, რომ იგი წინდახედული და შორსმჭვრეტელი ადამიანი ყოფილა. მაგრამ, როგორც ხედავთ, რეზინს ელასტიურობა დაუკარგავს და პატრონს მის შეცვლაზე აღარ უზრუნია. აქედან ცხადია, რომ ქუდის პატრონი ამჟამად თავის თავს ნაკლებ ყურადღებას აქცევს და დაუდევარი ადამიანი გამხდარა. მეორეს მხრივ მას გულმოდგინედ უცდია ქუდზე არსებული ლაქები მელნით დაეფარა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქუდის პატრონს საკუთარი ღირსების გრძნობა ჯერ კიდევ შერჩენია.

– თქვენი მოსაზრებანი დამაჯერებლად ჟღერს, – ვუთხარი მე.

– მაშ, მომდევნო ამბები, რომ ქუდის პატრონი საშუალო ხნისაა, ჭაღარა შეღებილი თმა აქვს, რომელიც ამას წინათ შეიკრიჭა, ქუდის სარჩულის გულმოდგინე დათვალიერებით დავადგინე. გამადიდებელ შუშაში მშვენივრად მოჩანს შეკრეჭილი პატარ-პატარა თმა, რომლებსაც საღებავის სურნელი და წებოვნება კიდევ შერჩენიათ. ქუდი ქუჩის რუხი ქვიშანარევი მტვერით კი არაა დაფარული, არამედ სახლის მტვრის რაღაც ღინღლოვანი, ბუსუსიანი, ყავისფერი ნავლი და ბუქი აყრია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქუდი უმეტეს წილად სახლში ეკიდა, ხოლო ქუდის შიგნითა მხარის დანოტიება იმით უნდა აიხსნას, რომ მისი პატრონი მოძრაობას გადაეჩვია და სიარულისას მალე ოფლიანდება ხოლმე.

– მაგრამ, ცოლზე რომ თქვით, ეტყობა, ქმრისადმი ძველებურ მზრუნველობას ვეღარ იჩენს და გაგულგრილებულაო?

– ქუდი უკვე რამდენიმე კვირაა, აღარავის გაუწმენდია, უოტსონ! ჩემო ძვირფასო მეგობარო, თუ შევნიშნე, რომ თქვენს ქუდს ერთი კვირის მტვერი ზედ ადევს, აუცილებლად ვიფიქრებ, რომ ცოლმა თქვენზე გული აიყარა.

– იქნებ ამ ქუდის პატრონი უცოლოა?

– არა, ჩემო ტკბილო მეგობარო, ბატი შინ სწორედ ცოლის გასახარებლად მიჰყავდა. გახსოვთ ის ბარათი, ბატს ფეხზე რომ ება?

– თქვენ პასუხი ყველაფრისათვის მომზადებული გაქვთ, მაგრამ ის საიდანღა დაასკვენით, ქუდის პატრონს შინ გაზის განათება არა აქვსო?

– სანთლის ცხიმის ერთი ლაქა შეიძლება შემთხვევით იყოს, მაგრამ თუ ქუდზე ერთი ხუთი მაინც აღმოაჩინე, აქედან იმ დასკვნას გავაკეთებ, რომ მისი პატრონი ქონის სანთლით სარგებლობს. ალბათ ღამღამობით, მაღლა სართულზე ასვლისას, ცალ ხელში ქუდი უჭირავს ხოლმე, ხოლო მეორეში სანთელი. როგორც არ უნდა იყოს, ქუდს გაზისაგან ცხიმოვანი ლაქები არ გაუჩნდებოდა. კმაყოფილი ხართ თუ არა ჩემი პასუხით?

– პასუხები ძალიან მარჯვე და საზრიანია, – ვუთხარი მე სიცილით, – მაგრამ რაც თქვენ სთქვით, იმაში დანაშაულის კვალი არ მოჩანს, ბატის დაკარგვით ზარალი პატრონს გარდა არავის უნახავს და თქვენც ცუდ-უბრალოდ გაისარჯეთ.

შერლოკ ჰოლმსმა პირი გააღო, რომ ჩემთვის პასუხი გაეცა, მაგრამ სწორედ იმ წამს ოთახში აღელვებული და ლოყებღაჟღაჟებული შიკრიკი პეტერსონი შემოვარდა.

– ბატი, მისტერ ჰოლმს! ბატი, სერ! – ძლივს ამოთქვა მან.

– რა იყო, პეტერსონ? რა ნახეთ ასეთი გასაოცარი? ნუთუ ბატი გაცოცხლდა და სამზარეულოს ფანჯრიდან გაგიფრინდათ?

ტახტზე მჯდომი ჰოლმსი შემოტრიალდა, რომ აღელვებული შიკრიკი უფრო კარგად შეეთვალიერებინა.

– აბა შეხედეთ, სერ! შეხედეთ ერთი, ჩემმა ცოლმა ბატის ჩინჩახვში რა აღმოაჩინა! – მან წინ წამოსწია ხელი, რომლის შუაგულზე ჩვენ ლურჯად მოელვარე, ლობიოს მარცვლისოდენა ქვა შევნიშნეთ. ქვა პეტერსონის ჩაშავებულ ხელში ელექტრონის სხივივით ციმციმებდა და ბზინავდა.

შერლოკ ჰოლმსმა გაოცებისაგან დაუსტვინა. – ეშმაკმა დალახვროს ყოველი ცუდი საქმე, პეტერსონ! – წამოიწყო მან, – თქვენ ჭეშმარიტი განძი გიპოვიათ, იცით, რაც იპოვეთ, არა?

– ალმასი, სერ! ძვირფასი ქვა! შუშას ყველივით ჭრის.

– ეს მარტო ძვირფასი ქვა კი არაა, სწორედ ის ძვირფასი ქვაა.

– ნუთუ გრაფის მეუღლე მორკარის ცისფერი კარბუნკულია, – წამოვიძახე მე.

– სწორედ ისაა. ამ ძვირფას ქვაზე უკვე ყოველივე ვიცი, ვინაიდან “ტაიმსის” განცხადებებს ყოველდღიურად ვკითხულობ. ეს ალმასის ძვირფასი ქვა აბსოლუტურად უნიკალურია და ის ათასი გირვანქა, რასაც მის მპოვნელს განცხადებებში ჰპირდებიან, მისი ნამდვილი ფასის მეოცედ ნაწილსაც არ შეადგენს.

– ათასი გირვანქა! გმადლობთ, მაღალო ღმერთო! – ესა თქვა შიკრიკმა, სავარძელში ჩაეშვა და ხან ერთს და ხან მეორეს გვაშტერდებოდა.

– მართალია, საჩუქრად ათასი გირვანქაა გამოცხადებული, მაგრამ მე ვიცი, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, გრაფის მეუღლე ამ ცისფერი კარბუნკულისათვის თავისი ქონების ნახევარსაც არ დაიშურებს, – მშვიდად თქვა ჰოლმსმა.

– როგორც მახსოვს, კარბუნკული სასტუმრო “კოსმოპოლიტენში” დაიკარგა, – ჩავურთე მე.

– სწორედ აგრეა, – წამოიწყო ჰოლმსმა, – ეს მოხდა ოცდაორ დეკემბერს. ამ ხუთი დღის წინათ გრაფის მეუღლის ძვირფასეულობის ყუთის გახსნა და ცისფერი კარბუნკულის მოპარვა წყალსადენის მრჩილავ ოსტატს, ჯონ ჰორნერს დაბრალდა. ჰორნერის წინააღმდეგ ისეთმა ძლიერმა მამხილებელმა საბუთებმა მოიყარა თავი, რომ იგი სამართალში მისცეს. როგორც მახსოვს, ამ საქმის თაობაზე გაზეთში გამოქვეყნებული ცნობა ხელთ უნდა მქონდეს. – ჰოლმსი თარიღის მიხედვით შეუდგა საჭირო გაზეთის ძებნას, და მანამდე ქექავდა “ტაიმსის” გროვას, ვიდრე ის ნომერი არ იპოვნა, რომელსაც ეძებდა. მერე გაზეთი შუაზე გაკეცა და ხმამაღლა კითხვას მოჰყვა: – “ძვირფასი ქვის მოპარვა სასტუმრო “კოსმოპოლიტენში” – ჯონ ჰორნერს, ოცდაექვსი წლისას, ხელობით წყალსადენის მრჩილავ ოსტატს, ბრალი ედება მასში, რომ ა.წ. 22 რიცხვში გრაფი მორკარის მეუღლის ძვირფასეულობის ყუთიდან მოიპარა ცისფერ კარბუნკულად წოდებული ალმასის ქვა. ჰოტელის უფროსმა მსახურმა, ჯეიმს რაიდერმა ძიებას უჩვენა, რომ მან ჰორნერი ნახა გრაფი მორკარის მეუღლის საწოლ ოთახში გაძარცვის დღეს, სადაც ის ბუხრის მოაჯირს რჩილავდა. რაიდერმა განაცხადა, რომ იგი ჰორნერთან ერთად ცოტა ხანს იყო ოთახში, მაგრამ შემდეგ გამოუძახეს. დაბრუნებისას შენიშნა, რომ ჰორნერი არსად ჩანდა, მაგიდის უჯრა ძალით გაეღოთ, და ტარსიკონის ყუთი, რომელშიაც, როგორც შემდეგში გამოირკვა, გრაფის მეუღლე ძვირფასეულობას ინახავდა, ცარიელი ეგდო ტუალეტის მაგიდაზე. რაიდერმა იმწამსვე ატეხა განგაში და ჰორნერი იმ საღამოსვე დააპატიმრეს. მაგრამ ალმასის ქვა ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვეღარსად იპოვეს. გრაფის მეუღლის მოახლე გოგომ – კატერინა კიუზაკმა ძიებას უჩვენა, რომ როგორც კი რაიდერის ყვირილს მოჰკრა ყური, ოთახში შევარდა და შენიშნა, რომ ძვირფასი ქვა გამქრალიყო, “-№” ქვედანაყოფის პოლიციის ინსპექტორმა ბრედსტრიტმა ჰორნერის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ეს უკანასკნელი ხელისუფლების წარმომადგენლებს უძალიანდებოდა და თავის უდანაშაულობის დამტკიცებას უშვერი სიტყვების მოშველიებით ცდილობდა. ვინაიდან ჰორნერი ქურდობისათვის წინათაც ყოფილა პასუხისგებაში, მოსამართლემ უარი თქვა მისი ბრალდების საქმის განხილვაზე და საქმე გასარჩევად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადასცა. სასამართლო საქმის წარმოების დროს ჰორნერი ამჟღავნებდა ძლიერ სულიერ აღელვებას, რაც იმით დამთავრდა, რომ საბოლოოდ გული შეუწუხდა და გარეთ სულთმობრძავი გაიტანეს”.

– ჰმ! აი, ყველაფერი, რაც პოლიციის განცხადებაში წერია, – ჩაფიქრებით თქვა ჰოლმსმა და გაზეთი განზე გადადო.

– საკითხავი ახლა ის არის, ეს ძვირფასი ქვა გრაფის მეუღლის ტარსიკონის ყუთიდან როგორ მოხვდა ბატის ჩინჩახვში. ხედავთ, უოტსონ, ჩვენი მოსაზრებანი არც ისე უცოდველი ყოფილა და არცთუ ცუდუბრალოდ გავრჯილვართ. აი, აქ არის ეს ძვირფასი კარბუნკული, რომელიც ჩვენთან ბატის ჩინჩახვიდან მოხვდა, ბატი კი ჰენრი ბეიკერს ეკუთვნის. ეს ის ბეიკერია, ვისი ძველი ქუდისა და ხასიათის ზოგიერთი თავისებურების აღწერითაც თავი შეგაწყინეთ. ახლა კი ჩვენ სერიოზულად უნდა განვსაჯოთ, როგორ მოვძებნოთ ეს ჯენტლმენი და გავარკვიოთ, რა მონაწილეობა მიიღო მან ამ საიდუმლოებით მოცულ ამბავში. მისი მოძებნა რომ შევძლოთ, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე უბრალო მეთოდს უნდა მივმართოთ – ჩემის აზრით, ყველა საღამოს გაზეთში უნდა გამოვაქვეყნოთ განცხადებები. თუ ამ ხერხით საწადელს ვერ ვეწიეთ, მაშინ სულ სხვა გზას დავადგები.

– რა უნდა გამოვაცხადოთ გაზეთში?

– მომეცით ფანქარი, ქაღალდი და ახლავე დავწერ: “გუჯსტრიტის კუთხეში ნაპოვნია ბატი და ძველი შავი ქუდი. მისტერ ჰენრი ბეიკერს, თუ მოგვმართავს, შეუძლია დღესვე დაიბრუნოს დანაკარგი ბეიკერსტრიტზე ექვსის ნახევრიდან”. ყველაფერი ძალიან მოკლედ და გასაგებადაა ნათქვამი.

– მართლაც, მაგრამ წაიკითხავს კი განცხადებას?

– აუცილებლად წაიკითხავს. მას ახლა სწორედ განცხადებებზე უჭირავს თვალი, ვინაიდან ასეთი გაღარიბებული ადამიანისათვის ბატის დაკარგვა არცთუ ისეთი იოლი საქმეა. ის უბედური მინის ჩამსხვრევამ და მისკენ სირბილით მავალი პეტერსონის დანახვამ ალბათ ისე დააბნია, რომ გაქცევის გარდა ყველაფერი გადაავიწყდა. მაგრამ მალე მწარედ ინანებდა შიშის ზარისაგან ნაკარნახევ საქციელს, რამაც ბატი დააკარგვინა. თუ თვითონ რა, ვინმე მისი ნაცნობი მაინც წაიკითხავს გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებას, ვინაიდან ჩვენ მის სახელსა და გვარს ვუთითებთ. აბა, პეტერსონ! ახლავე გაეშურეთ განცხადებების გამომაქვეყნებელ ბიუროში და ეცადეთ, რომ დღეს საღამოს გაზეთებში ჩვენს მიერ შედგენილი ტექსტი აუცილებლად მოათავსონ.

– რომელ საღამოს გაზეთებში, სერ?

– ოჰ, ვითომ არ იცით, “გლობუსში”, “სტარში”, “პედ მელში”, “სენტ ჯეიმს გაზეთში”, “ივნინგ ნიუსში”, “სტანდარტში”, “ექოში” და ერთი სიტყვით, ყველა გაზეთში, რომელიც მოგაგონდებათ.

– ძალიან კარგი, სერ. და ამ ძვირფას კარბუნკულს რა ვუყოთ?

– აჰ, დიახ, ამ ძვირფას კარბუნკულს თვითონ შევინახავ. გმადლობთ. აი, კიდევ რა უნდა გითხრათ, პეტერსონ. უკან რომ დაბრუნდებით, ბატი იყიდეთ და ჩვენთან მოიტანეთ. ეს იმ ბატის სანაცვლო იქნება, ახლა რომ თქვენიანები შეექცევიან.

შიკრიკი რომ გავიდა, ჰოლმსმა ალმასი აიღო, სინათლესთან მიიტანა დ სინჯვა დაუწყო. – ძალიან ლამაზი რამაა, – წამოიწყო საუბარი ჩემმა მეგობარმა, – აბა, შეხედეთ როგორ ბრწყინავს და ელვარებს. როგორც ყველა ძვირფასი ნივთი, რაღა თქმა უნდა, რომ ასეთი ქვა დანაშაულობას გაამრავლებს. ეს ეშმას დაგებულ მახეს მიაგავს. ყველა დიდი და ძვირფასი ქვის უმცირეს ნაწილაკთან რაიმე სისხლიანი ამბავია დაკავშირებული. ამ ქვას ოცი წლის ისტორიაც არა აქვს. იგი სამხრეთ ჩინეთის მდინარე ამოის ნაპირის მკვიდრია და იმითაა შესანიშნავი, რომ კარბუნკულის ყველა თვისების გარდა ლურჯი ფერისაა და თავის წითელ თანამოძმეთაგან სწორედ ამით გამოირჩევა. მართალია, წელთა სიმრავლით დამძიმებული არაა, მაგრამ ავი და ბოროტი საქმეებით უკვე საკმაოდ იჩინა თავი. ორი მკვლელობა, ქერძაფის შესხმა, თვითმკვლელობა, რამდენიმე ძარცვა, აი, რა ბნელი საქმეებია დაკავშირებული ამ ნახევრად გამჭვირვალე ქვასთან, რომლის წონა სულ რაღაც ორმოცი გრამია. ვინ იფიქრებს, რომ ასეთი ძვირფასი სამშვენისი ადამიანებს ციხისა და სახრჩობელისაკენ უბიძგებს? ახლა კი კარბუნკულს ჩემს სეიფში ჩავკეტავ და გრაფის მეუღლეს შევატყობინებ, რომ ძვირფასი ქვა ჩვენთან ინახება.

– თქვენი აზრით, ჰორნერი არაა დამნაშავე?

– ვერ გეტყვით.

– ჰენრი ბეიკერი ხომ არაა იმ ბნელ საქმეში ჩათრეული?

– მე მგონი, იგი ნამდვილად უცოდველი გვრიტივით გამოიყურება. ასე ვფიქრობ, მას წარმოდგენაც არა ჰქონდა, რომ ბატი, რომელიც სახლში მიჰყავდა, მთლიანად ოქროდ რომ ქცეულიყო, სინამდვილეში იმაზე მეტად ფასობდა. ამას სწრაფად დავადგენ, თუ ჰენრი ბეიკერი გამოჩნდა.

– მანამდე არავითარი ზომების მიღება არ შეიძლება?

– არა.

– მაშინ ჩემს საქმეებს მივხედავ და საღამოს დათქმულ საათზე აქ გავჩნდები, რადგან ამბავი ძალიან დახლართულად და აწეწილ-დაწეწილად გამოიყურება.

– ძალიან მოხარული ვიქნები, თუ შემოივლით. მე ჩვეულებრივ შვიდ საათზე ვსადილობ. როგორც ვიცი, დღეს სადილად გარეული ქათამი უნდა გვქონდეს. თუ მომხდარ ამბებს მივიღებთ მხედველობაში, მისის ჰადსონს უნდა ვთხოვო, ჩინჩახვი კარგად გაუსინჯოს.

რაღაც გადაუდებელმა ამბავმა შემაგვიანა და უკვე შვიდის ნახევარს გადაცილებული იქნებოდა, ბეიკერსტრიტზე რომ გავჩნდი. სახლს რომ მივუახლოვდი, იქ შოტლანდიურქუდიანი ვიღაც ახმახი კაცი შევნიშნე, რომელსაც ნიკაპამდე შებნეული სერთუკი ეცვა. ეტყობა, ზარი უკვე დარეკილი ჰქონდა, მაგრამ კარი ჯერ არ გაეღოთ. ჩემი კართან მისვლა და მისი გაღება ერთსა და იმავე დროს მოხდა და ჩვენ ორივენი ჰოლმსის ოთახში ერთდროულად აღმოვჩნდით.

– თქვენ მისტერ ჰენრი უნდა იყოთ, – წარმოთქვა ჰოლმსმა, სავარძლიდან წამოიწია და სტუმარს იმ ძალდაუტანებელი თავისუფალი უშუალობით შეეგება, რომელიც ჰოლმსისათვის აგრერიგად იყო დამახასიათებელი. – ცეცხლთან ახლოს რომ სავარძელია, იმაში ჩაბრძანდით, მისტერ ბეიკერ. ცივი საღამოა და მე მგონია, თქვენ სიცხეს უფრო უნდა ეგუებოდეთ, ვიდრე სიცივეს. ოჰ, უოტსონ, სწორედ რომ დროულად მოხვედით. ეს თქვენი ქუდია, არა, მისტერ ბეიკერ?

– დიახ, სერ, რა თქმა უნდა, ჩემი ქუდია.

მისტერ ბეიკერი ზორზოხი კაცი გახლდათ, მხრებჩამრგვალებული და დიდთავა. ფართო, ინტელიგენტური სახე ჰქონდა, რომელსაც ყავისფერი, გაჭაღარავებული წვერი უმშვენებდა. ღაწვის თავებსა და ცხვირზე მოდებული ფორეჯი, და ოდნავ აკანკალებული მარჯვენა აშკარად მიგახვედრებდათ, რომ ჰოლმსის ვარაუდი მართალი გახლდათ, და იგი მსმელი კაცი უნდა ყოფილიყო. შავი, მოძველებული, საყელოგამოცვლილი სერთუკი ნიკაპამდე შეებნია. სახელოებიდან გამხდარი, დამჭლევებული მაჯები გამოეჩარა და არა თუ გახამებული მანჟეტები, შიგნით პერანგიც არ უნდა სცმოდა. ლაპარაკობდა დაბალი, ყრუ ხმით, სიტყვებს დიდი სიფრთხილით არჩევდა და განათლებული კაცის შთაბეჭდილებას სტოვებდა. ყველაფერზე აშკრად ეტყობოდა, რომ ცხოვრებას ბეიკერისათვის თავისი ულმობელი კლანჭი გაეკრა და ცუდ დღეში ჩაეგდო.

– ჩვენ რამდენიმე დღე დავიტოვეთ თქვენი ქუდი და ბატი, – წამოიწყო ჰოლმსმა, – ვიმედოვნებდით რა, რომ თქვენ განცხადებას გამოაქვეყნებდით გაზეთში და თქვენს მისამართს იქიდან შევიტყობდით. ახლაც ვერ ამიხსნია, რატომ არ გამოაცხადეთ გაზეთში და დანაკარგის უკან დაბრუნებას არ ეცადეთ?

ჩვენმა სტუმარმა მორცხვად ჩაიცინა. და პასუხად ესღა ამოღერღა: – ფული ისე ჩეჩქივით როდიღა მაქვს, როგორც ეს ერთ დროს გამაჩნდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ თავდამსხმელებმა ფრინველიცა და ქუდიც გაიტაცეს. აბა, ამის მერე რაღა აზრი ჰქონდა იმას, რომ ერთი-ორი შილინგიც დანაკარგისათვის ზედ მიმეყოლებინა?

– ძალზე ბუნებრივი ახსნაა, მაგრამ იმაზე რას იტყვით, ბატი რომ მაინც დაკარგეთ.

– როგორ თუ დავკარგე? – უეცრად ფეხზე წამოიჭრა გაფიცხებული ბეიკერი.

– ისე, უბრალოდ, მოვხარშეთ და შევექეცით.

– თქვენ შეექეცით?

– ასე რომ არ მოვქცეულიყავით, სულ ერთია მაინც გაფუჭდებოდა, – განაგრძო ჰოლმსმა, – მე მგონია, აი, ბუფეტზე რომ ბატია, იმავე წონისა უნდა იყოს, თანაც სულ ახალია და თქვენი ბატის ნამდვილი მაგიერი იქნება.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – შვებით წამოიძახა ბეიკერმა.

– იმ ბატის ჩინჩახვი, ფეხები და ფრთები ყოველ შემთხვევისათვის მაინც შევინახეთ, თუ თქვენ გინდათ…

ჰენრი ბეიკერმა გულიანად გადაიხარხარა.

– ალბათ ჩემი თავგადასავლის სამახსოვრო რელიქვიებად გამომადგება, არა? – თქვა მან, – აბა, სხვა რა თავში სახლელად უნდა დამჭირდეს ჩემი ყოფილი ბატის ნამუსრევი? არა, ბატონებო, თქვენის ნებართვით, ჩემს ყურადღებას იმ შესანიშნავ ბატს მივაქცევ, რომელიც ეს-ესაა მიჩვენეთ და ამჟამად ბუფეტის თავზეა.

შერლოკ ჰოლმსმა ეშმაკურად შემომხედა და მხრები აიჩეჩა.

– აი, აქაა თქვენი ქუდი, ესეც თქვენი ბატის სამაგიერო – თქვა მან და დაკლული ბატი და ქუდი ბეიკერს ხელებში მიაჩეჩა. – სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს ასეთი ნასუქი ბატი სად იყიდეთ?

– დიდი სიამოვნებით მოგახსენებთ, სერ, – ესა თქვა ბეიკერმა და თან ბატი იღლიაში ამოიჩარა, – სხვებთან ერთად, მეც ხშირად ვარ ხოლმე სასტუმრო “ალფაში”, მუზეუმის გვერდით რომაა. წელს, ჩვენმა კეთილმა სასტუმროს პატრონმა უინდიგეიტმა დააარსა ბატის კლუბი, რომელშიაც თითოეულ ჩვენგანს ყოველ კვირას შეაქვს მცირეოდენი თანხა. ამ თანხის საფასურად ქრისტეშობის წინადღეს ყოველი ჩვენგანი კარგად ნასუქ ბატს ღებულობს. მე მთელი გამოსაღები უკვე დაფარული მაქვს, დანარჩენი ამბავი კი უკვე წვრილად იცით. თქვენგან ძალიან დავალებული ვარ, სერ, აბა, ჩემი ხნის კაცს შოტლანდიური ქუდით სიარული როგორ ეკადრება, – თქვა ესა და კომიკური საზეიმო თავის დაკვრით დაგვემშვიდობა.

– ამ საქმეში ჰენრი ბეიკერი არაფერ შუაშია, – თქვა ჰოლმსმა, როცა ჩვენმა სტუმარმა კარი გაიხურა. – სავსებით ნათელია, რომ მომხდარი საიდუმლოებით მოცული ამბის თაობაზე მან არაფერი იცის. მშიერი ხომ არა ხართ, უოტსონ?

– არა, შიმშილით კუჭი არ მიხმება.

– მაშინ გთხოვთ, სადილის ნაცვლად ვახშამს შევექცეთ და ახლა კი, ცხელ კვალს გავყვეთ.

– აუცილებლად.

სუსხიანი საღამო იყო. ორივენი პალტოებსა და თბილ ყელსახვევებში გამოვეხვიეთ. მოწმენდილ ცაზე გაბლიკებული ვარსკვლავები ციმციმებდნენ და გამვლელთა პირიდან ამოსული თბილი ჰაერი ისე მოჩანდა, თითქოს სროლის შედეგად დამდგარი კვამლი ყოფილიყოს. ჩვენი ნაბიჯების ხმაური ქუჩაში გარკვევით ისმოდა, გავიარეთ უიმპოლსტრიტი, ჰარლეისტრიტი, გადავკვეთეთ უიგმორსტრიტი და ოქსფორდსტრიტზე გავედით. თხუთმეტი წუთი დაგვჭირდა, ვიდრე ლუმსბერს მივაღწევდით. აქ გახლდათ აშენებული ბეიკერის მიერ ნახსენები სასტუმრო “ალფა”. ეს იყო მომცრო სახალხო სახლი, რომელიც ჰოლბორნისაკენ ჩამავალი ქუჩის კუთხეში წამოეჭიმათ. ჰოლმსმა აბრის კარი შეაღო და ლოყებღაჟღაჟა, თეთრწინსაფრიან სასტუმროს პატრონს ორი ჭიქა ლუდი დაუკვეთა.

– თუ ლუდიც ისეთივე გაქვთ, როგორიც თქვენი ბატებია, მაშინ შესანიშნავი უნდა იყოს.

– ჩემი ბატები? – გაიკვირვა ლუდის გამყიდველმა.

– დიახ, თქვენი ბატები. ნახევარი საათის წინ თქვენი “ბატის კლუბის” წევრ ჰენრი ბეიკერს ველაპარაკე.

– ჰო! ახლა მიგიხვდით, სერ, მაგრამ ბატები ჩემი როდია.

– აბა, ვისია?

– ოცდაოთხი ბატი კოვენტგარდენში ერთი ვაჭრისაგან შევიძინე.

– მართლა, რამდენიმე მათგანს მეც ვიცნობ, რომელმა მოგყიდათ?

– ბრეკინ რიჯმა.

– ბრეკინ რიჯს არ ვიცნობ. მასპინძელო! აბა, თქვენი გამარჯვებისა იყოს! დოვლათი, სიკეთე და ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ. ღამე მშვიდობისა! – სუფთა ჰაერზე რომ გამოვედით, ჰოლმსმა პალტო შეიკრა და მითხრა: – ახლა კი ბრეკინ რიჯისაკენ გავწიოთ, უოტსონ, და გახსოვდეთ, რომ ჯაჭვის იმ ერთ ბოლოზე, რომელსაც ჩვენ მივყვებით, ძალიან უწყინარი ფრინველია გამობმული, მეორე ბოლოზე კი ადამიანია და მას ულაპარაკოდ ელის შვიდი წელი კატორღა, თუ მისი უცოდველობა არ დაგვიმტკიცებია. შეიძლება პირიქითაც მოხდეს და ჩვენმა ძიებამ ის დაადასტუროს, რომ დამნაშავე სწორედ ბეიკერია; ყოველ შემთხვევაში კვლევა-ძიების წარმმართველი ის ძაფი, რომელიც პოლიციას შემთხვევით გამორჩა, ჩვენს ხელთაა. რანაირ სამწუხარო შედეგამდეც არ უნდა მიგვიყვანოს, ჩვენ უნდა ამ ძაფს ბოლომდე მივდიოთ. ახლა კი სასწრაფოდ ვიბრუნოთ პირი სამხრეთისაკენ და ცხელ კვალს მივყვეთ.

ჩვენ გადავჭერით ჰოლბორნი, დავეშვით ენდელსტრიტისაკენ და რამდენიმე მიხვეულ-მოხვეული მიყრუებული ქუჩის გავლის მერე, თავი კოვენტგარდენის ბაზარში ამოვყავით. ბრეკინ რიჯის სახელი ყველაზე დიდი ფარდულის აბრაზე ამოვიკითხეთ. სავაჭროს პატრონი ცხენისთავა, ქილვაშებიანი კაცი იყო. იგი ბიჭს დარაბების დახურვას შველოდა.

– საღამო მშვიდობისა. ცივი ამინდია, არა, – გამოელაპარაკა ჰოლმსი.

ფარდულის პატრონმა დასტურის ნიშნად თავი დაუკანტურა და ჩემს მეგობარს გაოცებული დააცქერდა.

– როგორც ვხედავ, კარგად გივაჭრიათ, რომ ბატები სულ გაგიყიდიათ, – უთხრა ჰოლმსმა და მარმარილოს ცარიელ დახლზე ანიშნა.

– ხვალ დილით თუნდა ხუთას ბატს მოგყიდით.

– ხვალ უკვე გვიან იქნება.

– აი იქ, სინათლე რომ მოჩანს, კიდევ დარჩათ გაუყიდავი ბატები.

– მაგრამ მე თქვენთან გამომაგზავნეს.

– ვინ?

– ლუდხანა “ალფას” პატრონმა.

– ჰო, მე იმას ოცდაოთხი ბატი მივყიდე.

– შესანიშნავი ნაპატიები ფრინველები კი იყვნენ. საიდან მოიყვანეთ?

ჩემდა საოცრად, ამ კითხვამ ბატებით მოვაჭრე განარისხა.

ბრეკინ რიჯმა თავი ასწია და დოინჯშემოყრილმა მკაცრად იკითხა: – პირდაპირ თქვით, რისი თქმაც გინდათ და მიეთ-მოეთს თავი დაანებეთ!

– მგონი, ძალიან მიუკიბ-მოუკიბავად ვთქვი ჩემი სათქმელი. მე მინდა ვიცოდე, ვისგან იყიდეთ ის ბატები, რომლებიც მერე “ალფას” პატრონს მიჰყიდეთ.

– რაკი ასეა, არაფერსაც არ გეტყვით. მოვრჩით?!

– თუ არ იტყვით, თან ვერ გადაგყვებით; მაგრამ ვერ გამიგია, ასეთი უბრალო რამ გულთან ასე ახლოს რატომ მიგაქვთ და რამ წამოგაპილპილათ?

– გულთან ახლოს მიგაქვსო! ჩემს ადგილზე თქვენც ასე მიიტანდით უბრალო ამბებს გულთან, ვინმე რომ აგკვიატებოდათ და თავი მოებეზრებინა. როცა მე კარგ საქონელში ხეირიან თანხას ვიხდი, საქმეც მოჭახრაკებული მგონია; მაგრამ თუ დაგიწყებენ, “სად იყო ბატები?” “ვისგან იყიდე ბატები?” “ვის მიჰყიდე ბატები?” “რა ფასი აიღე ბატებში?” კაცი იფიქრებს, რაკი მათ გარშემო ამდენი აურზაური და ფუსფუსი ატყდა, თითქოს ამქვეყნად მარტო ის ბატები ყოფილან და მეტი არაფერიო.

– ვინც თქვენ კითხვებით თავს გაბეზრებენ, მე იმათთან არავითარი კავშირი არა მაქვს, – წყნარად წამოიწყო ჰოლმსმა, – თუ არ გვეტყვით, საიდან იყიდეთ ის ბატები, ჩვენი გზით წავალთ და ის იქნება. მაგრამ მე დაბეჯითებით ვიტყვი და სანაძლეოდ ხუთ გირვანქა სტერლინგსაც ჩამოვალ, რომ ის ბატები სოფელში გასუქებულები იყვნენ.

– თქვენ წააგეთ ხუთი გირვანქა სტერლინგი, ვინაიდან ბატები ქალაქში გაასუქეს, – მოულოდნელად წამოაყრანტალა ვაჭარმა.

– აშკარა სიცრუეა.

– ნადვილად ასეა.

– წარმოუდგენელი ამბავია.

– ხომ არ გგონიათ, რომ ფრინველებისა ჩემზე მეტი გაგეგებათ? ამ საქმეს მას მერე მივდევ, რაც დედამ აკვნის არტახები შემომხსნა და ჭიპიც ამ საქმეში მოვიჭერი. გითხარით, ის ბატები, რომლებიც ლუდხანა “ალფას” პატრონს მივყიდე, ქალაქში დასუქებულები იყვნენ-მეთქი და ნამდვილად ასეა.

– ამას არაფრით არ დავიჯერებ.

– მაშინ დავნაძლევდეთ.

– ეს იმას ნიშნავს, რომ ფული წაგართვათ, რადგან ჩემს სიმართლეში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ თქვენი ასეთი ჯიუტობისათვის ახი იქნებოდა ერთ სოვერენზე დაგნაძლევებოდით და თქვენთვის ჭკუა მესწავლებინა.

ვაჭარმა პირქუშად ჩაიცინა და ბიჭს გაძახა: – აღრიცხვის წიგნები მომიტანე, ბილ.

მომცრო ტანის ბიჭმა ორი წიგნი მოუტანა, ერთი იმათგანი საკმაოდ თხელი გახლდათ. მეორე კი სქელი და საპოხავი ქონით დასვრილი. ბიჭმა წიგნები ჭერზე ჩამოკიდებული ლამპის ქვეშ დააწყო.

– აბა, მისტერ თავდაჯერებულო, – დამცინავად დაიწყო ვაჭარმა, – ვფიქრობდი, ყველა ბატი უკვე გავყიდე-მეთქი, მაგრამ ვიდრე სავაჭროს დავხურავდე, ვხედავ, ერთი ბატი კიდევ მყოლია. ხედავთ ამ პატარა წიგნს?

– ძალიან კარგად.

– აქ იმ ადამიანთა გვარებია, ვისგანაც საქონელს ვყიდულობ. ხედავთ? აი, ამ გვერდზე სოფლელთა სახელებია, ხოლო იქვე მიწერილი ციფრები დიდი წიგნის იმ გვერდზე მიუთითებს, რომელზედაც მათთან ანგარიშწარმოებაა მოცემული. ახლა წითელი მელნით ნაწერს დააკვირდით. ნახეთ? აქ ჩემი ქალაქელი მომმარაგებლების გვარებია აღნიშნული. აბა, მესამე ნომერზე მიწერილი გვარი ხმამაღლა ამოიკითხეთ!

– “მისის ოუკშოტი 117, ბრიქსტონროუდი – 249”, – წაიკითხა ჰოლმსმა. – მართალი ბრძანდებით. აბა, ახლა სქელი წიგნის ორას ორმოცდამეცხრე გვერდი გადაშალეთ!

ჰოლმსმა მინიშნებული გვერდი სწრაფად იპოვა და გადაშალა “აი, აქ არის, მისის ოუკშოტი, 117 ბრიქსტონროუდი, კვერცხისა და შინაურ ფრინველთა მომმარაგებელი”.

– აბა, მისი გვარის გასწვრივ ბოლო მინაწერიც ამოიკითხეთ!

– “დეკემბრის 22. ოცდაოთხი ბატი 7 შილინგად და ექვს პენსად”.

– ჭეშმარიტად აგრეა. განაგრძეთ, განაგრძეთ.

– “გაიყიდა “ალფას” მეპატრონე მისტერ უინდიგეიტზე თორმეტ-თორმეტ შილინგად თითოეული”.

– აბა ახლა რაღას იტყვით?

შერლოკ ჰოლმსი გულმოსული და ნაწყენი გამოიყურებოდა. მან ჯიბიდან ამოიღო სოვერენი, მარმარილოს დახლზე დააგდო და გარეთ უსიტყვოდ გამოვიდა. რამდენიმე იარდი რომ გაიარა, ქუჩის ფარნის ქვეშ შეჩერდა და თავისებურად უხმაუროდ, მაგრამ გულიანად ჩაიცინა.

– როცა ქილვაშებიან და ჯიბიდან წითელ ხელსახოცამოჩრილ კაცს გადაეყრებით, იმედი უნდა იქონიოთ, რომ სანაძლეოს გულისათვის ყველაფერს დააყაჭვინებთ, – თქვა ჰო-ლმსმა. – თამამად შემიძლია გითხრათ, უოტსონ, რომ რაც ბრეკინ რიჯს სანაძლეოს დადების შემდეგ ინფორმაცია დავტყუე, ასი გირვანქაც რომ დამეხარჯა, ვერასგზით ვერ მოვიპოვებდი. ასე მგონია, უოტსონ, რომ ჩვენი ძიება დასასრულს უახლოვდება. ერთადერთი გადასაწყვეტი ამბავი ახლა ისაა, მისის ოუკშოტს დღესვე დავადგეთ თავზე, თუ ჩვენი სტუმრობა ხვალისათვის გადავდოთ. ბრეკინ რიჯის სიტყვებიდან სავსებით ნათელია, რომ ჩვენს გარდა ამ საქმით სხვაცაა დაინტერესებული და მე მგონია…

ჰოლმსს სიტყვა მოულოდნელად ხმაურმა შეაწყვეტინა. იგი სწორედ იმ ფარდულიდან მოისმა, საიდანაც ის იყო გამოვედით. ზურგისაკენ შევბრუნდით თუ არა, ფარდულში ლამპის ყვითელ შუქზე შევნიშნე ჩია კაცი, რომელსაც სახე ვირთხას მიუგავდა. ბრეკინ რიჯი კი კარებში გახიდულიყო და შიშისაგან მოკუნტულ კაცუნას, გაავებული მუშტს უქნევდა.

– თავიდან მომწყდით თქვენცა და თქვენი ბატებიც, – ღრიალებდა იგი. – ყველანი ეშმაკს წაუღიხართ. თუ კიდევ მოსულხართ ჩემთან და ასეთი რეგვენული ლაპარაკი დაგიწყიათ, ძაღლს მოგიქსევთ. მოიყვანეთ მისი ოუკშოტი და პასუხს იმას გავცემ. თქვენ რა გესაქმებათ, ბატები ვის მივყიდე! თქვენგან ვიყიდე, თუ რა?

– მაგრამ ერთ-ერთი იმათგანი ხომ ნამდვილად ჩემი იყო, – დაიწუწუნა პატარა კაცმა.

– თქვენი პრეტენზია წადით და მისის ოუკშოტს განუცხადეთ.

– სწორედ მან გამომაგზავნა თქვენთან.

– თუნდაც პრუსიის მეფეს მოჰკითხეთ, ჩემთვის სულ ერთია. მე მაგ საქმეს მოვრჩი. გასწით აქედან და თვალით აღარ დამენახოთ. – გამწარებული ბრეკენ რიჯი წინ გავარდა და შიშისაგან მოკუნტული ჩია კაცი კი ბნელში გაუჩინარდა.

– მგონია, ამ ამბავმა ბრიქსტონროუდში წასვლისაგან დაგვიხსნას! – წაიჩურჩულა ჰოლმსმა. – მომყევით და ვნახოთ, უოტსონ, იქნებ იმ ყმაწვილმა ძიების საქმეში ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწიოს. – ესა თქვა და ჰოლმსი გრძელი ნაბიჯით დაედევნა გაუჩინარებულ უცნობს. ჩემი მეგობარი განათებული დუქნების წინ შექუჩებულ ხალხში გზას იდაყვების დახმარებით მიიკვლევდა. იგი მალე დაეწია ლტოლვილს, მხარზე ხელი დაადო და შეაჩერა. შემკრთალი უცნობი შემობრუნდა და გაზის ფარნის შუქზე შევნიშნე, რომ ფერი სრულიად დაკარგოდა.

– ვინა ხართ და რა გინდათ ჩემგან? – მთრთოლვარე ხმით იკითხა უცნობმა.

– მაპატიეთ, – რბილად და ზრდილობიანად წამოიწყო ჰოლმსმა, – მაგრამ მე ყური მოვკარი თქვენ რომ რამდენიმე წუთის წინ იმ ვაჭარს რაღაცას ეკითხებოდით. დარწმუნებული ვარ, მე შევძლებ თქვენ დახმარებას.

– თქვენ? ვინა ხართ? ან საიდან იცით, რა მინდა და რა გამჭირვებია?

– ჩემი სახელი და გვარი შერლოკ ჰოლმსია და სწორედ ჩემი საქმეა იმისი ცოდნა, რაც სხვებმა არ იციან.

– მაგრამ რაც მე მინდა, იმის თაობაზე თქვენ არაფერი გეცოდინებათ.

– მაპატიეთ, მაგრამ ყოველივე ზედმიწევნით სწორად ვიცი. თქვენ გინდათ იმ ბატების კვალი აღმოაჩინოთ, რომლებიც ბრიქსტონროუდელმა ოუკშოტმა ვაჭარ ბრეკინ რიჯს მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა ბატები დიდი მოგებით ლუდხანა “ალფას” მეპატრონე მისტერ უინდერგეიტზე გაჰყიდა, მან კი თავის კლუბის წევრთა გულიც მოიგო და ფულიც. ჰენრი ბეიკერიც იმ კლუბის წევრია.

– ოჰ, სერ, თქვენ სწორედ ის ადამიანი ხართ, ვისთან შეხვედრაც გულით მეწადა, – წამოიყვირა ჩია კაცმა. მან ხელები ჰოლმსისაკენ გაიწოდა და შევნიშნე, თითები ერთიანად უცახცახებდა.

– მე სიტყვები ვერ მიპოვია, სერ, რომ აგიხსნათ, როგორ ვარ დაინტერესებული ამ საქმით.

შერლოკ ჰოლმსმა გზად მიმავალი ეტლი შეაჩერა და უცნობს ასე მიმართა: – უმჯობესია ოთახში ვიბაასოთ და არა აქ, ამ საბაზრო ადგილას, სადაც ქარიც თავისუფლად დანავარდობს. მაგრამ ვიდრე გავემგზავრებოდეთ, გთხოვთ მითხრათ, ვის უნდა ვემსახურო.

უცნობი შეყოყმანდა. – ჩემი სახელი და გვარი ჯონ რობინზონია, – ამოღერღა მან და თან ჰოლმსს თვალი აარიდა.

– არა, არა. მე ნამდვილ სახელსა და გვარს გეკითხებით, – ტკბილად უთხრა ჰოლმსმა. – ფსევდონიმით მოქმედება ყოველთვის დასანანი ხდება ხოლმე.

უცნობის თეთრ ღაწვებს სიწითლე მოერია. – რაკი ასეა, ნამდვილ გვარსა და სახელს გეტყვით. მე ჯეიმს რაიდერი გახლავართ.

– ჭეშმარიტად ასეა. თქვენ სასტუმრო “კოსმოპოლიტენში” უფროს მსახურად მუშაობთ. გთხოვთ, ეტლში ჩაბრძანდეთ და მალე, რაც თქვენ გაინტერესებთ, ყველაფერს გიამბობთ.

ჩია კაცი ხან მე შემომყურებდა და ხან ჰოლმსს აკვირდებოდა. მის თვალებში ხან შიში ჩადგებოდა და ხან იმედის ნაპერწკალი კიაფობდა, ისევე, როგორც ბედნიერებისა და უბედურების ზღვარზე მდგომ ადამიანებს ემართებათ ხოლმე. დაბოლოს უცნობმა ყოყმანს სძლია, ჩაჯდა და ნახევარ საათში უკვე ბეიკერსტრიტზე სასტუმრო ოთახში ვისხედით. გზაში, ბეიკერსტრიტამდე აღარაფერი თქმულა. მხოლოდ ჩვენი ახალი კომპანიონის გახშირებული ღრმა სუნთქვა და ხელების ფშვნეტა აშკარად მეტყველებდა, რომ იგი ნერვიულობდა.

– უკვე მოვედით! – მხიარულად თქვა ჰოლმსმა. – ასეთ ამინდში აგიზგიზებული ბუხარი პირდაპირ მისწრებაა. თქვენ, გეტყობათ ძალინ გცივათ, მისტერ რაიდერ. აი, სელის იმ დაწნულ სავარძელში ჩაჯექით. ვიდრე თქვენს საქმეს შევუდგებოდეთ, ფოსტლებს ჩავიცვამ და ერთ წამში აქ გავჩნდები. ახლა საქმეზე ვილაპარაკოთ. თქვენ გაინტერესებთ ბატების შემდგომი ისტორია, არა?

– დიახ, სერ.

– თუმცა თქვენ ბატების ამბავი კი არა, ერთი ბატის ბედი გაინტერესებთ. თეთრი ბატისა, რომელსაც კუდთან შავი ზოლი დაჰყვებოდა…

რაიდერი მღელვარებისაგან აცახცახდა. – ოჰ, სერ, – წამოიყვირა მან, – თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, სადაა ამჟამად ის ბატი?

– აქაა, ჩვენთან, – მოკლედ მოუჭრა ჰოლმსმა.

– აქ არის?

– დიახ, აქ არის და დაამტკიცა კიდეც, რომ იგი არაჩვეულებრივი ბატი გახლავთ. არც მიკვირს, ასე ძალიან რომ გაინტერესებთ მისი ბედი. სიკვდილს მერე მან არაჩვეულებრივი კვერცხი დაგვიტოვა. დიახ, ულამაზესი, უბრწყინვალესი და უმშვენიერესი ლურჯი კვერცხი. აი, აქა მაქვს შენახული ჩემს მუზეუმში.

ჩვენი სტუმარი წამოდგა, მაგრამ რეტდასხმულივით ტორტმანებდა და მარჯვენა ხელით ბუხრის თავს ჩაეჭიდა. ჰოლმსმა სეიფი გახსნა და იქიდან ცისფერი, მოკიაფე კარბუნკული გამოიღო. ვარსკვლავივით მოციმციმე ძვირფასი ქვა ცეცხლის შუქზე ათასნაირ ფერად ელვარებდა. რაიდერს შიშისაგან სახე დაღრეჯოდა და აღარ იცოდა, მოეთხოვა ძვირფასი ნივთი, თუ სრულიად აეღო მასზე ხელი.

– თამაშს უკვე წირვა გამოუვიდა, რაიდერ, – მშვიდად დაიწყო ჰოლმსმა. – მყარად დადექით ფეხზე, თორემ ცეცხლში ჩავარდებით. უოტსონ, ხელი მიაშველეთ, გეთაყვა. ჯერ კიდევ ვერაა ისე გამოწრთობილი, რომ ასეთ ამბავს აუღელვებლად შეხვდეს. ცოტა ბრენდი მიეცით, გადაჰკრას და ეშველება. ეყოფა, მეტი არ უნდა! ახლა უფრო ადამიანურად გამოიყურება. სინამდვილეში ადამიანი კი არა, ერთი ნამცეცა, პაწაწკინტელა კაცუნა და არარაობაა!

ერთ წამს რაიდერი წატორტმანდა და კინაღამ ჩაიკეცა, მაგრამ ბრენდიმ სახეზე ფერიც მოჰგვარა და ალბათ ძალაც მისცა, რომ დაჯდა და შიშისაგან დაჭყეტილი თვალები თავის ბრალმდებელს მიაპყრო.

– დანაშაულის ყველა რგოლი და დამამტკიცებელი საბუთებიც ჩემს ხელთაა, ასე რომ, თქვენ ძალიან ცოტა ლაპარაკი მოგიწევთ. მაგრამ ყველაფერი მართალი უნდა გვიამბოთ და ჩვენთვის ყოველი წვრილმანი ნათელი უნდა გახდეს. ვინ გიამბოთ გრაფინია მორკარის ამ ცისფერ კარბუნკულზე, რაიდერ?

– კატერინა კიუზაკმა, – გაბზარული ხმით უპასუხა რაიდერმა.

– ვიცი, ლედის პირისფარეში რომაა. და უეცრად გამდიდრების ცთუნებამ შეგიპყროთ, როგორც თქვენამდეც, ეს ბევრ თქვენზე ღირსეულ კაცს დამართნია. მიზნის მისაღწევად კი არავითარ საშუალებას არ დაერიდეთ, არა? ასე მგონია, თქვენგან შესანიშნავი, მახვილგონიერი ბოროტმოქმედი დადგებოდა, რაიდერ! თქვენ იცოდით, რომ ის მრჩილავი ჰორნერი ერთხელ უკვე ნასამართლევი იყო ქურდობისათვის და ეჭვს უცილოდ მასზე მიიტანდნენ, მერე რა მოიმოქმედეთ? თქვენს თანამზრახველ კატერინა კიუზაკთან ერთად ლედის ოთახში გატეხეთ ბუხრის მოაჯირი და საქმე ისე მოაწყვეთ, რომ მოაჯირის შესაკეთებლად სწორედ ჰორნერი გამოგზავნეს. როცა ის უბედური ჰორნერი წავიდა, ტარსიკონის ყუთი გააღეთ და ძვირფასი ქვა მოიპარეთ, შემდეგ ატეხეთ განგაში და ის საცოდავი კაცი დააჭერინეთ. მერე…

რაიდერი უეცრად დაბლა დაემხო და ჰოლმსს მუხლებზე შემოეხვია: – ღვთის გულისათვის, შემიბრალეთ! – განწირული ხმით ქალივით დაიწივლა მან, – იფიქრეთ ჩემს მშობლებზეც! ეს ამბავი გულებს დაუხეთქავს იმ უბედურებს. წინათ არასოდეს მიქურდია! ასეთ რამეს არც არასოდეს ჩავიდენ. ვფიცავ, რომ არ ჩავიდენ! თუ გინდათ, ხატზე დავიფიცებ, ოღონდაც ამ საქმეს სასამართლომდე ნუ მიიტანთ!

– დაჯექით თქვენს ადგილას, – მტკიცედ უთხრა ჰოლმსმა, – ახლა ფეხქვეშ გაგება, ლაქუცი და პირფერობა ადვილია, მაგრამ ფიქრობდით საცოდავ ჰორნერზე, რომელსაც პასუხი უნდა ეგო იმ საშინელი დანაშაულისათვის, რაც მას გონებაშიც არ გაუვლია?

– ინგლისიდან გადავიკარგები, მისტერ ჰოლმს! დიახ, ავიბარგები სამშობლოდან, სერ, მაშინ ხომ ჰორნერს ბრალდება მოეხსნება…

– ჰმ! ამაზე კიდევ მოვილაპარაკებთ. ახლა კი ის ჭეშმარიტი ამბავი მოვისმინოთ, რაც დანაშაულის ჩადენის მერე მოხდა. როგორ მოხვდა ძვირფასი ქვა ბატის ჩინჩახვში და ვინ გამოიყვანა ბატი ბაზარზე გასაყიდად? მხოლოდ მართალი გვიამბეთ, თქვენი ხსნა მხოლოდ სიმართლეს შეუძლია.

რაიდერმა გამხმარი ტუჩები ენით დაისველა. – როგორც მოხდა, ყველაფერს ისე გიამბობთ, სერ. როცა ჰორნერი დააპატიმრეს, ვიფიქრე, უმჯობესია ძვირფასი ქვა გადავმალო, ვიდრე პოლიციას ჩემი გაჩხრეკა მოუფიქრებია-მეთქი. რაკი ქვის დასამალად ოტელში შესაფერისი ადგილი არ მეგულებოდა, მოვიმიზეზე სამსახურის საქმეები, ოტელიდან გამოვედი და ჩემს დას ვესტუმრე. იგი გათხოვილი გახლავთ ოუკშოტზე, სახლობს ბრიქსტონროუდზე და გასასყიდი ბატების გასუქებას მისდევს. ეს ხელობა გახლავთ მისი ცხოვრების წყარო. ყველა შემხვედრი ადამიანი პოლიციელი და გამომძიებელი მეგონა. მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად ყინავდა, ვიდრე ბრიქსტონროუდს მივაღწევდი, სახეზე ოფლი წურწურით ჩამომდიოდა. დამ დანახვისთანავე მკითხა, რა დაგემართა, რომ ასე ფერდაკარგული ხარო. ჩემი დაბნევისა და ფერწასულობის მიზეზი ოტელში მომხდარი ქურდობა არის-მეთქი, ვუთხარი. მერე უკანა ეზოში გავედი, ყალიონი გავაბოლე და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაზე ვფიქრობდი.

მე მყავდა ერთი მეგობარი გვარად მოუდსლი, რომელიც ცუდ გზას დაადგა და კარგა ხანს პენტონვილის სტუმარიც იყო. ციხიდან გამოსული, გზაზე შემხვდა და მიამბო, თუ როგორ ჰყიდიან ნაპარავს ქურდები. ვიცოდი, არ გამცემდა, თუ ჩემს ამბავს ვეტყოდი, რადგან მისი რამდენიმე ბნელი საქმის ასავალ-დასავალი მეც კარგად ვუწყოდი. გულში გადავწყვიტე, წავსულიყავი კილბურნში, სადაც ის ცხოვრობდა და ჩემი საიდუმლო მისთვის მიმენდო. ის მასწავლიდა გზას, როგორ გამეყიდა ძვირფასი ქვა და მის ნაცვლად ჯიბეში ფულები ჩამეჩხრიალებინა. მაგრამ თავსატეხი ის იყო, როგორ ჩამეღწია კილბურნამდე. როცა ვიხსენებდი, რაც ოტელიდან ჩემი დის სახლამდე გადამხდა, შიშისაგან ტანში მცრიდა და მზარავდა. ყოველ წუთს შეეძლოთ დავეჭირე, გავეჩხრიკე და ჩემი ჟილეტის ჯიბიდან ძვირფასი ქვა წაერთმიათ. კედელს მიყრდნობილი ვიდექი და ჩემს გასაჭირზე ვფიქრობდი. დაბლა, ფეხებთან, უდარდელად დაბაჯბაჯებდნენ ბატები, უეცრად გონებაში გამიელვა აზრმა, რომლის სისრულეში მოყვანით, მეგონა, ყველაზე უფრო დახელოვნებულ მაძებარსაც გავაცურებდი.

ჩემმა დამ რამდენიმე კვირის წინ მითხრა, საშობაოდ ერთ გასუქებულ ბატს გაჩუქებო. ვიცოდი, სიტყვას არ გადავიდოდა. გადავწყვიტე, დანაპირებით მესარგებლა, რომელიმე ბატისათვის ძვირფასი ქვა გადამეყლაპებინა და კილბურნის გზას გავდგომოდი. ეზოში პატარა ფარდული იდგა. ერთი კარგად ჩასუქებული მშვენიერი თეთრი ბატი, რომელსაც კუდთან ზოლი დასდევდა, იმ ფარდულს უკან მივიმწყვდიე, დავიჭირე, პირი გავაღებინე და რაც შეიძლება უკან, სასაში, ჩავტენე ძვირფასი ქვა. ბატმა ქვა გადაყლაპა და ვიგრძენი, როგორ გადაუვიდა იგი სასიდან ჩინჩახვში. მაგრამ გადაყლაპა თუ არა ერთი ალიაქოთი ატეხა, ფრთებს ხელებზე მიტყლაშუნებდა და გამწარებული იბრძოდა. ამ ხმაურზე ჩემმა დამ გამოიხედა და ბატი რომ იმ ყოფაში დაინახა, მკითხა, რა ამბავიო. საპასუხოდ მისკენ შევბრუნდი თუ არა, ბატმა დრო იხელთა, ხელიდან გამისხლტა და სხვა ბატებში ამერია.

“რა უყავი ბატს, ჯეიმს”, – იკითხა ჩემმა დამ.

“შენ ხომ დამპირდი, საშობაოდ ბატს გაჩუქებო, მე ყველაზე უფრო ჩასუქებული მინდოდა შემერჩია”.

“ოჰ, შენთვის აღთქმული ბატი უკვე შერჩეულია, – მკვირცხლად მიპასუხა ჩემმა დამ, – ჩვენ მას “ჯეიმსის ბატს” ვეძახით. იგი ყველაზე დიდიცა და მთლიანად თეთრია. აი, იქ რომ მიბაჯბაჯებს. სულ ოცდაექვსი მყავს, ერთი შენია, ერთი ჩვენი და დანარჩენი ოცდაოთხი უნდა გავყიდო”.

“მადლობელი ვარ, მეგი, – ვუთხარი მე, – მაგრამ თუ შენთვის სულ ერთია, რომელ ბატს მაჩუქებ, მაშინ ის მაჩუქე, რომელიც ხელში მეჭირა”.

“შენთვის არჩეული ბატი მაგაზე სამი პაუნდით უფრო მძიმეა და იგი საგულდაგულოდ შენთვის გავასუქეთ”.

“არა უშავს რა. მე სწორედ ის ბატი მინდა და ახლავე თან წავიყვან”.

“შენი საქმე შენ უკეთ იცი, – მითხრა მეგიმ ცოტა ნაწყენი კილოთი, – აბა, რომელი გინდა, რომ წაიყვანო?”

“აი, შუაში რომ დგას და კუდთან შავი ზოლი დასდევს”.

“დიდი სიამოვნებით, დაკალი და წაიღე”, – მითხრა მეგიმ.

და მართლაც დავკალი და კილბურნისაკენ გავემგზავრე, ჩავაღწიე თუ არა კილბურნში, მეგობარი ვინახულე და ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. მგონია, გითხარით, რომ ჩემი მეგობარი ისეთი კაცია, ამნაირი ამბავი არ გაუკვირდება-მეთქი. ყველაფერი რომ ვუამბე, სიცილით კინაღამ დაიხრჩო. მერე დანა მოვიმარჯვეთ და ბატი გავჭერით. მეგონა, ეს ეს არის გული საგულედან ამომივარდება-მეთქი, როცა დავინახე, რომ ძვირფასი ქვა ბატის ჩინჩახვში არ აღმოაჩნდა და შემთხვევით სხვა ბატი დამეკლა და წამომეღო. ის ბატი იქვე მივატოვე და ჰაიჰარად დის სახლს მივაშურე. უკანა ეზოში შესულს იქ არცერთი ფრინველი აღარ დამხვედრია.

“სად არიან ბატები, მეგი?” – ვიყვირე მე.

“ვაჭართან გასაყიდად გარეკეს”, – მომიგო მან.

“რომელ ვაჭართან?”

“ბრეკინ რიჯთან, კოვენტგარდენში”.

“თუ იყო იქ იმნაირივე ბატი, როგორიც მე ავარჩიე – კუდთან რომ შავი ზოლი დასდევდა”. – ყვირილით ვიკითხე მე.

“დიახ, იყო, კუდთან ორივეს ერთნაირი შავი ზოლები დასდევდათ და მე მათ მუდამ ერთმანეთში ვურევდი”.

– რა თქმა უნდა, ყველაფერს მივხვდი და რაც ძალა და ღონე მქონდა, ბრეკინ რიჯისაკენ მოვკურცხლე. ვაჭარს ბატები ერთიანად გაეყიდა და არაფრით არ მითხრა, ვის მიჰ-ყიდა. თქვენ თვითონვე მოისმინეთ, როგორც გამომაპანჩურა. იგი მუდამ ასე მისტუმრებს ხოლმე. ჩემს დას ჰგონია, ჭკუაზე შევცდი. როგორ გავამტყუნო, როცა ხანდახან მეც მგონია, რომ ჭკუიდან შევიშალე. და ახლა მე თავლაფდასხმული ადამიანი, ქურდი გახლავართ, თუმცა ნაპარავი სიმდიდრით არ მისარგებლია და მას მერე, რაც ის ამაზრზენი საქციელი ჩავიდინე, შიშით აღარა ვარ. რისთვის დავიღუპე თავი, რად ჩავიდინე ეს ბოროტება, ღმერთო შემეწიე! – სთქვა ეს და ხელებში თავჩარგული საწყალობლად აქვითინდა.

ჩამოწვა ხანგრძლივი დუმილი, რომელსაც რაიდერის სლუკუნი და მაგიდაზე ჰოლმსის თითების კაკუნი არღვევდა. წუთიც და ჩემი მეგობარი წამოდგა, კარი ყურთამდე გამოაღო და რაიდერს საზარელი ხმით დასჭყივლა: – გაეთრიე აქედან!

– რაო, სერ! ოჰ, ღმერთმა გიშველოთ!

– არც ერთი სიტყვა, მომწყდი თავიდან!

მეტი სიტყვა აღარც იყო საჭირო. რაიდერმა კიბე ალბათ კისრისტეხით ჩაირბინა, მერე სადარბაზო კარის ჯახუნის ხმა გავიგონე და ბოლოს, ქუჩიდან, მისი აჩქარებით მიმავალი ფეხის ხმაც მომესმა.

– ბოლოს და ბოლოს, უოტსონ, – დინჯად დაიწყო ჰოლმსმა, – მე იმიტომ კი არ ვმუშაობ, რომ პოლიციის მიერ ძიებაში დაშვებული ხარვეზები ვასწორო. ჰორნერს რომ სასჯელი მოელოდეს, მაშინ სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ ეს უბედურ დღეზე გაჩენილი მის წინააღმდეგ კრინტსაც აღარ დასძრავს და საქმეს მოსპობენ. შეიძლება, ერთი შეხედვით ადამიანს ისე მოეჩვენოს, თითქოს მე ქურდს ვმფარველობდე, მაგრამ, ჩემის აზრით, მგონია, ადამიანის სული დაღუპვისაგან ვიხსენი. იგი ისეა შეშინებული, რომ ცხოვრებაში მცდარ ნაბიჯს აღარ გადადგამს. ხოლო ციხეში რომ გამეგზავნა, ისიც ციხის ფრინველად იქცეოდა, რომელსაც გალიის კარს ხან გაუღებდნენ და გარეთ ინავარდებდა, ხან კი მაგრად ჩაურაზავდნენ და იქ იჭიკჭიკებდა. გარდა ამისა ახლა ცოდვების ერთმანეთისათვის მიტევების სეზონი დგას და ამიტომაც ვაპატიე. შემთხვევამ გადასაწყვეტად ჩვენს წინაშე ძალზე უცნაური და ახირებული პრობლემა დააყენა! რაკი ეს რთული პრობლემა ამოვხსენით, ეს თავისთავად სამაგიეროს მიზღვაა. თუ კეთილს ინებებთ და ზარს დარეკავთ, ჩვენ შევუდგებით ახალ კვლევა-ძიებას, რომელშიაც ისევ ფრინველს ექნება მიჩენილი მთავარი ადგილი. მისის ჰადსონს სადილად ხომ გნოლის ხორცი დავუკვეთეთ!

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა