ბიოგრაფიული ცნობები

შარლ დე გოლი

შარლ დე გოლიშარლ დე გოლი (დ. 22 ნოემბერი, 1890 – გ. 9 ნოემბერი, 1970), იყო ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის პრეზიდენტი (1958-69). საფრანგეთში მას ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ როგორც “გენერალი დე გოლი”.

ომამდე მან სახელი გაითქვა, როგორც სატანკო ტაქტიკოსმა და მძიმე ტექნიკისა და ავიაციის კონცენტრირებულად გამოყენების მომხრე სტრატეგმა. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო თავისუფალი საფრანგეთის მოძრაობის ლიდერი და დროებითი მთავრობის მეთაური 1944-46 წლებში. 1958 წელს მისი მოწოდებით შეიქმნა ახალი მთავრობა, მნიშვნელოვანი წვლილი გაიღო ახალი კონსტიტუციის შექმნაში და იყო მეხუთე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1958-69 წლებში. მისი პოლიტიკური იდეოლოგია ცნობილია, როგორც გოლიზმი, და მან დიდი გავლენა იქონია ფრანგული პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზე.

ბიოგრაფია
შარლ დე გოლი დაიბადა მორწმუნე კათოლიკეთა ოჯახში. 1912 წელს დაამთავრა სან-სიროს სამხედრო კოლეჯი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას იგი მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში და ძალიან მალე, 1914 წლის 15 აგვისტოსიგი იღებს პირველ საბრძოლო ჭრილობას და მხოლოდ ოქტომბერში ბრუნდება მწყობრში. 1915 წლის 10 მარტს იგი კვლავ დაიჭრება და გამოჯანმრთელების შემდეგ, ახალგაზრდა დე გოლი კვლავ უბრუნდება ბრძოლის ველს. 1916 წელს იგი მესამედ დაიჭრება. ამ დროისათვის ოფიციალურ პარიზს იგი უკვე გარდაცვლილად მიაჩნია, მაგრამ დე გოლი სიცოცხლეს გერმანელების ტყვეობაში აგრძელებს. 1918 წლის 11 ნოემბერს მას ტყვეობიდან ათავისუფლებენ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებას დე გოლი პოლკოვნიკის რანგში ხვდება. 1940 წლის 15 ივნისს იგი ემიგრაციაში მიდის დიდ ბრიტანეთში, რისი მიზეზიც გახდა მისი უთანხმოება მთავრობის წარმომადგენლებთან. დიდ ბრიტანეთში ის აყალიბებს ლეგენდარულ ორგანიზაციას “თავისუფალ საფრანგეთს”. 1958 წლის 21 დეკემბერს, მრავალწლიანი უკომპრომისო პოლიტიკური ბრძოლის შემდეგ, ფრანგი ერი გენერალ შარლ დე გოლს საკუთარ ლიდერად აღიარებს და საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ქვეყნის ბედს ანდობს ადამიანს, რომელმაც არაერთი წელი შესწირა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. მისი ძალისხმევით მრავალი ფრანგული კოლონია გათავისუფლდა და მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1965 წელს მას ხელმეორედ ირჩევენ საფრანგეთის პრეზიდენტად. 1966 წლის 21 თებერვალს დე გოლის გადაწყვეტილებით, საფრანგეთი გამოდის ნატოს სამხედრო სტრუქტურებიდან (მაგრამ დარჩა ორგანიზაციის შემადგენლობაში) და ამ მომენტიდან ოფიციალური პარიზი აღარ ერიდება საკუთარი ანტიამერიკული პოზიციის გამოხატვას. 1968 წლის 2 მაისს საფრანგეთში იფეთქა სტუდენტთა ამბოხებამ, რომელიც ძალიან მალე სერიოზულ უწესრიგობაში გადაიზარდა. ამბოხებულებს უერთდება პროფკავშირები და საფრანგეთის მოსახლეობის გარკვეული, არც თუ მცირე რაოდენობა. 1969 წლის 28 აპრილს დე გოლი იძულებული გახდა გადამდგარიყო პრეზიდენტის პოსტიდან. შარლ დე გოლი გარდაიცვალა 1970 წლის 9 ნოემბერს.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close