ისტორია

ქართული ტომები

დრილები.

მისიმიელები.

მოსხები.

დრილები

დრილები, ძველი დასავლური ქართული (მეგრულ-ჭანური) ტომი, ცხოვრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთიანეთში, მდინარე ხარშუტის ხეობაში. ძვ. წ. 401 მათ ქვეყანაში ილაშქრა ბერძენმა სარდალმა და ისტორიკოსმა ქსენოფონტმა. მისი ცნობით დრილები პონტოსპირელთაგან ყველაზე მეომარი ხალხი ყოფილა, ბინადრობდნენ მთიან, გამაგრებულ და მიუვალ ადგილებში. ქვეყნის დედაქალაქი ისე ძლიერ ჰქონიათ გამაგრებული, რომ ბერძენთა მრავალნაცად ლაშქარს, მისი აღება ვერ მოუხერხებია. დრილები ძირითადად მეცხოველეობას მისდევდნენ. განვითარებული ჰქონიათ სამშენებლო საქმეც.

მისიმიელები

მისიმიელები, ერთ-ერთი ქართული (სვანური) ტომი, რამდენადაც სახელწოდება  მისიმიელები

 სვანთა ადგილობრივი სახელის მუშვნის  სახეცვლილი ფორმა უნდა იყოს (სხვა მოსახრებით მისიმიელები ერთ-ერთი აფხაზური ტომია). იხსენიებენ ბიზანტიელი ავტორები. მისიმიელები ცხოვრობდნენ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე. მათი ადგილსამყოფელი აფსილების მიწაწყალს თანამედროვე წებელდასთან ესაზღვრებოდა. აგათია სქოლასტიკოსის (VI საუკუნე) ცნობით, მისიმიელები, ისევე როგორც აფსილები, კოლხეთის (ე. ი. ლაზთა) მეფის ქვეშევრდომები იყვნენ, მაგრამ ტომთაგან განსხვავებით სხვა ენა და ზნე-ჩვეულებები ჰქონდათ. მისიმიელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტია-ირანის ომში, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

მოსხები

მოსხები, ისტორიულ სამხრეთ საქართველოში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ტომი. ამ ფორმით ეს სახელი გვხვდება ანტიკური ხანის ავტორებთან (ჰეკატეოს მილეტელიდან, ძვ. წ. VI საუკუნიდან, მოყოლებული). მოსხებს თვლიან ძველ აღმოსავლურ (ასურულ, ურარტულ) წყაროებში მოხსენიებული მუშქების შთამომავლებად და უფრო გვიანდელი მესხების წინაპრებად. მიჩნეულია, რომ მუშქების სამეფოს (ანუ ფრიგიის) დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 676) ამ ტომებმა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლეს და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დამკვიდრდნენ. ძვ. წ. V. საუკუნეში მოსხები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სხვა ტომებთან ერთად (ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები, მარები) აქემენიდთა სპარსეთის XIX სატრაპიაში შედიოდნენ. მოსხები მონაწილეობდნენ სპარსეთის მეფის ქსერქსეს ლაშქრობაში საბერძნეთზე. ამ დროს ისინი შეიარაღებული ყოფილან მცირე ფარებით და შუბებით (ასევე იყვნენ შეიარაღებული ტიბარენები, მაკრონები და მოსინიკები).

 

მოსხების სახელი ეწოდება, ანტიკური მწერლობის ცნობით, მცირე კავკასიონის ერთ-ერთ განშტოებას (მოსხური მთები). სტრაბონის (I საუკუნე) ცნობით, კოლხეთი კავკასიონსა და მოსხურ მთებს შორის.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close