სხვადასხვა

ბაგრატ IV – ისა და ლიპარიტ ბაღვაშის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზის შესახებ.

სამუშია ჯაბა

საქართველოში XIს. 40-იანი წლებიდან იწყება ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომი მეფესა და ფეოდალურ ოპოზიციას შორის. სამოქალაქო დაპირისპირება, შესვენებებით, თითქმის, ორი ათეული წელი გაგრძელდა. ამ ომმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ქვეყნის წინსვლა-განვითარება. მის გამომწვევ მიზეზად კი იქცა სამეფო კარზე მოქმედი, პირველობისათვის მებრძოლი პოლიტიკურ დაჯგუფებათა შორის დაპირისპირება.

სამეფო კარზე ბევრი რამ იყო გასაყოფი. უმთავრესი მაინც საზოგადოებრივი მდგომარეობისა და გავლენის მოპოვება-შენარჩუნება იყო. ამ მიზნით დიდებულებს შორის იქმნებოდა დროებითი თუ ხანგრძლივი კავშირები, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში დომინირებული მდგომარეობის მოპოვებისაკენ.

საქართველოს სამეფო კარზეც XI საუკუნის 30-40-იან წლებში აშკარად მოქმედებდა რამდენიმე კლანური დაჯგუფება. დასაწყისში მათ შორის დაპირისპირება ფარულ ხასიათს ატარებდა. 1040 წლიდან კი ეს ბრძოლა სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. როგორც უმრავლეს შემთხვევაში, შიდა დაპირისპირება კარგად გამოიყენა საქართველოს საგარეო მტერმა. XI საუკუნის I ნახევარში ასეთ სახელმწიფოს ბიზანტია წარმოადგენდა. ბერძნებმა მოახერხეს ამ უთანხმოების ჯერ გაღვივება, შემდეგ კი სამოქალაქო ომში გადაზრდა. იმპერიის მესვეურებმა, ფაქტობრივად, მიაღწიეს იმას, რასაც XIს. დასაწყისიდან ცდილობდნენ, შეექმნათ საქართველოს შიგნით ძლიერი პრობიზანტიური დაჯგუფება, რომელიც დააბალანსებდა ცენტრალურ ხელისუფლებას.

ეს გეგმა, მართლაც, დიდი ხანია კონსტანტინოპოლში გააჩნდათ, მაგრამ არ არსებობდა ის პირი, რომელიც რეალურად განახორციელებდა ამ ჩანაფიქრს და, ამდენად, ლიპარიტ ბაღვაშის ბიზანტიელთა მხარეზე გადასვლამ საშუალება მისცა საიმპერატორო კარს, საქართველოს წინააღმდეგ ეს ვერაგული გეგმა სისრულეში მოეყვანა(1).

ისტორიკოსები ხშირად მსჯელობენ საკითხზე, თუ ვინ იყო დამნაშავე და ინიციატორი ბაგრატ IV-სა და ლიპარიტ ბაღვაშს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოებისა. ჩვენი აზრით, ცალსახად ერთი მხარის დადანაშაულება ამ კონფლიქტის დასაწყის ეტაპზე არ შეიძლება. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ორივე მებრძოლ ბანაკს. ცენტრალური ხელისუფლება კლდეკარის ერისთავთან დამოკიდებულებაში ბევრ რამეში უშვებდა შეცდომას, ბუნებრივია, ქვეყნის წინაშე დიდი დანაშაული მიუძღვის ლიპარიტსაც, უპირველესად, სამოქალაქო ომის გაღვივებასა და უცხო ძალის მოწვევისა გამო. საერთოდ, შთამომავლობა ყოველთვის ლმობიერია ცენტრალურ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რაოდენ რადიკალური და ულმობელი არ უნდა იყოს იგი, და მეტად მკაცრია ფეოდალთა მიერ მეფის თუ სამეფო კარის წინააღმდეგ მიმართული აქციის შეფასებისას. ამას თავისი ახსნა აქვს. ნებისმიერი თანამედროვე ქვეყანა გარკვეულ ისტორიულ ტრადიციებზეა დაფუძნებული, რომლის წყალობით ჩვენ შეგვიძლია თვალი გავადევნოთ ამ სახელმწიფოს ფორმირების რთულ პროცესს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დროში წარმოვიდგინოთ, როგორ მიმდინარეობდა ამა თუ იმ ქვეყნის ჩამოყალიბება.

ამ პროცესში გამორჩეული როლი ეკისრებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელიც, უმრავლეს შემთხვევაში, წარმმართველ ძალას წარმოადგენდა. ამიტომაც, ქვეყნის შიგნით მოქმედი იმ პოლიტიკური დაჯგუფების საქმიანობა, რომელიც ამ პროცესებს უპირისპირდებოდა ან სამეფო ხელისუფლების მიერ დასახული პოლიტიკური კურსის განხორციელებას უშლიდა ხელს, შეფასებულია უარყოფითად. ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში ცენტრისკენული ძალები ყოველთვის მიმზიდველია. სეპარატისტული მოძრაობა კი, პირიქით, ისტორიკოსთა კრიტიკას იმსახურებს. ასეთია ისტორიის კანონზომიერება და ამას ვერსად წაუვალთ. თუმცაღა, ისტორიკოსის ვალია მოვლენებს ჯეროვნად ჩაწვდეს და დეტალურად აჩვენოს თითოული ამ პროცესის გამომწვევი მიზეზები.

საქართველოში, XI საუკუნის 40-50-იან წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომის შეფასებისას, ბუნებრივია, ლიპარიტ ბაღვაშის როლი ყოველთვის უარყოფითად იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან იგი სეპარატისტული მოძრაობის მამამთავარი იყო და მისი ქმედება ქვეყნის ერთიანობის ბალავარს ასუსტებდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ კონფლიქტის დასაწყის ეტაპზე დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ცენტრალურ ხელისუფლებასაც ეკისრება, რამეთუ სამეფო კარის არაგეგმაზომიერმა მოქმედებებმა კლდეკარის ერისთავი მტრად აქცია. მეტიც, ბაგრატი IV-ს გარემოცვა ფარულად ებრძოდა ლიპარიტს და ცდილობდა მისი პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორებას. ზემორეთქმული არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ამით გვსურს ლიპარიტ ბაღვაშის რეაბილიტაცია. უბრალოდ, ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, რომ არც ის ფეოდალები იყვნენ უცოდველნი, რომლებიც სამეფო კარს ამოფარებულნი საკუთარ პოლიტიკურ თამაშს აწარმოებდნენ.

ლიპარიტ ბაღვაშის გაორგულება ერთბაშად არ მომხდარა და მას რამდენიმე მოვლენა უძღვოდა წინ. ბაგრატ IV-ის გამეფებისას დატრიალებული მოვლენების დროს, სამეფო კარზე, აშკარაა, დიდ გავლენას მოიხვეჭდა ლიპარიტ ბაღვაში. 1028 წელს, იგი სათავეში ჩაუდგა ქართველ პატრიოტთა დასს და წინ აღუდგა ბიზანტიელთა აგრესიას ჯავახეთსა და კლდეკარში. ბაღვაშთა ეს თაობა _ რატი ბაღვაში, ლიპარიტ ბაღვაში  –  სამეფო კარის ერთგულები ჩანან. სამეფო ხელისუფლებაც შესაბამისად აფასებდა მათ თავდადებას. პირველ ეტაპზე ლიპარიტ ერისთავი საქართველოს სამეფო კარის გავლენის ზრდისათვის ქედმოუხრელი მებრძოლია. მას არაერთხელ დაუმტკიცებია ბაგრატ IV-თვის თავისი ერთგულება. 1030 წლისათვის ლიპარიტის სარდლობით გაემართა აფხაზთა და ქართველთა ლაშქარი განძაზე სალაშქროდ(2).

მატიანე ქართლისას ავტორი აღნიშნავს: და დიდი ფადლონ, ავად იქცეოდა, და სწუნობდა ყოველთა მოთაულთა ამის სამეფოსათა. და ვიდრე ყრმაღა იყო ბაგრატ, შეკრბეს ლაშქარნი ამის სამეფოსანი, იპირნეს ლიპარიტ და ივანე აბაზას-ძე; მოვიდა დიდი კვირიკე, რანთა და კახთა მეფე, დავით სომეხთა მეფე, და ჯაფარ ამირა ტფილელი, რამეთუ ესე ყოველნი პირობითა კვირიკესითა შეკრებულ იყვნეს ეკლეც ფადლონს ზედა; გააქციეს ფადლონ და აუწყვიდეს ლაშქარი, აიღეს ავარი და განძი ურიცხვი.(3). ამ ცნობიდან კარგად ჩანს, რომ ლიპარიტ ბაღვაში ბაგრატ IV-ს მომხრე ფეოდალთა შორის აშკარა ლიდერი იყო და საქართველოს სამეფო კარის ნდობითაც სარგებლობდა.

XIს. 30-იანი წლებში ლიპარიტ ბაღვაში, როგორც ჩანს, სამეფო კარის დასტურით, ცდილობს ქალაქ თბილისის შემოერთებას. 1032 წელს მან და ქართლის ერისთავმა, ივანე აბაზას ძემ, მოტყუებით გამოიყვანეს თბილისის ამირა ჯაფარი ქალაქიდან და მუხათგვერდთან შეიპყრეს. მატიანე ქართლისა აღნიშნავს: და სიმცირესავე შინა ბაგრატ მეფისასა ლიპარიტ ლიპარიტის ძემან და ივანე აბაზას-ძემან, ქართლის ერისთავმან, მუხათგუერდსა გამოიტყუეს ტფილელი ამირა ჯაფარ, და შეიპყრეს, და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა, და წარუღეს ბირთვისი(4).

ამ ცნობას ადასტურებს სოფ. განახლების(5) ეკლესიის წარწერა: ქრონიკონი იყო სმიბ (1032). მოწყალებითა ღმრთისათა, მე,  თევდორე ღირს ვიქმენ აღშენებად წმიდისა საყდრისა, ადიდენ ღმერთმან, ბაგრატ მეფისა სალოცველად, და შემდგომად ლიპარიტ ერისთავთა ერისთავისა. მას ჟამსა დაიდვა ბალაჰვარი, ოდეს შეიპყრა ლიპარიტ ერისთავთა ერისთავმან ამირა(6) ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. თბილისის შემოერთებით საქართველოს გაერთიანების საქმეში ერთი დიდი ეტაპი მთავრდებოდა.

ბაგრატ IV-ის ხელში ექცეოდა არა მარტო ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი, არამედ საქართველოს მეფე თავის კონტროლს აწესებდა სტრატეგიული თვალსაზრისით ისეთ რეგიონზე, საიდანაც ადვილი იქნებოდა შემდგომში სამხედრო ექსპანსიის განხორციელება კახეთ-ჰერეთისა და ტაშირ-ძორაგეტის სამეფოების წინააღმდეგ. ერთიანი საქართველოს მეფეებიდან თბილისზე გავლენის დამყარებას შეეცადა ბაგრატ III, მაგრამ მას ქალაქის ამირას ინსტიტუტის მოსპობა არ უცდია. 1032 წლისათვის კი საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯი გაცილებით რადიკალური იყო.

ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ამირა ჯაფარის შეპყრობის შემდეგ, თბილისის შემოერთების შემთხვევაში საამიროს არსებობის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.

საქართველოს სამეფო კარი თბილისის საამიროს მიმართ აშკარა კონფრონტაციის გზას დაადგა. ასეთი პოლიტიკური კურსის ცვლილება მეტად მოულოდნელი იყო. ამირა ჯაფარი კლდეკარის ერისთავთან შესახვედრად ყოველგვარი ეჭვისა და საფრთხის გარეშე გამოდის, ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ამირას ერთი წუთითაც არ ეპარება ეჭვი ქართული მხარის განზრახვაში.

ეს, ბუნებრივიცაა, რამეთუ რამდენიმე წლის წინ საქართველოს სამეფო კარი (ლიპარიტ ბაღვაშის მეთაურობით) და თბილისის ამირა მოკავშირეები იყვნენ განძაზე ლაშქრობისას. ამ ურთიერთობით ისარგებლეს ლიპარიტ ბაღვაშმა და ივანე აბაზას ძემ და ამირა უეცრად დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ ამირა მათ ხელში იყო, ქართველმა ფეოდალებმა ვერ მოახერხეს თბილისის აღება და მხოლოდ ბირთვისის ციხე წაართვეს ჯაფარს. მატიანე ქართლისას ავტორის თქმით, თბილისის ამირას ბედი, მუხათგვერდის შემდეგ, საკმაოდ მძიმედ წარმართულა.

იგი დიდი ხნის მანძილზე იყო ტყვეობაში. ჩვენ შეგვიძლია, დაახლოებით გამოვიანგარიშოთ ამირა ჯაფარის პატიმრობის ხანგრძლივობა. მემატიანის ცნობით, ჯაფარის განთავისუფლების შემდეგ, მალევე (შემდგომად მცირედისა ჟამსა), ქართველებს ხელახალი საომარი მოქმედებები დაუწყიათ თბილისის საამიროს წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ლაშქრობა კი 1038 წელსაა სავარაუდო(7). ქართველ მემატიანეს თუ დავუჯერებთ, ჯაფარი ბაგრატ IV-ს ამ მოვლენის უწინ გაუთავისუფლებია. ამდენად, ამირას თბილისში დაბრუნება 1037 წლის ახლო ხანებში უნდა მომხდარიყო.

ყოველივე ზემორეთქმული კი მიუთითებს, რომ თბილისის ამირას ტყვეობაში თითქმის ხუთი წელი დაუყვია (ტფილელი ამირა ჯაფარ, და შეიპყრეს, და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა(8). მიუხედავად იმისა, რომ ამირა დაპატიმრებული იყო და შეიძლებოდა ასე უპატრონოდ მყოფი ქალაქის აღების ორგანიზება, სამეფო კარმა მიიღო გაურკვეველი გადაწყვეტილება  –  ამირა გაათავისუფლა ტყვეობიდან და კვლავ თბილისში დააბრუნა. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურად ჩანს, ვინაიდან, ამ მოვლენიდან მცირე ხნის შემდეგ, აფხაზთა და ქართველთა მეფემ თბილისის წინააღმდეგ ახალი დიდი ლაშქრობის მოწყობა ბრძანა. ივ. ჯავახიშვილი თავის დროზე მიუთითებდა, რომ “მას შემდგომ, როდესაც ამირას ბირთვისი წაართვეს ქართველებმა, მცირეწლოვან გვირგვინოსანს შეებრალა ტფილისის მფლობელიო”და კვლავ ქალაქის ამირად დაამტკიცაო(9).

მაგრამ საეჭვოა, მარტო ბაგრატ IV-ის გულკეთილობის გამო გაეთავისუფლებინათ ჯაფარი. ვფიქრობთ, გადაჭარბებულია ასევე ვ.. კოპალიანის მოსაზრებაც, რომ თითქოს ლიპარიტის გაძლიერების მოწინააღმდეგე აზნაურების ჩაგონებით ბაგრატ IV-მ გაათავისუფლა ამირა და ამით ლიპარიტს ჩაუშალა თბილისის საამიროს ხარჯზე თავისი სამფლობელოს გაფართოების გეგმა.(10).

ნაკლებ დასაჯერებელია, ლიპარიტის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ორგანიზატორი ბაგრატ IV ყოფილიყო. ვ. კოპალიანი მართალია, როდესაც ამირას ქალაქში დაბრუნების ინიციატორად კლდეკარის ერისთავის მოწინააღმდეგე დიდებულებს მიიჩნევს, მაგრამ მეცნიერი აშკარად აჭარბებს, ამ დაჯგუფების ლიდერად ბაგრატ IV-ს რომ მიიჩნევს (მეფემ გაანთავისუფლა ამირა და ამით ლიპარიტს ჩაუშალა თბილისის საამიროს ხარჯზე თავისი სამფლობელოს გაფართოების გეგმა).(11) ჯერ ერთი, ბაგრატი ამ დროს მხოლოდ 16 წლისაა და მეორეც, ეს ასე რომ იყოს კიდეც, ამ მოვლენიდან ცოტა ხნის შემდეგ ლიპარიტის ჩაგონებით სამეფო ოჯახი რატომ დაიწყებდა თბილისის შემოერთებისათვის ახალ ლაშქრობას, თანაც უფრო მასშტაბურს. თბილისის საამიროს ხარჯზე ლიპარიტის სამფლობელოს გაფართოების საფრთხე ამჯერად არ იარსებებდა?

ამირა ჯაფარის გათავისუფლებას აშკარად ნაჩქარევი გადაწყვეტილების კვალი ამჩნევია. როგორც ჩანს, ლიპარიტ ბაღვაშის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა დრო იხელთეს და ბაგრატ IV-ს კლდეკარის ერისთავის საზიანო გადაწყვეტილება მიაღებინეს, მაგრამ მოგვიანებით, საქმეში თავად ლიპარიტ ბაღვაში ჩარეულა და მეფე დაურწმუნებია თბილისის საამიროს წინააღმდეგ ლაშქრობის აუცილებლობაში. კლდეკარის ერისთავმა, მართალია, დროებით, მაგრამ მაინც, მიაღწია მოწინააღმდეგე კლანზე გარკვეულ გამარჯვებას. მატიანე ქართლისას ავტორი პირდაპირ მიუთითებს, რომ ბაგრატ IV-ს თბილისზე მეორე ლაშქრობის გადაწყვეტილება ლიპარიტმა მიაღებინა(12). შემდგომად მცირედისა ჟამისა აზრახა ლიპარიტ ბაგრატს წაღებად ტფილისისაო  –  დასძენს მემატიანე(13). უდავოა, იქ სიტყვა აზრახაში მეფის დაყოლიება, გადარწმუნება იგულისხმება. წყაროს ცნობების ანალიზის შემდეგ, ჩვენს წინაშე გადაიშლება სამეფო კარზე არსებული პოლიტიკურ დაჯგუფებათა ბრძოლის საკმაოდ საინტერესო ისტორია. სწორედ, ამ კლანთა შორის დაპირისპირებაში უნდა ვეძიოთ კიდეც მოგვიანებით ლიპარიტის განდგომის მიზეზიც.

მატიანე ქართლისას ავტორი საკმაოდ საინტერესოდ აღწერს 1038 წელს დაწყებულ თბილისის მეორე გარემოცვის მიმდინარეობას: მოადგეს ტფილისსა მტკუარსა ამიერით, ზემოთ და ქვემოთ, აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და წყალსა იმიერით, ისნით კერძო მოადგეს ლაშქარნი კახნი და ჰერნი და ბრძოდეს ორ წელ ტფილისსა. და მას ჟამსა იყო ამირა ჯაფარ, ძე ალისა.(14).

თბილისის გარშემო საალყო რკალი შეიკრა, ბუნებრივია, გადაიკეტებოდა ქალაქში შესასვლელი ყველა გზა, ვინაიდან, თავიდანვე იქნებოდა გადაწყვეტილი თბილისის გარე სამყაროსთან მოწყვეტა.

ამას გარდა, აფხაზთა მეფის ლაშქარმა დაიწყო საამიროს სხვა ციხეების გარემოცვა. ქართველთა მიზანი თავიდანვე მიმართული იყო იქითკენ, რომ მოეხდინათ თბილისის საარსებო რესურსების გამოფიტვა. ალყამ ორ წელს გასტანა. ამასობაში, ქალაქში საშინელი შიმშილი ჩამოვარდა. როგორც მემატიანე აცხადებს, თბილისში ლიტრა ვირის ხორცი ხუთასი დრამა ღირდა.

ამ პირობებში ჩავარდნილმა მოსახლეობამ, ამირას ზურგს უკან, ქალაქის ბაგრატ IV-სადმი გადაცემა გადაწყვიტა. ტფილელთა,  –  დასძენს მემატიანე,  –  განიზრახეს მოცემა ტფილისისა. და ამის ქალაქისა ბრძოლასა შინა წაუხუნეს ციხენი ორბეთი და ფარცხისი აფხაზთა მეფისა ლაშქართა.(15) თავის მხრივ, არც ამირა აპირებდა ომის გაგრძელებას. მან კარგად იცოდა მოსახლეობის განწყობა და ჩუმად ქალაქიდან გაპარვას ფიქრობდა. და ამირა შეეკაზმა თავის ლაშქრითა,  –  მიუთითებს ისტორიკოსი,  –  შემზადა ტივები და ნავები ღამით წარსვლად განძას ლაშქრის თანა ფადლონის შვილსა.(16) თითქმის ყველაფერი შემზადებული იყო იმისათვის, რომ თბილისი დაცემულიყო, მაგრამ ამ დროს ბაგრატ IV-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ახსნა ერთობ ძნელია. მან ქალაქს ალყა მოხსნა, ამირა ჯაფართან ზავი გააფორმა და ქალაქს გაეცალა.

ვინაიდან მეფის ეს ნაბიჯი, მოგვიანებით, ლიპარიტის გაორგულების მიზეზად იქცა, ცოტა ვრცლად შევეხოთ ამ მოვლენას.

ივ. ჯავახიშვილი ბაგრატ IV-ის ამ აჩქარების მიზეზად ირანსა და აზერბაიჯანში თურქთა გამოჩენას ასახელებს. მისი მითითებით, იბნ-ალ-ასირს შემონახული აქვს ერთი ძვირფასი ცნობა, რომელიც ქართველთა უცნაური აჩქარების, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი უნდა ყოფილიყო(17). იბნ ალ-ასირი წერს: 429 (1037-38) წელს აფხაზთა მეფემ ქალაქი თბილისი ალყაში მოაქცია და მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მხრიდან მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა, გარემოცვას და შევიწროებას მაინც განაგრძობდა. როდესაც ხორაგი გამოელია და სურსათის მოწოდება შეწყდა, მოსახლეობამ აზერბაიჯანის მუსლიმებს დახმარება და სამხედრო მხარდაჭერა სთხოვა. მაგრამ, როდესაც ღუზებმა აზერბაიჯანამდე მიაღწიეს და აფხაზებმა მათი მოახლოება შეიტყვეს და ისიც გაიგეს, თუ როგორ უსწორდებოდნენ ისინი სომხებს, შიშისაგან თბილისს მაშინვე ალყა მოხსნეს და დატოვეს.(18) შემდეგ ივ. ჯავახიშვილი დასკვნის სახით დასძენს: ეს გარემოება სრულებით ახალ შუქსა ჰფენს ქართველ დიდებულთა და ბაგრატის საქციელს. ალბათ, ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სელჩუკიანთა შემოსევა ქართველებს კეთილს არაფერს მოუტანდა და ქვეყნის აოხრებას ისევ ნებაყოფილობით დაზავება არჩიეს. ამ მხრივ ბაგრატისა და დიდებულთა გადაწყვეტილება გონივრული და ფრთხილი იყო.(19) ეს მოსაზრება მოგვიანებით არაერთმა ისტორიკოსმა გაიზიარა(20).

ფაქტობრივად, ისე იქნა ვითარება წარმოდგენილი, რომ თითქოს ბაგრატ IV-ს თურქ-სელჩუკთა მოსალოდნელმა ლაშქრობამ აიძულა მოეხსნა ალყა თბილისისათვის. ქართულ ისტორიოგრაფიაში ასევე არის მცდელობა, მატიანე ქართლისასა და იბნ ალ-ასირის ცნობების შეჯერებისა. მ. ლორთქიფანიძე ამ მოვლენებზე მსჯელობისას აღნიშნავს: გადამწყვეტი გავლენა ბაგრატზე ლიპარიტის მოწინააღმდეგე დაჯგუფებამ მოახდინა, რომელსაც არ მიაჩნდა სასურველად ლიპარიტის გაძლიერება. შესაძლებელია, გარკვეული გავლენა ბაგრატის გადაწყვეტილებაზე მოახდინა ცნობამ ამირას დასახმარებლად სელჩუკიანთა ლაშქრის წამოსვლის შესახებ.(21) ბ. სილაგაძე მიიჩნევს, რომ თბილისის ალყის მოხსნა ლიპარიტის მოწინააღმდეგე ფეოდალების ინსპირირებული იყო(22).

იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ 1040 წლის ახლო ხანებში თურქ-სელჩუკებმა სამხრეთ აზერბაიჯანი კი არ დაიკავეს, არამედ მათ ამ პროვინციის მხოლოდ ნაწილი მოარბიეს. თავად იბნ ალ-ასირი წერს, რომ ღუზებმა აზერბაიჯანამდე მიაღწიესო
.

(23) ირანის დასავლეთ ნაწილში თურქული ტომების მასობრივი მიგრაცია გაცილებით გვიან მოხდა. თბილისის ალყის დროს კი არათუ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში მათი შემოსევის საფრთხე არ არსებობდა. საილუსტრაციოდ, მოკლედ გავადევნოთ თვალი თურქ-სელჩუკთა ირანში დამკვიდრების ისტორიას.

ირანში თურქ-სელჩუკთა გამოჩენამდე საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა. აბასიანთა სახალიფოს დაშლის შემდეგ ირანში ახალი პოლიტიკური ერთეულები ჩამოყალიბდა. IX X საუკუნეებში უკვე მთელი ირანი მოფენილი იყო სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებით. 900 წელს ისმაილ სამანიდმა მოახერხა არა მარტო ხორასანის, არამედ მთელი აღმოსავლეთ ირანის ხელში ჩაგდება. თავისი ძლიერების ზენიტში სამანიდების სამეფო ფლობდა მავერანაჰრს, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ირანს, მათ შორის ხორასანს. Xს. მიწურულს სამანიდების ეს წარმატება საფუძვლიანად შეირყა. დანაწევრების პროცესი უკვე თვით სამანიდების სამფლობელოებსაც შეეხო. ამ პერიოდში მათ საბოლოოდ ჩამოშორდა შუა აზია და ამუდარიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც გაბატონდნენ თურქი ყარახანიდები. აღმოსავლეთ ირანში და ავღანისტანში ჩამოყალიბდა ღაზნევიანთა სამეფო, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მაჰმუდ ღაზნევის მმართველობის დროს, როდესაც სამანიდების სამფლობელოს დიდი ნაწილი, მათ შორის, ხორასანი ღაზნევიანთა გავლენის ქვეშ მოექცა. ამდენად, აღმოსავლეთ ირანში X-XI საუკუნეების მიჯნაზე არსებობდა სამანიდების, ღაზნევიანთა და ყარახანიდების სახელმწიფოები. სწორედ ამ პოლიტიკურ ერთეულებთან მოუწიათ ურთიერთობა თურქ-სელჩუკებს თავიანთი დასავლეთის მიმართულებით დაწყებული მიგრაციის პირველ ეტაპზე.

დასავლეთ ირანშიც XI საუკუნის დასაწყისში ანალოგიური სიტუაცია სუფევდა. აქ რამდენიმე პატარა პოლიტიკური ერთეული არსებობდა, რომელთაგან გამოირჩეოდა რავადიანთა და შადადიანთა საამიროები. 1025 წლისათვის თურქ-სელჩუკთა ერთერთი დიდი გაერთიანება ღაზნელთა მხარეზე გადვიდა და სულთან მაჰმუდს ხორასანში მიწების გამოყოფა სთხოვა. სწორედ ხორასანში სელჩუკთა გადასვლით იწყება ის დიდი თურქ-სელჩუკთა მოძრაობა, რომელმაც მოგვიანებით უდიდეს იმპერიას ჩაუყარა საფუძველი. მაგრამ, თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს იყო მხოლოდ შედარებით პატარა ჯგუფის გადასვლა ისტორიული ირანის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ მაჰმუდ ღაზნევის უახლოესი მრჩეველი და ვეზირი არსლან ჰაჯიბი საგანგებოდ ურჩევდა სულთანს უარი ეთქვა ოღუზთა ამ წინადადებაზე, იგი მაინც დათანხმდა მათ ჩამოსახლებაზე. თურქულ ტომებს საცხოვრებლად და საძოვრებისათვის ნესას, ფერავეს და აბივერდის რაიონი დაუთმეს. სამაგიეროდ, თურქ-სელჩუკებს სულთნისთვის ლაშქარი უნდა მიეშველებინათ(24).

ხორასანში თურქ-სელჩუკთა პირველი ტალღის გამოჩენის მიუხედავად, ძირითადი ნაწილი ოღუზი ტომებისა მაინც სირდარიისა და მავერანაჰრის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. შემდგომში დასავლეთ აზიის ისტორიაში კარგად ცნობილი ჩაღრი-ბეგდაუდი, თოღრულ-ბეგი და იბრაჰიმ-იინალი ჯერ კიდევ ყარახანიდების სამფლობელოებში მომთაბარეობდნენ. მათი მიგრაცია დასავლეთ აზიის მიმართულებით შედარებით გვიან დაიწყო. 1035 წელს ჩაღრი-ბეგ დაუდმა და თოღრულ-ბეგმა ხორასანში გადასვლა გადაწყვიტეს და იმავე წლის მაისში ამუდარია გადალახეს.

სელჩუკთა ახალი ტალღა ნესასა და ფერავეს გარშემო დაბანაკდა. ხორასანში თურქ-სელჩუკთა დიდი ნაკადის გადმოსვლისთანავე, ამ უკანასკნელთ, შეუერთდა მაჰმუდ ღაზნევის მიერ რამდენიმე წლით ადრე გადმოსახლებული ოღუზ-თურქებიც(25).

სულთანი მასუდი, ამჯერად, საკმაოდ უარყოფითად შეხვდა სელჩუკთა ხორასანში ჩამოსახლებას. მან თურქული ტომების განდევნა გადაწყვიტა და ლაშქრობის სამზადისს შეუდგა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 1035 წელს ფერავესა და შაჰრესთანს შორის. ამ ბრძოლაში სულთნის არმია სასტიკად დამარცხდა(26).

სელჩუკებმა დიდძალი ნადავლი იგდეს ხელთ, მათ შორის, სულთან მასუდის ხაზინა. ამ მარცხის შემდეგ, ღაზნევიანთა სამეფო იძულებული შეიქმნა ხელშეკრულება დაედო თურქ-სელჩუკებთან, რომლის ძალითაც ამ უკანასკნელთა კუთვნილებაში გადადიოდა ხორასანის საკმაოდ დიდი ტერიტორია  –  ნესა, ფერავე და დე-ჰისთანი(27). მაგრამ ამ შეთანხმებამ რამდენიმე თვე გასტანა. 1036 წლის თებერვალში ღაზნელთა სახელმწიფოს ზედაფენის ზეწოლის შემდეგ მასუდმა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ახალი ლაშქრობა მოაწყო, მაგრამ მისმა მხედრობამ კვლავ მარცხი განიცადა, რასაც მოჰყვა სელჩუკთა ახალი მოთხოვნები. მათ პრეტენზიებზე მასუდმა უარით უპასუხა. ეს იქცა საბაბად და თურქ-სელჩუკები თავად გადავიდნენ შეტევაზე. მათ 1037წ. 22 აპრილს აიღეს ქ. მერვი. სრულიად სამართლიანად ფიქრობს ბ. ზახოდერი, რომ მერვის აღებით, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა სელჩუკთა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ვინაიდან სწორედ ამ ქალაქში თურქ ოღუზთა წინამძღოლებმა მოითხოვეს ხუტბა წარმოეთქვათ არა სულთან მასუდის, არამედ ჩაღრი-ბეგ დაუდის სახელზე(28).

დაცემის პირას მყოფ ღაზნელთა სახელმწიფოს საფუძველზე უკვე შეიმჩნევა ახალი, მზარდი პოლიტიკური გაერთიანების კონტურები. ქ. მერვის აღების შემდეგ კი თურქ-სელჩუკებმა თავიანთ დაპყრობით ომებს ახალი მასშტაბები შესძინეს. 1038 წელს მათ ხორასანში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი ნიშაპური აიღეს და თოღრულ-ბეგი ხორასნის სულთნად აირჩიეს(29). XIს. 30-იანი წლების მიწურულს აზიის პოლიტიკურ რუკაზე ახალი სახელმწიფო გამოიკვეთა. სელჩუკთა ასეთმა წარმატებამ დიდად შეაშფოთა ღაზნევიანთა სახელმწიფოს მესვეურნი. 1038 წლის დასასრულს მასუდ ღაზნევმა მოაწყო ყველაზე დიდი ლაშქრობა სელჩუკთა წინააღმდეგ. თითქმის წელიწად ნახევარი სულთანი სასტიკად ებრძოდა თურქ ოღუზებს ხორასანში, მაგრამ მთელი ეს კამპანია 1040წ. მაისში, დენდანეკანთან ღაზნელთა სასტიკი დამარცხებით დასრულდა(30). ამიერიდან, ხორასანი საბოლოოდ გადავიდა სელჩუკთა ხელში. თოღრულ-ბეგი კი სიმბოლურად ბრძოლის ველზე დასვეს ტახტზე. აღმოსავლეთ ირანის უმდიდრესი რეგიონის ხელთგდების შემდეგ თურქ-ოღუზთათვის უკვე გზა ხსნილი იყო ირანის ცენტრალურ და დასავლეთ პროვინციებისაკენ, აქედან კი ბიზანტიისაკენ.

დასავლეთ ირანის მიმართულებით თურქული ტომების აქტიური მიგრაცია დაიწყო XIს. 30-40-ანი წლების მიჯნაზე. დენდანეკანთან ბრძოლის შემდეგ თოღრულ-ბეგმა მოახერხა რამდენიმე სერიოზული პუნქტის დაკავება ირანში. თანდათანობით თურქ ოღუზთა ხელში გადადის რეი, გურგანი, ტაბარისტანი, ჯიბალი.

ამ დროს, ჩარღი-ბეგ დაუდი, ძირითადად, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთი პროვინციების დაპყრობით იყო დაკავებული. თურქ-სელჩუკები ბიზანტიის საზღვრებთან XIს. 30-იან წლებში გამოჩნდნენ, მაგრამ ძირითადად ეს იყო დაზვერვითი და მარბიელი ხასიათის ლაშქრობები. პირველი ლაშქრობა ბიზანტიის შემადგენლობაში მოქცეულ სომხურ პროვინციებზე, თურქ-სელჩუკებმა განახორციელეს სამხრეთ აზერბაიჯანიდან 1037/1038 წლებში(31). სირიული წყაროების მიხედვით კი, პირველი დიდი ბრძოლა სელჩუკებსა და ბიზანტიელებს შორის მომხდარა 1037 წელს ქ. ბერკლის მიდამოებში, სადაც თურქ ოღუზებს სერიოზული წარმატებისთვის მიუღწევიათ(32). ამ დროიდან მოყოლებული, ბიზანტიის იმპერიის წინაშე, მართალია, მთელი სიმწვავით არა, მაგრამ უკვე დადგა ოღუზთა მარბიელი ლაშქრობების პრობლემა(33).

1040 წლისათვის თურქ-სელჩუკები, ძირითადად, აღმოსავლეთ ირანის დაპყრობით იყვნენ დაკავებულნი. მათი სამხრეთ აზერბაიჯანში გამოჩენა, მხოლოდ მარბიელი ლაშქრობა იყო და მეტი არაფერი. ს. მარქარიანის მითითებით, თურქ-სელჩუკებმა, მხოლოდ, 1055წ. მიწურულს მოახერხეს დასავლეთ ირანის დაპყრობა(34).

ამდენად, ცალსახად უნდა ითქვას, რომ XIს. 40-იანი წლების დასაწყისში თურქული ტომების შემოსევის არავითარი საფრთხე საქართველოში არ არსებობდა. ისინი მოძრაობდნენ თბილისიდან კარგა მოშორებით და იმისათვის, რომ ოღუზები გარემოცულ ქალაქს მიშველებოდნენ, საჭირო იყო მათ გამოევლოთ სამხრეთ კავკასიისა და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე პოლიტიკური ერთეული, რაც ერთობ რთული, შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელი, სამხედრო რეიდი იქნებოდა. თურქსელჩუკთა შემოსევის საფრთხეს ამ პერიოდში არ გრძნობდნენ სამხრეთ აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონები. მაგალითად, დვინის ამირა აბუ-ლ-ასვარი სწორედ 1040 წელს ებრძოდა ტაშირ-ძორაგეტის მეფეს დავითს. ისე გამოდის, რომ მხოლოდ ქართველებს შეშინებიათ და პანიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილან აზერბაიჯანში თურქ-ოღუზთა მარბიელის გამოჩენის გამო. ასეთი ვარაუდი, უდავოა, გადაჭარბებულია. შეუძლებელია, საქართველოდან რამდენიმე ასეული კილომეტრით დაშორებულ რეგიონში სათარეშოდ წამოსული ოღუზთა მოსვლა ბაგრატ IV-სა და სამეფო კარს სერიოზულად მიეღო.

იბნ ალ-ასირის მონათხრობს თუ კარგად ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ მემატიანე არსად არ მიუთითებს, რომ თურქები ამირა ჯაფარის დასახმარებლად მოდიოდნენ. ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ჯაფარმა სამხედრო მხარდაჭერა სთხოვა აზერბაიჯანის მუსლიმებს. ამ დროს ოღუზებმა აზერბაიჯანამდე მოაღწიეს და აფხაზებმა მათი მოახლოება შეიტყვეს და ისიც გაიგეს, თუ როგორ უსწორდებოდნენ ისინი სომხებს, შიშისაგან თბილისს მაშინვე ალყა მოხსნეს და დატოვეს. როგორც ვხედავთ, ამ ცნობაში არსად ნათქვამი არ არის, რომ ოღუზები საქართველოსაკენ წამოსულან ამირას დასახმარებლად. იბნ ალასირი მხოლოდ მიუთითებს, რომ თურქ-სელჩუკები აზერბაიჯანში მოვიდნენ, მათი მარბიელი ლაშქრობით შეშინებულმა ქართველებმა ალყა მოხსნესო. ჩვენი აზრით, ეს ორი მოვლენა ერთმანეთს დაემთხვა, იბნ ალ-ასირმა კი ისინი, რატომღაც, ურთიერთს დაუკავშირა.

ის ფაქტი, რომ საქართველოში არავითარი თურქ-სელჩუკთა შემოსევის საფრთხე არ არსებობდა და, საერთოდ, ბაგრატ IVის და ამირა ჯაფარის დაზავებას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ოღუზების აზერბაიჯანში გამოჩენასთან, კარგად ჩანს მატიანე ქართლისას მონათხრობიდან. აქ მოვლენები სულ სხვაგვარადაა გადმოცემული. თბილისის გარემოცვის დასრულების შემდეგ, მეფე, კახეთ-ჰერეთის სამეფოს წინააღმდეგ ლაშქრობს. ამ შემთხვევაში იბადება კითხვა, თუ არსებობდა რეალური საფრთხე თურქთა შემოჭრისა, მაშინ რატომ არ განახორციელა სამეფო კარმა რაიმე ღონისძიება ამ მიმართულებით? მატიანე ქართლისაში ისე ჩანს, რომ ბაგრატ IV-ს საერთოდ არ აწუხებდა ეს პრობლემა. მას გააჩნია თავისი გეგმა, რომელიც კახეთ-ჰერეთის შემოერთებას ისახავს მიზნად და იგი ამ ჩანაფიქრს ახორციელებს.

მოგვიანებით, თურქ-სელჩუკები გაცილებით ახლოს იყვნენ საქართველოს საზღვრებთან, უფრო მეტი იყო მათი ჩვენს ქვეყანაში შემოჭრის საშიშროება, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი ბაგრატ IV-თვის თავისი პოლიტიკა ეწარმოებინა თბილისის საამიროს, კახეთ-ჰერეთის თუ ტაშირ-ძორაგეტის სამეფოების მიმართ. სწორედ ეს მომენტები გვაფიქრებინებს, რომ არ უნდა იყოს მართებული ოღუზთა მარბიელი რაზმების სამხრეთ აზერბაიჯანში გამოჩენა და თბილისის ალყის მოხსნა ერთმანეთს დავუკავშიროთ. როგორც ზემოთ ითქვა, საყურადღებოა ასევე ის ფაქტი, რომ ამავე პერიოდში, 1040 წელს, ტაშირ-ძორაგეტის ასაოხრებლად დაძრულა დვინის ამირა აბუ-ლ-ასვარი. ამ მოვლენას დაწვრილებით მოგვითხრობს მათეოს ურჰაეცი. დავით კვირიკიანს დახმარება გაუწია ბაგრატ IV-მაც, რომელმაც 4000 კაცი გაუგზავნა.

დავითმა დახმარება სთხოვა ასევე იოანე სუმბატს, რომელმაც ტაშირ-ძორაგეტის მეფეს 4000 კაცი მიაშველა. კოალიციურმა არმიამ, რომელშიც 20000 კაცი შედიოდა, სასტიკად დაამარცხა აბუ-ლ-ასვარი(35). ეს ცნობა თვალნათლივ ცხადყოფს, რომ ბაგრატ IV-ის წინაშე არავითარი საფრთხე თურქ-სელჩუკთა შემოსევებისა არ არსებობდა. პირიქით, საქართველოს მეფე საკმაოდ აქტიურ პოლიტიკას აწარმოებს კახეთ-ჰერეთის შემოერთე-ბისა თუ ტაშირ-ძორაგეტის სამეფოსთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შეკვრის სახით.

იმის შესახებ თუ რა მოხდა სინამდვილეში თბილისის ალყის ჟამს, საკმაოდ ნათლადაა მოთხრობილი მატიანე ქართლისაში: და რომელთამე დიდებულთა აფხაზთა მეფისათა ლიპარიტისაგან, ფარულად გააზრახეს მეფესა არა განძება ამირასი, და ფარულად ლიპარიტისაგან დაჰკიდეს ზავი ამირასა, გამოაცხადეს და დამკვიდრეს ამირა ტფილისსავე ზედა.(36) როგორც ვხედავთ, მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარებულა. ირკვევა, რომ ქალაქ თბილისისათვის ალყის მოხსნა გარეშე საფრთხეს კი არ გამოუწვევია, არამედ ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ დაჯგუფებათა შორის ფარულ თუ აშკარა დაპირისპირებას.

ამ დროს საქართველოს სამეფო კარზე მიდიოდა გაცხოველებული კონკურენცია პოლიტიკურ კლანებს შორის. ეს დაჯგუფებები ცდილობდნენ მეფეზე ზეგავლენის მოხდენას და, რაც მთავარია, მიისწრაფვოდნენ, მეფის დასაყრდენი გამხდარიყვნენ. ამ ფეოდალთათვის ყოვლად მიუღებელი იყო მეფეზე ლიპარიტ ბაღვაშის გავლენის ზრდა. ამ გზით ისინი ჩრდილში ექცეოდნენ.

თბილისის აღების შემთხვევაში ბაღვაშის ავტორიტეტი ერთიორად გაიზრდებოდა, ამის შემდეგ მის წინააღმდეგ ბრძოლა უდაოდ ძნელი იქნებოდა. ლიპარიტის მოწინააღმდეგე ფეოდალებს, როგორც რამდენიმე წლის წინ, ამჯერადაც მიეცათ შანსი, ჩაეშალათ კლდეკარის ერისთავის წამოწყება და ამით ხელი შეეშალათ მისი გაძლიერებისათვის. მათ ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვეს.

როგორ დაიგეგმა პოლიტიკური ინტრიგა ლიპარიტის წინააღმდეგ? საბედნიეროდ მატიანე ქართლისას ესა თუ ის ცნობა საშუალებას გვაძლევს უფრო ღრმად ჩავწვდეთ მოვლენებს და მოვახდინოთ რეკონსტრუირება იმ პოლიტიკური პროცესისა, რომელმაც მოგვიანებით სამოქალაქო ომამდე მიიყვანა ქვეყანა.

ლიპარიტის გავლენა ბაგრატ IV-ზე აშკარაა. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ სამეფო კარის მიერ ამირა ჯაფართან დადებული შეთანხმება, რომლის ძალითაც თბილისის ამირა კვლავ დაბრუნდა ქალაქში, მალევე დაირღვა, სწორედ ლიპარიტის ინიციატივით.

კლდეკარის ერისთავმა მოახერხა სამეფო კარისათვის მიეღებინებინა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ მცირე ხნის წინ გადადგმულ ნაბიჯს, შერიგებოდნენ ამირა ჯაფარს. ეს აშკარად მეტყველებს, ერთის მხრივ, სამეფო კარზე ლიპარიტის გავლენაზე და, მეორეს მხრივ, სამეფო ოჯახის კეთილგანწყობილ დამოკიდებულებასა და ნდობაზე კლდეკარის ერისთავის მიმართ.

ბუნებრივია, ამ დეტალის შესახებ ლიპარიტის მოწინააღმდეგე დაჯგუფებას შესანიშნავად ეცოდინებოდა. ამიტომაც, პირდაპირ კლდეკარის ერისთავზე იერიშის მიტანა, საკმაოდ რთული იყო. იმის დაშვება, რომ ლიპარიტისადმი მტრულად განწყობილი ძალები შეეცდებოდნენ ბაგრატის დარწმუნებას კლდეკარის ერისთავის ღალატში, არ გვეჩვენება ლოგიკურად. სამეფო ოჯახს 1040 წლამდე არ ჰქონდა არავითარი საბაბი ეჭვი შეეტანა ლიპარიტის ერთგულებაში.

მაშ, რა მოხდა და როგორ მოახერხეს დიდებულთა აფხაზთა მეფესა და ლიპარიტს შორის ქიშპის ჩამოგდება. მატიანე ქართლისას ავტორი ამაზე საგანგებოდ მსჯელობს: დიდებულთა აფხაზთა მეფისათა ლიპარიტისაგან ფარულად დაარწმუნეს მეფე თბილისის გარემოცვის შეწყვეტაში და ფარულად ლიპარიტისაგან დაჰკიდეს ზავი ამირასა.(37) ეს მეტად მნიშვნელოვანი ცნობაა და ბევრ რამეს ჰფენს ნათელს. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ერთ წინადადებაში ორჯერაა ნახმარი სიტყვა ფარულად ლიპარიტისაგან. აშკარაა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს კლდეკარის ერისთავის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებასთან. მაგრამ მთავარი, ამჯერად, ჩვენთვის ერთი დეტალის გარკვევაა. რა გზით მოახერხეს დიდებულთა აფხაზთა მეფის დაყოლიება, გადაედგა ლიპარიტის საწინააღმდეგო ნაბიჯი. ჩვენის აზრით, სწორედ აქ იშლება მთელი ამ მოვლენის მთავარი ინტრიგა.

კლდეკარის ერისთავის მოწინააღმდეგე დიდებულებისათვის მთავარი იყო ლიპარიტისათვის წაერთმიათ პოლიტიკური ინიციატივა. ყველასათვის ცნობილი იყო, რომ თბილისის შემოერთებისათვის ბრძოლა ლიპარიტის ლიდერობით წარმოებდა. როგორც ზემოთ ითქვა, პირდაპირ კლდეკარის ერისთავის კომპრომეტირება შეუძლებელი იყო. ისინი, საფიქრებელია, გარკვეულ არგუმენტებს იშველიებდნენ და ამის მეშვეობით სასურველ გადაწყვეტილებას ააღებინებდნენ ბაგრატ IV-ს. საქართველოს მეფე ამ დროს 18-20 წლის ყმაწვილია. რა თქმა უნდა, იგი ისე კარგად ვერ იქნებოდა გაწაფული პოლიტიკურ ინტრიგებში, რომ ყოველივე მის გარშემო მომხდარი სათანადო სიღრმით გაეაზრებინა და შესაბამისი შეფასება მიეცა. ამიტომ, საფიქრალია, ბაგრატ IV ადვილად ექცეოდა სხვათა გავლენის ქვეშ და ამით კარგად სარგებლობდნენ სამეფო კარზე მოქმედი კლანები. ჩვენი აზრით, მოწინააღმდეგე ბანაკმა, კლდეკარის ერისთავზე პირდაპირი იერიში კი არ მიიტანა, არამედ მათ, მეფეს შესთავაზეს აფხაზთა სამეფოს გაძლიერების და გაფართოვების სხვა უფრო მომგებიანი წინადადება. ლიპარიტის გეგმის საპირისპიროდ, ჩვენი აზრით, ამ დაჯგუფებას უნდა წამოეყენებინა კახეთ-ჰერეთის შემოერთების იდეა და ამ კუთხით თბილისის გარემოცვისას გარკვეული სამუშაოც გაეწია. მატიანე ქართლისას ავტორს შემონახული აქვს ერთი საყურადღებო მინიშნება: იბირნა აფხაზთა მეფემან კახნი, –  დასძენს მემატიანე,  –  აშოტი მთავარი მარილელი, დისიძე კვირიკე მეფისა, და ხახვილა გურთა ჯურის-ციხითა; და მოეყარა აფხაზთა მეფე ქალაქსა და ემტერა კახთა.(38).

ამ ციტატიდან ისე ჩანს, თითქოს ამ ფეოდალთა გადაბირება პირადად მეფეს ეწარმოებინა, მაგრამ, უდაოა, ეს ასე არ იქნებოდა.

მეფე თავად არ დაიწყებდა ფარულ მოლაპარაკებას კახეთ-ჰერეთის ფეოდალებთან. ეს მის წოდებრივ მდგომარეობას არ შეეფერებოდა და ამას არც სამეფო კარი არ დაუშვებდა. ამასთა-ნავე, ბაგრატ IV ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო ასეთი საიდუმლო მოლაპარაკებების წარმართვისათვის. უპრიანია ვიფიქროთ, რომ მთელი ეს პროცესი, კახეთ-ჰერეთის ერისთავების მოსყიდვა-გადაბირება, სამეფო კარზე მოღვაწე დიდებულებმა განახორციელეს. არ გამოვრიცხავთ არც იმას, რომ მათ მეფე ფაქტის წინაშე დააყენეს.

კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III დიდის გარდაცვალების შემდეგ მეფედ კვირიკეს დისშვილი, ტაშირ-ძორაგეტის მეფის დავითის ვაჟი  გაგიკი ავიდა. როგოც ჩანს, გაგიკის გამეფებით კახეთ-ჰერეთში ყველა არ იყო კმაყოფილი. ეს ეცოდინებოდათ აფხაზთა მეფის კარზეც. კვირიკე III-ს მეორე დაც ჰყავდა, რომელიც მარილისის (პანკისის) ერისთავზე ყოფილა გათხოვილი. აშოტ მარილელის გარშემო შემოიკრიბა გაგიკის მოწინააღმდეგე ბანაკი. ბაგრატ IV-ის დიდებულებმა სწორედ მათთან გააბეს კავშირი და დახმარება აღუთქვეს კახეთ-ჰერეთის მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამ მოვლენების ანალიზისას ერთი რამ არის თვალში საცემი: რატომღაც აფხაზთა  სამეფოს დიდებულები ჩქარობენ. ხომ შეიძლებოდა ჯერ თბილისის შემოერთების საქმე დასრულებულიყო და მხოლოდ შემდეგ მიეხედათ კახეთ-ჰერეთისათვის?

აშოტ მარილელის განწყობა გაგიკისადმი ყოველთვის ასეთი იქნებოდა. მას, ბუნებრივია, თავისი ამბიციები ამოძრავებდა და მისით მანიპულირება ბაგრატ IV-ს და მის მომხრეებს ყოველთვის შეეძლოთ. მთავარი იყო ის, რომ აშოტ მარილელი წამოვიდა ფარულ კავშირზე აფხაზთა  სამეფოს წარმომადგენლებთან. არაფერი არ ედგა წინ იმას, რომ ყველაფერი ეტაპობრივად გადაწყვეტილიყო, ჯერ თბილისის შემოერთების საქმე, შემდეგ კი კახეთ-ჰერეთის პრობლემა. მაგრამ აშოტ მარილელისა და მისი მომხრეების გადმობირების ინიციატორებმა, ბაგრატ IV-ს სრულიად სხვა გადაწყვეტილება მიაღებინეს. როგორც ჩანს, ეს დიდებულები, თავის მხრივ, ლიპარიტთან იყვნენ დაპირისპირებულნი.

ამას გვაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ მთლიანობაში კახელი ფეოდალების მიმხრობა ლიპარიტის წინააღმდეგ მიმართული გეგმის შემადგენელი ნაწილი აღმოჩნდა. შეუძლებელია, ეს დამთხვევა უბრალო შემთხვევითობა იყოს. მატიანე ქართლისას ავტორი, ამ მოვლენების თანამედროვე, პირდაპირ აღნიშნავს, რომ კახეთ-ჰერეთზე ლაშქრობა კლდეკარის ერისთავისაგან ფარულად დაუგეგმავთ. ბაღვაშის მოწინააღმდეგე კლანმა მეფეს დაუხატა ბრწყინვალე პერსპექტივა კახეთ-ჰერეთის შემოერთებისა. ამასთანავე, გარკვეული მუშაობა ამ მიმართულებით უკვე ჩატარებული იყო. საქმე მართლაც რომ გადაუდებელი ჩანდა და ბაგრატ IV-მ რომელთა დიდებულთა აფხაზთა შეგონებით თბილისის გარემოცვას, კახეთ-ჰერეთის შემოერთება არჩია. ლიპარიტ ბაღვაშის ინიციატივა სამეფო კარმა კიდევ ერთხელ ჩააგდო. სწორედ ამას მოაყოლებს მატიანე ქართლისას ავტორი თავის ცნობილ ფრაზას:

და მიერითგან შეიქმნა ლიპარიტ ქუეგამხედვარად თავისი პატრონისაგანო.

ერთი სიტყვით, საქართველოს მეფემ გადადგა ნაბიჯი, რომელიც საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა ლიპარიტ ბაღვაშის პოლიტიკურ კურსს. სწორედ ეს იქცა კლდეკარის ერისთავის გაორგულების საბაბად. დაიწყო ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტ ბაღვაშის კონფლიქტი, რომელიც შესვენებებით 15 წელს გაგრძელდა.

შენიშვნები:

  1. 1. მართებულად აღნიშნავს ზ. პაპასქირი, რომ ბიზანტიელებმა ლიპარიტ ბაღვაშის მეშვეობით, ბაგრატ IV-ს ქვეყნის შიგნით გაუჩნდა უაღრესად ძლიერი ოპოზიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა მისი აქტიურობა საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე და სიძნელეები შეუქმნა ქვეყნის გაერთიანების საქმეში. იხ.: ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი. თბ., 1990, გვ. 158.

2 აღნიშნულ საკითხზე ვრცლად იხ.: პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები XI-XII საუკუნეებში. თბ. 1975, გვ. 192-193.

3 მატიანე ქართლისა.  –  ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I. თბ., 1955, გვ. 296.

4 მატიანე ქართლისა, გვ. 296-297.

5 სოფ. განახლება მდებარეობს დმანისის რ-ში. XIXს-მდე მას ერქვა ერქუშაანთ სოფელი. XIXს.-ში აქ დასახლებულმა ბერძნებმა მას სახელი შეუცვალეს და ამბარლო უწოდეს. ამჟამად, იგი შედის სარკინეთის საკრებულოში. იხ.: დ. ბერძენიშვილი, ლ. რჩეულიშვილი. განახლება.  –  ენციკლოპედია საქართველო, ტ. I. თბ., 1997, გვ. 549.

6 ვ. სილოგავა. ქვემო ქართლის წარწერები. ზოგადი მიმოხილვა.  –  კრ.: დმანისი, ტ. II. თბ., 2000, გვ. 242.

7 იბნ ალ-ასირის მიხედვით, თბილისის მეორე გარემოცვა ჰიჯრის 429 წელს დაწყებულა, რომელიც 1037 წლის 14. 10. – 1038. 03. 10. –ზე მოდიოდა. საეჭვოა ქალაქის გარემოცვა ქართულ მხარეს ზამთრის პირს განეხორციელებინა. როგორც წესი, შუა საუკუნეებში მიღებული იყო სამხედრო მოქმედებების გაზაფხულზე დაწყება. თუ ამას მივიღებთ მხედველობაში, მაშინ თბილისზე იერიშიც შეიძლება 1038 წელს ვიგულისხმოთ. მატიანე ქართლისას მიხედვით, ალყა ორ წელს გაგრძელებულა. ამდენად, თბილისის გარემოცვა 1038-1040 წლებში წარმართულა. ლიპარიტ ბაღვაშის სამზადისი აჯანყებისათვის 1040 წლის ზამთარში უნდა განხორციელებულიყო. უშუალოდ გამოსვლა და ბიზანტიელების საქართველოში მოწვევა 1041 წელსაა საგულვებელი. აღნიშნული მოვლენების დათარიღების შესახებ იხ.: ჯ. სამუშია. XI საუკუნის საქართველოს ისტორიის რამდენიმე მოვლენის დათარიღებისათვის.  –  ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 4. თბ., 1997, გვ. 238-242.

8 მატიანე ქართლისა, გვ. 296.

9 ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II.  –  თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II. თბ., 1983, გვ. 141.

10 ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წწ. თბ., 1969, გვ. 181-182.

11 მ. ლორთქიფანიძის მითითებით, ბაგრატ IV-ის გადაწყვეტილებაზე აშკარად იმოქმედა ლიპარიტ ბაღვაშის მოწინააღმდეგე დაჯგუფებამ. თბილისის საამირო უშუალოდ ეკვროდა კლდეკარის საერისთავოს და ძლიერ ერისთავს სურდა თავისი სამფლობელოების გაზრდა თბილისის საამიროს ხარჯზე (იქნებ ქალაქი თბილისიც თავისთვის უნდოდა ლიპარიტ ბაღვაშს?), მაგრამ ლიპარიტის ზრახვებს სხვებიც იყვნენ მიხვედრილნი და სწორედ იმიტომ გაათავისუფლა ბაგრატმა დატყვევებული ამირა ჯაფარი. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე.  –  საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. III. თბ., 1979, გვ., 162-163.

12 რა ინტერესები ჰქონდა ლიპარიტ ბაღვაშს თბილისის შემოერთებისას? რა თქმა უნდა, შესაძლებელია დავუშვათ, რომ ლიპარიტ ბაღვაშს თავისი სამფლობელოები გაეფართოებინა თბილისის საამიროს ხარჯზე. 1032 წელს ამირა ჯაფარის შეპყრობისას ლიპარიტმა მოახერხა ბირთვისის ციხის აღება, რომელიც საამიროს შემადგენლობაში შედიოდა. კლდეკარის ერისთავმა ეს მნიშვნელოვანი პუნქტი თავისთვის დაიტოვა. შეიძლება გვეფიქრა, რომ ასეთი ბედი ეწეოდა თბილისის საამიროს სხვა ტერიტორიებსაც და ისინი კლდეკარის ერისთავის გავლენის ქვეშ მოექცეოდნენ, მაგრამ, ვფიქრობთ, საკითხის ასე დაყენება არ იქნება გამართლებული. თბილისის წინააღმდეგ მეორე ალყის ჟამს, სამხედრო კამპანიას აფხაზთა და ქართველთა მეფის ლაშქარი აწარმოებდა. მათ მიერ დაკავებულ ციხეებს კი ლიპარიტ ბაღვაშს არავინ გადაულოცავდა. რაც შეეხება თბილისს, მასზე კონტროლს ცენტრალური ხელისუფლება არასგზის არ დათმობდა. ამდენად, თბილისის აღების შემთხვევაში ლიპარიტს მნიშვნელოვანი ტერიტორიული შენაძენი შეიძლება მიეღო, მაგრამ ჩვენი აზრით, ამას ნაკლები მნიშვნელობა ექნებოდა იმასთან შედარებით, რასაც ლიპარიტი პოლიტიკური გავლენის ზრდის თვალსაზრისით მიაღწევდა.

13 მატიანე ქართლისა, გვ. 297.

14 მატიანე ქართლისა, გვ. 297.

15 მატიანე ქართლისა, გვ. 297.

16 შ. ბადრიძე უფრო მართებულად მიიჩნევს მატიანე ქართლისას ამ მონაკვეთის მარიამისეული და ვახტანგისეული ნუსხების მიხედვით წაკითხვას, სადაც მითითებულია, რომ თბილისის ამირა წასვლას აპირებდა ლაშქარსა თანა. ფადლონის მემკვიდრეს მართლაც ერქვა ლაშქარი  –  ალ-ლაშქარი და არა ლაშქრი. შ. ბადრიძის დაკვირვება მართებულად გვეჩვენება (იხ.: შ. ბადრიძე. მატიანე ქართლისას ერთი ადგილის ახსნისათვის.  –  ცისკარი, 1960, #6, გვ. 146-147).

17 ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია.., გვ. 142.

18 იბნ ალ-ასირის თხზულების ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთი მოტანილი გვაქვს ბ. სილაგაძის თარგმანის მიხედვით. ბ. სილაგაძე. არაბთა ბატონობა საქართველოში. თბ., 1991, გვ. 221; იხ. ასევე:ნ. შენგელია. სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში. 19 ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია.., გვ. 142.

20 ნ. შენგელია. სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, გვ. 174; პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები XI-XII საუკუნეში.., გვ,., 194; ზ. პაპასქირი. შუა საუკუნეების საქართველო საერთაშორისო არენაზე. თბ. 1991, გვ. 5; მ. ლორთქიფანიძე, ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური და დიპლომატიური ბრძოლა საერთაშორისო არენაზე სრული სუვერენიტეტის მოპოვება განმტკიცებისათვის XI ს-ის 20-80-იან წლებში.  –  ქართული დიპლომატიის ისტორია. თბ., 2003, გვ. 170.

21 მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე, გვ. 163.

22 ბ. სილაგაძე. არაბთა ბატონობა საქართველოში.., გვ. 222-223.

23 ბ. სილაგაძე. არაბთა ბატონობა საქართველოში.., გვ. 221.

24 მაჰმუდ ღაზნევმა არ მიიღო თავისი ვეზირის რჩევა, რომ ამუდარიაზე გადმოსული ყველა თურქისათვის თითი მოეჭრათ, მაგრამ, სამაგიეროდ, სულთანმა ბრძანა, რომ ყველასათვის იარაღი აეყარათ.

26.

26 ნ. შენგელია. სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, გვ. 83.

27 ნ. შენგელია. სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, გვ. 83-84.

30 ნ. შენგელია. სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში.., გვ. 89.

35 აღნიშნულ საკითხზე იხ.: ქ. ქუთათელაძე. ტაშირ-ძორაგეტის სამეფო X საუკუნის ბოლოს და XI საუკუნის I ნახევარში (გურგენ-კვირიკე I, დავით ანჰოლინი).  –  კრ.: დმანისი, ტ. II. თბ., 2000, გვ., 201.

36 მატიანე ქართლისა.., გვ. 297-298.

37 მატიანე ქართლისა.., გვ. 297.

38 მატიანე ქართლისა.., გვ. 298. ილ. ანთელავას აზრით, ხახლა გურთას მაგიერ უნდა წავიკითხოთ სახელი ხახლაგურნი. ტექსტი კი ასე უნდა გავმართოთ: ხახლაგურნი ჯურის-ციხითა. ილ. ანთელავა. მასალები მატიანე ქართლისას ტ  ნაკაშიძეები – ნაკასჰიდზე.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also

Close
Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა