ისტორია

სერბი მანდარინები და ომი

სავიჩი ობრად

თარგმანი რუსულიდან – მაგდა ნებიერიძე.

სტატია წარმოადგენს, ქალაქ ბარსელონაში 2001 წლის 20 თებერვალს, თანამედროვე კულტური ცენტრში, წაკითხული მოხსენების განახლებულ ვერსიას. იბეჭდება შემოკლებით.

დრამატიზმით აღსავსე მონათხრობს, შეუძლია დაუბრუნოს მკაცრ რეალობას მოძალადის სახე.

წინაისტორია.

სანამ შევუდგებოდე ,,ეროვნული ინტელიგენტის  საკამათო და მე ვიტყოდი, საოცარი ფიგურის ანალიზს, სურვილი მაქვს დეტალურად განვიხილო ის საზოგადოებრივი კონტექსტი და პოლიტიკური ფონი, რომელიც განსაზღვრავს ჩემს პოზიციას. მილოშევიჩის რეჟიმის ,,მილიტარისტულ ლეგიტიმაციაში  სერბული ეროვნული ელიტის მნიშვნელოვანი როლის (რომლის მიზეზები და შედეგები უნდა გავანალიზოთ), რეკონსტრუირებას, ბელგრადის წრეში * ჩემი ათწლიანი მოღვაწეობიდან გამომდინარე ვაპირებ. სერბეთის რეჟიმი და მისი ნაციონალისტური ოპოზიცია სისტემატიურად ესხმოდნენ თავს ბელგრადის  წრეს , ყოველმხრივ ამცირებდნენ და ცდილობდნენ ჩვენი საზოგადოებრივი, კულტურული და პოლიტიკური მოღვაწეობის აღკვეთას. ხელისუფლების მიერ ორგანიზებული პოლიტიკური იზოლაციის მიუხედავად, რომელსაც განვიცდიდი სერბეთის ამ ერთადერთ ინტელექტუალურ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ჩემს მეგობრებთან ერთად, არ ვაპირებ ავყვე ავტოისტორიზაციის ცდუნებას.

ყოფილი იუგოსლავიის შემაშფოთებელი და მოულოდნელი დაშლის პერიოდში ბელგრადის უნივერსიტეტში ვმუშაობდი. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ დროებით ჩამომაშორებდნენ დაკავებულ თანამდებობას, ხოლო შემდეგ, პოლიტიკური მიზეზების გამო, გამანთავისუფლებდნენ ბელგრადის უნივერსიტეტიდან, ყველანაირი კავშირი გავწყვიტე სერბეთის კორუმპირებულ პოლიტიკოსებთან. ნაციონალისტური რეჟიმისადმი რადიკალურად უარყოფითი დამოკიდებულება დღემდე შევინარჩუნე. ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, მე გავხდი შიდა ემიგრანტი , იზოლირებული და დევნილი მარგინალი, რომელსაც ასეთი პოლიტიკური სტატუსის გამო, აღარაფერი დარჩენოდა, იმის გარდა, რომ სოლიდარული ყოფილიყო დამარცხებულ, სერბეთიდან განდევნილ ინტელექტუალებთან, რომლებიც მთელს მსოფლიოში მიმოიფანტნენ და თავს ,,ადგილგადანაცვლებული ბელგრადის   კულტურულ ელჩებად თვლიდნენ. თავს მოხვეული იზოლაცია დაგვეხმარა, შიშისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე უარგვეყო გაბატონებული წარმოდგენა ეთნოსის, ერის და სახელმწიფოს მიმართ უსიტყვო მორჩილების შესახებ.

სამშობლოდან დევნილი ინტელიგენციის თემა, რომელსაც ჩვენ შევეხეთ და რომელიც აშკარა ავტობიოგრაფიულ ნიშნებს ატარებს, შეიძლება არტიკულირებული იყოს ,,პოსტიუგოსლავური მომთაბარის  ახალ ფიგურაში.

ჩვენ არ ვაპირებდით სერბი მანდარინების პროპაგანდის ტოტალური ტირანიისათვის თეორიული რეფლექსიის პრივილეგირებულ ენა დაგვეპირისპირებინა. ჩვენ არ ვაპირებდით გვეპირფერა ნაციონალისტი ინტელექტუალების წინაშე დახვეწილი კრიტიკითა და თეორიული კონტრარგუმენტებით.

გაველურებული ნაციონალისტური დისკურსის უნიტარული კომპეტენციის წინააღმდეგ კულტურული და თეორიული წინააღმდეგობისას, დარწმუნებული არ ვიყავით დახვეწილი კრიტიკული ცოდნის ეფექტურობაში. ჩვენთვის სავსებით ნათელი იყო, რომ შეჯახებისას პოლიტიკური ცნებები (ცოდნა და არცოდნა, სიმართლე და სიცრუე, სამართლიანობა და უსამართლობის, მშვიდობა და ომი) დროებითი იწყებენ ფუნქციონირებს როგორც ცალკეული ტაქტიკური ერთეულები, ერთადერთ, ეტატიზირებულ ,,ნაციონალური სივრცეში . ვიცოდით, რომ საბოლოოდ დისკურსიულად ურთიერთდაპირისპირებული ორივე ძალა სახელმწიფო ხელისუფლების და ბიუროკრატიული ძალაუფლების სტრატეგიულ სქემაში აღმოჩნდებოდა. იმისათვის, რომ განსხვავებულმა სუბიექტებმა გამოხატონ თავისი შეხედულებები, დაიკავონ ტაქტიკურად საპირისპირო პოზიციები, მაგალითად ,,დემოკრატიული ანგელოზის  და ნაციონალისტური აჩრდილის , აღმოჩდნენ მტრულ ბანაკებში, იპაექრონ საკუთარი ცოდნის საფუძველზე და კონფლიქტი ჰქონდეთ პოლიტიკურ სფეროში – აუცილებელია ისეთი სტრუქტრურიზებული ორგანიზმის არსებობა, როგორიც სახელმწიფოა. მას კი, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ჰქონდეს უნარი დაიცვას, ანტაგონისტური საზოგადოება საკუთარი თავისაგანვე. რეალურ ანტინაციონალისტურ პოლიტიკას შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი აჯანყების ფორმით, როდესაც უსწორდებიან ერის სახელმწიფოებრივ  რასისტულ, ინსტიტუციონალურ აჩრდილს. აუცილებელია აჯანყება იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და რაც ყველაზე ცუდია, ეთნიკურ უმცირესობებს ექცევა ისე, როგორც საზოგადოებისათვის საზიანო ელემენტებს.

როგორც იმ ერის წარმომადგენელი, რომლის ეროვნულ – მეომრული აღმაფრენა მთლიანად ჩახშობილია, ერისა, რომელიც თავისი მიზეზითა და სხვისი სისულელის გამო ისტორიის ფსკერზე აღმოჩნდა, დაკარგა საერთაშორისო ავტორიტეტი და სახელმწიფოებრივი ღირსება, გავბედავ ვთქვა, რომ მზად არა ვართ იმ უმთავრესი ისტორიული ამოცანისათვის, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. მაშასადამე, ჩვენს წინაშეა პოლიტიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით ინფანტილური საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მზად დაინახოს სხვაობა ინდივიდუალურ დანაშაულსა და კოლექტიურ პასუხისმგებლობას შორის, გაბედულად შეხედოს იმ ბოროტებას, რომელიც მან მიაყენა სხვებსა და თავის თავს. პასუხისმგებლობის სხვებისათვის დაჟინებული დაკისრება, წარმოადგენს იმ ერის უდავო ისტორიული არასრულფასოვნების ნიშანს, რომელიც ყოველნაირად ცდილობს გამოიწვიოს მთელი მსოფლიოს სიბრალული, იმის მაგივრად, რომ მიაღწიოს საერთაშორისო პატივისცემას და უფრო მეტიც, აღფრთოვანებასაც. კლაუსტროფობიური ნაციონალური იდენტიფიკაციის მოულოდნელმა ატალღებამ საშიში მანძილით დააშორა სერბეთი მის ევროპულ მემკვიდრეობას, რეგიონალურ მეზობლებს და ტრადიციულ მოკავშირეებს. ნაციონალური ელიტები თავის ძალას იღებდნენ პოპულისტურ ორგიებში, უნახავ წივილ – კივილში და მილიონობით თვისტომთა ღმუილში, რამაც მთელი ხალხი აკუსტიკურ ლაბორატორიად გადააქცია. ბალკანეთის გადანაწილების დაუმთავრებელმა პროცესმა გამოიწვია ურთიერთანგარიშსწორებები ეთნიკურ ჯგუფებებს შორის და ამ სავალალო პროცესებში სერბეთმა სამარცხვინო პოზიცია დაიკავა. მცირე ნაციონალური სახელმწიფოების სოკოებივით მომრავლება დაკანონებული იყო ანტითანამედროვე იდეოლოგიით და ე. წ. გლობალიზაციისა და ახალ მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ ფუნდამენტალისტური რეაქციით. დასავლური კულტურული ნორმების რეგრესიულ უარყოფასა და თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებისადმი ბარბაროსულ ანგარიშსწორებაში, სერბულმა ეთნონაციონალიზმმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

პათოლოგიური ეროვნული მესიანიზმის მორევსა და ლოკალურსა და გლობალურს შორის მზარდი მტრობის სიტუაციაში, ,,ბელგრადის წრე  შეეცადა შეენარჩუნებინა პრინციპული პოლიტიკური პოზიცია, რომლის თანახმადაც ეროვნული და ინტერნაციონალური არ იმყოფებიან არც ძალადობრივ იგივეობაში და არც ურთიერთწინააღმდეგობაში. ,,ბელგრადის წრის  მნიშვნელობა ზუსტად იმაში იყო, რომ ჩვენ არ ვაპირებდით ჩავბმულიყავით კონფლიქტში სერბეთში არსებულ კორუმპირებულ-მაფიოზურ ხელისუფლებასა და მემარჯვენე – ნაციონალისტურ ოპოზიციას შორის. ,,ბელგრადის წრის  დამფუძნებელთა კრებაზე მისმა პირველმა პრეზიდენტმა, რადომირ კონსანტინოვიჩმა აღნიშნა, რომ ჩვენ არ შეგვეძლო გვეცხოვრა ორთავიან ურჩხულთან, არ გვინდოდა გადავქცეულიყავით მონსტრად – ნაციონალისტურ დემოკრატებად, რომელთა ძალისხმევითაც ქვეყანა მოიცვა ძალადობამ, შიშმა, ტერორმა და სიკვდილმა. კონფორმისტი და კორუმპირებული სერბი ინტელიგენცია, სერბული ნაციონალური იდენტიფიკაციის ეს სიმბოლური ჯამბაზები, სასტიკად აუმხედრედნენ ,,ბელგრადის წრეში  გაერთიანებულ ერის მოღალატეებს . დამსმენობის ნაციონალისტური მექანიზმები მოქმედებდნენ სახელმწიფოებრივ კულტურულ დაწესებულებებსა და განსაკუთრებით იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერდნენ არსებულ რეჟიმს. მილოშევიჩის ტირანია მრავალი წლის მანძილზე დაუბრკოლებლად ფუნქციონირებდა და წარმოშობდა სახელმწიფოებრივ ,,ჭეშმარიტებას  საკუთარ ხელისუფლებაზე, იმ ,,ჭეშმარიტებას , რომელსაც გულმოდგინედ ქმნიდა ეროვნული ელიტა.

Gგასაოცარი არ არის, რომ უშუალოდ ომის დაწყების წინ სერბულმა ელიტამ ისევ დაიწყო ერის წინააღმდეგ შეთქმულების  თემის მუსირება. მისი მიზანი იყო პოპულისტური რევანშიზმის მობილიზაცია, იმისათვის, რომ იუგოსლავიაში ძალების არათანაბარი გადანაწილება სერბებისათვის მომგებიანად შეცვლილიყო.

მრისხანებისა და ერისათვის გულისტკივილის  მზაკვარი დისკურსი ფუნქციონირებდა, როგორც სხვაგვარად მოაზროვნეთა მიკერძოებული და სულ უფრო დაუნდობელი მარგინალიზაციის სტრატეგიის იარაღი. შეთქმულთა სია , რომელშიც აღმოჩნდნენ ჰომოსექსუალისტები და პაციფისტები, სტუდენტები და ოპოზიციონერები, ვატიკანი და ისლამი, აღმოსავლეთი და დასავლეთი, და ბოლოს თვით ახალი მსოფლიო წესრიგი, მეტყველებს იმაზე, რომ ჩამოყალიბდა კავშირი საზოგადოებრივ ნაციონალიზმსა და სახელმწიფოებრივ რასიზმს შორის. საბრალდებო სკამზე, სერბეთის წინააღმდეგ შეთქმულთა  შორის, ბელგრადში მოღვაწე ჰელსინკის ადამიანთა უფლებების კომიტეტის გვერდით, საპატიო ადგილი დაიკავა ,,ბელგრადის წრემაც.

დღესდღეობით, კოსოვოელი ალბანელების მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისა და მონტენეგროს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის სრული აღდგენის შემდეგ, იუგოსლავიის, როგორც უნიტარული სახელმწიფოს, ისტორია შეიძლება საბოლოოდ დასრულებულად ჩაითვალოს. ბოლოს და ბოლოს უნდა ვაღიაროთ, რომ საერთო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი კატასტროფა არის მხოლოდ ის ფასი, რომელიც სერბეთმა უნდა გადაიხადოს ნაციონალისტური რეჟიმის დამყარების გამანადგურებელი მცდელობისათვის. ბოროტების მასშტაბი, რომელიც ჩვენ მივაყენეთ როგორც სხვებს ისევე ჩვენს თავს, შეუძლებელია გამოსწორდეს მხოლოდ ქვეყნის შიგნით ძმური მოწყალებითა და ეროვნული შერიგებით. დღეს სენტიმენტალიურობის დრო არ არის: თავისი ნების საწინააღმდეგოდაც კი, სერბეთი ვალდებულია დათანხმდეს, რომ მხოლოდ საერთაშორისო კონტროლის ქვეშ, მოაგვაროს ურთიერთობები ქვეყნის შიგნით და მეზობლებთან. Uუნდა ვაღიაროთ, რომ სერბული სახელმწიფოს კონსოლიდაცია და დემოკრატიული რეფორმები შეუძლებელია საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებისა და მე ვიტყოდი, ზეწოლის გარეშე. Gგარდა ამისა ქვეყნის განახლება და ნორმალიზაცია, ითვალისწინებს სიტუაციის გამომასწორებელი სამართლიანობის, მუდმივ და ფართომაშტაბიან გამოყენებას, რომელიც უნდა გახდეს ,,ხალხის საერთო კანონი . მხოლოდ სასამართლო დარბაზში შეიძლება დადგინდეს და დაისაჯოს ინდივიდუალური დანაშაული, გამოვლინდეს ის პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც ეფარებოდა კოლექტიური უპასუხისმგებლობის უხილავ საბურველს.

ფრონტის ნოსტალგია.

აუცილებელია მილოშევიჩის უზარმაზარი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ძალაუფლების სამხედრო ფონის ყოველმხრივი გაშუქება. ვფიქრობ, რომ სლობოდან მილოშევიჩის აღმავლობისა და დაცემის გაგება შეუძლებელია ,,დემოკრატიული არჩევანის  პერსპექტივიდან: თანამედროვე პოლიტიკური კულტურის და პლურალისტური დემოკრატიის, ლიბერალური სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანთა უფლებების და ინდივიდუალური თავისუფლების არარსებობის თვითკრიტიკული ჩივილის პოზიციებიდან. ,,სერბეთის რეჟიმის  კრახი და ჩვენს მიერ მემკვიდრეობით მიღებული მილოშევიჩის კრიმინალური სახელმწიფოს დაცემა, არ იყო სერბული სახელმწიფოს დემოკრატიული, პოლიტიკური, ზნეობრივი და იურიდიული ასპექტების გარდაქმნის კოლექტიური აქციის შედეგი. სხვა სიტყვებით, როგორც ივარაუდა ლატინკა პეროვიჩმა, ,,სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის სოციალურ-ეკონომიკური გაცვეთილობის შედეგი იყო, სერბეთის დემოკრატიული ოპოზიციის გამარჯვება სექტემბრის (2000 წ.) არჩევნებზე. ოპოზიციას არ ჰქონდა სხვა პროგრამა გარდა იმისა, რომ დაემხო მილოშევიჩი.  მილოშევიჩის რეპრესიული რეჟიმის უჩვეულოდ სწრაფი აღმავლობა, მილიტარიზებული მასის უეცარი და მკვეთრი წარმოქმნა შეიძლება აიხსნას მხოლოდ სამხედრო პარადიგმით, რომელიც წარმოიშვა სახელმწიფო ტერორით და საზოგადოებრივი ძალადობით აღსავსე პოლიტიკურ სივრცეში. გაფანტულ და დეზინტეგრირებულ ხალხს უნდა შეეცვალა თავისი მდგომარეობა, შეკრებილიყო ორგანიზებულ მასად, გაერთიანებულიყო ერთ სიდიდეთ, საიდანაც უნდა აღმოცენებულიყო აღორძინებული და ერთიანი, გენეტიკურად სუფთა სერბი ერი. ძალით აქტივიზირებული მასების წარმატება რომ გაეგრძელებინათ, მოქმედებაში იქნა მოყვანილი აგრესიული ჰომოგენიზაცია და ეთნიკური და ეროვნული ნიშნების მიხედვით დაყოფა, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა და მისი განხორციელებისათვის დიდი რესურსები არ იყო საჭირო. ეს ანაქრონისტული და დამღუპველი ეგალიტარიზმი გაჩნდა, როგორც ელიტის, ასევე მასების განწყობებში. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ სერბული ეთნონაციონალიზმის შემთხვევაში არსებობდა ძალადობრივი კონსენსუსი, რომელშიც ყველანი მონაწილეობდნენ: ხელისუფლება და ოპოზიცია, ბელადი და ხალხი, პოლიტიკოსები და ინტელექტუალები. ის, რომ გამოჩენილი სერბი ინტელექტუალები სერბეთის პოპულისტურ სახელმწიფოდ გადაქცევაში მონაწილეობდნენ, თვალსაჩინოს ხდის ელიტისა და ხალხს შორის შესაძლებელ შეხების წერტილებს. ინტელექტუალური ელიტის მიერ შეგულიანებული და შთაგონებული სერბი ხალხი მზად იყო საქვეყნოდ დაეფიქსირებინა საკუთარი თავი, როგორც ერთიან კოლექტივს დ ისტორიაში შესულიყო, როგორც ჰომოგენური მასა. ამ პოპულისტურმა ურდოებმა მიართვეს მილოშევიჩს პოლიტიკური ლეგიტიმურობის საშინელი ნიღაბი. კოლექტიური სიგიჟის ატმოსფერომ მოიცვა მთელი სერბი ხალხი, რომელიც მასიურად ემხრობოდა გაუნათლებლების, ხეპრეპრეებისა და პრიმიტივების პოზიციებს. როგორ შეიძლება გავიგოთ ბელადის კულტისა და ხალხთა მასების ჰორიზონტალური რეზონანსების საიდუმლო? ამის პასუხს გარკვეულწილად წარმოადგენს უკვე ქრესტომათიულად ქცეული ციტატა: ,,ვისაც სურვილი აქვს, საკმაო ისტორიული დისტანციიდან გაათვითცნობიეროს ფიურერის ეფექტი, უნდა შეეცადოს დაინახოს დიქტატორის პირადი დემონიზმი. ჰიტლერის უნარი, ეთამაშა ის როლი, რომელიც მან ითამაშა გერმანულ ფსიქოდრამაში, ეფუძნება არა მის განსაკუთრებულ ნიჭიერებას და ბრწყინვალე ქარიზმას, არამედ, მის ელემენეტარულ ვულგარულობას და უნარს, აეძულებინა ხალხთა დიდი მასები მთელი ძალით ეყვირათ. ჩანს, ჰიტლერმა შესძლო თავისი მომხრეების იმ პერიოდში დაბრუნება, როდესაც ღრიალი კიდევ შველოდა საქმეს. ამ თვალსაზრისით, იგი იყო საუკუნის ყველაზე წარმატებული შემოქმედი აკუსტიკური ხელოვნების სფეროში.  მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა ზედაპირული და უსაფუძვლო ანალოგიების გამოყენება, დავამატებ, რომ მილოშევიჩი, ისევე როგორც ჰიტლერი ანდა სტალინი, იყო არა მასების დიადი მოწინააღმდეგე, არამედ მისი ორგანული წარმომადგენელი და პოლიტიკური კონცენტრატი. განა უნდა გაგვაოცოს მილოშევიჩის ცნობილმა გამონათქვამმა სერბეთის უნივერსიტეტზე პოლიტიკურ-იურიდიული შეტევების გამართლებისას: ,,ჩემთვის უნივერსიტეტი ნებისმიერ სასოფლო სამეურნეო არტელზე მნიშვნელოვანი არ არის.  მილოშევიჩს ჰქონდა ხალხისაგან მიცემული იმის მანდატი, რომ პრიმიტიული ყოფილიყო. მას შანსი მიეცა არა თავისი განსაკუთრებულობის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თავისი არაორაზროვანი პრიმიტიულობის და მკაფიოდ გამოხატული ტრივიალურობის გამო. მაგრამ ნაციონალური მანდარინების ყოველმხრივი დახმარების გარეშე მილოშევიჩი ვერ შესძლებდა ასე სწრაფად და შეუქცევადად გამხდარიყო დიდი ეროვნული იმედის ცენტრი, მთელი სერბული ილუზიების ,,შესაკრებელ ადგილი . გახელებული მასები და ნაციონალური ელიტის უპრინციპო ნაწილი უკანმოუხედავად მიემხრნენ ბელადს, რადგან იყნოსეს, რომ იგი შეესაბამებოდა მათ დაავადებულ ბუნებას. საკუთარი აღვირახსნილი ვულგარულობა და მაღალფარდოვანი უსიცოცხლობა, მათ დაუკავშირეს მილოშევიჩის ქედმაღლობას, იმის რწმენას, რომ ბელადი ყველაზე მაღლა იმყოფება და მის მიმდევრებს თვოთონაც შეუძლიათ ამაღლდნენ ამ დიდებამდე და უსაზღვრო ძლევამოსილებამდე. სერბი ინტელექტუალების განუკურნებელი სიბრმავე, რომელმაც ხალხს თავს მოახვია მითი დიად სერბეთზე , უშუალოდ არის დაკავშირებული იმ პოზიციასთან, რომ თურმე სინამდვილეში სამოქალაქო წესრიგი არის სამხედრო წესრიგი, თანამდროვე პოლიტიკური ცხოვრების, საპარლამენტო მოღვაწეობის და სახელმწოფო აპარატის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს სამხედრო ინსტიტუტები და პრაქტიკა. მონოპოლიამ სამხედრო ძალებსა და ადამიანთა რესურსებზე (სერბები ყველაზე მრავალრიცხოვანი ერია ყოფილ იუგოსლავიაში) გააძლიერა მილოშევიჩი და მისი ამბიციური და აბსოლუტურად არარეალური ლაშქრობა ყოფილ იუგოსლავიაში.

შეუძლებელია დავმალოთ სერბული მართლმადიდებლური ეკლესიისა და სერბეთის მწერალთა კავშირის შემზარავი ალიანსი გასამხედროებულ ფორმირებებთან. საკმარისია ვნახოთ ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია მიტროპოლიტი ამფილოქე რადოვიჩი, რომელიც აკურთხებს ერთ-ერთი ფორმირების მეთაურის, არკანის მიერ განხორციელებულ ეთნიკური წმენდის ოპერაციას ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში. ომის, როგორც ,,სიყვარულის ღმერთკაცობრივი ღვაწლის  კლერიკალურ-ნაციონალისტური ქება – დიდება და მშვიდობიანი ცხოვრების კულტურის პირდაპირი დაგმობა გამოქვეყნებული სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის საპროგრამო წიგნში ,,ღვთის კრავი და უფსკრულის მხეცი .

სამხედროების სასარგებლოდ მილიტარისტული საზოგადოებრივი აზრის შექმნაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა სერბეთის ნაციონალისტურმა ინტელიგენციამ. ბისმარკის გამოთქმა იმის შესახებ, რომ ,,ომი ჯოჯოხეთია, ხოლო ეშმაკი ის არის, ვინც კალმის ერთი მოსმით გამოიწვია იგი , ზუსტად მიგვანიშნებს სერბული ინტელექტუალური ელიტის უდავო პასუხისმგებლობაზე. სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის მემორანდუმმა, დიადი სერბეთის  ამ ბიბლიამ, თავისი ავტორიტეტით გამოანთავისუფლა ფსევდოცოდნის ენერგია, რომელიც ორგანულად ჩაეწერა მილოშევიჩის სახელმწიფო ძალაუფლების იერარქიასა და საზოგადოებაზე მისი გავლენაში. სერბმა მანდარინებმა შექმნეს განსაკუთრებული კულტურული და პოლიტიკური გარემოცვა, რომელიც ინსცენირებას უკეთებდა, მანიპულირებდა, აღვივებდა და სტიმულს აძლევდა იმ ნაციონალურ ვნებებს, რომლებმაც გაამყარეს მილოშევიჩის ქარიზმატული ძალაუფლება. სერბეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუციები უშუალოდ იყვნენ დაკავშირებულნი მილოშევიჩის ძალაუფლების რიტუალებთან და აძლიერებდნენ მის ილუზორულ ბრწყინვალებას. პოლიტიკურად ჩამორჩენილ ერს შესთავაზეს ყოვლისშემძლე ბელადის მისტიფიცირებული ,,სახე , რომელსაც საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა სერბეთის სახელმწიფოებრიობის საკითხი. ინტელექტუალური ელიტის წევრები ერთმანეთს ასწრებდნენ იმის დამტკიცებას, რომ სერბეთის რეჟიმის ქმედებები არ შეიძლება იყოს უსაფუძვლო, უსარგებლო ანდა უღირსი. სერბეთის რეჟიმის უმცირეს გამოვლინებებსაც კი ხოტბა ესხმებოდა და დიდებით იმოსებოდა, ხოლო მილოშევიჩის გარემოცვის შეუსაბამო ქცევები ფიქსირდებოდა და ინახებოდა მომავალი თაობებისათვის, როგორც სანიმუშო ძეგლები. ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში ითქვა და დაიწერა სერბეთში, დაწერილია ბელგრადის რეჟიმის დიდებისათვის, აღწერს მოჩვენებითად მშვიდობიან ერს, რომელსაც გზაზე ვერავინ გადაეღობება, რათა შეაჩეროს მისი ეთნიკური აღტკინება. სერბულმა ელიტამ ინსცენირება გაუკეთა ნაციონალურ ომს, ეთნიკურ კონფლიქტს, რომელსაც უნდა გადეწყვიტა თითქოს ერთიანი საზოგადოებრივი ორგანიზმის საუკუნოვანი დაძაბულობა. საზოგადოებაში დანერგილმა ომმა გზა გაუხსნა პირდაპირ ეთნიკურ კონფლიქტს, რომელმაც იუგოსლავიის საზოგადოება ლაბორატორიად გადააქცია. ცნობილმა ლოზუნგმა ,,ჩვენს მიწაზე მხოლოდ ჩვენიანები უნდა ცხოვრობდნენ  დასაბამი მისცა ეთნიკური უმცირესობების დევნასა და განადგურებას. ითვლებოდა, რომ კონკრეტული ეთნიკური ჯგუფები არასამართლიანად  ცხოვრობდნენ კონკრეტულ ტერიტორიაზე. ეთნიკური ჯგუფების და ერების სისხლისმღვრელი მღელვარების შემდეგ დაიშალა უნიტარული იუგოსლავია. Gგადამწყვეტი როლი ბალკანეთის საზარელ უარყოფით ისტორიაში ითამაშა სერბეთის მხარემ, რომელიც უმრავლესობაში იმყოფებოდა. სწორედ სერბეთმა დაიწყო სამხედრო იერიში, რომლითაც ერს უნდოდა გამოეხატა სერბეთის სახელმწიფოებრივი გამოყოფა ყოფილი იუგოსლავიის ფედერაციიდან. ძლივს დაელოდა რა უსასრულო დიპლომატიური მეტოქეობის და მუდმივი პოლიტიკური გამოხტომების დამთავრებას, ბელგრადის ქედმაღალმა რეჟიმმა ჯარები რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ გაგზავნა. სახელმწიფო გადატრიალებისა და იუგოსლავიაზე სამხედრო ჰეგემონიის დაკანონების ეს უიმედო მცდელობა, მილოშევიჩის ხელისუფლების მიერ ჩადენილი მთელი რიგი უკანონობების, უსამართლობის ბოროტმოქმედების, ქურდობის და გამცემლობის შედეგი იყო. იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკებზე ამ გიჟურ თავდასხმას, ყოველგვარი თანაარსებობის მკვეთრ შეწყვეტას, ამ შიზოფრენიას, რომელსაც არ სურდა დაეთმო მშვიდობისა და წესრიგისათვის, თან ახლდა აღფრთოვანებული მოწოდებები სერბეთის ისტორიული უფლებების, უძველესი ნაციონალური გენეალოგიის, დინასტიების და სამხედრო გმირობების შესახებ. თავდასხმა იუგოსლავიაზე, გასამხედროებული ფორმირებების მოულოდნელი შეტევები იკვებებოდნენ ,,ლიტერატურული ისტორიებით  სერბებზე, როგორც ზეციურ ხალხზე, როგორც დიად და ,,მოძრავ  ერზე. სერბულის ტანკებისა და პატრიოტების  შეტევები გამართლებული იყო ,,მოძრავი ერის  გაურკვეველი და ძლიერ ბუნდოვანი ცნების შემოღებით. მხოლოდ სერბ ხალხს, ყველაზე მრავალრიცხოვანს, ყველგან მსუფევს, და რაც მთავარია განსახლებულს ყოფილი იუგოსლავიის მთელ ტერიტორიაზე ჰქონდა კანონიერი უფლება უკონტროლოდ გადაადგილებულიყო სახელმწიფოებს შიგნით, თავისუფლად დაერღვია უცხო საზღვრები და შეჭრილიყო სხვის ტერიტორიაზე. აბა სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას პუბლიცისტური ხმაური და აკუსტიკური ნაციის ბუტბუტი, რომელსაც თავისი პირველყოფილი, ისტორიული სიმართლის დასამტკიცებლად მოწმედ მოჰყავს მიცვალებულები და აცხადებს: ,,სადაც სერბების საფლავებია, იქ არის სერბული მიწა ? გამოღვიძებული მასები ენდნენ ნაციონალისტ მისიონერებს იმაში, რომ ჩვენი თავისუფლება ეფუძნება სხვების დაკარგულ თავისუფლებას. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ: დიადი სერბეთი  უნდა იყოს იძულებით-ტომობრივი სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება ეთნოსზე და არა დემოკრატიული სახელმწიფო, დაფუძნებული მისი მოქალაქეების პოლიტიკური ნებასა და საზოგადოებრივი ხელშეკრულებაზე.

მაცდური ნაციონალისტური დისკურსის გარეშე, რომელიც წლების განმავლობაში ატერორებდა სერბეთის საზოგადოებრივ აზრს, არ არის ადვილი ხალხის მხრიდან ომის საშინელებისა და ბოროტმოქმედების მიმართ ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ მაინც არსებული დადებითი დამოკიდებულების გაცნობიერება. ნაციონალისტებმა ეროვნულ  პატრიოტული დისკურსი მოწამლეს იმ არქაული ზღაპრით, რომლის მიხედვითაც მშვიდობა არ არსებობს და მუდმივად მიმდინარეობს ფარული ომი. ნაციონალისტებისათვის მილოშევიჩის რეპრესიები სხვა რესპუბლიკების მიმართ სხვა არაფერი იყო, თუ არა ,,ძალის პოზიცია იმ ვითომდა მშვიდობიან სიტუაციაში, განუწყვეტელი ომით რომ ყალიბდება.  პრიმიტიული, სრული ირაციონალურობის, ელემენტარული აულაგმავი მძვინვარების მიღმა ჩანს მითების უზარმაზარი ძალა, ნაციონალისტური არეულობის მომხრების მიერ უზურპირებული ცოცხალი ხალხური ენა და ბრწყინვალე კულტურული მემკვიდრეობა. სერბეთის განსაცვიფრებელი ეთნიკური სიტუაცია, რომლის იდეაც სერბეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოიღეს ინტელექტუალებმა და სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის კლერიკალმა მსახურებმა, შეუძლებელია ნათელი გახდეს სერბეთის სახელმწიფოს და საზოგადოების ორმხრივი მილიტარიზაციის შეცნობის გაერეშე. სერბეთის რეჟიმის მილიტარისტული ლეგიტიმაცია, რომელთანაც ჩვენ სისტემატიურ კონფლიქტში ვიყავით, დაფუძნებული იყო ომსა და მშვიდობას, ნორმალურ და საგანგებო მდგომარეობას შორის თვალშისაცემი განსხვავების წაშლაზე, იმ კოშმარულ იდეაზე, რომ ნორმალური საზოგადოებრივი წესრიგი სინამდვილეში არის საომარი მდგომარეობა. სხვადასხვა სახის ნაციონალური, ეთნიკური და კონფესიონალური ანტაგონიზმის უკონტროლო გაფურჩქვნისათვის შეუძლებელი იყო ყურადღებით გედევნებინა თვალი და აგრეთვე, შეუძლებელი იყო მათი ეფექტური ნეიტრალიზება. სერბეთის ინტელექტუალური ელიტა თვითნებურად ქმნიდა და კულტურული სექტორის, მას-მედიის საშუალებით აგრესიულად ავრცელებდა სერბეთის ,,ქსენოფობიურ სურათს . სერბეთში ნაციონალური პოლიტიკის მოულოდნელი წარმატების არსი მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ ეს პოლიტიკა გახდა საზოგადო იდეოლოგია, სახელმწიფოებრივი ,,მსოფლმხედველობა , გამოღვიძებული ერის თვითდამკვირების საფუძველი. მასობრივად გულწრფელი გაზიარებისა და კოლექტიური არაობიექტურობის გარეშე, მებრძოლი ნაციონალიზმი ვერასდროს გახდებოდა ერთიანი სერბეთის ახალი პოლიტიკური საფუძველი. ელიტის, ბელადის და ხალხის შინაგანი ერთიანობის წყალობით, მოქალაქეების ნაციონალისტური ინსტრუმენტალიზაცია ეფექტურად გადაიზარდა მასების საომარ მობილიზაციაში. მოხდა საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთი სფეროების პოლიტიზაცია როგორებიცაა: რელიგია, კულტურა, განათლება, ეკონომიკა, სამართალი და ისინი აქტიურად ჩააყენეს ნაციონალური იდენტიფიკაციისადმი იძულების სამსახურში. საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს ვიწრო ნაციონალისტური ჩარჩოებში ჩაკეტვის სტრუქტურული მიზეზები ჯერ კიდევ გასაანალიზებელი რჩება. სერბული სახელმწიფოსა და საზოგადოების ტოტალიტარული პოლიტიზაციის მიზანი იყო მტერსა და მოყვარეს შორის კლასიკური განსხვავების განახლება და ნაციონალური გაძლიერება. ზნეობრივად დამოუკიდებელ და პოლიტიკურად დასაბუთებულ მოწოდებას, დაიწყოს ღია დებატები იმ მხარის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელმაც აიძულა მოქალაქეები, და კიდევ უარესი, მთელი ხალხი, დაყოფილიყვნენ მტრებად და მოყვარებად ,,ეთნოსის  პირველყოფილი გაგების საფუძველზე, სერბეთში შეხვდა შეუპოვარი წინააღმდეგობა. დიადი სერბეთის  პროექტისთვის პროვოცირებული ეთნიკური, რელიგიური და ნაციონალური დაძაბულობა ტრანსფორმირებული იყო პოლიტიკურ ურთიერთდაპირისპირებად, სამხედრო დრამად, რეალურ ბრძოლად, სისხლისღვრად და მკვლელობად. ომი, როგორც ეთნიკური მტრებისაგან ნაციონალური გამიჯვნის ექსტრემალური საშუალება, შესაძლებელი გახდა იმ მომენტში, როდესაც სერბეთის პოლიტიკური ცხოვრებისა გადამწყვეტ ძალად ეთნოსი იქცა. ღიად რჩება კითხვა, თუ რატომ ეთნოსი და, ვთქვათ, არა ეკონომიკა ან სამართალი არ გახდა საერთო ექვივალენტი ჩვენი ნაციონალური სახელმწიფოებრივი პოლიტიკისა.

სერბი ხალხის მებრძოლი სულის გამოღვიძება გამოწვეულია ნაციონალისტური რესსენტიმენტ – ით (გრძნობა – ფრანგ.). კომუნისტური სისტემის კრახმა და ნაციონალურის პრიორიტეტულობასთან დაბრუნებამ დაიწყო დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა იუგოსლავიის მიწების ნაციონალურ და ეთნიკურ ტერიტორიებად გადანაწილებისათვის. სერბეთის ეთნონაციონალიზმს წინამძღოლობდა იუგოსლავიის სივრცის დაყოფისა და ძლევამოსილი ნაციონალური სახელმწიფოს შექმნის გაბატონებული იდეა. სერბეთის ყველა ილუზიის კრებითი სახე დობრიცა ჩოსიჩი წერს: ,,სლობოდან მილოშევიჩი იქცა ბელადისთვის დამახასიათებელი ქარიზმებით აღსავსე პოლიტიკოსად, არა ნაციონალიზმის იდეოლოგიის, არამედ სახელმწიფოებრიობის, როგორც მთავარი ეროვნული მიზნის წყალობით . ეს ისტორიული ამოცანა წილად ხვდათ ძველ, დრომოჭმული ხელისუფლების აპარატის წარმომადგენლებს, რომლებიც პოლიტიკურ ენერგიას იღებდნენ ნაციონალიზმის ულევი წყაროდან. შეიქმნა წითლების და შავების  ანტიდემოკრატიული კოალიცია, ანტირეფორმისტული ბლოკი, რომელიც ერთის მხრივ, შედგებოდა პარტიის კონსერვატორული აპარატის, არმიისა და პოლიციისაგან, მეორეს მხრივ კი, სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის რეაქციულ-ნაციონალისტური ძალებისა და სერბული ინტელიგენციისაგან. უფლებებისა და მოვალეობების ურთიერთგანაწილებისას სერბეთის ინტელექტუალურ ელიტას ერგო საბედისწერო დავალება შეექმნა უდანაშაულო ერის შოვინისტური ცნება, რომელიც გარშემორტყმული იყო ,,ანტისერბული კოალიციით , იმისათვის, რომ გაეკიცხა ,,არაგულწრფელი და მატყუარა ძმები , დაებრუნებინა შელახული ეროვნული სიმაყე და, ბუნებრივია, გაესწორებინა ძველი ანგარიშები . ყოვლისმომცველი ეროვნული ერთიანობის შეგრძნება, დაფუძნებული დანაშაულის გრძნობის ჩახშობასა და ,,კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების  დაგეგმვისა და თანამომაწილეობის ფაქტების მიჩქმალვაზე, გახდა იმის ბაზა, რასაც ნიცშემ უწოდა ,,პოლიტიკის ღამისეული გაგება .

გამოღვიძებული ნაციონალური ვნებების შუაგულში, განახლებულ საომარი აღმავლობისას, ყველანაირი მოთხოვნა, სამართლიანად და მიუკერძოებლად გაეშუქებინათ ყოფილი იუგოსლავიის ძალადობრივი განადგურება (ფაქტიური სიმართლის ცოდნის უფლება დემოკრატიულ ქვეყნებში წარმოადგენს ძირითადი სამოქალაქო უფლებების შემადგენელ ნაწილს) _ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ობიექტური ფაქტები ჩვენი ,,ნაციონალური ინტერესების  სასარგებლოდ არ მეტყველებენ, საფუძველშივე იყო მიჩქმალული და ჩახშობილი. საკუთარი წარსულის, ცოცხალ მეხსიერების, ჯანსაღი ანალიზი, რომელსაც მართლა შეუძლია გაუწიოს სამსახური კეთილშობილ და ამავე დროს ყველაზე არაპოპულარულ განზრახვებს, ჩახშობილი და გადადებული იყო განუსაზღვრელი დროით. ყოველი მოწოდება სერბეთის მხარის პასუხისმგებლობის ანალიზისადმი უკუგდებულ იქნა იმ მიზეზით, რომ ჯერ კიდევ ადრეა, რომ ეს იდეა გარედან არის თავსმოხვეული. მისტიკური წარმოდგენა ერზე, რომელსაც ეფუძნება რევანშისტული სიძულვილი (,,სერბები არასერბების მსხვერპლინი არიან , ,,ჩვენ გარშემორტყმული ვართ ანტისერბული კოალიციით ) წარმოადგენდა ავადმყოფური ნაციონალური ინტერესების წყაროს. ითვლება, რომ ნებისმიერი მოწოდება ,,ჩვენი პასუხისმგებლობის გაანალიზებისა  მიზნად ისახავდა ,,მათი, სხვისი უპასუხისმგებლობის დამალვას და აგრეთვე ახალისებდა შურისძიების ანტისერბულ სურვილს, აძლიერებდა მოწინააღმდეგის რევანშიზმსა და შურისძიების წყურვილს. ნაციონალისტების მიერ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ რამდენიმე მარტოხელას პროტესტი დამთავრდა სიძულვილის და ომის იდეოლოგიის ტრიუმფით, ,,ფარისეველთა სერბეთის  გამარჯვებით, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მზად საერთაშორისო საზოგადოებრიობის ზეწოლის, ხოლო ზოგჯერ შეურაცხყოფის გარეშე, გაანალიზოს საკუთარი პასუხისმგებლობა.

საომარ მოქმედებებში დამარცხების მიუხედავად, სერბეთი ჯერ კიდევ ნაციონალისტი მისიონერების კლანჭებში იმყოფება, ჯერ კიდევ იმ ბოროტების ტყვეა, რომელმაც მეტასტაზები გაუშვა და არ აძლევს მას ნებას, საკუთარი ბედნიერი მომავლისთვის, სრულად გააცნობიეროს მომხდარი საშინელი ეროვნული ტრაგედია, გააცნობიეროს ის უდიდესი სახელმწიფო და საზოგადოებრივ კატასტროფა, რომელიც გადაიტანა მცირე ერმა და რომელსაც ამაოდ სურდა, დიადი  გამხდარიყო.

,,ბელგრადის წრე.

ბელგრადის წრე  არის ასოციაცია, რომელიც თავისუფალი, ღია, პლურალისტული, დემოკრატიული და რაციონალური სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის იღწვის. ,,ბელგრადის წრე  გამოდის საერთაშორისო მსოფლიო კულტურის შექმნის, დიალოგისა და თანამშრომლობის, აგრეთვე ყველა პოლიტიკურ, რელიგიურ, ნაციონალურ და სხვა განსხვავებების შემწყნარებლობის მხარეს. ბელგრადის წრე  მოუწოდებს ადამიანის და პიროვნების ყველა უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებისთვის დაცვის ინსტიტუციონალური საფუძვლების შექმნისაკენ. ბელგრადის წრე  განამტკიცებს ამ მიზნების თეორიულ (კულტურულ) და პრაქტიკულ (პოლიტიკურ) საფუძვლებს მის მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობით იუგოსლავიასა და საზღავარგარეთ. (,,ბელგრადის წრის  წესდების პრეამბულიდან).

დამოუკიდებელი ინტელექტუალების ეს ასოციაცია ერთ-ერთი უძველესია სერბეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის: იგი შეიქმნა 1992 წელს. თავისი არსებობის პირველ წლებში აერთიანებდა 500-მდე ადამიანს _ როგორც ცნობილ ინტელექტუალებს, უნივერსიტეტის მკვლევარებსა და აკადემიკოსებს (ისეთებს, როგორებიც არიან: რადომირ კონსტანტინოვიჩი, მილადინ ჟივოტიჩი, ბოგდან ბოგდანოვიჩი, ფილიპ დავიდი, ივა ჩოლოვიჩი, ბორკა პავიჩევიჩი, ობრად სავიჩი, მირიანა მიოჩინოვიჩი, ჟარკო კორაჩი, ივან ვეივოდა, ვუშან მაკავეევი და ლაზარ სტოიანოვიჩი), ასევე ,,რიგით მოქალაქეებს , რომლებიც იმედგაცრუებულნი იყვნენ სერბეთის რეჟიმის მილიტარისტულ პოლიტიკით. ,,შაბათის ლექციები , რომლებიც იმართებოდა 1992 – 1995 წლებში, იქცნენ სიმბოლოდ ,,სხვა სერბეთისა , რომელიც ომის, ნაციონალიზმის, ქსენოფობიისა და პოპულიზმის წინააღმდეგი იყო. ლექციებიის უმრავლესობა გამოქვეყნებულია კრებულებში ,,სხვა სერბეთი“, 1992) და  (ინტელექტუალები და ომი, 1993), რომლებიც შემდგომში ითარგმნა ფრანგულ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე.

დღესდღეობით ბელგრადის წრე  პირველ რიგში დაკავებულია საგანმანათლებლო-კულტურული პროგრამებით. მიზნად ისახავს სერბების ,,სამოქალაქო განათლებას  და ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების დანერგვასა და განმტკიცებას. ორგანიზაცია თანამშრომლობს ბალკანეთის უნივერსიტეტების უმრავლესობასთან, მართავს სემინარებს, კონფერენციებს, გამოსცემს წიგნებს, ორენოვან (ინგლისურ-სერბულ) ჟურნალს “ბელგრადის წრე”, რომელშიც იბეჭდება მსოფლიოში ცნობილი ფილოსოფოსებისა და რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების ავტორების ნაშრომები.

,,ბელგრადის წრის  წევრები.

მილადინ ჟივოტიჩი (1930-1997).

1958 _ 1994 წლებში იყო ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის თანამედროვე ფილოსოფიის პროფესორი. 1968 წლის სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1974 წელს, დისიდენტობის გამო, უნივერსიტეტიდან გააგდეს ფილოსოფოსების ჯგუფ ,,პრაქსისის  სხვა ცნობილ წევრებთან ერთად. 1980 წლამდე აკრძალული ჰქონდა პედაგოგიური მოღვაწეობა მოგვიანებით იყო ჟურნალ ,,ტилософиჯა -ს მთავარი რედაქტორი, რომელიც წარმოადგენდა სერბეთის ფილოსოფიური საზოგადოების ოფიციალურ გამოცემას. იგი იყო ავტორი მრავალი წიგნისა თანამედროვე ფილოსოფიაში, ეთიკასა და აქსიოლოგიაში. ერთ-ერთი დამფუძნებელი ,,ბელგრადის წრისა , რომელსაც ხელმძღვანელობდა 1992 წლიდან 1997 წლამდე. ამ წლების მისი პოლიტიკური პუბლიცისტიკა თავმოყრილია წიგნში ,,ჩონტრა Bელლუმ (ომის წინააღმდეგ). ჟივოტიჩი იყო ბელგრადის ანტისაომარი მოძრაობის სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული მოწინააღმდეგე მილოშევიჩის რეჟიმის მილიტარიზმის და ნაციონალიზმისა.

რადომირ კონსტანტინოვიჩი.

დაიბადა 1928 წელს. მნიშვნელოვანი ფილოსოფოსი და მწერალი. ცნობილი გახდა 1968 წელს, წიგნის ,,პროვინციის ფილოსოფია  გამოცემის შემდეგ. მისი სხვა ნაშრომებიდან აღსანიშნავია: ,,ყოფიერება და ენა  (1983, 8 ტომი) და ,,მეგობარი ბეკეტი  (2000, მიმოწერა კონსტანტინოვიჩსა და ბეკეტს შორის). ბელგრადის წრის  ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი იუგოსლავიის ომების დროს ნაციონალიზმის და პოპულიზმის უკომპრომისო კრიტიკოსი.

ფილიპ დავიდი.

დაიბადა 1940 წელს. მწერალი, ბელგრადის უნივერსიტეტის ხელოვნების აკადემიის დრამატურგიის პროფესორი. მრავალი კინოსცენარების, მოთხრობების და ესეების ავტორი. იყო ცნობილი იუგოსლავიელი მწერალის, დანილო კიშის ლიტერატურული ჯგუფის წევრი. ბელგრადის წრის  ერთ-ერთი დამაარსებელი. ყოფილი იუგოსლავიის პენ-კლუბის პრეზიდენტი.არის მწერალთა ფორუმის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ორგანიზაციაUL წარმოადგენდა სერბი მწერლების ნაციონალისტური ასოციაციის ალტერნატივას. თავის ბრძოლას სერბულ ნაციონალიზმთან აღწერს წიგნში ,,ბნელი დროების ფრაგმენტები  .

სერბი მანდარინები.

დობრიცა ჩოსიჩი.

დაიბადა 1921 წელს. მწერალი. ოცზე მეტი რომანის ავტორი. სერბეთის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი. აკადემიის წევრების ერთი ჯგუფის იმ ცნობილი მემორანდუმის ავტორი, რომელმაც დიადი სერბეთის  ცნება გააცოცხლა. იუგოსლავიის ფედერალური რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი (1992-1993). ითვლება ,,ერის მამად  და სერბული ნაციონალიზმის ვარსკვლავად.

გენერალი მომჩილო პერიშიჩი.

დაიბადა 1944 წელს. 1993 -1998 წლებში იუგოსლავიის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალიტეტში მილოშევიჩის ერთ-ერთი მთავარი მომხრე. 1989 წელს უღალატა მილოშევიჩს და ნაციონალისტურ ოპოზიციას მიემხრო. დაარსა პოლიტიკური პარტია ,, მოძრაობა დემოკრატიული სერბეთისათვის , რომელიც შევიდა მმართველ კოალიციაში. სერბეთის პარლამენტის წევრი. დაუსწრებლად გასამართლებულია ხორვატიის სამხედრო სასამართლოს მიერ დალმაციაში (ხორვატია) ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებისათვის.

ამფილოქე რადოვიჩი.

დაიბადა 1938 წელს. მონტენეგროში არსებული სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი., თეოლოგიის პროფესორი. ეკლესიის ფუნდამენტალისტურ-ნაციონალისტური ფრთის ერთ-ერთი ლიდერი. აქტიურად უჭერდა მხარს სერბულ გასამხედროებულ ფორმირებებს ბოსნიის ომის დროს.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა