National Geographicგასართობიუცნაური

საშიში და მომაკვდინებელი კერძები

ხამანწკები. აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ უმი ხამანწკები შეტანილია ყველაზე რისკიანი საჭმელების სიაში. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი ადამიანის პოტენციალის დაქვეითების მიზეზი ხდებიან. ხამანწკებში მყოფი ორი პათოგენი, რომლებიც თავისუფლად მოქმედების დროს ყველაზე ცუდ შედეგებს იწვევენ, არის ნოროვირუსი (რომელიც იწვევს გასტროენტერიტს – კუჭისა და წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთებას) და ვიბრიო, ქოლერას მონათესავე ბაქტერია, რომელიც ორგანიზმს აავადებს ციებ-ცხელებით, სეპტიკური შოკით, კანზე ამობურცულობებითა და ბებერებით, რიგ შემთხვევებში სეპტიცემიით – მიკროორგანიზმების მიერ სისხლის მოწამვლით, რასაც სასიკვდილო შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

***


იამაიკური აკი. მისი გავრცელებული და პოპულარული სახელია “ბოსტნეულის ტვინი” და იამაიკის ეროვნულ მცენარედ ითვლება. ერთი შეხედვით შეიძლება ის მიმზიდველი და გემრიელი ჩანდეს, თუმცა ამ დასავლეთ აფრიკული ხის მსხლის ფორმის ნაყოფს ადამიანის მოკვლა შეუძლია, თუკი ეს უკანასკნელი მას დამწიფებას არ დააცლის და მანამდე დააგემოვნებს. პირველი შედეგები გულისრევა და გონების დაკარგვაა, შემდეგ დამბლა, საბოლოოდ კი დიდი ალბათობით სიკვდილი დგება. ამის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ მოთმინებაა საჭირო. ამ გემრიელი და ნოყიერი პროდუქტით დასატკბობად აუცილებელია დაცდა, სანამ აკი ნათელ წითელ ფერს მიიღებს და ფორებიანი კანი გაიშლება, რომ შიგნით მყოფი შავი თესლები გამოაჩინოს. იამაიკელები მას ხარშავენ და თევზთან ერთად მიირთმევენ. სწორედ ესაა იამაიკის ეროვნული კერძი.

***


სანაკჯი. მსგავსი რამ აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში როგორც წესი, იშვიათადაა მენიუში, მაგრამ კორეაში ცოცხალი პატარა რვაფეხას საცეცები დელიკატესად ითვლება. ამასთან, სანაკჯი უმად იჭმევა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხებს სხეულს აშორებენ და ჭრიან პატარა ნაჭრებად, კაზმავენ შირბახტის (ქუნჯუთის) ზეთითა და მარცვლებით, საცეცები მაინც იკლაკნებიან და აქეთ-იქით მოძრაობენ, განსაკუთრებით ეს იგრძნობა გადაყლაპვისას, როცა ყელში სრიალებენ. იმისთვის, რომ ამ საკვებმა არ გავნოთ, კარგად უნდა დაღეჭოთ (დაახ. 100-ჯერ) გადაყლაპვამდე და სავსე პირით არ ისაუბროთ.

***


თინუსი. სამრეწველო საქმიანობის შედეგად გამოწვეულმა დაბინძურებამ გზა გაუხსნა მეთილვერცხლისწყალთან (ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთი) დაკავშირებულ დაავადებებს, მათ შორის ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარების შეფერხებას. სწორედ ამის გამო მოხვდა თინუსი საშიში კერძების სიაში – თინუსის ნაჭრები ან დაკონსერვებული თინუსი ხშირად შეიცავს ისეთ პათოგენს, როგორიცაა სკომბროტოქსინი. მისი გადადება თევზზე შეხებითაცაა შესაძლებელი, თუკი მანამდე მისი კარგად დამუშავება არ მოხდა. თინუსისგან ყოველწლიურად ასობით ადამიანი საჩუქრდება სკომბროტოქსინით, შედეგად იღებენ ძლიერ თავის ტკივილებს, დიარეასა და ზოგჯერ მხედველობის დაკარგვასაც კი. თავიდან აცილების გზა: მიირთვით თინუსი მხოლოდ პრესტიჟულ და სანდო რესტორანში.

***


სოკო. იტალიის რეგიონ ტუსკანში თირკმელა-სოკოს სხვადასხვა ჯიშების კრეფა დღესასწაულის გატარების იდეალურ ვარიანტს წარმოადგენს. მაგრამ აუცილებელია სიფრთხილე: ჩვენს გარშემო არსებობენ როგორც საჭმელად ვარგისი და სასარგებლო სოკოები, ისე მათი მომწამლავი და საშიში ბიძაშვილები, რომელთა ჭამა სასიკვდილო საფრთხესთან ასოცირდება. ამასთან, ხშირად სხვადასხვა სოკოები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, როცა ერთი შეიძლება გემრიელი და ვარგისი იყოს, მეორე კი შხამიანი. ხარისფაშვას ჭამ თუ მომწამლავ გირომიტრას? გემრიელ მიქლიოს თუ ავბედით ფანრიან ჯეკს (სურათი ზემოთ)? შხამიან გალერინას თუ ჰალუცინოგენურ ფსილოციბს? სოკოების დასაკრეფად წასვლამდე მათი კარგად შესწავლა აჯობებს, რადგან არც ისე ცოტაა მავნებელი სოკოების რიცხვი.

***


ფუგუ. ბევრს გაუგია ზეშხამიანი თევზის შესახებ, რომელსაც ძვირად აფასებენ იაპონელი კულინარები. ეს ამბები სულაც არაა გადაჭარბებული და ამ თევზს სახელად ფუგუ ჰქვია. ამ სახეობას სხეულის ზედაპირი უქერცლო და გლუვი აქვს, ფერით მოლურჯო-მომწვანოა, ხოლო მუცლის არე კი ქათქათა თეთრი. წყლიდან ამოყვანისას იბერება და ბურთის ფორმას ღებულობს. ტეტროდოტოქსინია ის ძლიერი შხამი, რამაც ფუგუ შეიძლება კლიენტის უკანასკნელ კერძად აქციოს. სწორედ ამიტომ ფუგუს მზარეულები წლობით გადიან პრაქტიკას, რათა ფრთხილად ამოაცალონ ხოლმე შხამის შემცველი ორგანოები – საკვერცხეები, ღვიძლი და ნაწლავები. ტეტროდოტოქსინის ერთი პატარა წვეთიც კი შეიძლება სასიკვდილო იყოს. ყოველ წელს ათობით თავზეხელაღებული ადამიანი ხვდება იაპონურ საავადმყოფოებში ფუგუს მიღების შემდეგ.

Print Friendly, PDF & Email
წყარო
https://charlius.com
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close