მოთხრობაგუერა ტონინო

გუერა ტონინო – მტვრის ღრუბელი, მშვიდი ღამის ისტორიები

ცნობილი იტალიელი სცენარისტი, მწერალი და პოეტი იტალიის პატარა სოფელ, სანტარკანჯელო დი რომანიაში 1920 წლის16 მარტს  დაიბადა.

მას ეკუთვნის 104 ფილმის სცენარი.  მუშაობდა ფელინისთან და ანტონიონთან, ანგეოპოლუსთან და ტარკოვსკისთან,  პიერ პაოლო პაზოლინისთან… ტონინო გუერა არის ავტორი სცენარებისა ფილმებისთვის: ”ამარკორდი,” ორკესტრის რეპეტიცია,” ”წითელი უდაბნო”, ”ფოტოგადიდება,” ”ნოსტალგია” და სხვა. ტონინო გუერას დაწერილი სცენარებისთვის მიღებული აქვს კანის კინო-ფესტივალისა და ამერიკის კინო აკადემიის ჯილდოები.

1944–45 წლებში გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკის ტყვედ ჩავარდა. სადაც მან პირველი პოეზიის კრებული დაწერა და სამშობლოში დაბრუნებისას საკუთარი ხარჯებით გამოსცა.

გამომცემლობა ბომპიანიმ 1967–1974 წლებში გამოსცა ტონინო გუერას სამი წიგნი, “წონასწორობა”, “პარალელური ადამიანი” და “ასი ჩიტი”. სამივე მათგანმა კრიტიკოსებს შორის დიდი რეზონანსი გამოიწვია და ისინი მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ენაზე ითარგმნა.

მისი ნოველების კრებული “მტვრის ღრუბელი”, გამომცემლობა ბომპიანიმ იტალიაში, მილანში1978 წელს გამოსცა.

ტონინო გუერა 2012 წლის 22 მარტს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. კვლავ გამომცემლობა ბომპიანიმ მისი ბოლო წიგნი სახელად ” მზის მტვერი”, მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე 2012 წელს გამოსცა.

მტვრის ღრუბელი

კრატერების ხეობაში, ყოველ ას წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ქარი სახელად “მტვრის ღრუბელი”, ჩამქვრალი ვულკანის გამშრალი ძაბრიდან, მიწის ზედაპირზე ამოდის და სამი დღის განმავლობაში, კატასავით ლოკავს სახლებს და ადამიანების სახეებს. შემდეგ, ყველა მახსოვრობას კარგავს, შვილები მამებს ვერ სცნობენ, ცოლები ქმრებს, შეყვარებული გოგონები საქმროებს, ბავშვები მშობლებს და ყველაფერი ახალი სენტიმენტების ქაოსში ირევა.

შემდეგ, ქარს კრატერები იწოვენ და ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება და აღარავის ახსოვს ამ სამ დღიანი მტვრის ღრუბელიანობისას რაც მოხდა.

 

აყვავებული ზამთარი

მთელი მარეკიის ხეობაში ამაზე საუბრობდნენ. სან ლეოდან გრადარამდე, ვერუკიოდან მონტებელომდე და იმ მხარეშიც კი, რომელსაც ვიღაც შუასაუკუნეების კამარას ეძახის. მოხუცები ამბობდნენ, რომ ასეთი, აყვავებული ზამთარი მხოლოდ გასული საუკუნის დასასრულს ენახათ. ჯერ მხოლოდ იანვრის შუა რიცხვები იყო, მაგრამ მზეს სიცხისგან მიწა უკვე დაენამცეცებინა და დაეფხშვნა. ალუბლები, ვაშლები, და ყველანაირი ხეხილი ყვავილებით და ხარბი ფუტკრებით დახუნძლულიყო. სოფელში ყველგან, ქუჩების ბოლომდე გაყვავებული ხეები ჩანდა, ხალხი მართალია საქმეზე საუბრობდა, მაგრამ ამ ხეების შემხედვარე ხშირად აღნიშნავდნენ ხოლმე ნაადრევ გაზაფხულზე. გლეხებს ნაადრევი ყინვებისა ეშინოდათ. კაფეში სპორტზე და ყვავილებზე კამათობდნენ. ხანდახან მზისგან გამთბარი სკამებისგან წამოდგებოდნენ და ქუჩას ბოლომდე გაუყვებოდნენ ხოლმე, რომ აყვავებული სოფლისთვის გადაეხედათ.

ალბერტო, სოფელში ქალაქიდან დაბრუნდა, სადაც აგერ უკვე ოცი წელიწადია ცხოვრობდა, რადგან მან და მისმა ცოლმა გაყრა გადაწყვიტეს. ფაქტიურად უკვე თოთხმეტი წელი იყო, რაც ერთად აღარ ცხოვრობდნენ. ახლა კი თავიანთი სტატუსი მოსამართლის წინაშე უნდა გაერკვიათ, რომელიც მახლობელ ქალაქში ცხოვრობდა. ალბერტო შაბათს ჩამოვიდა და მოსამართლის წინაშე ორშაბათს უნდა წარმდგარიყვნენ.

სახლს, რომელიც ერთად მოაწყვეს, ყვავილებით სავსე ბაღი ჰქონდა. ის და მისი ცოლი ხანდახან ორიოდე სიტყვას გაცვლიდნენ ხოლმე, ვაშლებისა და ალუბლების ხეებს შორის სეირნობისას. ეს ხეებიც ერთად დარგეს… მეორე დღეს, კვირას, ფეხით, აყვავებული ხეებით გარშემორტყმული მდინარის ხეობას გაუყვნენ. სახლში მდუმარედ დაბრუნდნენ. ცოლი დასასვენებლად წავიდა. ალბერტო სავარძელში დარჩა და მუსიკას უსმენდა. შვილები უკვე გაიზარდნენ და სოფელში მარტოც დადიან. ცოლი ხუთ საათზე ადგა. ჩაი მოამზადა. ერთად ღამემდე დარჩნენ. უნცროსი ვაჟი სახლში დაბრუნდა, შუქი აანთო და აღმოაჩინა, რომ მშობლები ჩამქვრალი ბუხრის წინ ისხდნენ.

ორშაბათს, ათ საათზე, ადოკატის თანხლებით მოსამართლის სამუშაო მაგიდის წინ დასხდნენ. სასამართლო სავსეა ხალხით, სურთ ხანგრძლივ პროცესს დაესწრონ, რომელზეც ერთი მოქალაქე, აგერ უკვე მეათე დღეა, ძეხვეულის ფალსიფიცირებისთვისაა დაკავებული. მოსამართლე წერს და ხმამაღლა იმეორებს. ცოლი არაფერს ამბობს. ალბერტომ, რაღაც ორიოდე სიტყვა თქვა ტანსაცმელებთან და წამლებთან დაკავშირებით. სახლში დაბრუნდნენ. ჭამეს. ერთხელ კიდევ გაისეირნეს აყვავებული ხეხილის ბაღში. სასამართლოშიც კი საუბრობდნენ ამ უცნაურ, ნაადრევ გაზაფხულზე.

ალბერტო დილას ძალიან ადრე მიემგზავრება. მისი ცოლი ოთახშია გამოკეტილი. ალბერტო ჯერ ისევ გზაშია და უცბად შეამჩნევს, რომ ხეებიდან ყვავილები დაცვივდნენ. ღამით მართლაც მოესმა წვიმის და ქარის ხმა. ცივი ჰაერი ტრიალებდა. ცოლს დაურეკა და უამბო ყვავილების დაცვენის ამბავი. ცოლი ფანჯრიდან გადაიხედავს და ხედავს, რომ მთელი სოფელი თეთრადაა მოფენილი, თითქოს გათოვლილიყო. ბაღში ჩადის, ხალათ მოცმული. ყვავილის ფურცლებს ბალახიც გადაუფარავთ, ის მათზე სევდიანი მზერით დააბიჯებს. ძაღლები გვერდში მიყვებიან, მოწყენილები და არც ყეფენ. ხეების გამო უფრო დასევდიანდა ვიდრე იმის გამო, რაც მათ შორის მოხდა. ან იქნებ ორივეს გამო ერთად… კეთილი მგზავრობა ნაჩქარევად უსურვა ყოფილ ქმარს, რითაც მის მიმართ მთელი ცხოვრების გზის კეთილად გავლის სურვილი გამოხატა.

შავი ხე

სადაც ის შორეული, წითელ და თეთრ ქანებიანი მთებია, იქ უზბეკეთში, სადაც ხეხილის ხეობა უდაბნოს ესაზღვრება, ხალხი ხის ტოტებზე ქსოვილის ნაჭრებს კიდებენ, სურვილების შესრულებას ნატვრის ხეს ან იალღუნის ბუჩქებს სთხოვენ, რომლებიც, სამარყანდიდან მოშორებით, პატარა ტბის ნაპირზე უდანოში ხარობენ. აქ ნახავთ ქალებს, რომლებიც მოსანანიებელ რიტუალს ასრულებენ და შვილის შეძენას ნატრობენ, რამდენიმე დღის განმავლობაში ამ ღრიანკლებით სავსე მიწაზე დააბიჯებენ, მხოლოდ ხანდახან ჩრდილში, ქვაზე ან გაფოთლილ ტოტებზე ჩამოსხდებიან. აქ მამაკაცებიც მოდიან, რათა წმინდა ხეებს ოჯახის წევრის ჯანმრთელობა ან რაიმე სხვა საიდუმლო წყალობა შესთხოვნ.

ერთ-ერთ ტოტზე ქსოვლის ნაჭერს კიდებენ და ოდნავ წელში მოხრილები იქვე ჩერდებიან. ზოგიერთ დღეებში ეს ხეები ისეა დატვირთული ქსოვილის ნაჭრებით, რომ გეგონება ხე გაყვავებულა, ასეთ შთაბეჭდილებას განსაკუთრებით ომინობის ან შავი ჭირის გავრცელებისას ტოვებენ.

ყველაზე საყვარელი ხე დიდი კარაგასია. მთელი წლის განმავლობაში უფოთლოდაა, რადგან მათ სწრაფად გლეჯენ ხარბი ხელებით და მათ ადგილას ქსოვილის ნაჭრებს ტოვებენ, ხე მეტრნახევრითაა დაშრებული ორი მთისაგან, რომლებიც უდაბნოს გარგარის ხეხილის ბაღისაგან ყოფს. ერთი წითელია მეორე კი თეთრი. ყოველ საღამოს მსუბუქი ქარი ამოვარდება ხოლმე, რომელსაც გარგრის ფურცლები და მისი ყვითელი, მზით გამთბარი ნაყოფი შეისრუტავს ხოლმე.

აქ მობრძანებული პელეგრინი მომლოცველები, საკუთარ სურვილებს ქაღალდის ნაჭრებზე წერენ და დიდი კარაგას ტოტებზე კიდებენ. როდესაც, ღამით ქარი ნაჭრებს არხევს, დაწერილი სიტყვები რაღაც მაგიის გავლენით ხმაურდება და კილომეტრების დაშორებითაც კი ისმის: თუ ამ ხმას ისიც გაიგებს, ვინც სურვილი ჩაუთქვა ეს ნიშნავს, რომ წადილი აუსრულდება.

ჰატამ-აკა, რომელიც წმინდა ხეს, დანარჩენ პელეგრიმებთან ერთად მიუახლოვდა, ნატვრა პატარა ნაჭერზე დაწერა. გაურკვეველი ბგერები გამოსახა, რადგან მოხუცი წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ქალები და ახალგაზრდები, ერთმანეთს რჩევებს აძლევდნენ, დაინახეს ჰატამ-აკა, გაუშიფრავ ბგერებს, რომ წერდა, და ჰკითხეს დახმარებას თუ საჭიროებდა. მან იუარა და ხალიჩაზე ჩამოჯდა, რომელიც ხესთან ახლოს ჰქონდა გაფენილი. ერთი მოხუცი ქალბატონი მიუახლოვდა და ჰკითხა თუ რა დაეწერა იმ ნაჭერზე. ჰატამ-აკამ პასუხი არ გასცა, იჯდა და ხეს შეჰყურებდა. შემდეგ მიწიდან აკრიფა ცოტაოდენი ნივთი, რაც კი გააჩნდა, ტომარაში ჩააწყო, თავის მოთეთრო ბალადაში გაეხვია და გაემგზავრა.

ორი ღამის განმავლობაში მსუბუქი ქარი დაჰქროდა და ხეობაში ჰარში გაბნეული სიტყვები აღწევდა. ერთმანეთში არეულ სიტყვებში ყველა ნატვრა ახლართულიყო. ჰაერში ფიქრების მთელი გროვა დაფრინავდა. ერთ ღამეს კი ძლიერი ქარი ამოვარდა და კარაგასის ტოტები ძლიერად შეარხია, ნაჭრის გრძელი ლენტები ააფრიალა, აატკაცუნა, როგორც მათრახები და ხმაური ხეხილის ბაღებისაკენ გაისმა. სიტყვები, ჰაერში კაკლებივით გაიბნა. ხაობამდე, მკაფიოდ გაისმა ხმები და სხვების სურვილების მოსასმენად ყველა ფანჯარასთან მივიდა, თუმცა განსაკუთრებით კი საკუთარი სურვილის მოსასმენად, რომლებიც ქარს სიტყვებად გადაექცია. იმ ღამეს მეაქლემეებს და მწყემსებს, ხალხის ნათხოვმა ლენტებზე დაწერილმა ნატვრებმა, მაღალი და ქარიანი ცისაკენ მიმავალმა სურვილებმა თავზე გადაუფრინათ. ყოველ სიტყვას ნატვრის ავტორის სახელი ახლდა. ასე გაისმა ქარში მოხუცის ხმაც. თქვა, რომ სიცოცხლე მობეზრდა და სიკვდილს ნატრობდა. აი, თურმე რა უთხოვია გაუგებარი იოროგლიფებით. ამის გამგონე ხალხი, ტალახისაგან ნაშენი სახლებიდან და ეზოებიდან გარეთ გავიდა და მოხუცის მოსაძებნად გაეშურა. იგი გარდაცვლილი იპოვეს. იღიმებდა.

ეჭვიანობა

ბაღის სკამზე ჩამომსხდარი ორი ქალბატონი ბუტერბროდს მიირთმევდა, ისინი საყვარლებმა მიატოვეს. თავს ისე მარტო გრძნობდნენ, რომ ღამის ერთად გატარება გადაწყიტეს. ერთ-ერთმა მეორეს ღამის გასათევად თავისი სახლი შესთავაზა, მან ეს შემოთავაზება ისეთი სიხარულით მიიღო, რომ მასპინძელმა ქალმა მას საწოლის ის მხარე დაუთმო, სადაც თავად ეძინა ხოლმე, ხოლო მეორე მხარე, სადაც მის მამაკაცს ეძინა წარსულში, თავისთვის შემოინახა. ეჭვიანობისაგან დაიტანჯა, რადგან წარმოიდგინა, თითქოს მისი მეგობარი ქალი მისკენ, როგორც მისი საყვარელი მამაკაცისაკენ ისე გააპარებდა მზერას.

მაღლიდან მეხუთე ფანჯარა

უეცრად მობრუნდა და უზარმაზარი კორპუსის მხოლოდ ერთ ფანჯარას შეხედა, რომელიც მას გარს არტყავდა. თითქოს ვიღაცამ დაუძახა. ეს მაღლიდან, მეხუთე ფანჯარა იყო, ღია და ცარიელი. ასე, რამდენიმე ხანს გაჩერდა და ფანჯარა შეათვალიერა, რაღაც იმპულსმა შეაჩერა. იმ დიდ კორპუსში არასოდეს ყოფილა, არც არასოდეს აჰყოლია მის კიბეებს, არც მის უღიმღამო ეზოში შესულა.

მეორე დღეს გაზეთში წაიკითხა, რომ იმ ფანჯრიდან ერთი ქალი გადმოხტა და აღმოაჩინა, რომ თვითმკვლელი მისი პირველი სიყვარული იყო, ეს იმ დროს, როდესაც ის მონტესაკროს უბანში ცხოვრობდა.

ორი ჩინელი საჭურისის სიყვარულის ისტორია

უძველესი დროიდან, მონასტერს ჩინეთის საიმპერიო სახლიდან ოთხასი მოხუცი საჭურისი გადასცეს. ახლა იქ მხოლოდ ორიღა შემორჩა და მათ შორის ისეთი ღრმა სიყვარული დაიბადა, რომ ერთმანეთის გარეშე კორიდორებში მოძრაობა და ბაღში სეირნობაც აღარ შეეძლოთ. ისინი საუბრობდნენ ღრუბლებზე, რომლებიც თავზე გადაუფრენდათ ხოლმე,  და ასევე ჩიტების ჩრდილებზე, რომლებიც ბაღჩის ქვებზე ირეკლებოდნენ. შემდეგ, მათ შორის რაღაცამ სივრცე გაჩნდა. თითქოს განცალკევებით უკეთესად იქნებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, უფრო მოხუცებული, კუთხეებში ჯდებოდა და ბაღის სიღრმეში რჩებოდა. მეორე მას შორი-შორს მიყვებოდა ხოლმე. აკვირდებოდა, მის საქციელს სწავლობდა, რათა გაეგო, რა მოხდა მათ შორის. იქნებ ავად იყო და თავისთვის მარტო სიკვდილი გადაეწყვიტა, ისე რომ არავინ შეეწუხებინა. ერთ დღესაც შეამჩნია, რომ ფურცელზე რაღაცას წერდა. სინათლის შუქზე, შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შეამჩნია, რომ რაღაცას წერდა და საიდუმლოდ ინახავდა. სურვილი კლავდა, სურდა შეყვარებულის ინტიმური, საიდუმლო დღიურის წაეკითხა. ბაღში ქვები გადაადგილა, რადგან როგორც მას ეგონა, მისმა სიყვარულმა, უძველესი იატაკის ქვეშ დამალა დღიური. ერთ დღესაც როგორც იქნა მიაგნო. ჩუმად წაიკითხა:

ორშაბათი

მას შემდეგ რაც წერა დავიწყე, შეგატყვე, რომ კიდევ უფრო მეტად გაინტერესებ.

სამშაბათი

ვგრძნობ, რომ გინდა წაიკითხო რას ვწერ.

ოთხშაბათი

დღეს ქვები გადავაადგილე ბაღჩაში, ასე დაგაჯერე რომ ამ ფურცლებს აქ ვმალავდი… და მართლაც შენ მათ ეძებდი, თუმცაღა  იმედგაცრუებული დარჩი.

ხუთშაბათი

შენს თვალებში ვკითხულობ, რომ იტანჯები, განიცდი. მივხვდი, რომ კიდევ გიყვარვარ.

პარასკევი

დღეს მსურს, ეს ჩემი დაწერილი ორიოდე რიგი იპოვო და ამგვარად დარწმუნდე, რომ შენ ჩემი ცხოვრება ხარ.

ამ ფრაზები წაკითხვის შემდეგ ცრემლები წამოუვიდა და დაინახა, რომ ლერწმის ხესთან ახლოს მისი შეყვარებულიც ტიროდა.

აყვავებული ალუბალი

ერთი გლეხი, ცოლის გარდაცვალების შემდეგ ალუბლის ხეს ისე მიეჩვია, რომ შეუყვარდა. ყოველ დილას მის სანახავად მიდიოდა, ხის ტანს ხელით ეხებოდა. ერთხელაც ალუბლის ხე დაავადდა, და ეს სწორედ იმ თვეს დაემთხვა, როცა გლეხი ფილტვების ანთებით საწოლში იყო ჩავარდნილი. გამოკეთების შემდეგ გლეხი ალუბალთან მივიდა, შეეხო, დაელაპარაკა და ალუბალმაც მალევე ტოტებზე ათასობით ფოთოლი გამოისხა.

ერთ დღეს გლეხი ბაზარში ნამგლის საყიდლად წავიდა, მაგრამ უეცრად რაღაც გაუსაძლისი სურვილი იგრძნო და თავის მიწებთან დაბრუნება მოუნდა. მოეჩვენა, რომ ალუბალს სჭირდებოდა. ალუბალი სრულიად გადაფურჩქნულიყო, აყვავებულიყო და თითქოს მას უღიმოდა.

გლეხი, ალუბლის ქვეშ დაჯდა, მხრებით ხის ტანს მიეყრდნო და უეცრად მთელ სხეულზე გაყვავებული ალუბლის ფურცლები დააწვიმდა.

რუსი ბალერინა

ერთი სამოციოდე წლის რუსი ბალერინა, სკოლაში ცეკვას ასწავლიდა, ერთხელ ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭი დაედევნა, იგი მისი მაღალი, მოხდენილი და გრაციოზული ტანით  მოხიბლულიყო.

ბალერინა სახლამდე გაიქცა, ბიჭი რომ არ დასწეოდა და სასწრაფოდ სახლში გამოიკეტა. სახლში ქალიშვილი შეეკითხა მომხდარის შესახებ.

“უცნაური რამ შემემთხვა”, უპასუხა მოხუცმა დედამ. “ერთი ბიჭი გამომყვა, არ მინდოდა ჩემი სახე დაენახა, არ მინდოდა მისთვის იმედი გამეცრუებინა ჩემი ნაოჭებით. გადაიხედე ფანჯრიდან ისევ იქ ხომ არ დგას, ტროტუარზე”.

ქალიშვილი ფანჯარას მიუახლოვდა, გადაიხედა და მაღლა მომზირალი მოხუცი მამაკაცი დაინახა.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close