მოთხრობაგრიგოლ რობაქიძე

რობაქიძე გრიგოლ – ლოტოსი

თუ გინახავს უცნაური ყვავილი, ნილოსის სუნთქვით რო სცოცხლობს; უცხო სურვილით აყვანილია მისი მოქნილი ტანი და დედოფლის სილაღით გაშლილა მისი თეთრი გული; მიღამების ჟამს წმინდა წყალთა ქვეშ იძირება იგი მოკუმშული და მსუბუქფრთოვან დილით მკერდს იხსნის იგი ამოციდული ლოდინით მთრთოლვარეს; იგი ელის მზის ვაჟის შეხვედრას და ძალზე მოწყურებული ეწაფება მის დაუშრეტელ ჩქერს; ჰკრთის თეთრგულა ლოტოსი, – და ნილოსის ნელ ტალღებში ლეგენდა იბადება ტკბილ ხმოვანი.

ლამაზია ეგვიპტის მთავრის ასული, ფარჩეულ საწოლზე მიწოლილა იგი ხშირფოთლიანი ხის ჩრდილში და ლაღს მკლავზე დაყრდნობილი გასცქერის ლურჯთვალა აღმოსავლეთის ნაღვლიან შუადღეს; ხალისიანი მზე ცეცხლით ატყვევებს ყოველსადა მყუდრო მთვლემარე ალმურში სხივოსანი ჩვენებით პანი იბადება; ფერმიხდილი მარმარილო ქალწულის ტანისა ირხევა ზანტად: მზის უხვი ჩქერი ეძვება მის მწყურვალე სხეულში და იგიც მიჰყვება ნებამილეული უჩვეულო ტყვეობას; ნაღვლიან შუადღეს გაჰსცქერის ლურჯთვალა, – და შორით სთვლემს ფიქრმორეული ნილოსი.

დღეს პირველად უნდა იხილოს ქალწულმა მზის ღმერთის სამლოცველო; მზე ჩაესვენა ნელინელ უკუნეთის სამთავროს და წმინდა მდინარე მიარხევს აუჩქარებელი ფოლადით გამდნარ ტანს; მთავარის ასული, მწვანე მოლით მოსხმული, უახლოვდება მსახურთა თანხლებით ამონრას სამლოცველოს ნელის ნაბიჯით; მოხუცი მოგვი კრძალვით აღებს წმინდა კარებს და ლამაზი ასულიც შედის საიდუმლო საკურთხეველში; და გამოჩნდა ამონრა ცეცხლის მფრქვეველი და იგრძნო ტანმა ლამაზისამ კიდევ უფრო მწველი ტალღა მატყვევებელი; ლოცულობს ქალწული უსიტყვოდ პირქვე-დამხობილი, – და შორით უსმენს ნილოსი აუჩქარებელი.

მოხუცი მოგვი უცქერის ტყვექმნილი მთვარის პროფილს ქალწულისას და ხშირი თმის ტევრს მთრთოლვარე მკერდზე შავ ღელედ გადმოშვებულს; და მოიგონა შორეული მან ლამაზის ხილვით და უძლურების ცახცახმა აიტანა საბრალო; მშვენიერი, ჰრქვა მან: შენ ხარ ულამაზესი ეგვიპტის ყველა ასულთა შორის; სახე შენი გაშლილა მზის ხილვისათვის და ტანი შენი მზე ჭაბუკის ხვევნას ელის; მხოლოდ მზიურს ძალუძს შენი დატყვევება და იქმნები შენ მარადის ქალწული; ჰრქვა და დაეცა იქვე მკვდარი, – და შორით მდინარებდა ნილოსი აუღელვებელი.

მრავალფერ ალად იშლება ყვავილოვანი სილამაზე ქალწულისა; გაღვიძებული ცეცხლი ვნებით სავსე ტანის ელის მატყვევებელს, მაგრამ მზის ვაჟი არსად არის; მთავართა შვილნი ეცილებიან ერთიმეორეს ტურფა ასულისათვის, ხოლო ვერც ერთი მათგანი ვერ სძლებს ქალწულის მზიურ დატყვევებას; ახოვანი ვაჟი უახლოვდება ქალ-ღმერთს, მაგრამ ბნედა ერევა ლამაზის მხილველს და იქვე იკეცება ვნებაუძლური; მთავარის ასული კი ალის სურვილით ელის მზეჭაბუკს, – და შორით სიზმარშია ნილოსი ნელი.

თეთრად ათენებს ღამეს ტურფა ასული; ძილის ღმერთი არ უხიჭავს მას ლურჯს თვალებსა; ალიონიც ახლოვდება ლილის ნისლად გახსნილი; ქალწული დგება მთვარეული სრულად და ნელის ბიჯით მიდის ნილოსთან; ნელად მიარხევს მუქ-ლურჯა ტანს წმინდა მდინარე და ლივლივა ტალღებში სიზმარეთის სამთავროს უშლის ქალწულსა; იგიც ერთვის მდინარის თვლემას და დაღლილს თვალებზე მსუბუქი გამჭვირვალე ბინდი ეფინება; ქალწულმა შესცურა ნირვანაში; მაგრამ ეს რა შრიალი ესმის? გამოერკვა ბურუსს და მზერს ათრთოლებული; მზე ეხვევა ნილოსის ტანს ვნება-აშლილი; მზეჭაბუკის ოცნებამ იელვა ქალწულის ფიქრებში და ერთი მოსხლეტით გადაეშვა იგი მდინარის მკერდში ჩაჭრილ ცეცხლის რგოლში; ნილოსმა ამოისუნთქა ვნება დამცხრალმა და მის მკერდზე ამოცურდა ყვავილად ლამაზი ქალწული; დედოფლურად ჰყვავის თეთრ-გულა ლოტოსი და იკრავს მას გულში ნილოსი ნელი.

კი გინახავს უცნაური ყვავილი, ნილოსის სუნთქვით რო სცოცხლობს; უცხო სურვილით აყვანილია მისი მოქნილი ტანი და დედოფალის სილაღით გაშლილა მისი თეთრი გული; მიღამების ჟამს წმინდა წყალთა ქვეშ იძირება იგი მოკუმშული და მსუბუქ-ფრთოვან დილით მკერდს იხსნის იგი ლოდინით მთრთოლვარეს; იგი ელის მზის ვაჟის შეხვედრას და ძალზე მოწყურებული ეწაფება მის დაუშრეტელ ჩქერს; ჰკრთის თეთრ-გულა ლოტოსი, – და ნილოსის ნელ ტალღებში გაისმის ლეგენდა ტკბილხმოვანი.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close