მოთხრობაილია რურუა

ილია რურუა – ზვიგენები

_ გამატარეთ, გამატარეთ! _ ვიღაც წითურმა ამერიკელმა საკმაოდ მოურიდებლად მისწი-მოსწია სასეირნო გემბანზე შეყრილი, ახმაურებული ხალხი და როცა კაფანდარა მოხუცი ქალის და მის გვერდით ასვეტილი შუახნის კაცის პირისპირ აღმოჩნდა, გაკვირვებით წამოიძახა:

_ ა, ეს თქვენა ხართ, მისტერ ჯიმ?

ჯიმმა მოსული გულგრილად, უსიტყვოდ შეათვალიერა. ქალმა თხელი, ფერდაკარგული ტუჩები გააცმაცუნა რაღაცის სათქმელად, მაგრამ გრძნობამორეულმა უმალ ცხვირსახოცი აიფარა სახეზე. მოხრილი სუსტი მხრები უტოკავდა, იგი უხმოდ ტიროდა.

რადიორეპროდუქტორი კვლავ გადმოსცემდა:

“ქალბატონებო და ბატონებო!

დაახლოებით ორი საათის წინ, გათენებამდე, თავისი კაიუტიდან გავიდა და არ დაბრუნებულა ჩვენი გემის ერთ-ერთი მგზავრი _ სამოცდაათ წელს მიღწეული ჯენტლმენი. აცვია მსუბუქი ცისფერი კიმონო და საშინაო ფლოსტები. მნახველებს ვთხოვთ დაგვდონ პატივი და დაგვირეკონ ტელეფონით _ 5-06… ვიმეორებთ ტელეფონის ნომერს:…5-06.…

კრუიზის ადმინისტრაცია გიხდით ბოდიშს მყუდროების დარღვევისათვის და წინასწარ კიდევ მადლობას კეთილი სამსახურისათვის, რომლის გაწევასაც, იმედი გვაქვს, არ დაგვზარდებით”.

მიკროფონმა ერთი გაიტკაცუნა და რეპროდუქტორიც დადუმდა. ერთბაშად ჩამოწოლილი უხერხული სიჩუმე ვერავის დაერღვია.

ისმოდა მხოლოდ სვლაშენელებული გემის კორპუსის სიმძიმით მკერდგადახსნილი წყლის თანაბარი შრიალი.

თენდებოდა სადღაც ბაჰამის არქიპელაგის ნაპირებთან. აისის შუქით აკრიალებული, თვალისმომჭრელად ლურჯი სივრცის თავზე ჯერაც ნაზად ლიცლიცებდა ღამის შემდნარი ნისლი და ცარგვალი, სულ უფრო გამჭვირვალე, მოსარკული, მაღლა და მაღლა მიიწევდა. შტილის მფრინავი სუნთქვა მსუბუქ ნაოჭებად დაჰფენოდა ოკეანის გლუვად აზიმზიმებულ ზედაპირს. ძნელი იყო თვალი მოგეწყვიტათ წყლის სიღრმიდან ამოცვენილი მფრინავი თევზებისათვის. მზეზე წითლად აბრჭყვიალებული მათი ქერცლიანი ტანი და ნაირფერად ალივლივებული გაფარჩხული ფარფლები მრთოლვარე ანარეკლებით ხაზავდნენ ოკეანის ლურჯ ზედაპირს და სადღაც წყლის სიღრმეში ქრებოდნენ.

გემზე გამოფენილ ხალხს ამ სანახაობისათვის არ ეცალა. ყველა უხმოდ მისჩერებოდა მეზღვაურებს, რომლებიც მაშველ კანჯოს ამზადებდნენ ყოველი შემთხვევისათვის. ბაგირებით ჩაკიდებული კანჯო დროდადრო გემის კორპუსს ეხლებოდა და მისი ყრუ ბაგუნი უსიამოვნოდ გაისმოდა სიჩუმეში.

_ დიდად ვწუხვარ, მისს, _ წითურმა მოხუც ქალს მიაპყრო მზერა და თან მარცხენა ხელის საჩვენებელი თითით ზაფრანისფერი მოხერის სვიტრის საყელო მოიხალვათა.

გაჟინჟილებული სახე გაოფლიანებოდა, ნასვამი ჩანდა. _ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდებოდა.

_ გული მიგრძნობდა! _ ამოიკვნესა ქალმა. მისი უღონოდ ჩამოყრილი ხელები, სადად შეკერილ შავ ქვედატანზე გარკვევით რომ იკვეთებოდა, ნერვულად შეირხა. მარჯვენაში მოქცეულ ცისფერ ცხვირსახოცს გრძელი და გამხდარი, ნასათუთევი თითებით დაუწყო წვალება.

_ მე თქვენ მეცნობით, მისტერ! _ ნაძალადევად ამოღერღა ჯიმმა.

_ დიახ, სერ! _ წითურს ტუჩები თითქოს დამცინავად მოეღრიცა წამით. _ რესტორანში თქვენს მეზობელ მაგიდას ვუზივარ… ცხოვრებით კი “სატურნის” კლასის კაიუტაში ვცხოვრობ… რა თქმა უნდა, ეს სუპერ- ლუქსი არ არის. თქვენ ხომ სუპერ-ლუქსში ცხოვრობთ, მისტერ?

_ თუ შეიძლება, უფრო მოკლედ! _ ცივად მოუჭრა ჯიმმა.

_ ო, რატომ ასეთი ტონით, მისტერ! _ წითურს სიბრაზემ სახე აუბრიალა.

_ შემიძლია ისევ ბარს დავუბრუნდე.…ის, რაც რადიოთი მოვისმინე, მაფიქრებინებს, რომ თქვენთვის საჭირო კაცი უნდა ვიყო.

_ მისტერ, თქვენ ჩემს მოთმინებას ცდით? _ ვეღარ მოერია გულს ჯიმი.

_ ჯი-იმ! _ უღონოდ დააბაკუნა ფეხი ქალმა და შემდეგ წითურს დაყვავებით მიუბრუნდა. _ ბრძანეთ, მისტერ……მისტერ……

_მაიკლი! _ შეაგება წითურმა. იგი გულმოსული და გაბოროტებული ჩანდა. ჯიბიდან აუჩქარებლად, კოლოფის ამოუღებლად ამოაძვრინა სიგარეტი და პირში გაირჭო. ვიდრე ხელს ისევ ჯიბისკენ წაიღებდა, ვიღაცამ კვესი გაუტკაცუნა. რამდენიმე ღონიერი ნაფაზი დაარტყა, ხალხს გადახედა და შორიდან დაიწყო:

_ ჩვეულებრივ, ქალბატონებო და ბატონებო, მე ძალიან ადრე გამოვდივარ გემბანზე.

ათი წრე მაინც უნდა შემოვუარო ჰაერზე……

_ ოჰ, ღმერთო ჩემო! _ აღმოხდა ქალს.

ჯიმი დაბღვერილი და კრიჭაშეკრული იდგა.

მაიკლს ამასობაში სასმელი უფრო მოერია და, საერთო ყურადღების ცენტრში მოქცეულს, სახე თანდათან გაეხსნა.

_ ამ დილითაც ასე იყო, _ ლაპარაკის საღერღელაშლილი წითური სათქმელს აშკარად წელავდა, თითქოს ეს რაღაც სიამოვნებას ჰგვრისო. _ ლაცბორტთან ვიღაც ჯენტლმენი დავლანდე… მაშინვე ვიცანი მისტერ ჰენრი……მივესალმე…… არადა ადრე სალამს ვერ ვასწრებდი……

_ სად იდგა, რა ადგილას? _ იკითხა ვიღაცამ, მაგრამ მაიკლმა აშკარად წაიყრუა.

_ პირველი წრე რომ შევკარი, უკვე ტრუსით იდგა კანჯოს კიბეზე……ხელში დახვეული ტანსაცმელი ეჭირა……მისტერ ჰენრი, გავიფიქრე გუნებაში, გცოდნიათ დასვენება და ეგ არი. კანჯოში ჩაწოლას არაფერი ჯობს… იყავი შენთვის, გინდ მარცხენა გვერდი მიუფიცხე მზეს, გინდ მარჯვენა.

ჯიმმა მძიმედ მოიცვალა ფეხი.

_ ღმერთო, ძალა აღარ მყოფნის! _ შვილს მიესვენა მკერდზე ქალი.

მაიკლმა კიდევ ამოიღო სიგარეტი. თვითონვე მოუკიდა. უკვე შესამჩნევად ირწეოდა. სახეზე მთვრალი კაცის ყეყეჩური ღიმილი გადაჰფენოდა.

_ მეორედ რომ გავუსწორდი ამ ადგილს, მისტერ ჰენრი უკვე ლაცბორტზე იჯდა… ცალი ფეხი _ იქით, ცალი _ აქეთ, _ ენის ბორძიკით განაგრძობდა წითური. _ თქვენ რა, მისტერ ჰენრი, ზვიგენების კამპანიაში აპირებთ ბანაობას, ვეუბნები ხმამაღლა, როცა ზედ მივადექი… არ ესმის!.. მეორედ თითქმის ყურში ჩავძახე… ახლა კი ამომხედა და გაიცინა… დიახ, დიახ, გაიცინა და ასე მითხრა: ცუდად ნუ ახსენებთ ზვიგენებს.…ზვიგენები იქნებ ჩვენზე კარგი ჯენტლმენები არიან… _ მაიკლმა უსიამოვნოდ ჩაიფრუტუნა, _ უცებ მეორე ფეხიც ასწია და… ბაც!

_ ჰენრი, ჩემო საბრალო ჰენრი! _ ღაპაღუპით გადმოსცვივდა ცრემლები ქალს. _ რატომ, რისთვის?..

დაღუპულის მემკვიდრემ, თითქოს ხალხს თვალს არიდებსო, ოკეანის გაშლილ სივრცეზე გადაიტანა მზერა.

გაფითრებულ შუბლზე ოფლი გამოეცვარა.

_ ჯიმ, რა მეშველება, ჯიმ! _ ტირილით ახედა ქალმა შვილს.

_ ეს ხომ საშინელი უსამართლობაა!.. უღმერთობა!

მოხუცებული ქალი უცებ შეირხა და მოცელილივით გვერდზე გადაქანდა. გულწასულს ვიღაცეებმა ხელი შეაშველეს და ფრთხილად კაიუტისაკენ წაიყვანეს.

_ უკანასკნელი, რასაც თვალი მოვკარი, მისტერ ჰენრის ხელი იყო. _ ისევ ალაპარაკდა მაიკლი და შებარბაცებულმა ხმას აუწია. _ ხელი და ბრილიანტის ბეჭედი…

ძალიან დიდი ბრილიანტი კი იყო……

_ გაჩუმდით! _ ისტერიულად უყვირა ვიღაც ხნიერმა კაცმა და სალონში გასასვლელი მთავარი კარისაკენ გაემართა.

ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო დაშლა. მხოლოდ ჯიმის მახლობლად მდგარნი არ დაძრულან ადგილიდან უბრალო ზრდილობისა თუ უხერხულობის გამო.

_ უკაცრავად, მისტერ! _ ჩაულაპარაკა ბოცმანმა მაიკლს. _ ის კანჯო რომელი იყო?

_აი, მეთერთმეტე ნომერი!

ახალგაზრდა მეზღვაური მარჯვედ ავარდა კიბეზე, კანჯოს სიღრმეში გადაეყუდა და როცა გაიმართა, ხელში დაღუპულის ტანსაცმელი ქჭირა. სანახევროდ დაშლილ, მზეზე ლურჯად მოხასხასე აბრეშუმის კიმონოს ნიავი კალთას უფრიალებდა და ყველამ დაინახა დაგორგლილი ტანსაცმლის შუაგულიდან მკვდარი თევზივით გადმოკიდებული ცალი ფლოსტი.

_ რატომ მაშინვე არ იყვირეთ! _ უცებ იფეთქა ჯიმმა და მაიკლს მკერდში ჩააფრინდა, რამდენჯერმე შეანჯღრია, მაგრამ უცებ ხელი უშვა. _ მომიტევეთ, მისტერ!

_ რა აზრი ჰქინდა! _ სვიტრის სწორება-სწორებით მიუგო მაიკლმა და გესლიანად ჩაიღიმა. _ უკვე ზვიგენების სტომაქში იყო თავისი ბრილიანტის ბეჭდით.

_ თქვენ საშინელი გულქვა კაცი ყოფილხართ, მისტერ! _ წამოიძახა ახალგაზრდა ტურისტმა ქალმა, რომელსაც ტანზე მჭიდროდ მომდგარი ვარდისფერი სალუქი კოფთა ეცვა.

_ მისის, იქნებ ჩემზე გულქვა და საშინელი ადამიანებიც არიან ქვეყნად! _ მაიკლს თვალები ბრაზით აენთო.

_ ამაზე მეტი გულქვაობა იქნება? _ არ შეეპუა ქალი. _ მისი კაიუტის ფანჯარას ჩაუარეთ და ღამის ბარში ჩახვედით.

_ რატომ მისტერ ჯიმს არ ეკითხებით არაფერს, მისის? ის ხომ შვილია, _ მაიკლმა კიდევ ერთხელ ჩაიფრუტუნა დაცინვით, _ ვითომ ისე ღრმა ძილში იყო წასული?..

სანამ რადიო……

_ გაჩუმდებით თუ არა! _ შეჰყვირა აშკარად წონასწორობიდან გამოსულმა ჯიმმა.

_ რა გაეწყობა, მისტერ! _ წამწამები არ დაუხამხამებია მაიკლს. _ მადლობის მაგიერია… თუმცა რა, კარგად გიცნობთ!

_ ხომ არ გინდათ თქვენც ზვიგენებთან გადაგიძახოთ! _ თვალი დაუბრიალა ჯიმმა.

_არა, მე ისევ ბარი მირჩევნია! _ გამომწვევად ჩაიცინა მაიკლმა და გასასვლელისაკენ გაემართა. კარებთან მისული, უცებ შემობრუნდა და ჯიმს ხელების აწევით გამოეთხოვა. _ ჩვენ კიდევ შევხვდებით, მისტერ… ყველაფერი წინ არის!

*

_ ჰო, მართლა! _ მეუბნება გემის მთავარი ექიმი, როცა მის კაიუტაში კარგა ხნის მეგობრული საუბრის შემდექ წამოვდექი. უკვე დაძინების დრო იყო.

ექიმმა საწერი მაგიდიდან ბროწეულისფერი დერმატინის ყდა აიღო, შიგ რაღაც ქაღალდები გადაქექა და ერთი ფურცელი გამომიწოდა:

_ წაიკითხეთ…

თქვენთვის, ალბათ, საინტერესო იქნება… იმ მოხუცი მილიონერის კაიუტაში აღმოჩნდა.

თვალი სწრაფად გადავავლე გემის დამფრახტავი ფორმის გერბიან საქაღალდეზე გადაბეჭდილ ტექსტს. Eეს იყო დაღუპულის უკანასკნელი ბარათის თარგმანი:

“ჯიმ!

მე გადავწყვიტე!.. ასე აჯობებს… ამიერიდან ხელ-ფეხი გახსნილი გაქვს… ბოლო საუბარმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ზედმეტი ვარ… გეცოდებოდეს დედაშენი……უკანასკნელად ვლოცულობ თქვენთვის.

მშვიდობით ჯიმ!”

მოთხრობების კრებულიდან: “ზარდახშაში მთვლემარე ლომი”, თბილისი, გამომცემლობა “მერანი” – 1988

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close