მოთხრობააკა მორჩილაძე

აკა მორჩილაძე – სტამბოლი – მოსასხამი

სტამბოლში ოცი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ცნობარებით, მხოლოდ რვა მილიონი.
სტამბოლელები ჩივიან, რომ ქალაქი სოფლელებით გაივსო. ჯობია სტამბოლში იყო მტვირთავად ან ხელის ბიჭად დუქანში, ვიდრე შენს სოფელში იჯდე და ნარდს აგორებდე.
სტამბოლში შრომის კულტია. სამუშაოს შოვნა ბედნიერებაა, ჯიბის ქურდობა კი სახიფათო პროფესია. ციხე ციხედ, რაც სრული საშინელება ყოფილა და ეგებ ტელევიზორშიც კი გამოგაჭენონ.
თბილისი ჰგავს სტამბოლს, ოღონდ ძალიან პატარაა. თბილისი ისე ჰგავს სტამბოლს, რომ ეს მსგავსება შემაშფოთებელ იერს მიიღებს ხოლმე.
ოღონდ, თბილისში არ არის აია სოფია, ლურჯი მეჩეთი და უბნებს არ ჰქვია სულთანაჰმეტი, ტაქსიმი. თუმცა, ამაზე ლაპარაკი ახლა სისულელეა. მით უმეტეს, თბილისში არ არის ზარვა, არც ბოსფორი და არც ის საოცარი ოქროს რქა, სწორედ ნახსენებ ორ უბანს რომ ჰყოფს. თანაც, თბილისს ძველ დროშიც სხვა გული ჰქონდა.
ამიტომ, ნუ შევადარებთ.
სტამბოლში ჯადოსნურად საღამოვდება, მტვერსა და ხმაურში. ამ დროს, მშვიდ უბანში ყოფნაა სასურველი. თუმცა, მშვიდი უბნები სტამბოლში მხოლოდ ძველი ქალაქიდან შორს არის: კორპუსების საუფლო. იქ კი სტამბოლი არ არის. ამიტომ, ჯობს ისევ ბოსფორის პირას შემოპარულ საღამოს დაუდარაჯდე. ბოსფორის პირას, მოსაღამოვების სადარაჯოდ, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. ასეთი რამ ტყუილად არ მოხდება. არავინ გეტყვის, რომ სწორედ ამ მოსაღამოვების შესაგრძნობად და შესატკბობად ჩამოვიდა, მაგრამ ასეა.
ეს დიდი საოცრებაა, მგონი კონსტანტინოპოლის ისტორიულ საოცრებებზე დიდი. სიმართლე ითქვას და ეგებ ქალაქიც ამიტომ დაარსდა. მოვიდა კონსტანტინე, დადგა აქ და გახედა ბოსფორს. ალბათ საღამოვდებოდა. ჰოდა, სტამბოლი გაჩნდა.
სტამბოლში მსოფლიოში საუკეთესო ქაბაბი და მსოფლიოში საუკეთესო ჩაია. საქაბაბეში ყველაზე მათრობელა სასმელი “კოკა კოლაა” და ყველგან მუეძინის ხმა ისმის.
ჩაი საერთოთურქული ამბავია, მაგრამ აქ… ამხელა ქალაქში, ჩაი აუცილებელი ტიხარია, ხმაურისა და მელანქოლიის უცნაურ ნაზავში. ოცი მილიონი კაცი და მელანქოლია ხმაურში. დიდი ბაზარი, ხმაური და სიდინჯე.
იდიოტი უნდა იყო, რომ დაჯდე და დალაგებით წერო სტამბოლზე, თუ რა თქმა უნდა, ტურისტული წიგნი არ შემოგიკვეთეს. სტამბოლი უნდა ჩანდეს ნაწერში, როგორც მოსასხამი, როგორც ძველი, აქარი ხალათი, რომლის შიგნითაც მბორგავი, მოუსვენარი, მაგრამ მაინც სევდიანი სხეულია.
ზღვა, თოლიები, ტაქსისტები და ბაქლავა, მზის ქვეშ. ნარგილე ჩრდილში. სურნელებაა ბაზარი, სულეიმანის მეჩეთი. ახალი მეჩეთები. სადა ონკანების წრე ფეხის დასაბანად. ნაბიჯი ნელი. მტვირთავები და მენაგვეები. ვერც ერთ დიდ ქალაქში ვერ ნახავ ამდენ მტვირთავს და მენაგვეს, ამდენ ურიკას და ამდენ ტაქსის. სხვაგან არსად არის ამდენი სასტუმრო და ქებაბჩი, ლოკანტა, მეიხანა…
ჩამოთვლა იოლია, სტამბოლს არც ბოლო აქვს, არც ფსკერი.
გგონია, რომ დამთავრდა და სწორედ მაშინ იწყება.
ოღონდ რა, კარგად ვერ გაიგებ. ალბათ ის, რომ არაფერი იწყება და არაფერი მთავრდება.
ეს იმის ბრალი არ არის, რომ სტამბოლი ძველი იმპერიის დედაქალაქია. იმპერიათა დედაქალაქები ბევრი შემოგხვდება: ყველა მათგანი იწყება და მთავრდება. სტამბოლი არსად იწყება და არსად მთავრდება. ის სამყაროს სიმბოლოა; ხოლო რადგან ის სამყაროს სიმბოლოა, იქ ქუჩები ისე ვერ იკრიალებს, როგორც ბრიუსელში, თუმცა ყველაზე მეტი მენაგვე სწორედ აქ შემოგხვდებათ.
ისევ ჩაი, რომლის სმასაც ბოლო არა აქვს. პატარა, წელში გაწყვეტილი ჭიქა. პატარა იმიტომ, რომ ჩაი არ უნდა გაცივდეს. ჩაის გიმატებენ და გიმატებენ, დაუზარლად, მკვირცხლად. შეიძლება ეს ამბავი ოცდაოთხ საათს გაგრძელდეს. შენ უნდა შეწყვიტო. ჭიქა პირქვე დაამხო მაგიდაზე და ეგებ თქვა კიდეც: ბითი, ალაბილირსინ! მოვრჩი, შეგიძლია წაიღო.
თუ ამ ქალაქს ზემოდან დახედავ, შეიძლება შიშმაც შეგიპყროს. ასეა, რადგან არა აქვს ფსკერი და საზღვარი.
ზრდილობა, აზიური ეშმაკობა, სიდინჯე, თითქოს მოულოდნელი სისწრაფე და ეს უდიადესი წარსული. ზღაპარი, სულტანთა სისასტიკე და არაჩვეულებრივი სირბილე. მთვლემარე თვალები, ალესილი ხმლები და მინარეთები.
ჰარამხანის გუმბათი. ჰარამხანის იატაკი. ჰარამხანის სურნელი. ეს დღევანდელობიდან გამქრალია, მაგრამ ცოცხალი. ჰარამხანა ცოცხალია. იქ არავინაა: ტურიზმი, თითქოს მეტი არაფერი. მაგრამ ცოცხალია. ასე ცოცხალი და ხილული სულები სხვაგან ძნელად მოიძებნება.
ტაქსისტმა თქვა: აქ მოდიან მწერლები და უყურებენ ბოსფორს, მერე კიდევ წიგნებს წერენ.
არ ვიცი, ასეა თუ არა. შეუძლებელია უყურო ყველაფერს. სტამბოლი კი ყველაფერია.
ასე ყოფილა და ასე იქნება.
ასეთი მოსასხამი ძნელი საპოვნელია. თითქმის წარმოუდგენელი. მხოლოდ ზღაპრებშია.
ალბათ.
სტამბოლიც ზღაპარი ყოფილა.
არაცნობიერში ლივლივი – ას ევროდ / ავტორი: გიორგი გვახარია
“სიკვდილამდე ასე მეყვარები!”
არავის სჯერა ამის, მაგრამ მაინც იფიცება და მაინც სიამოვნებს, როცა “კუბოს ფიცრამდე” სიყვარულს პირდება ვინმე.
“ასე მეყვარები” – კომფორტს უქმნის ორ ადამიანს დროის კონკრეტულ მონაკვეთში, როგორც წესი, ახალგაზრდობის ჟამს, როცა მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული და ცხოვრების ნისლიან გზაზე ყველას ძალიან ჭირდება მეგზური.
მეგზური, რომელსაც “სიკვდილამდე ასე ეყვარება”.
მაგრამ დრო გადის – სხეული ჭკნება, თმა თეთრდება.
“მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ… ვინიდან, არ შეგიძლია არც ერთი თმის გათეთრება ან გაშავება” – გვასწავლიან დასავლელ ქრისტიანებს, მაგრამ მაინც “ვდებთ ფიცს”… რადგანაც ძალიან, ძალიან გვეშინია მარტოობის.
სტამბოლიც ასეა. განუწყვეტლივ გიხსნის “სიკვდილამდე” სიყვარულს – რამდენ ხანსაც არ უნდა გაჩერდე ამ ქალაქში, მის დათვალიერებას მაინც ვერ ასწრებ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დიდია და ჭრელი… და თუ თავი შესწირე, ყველა კუთხე-კუნჭული მოინახულე, მაინც არ დაჭკნება, არ გათეთრდება, მაინც არ გათქმევინებს, “მორჩა, ყველაფერი ვნახე, კარგად გავიცანი!”
“მომბეზრდაო”, მაინც ვერ იტყვი სტამბოლზე… შეგიძლია წანწალით თავი არ მოიკლა, დრო არ დაკარგო აია სოფიასა და ცისფერ მეჩეთზე. შეგიძლია, უბრალოდ, აიტუზო, სადმე, ისტიკლალის ქუჩაზე (სკამებს, ჩამოსაჯდომად, აქ ვერ ნახავ, ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ ან იდგე და ისე ათვალიერო, ან, იარო, რათა თავად იქცე “დათვალიერების ობიექტად”) და უყურო, უყურო “ახალ ბაბილონს”, უსმინო ამ ქალაქ-პოლიგლოტს, რომელიც თავის დროზე, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ “ისტორიის დასასრულად” მონათლეს.
ცხადია, დასავლელმა “მეგზურ-მოგზაურებმა” მონათლეს ასე. მათ, ვისაც ძალიან ეშინიათ ისტორიის დასასრულის, დროის დასასრულის – სხეულის დაჭკნობისა და თმის გათეთრების.
აღმოსავლეთს არ სწამს ისტორიის და ამიტომ, არც იმის ეშინია, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს. სადღაც შუა აზიაში, ან, თუნდაც ინდოეთში, დრო დიდი ხანია გაყინულია. ჩადიხარ ბუხარასა და სამარყანდში და ხვდები, რომ საათი აქ არ გჭირდება.
მაგრამ სტამბოლი აღმოსავლეთი არ არის. არც დასავლეთია. სტამბოლი არ არის ადგილი “მონოქრომული კულტურებისთვის”. სტამბოლში ისტორია ერთდროულად მთავრდება და იწყება.
თავის დროზე, თურქებმა, რომელთაც ჩვენში დღემდე შემორჩათ “დამანგრევლების” იარლიყი, ქრისტიანული სამყაროს მთავარი ტაძარი – “აია სოფია” კი არ დაანგრიეს, არამედ მუსულმანური არქიტექტურის ორიენტირად აქციეს – ახალი მეჩეთები მათ სწორედ “სოფიას” მიბაძვით ააშენეს.
თავის დროზე, აქედან რკინიგზა გაიყვანეს პარიზამდე და მატარებელს, ამ ახალ მოძრავ სასტუმროს, “აღმოსავლეთის ექსპრესი” უწოდეს.
სტამბოლმა დასავლელი მგზავრებისთვისაც იზრუნა. მათთვის “ბეიოღლუს უბანში”, უწინ “პერა” რომ ერქვა, 1892 წელს “პერა პალასი” ააშენეს. ფრანგმა არქიტექტორმა ვალორიმ დააპროექტა “არ ნუვოს” სტილის ნაგებობა, პირველი ლიფტით სტამბოლში… ლიფტით, რომლის სანახავად მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, თურქები უზარმაზარ რიგში ჩამწკრივებულან.
დღეს “ბეიოღლუ” თავისი კაფეებითა და ღამის ბარებით, კონსერვატორებისთვის “გარყვნილების ბუდეა”, რომელსაც “ტრაქტორით უნდა გადაუარო”. მაგრამ ტრაქტორს რა უნდა ფეხით მოსიარულეთა ზონაში? ბეიოღლუს მთავარ ქუჩას, რომელსაც “ისტიკლალ კადეში”, დამოუკიდებლობის პროსპექტი ჰქვია, სტამბოლელები დიდი ხანია ევროპის ნაწილად მიიჩნევენ… და აბა ევროპას ტრაქტორით როგორ გადაუვლიან ქვეყანაში, რომელსაც პრაგმატული მიზანი აქვს – ევროკავშირში შესვლისთვის იღვწის?
პრაგმატიზმი – კაპიტალისტური დასავლეთის მონაპოვარია. მაგრამ სტამბოლი ხომ მარტო “კაპიტალისტური დასავლეთი” არ არის. აღმოსავლეთიცაა. აღმოსავლეთს კი სჯერა მისტიკური კანონზომიერებების. სჯერა, რომ ბულდოზერები ბეიოღლუს ვერ უშველის. ასეც მოხდა; არაერთხელ სცადეს დაეხურათ ბეიოღლუს სახელგანთქმული ჰარემები, მაგრამ მათ ადგილას ახალი გაჩნდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ისტიკლალის ქუჩა მოდერნის სტილის შენობებით გაავსეს… იფიქრეს, “ცივილიზებული ხალხი” დასახლდება და ათას ერთი ღამის “სოდომიას” ბოლო მიეღებაო.
ძველი ჰარემის ადგილას, გაჩნდა ბარი “ჟასმინი” – სტამბოლელი როკერების, ჰიპებისა და ტრანსსექსუალების თავშეყრის კერა; იქვე ახლოს – ბრიტანეთის საკონსულო. რამდენიმე მეტრის იქით კი “პერა პალასი” – ევროპელი მგზავრების “მოსასვენებელი ადგილი”.
ტაქსიმის მოედნიდან “პერამდე” ფეხით რომ ჩაუაროთ “ევროპას”, თეორიულად, ოცი წუთი გეყოფათ… ძველი ტრამვაით თუ ისარგებლებთ, დროს უფრო დაკარგავთ, რადგანაც “ევროპის ბაბილონში” ძალიან უყვართ შუაგულ ქუჩაზე, ტრამვაის რელსებზე სიარული… სამაგიეროდ, ტრამვაი იმ ცდუნებას, უფრო სწორად “ცდუნებებს” გადაგარჩენთ, რომლითაც ძალიან მდიდარია ისტიკლალ კადეში. ვიღაცისთვის ეს – წიგნებისა და ფირფიტების უმდიდრესი მაღაზიებია, როგორც წესი, ქურთი გამყიდველებით, რომლებიც კინოში ზოგჯერ ევროპელ კინოკრიტიკოსებზე უკეთ ერკვევიან. ვიღაცისთვის ცდუნებაა თევზის უზარმაზარი ბაზარი და რესტორანი, რომელიც დამწვარი თეატრის ნაცვლად აშენდა. ვიღაცისთვის კი აქაური ღამის კლუბები, სადაც გათენებამდე ისმის თურქულ-ევროპულ-ამერიკული მუსიკა, სადაც ადგილობრივი ტრანსვესტიტები, მათი სუტენიორები და რუსეთიდან თურქეთის დასაპყრობად ჩამოსული “ნატაშები” მშვიდობიანად თანაარსებობენ ჩალმებში გამოწყობილ ფუნდამენტალისტ ქალებთან.
ამ გზაზე უამრავი ორიენტირია – გინდა პური აირჩიე, გინდა სანახაობა… გინდა სული ასიამოვნე, გინდა სხეული!
“სიამოვნების გზას” ბოლომდე როცა ჩაუვლით, “პერა” დაგხვდებათ… ისე, როგორც ერთი საუკუნის წინ – “ევროპულად” გამოწყობილი შვეიცარით, რომელიც აღმოსავლეთის ექსპრესის მგზავრებს ფართოდ უხსნიდა სასტუმროს კარს.
თუკი “პერას” დათვალიერება მოინდომეთ, არავითარ შემთხვევაში არ მოირგოთ მარტოხელა ტურისტის როლი და სასტუმროში შესვლისას, თვალების ცეცება არ დაიწყოთ.
პირველად ასე მოვხვდი “პერაში”. მე, თეომ და გიორგიმ თავი დავადეთ და დაუკითხავად ჩავჯექით ბროლის მინებით გაფორმებულ ჭრიალა ხის ლიფტში. ბებერ ლიფტიორს, რომელიც თავად თვალებს ცოტა აცეცებდა, როგორც ჩანს, მოვეწონეთ, ან, უბრალოდ, “აღმოსავლეთის ექსპრესის” მგზავრები, ე.ი. სასტუმროს კლიენტები ვეგონეთ… გვკითხა, “პერას” დათვალიერება ხომ არ გნებავთო.
შემოგვატარა სასტუმროს დერეფნები, კაფეები, რესტორანი. პირადად გაგვიწია მეგზურობა მრუდე ხაზების, მარმარილოს, ლითონისა და ფერადი მინის სამყაროში, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვითაა კლასიკური ევროპული “არ ნუვო”, ე.ი. იმ დროის არქიტექტურა, როცა ფერწერაში მოდას იმპრესიონისტები ამკვიდრებდნენ.
იმპრესიონისტებმა დროის გამოხატვა სინათლით სცადეს. მათი “ისტორია” კი დასრულდა მატისით, რომელმაც ისლამური ხელოვნების გავლენა განიცადა. აღმოჩნდა, რომ შუქი – ისლამისთვისაც წმიდათაწმიდაა, მაგრამ ევროპელებისგან განსხვავებით, შუქი – დროის გარეშე. რაღაცნაირი, მარადიული სინათლე!
“პერა” ანრი მატისია არქიტექტურაში. მას შემდეგ, რაც “პერას” მრუდე ხაზების სამყაროს ეზიარებით, სხვადასხვა ფაქტურებისა და ფერისგან შექმნილ სინათლის სხივს გაუყვებით და სასტუმროს რომელიმე ოთახის აივნიდან ბოსფორის სრუტეს გადახედავთ, მიხვდებით, რომ სტამბოლი უზარმაზარ საახალწლო ნაძვის ხეს ჰგავს. აქედან დანახული სტამბოლიც არასდროს მოგბეზრდებათ, ბავშვობა გაგახსენდებათ, როცა ნაძვის ხის დაშლის რიტუალი ყველაზე მეტად გძულდათ ამქვეყნად.
“- ეფენდი, ათათურქის ოთახის ნახვას ხომ არ ინებებთ?” – მკითხა ჩვენმა ლიფტიორმა, როცა “პერას” აივანზე ბეიოღლუში დასახლებულ ბაირონზე დავიწყე ფიქრი. “სიყვარული მხოლოდ თავისუფალი ადამიანის ხვედრია!” – რატომ მიხვდა ამას მაინცდამაინც სტამბოლში?
ლიფტიორმა 101-ე ოთახში შეგვიყვანა; იქ, სადაც მუსტაფა ათათურქი 1918 წელს, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ გაჩერდა. ეს ოთახი დღეს “მუზეუმად” აქციეს. თუმცა, შესაძლებელია სწორედ იმიტომ, რომ თურქებს დრო მაინცდამაინც არ აშინებთ და სამუზეუმო ექსპონატების “გაფეტიშება” არ უყვართ. აქ თავისუფლად შეგიძლიათ ხელით შეეხოთ ექსპონატებს. მე, თეო და გიორგი ათათურქის საწოლზე ჩამოვჯექით და ლეიბზე ცოტა “ვიხტუნავეთ” კიდეც.
ამასობაში საოცრება მოხდა – ლიფტიორი სადღაც გაუჩინარდა. დაგვტოვა ასე მარტო, თურქეთის საამაყო შვილის საწოლზე.
თურქეთში მოგზაურობისას ხშირად მიფიქრია, თბილისში რომ დავბრუნდები, აუცილებლად უნდა გავარკვიო, შემთხვევით თურქული სისხლი ხომ არ მირევია… აბა, როგორ შეიძლება ასე არანორმალურად გიყვარდეს ეს ქვეყანა! მერე სულ მავიწყდება ხოლმე. თანაც, ვიცი, რომ მაინც ვერ გავიგებ.
“როგორი ხალხია მაინც. როგორ ენდობიან ადამიანებს. აი, ამას ჰქვია სტუმართმოყვარეობა!” – შენიშნა თეომ.
“იდიოტები. რატომ არ წამოგვყვნენ. მუქთად ნახავდნენ ამ საოცრებას” – დათო და მაია ვიგულისხმე, ჩვენი მეგობრები, რომელთაც “პერას” დათვალიერებას სტამბოლის ბაზარზე ხეტიალი არჩიეს.
“პერათი” მოჯადოებულებმა, გადავწყვიტეთ მათთვის გვეთქვა, რაოდენ ადვილად შეიძლება შეაღწიო სასტუმროში, სადაც გრეტა გარბოს, ჟაკლინ ონასისის, სარა ბერნარის, მატა ჰარის, ლევ ტროცკის სულები ბობოქრობენ. (“სულების” გვარები საგანგებოდაა მითითებული “პერას” ნომრებზე). გადავწყვიტეთ, სამ ხმაში გაგველანძღა იოსიფ ბროდსკი, რომელიც 1985 წელს “პერაში” გაჩერდა, მერე კი აღიარა, რომ ვერ აიტანა სტამბოლი – “აყროლებული ქალაქი საშინელი მტვერითა და სივიწროვით”.
ბროდსკიმ სწორედ “პერა პალასში” ნახა საზარელი სიზმარი – უზარმაზარი კატები, რომლებიც ვირთხებს უმკლავდებოდნენ.
1926 წელს აგატა კრისტიმ სწორედ “პერაში” დაწერა “მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში”.
დასავლელ ადამიანს ფერად ნისლში სიარულის ეშინია. “პერას” სიჭრელე – ევროპის ეს აღმოსავლური იმიტაცია, ერთნაირად როდი ხიბლავს ყველას.
აღმოსავლეთის დასავლური იმიტაცია, იცოცხლე!.. გვიყვარს ორიენტალიზმი! ინდოეთი და ნეპალიც აღგვაგზნებს – ვმკვიდრდებით ეგზოტიკურ სივრცეში. საერთოდ, მოგვწონს, როცა ჩვენ ვათვალიერებთ და არა პირიქით…
ბეიოღლუ, თავისი “პერათი”, ევროპის ეს უტრირებული სახე, მხოლოდ თავიდან გიქმნის ილუზიას, რომ აქ რაღაცას ათვალიერებ.
სინამდვილეში, ევროპელები, მათ შორის ჩვენც, “უძველესი ევროპელები”, თავისებურ სატყუარაში ვხვდებით, რომელიც ბოლოს და ბოლოს გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი ცივილიზაცია ნელ-ნელა სამუზეუმო ექსპონატად იქცევა. “პერა პალასი”, თავისი დიდი მინებით, მართლაც სარკეში გვახედებს. აი, თითქოს ჩამოგვიყვანა “აღმოსავლეთის ექსპრესმა” ერთი ცივილიზაციიდან მეორეში, ეს “მეორე” თითქოს ხელგაშლილი შემოგვეგება, ჩვენს ენაზე დაგვიწყო ლაპარაკი, ჩვენი, ევროპული სტილით, კომფორტი შეგვიქმნა, დაგვპირდა, სიკვდილამდე მეყვარები, ოღონდ იცოდე, რომ შენ არა ხარ ყველაფერი, შენ არ წყვეტ სამყაროს ბედს, გადი აივანზე, გაიხედე გარეთ და დაინახავ, რომ არც ისტორია არსებობს და არც დრო… ერთიც და მეორეც თქვენ მოიგონეთ, ევროპელებმა! მოიგონეთ, და მერე შეგეშინდათ იმის, რაც შექმენით.
ერთი ღამე “პერა-პალასში” 100 ევრო ღირს.
რა თქმა უნდა, სასწრაფოდ გადმოვსახლდით “დასავლურ-აღმოსავლურ დივან-სასტუმროში”, რათა დილაობით იმ ევროპელებთან ერთად გვესაუზმა, რომლებიც აზიაშიც ევროპას ეძებენ… ანუ ეძებენ საკუთარ თავს უცხო გარემოში – არაცნობიერში. ტროცკის ნომერი არ მომცეს – მაგის დაჯავშნა ერთი წლით ადრე ხდებაო.
დათოს და მაიას კი, იცით, რა მოუვიდა? სასტუმროში როცა გვეწვივნენ, მათაც “პერას” შვეიცარი შეეგება, სალაროსთან მიიყვანა და უთხრა: “სასტუმროს დათვალიერება თუ გნებავთ, ბილეთი უნდა შეიძინოთ. ფასი 30 ევრო”.
არადა, გავაფრთხილე, რომ შემოხვალთ, თვალები არ აცეცოთ-მეთქი.
სტამბოლში სულ ოთხჯერ, თითო-თითო დღით ვარ ნამყოფი და ამის მიუხედავად, ის მაინც ჩემი უსაყვარლესი ქალაქია. არ ვიცი, რითი მომნუსხა ასე. ალბათ იმით, რომ თურქეთი აღმოსავლეთის ის ქვეყანაა, სადაც ენის უცოდინრობის გამო, შემიძლია თავს დილეტანტიზმის უფლება მივცე და მეც ჩვეულებრივი, უცხოელი ტურისტივით ეგზოტიკის მორევში დავინთქა. აღმოსავლეთი ეგზოტიკისა და არა – პროფესიული ინტერესის დონეზე მივიღო. შესაძლოა, იმიტომაც, რომ სტამბულში გაჩერება ოთხივეჯერ კაიროსაკენ მიმავალს ან იქიდან თბილისში მომავალს მომიხდა და ეს ქალაქი ევროპასა და აზიას შორის მდებარე ერთგვარ ულამაზეს სადგურად აღვიქვი.
ახლა კაიროში წასვლა სტამბოლის, სტამბოლში გაჩერების გამოც მახარებს. ამ ქალაქში დილაუთენია ჩავფრინდები. სასტუმროში ერთი-ორი საათი წავუძინებ და მერე შემიძლია მთელი დღე შეუსვენებლად ვიხეტიალო მშვენიერ ქუჩებში, ულამაზესი მეჩეთების ეზოში ჩამოვჯდე ანდა რომელიმე ტრადიციულ კაფეში ფინჯანი ყავის დასალევად მოვირთხა ფეხი. ყავაც უგემრიელესია, გარემოც შესაფერისი და გულიანი, ალალი თურქებიც სულ არ ჰგვანან ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოდან ნაცნობ აგრესორებს.
ცა ულურჯესია, თითქოს ალაგ-ალაგ იზნიქება და მიწამდე ჩამოდის, ძირის კი ბოსფორის სრუტე გაწოლილა და მკერდს უშვერს ზეცას, რომელსაც ზემოთ აია-სოფიასა და სხვა მეჩეთთა გუმბათ-მინარეთებიღა აკავებს. ყველაფერი ზღაპარს ემსგავსება და ყველაფერი უზრუნველ ბავშვობაში მაბრუნებს.
საქმე ისაა, რომ პირველი წიგნი, რომელიც ხუთი წლისამ, უფროსების დაუხმარებლად წავიკითხე, ლია ჩლაიძისა და ირინე გოცირიძის მიერ თარგმნილი თურქული ზღაპრები იყო. ამ ზღაპრების კრებულს ჩემამდე ხუთი უფროსი დის ხელში გამოევლო და ამიტომაც, როცა ჯერმა ჩემზეც უწია, დაფურცლული ეყარა ძველისძველ სკივრში, სადაც რატომღაც უფროსი დების საკონტროლო წერის რვეულებს, ნიშნების ფურცლებს, ქების სიგელებს და სხვა ასეთ უსარგებლო “სიგელ-გუჯარებს” ინახავდნენ. ამ სკივრში ხელის ფათური ჩემი უსაყვარლესი საქმიანობა იყო და ერთხელაც ხელში თურქული ზღაპრების ნაგლეჯი ამომყვა. კითხვა დავიწყე და როცა ზღაპარი გამიწყდა, დანარჩენი ფურცლების, ზღაპრის დასასრულის ძებნას შევუდექი. მთელი სკივრი გადავაქოთე, მოვძებნე ყველა ფურცელი, ხელახლა ავკინძე წიგნი და ასე წავიკითხე თურქული ზღაპრები.
მგონი, მას შემდეგ, მგონი კი არა, სწორედ მას შემდეგ დამრჩა ჩემი ქალაქის, გაუჩინარებული ქალაქის დარდი, სადაც იმ თურქული ზღაპრების ტრადიციული დასაწყისისა არ იყოს:
“დროსა შიგან, ძველსა შიგან, საცერისა დროსა შიგან, როს ეშმაკნი ჯირითობდნენ ძველსა აბანოსა შიგან, აქედანა, იქიდანა, მეც არ ვიცი, საიდანა, მესაზამთროვე გამოხტა აი, იმა კუთხიდანა: აი, ბატონო, ვაი ბატონო, საზამთრო და რა საზამთრო. არც სასწორზე დაიდება, არც მეტრობით იზომება, არც არშინით იზომება, თვალით თითქოს ინახვის და მნახველი კი არ იქნება, ნაქსოვია თითქოს ხელით, მაგრამ არ კი იქსოვება…”
პირველად, როცა სტამბოლში ჩავფრინდი, სწორედ ამ გაუჩინარებულ ქალაქში დაბრუნების განცდა დამეუფლა. ეს განცდა ისეთი მძაფრი იყო, სულ აქეთ-იქით ვიყურებოდი, სადაცაა საიდანმე ჩემი ნაცნობი მესაზამთროვეც გამოხტება-მეთქი.
ჩვენი სასტუმრო სტამბოლის საამაყო მიწისზედა მეტროდან ორ ნაბიჯზე იდგა, მაგრამ ქუჩას ქალაქის მოედნამდე ანუ აია-სოფიას დიდებულ ტაძრამდე ფეხით დავუყევი.
ქალაქი თავისი მოკირწყლული ქუჩებითა და წითელი სახურავებით რაღაცით მშობლიურ თბილისსაც გაგახსენებთ. ცენტრისაკენ მიმავალი გზა კი, რაც უფრო უახლოვდება აია-სოფიას ტაძარს, მით უფრო იშლება და ფერადოვან ხალიჩას ემსგავსება. თითოეული ნაგებობა ამ ხალიჩის ულამაზესი ნაყშივით ელვარებს, მთავარი ნაყში კი, რა თქმა უნდა, აია-სოფიაა.
ეს ქუჩა მოედნამდე უთვალავ ბრჭყვიალა მაღაზიასაც გაივლის. სტამბოლი აღებ-მიცემობის ქალაქია და აქ ვაჭრობა მაისის ხასხასა ვარდივით იფურჩქნება. იყიდება ტურისტთათვის შეფუთული აღმოსავლეთი – აღმოსავლური ყოფის ათას ერთ სუვენირად დაქუცმაცებული ყველა რეალია; ხოლო თუ მოგზაურს გემოვნებასთან ერთად ჯიბეც არ ღალატობს, შეუძლია აქედან მართლაც ხელდამშვენებულმა გასწიოს შინისაკენ.
მაღაზიათა ეს კასკადი მორევივით ეხვევა სტამბოლის უზარმაზარ აღმოსავლეთისათვის ტიპურ ანუ დახურულ ბაზარში. ამ ბაზარმა გამოუცდელი კაცი შეიძლება მართლაც მორევივით ჩაითრიოს და, ეს თუ დაგემართა, შენი საქმე წასულია: ათასი წელი თავთხელს, ფონსა თუ გამოსავალს ვეღარსად იპოვი.
ბაზრის შესასვლელთან შავტუხა ჯეელი დგას და მე და ჩემს მეგობარს შორიდან გვიღიმის. გვერდით რომ ჩავუარეთ, რატომღაც სპარსულად ჩაგვჩურჩულა: “ქალები არ გინდათ? ლამაზი ქალები მყავს!”
მისი დერვიშული სიფათი ხუმრობის გუნებაზე მაყენებს, მაგრამ სერიოზულობას ვინარჩუნებ და რაც შეიძლება მკაცრად ვეუბნები: “არა, ბატონო, მადლობას მოგახსენებთ!” ის კი ისევ მოგვყვება და ცდილობს საუბრის ძაფი ხელიდან არ გაუშვას. “რომელი ოსთანიდან (ირანის რომელი პროვინციიდან) ხართ?!” “ირანელი არა ვარ, ქართველი ვარ!” – ცალყბად ვეუბნები და ვცდილობ, ხელიდან დავუძვრე თუ თავიდან მოვიშორო. სუტენიორი კი დამტვრეული სპარსულიდან მაშინვე დალეწილ რუსულზე გადადის და იმავეს ახლა რუსულად გვეკითხება: “დევუჩკი ნე ხათითე?!”
ნეტავ რა შემატყო ამ კაცმა სუპერმენობისა ან ეს ჩემი დაგროვილი სექსუალური ვულკანები რაღა მაინცდამაინც სტამბოლში უნდა ამოვუშვა ბოთლში დამწყვდეული ჯინებივით?! არა, ბატონო, არც მე ვარ ის ბოთლი და არც მასში გამომწყვდეული ხურუშია ის ჯინი, შეჩვეული აუმღვრეველი გარემო საეჭვო თავისუფლებაზე გადაცვალოს. ამიტომაც: “ველამ ქონ, ბაბა!” – თავი დამანებე, კაცო-მეთქი, ისევ სპარსულად, თანაც ხაზგასმული სიუხეშით ვეუბნები და ბოლოს და ბოლოს, აბერზარი ჯეელიც თავს მანებებს.
მაგრამ ეს სცილა იყო, მეორე მხრიდან კი ქარიბდა მოგვიხტა და იმან რატომღაც არაბულად გვიხმო: “თა’ალა, ია ჰაბიბი! – მოდი, საყვარელო!”
ამ ულავაშას საყვარლობაღა მაკლდა! ესეც ჩემი საზამთროს კაცი!
ულვაშას უფრო მორალური მიზნები ამოძრავებს – ტყავის ქურთუკები აქვს გასასაღებელი და ფიქრობს, რომ ჩვენი სახით, სასურველი მუშტარი იშოვა. რა იცის ულვაშამ, რომ ჩემი მწირი ოცდაათი დოლარი აია-სოფიას დასათვალიერებლად შემოვინახე და ეს თანხაც მხოლოდ ორი სართულის დასათვალიერებლად თუ მეყოფა, რადგან მის თითოეულ სართულზე მოხვედრა, ოფიციალურად, თხუთმეტი დოლარი ღირს. ამ ოცდაათი დოლარიდანაც ერთი სართულის ფული უცნაური დანაზოგის წყალობით შემომრჩა: საქართველოსა და თურქეთს შორის ბოლო დროს დადებული ერთი გონივრული ხელშეკრულების (დიახ, თურმე ასეთი რამეც ხდება და ზოგჯერ გონივრული სამთავრობო ხელშეკრულებებიც იდება!) საფუძველზე, ჩვენს ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. ეს კი პირდაპირ აისახა ჩემს ღარიბულ ტურისტულ ბიუჯეტზე და ახლა აია-სოფიას ერთი სართულის ნაცვლად, მთელი ორი სართულის დათვალიერება შემიძლია. ამიტომაც არ ვიყიდი იმ ოხერ ტყავის ქურთუკს. რომელი პოლიციელი ან “კაგებეშნიკი” მე ვარ, რომ მაგათ სულელურ უნიფორმაში გავიზმანო?! ის კი არა, იქით პერანგსაც გავყიდი, თუ იმ ფულით აია-სოფიას კიდევ ერთ სართულს დავათვალიერებ! ისე, ამ თურქებს ბილეთების სართულ-სართულ გაყიდვა რაღამ მოაფიქრათ?! “მეტის ღირსნი არიან ბიზანტიელები, პიპა!”
ბიზანტიელებზე გამახსენდა: სტამბოლი პალიმფსესტივით ქალაქია, სადაც წაშლილ კონსტანტინეპოლზე ახალი ტექსტივით გადაუწერიათ მუსლიმური მეჩეთ-მიზგითები.
ეს ტექსტი ისე ოსტატურადაა შეკრული, რომ მისი ავტორის გემოვნებაში წუნს ვერაფრით შეიტან. ტექსტს კი, ძირითადად, ერთი ავტორი ჰყავს – ლეგენდარული არქიტექტორი სინანი, რომელმაც თითქმის ერთი საუკუნე იცოცხლა და აქედან, სულ მცირე, სამოცდაათი წელი მშობლიური ქვეყნისა და მისი უმთავრესი ქალაქის აღმშენებლობას შეალია.
სინანის ბიოგრაფია თითქოს შეკუმშულად იმეორებს რეგიონში ქრისტიანობისა და მისი მთავარი ციტადელის – კონსტანტინოპოლის ტრაგიკულ ისტორიას. სწორედ ამ გამაჰმადიანებული ქრისტიანი კაცის დამსახურებაა შუა საუკუნეთა სტამბოლის არქიტექტურული იერსახე, რომლის ხუროთმოძღვრული შტრიხებიც, აია-სოფიასთან ერთად, მის მიერ აგებული უბრწყინვალესი მეჩეთებითაც იკვეთება.
ამ მეჩეთთაგან სამი მაინც გამორჩეული და განსაკუთრებულია: შაჰზადე მეჰმედის, სულეიმანიესა და სელიმიეს ცნობილი მიზგითები.
ამბობენ, რომ თვითონ სინანი შაჰზადე მეჰმედის მეჩეთს შეგირდის ნამუშევარს, სულეიმანიეს – ოსტატობამდელ, ხოლო სელიმიეს ოსტატის ნახელავს უწოდებდა.
სამიდან ბოლო – სელიმიეს მეჩეთი – ქალაქ ედირნეში დგას, პირველი ორი სტამბოლში მინახავს და მიკვრის: თუ შეგირდისა და ოსტატობამდელი ნამუშევარი ასეთია, ოსტატის ნახელავი სელიმიე რაღა უნდა იყოს!
შაჰზადე მეჰმედის მეჩეთი 1543 წელს სინანისადმი სულტნის პირველი დაკვეთა იყო. სულ რაღაც ხუთ წელიწადში კი, მან ეს ბრწყინვალე არქიტექტურული კომპლექსი ააგო. “შაჰზადე” უფლისწულს ნიშნავს. მეჰმედი – სულეიმანის პირველი და უსაყვარლესი შვილი – 22 წლისა შავი ჭირით გარდაიცვალა. მგლოვიარე სულტანმა მისი სულის საოხად ააგებინა მეჩეთი, რომლის გალავანშიც დაკრძალეს ჭაბუკი უფლისწული.
“შაჰზადე მეჰდიეს” გუმბათის დიამეტრი 19 მეტრია, იატაკიდან ჭერამდე კი 37 მეტრი სიმაღლეა. ოთხი ურთიერთგადამკვეთი ნახევარგუმბათი მთლიანობაში ჯვრის სიმეტრიულ ფიგურას იძლევა. ეს გეგმა ლაპიდარულია, დაწურული. ასეთ გეგმას ვერ შეეხუმრები, თუმცა ის მანამდე უკვე გამოეცადათ: სტამბოლში ფათიჰასა (1471) და ბაიაზიდის (1506) მიზგითები სწორედ ასეთი არქიტექტურული სქემითაა ნაშენები.
ამავე სქემით მუშაობდა ჩვენი არქიტექტორიც და თითქოს ამ მეჩეთით თავისთვის სიმეტრიის თემის ამოწურვა ეწადა. თუმცა სინანმა ამ კომპლექსს მხოლოდ მისი ხელოვნებისათვის ნიშნეული ელასტიურობაც მიანიჭა. მიზგითი ნახევარგუმბათებითა და თაღებით შეამკო, რომელთა დამგვირგვინებელი კონტრფორსები გუმბათს ისე პროპორციულად მიემართება, რომ მნახველს ეჩვენება, თითქოს მეჩეთი ციდან მიწაზე მართკუთხა სამკუთხედის ხაზებით ეშვებაო. მეჩეთის შიგნით უხვი თავისუფალი სივრცეა. სამი საყრდენი ბურჯი არცთუ ისე მასიურია, თუმცა განცალკევებით დგას და თითქოს კედლებს არც კი უერთდება. აქ გვერდითი გალერეები არ გვხვდება, ამიტომაც პირველი შთაბეჭდილება მეჩეთის ღიაობა, დაუცველობა და, თუ გნებავთ, იოლად მოწყვლადობაა. კონტრაპუნქტში ფასადთა შეფუთულობა და შიდა სიპირქუშე კი შაჰზადეს საპარასკეო მეჩეთს განუმეორებელ იერსახეს აძლევს.
მეორე შესანიშნავი მიზგითი – სულეიმანიეს დიდებული კომპლექსი, რომლის მშენებლობაც 1550 წელს დაიწყო და შვიდ წელიწადში დასრულდა, მრავალპლანიანი და რთული გეგმისაა. ესაა ქალაქი ქალაქში, ქვის მონუმენტური სავანე, რომლის შიგნითაც ხეტიალი მთელი დღე შეიძლება. აქ თავს იყრის რამდენიმე მედრესე, საავადმყოფო, უპოვართა თავშესაფარი, სასადილო, ქარვასლა, აბანო და საპირფარეშო, შადრევნები, სათამაშო მოედანი და ხელოსანთა რიგები, რომელთა შორისაც განსაკუთრებული პატივით მჭედლები სარგებლობდნენ, რადგან თვითონ სულტანი სულეიმანი ჭედურობის ოსტატი ყოფილა.
სულეიმანიესა და აია-სოფიას ტაძარს ერთმანეთისაგან სივრცეში დაახლოებით ერთი კილომეტრი, ხოლო დროში ერთი საუკუნე აშორებს. თუმცა ორივე ეს ძეგლი ერთი და იმავე ხასიათისაა. ორივე იმპერიის აყვავების ხანაშია აგებული და ერთიცა და მეორეც სახელმწიფოს ძალისა და დიდების გამომხატველ, იმპერიის ძლევამოსილების თავისებურ ღაღადისად უნდა ქცეულიყო.
თქმა არ უნდა, რომ მეჩეთზე მუშაობისას სინანს თვალწინ აია-სოფიას დიდებული ტაძარი ედგა. მისი სულეიმანიე აია-სოფიას აშკარა წაბაძვითაა აგებული. გეგმაც კი – ორი ნახევარგუმბათი ერთ ღერძზე, ოთხი საყდენი ბურჯი და წრე კვადრატში – დემონსტრაციულად უწინდელია. მაგრამ, როგორც ჩანს, ხუროთმოძღვარს სურდა, თავისი ნახელავით ბერძნულ ფორმებზე ისლამის იდეის უპირატესობაც დაემტკიცებინა: სოფიას გუმბათი შეუმჩნეველი სარკმლებით ნათდება. ის ტაძრისაგან არ გამოიყოფა და თავს ზემოთ მფრინავი თეფშივით დაცურავს. სინანის გუმბათის დიამეტრი კი უფრო მცირეა (26Х10) და დაბალია (53Х56), მაგრამ მეჩეთში შესული კაცი წამსვე მისი უხილავი წნეხის ქვეშ ექცევა, რადგან უეცრად სივრცის იმ ჩქერალში გაეხვევა, რომელიც მაღალი იალქნებით ზემოდან ქვემოთ, ადამიანისაკენ მოისწრაფის.
აია სოფია მისტერიაა: გალერეები, მიჯნები, ფარდულები… ადამიანი კი, ამ ტაძარში მოხვედრილი, მაინც მარტოა და მისი საიდუმლოც უწინდებურად ცხრა ბეჭდითაა დალუქული.
სულეიმანიე, პირიქით, ღია სივრცეა. ღვთიური შუქი ადამიანს აქ თითქოს გარედან კი არ ანათებს, შიგნიდან ასხივოსნებს. აია-სოფიაში კაცი ანტიკურობას შეიგრძნობს და დროისა და ფორმის მიჯნებს თავს გონების მეოხებით აღწევს, სინანის მეჩეთი კი ადამიანს ერთბაშად და დაუნანებლად ეძლევა, ზუსტად ისე, როგორც უფალი გვიბოძებს სიცოცხლეს ჩასახვის მომენტში!
მეჩეთს ოთხი მინარეთი აქვს. მისი დამკვეთი სულტანი სულეიმანი სტამბოლის მეოთხე მბრძანებელი იყო, ხოლო თაღი ათია, რაც სიმბოლურად “ოსმანის მეოთხე ძეს” გამოხატავს.
მეჩეთის გაღებისას, ათასობით სასანთლეს ანთებდნენ. ასეთ განათებაზე ღამითაც კი გარკვევით მოჩანდა გუმბათის ულამაზესი წარწერა ყურანის სურიდან: “ალაჰია ნათელი ცათა და ქვეყნისა.”
სანამ “ცისფერ მეჩეთსა” და აია-სოფიას შორის მდებარე პარკში ვზივარ და მუსლიმურ არქიტექტურაზე ვფიქრობ, ამასობაში თანდათან ბინდდება. მოედანზე თავმოყრილი მტრედები ნელ-ნელა იშლებიან და ნაწილი თავს აია-სოფიას, ნაწილი კი “ცისფერ მეჩეთს” აფარებს. რელიგიური ტოლერანტულობის ბრწყინვალე მაგალითი! “ქრისტიანი” და “მუსლიმი” მტრედები მთელ სიცოცხლეს ერთად ატარებენ, მაგრამ ღამით თავს ყველა საკუთარ ტაძარში მიიდრეკს.
ყავახანები ყავის ნახევრადმისტიკურ სურნელსა და ოხშივარში ჩაძირულან. მე კი ვდგები, რომ იქვე, ახლოს წიგნების ერთ საუკეთესო მაღაზიაში შესვლაც მოვასწრო. მართალია, ყველა წიგნი ისეთი ძვირია, რომ მხოლოდ გადათვალიერებას თუ შევძლებ, მაგრამ მაინც იქ მირჩევნია, რადგან ბიბლიოთეკაში უფრო მშვიდად და აუმღვრევლად ვგრძნობ თავს, ვიდრე მუზეუმად გადაკეთებულ ტაძარში, რომლის თითოეული სართულის დათვალიერება თხუთმეტი დოლარი ღირს.
მზერით ვეფერები ბოსფორის სრუტეს და გზას მაღაზიისაკენ მივუყვები. აქ ევროპულ ენებზე საუცხოოდ გამოცემულ წიგნებში თანამედროვე თურქული ლიტერატურის მეტრის – ორჰან ფამუქის რომანებიცაა. ალალბედზე ერთ-ერთ რომანს ვიღებ, რომელსაც წინ მწერლის ინტერვიუ უძღვის – “ჩემს სტამბოლში გამუდმებით თოვს”…
გამუდმებით თოვს ფამუქის სტამბოლში და ეს თოვლი ბიზანტიელ ჰიმნოგრაფთა საფლავებს ადნება…
ასეთია ქალაქი-პალიმფსესტი, რომელიც ღმერთმა მშვიდობაში მოახმარა იმას, ვისაც მისი მოვლის შნო და უნარი აღმოაჩნდა.
ოღონდ მე რატომღა მემშობლიურება ასე? არა მგონია, მხოლოდ ბიზანტიური კულტურის გამო, რომელსაც ფსიქიკურ-მენტალური აღნაგობით ვეკუთვნი…
ეს ქალაქი რაღაც ძალიან სევდიანად, ძალზე ავბედითად მაგონებს თბილისს…

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close