რევაზ გაჩეჩილაძეგამონათქვამებიამონარიდები

რევაზ გაჩეჩილაძე – ახლო აღმოსავლეთი ამონარიდები

სივრცე, ხალხი და პოლიტიკა

“ქართული ენის სიწმინდისათვის ბრძოლისას ჩვენ, ბუნებრივია, უკუვაგდებთ ისეთ აშკარა ბარბარიზმებს, როგორიცაა ბალკონი, ფანტანი, ბასეინი, ჩაინიკი, პლაშჩი, ზონტიკი, სუმკა, პოლი, აკოშკა, რამკა, ჩაშკა, ვილკა და მათ ნაცვლად ვამჯობინებთ ქართულ სიტყვებს აივანი, ქოლგა, ჩანთა, იატაკი, ფანჯარა, ჩარჩო, ფინჯანი, ჩანგალი. სინამდვილეში ყველა ეს სიტყვა ქართულში ასევე სპარსულ-არაბულ-თურქულიდან შემოვიდა.
(ამ, აღმოსავლეთმცოდნისათვის სრულებით ბანალური, ინფორმაციის პირველად მოსმენა რიგით ქართველში რაღაც შოკისმაგვარს იწვევს ხოლმე. მინდა დავამშვიდო ჩემი თანამემამულეები ანალოგების მოშველიებით: რუსულში ნასესხობები არანაკლებია და მრავალი სიტყვის ეტიმოლოგიის დადგენისას ისინი მონღოლურიდან, თათრულიდან, გერმანულიდან და სხვა ენებიდან შესული აღმოჩნდება; ინგლისური ენის ლექსიკის ლამის ნახევარი ფრანგული ან ლათინური წარმოშობისაა; ძველთურქულის (ოსმალურის) ლექსიკის ოთხ მეხუთემდამდე სპარსული ან არაბული წარმოშობისა იყო და თურქული ენის გაწმენდის პროცესმა ეს წილი, უკეთეს შემთხვევაში გაამესამედა. მაგრამ არც ერთ ამ დიდ ერს ამის გამო არ განუვითარდა არასრულასოვნების კომპლექსი. მსოფლიოს თითქმის ყველა ენაში სიტყვათა სესხება და გათავისება წესია და არა გამონაკლისი. ამით ნებისმიერი ენა მხოლოდ მდიდრდება!)”

 

“იმპერია პოლიტიკურად შეიძლება მოკვდეს, მაგრამ მისი მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს არსებობდეს. რომის იმპერია ფაქტობრივად აღარ არსებობდა V საუკუნიდან, მაგრამ მისი სახელი აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით გადაადგილდა, ხოლო მის კანონებს საუკუნეების შემდეგაც იყენებდნენ. ოსმალეთის გაქრობიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რიგში ოსმალური კანონმდებლობა კვლავაც გამოიყენება მიწათმფლობელობის, პირადი სტატუსის, უმცირესობათა უფლებების განსასაზღვრავად. ისრაელიც კი, რომელიც სულ სხვა ცივილიზაციის პროდუქტია, იძულებულია ცნოს მიწის ფლობის ოსმალეთის დროინდელი კანონმდებლობის ელემენტები.”

“ტერმინი “შუა აღმოსავლეთი”, შესაძლოა, ბუნებრივი სიკვდილით დაასრულებდა თავის არსებობას ევროპული გაზეთების ფურცლებზე, მაგრამ ის, მცირე ყოყმანის შემდეგ, საყოველთაოდ დაამკვიდრეს ამერიკულმა პრესამ და პოლიტოლოგებმა, რომლებისთვისაც მის ულოგიკურობას, როგორც ჩანს, დიდი მნიშვნელობა არა ჰქონდა: ვაშინგტონიდან დასავლეთ ევროპაც კი აღმოსავლეთია, თანაც მისთვის ყველაზე ახლო!”

“არაბების წვლილზე მსოფლიო მეცნიერებაში მეტყველებს მრავალი არაბული სიტყვა, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ევროპულ ენაში იყენებენ – ალგებრა, ქიმია (ალქიმია), ალგორითმი, ლოგარითმი, ციფრი, ალმანახი, ალკოჰოლი, სოდა, ზენიტი, ჩეკი და სხვ.”

“სხვისი სიმდიდრე და წარმატება ხშირად ხდება შურის საბაბი, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც “უსამართლოდ დაჩაგრულად” მიიჩნევს თავს. ადვილია საკუთარი წარუმატებლობა სხვა თემს გადააბრალო და საკუთარ თემში მოახდინო ასეთივე “დაჩაგრულების” მობილიზაცია. შუა საუკუნეების ევროპის ქვეყნებში ებრაელთა რბევა, ძირითადად, შურის მიზეზიდ ხდებოდა და ის, თითქმის ყოველთვის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იყო წაქეზებული.
თუ უცხო რჯულის ხალხის სიმდიდრე შურის საგანი ხდება, ახალგამდიდრებული პირებისათვის დამახასიათებელი ამპარტავნობა – გაღიზიანებას იწვევს, ხოლო ვიწრო ეთნიკურ წრეში ჩაკეტილობა – ეჭვს ბადებს. ეს ყველაფერი აშკარად სუბიექტური ფაქტორებია, რომლებიც შეიძლება სულაც არ ეფუძნებოდეს რეალობას. მაგრამ ფაქტია, რომ XIX საუკუნის ევროპაში სულ უფო მეტად იკიდებს ფეხს ის, რასაც დერქმევა სხარტი, მაგრამ ამავე დროს საშინელი სახელი – ანტისემიტიზმი.”

“მოსეს მაგალითი ამტკიცებს, რომ რელიგია პოლიტიკის მძლავრი იარაღია. ერთი ღმერთის რწმენა აძლიერებდა შინაგან სოლიდარობას მტრულ გარემოცვაში მყოფ ხალხში, რომელიც არ იყო მიბმული მიწასთან და თან დაჰქონდა თავისი სალოცავი.”

“არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ და დასავლეთ პერიფერიაზე არსებული თითქმის ყველა სახელმწიფო ბრიტანული ქმნილებაა. ლონდონმა არ მისცა მათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ნახევარკუნძულის შუაგულში დაწყებულ არაბთა გამაერთიანებელ მოძრაობაში, რის შედეგადაც მთელი ნახევარკუნძული ერთი სახელმწიფო შეიძლებოდა გამხდარიყო. სხვა კუთხით დანახვის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ “ლონდონმა თავისი პროტექტორატები დაიცვა იბნ-საუდის ექსპანსიონიზმისაგან”. დიდ ბრიტანეთს აქ საკუთარი მიზნები ჰქონდა: თავიდან სანაპირო პუნქტების სტრატეგიული მდებარეობა იზიდავდა, შემდეგ კი ეკონომიკური ინტერესი (ნავთობი) გაუჩნდა.”

“მშვიდობისა და მიმტევებლობის მქადაგებელი იესო ქრისტეს მოძღვრება კეისრებმა თავისი დაპყრობითი პოლიტიკის სამსახურში ჩააყენეს.
ზეეროვნულობის მიუხედავად (თეორიულად “ყველა ქრისტიანი ძმაა”), ქრისტიანობა ერწარმომქმნელი და სახელმწიფოწარმომქმნელი ფაქტორის როლის შესრულებას იწყებს, განსაკუთრებით დასავლეთ აზიაში.”

“ყურანი ქრისტიანებსა და იუდეველებს (აგრეთვე საბაელებს) “ალჰ ალ-ქითაბ”-ად (“წიგნის ხალხად”) მიიჩნევს და მათ მიმართ ტოლერანტობალ მოითხოვს. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს მოთხოვნა ცხოვრებაში ხშირად არ ხორციელდებოდა.”

“მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ დღესაც, საერთაშორისო მასშტაბით, სიმართლე იმის მხარესააა, ვისაც მეტი ძალა აქვს.”

“იერუსალიმის მაგალითზე ჩანს, რომ წმინდა ადგილის მნიშვნელობა პოლიტიკაში ხანდახან არანაკლებია, ვიდრე ტერიტორიისა, რომელსაც ძირითადად ეკონომიკური ან სამხედრო-სტრატეგიული დატვირთვა ეძლევა.
უფრო მეტიც, წმინდა ადგილის შემთვევაში კომპრომისის მიღწევა თითქმის შეუძლებელია.”

“საკუთარი და ერთადერთი ღმერთის თაყვანისცემა სავსებით ლოგიკურია ერთი წარმოშობის ტომისათვის: ის შეკრული უნდა იყოს, რათა ყველა მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეს საერთო ძალით გაუმკლავდეს. ერთი, მფარველი და მხოლოდ თავის რჩეულ ხალხზე მზრუნველი ღმერთის იდეა კი პოლიტიკური მონოლითიის ჩამოყალიბებას იძლევა.”

“მოსკოვის დიდმა მთავრებმა, რომლებმაც ოქროს ურდოსთან გატარებული მოხერხებული პოლიტიკის წყალობით მიაღწიეს ჰეგემონობას რუსულ სამთავროებს შორის, XV საუკუნეშივე გაითავისეს აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) დაღუპული იმპერიის სიმბოლიკა (ორთავიანი არწივი) და, მოგვიანებით, მონარქის ტიტულიც (კეისარი/ცეზარი, რუსულად ცარ).”

“საქმე ისაა, რომ მგი-ს ფლობა აპრიორულად ანიჭებს სახელმწიფოს მეტ სამხედრო ძალას იმ ქვეყნებთან შედარებით, რომელთაც ეს იარაღი არა აქვთ, ანდა აყენებს თანაბარ დონეზე ასეთ იარაღის მფლობელ სახელმწიფოსთან. ხშირად ის შემკავებელ როლსაც ასრულებს. ასე მაგალითად, ბირთვული იარაღის ფლობაში ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული დაახლოებითი რაოდნობრივი თანასწორობა (პარიტეტი) აღმოჩნდა ის შემაკავებელი საშუალება, რის გამოც “ცივი ომი” 40-ზე მეტი წლის განმავლობაში არ გადაზრდილა “ცხელ ომში”.”

“მონოთეიზმი კი არ უტოვებს ადგილს სხვა ღმერთებს და აგრესიულად იცავს თავის ექსკლუზიურ ადგილს ადამიანის სულში. თავისთავად, მონოთეიზმი არ ნიშნავს, რომ ის უფრო აახლოებს ჭეშმარიტებასთან ადამიანს, ვიდრე პოლითეიზმი, რომლის შემთხვევაშიც რელიგიური სისტემის შემქმნელი ადამიანები ღმერთის ფუნქციებს ანაწილებენ რამდენიმე ღვთაებაზე და მათ იერარქიას ქმნიან. ბოლოს და ბოლოს, ჭეშმარიტება მხოლოდ ღმერთმა იცის და არა იმ ადამიანებმა, რომლებიც მისი სახელით საკუთარი წინაპრების მიერ შემუშავებულ რწმენებს ქადაბებენ.”

“თავიდან “რუსი” თითქმის ისეთივე დინასტიური სახელი იყო, როგორც სელჩუკიანი, ოსმალო, სეფიანი, მაგრამ მათგან განსხვავებით, ის უფრო მდგრადი აღმოჩნდა და აღმოსავლეთ სლავების ეთნონიმად იქცა. XVI საუკუნიდან მოსკოვის დიდმა სამთავრომ “რუსეთის სამეფო” დაირქვა სახელად.”

“ინ პერიოდში ახლო აღმოსავლეთშ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების იდენტობა ძირითადად რელიგიით განისაზღვრებოდა (უცხო კაცზე უპირველესად კითხულობდნენ: “რა რჯულისაა?”).”

“ტერმინები “პირველი სამყარო” და “მეორე სამყარო” ვერ დმკვიდრდა, ხოლო 1980-იანი წლების ბოლოდან, როდესაც “სოციალური ბანაკი” ხუხულასავით დაიშალა, საერთოდ ანაქრონიზმად იქცა.
სამაგიეროდ, ტერმინმა “მესამე სამყარო” გაუძლო დროის გამოცდას და შემორჩა არა მხოლოდ როგორც ჟურნალისტური კლიშე, არამედ როგორც პოლიტოლოგიური ტერმინი. ის იქცა ე.წ. “განვითარებადი ქვეყნების” ერთგვარ სინონიმად.”

“თუკი ჯგუფს ექსკლუზიური რელიგია აქვს, მისი თვითშეგნებისათვის აღარცა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ერთ ენაზე ლაპარაკს (მით უმეტეს, თუ შენარჩუნებულია რელიგიის “წმინდა ენა”). ამიტომაც შეიძლებოდა, რომ გაფანტულად მცხოვრები ებრაელი და სომეხი თავისი განსახლების ადგილზე გაბატონებულ ენაზე გადასულიყო ისე, რომ არ დაეკარგა ეთნო-რელიგიური თვითშეგნება.”

“მუჰამადს მიაწერენ სიტყვებს, რომ “მეცნიერთა მელანი უფრო ძვირფასია, ვიდრე შიჰადების [სარწმუნოებისათვის დაღუპულთა] სისხლი”.”

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also

Close
Close
Close