ართურ კონან დოილიდეტექტივიმოთხრობა

ყვითელი სახე

ერთხელ, ადრე გაზაფხულზე, შერლოკ ჰოლმსმა ჩემი თხოვნა შეისმინა და სასეირნოდ პარკში გამომყვა. თელა იფოთლებოდა. შტოების ოდნავ შესამჩნევი სიმწვანე მზერას იტაცებდა. წაბლის ახლად აფეთქებული წებოვანი კვირტები ხუთწახნაგოვან ფოთლებად იშლებოდნენ. მთელი ორი საათი დავეხეტებოდით პარკში და სიტყვაც არ დაგვცდენია, როგორც შეეფერება იმ ორ ადამიანს, რომლებიც ერთიმეორეს ძალიან კარგად იცნობენ. როცა ბეიკერსტრიტზე დავბრუნდით, უკვე ხუთი საათი სრულდებოდა.

– მაპატიეთ, სერ, – უთხრა ჩემს მეგობარს ყმაწვილმა მოსამსახურემ, კარს რომ გვიღებდა. – ერთი ჯენტლმენი მოვიდა… თქვენ გიკითხათ, სერ.

ჰოლმსმა საყვედურის თვალით გადმომხედა.

– აი, ასეთია დღისით გასეირნება! – მითხრა და ყმაწვილს მიუბრუნდა, – ჯენტლმენი წავიდა?

– დიახ, სერ.

– არ უთხარით, მობრძანდით და დაელოდეთ-თქო?

– დიახ, სერ, შემოვიდა კიდეც.

– დიდხანს მელოდა?

– ნახევარი საათი, სერ. ერთობ მოუსვენარი ჯენტლმენი გახლავთ, სერ. ვიდრე აქ იყო, სულ ბოლთას სცემდა და ფეხებსაც კი აბაკუნებდა. შემოსასვლელში გახლდით, სერ, ამიტომ არ გამიგონია, თქვა რაიმე, თუ არა უთქვამს რა. ბოლოს დერეფანში გამოიჭრა და აყვირდა, მოვა თუ არა როდისმე ის კაციო? სწორედ ასე თქვა, სერ, სიტყვასიტყვით. ცოტა კიდევ მოუცადეთ-მეთქი, ვუთხარი. კარგი, დავუცდი, – თქვა, – ოღონდ აქ კი არა, სუფთა ჰაერზე, რადგანაც აქ სული მეხუთებაო! მალე დავბრუნდებიო. ვეხვეწე, დარჩით-მეთქი და არ გამიგონა.

– კარგი, კარგი. ყველაფერი გაგიკეთებიათ, რაც შეგეძლოთ, – თქვა ჰოლმსმა და ორივენი ჩვენს ოთახში შევედით. – თუმცა ძალიან საწყენი კია, უოტსონ, – განაგრძო ჩემმა მეგობარმა. – ძალიან მომწყინდა უქმად ყოფნა. იმ კაცის მოუთმენლობიდან კი ჩანს, რომ რაღაც საგულისხმო საქმე უნდა ჰქონდეს. ოჰო! მაგიდაზე რომ ჩიბუხია, თქვენი არ უნდა იყოს. ეტყობა, იმ კაცს დარჩა. მშვენიერი ძველებური ბრაიერია, კარგი გრძელი ტარიც აქვს, ერთი იმნაირთაგანი, თამბაქოთი მოვაჭრეები რომ ქარვისას ეძახიან. საინტერესოა, რამდენი ნამდვილი ქარვისტარიანი ჩიბუხი მოიძებნება მთელ ლონდონში. ამბობენ, ნამდვილ ქარვაში ყოველთვის არის მწერის ანაბეჭდიო. ამიტომაც გამოჩნდნენ მეწარმეები, რომლებიც საგანგებოდ სვამენ ყალბ მწერს ყალბ ქარვაში… დიახ, მაგრამ ის კაცი, ეტყობა, ძალიან შეწუხებული იყო, რომ აქ დარჩა ჩიბუხი, რაც ასე ძვირად უღირს.

– საიდან იცით, რომ ძვირად უღირს? – დავინტერესდი მე.

– ახალი, მგონი, შვიდ-ნახევარი შილინგი უნდა ღირდეს. როგორც ხედავთ, ჩიბუხი ორჯერ შეუკეთებინებიათ. ჯერ შეუკეთებიათ ჩიბუხის ხის ნაწილი, მერე კი ქარვისა. ადვილი შესამჩნევია, რომ ჩიბუხი ორივეჯერ გაუმაგრებიათ ვერცხლის რგოლებით, რაც თვითონ ჩიბუხზე ძვირი ღირს. ეტყობა, ძალიან ძვირად კი უნდა უღირდეს პატრონს ეს ჩიბუხი, რომ კვლავ და კვლავ შეუკეთებინებია ნაცვლად იმისა, რომ იმავე ფასად ახალი შეეძინა.

– კიდევ არის რაიმე? – ვკითხე მე, რაკი ჰოლმსი ჯერ კიდევ ხელში ატრიალებდა ჩიბუხს და მისთვის ჩვეული ყურადღებით აკვირდებოდა.

ჩიბუხი მაღლა ასწია და გრძელი თლილი საჩვენებელი თითი ზედ ანატომიის იმ პროფესორივით მიაკაკუნა, რომელიც ძვალზე ლექციას კითხულობს.

– ზოგჯერ საინტერესო ჩიბუხი გვხვდება ხოლმე, – თქვა მან. – საათებისა და ფეხსაცმლის ზონრების გარდა ასე აშკარად გამოხატული ინდივიდუალობით არც ერთი ნივთი არ ხასიათდება. მაგრამ ამ ჩიბუხზე გამოხატული ნიშნები არაა ძალიან დამახასიათებელი და არც ძალიან საგულისხმო. მისი მფლობელი, ეტყობა, კუნთმაგარია და ცაცია, ჩინებული კბილები აქვს, უდარდელია და საკმაოდ შეძლებულიცაა.

ამ ცნობებს ჩემი მეგობარი ფრიად დაუდევრად მაწვდიდა, მაგრამ ის კი შევნიშნე, რომ ალმაცერად მიყურებდა: ჩემი აზრით, სურდა დარწმუნებულიყო, ვადევნებდი თუ არ თვალყურს მის მსჯელობას.

– თქვენ ფიქრობთ, რომ შეძლებული კაცია და ამას მხოლოდ იმის საფუძველზე ასკვნით, რომ შვიდშილინგიანი ჩიბუხი აქვს? – ვკითხე მეგობარს.

– ეს გროსვენორის ნარევი თამბაქოა, უნცია რომ რვა პენსი ღირს, – მიპასუხა ჰოლმსმა და ჩიბუხი მსუბუქად გადმოფერთხა ხელისგულზე. – ამ ჩიბუხის პატრონს შეეძლო ორჯერ უფრო იაფად შესანიშნავი თამბაქო მოეწია, მაგრამ, ეტყობა, მისთვის მომჭირნეობას არავითარი აზრი არ უნდა ჰქონდეს.

– სხვა დასკვნები?

– ჩიბუხს ლამპის ან გაზის სანათის ალზე უკიდებს. შეგიძლიათ ნახოთ, რა ძლიერ ჩამწვარა ცალი მხრიდან. ასანთით ასე ვერ დაწვავ. რისთვის დაიჭერს ასანთის ღერს ადამიანი ჩიბუხის ერთ მხარეს? სულ სხვა საქმეა, თუ ლამპაზე მოუკიდებ. ასეთ შემთხვევაში უდავოდ დაიწვება ჩიბუხის ერთი რომელიმე კიდე. აქ ჩამწვარია მხოლოდ მარჯვენა მხარე. აქედან გამომყავს დასკვნა, რომ მისი პატრონი – ცაცია ყოფილა. ერთი სცადეთ ჩიბუხის მოკიდება ლამპის ცეცხლზე. თქვენ ხომ ცაცია არა ხართ და ამიტომ, ბუნებრივია, ცეცხლთან მიიტანთ ჩიბუხის მარცხენა მხარეს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ სხვანაირად მოიქცევი, მაგრამ ეს იქნება წმინდა შემთხვევითობა. ამ ჩიბუხს კი უკიდებდნენ ყოველთვის მარჯვენა მხრიდან. მერე, ნახეთ, ტარი მთლიანად დაუკვნეტია. ეს შეუძლია მხოლოდ ისეთ ღონიერ და ენერგიულ ადამიანს, რომელსაც შესანიშნავი კბილები აქვს… მაგრამ, თუ არ ვცდები, კიბიდან სწორედ ამ ჩიბუხის პატრონის ნაბიჯების ხმა შემომესმა. ახლა შესასწავლად უფრო დიდს, საინტერესოსა და თავსატეხს მივიღებთ, ვიდრე მისი ჩიბუხია.

წუთიც და ჩვენი ოთახის კარი ტანმაღალმა ახალგაზრდა კაცმა შემოაღო. სადად შეკერილი მუქი მოშავო კოსტიუმი ეცვა. ხელში ეჭირა მიხაკისფერი თექის ქუდი. ოცდაათზე მეტს არ მისცემდით, თუმცა სინამდვილეში ცოტა უფრო ხნიერი უნდა ყოფილიყო.

– გთხოვთ მაპატიოთ, – გვითხრა, ცოტა არ იყოს, დაბნეულმა. – ალბათ უნდა დამერეკა. საქმე ის არის, რომ ცოტა გუნებაწამხდარი ვარ – ესაა და ეს! – თან ხელი მოისვა შუბლზე, როგორც ადამიანმა, რომელსაც ოდნავ თავბრუ ესხმის, და სკამზე ისე დაჯდა, რომ დავარდაო, იტყოდით.

– გატყობთ, რომ მთელი ორი ღამე არ გიძინიათ, – თქვა თანაგრძნობით ჰოლმსმა. – ეს უფრო ქანცავს ნერვებს, ვიდრე მუშაობა და გართობა-თამაში. რით შემიძლია დაგეხმაროთ?

– თქვენი რჩევა მჭირდება, სერ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ასე მგონია ჩემი ცხოვრების ხე გადამიხმა.

– თქვენ გინდათ დაგეხმაროთ, როგორც კონსულტანტი-დეტექტივი?

– ეს თავისთავად. მაგრამ, ამას გარდა, მინდა ვიცოდე თქვენი აზრი… თქვენ დიდი გონების კაცი ხართ, გამოცდილი, ცხოვრების მცოდნე. ჰოდა, მინდა მასწავლოთ, როგორ მოვიქცე. ო, როგორ მინდა მასწავლოთ, რანაირად მოვიქცე!

მოკლე, მკვეთრი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზებით ლაპარაკობდა, და მომეჩვენა, რომ ლაპარაკი უჭირდა და იტანჯებოდა. მხოლოდ ნებისყოფის დიდი დაძაბვით ახერხებდა დაეთრგუნა თქმის სურვილიცა და უთქმელობაც.

– ეს ძალიან საძნელო და საჭოჭმანო საკითხია, – თქვა უცნობმა. – არავის არ უყვარს თავის ოჯახურ საქმეებზე გარეშე პირებთან ლაპარაკი. პირდაპირ საშინელებაა – განსაჯო ცოლის საქციელი ორ უცხო ადამიანთან, რომლებიც უწინ არასოდეს გინახავს. დიახ, ეს საშინელებაა! მაგრამ მე უკვე უკიდურესობამდე მივედი. კარგი რჩევა მესაჭიროება…

– ძვირფასო მისტერ გრანტ მონრო… – დაიწყო ჰოლმსმა.

ჩვენი სტუმარი სკამიდან წამოვარდა.

– როგორ! – შესძახა. – თქვენ იცით ჩემი სახელი?

– თუ ინკოგნიტოდ დარჩენა გსურდათ, – თქვა ღიმილით ჰოლმსმა, – თქვენი სახელი ქუდის სარჩულზე არ უნდა დაგეწერათ, ან ქუდი ისე მაინც უნდა შეგებრუნებინათ, რომ თქვენს თანამოსაუბრეს წარწერა არ დაენახა. მე მინდოდა მეთქვა, რომ ამ ოთახში მე და ჩემს მეგობარს მრავალი საკვირველი საიდუმლოება მოგვისმენია და ბედნიერება გვქონდა მრავალი აღელვებული სული დაგვემშვიდებინა. დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც იმასვე მივაღწევთ. რაკი შეიძლება აჩქარება აუცილებელი შეიქმნეს, ამიტომ გთხოვთ დაუყოვნებლივ გამანდოთ ყველა ფაქტი.

ჩვენმა სტუმარმა კვლავ მოიწმინდა შუბლიდან სიმწრის ოფლი. აშკარად შენიშნავდით, როგორ უჭირდა სიტყვის დაწყება: ყოველი ჟესტი, სახის ყოველი მოძრაობა ამჟღავნებდა მასში გულჩათხრობილ, თავშეკავებულ, ამაყ ადამიანს, რომელიც სააშკარაოზე გამოტანის ნაცვლად ამჯობინებდა დაეფარა თავისი ჭრილობები. მაგრამ უეცრად გაშმაგებით მოიქნია მუშტი, თითქოს თავშეკავების უკანასკნელი ნასახი განზე ისროლაო და დაიწყო.

– აი, საით მივყავართ ფაქტებს, მისტერ ჰოლმს, – თქვა და განაგრძო. – უკვე სამი წელია, რაც დავქორწინდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემს ცოლს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ბედნიერებიც ვიყავით. ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით – არც აზრებსა და არც ქცევებს, მაგრამ აი – წინა ორშაბათიდან ჩვენ შორის უეცრად რაღაც ჩამოწვა, ბზარი გაჩნდა და ზღუდე აღიმართა. ჩემი ცოლის ცხოვრებაში მოხდა რაღაც ჩემთვის გაუგებარი. ახლა ჩემს ცოლზე ისევე ცოტა რამე ვიცი, როგორც რომელიმე ქუჩაში გამვლელ ქალზე, რომელიც შემთხვევით გადამეყარა და ჩამიარა. ერთიმეორისათვის სრულიად უცხონი გავხდით, და მინდა ვიცოდე – რატომ… ვიდრე ჩემს მოთხრობას გავაგრძელებ, მისტერ ჰოლმს, მინდა თქვენი ყურადღება ერთ გარემოებაზე შევაჩერო. ეფის ვუყვარვარ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ვუყვარვარ მთელი გულით და არასოდეს არ ვყვარებივარ ისე ძლიერ, როგორც ახლა. ეს ვიცი. ამას ვგრძნობ. ეს საკამათოდ არ მიმაჩნია. ხომ აქვს ხოლმე მამაკაცს რწმენა, რომ ქალს იგი უყვარს! მაგრამ ჩვენს შორის იდუმალებით მოცული ამბავი ჩამოწვა, და თუ ის არ გაიხსნა, ჩვენი უწინდელი ურთიერთობა აღარასოდეს აღდგება.

– გეთაყვათ, ფაქტებზე მიამბეთ, მისტერ მონრო, – ერთგვარი მოუთმენლობით წარმოთქვა ჰოლმსმა.

– გიამბობთ იმას, რაც ვიცი ეფიზე… როცა პირველად შევხვდი, ქვრივი იყო, თუმცა ძალიან ახალგაზრდა გახლდათ. სულ ოცდახუთი წლისა თუ იქნებოდა. მისის ჰიბრონი – ყველა ასე იცნობდა – სრულიად პატარა გამგზავრებულა ამერიკაში და ქალაქ ატლანტაში უცხოვრია. იქ მისთხოვებია იმ ჰიბრონს, ვექილს, რომელსაც კარგი კლიენტურა ჰყოლია. ბავშვიც შესძენიათ. მაგრამ უეცრად უფეთქია ყვითელ ციებას და ეფის ქმარ-შვილი შეუწირავს. ჰიბრონის გარდაცვალების დამადასტურებელი მოწმობა ჩემი საკუთარი თვალით ვნახე. გამოვლილმა უბედურებამ, როგორც ჩანს, ეფის ამერიკაზე გული აუყარა. იგი შინ დაბრუნებულა დ ამიდლექსში გაუთხოვარ მამიდასთან დასახლებულა. უნდა მოგახსენოთ, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ ასე ოთხ-ნახევარი ათასი გირვანქა სტერლინგი დარჩენია და ამ თანხაში, თურმე შვიდ პროცენტ მოგებას იღებდა. ეფი სულ ნახევარი წელიც არ იყო ნაცხოვრები პინერში, როცა მე შევხვდი. ერთმანეთი შეგვიყვარდა და რამდენიმე კვირის შემდეგ დავქორწინდით კიდეც.

სვიით ვვაჭრობ. ჩემი შემოსავალი შვიდას-რვაას გირვანქას აღწევს წელიწადში, ასე რომ, ჩვენ არც ისე ცუდად უზრუნველყოფილნი აღმოვჩნდით. წელიწადში ოთხმოც გირვანქად ჩინებული აგარაკი ვიქირავეთ ნორბერიში. თუმცა ეს დაბა ზედ ქალაქთანაა, მაგრამ სოფლისაგან არაფრით განირჩევა. ჩვენი სახლიდან ორიოდ ნაბიჯზე, ზემოთ ორი სახლი და სასტუმროა. მეორე მხარეს – მინდვრები, მახლობლად კიდევ ერთი კოტეჯია, რომელიც წინა მხრივ პირდაპირ ჩვენ გადმოგვცქერის. ამ სახლების გარდა ახლომახლო სადგურამდე შუა გზის აქეთ არავითარი ნაგებობა არ არის.

შემოდგომაზე და ზამთრობით ხშირად ქალაქში მიხდება ყოფნა, ზაფხულობით კი ნაკლები საქმე მაქვს. ისე ბედნიერები ვიყავით, როგორც კი შეიძლება ადამიანმა ინატროს. იმ წუთამდე, ვიდრე ეს წყეული ამბავი მოხდებოდა, ჩვენს ცხოვრებას არაფერი ნისლავდა.

უნდა მოგახსენოთ, რომ, როცა ჯვარი დავიწერეთ, ცოლმა მთელი თავისი ქონება – ნაწილობრივ ჩემი სურვილის წინააღმდეგ, მე ჩამაბარა. ჩემი სურვილის წინააღმდეგ-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ თუ ჩემი საქმე ცუდად წავიდოდა, ცოლის ფულით სარგებლობა ჩემთვის მაინც უხერხული გახლდათ. მაგრამ ეფიმ არ დაიშალა და თავისი გაიტანა. უეცრად, ასე ექვსი კვირის წინ შემდეგი სიტყვებით მომმართა:

– “ჯეკ, როცა ჩემი ფული აიღეთ, ხომ მითხარით, რომ ყოველთვის შემიძლია უკან დავიბრუნო, რამდენიც დამჭირდება?”

“რა თქმა უნდა, – ვუპასუხე მე. – ეს ფული თქვენია”.

“ჰოდა, აი ახლა ასი გირვანქა მჭირდება”, – მიპასუხა მან.

ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, მაგრამ გავიფიქრე, რომ საქმე უბრალოდ ახალ კაბას ან რამე ამდაგვარს ეხებოდა.

“რისთვის?” – ვკითხე მე.

“ო, – მიპასუხა დაბნეულმა, – თქვენ თქვით, რომ იქნებოდით მხოლოდ ჩემი ბანკირი, ბანკირები კი არასოდეს არავითარ კითხვებს არ იძლევიან, თქვენ ეს კარგად იცით”.

“თუ ფული ნამდვილად გესაჭიროებათ, მიიღებთ”.

“ჰო, რა თქმა უნდა, მესაჭიროება”.

“მაინც არ იტყვით, რისთვის?”

“როდისმე, შემდეგ, ჯეკ, ახლა კი არა”.

ასეთი პასუხით მომიხდა დაკმაყოფილება, თუმცა მანამდე არასოდეს არაფერს მიმალავდა. ჩეკი მივეცი და მეტად არც მიფიქრია ჩვენს საუბარზე. იქნებ ამ შემთხვევას არც აქვს რაიმე კავშირი იმასთან, რაც შემდეგ მოხდა, მაგრამ ასე მგონია, თითქოს ამისი გახსენებაც იყოს საჭირო.

ჰო, როგორც გითხარით, ჩვენი სახლის მახლობლად ერთი კოტეჯია წამოჭიმული, ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ მინდორი გვაშორებს, მაგრამ კოტეჯამდე რომ მიხვიდეთ, ჯერ გზას უნდა გაჰყვეთ, მერე კი ბილიკიდან გადაუხვიოთ და პირდაპირ კოტეჯს მიადგებით. სწორედ კოტეჯის უკან არის პატარა ნაძვნარი და მე ძალიან მიყვარდა იქ სეირნობა, სამწუხაროდ, მთელი უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში კოტეჯში არავინ ცხოვრობდა. და პირდაპირ დასანანებლად მრჩებოდა, რომ სირვაშლას მხვიარა ღეროებით დაფარული, ძველებური ყაიდის კარიბჭიანი ისეთი საყვარელი ორსართულიანი კოხტა სახლი, ამდენ ხანს უკაცრიელი გახლდათ. ხშირად ვმდგარვარ მის წინ და მიფიქრია, რა კარგი პატარა მყუდრო კარ-მიდამო გამოვიდოდა აქედან-მეთქი.

და აი, წინა ორშაბათს, შებინდებისას, სეირნობის დროს ვხედავ: გზაზე გამოდის ცარიელი ფურგონი, ხოლო მოაჯირის წინ მოლზე ნოხებისა და სხვა ნივთების ზვინი დგას. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ კოტეჯი გაქირავდა. ჯერ გვერდით ჩავუარე, მერე კი შევჩერდი, და როგორც უსაქმურ ადამიანს სჩვევია, ცქერა დავუწყე, თან იმაზე ვფიქრობდი, ნეტავ ჩვენს მეზობლად რა ხალხი იცხოვრებს-მეთქი. მოულოდნელად შევნიშნე, რომ ერთ-ერთი ზედა ფანჯრიდან ვიღაც მითვალთვალებდა.

არ ვიცი, რა იყო განსაკუთრებული იმ სახეზე, მისტერ ჰოლმს, მაგრამ თმა ყალყზე დამიდგა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. შორიდან ვერ გავარჩიე რიგიანად, მაგრამ რაღაც არაბუნებრივ, არაადამიანურად კი მომეჩვენა. ამ შთაბეჭდილებით ფანჯარასთან ახლოს მივედი. თან იმას ვცდილობდი, გამერკვია, ვინ მითვალთვალებდა. მაგრამ იმავე წამს სახე გაუჩინარდა, თითქოს ადამიანი ოთახის სიღრმისაკენ უეცრად წაათრიესო. მთელი ხუთი წუთი ვიდექი ასე გაოგნებული და ვცდილობდი თავი მომეყარა ჩემი შეგრძნებებისათვის. ვერ გეტყვით, კაცის სახე იყო თუ ქალისა. მეტად შორს ვიდექი და ვერ გავარჩიე. ყველაზე მეტად გამაოცა მისმა მკვდრისებრმა, ტყვიისებრ ყვითელმა ფერმა. გაშეშებული და გაქვავებული, ის სახე ადამიანს აძრწუნებდა და თავისი არაბუნებრივი შესახედაობით ზიზღს იწვევდა. ისე შეშფოთებული ვიყავი, რომ გადავწყვიტე უფრო დაწვრილებით გამეგო ჩვენი ახალი მეზობლების ამბავი. აივანზე ავედი და დავაკაკუნე, კარი მაშინვე გამიღო მაღალმა პირხმელმა ქალმა. არასასიამოვნო, პირდაპირ საძაგელი ფიზიონომია ჰქონდა.

“რა გნებავთ?” – მკითხა მკვეთრი შოტლანდიური აქცენტით.

“თქვენი მეზობელი ვარ, აი იქ ვცხოვრობ, – ვუთხარი მე, თან თავი გავიქნიე ჩემი სახლის მხარეს, – როგორც ჩანს, ახალხან ჩამოსულხართ?”

“თუ დაგვჭირდებით, დაგიძახებთ!” – მითხრა ქალმა და ცხვირწინ კარი მომიჯახუნა.

უხეში დახვედრით გაჯავრებული შინ დავბრუნდი. მართალია, მთელი საღამო ვცდილობდი სხვა რამეზე მეფიქრა, მაგრამ ჩემი გონება უნებურად უბრუნდებოდა იმ სახეს, ფანჯარაში რომ გაიელვა, და თავხედ ქალს, კარი რომ ცხვირწინ მომიჯახუნა. გადავწყვიტე ცოლისათვის არაფერი მეთქვა: ნერვიული ქალია, ადვილად უფუჭდება ხასიათი, და რა საჭიროა-მეთქი ჩემი არასასიამოვნო შთაბეჭდილებებით მისი შეშფოთება. მხოლოდ როცა დასაძინებლად ვწვებოდით, გაკვრით ვუთხარი, კოტეჯი გაუქირავებიათ-მეთქი. არაფერი არ მიპასუხა.

ჩვეულებრივ ძალიან მაგრად მძინავს. ჩვენს ოჯახში ყველამ იცის, რომ ღამით ჩემი გაღვიძება შეუძლებელია, და ჩემიანებში ეს გაუთავებელი ხუმრობის საგანია. მაგრამ იმ ღამეს ალბათ მომხდარი ამბით ცოტა აღელვებულს, ეტყობა, ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ფხიზლად მეძინა. ბურანში მყოფი ვგრძნობდი, რომ ჩემს გარშემო რაღაც ხდებოდა. თანდათან ჩემს ცნობიერებაში შეაღწია განცდამ, რომ ჩემი ცოლი ადგა, მოსასხამი მოისხა და ქუდი დაიხურა. მზად ვიყავი მძინარეს გამომეხატა რაღაც პროტესტი ან გაკვირვება, მაგრამ თვალები რომ სანახევროდ გავახილე, და სანთლით განათებული მისი სახე ვიხილე, ისე განცვიფრებული დავრჩი, რომ პირდაპირ დავმუნჯდი. ასეთი გამომეტყველება არათუ არასოდეს არ მენახა მის სახეზე, არამედ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამე შესაძლებელი იქნებოდა. სიკვდილის ფერი ედო, ნაწყვეტ-ნაწყვეტად სუნთქავდა, და მოსასხამის ღილებს რომ იბნევდა, ჩუმად ჩემი საწოლისაკენ იყურებოდა, რათა გაეგო, ხომ არ გამეღვიძა. მერე ალბათ ის გაიფიქრა, ისევ სძინავსო და ოთახიდან უხმაუროდ გავიდა. ერთი წამის შემდეგ შემოსასვლელი კარის წყნარი ჭრიალი გავიგონე, წამოვჯექი და საწოლის საზურგეზე დავაკაკუნე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ნამდვილად გამეღვიძა, შემდეგ კი ბალიშის ქვეშიდან საათი ამოვიღე. ღამის სამი საათი იყო. რა უნდა სდომებოდა ჩემს ცოლს სოფლის გზაზე ამ ყრუ ღამეში?

ვიჯექი მთელი ოცი წუთი და ვიტეხდი თავს, რომ რაიმე ახსნა მეპოვა. რაც მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ამოუხსნელი და საიდუმლოებით მოცული მეჩვენებოდა ეს ამბავი. ჯერ კიდევ სრულიად დაბნეული ვიყავი, როცა შემოსასვლელი კარი ისევ უხმაუროდ გაიღო და კიბეზე ჩემი ცოლის ნაბიჯის ხმა გაისმა.

“სად იყავით, ეფი?” – ვკითხე მე, როცა შემოვიდა.

შეკრთა და ყრუდ წამოიკივლა. ამ წამოკივლებამ და ამ კანკალმა უფრო მეტად შემაშფოთეს: რაღაც ენით გამოუთქმელი დანაშაული ვიგრძენი. ჩემი ცოლი ყოველთვის პატიოსანი და გულახდილი იყო – სისხლი გამეყინა, როცა ვნახე როგორ ქურდულად მოიპარებოდა თავის საკუთარ ოთახში. დამზაფრა და შემზარა იმან, რომ ჩემს დაძახებაზე შეჰკივლა და აცახცახდა.

“თქვენ არ გძინავთ, ჯეკ! – შესძახა მან ნერვიული სიცილით. – მე ვფიქრობდი, რომ არაფერს არ შეუძლია თქვენი გამოღვიძება”.

“სად იყავით?” – ვკითხე მე მკაცრად.

“მესმის, გაოცებული რომ ხართ, – თქვა მან. როცა მოსასხამის ღილებს იხსნიდა, შევნიშნე, რომ თითები უთრთოდა. – უწინ არასოდეს არ მიფიქრია, ასეთი რამე თუ შემემთხვეოდა. საქმე ისაა, რომ უეცრად სული შემეხუთა. აუცილებელი იყო სუფთა ჰაერი – გული შემიწუხდებოდა, რომ არ გავსულიყავი. კართან დავდექი რამდენიმე წუთით და ახლა ისევ კარგად ვარ”.

ეს თქვა და ერთხელაც არ მოუხედავს ჩემს მხარეს, ხმაც სხვანაირად უჟღერდა, უწინდელს აღარ ჰგავდა. აშკარა იყო, ტყუოდა. არაფერი არ ვუპასუხე და პირით კედლისაკენ შევბრუნდი, გული მეკუმშებოდა და შხამიანმა ეჭვებმა ერთიანად დამრიეს ხელი. რას მიმალავდა ცოლი? სად იყო? ვგრძნობდი, ვერ დავმშვიდდებოდი, ვიდრე ყველაფერს არ გავიგებდი, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ერთხელ უკვე მომატყუა, აღარ მინდოდა შეკითხვების მიცემა. მთელი ღამე წრიალსა და მოუსვენრობაში გავატარე, ერთიმეორის მიყოლებით ვიგონებდი ათასგვარ ახსნას, და ყველა მათგანი ერთიმეორეზე დაუჯერებელი მეჩვენებოდა.

მეორე დღეს ქალაქში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ისე აღელვებული ვიყავი, რომ სრულიად უბრალო საქმის გაკეთების თავიც აღარ მქონდა. ცოლიც გუნებაწამხდარი ჩანდა. გაკვირვებული შემომაცქერდებოდა ხოლმე და ჩემთვის აშკარა იყო, ჩემი მეუღლე გრძნობდა, მისი მონაგონი ამბავი რომ არ დავიჯერე, მაგრამ ის კი აღარ იცოდა, როგორ დაეჭირა ჩემთან თავი. საუზმეზე კრინტიც არ დაგვიძრავს, მერე კი მაშინვე სასეირნოდ წავედი, რათა დილის სუფთა ჰაერზე მომეფიქრებინა, განმესაჯა და ამეწონ-დამეწონა ყოველივე.

ბროლის სასახლემდე მივყიალდი, ერთი საათი ვიბორიალე და ნორბერიში დღის პირველ საათზე დავბრუნდი. კოტეჯს გვერდით რომ ჩავუარე, შევჩერდი, შევჩერდი და ფანჯრებს ავხედე, იქნებ ის უცნაური სახე კვლავ ვიხილო-მეთქი, რომელმაც წინა ღამეს იქ გაიელვა და აგრერიგად აღმაშფოთა. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, მისტერ ჰოლმს, როცა მოულოდნელად კარი გაიღო და იქიდან ჩემი ცოლი გამოვიდა! ელდანაკრავივით გავოგნდი, როცა ეს დავინახე, მაგრამ მე რა საკითხავი ვიყავი, თქვენ ეფის გაკვირვება უნდა გენახათ, როდესაც ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ერთი წამით მომეჩვენა, რომ ჩემს ცოლს უნდოდა ისევ სახლში შეესწრო, მაგრამ რაკი ნახა, გაქცევა ახლა უსარგებლოაო, ფერმიხდილი ჩემკენ წამოვიდა. მის შეშინებულ თვალთა გამომეტყველებას სულ არ ეხამებოდა ბაგეზე დამკვდარი ღიმილი.

“აჰ, ჯეკ, – მითხრა, – ეს-ესაა შემოვიარე, მინდოდა გამეგო, ხომ არაფრით შემიძლია დავეხმარო ჩვენს ახლო მეზობლებს. რატომ მიყურებთ ასე, ჯეკ? ხომ არ მიჯავრდებით?”

“მაშ ასე, – ვუპასუხე მე. – ღამითაც აქ იყავით არა?”

“რაო, ეგ რა თქვით?” – მომაძახა ცოლმა.

“დიახ, ღამით აქ მოხვედით, დარწმუნებული ვარ და საინტერესოა, ვინ არის ეს ხალხი, ასეთ დროს რომ ნახულობთ?”

“აქ არასოდეს არ ვყოფილვარ”.

“როგორ ბედავთ მოტყუებას? თქვენ უფრო კარგად მოგეხსენებათ, როგორცაა საქმე? – ვყვიროდი მე. – ხმაც კი არ გეცვლებათ, როცა ლაპარაკობთ. განა ოდესმე რაიმე დამიმალავს თქვენთვის? ახლავე შევვარდები კოტეჯში და თვითონვე გავარკვევ”.

“არა, არა, ჯეკ! ღვთის გულისათვის!”

სული ეხუთებოდა და მღელვარების დასაფარავად ღონე აღარ შესწევდა. კოტეჯის კარს რომ მივვარდი, სახელოში მტაცა ხელი და ჩემთვის რაღაც მოულოდნელი ძალით განზე გამათრია.

“გევედრებით, არ შეხვიდეთ, ჯეკ! – შემომძახა ცოლმა. – გეფიცებით ადრე თუ გვიან ყოველივეს გიამბობთ, ოღონდ მერე, შემდეგ… თუ ამ კოტეჯში შეხვალთ, დიდი უბედურება დატრიალდება!”

როცა მისგან თავის გამოხსნას შევეცადე, მუდარით ჩამჭიდა ორივე ხელი.

“დამიჯერეთ ჯეკ! – ყვიროდა სასოწარკვეთილი. – ოღონდ კი ახლა დამიჯერეთ! არასოდეს არ ინანებთ! თუ რაიმე დაგიფარეთ, მხოლოდ თქვენივე გულისათვის. თქვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული. დავბრუნდეთ ერთად შინ და ყველაფერი კარგად მოგვარდება. ხოლო თუ ჩემი ნების წინააღმდეგ კოტეჯში შეხვალთ, ჩვენ შორის ყველაფერი გათავდება!”

მის ხმაში ისეთი გულწრფელი სასოწარკვეთილება იყო, რომ გაურკვეველ მდგომარეობაში კარის წინ შევდექი.

“მხოლოდ ერთი პირობით დაგიჯერეთ, – ვუთხარი ბოლოს. – მინდა ყოველივე ამას დაუყოვნებლივ მოეღოს ბოლო, შეგიძლიათ თქვენთვის დაიტოვოთ თქვენი საიდუმლოება, მაგრამ დამპირდით, რომ ღამღამობით აქ აღარ ივლით და ჩემგან დაფარულად აღარაფერს მოიმოქმედებთ. მზად ვარ ყველაფერი დავივიწყო, რაც იყო, მაგრამ დამპირდით, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება”.

– ეჭვი არ მეპარება, რომ დამიჯერებთ! – შესძახა ეფიმ და ღრმად ამოიოხრა ნიშნად იმისა, რომ გულზე მოეშვა. – ყველაფერი ისე მოეწყობა, როგორც გნებავთ. წავიდეთ ბარემ, შინ წავიდეთ!”

კოტეჯიდან ისე წამიყვანა, რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია. უნებურად უკან მოვიხედე და ზედა სართულის ფანჯარაში იმავე მკვდრისფერ გაფითრებულ ადამიანის ყვითელ სახეს მოვკარი თვალი. იგი ჩვენ გვითვალთვალებდა. რა საერთო უნდა ყოფილიყო ამ არსებასა და ჩემს ცოლს შორის? ან რა საერთო ჰქონდა იმ უხეშ ქალთან, რომელიც წინა დღეს ვნახე? ეს იყო თავსატეხი გამოცანა, და ვიცოდი, რომ ვიდრე ამას არ ამოვხსნიდი, სიმშვიდეს ვეღარ ვპოვებდი.

ამის შემდეგ ორი დღე შინ გავატარე. ჩემ ცოლი თითქოს პატიოსნად იცავდა ჩვენს პირობას. რამდენადაც ვიცი, სახლიდან არც გასულა. მაგრამ მესამე დღეს სრულიად აშკარა გახდა, რომ არავითარ ფიცს არ შეუძლია მისი გამოხსნა იმ საიდუმლო ზეგავლენისაგან, რაც ავიწყებდა ქმარსა და მოვალეობას.

მესამე დღეს ქალაქში წავედი, მაგრამ დავბრუნდი არა საღამოს იმ მატარებლით, რომლითაც ჩვეულებრივ ვმოგზაურობდი ხოლმე, არამედ უფრო ადრე. შინ რომ შევედი, წინ მოსამსახურე გოგო შემომეგება. სახე შიშისაგან გაფითრებული ჰქონდა.

“სად არის დიასახლისი?” – ვკითხე მე.

“მგონი, სასეირნოდ წავიდა”.

მაშინვე ეჭვი აღმეძრა. მაღლა ავვარდი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ნამდვილად შინ არ იყო. შემთხვევით ფანჯარაში გავიხედე და მოსამსახურე გოგო დავლანდე, რომელიც წუთის წინ მელაპარაკებოდა. იგი მინდორში გარბოდა კოტეჯისაკენ. ცხადია, მაშინვე მივხვდი, რასაც ნიშნავდა ეს ამბავი. ჩემი მეუღლე ისევ იქ წაბრძანდა და მოსამსახურეს უბრძანა, დამიძახე, როცა ქმარი მოვიდესო.

ჯავრისაგან აცახცახებული დაბლა დავეშვი და სწრაფი ნაბიჯით დავადექი გზას, რათა ერთხელ და სამუდამოდ მომეღო ბოლო ამ საქმისათვის. მალე დავინახე, როგორ გარბოდნენ სახლისაკენ მოსამსახურე გოგო და ჩემი მეუღლე ბილიკის გაყოლებით, მაგრამ მათთან სალაპარაკოდ არ შევმდგარვარ. კოტეჯში იფარებოდა ის საიდუმლოება, რამაც ჩემი ცხოვრება დანისლა. დავიფიცე: მოხდეს მოსახდენი, მაგრამ ამ საიდუმლოებას კი ფარდას ავხდი-მეთქი. არც კი დავაკაკუნე, ისე გადავატრიალე სახელური და დერეფანში შევვარდი.

პირველ სართულზე სიწყნარე და სიმშვიდე სუფევდა. სამზარეულოში ჩაიდანი იდგა ცეცხლზე, წყალი დუღდა და იქვე დიდი შავი კატა მოკეცილი იწვა კალათში. არავითარი კვალი არ ჩანდა იმ ქალისა, რომელიც წინა დღეს ვნახე. მეორე ოთახშიც არავინ აღმოჩნდა. მაშინ მაღლა ავვარდი, კიბეს ავყევი, მაგრამ ვერც ზედა ორ ოთახში ვიპოვნე ვინმე. მთელ სახლში კაცის ჭაჭანება არ იყო. ოთახის მოწყობილობა და სურათები სრულიად ჩვეულებრივი და ვულგარული აღმოჩნდა, გარდა იმ ოთახისა, რომლის ფანჯარაში ის უცნაური სახე დავინახე. ეს ოთახი მოხერხებულად და ფაქიზად მოერთოთ; მთელი ჩემი ეჭვი იქცა გიჟურ, მწველ სიშმაგედ, როცა ბუხარზე დავინახე ჩემი ცოლის ფოტოსურათი, რომელზედაც იგი მთელი ტანით იყო გამოსახული. ეს სურათი ეფიმ სამი თვის წინ ჩემი თხოვნით გადაიღო.

რაკი დავრწმუნდი, რომ სახლი სავსებით ცარიელი იყო, ჩემი უბედურების სათავე ისეთი გულისტკივილით დავტოვე, როგორიც არასოდეს განმიცდია. შინ დაბრუნებულს ცოლი ზღურბლზე შემომეგება. აღელვებულმა და განაწყენებულმა ხმა არ გავეცი, გვერდით ჩავუარე და ჩემს კაბინეტში შევედი, მაგრამ ეფი ჩემთან ისე სწრაფად შემოვიდა, რომ კარის მიკეტვაც ვერ მოვასწარი.

“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი დაპირება დავარღვიე, ჯეკ, – მითხრა მან. – მაგრამ საქმის ვითარება რომ იცოდეთ, დარწმუნებული ვარ ყოველივეს მაპატიებდით”.

“მერედა, მიამბეთ ყველაფერი”.

“არ შემიძლია, ჯეკ, შეუძლებელს მთხოვთ!”

“ვიდრე არ მეტყვით, ვინ ცხოვრობდა იმ კოტეჯში და ვის აჩუქეთ თქვენი ფოტოსურათი, მანამდე ვერაფერს დაგიჯერებთ”, – განვუცხადე მე, გავუსხლტი ხელიდან და სახლიდან გამოვედი…

ეს გუშინ მოხდა, მისტერ ჰოლმს, მეტად ჩემი ცოლი აღარ მინახავს, და ამ უცნაური საქმისა აღარაფერი ვიცი. მანამდე ჩვენს შორის არავითარი გაუგებრობა არ ყოფილა, მისმა სიცრუემ კი ისე შემაძრწუნა, რომ აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ამ დილით აზრად მომივიდა, რომ სწორედ თქვენ ხართ ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც რაიმე რჩევას მომცემს და ხსნის გზას მიჩვენებს. აი, მეც თქვენთან მოვვარდი და ულაპარაკოდ თქვენს ხელთა ვარ. თუ რაიმე წვრილმანი ბუნდოვანია თქვენთვის, გთხოვთ, მკითხოთ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მირჩიეთ, რა ვქნა! ამ მოძალებულმა უბედურებამ ერთიანად დამთრგუნა, გამსრისა და ახლა აღარ ვიცი, რა წყალს მივცე თავი.

მე და ჰოლმსი შეუნელებელი ინტერესით ვუსმენდით მის მონათხრობს. სტუმარი მოუსვენრად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, რომელიც იმ ადამიანს შეჰფერის, ვინც უკიდურეს მღელვარებას მოუცავს. ჩემი მეგობარი ჩაფიქრდა და ერთ ხანს ნიკაპით ხელზე დაყრდნობილი უსიტყვოდ იჯდა.

– მითხარით, გეთაყვა, – თქვა ბოლოს. – შეგიძლიათ დანამდვილებით თქვათ, რომ ფანჯარაში მამაკაცის სახე დაინახეთ?

– ყოველთვის ისეთი სიშორიდან ვხედავდი, რომ ვერაფერს მოგახსენებთ…

– და მაინც არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა?

– მეჩვენებოდა, რომ ძალიან არაბუნებრივი ფერი ჰქონდა. ნაკვთები მიცვალებულივით გაქვავებული და მიახლოებისთანავე ქრებოდა ხოლმე.

– დიდი ხანია, რაც ცოლმა ასი გირვანქა გთხოვათ?

– თითქმის ორი თვეა.

– ოდესმე მისი პირველი ქმრის ფოტოსურათი ხომ არ გინახავთ?

– არა. მისი სიკვდილის შემდეგ ძალიან მალე ატლანტაში დიდი ხანძარი მოხდა და ყველა ოჯახური ქაღალდი დაიწვა.

– მაგრამ ქმრის სიკვდილის მოწმობა ხომ თქვენს მეუღლეს ხელზე აქვს. თქვენ ხომ თქვით, რომ ნახეთ ეს მოწმობა?

– დიახ, ქალმა ხანძრის შემდეგ დუბლიკატი მიიღო.

– ხომ არავინ გინახავთ ისეთი, ვინც თქვენს მეუღლეს იცნობდა ამერიკაში?

– არა.

– არასოდეს უთქვამს, ამერიკაში წასვლა მსურსო?

– არა.

– წერილებს თუ იღებდა იქიდან?

– რადენადაც ვიცი, არა.

– მადლობელი ვარ. ეს საქმე კარგა გვარიან ჩაფიქრებას მოითხოვს. თუ კოტეჯი სამუდამოდაა მიტოვებული, ეს მდგომარეობას ართულებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მისი მცხოვრებლები თქვენი იქ ჩასვლის თაობაზე წინასწარ გააფრთხილეს და ვიდრე თქვენ იქ ჩახვიდოდით, ისინი ცოტა ხნით ადრე იქაურობას გაეცალნენ. თუ ასეა, შეიძლება დაბრუნდნენ და მაშინ ყველაფერს ადვილად გავარკვევთ. გირჩევთ, უკან ნორბერიში დაბრუნდეთ და ისევ კოტეჯის ფანჯრებს ადევნოთ თვალყური. თუ საფუძველი გექნებათ ივარაუდოთ, რომ იქ ვინმე ცხოვრობს, სახლში ნუღარ შეიჭრებით, დეპეშა გამოგვიგზავნეთ და მე ჩემს მეგობართან ერთად ერთ საათში იქ გავჩნდები. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად გავარკვევთ ერთი შეხედვით ამ ძალიან დახლართულ საქმის არსს.

– და თუ კოტეჯი ცარიელია?

– მაშინ ხვალ მოვალ და თქვენთან ერთად მოვითათბირებთ ყველაფერზე. ნახვამდის, და უწინარეს ყოვლისა, სულით ნუ დაეცემით, ვიდრე საამისოდ რაიმე რეალური მიზეზი არ გაქვთ…

– რამე ურიგო ამბავი არ იყოს, უოტსონ, – მითხრა ჩემმა მეგობარმა, რომელმაც ის იყო კარამდე მიაცილა მისტერ გრანტ მონრო. – თქვენ რას ფიქრობთ ამ საქმეზე?

– მე მგონია, ეს საკმაოდ ბინძური საქმეა, – ვუპასუხე ჰოლმსს.

– დიახ. ეს შანტაჟია, ან არადა დიდად ვცდები.

– მერე ვინ ეწევა შანტაჟს?

– ყველაზე უფრო საფიქრებელია, რომ ესაა კაცი, რომელიც ერთადერთ ფუფუნებით მორთულ ოთახში ცხოვრობს და ბუხარზე მონროს ცოლის სურათი აქვს. პატიოსნებას გეფიცებით, უოტსონ, რატომღაც ძალიან მაფიქრებს ფანჯარასთან მდგარი ყვითელი სახე. და არაფრით არ ვისურვებდი ამ საქმის განზე გადადებას.

– გაქვთ რაიმე ჰიპოთეზა?

– ჯერჯერობით მხოლოდ სავარაუდო. მაგრამ სახტად დავრჩები, თუ არ დადასტურდება. კოტეჯში იმ ქალის პირველი ქმარია.

– რატომ ფიქრობთ ასე?

– აბა, რატომ ეშინოდა აგრერიგად ქალს, რომ მისი მეორე ქმარი კოტეჯში არ შესულიყო? მე მგონია, საქმე ასე იყო: ეს ქალი ამერიკაში გათხოვდა. მერე ქმარი შეიძულა – ვთქვათ, კაცი რაიმე უკურნებელი სენით დაავადდა ან იდიოტად იქცა. ბოლოს და ბოლოს ქალი გაექცა, ინგლისში დაბრუნდა, აქ სახელი გამოიცვალა და როგორც თვითონ ფიქრობდა, ხელახლა ცხოვრება დაიწყო. სამი წლის წინ მეორედ გათხოვდა და თავისი საქმე საბოლოოდ მოკვარახჭინებულად ჩათვალა. ახალ ქმარს ვიღაცის გარდაცვალების მოწმობა უჩვენა, გვარიც იმისი უთხრა და დაარწმუნა, ჩემი პირველი ქმარი გარდაცვლილიაო. მაგრამ, აი მოულოდნელად მის ადგილსამყოფელს მიაგნო ამ პირველმა ქმარმა, ან, ვთქვათ რომელიმე უსირცხვილო ქალმა, რომელიც ავადმყოფს აეკიდა. ქალს მოსწერეს მუქარის წერილი: ჩამოვალთ და ქვეყნის ყბაში ჩაგაგდებთო. ქალიც ას გირვანქას ითხოვს ქმრისაგან იმისათვის, რომ არ ამხილონ. ამის მიუხედავად, ისინი ჩამოდიან, და როცა ქმარი შემთხვევით ეუბნება, კოტეჯში ხალხი დასახლდაო, მიხვდა, რომ ეს მისი მდევრები იყვნენ. ქალი დაელოდა, ვიდრე ქმარი დაიძინებდა, მერე კოტეჯში გაიქცა და ცდილობდა შანტაჟისტები დაერწმუნებინა, მიღებული ასი გირვანქის მეტს ვეღარ გამომრჩებით და ჩამომეხსენითო. რადგან პირველი მოლაპარაკებით ვერაფერს მიაღწია, დილით კვლავ კოტეჯისაკენ გაეშურა და იქიდან უკან დაბრუნებისას თავის ქმარს გადაეყარა. მერე მტკიცე პირობა მისცა ქმარს, იქ ფეხსაც აღარ მივადგამო, მაგრამ ორი დღის შემდეგ დარწმუნებულმა, რომ საშინელ მეზობლებს თავს დააღწევდა, ხელახლა სცადა მათთან მოლაპარაკება. ფოტოსურათიც თვითონვე გადასცა, რაც, რა თქმა უნდა, იმათ მოსთხოვეს. შუა ლაპარაკში რომ იყო, მოსამსახურე გოგომ შეატყობინა, მონრო დაბრუნდაო. ქალი შეშინდა, ქმარი პირდაპირ კოტეჯში გამოეშურებაო, რის გამო უკანა გასასვლელით, ალბათ მეზობელ ნაძვნარში საჩქაროდ გახიზნა ბინადარნი. ამრიგად, ჩვენმა კლიენტმა სახლი უკაცრიელი ნახა. მაგრამ ძალიან გაკვირვებული დავრჩები, თუ ამ საღამოს სახლის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდება, რომ კოტეჯი ისევ ცარიელია… რას ფიქრობთ ჩემს ჰიპოთეზაზე?

– ჩემი აზრით, ეს მხოლოდ კარგი ვარაუდია.

– დიახ, მაგრამ ის ყველაფერს შუქს ჰფენს. თუ ახალი ფაქტები გამოჩნდება, რომელთა ახნა ახლა ჭირს, ჩვენ დრო საკმაო გვექნება, რომ ჩემი ჰიპოთეზა გადავსინჯოთ. სულ ერთია, ვიდრე ჩვენი მეგობრისაგან რაიმე ცნობას არ მივიღებთ, არაფრის გაკეთება არ შეიძლება.

ცდა დიდხანს არ დაგვჭირვებია. საუზმეს რომ მოვრჩით, დეპეშაც მოვიდა:

“კოტეჯი დაკავებულია. ისევ ვნახე ფანჯარაში ის ყვითელი სახე. შვიდ საათზე სადგურზე დაგხვდებით. თქვენს ჩამოსვლამდე არაფერს ვიღონებ”.

მონრო ბაქანზე გველოდა. სადგურის ფარნების შუქზე ადვილად შევნიშნე, რომ მღელვარებისაგან ფერი მიხდოდა და ერთიანად ცახცახებდა.

– ჯერ კიდევ იქ არიან, მისტერ ჰოლმს, – თქვა და ჩემს მეგობარს ხელი მოჰკიდა. – გვერდით რომ ჩავუარე, კოტეჯში შუქი შევნიშნე. ამ საქმეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა ბოლო მოვუღოთ.

– რა გეგმა გაქვთ? – ჰკითხა ჰოლმსმა, ვიდრე ბნელ ხეივანს ქვემოთ მივყვებოდით.

– მე მინდა თუნდაც ძალით შევიჭრა კოტეჯში და ჩემი თვალებით დავინახო, ვინ არის იმ სახლში. გთხოვთ ორივეს, ჩემი მოწმეები იყოთ.

– თქვენი მხრიდან ეს აღთქმის დარღვევა იქნება, – უთხრა ჰოლმსმა.

– მე მტკიცედ გადავწყვიტე რადაც არ უნდა დამიჯდეს, კოტეჯში შევიჭრა.

– კეთილი. ვფიქრობ, მართალი ხართ. ყოველნაირი სიმართლე ჯობს ეჭვსა და გაურკვევლობას. ყველაზე კარგი იქნება პირდაპირ გავეშუროთ. რა თქმა უნდა, კანონს ვარღვევთ, მაგრამ ჩიტი ბდღვნად ღირს კიდეც.

ძალიან ბნელი ღამე იყო. ფართო გზიდან იმ ბილიკისკენ შევუხვიეთ, ორსავე მხარეს რომ ნაკვალევვი ჩაჰყვებოდა. ჟინჟღვლა დაიწყო. მისტერ გრანტ მონრო მოუთმენლად მიისწრაფოდა წინ, ჩვენც თვალებდაცეცებულნი ბორძიკით მივყვებოდით უკან.

– აი, იქ ჩემი სახლიდან გამომავალი შუქი მოჩანს, – წაილუღლუღა მან და ხეებს შორის მოციმციმე სინათლეზე მიგვითითა. – ეს კი კოტეჯია და ახლა მე იქ შევალ.

ბილიკზე შევუხვიეთ და ზედ კოტეჯთან მივედით. კარი ნახევრად ღია იყო. შავ მიწაზე ჩანდა შუქის ყვითელი ზოლი. ზედა სართულზე ერთი ფანჯარა კარგად იყო განათებული. ფარდაზე რაღაც ლაქასავით მოჩანდა.

– ის პირუტყვი იქაა! – შესძახა გრანტ მონრომ. – ხომ ხედავთ, რომ იქ ვიღაც არის! ახლა მომყევით და მალე ყველაფერს გავიგებთ.

კარს მივუახლოვდით. უეცრად სიბნელიდან ქალი გამოვიდა. მისი სახე ვერ შევნიშნე, მაგრამ დავინახე, რომ მავედრებელივით ხელები წინ გაიშვირა.

– ღვთის გულისათვის, ჯეკ! – შესძახა ქალმა. – რად გინდათ ყველაფერი გაიგოთ. ასეც ვიცოდი, რომ მოხვიდოდით. დამშვიდდით, ძვირფასო! ისევ დამიჯერეთ და არასოდეს არ ინანებთ.

– მეტად დიდხანს გენდობოდით, ეფი, – მიუგო ქმარმა მკაცრი კილოთი. – გამიშვით, გამატარეთ. ესენი ჩემი მეგობრები არიან. ჩემს დასახმარებლად მოვიდნენ, რათა ამ საქმეს სამუდამოდ მოუღონ ბოლო.

რაც დაიჟინა, გაიტანა კიდეც. ქალს ხელი ჰკრა, გზიდან ჩამოიცილა და ჩვენც მივყევით. როცა კარი გააღო, ვიღაც დედაბერი ჩვენს შესახვედრად გამოეშურა. ცდილობდა გზა გადაეჭრა, მაგრამ გრანტ მონრომ ისიც ჩამოიცილა და ერთი წუთის შემდეგ კიბეს ავუყევით.

ეს იყო მყუდრო, კარგად მორთული ოთახი. ორი სანთელი მაგიდაზე ციმციმებდა. ორიც ბუხარზე. კუთხეში პატარა მაგიდასთან ჩვენკენ ზურგშექცევით ვიღაც პატარა გოგონა იჯდა. წითელი კაბა და გრძელი თეთრი ხელთათმანები ეცვა. ჩვენკენ რომ შემობრუნდა, გაოცებისა და შიშისაგან შევყვირე. მკვდრის ფერი ედო. მკრთალსა და უცნაურ სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალი არ შეინიშნებოდა.

თვალის დახამხამებაში საიდუმლოებას ფარდა აეხადა. ჰოლმსმა გაიცინა და ბავშვს ყურზე ხელი ჩამოუსვა. ნიღაბი დავარდა, და ხელში შემოგვრჩა პატარა ნახშირივით შავი ზანგი გოგონა. გაგვიღიმა და მისმა თეთრმა კბილებმა გაიელვეს. ჩვენი გაკვირვებული სახეების ხილვამ გააცინა. მისი სიხარულის თანაგრძნობის ნიშნად მეც გადავიხარხარე. მაგრამ გრანტ მონრო გაშეშდა. ბავშვისათვის თვალი არ მოუცილებია, ხელი კი მკერდზე მიდებული ჰქონდა.

– ღმერთო ჩემო! – შესძახა მან. – რას ნიშნავს ეს?

– მოგახსენებთ, რასაც ნიშნავს, – წარმოთქვა ამ დროს ოთახში შემოსულმა, ამაყი და მტკიცე გამომეტყველების ქალმა. – თქვენ მაიძულეთ ჩემი სურვილის წინააღმდეგ თქვენთვის ყველაფერი გამემხილა. ახლა ორივეს მოგვიხდება სინამდვილესთან შერიგება. ჩემი ქმარი ატლანტაში მოკვდა, ბავშვი კი გადარჩა.

– თქვენი ბავშვი?

ქალმა მკერდიდან მოიხსნა დიდი ვერცხლის მედალიონი:

– არასოდეს არ გინახავთ ეს მედალიონი გახსნილი?

– მე ვფიქრობდი, რომ ის არ იხსნება.

მონროს ცოლმა ზამბარას თითი დააჭირა თუ არა, მედალიონი გაიღო. შიგ განსაცვიფრებლად ლამაზი და ჭკვიანი აფრიკული იერის მქონე ადამიანის სურათი აღმოჩნდა.

– აი, ის ჯონ ჰიბრონი ატლანტელი, – თქვა მანდილოსანმა. – მასზე უფრო სათნო ადამიანი არასოდეს შობილა დედამიწაზე. მე ნათესავები დავკარგე, რომ ამ კაცს გავყოლოდი, და ვიდრე ცოცხალი იყო, ჩემი საქციელი არც მინანია. როგორც ხედავთ, ჩვენი ბავშვი უფრო მისი ტომის ადამიანებს ჰგავს. მსგავს ქორწინებებში ასეთი შემთხვევები ხშირია და პატარა ლუსი თავის მამაზე ბევრად უფრო შავი გაჩნდა. მაგრამ თეთრია თუ შავი, იგი ჩემი ღვიძლი შვილია, ჩემი სისხლი და ხორცი და ჩემთან უნდა იყოს.

დედის სიტყვების გაგონებაზე გოგონამ მასთან მიირბინა და მაგრად ჩაეხუტა.

– ამერიკაში დავტოვეთ, – განაგრძო ქალმა, – მხოლოდ იმის გამო, რომ სუსტი იყო და ჰავის გამოცვლას შეეძლო მისი ჯანმრთელობისათვის ზიანი მიეყენებინა. ბავშვის აღზრდა მივანდე ჩვენს ერთგულ შოტლანდიელ ქალს, რომელიც ოდესღაც გვემსახურებოდა. არასოდეს, არც ერთი წუთით არ მიფიქრია ლუსის დედობაზე უარი მეთქვა. მაგრამ როცა თქვენ შეგხვდით, ჯეკ, და შეგიყვარეთ, შემეშინდა ამისი თქმა, შვილი მყავს-მეთქი.

მომიტევე, ღმერთო! მაგრამ მე მეშინოდა თქვენი დაკარგვისა და სითამამე არ მეყო, ყოველივე გამემხილა. არჩევანის წინაშე დავდექი თქვენსა და ასულს შორის.

ჩემი სულმოკლეობის წყალობით შვილს დავემშვიდობე. სამი წელი გიმალავდით მის არსებობას. ძიძა ყველაფერს მატყობინებდა და ვიცოდი, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია. ბოლოს, შვილის ნახვის დაუძლეველი სურვილი ვიგრძენი. ვიცოდი, რა საშიშიც იყო ეს, მაგრამ მაინც გადავწყვიტე რამდენიმე კვირით ბავშვის ჩამოყვანა. მე გავუგზავნე ძიძას ასი გირვანქა და ამ კოტეჯზე მივუთითე, რათა აქ უბრალო მეზობელივით დასახლებულიყო და ჩვენი ურთიერთობა არაფრით გაეცა. იმდენად ვფრთხილობდი, რომ ვუბრძანე, დღისით შინ ჩაეკეტა ბავშვი, თანაც ისე დაეფარა სახე და ხელები, რომ მეზობლებსაც არ დაეწყოთ მითქმა-მოთქმა, აქ ზანგი გოგონა ცხოვრობსო. უმჯობესი იქნებოდა ნაკლები სიფრთხილე გამომეჩინა! ასე უფრო გონივრული იქნებოდა, მაგრამ მე თითქმის შეშლილივით ვიყავი და სულ იმას ვცდილობდი, ამ ამბავს თქვენს ყურამდე არ მოეღწია.

პირველად თქვენგან გავიგე, რომ კოტეჯი გაქირავებულია. სხვა რა ღონე იყო, დილამდე უნდა მეცადა, თუმცა მღელვარებისაგან დაძინება არ შემეძლო. ბოლოს გადავწყვიტე ბავშვის სანახავად ღამე გავპარულიყავი ღრმად დარწმუნებული, რომ კვლავინდებურად მაგრად გეძინებოდათ. მაგრამ თქვენ შენიშნეთ ჩემი გაპარვა, და ეს იყო მთელი ჩემი უბედურების დასაწყისი. მეორე დღეს უკვე თქვენს ხელთ იყო ჩემი საიდუმლოების გამომჟღავნება, მაგრამ კეთილშობილურად თქვით უარი და ძალა არ დამატანეთ გამემხილა რაიმე. სამი დღის შემდეგ კი ძიძამ და გოგონამ ძლივს მოასწრეს უკანა კარიდან გასვლა, როცა სახლში თქვენ შეიჭერით… აი, ახლა უკვე იცით ყველაფერი, და გეკითხებით, რა მოგველის ჩვენ – მე და ჩემს ბავშვს?

მონროს მეუღლემ ხელი ხელს მოუჭირა და პასუხის მოლოდინში გაჩუმდა.

გავიდა ათი გრძელი წუთი, ვიდრე გრანტ მონრო ხმას ამოიღებდა. მისი პასუხი ისეთი იყო, რომ ახლაც სიხარულით ვიგონებ.

გოგონა აიყვანა, შემდეგ ცოლს გაუწოდა ხელი და მასთან ერთად კარისაკენ გაემართა.

– უკეთესი იქნება ყველაფერზე შინ მოვილაპარაკოთ, – ესა თქვა მხოლოდ. – მე არა ვარ ძალიან კარგი ადამიანი, ეფი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმაზე ბევრად უკეთესი კი ვარ, როგორც თქვენ წარმოდგენაში ვყოფილვარ.

მე და ჰოლმსი გავედით. ჩემმა მეგობარმა ხელში ხელი ჩამავლო, უკან გამწია და ხმადაბლა მითხრა:

– მგონი, ლონდონში უფრო საჭირო ვიქნებით, ვიდრე ნორბერიში.

მეტად ამ საქმეზე სიტყვა აღარ დაუძრავს, მხოლოდ გვიან საღამოს, დაძინების წინ თქვა:

– უოტსონ, თუ ოდესმე მოგეჩვენოთ, რომ მეტისმეტად დაჯერებული ვარ ჩემს თავში, ან იმაზე ნაკლებს ვმუშაობ საქმეზე, ვიდრე საჭიროა, – გეთაყვა, ყურში ჩამჩურჩულეთ: “ნორბერი”, და ძალიან დაგიმადლებთ.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა