პოეზიაფრიდონ ხალვაში

ჭოროხის ხეობა

ხეობა ღრმაა თავის დარდებით,

როგორც ჭრილობა ხანძთის ლოყაზე,

მე ამ ხეობის ლურჯ წყვდიადებით

ჩემი ცხოვრების ზღვრები მოვხაზე.

ნისლში მზე დნება, _ ოშკის სანთელი…

ხევო, ცოცხალო და ნაწამებო,

აქ დაიფესვა სიტყვა ქართული,

აქ აღევლინა ჯიში სამეფო.

ბაღ-ვენახიან, ზეთისხილიან

სოფლებით მხვდება დიდი ხეობა,

ირხევა ჟვერი, ვით ირხეოდა,

მამლები ისევ ისე ყივიან.

მეყრდნობა თბილი შუბლით შავშეთი,

დედა მშობელი ვხედავ ეს არი,

რა ვქნა, მშობელო, _ ისე დავბერდი,

ჩვენს ერთად ყოფნას ვერ მოვესწარი…

ბევრი დუშმანი გესხა, გეომა,

მაგრამ ათასგზის ნაცემ-ნამუსრი,

თამარის ხიდქვეშ მქროლი ხეობა

სანდოა, როგორც დედის ნამუსი.

იმიტომ შევალ ახლა ამ ხევში,

რომ ზეცას ტყვედქმნილს შევხსნა ღილკილო,

ხმების გრიგალი ბურგალობს ყელში, _

ჭოროხზე მაგრად მინდა ვიყვირო.

 

1989

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა