ნოველაფრიდონ ხალვაში

ძველი სახლი

ვეებერთელა სიპი კლდე ჩაყუდებულა აჭარისწყალში. ჩანჩქერი თეთრი ლეჩაქივით გადაჰფენია. ეს უზარმაზარი ქვის ზღუდე აქ თითქოს საგანგებოდ ჩაუდგამთ, რათა მიწა შეეჩერებიათ და იქ, მაღლა, პატარა ვაკეზე, სოფელი გაეშენებიათ.
სოფლის ბოლოს, კოლდეზე გადამდგარი სამი სახლია. ერთი, ყველაზე ძველი და ყველაზე პატარა, ჩემია. იგი ბაბუას აუშენებია მუხის ძელებით. მუხის ტყეც აქვე ყოფილა.
ახლა იმ ტყისგან სამი-ოთხი მუხა შემორჩენილა ღელესთან, ქვიშნარში, დანარჩენი გამქრალა. ამიტომ მამაჩემს დაენანა მუხით ნაგები სახლის დანგრევა. პირველად არც ვკადრულობდი, ყველამ ახალი ოდა-სახლი წამოჭიმა და ჩვენ კი ძველი, ჩამუქებული, ვიწროსარკმლებიანი ყიშლასავით ფიცრული შემოგვრჩა-მეთქი. მაგრამ მერე თანდათან გული მომიბრუნდა, რაღაც თბილი, ახლობელი, განუშორებელი ვპოვე ამ სიძველეში. ჩემი სახლი ცოცხალი კაცივით მყავდა წარმოდგენილი. მებრალებოდა იგი, მეხათრებოდა, რაიმე ცუდი მეკადრებინა მისთვის.
თითქოს თვითონაც იგრძნო ჩემი ეს უეცარი და ჩუმი სიყვარული, მეჩვენებოდა, რომ ცოტათი ამაღლდა, სარკმლები მოხუცის ბედნიერი თვალებივით გაახილა. ჩაბინდებული, მოწყენილი კუნჭულები სინათლემ გამოაღვიძა და ძველმა ბუხარმა ისე ამოითქვა სული, გეგონებოდა მთელ ქვეყანას უნდა მიაცხუნოს დიდრონი ნაკვერცხლებით ავსილი უბეო.
დილით მაგრად ჩამძინებოდა. კრებიდან გვიან დავბრუნდი. მამაჩემს დაეხათრა, არ გამაღვიძა. როცა ავდექი, შინ ჩემს მეტი არავინ იყო.
გარეთ გამოვედი და ცელის კოდვას შევუდექი. დღეს ბალახი უნდა ვთიბო კოლექტივის ჭალაში.
შორიდან რაღაც ძახილი მომესმა, ღობეს გადავაწექი და ყური მივუგდე. ხმა თითქოს უფრო მომიახლოვდა. ჩემი სახელი გარკვევით მომესმა. ეზოს მეორე მხარეს გავედი. მდინარის გაღმა ნაპირს ვკიდე თვალი.
მაგრამ უცნობი პატარა ღელის მხრიდან მეძახოდა. ის კიდეც დავინახე მუხის ხეებთან. ნელა მოდიოდა, თან, მგონი, ხელსაც მიქნევდა, როცა გარკვევით დამინახა და იგრძნო, რომ მეც მისკენ მივდიოდი, უკან მიბრუნდა, ხეს მიეყუდა. შუბლზე ხელი მოისვა, დამელოდა.
_ რა იყო, რომელი ხარ?! _ ვერ მოვითმინე და მივაძახე. ის კი იდგა და ხმას აღარ იღებდა. ვერ ვიცანი, ვერც ვერავის მივამსგავსე. ახლოს რომ მივედი, ხელი გაუბედავად გამომიწოდა, შუბლზე ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა. დახეული, შინ შეკერილი წაღები ეცვა, ჩემზე ოდნავ მაღალი იქნებოდა, თმა წითური ჰქონდა, სახე _ ჭორფლიანი. შავი თვალები შავი წამწამებით თითქოს ხელოვნური იყო. უეცრად თვალი მალულმა ბა ბავშვურმა ღიმილმა გაუნათა, ხელი ისევ გადაისვა შუბლზე და მღელვარებით მითხრა:
_ მე სხვაგნიდან ვარ. ისე გიცნობ, რევაზ… _ ღელავდა, სიტყვა უწყდებოდა, მაგრამ არ უნდოდა ეს ჩემთვის ეგრძნობინებინა. თავს ძალას ატანდა, რომ მშვიდად ელაპარაკნა. _ გიცნობ, და ისეთ რამეზე მოვედი, რომ გაგიკვირდება… აიშეს უყვარხარ, შენ ეს იცი. ენვერის და რომაა (ენვერი მეტყევე იყო და ვინ არ იცნობდა). სხვა რამე არ იფიქრო, მამაჩემმა ჩემზე დანიშნა თურმე ბაღნობიდან. აიშეს მამაც შეჰპირებია. რა უნდა მექნა, რევაზ, მითხარი. მომაჩემდა ბაბაი, რძალი ჩემი არჩეული უნდჟა მოვიყვანოო. არ ვუთხარი არაფერი. აიშესათვის თალი მომიკრავს და… რა მქონდა საჯავრო. მაგრამ დღეს ჩემი გზის ასახვევთან, კაკლის ხე რომაა, იქ აიშე დამხვდა. მე არ ვიცი, ამფერი ჯერ არ გამიგონია. ტიროდა, თან გულამომჯდარი მეხვეწებოდა: კაცი ხარ და თქვი, რომ არ გინდივარო. ხომ ხედავ, არაფერს წარმოვადგენ. მე სულ სხვაზე ვფიქრობდი და მარტო იმისთვის მინდოდა კარგი ვყოფილიყავ, ნუ გეწყინებაო.
მერე ხმა ჩაუწყდა, მიბრუნდა, მაგრამ ნაბიჯი ვეღარ გადადგა. დაწყნარდი-მეთქი, ვუთხზარი. მაშინ ისევ შემომხედა, თვალები მორცხვად დახარა, ხელი კი ამ დიდი კლდისაკენ გამოიშვირა.
_ იქ, მაღლა, რევაზი ცხოვრობს, რა ვქნა, ის მიყვარს… ნუ გეწყინება, დამეხმარე რამე… _ მეხვეწებოდა.
_ მარტო მისმა ჩივილმა კი არ მატკინა გული, არამედ რაღაც სხვამ, რასაღ მხოლოდ ჩვენ, ბიჭები მივხვდებით. მაგრამ ისე მინდა მეც მოვიყვანო ქალი, რომ სიყვარულში არავინ ჩამერიოს, აიშე თავისი ქცევით თითქოს მეხმარებოდა, ამიტომ იგი შემეცოდა. ვთქვი, თუ კაცი ვარ, ხელს შევუწყობ-მეთქი. ისეთ გუნებაზე იყო, ვშიშობ ახლა შინ არაფერი მოხდეს. ქორწილი ამ შაბათ ღამესაა დანიშნული. მამაჩემი ემზადება, რა ვქნა, ვერ გავუმხილე… და შენთან წამოვედი.
მან ისევ შეიმშრალა შუბლი. ღელავდა, რაღაც საშინლად სტანჯავდა.
აიშე _ ვიგონებდი უკან მომავალი, როცა ამ უცნაურ, ჭორფლიან ბიჭს დავცილდი, _ ისეთი არაფერი ყოფილა ჩვენს შორის. ის მეათე კლასიდან გაიყვანა მამამ. გასათხოვარი გახდა, რაღა დროს სწავლააო. მეთერთმეტეს ვამთავრებდი მაშინ. აიშე ყველაზე მაღალი იყო მეათე კლასელებში. გრძელი ნაწნავები ერთი ბაფთით ჰქონდა შეკრული, ჩანთაში მუდამ დახვეული ბანდის ნაჭერი მოუჩანდა. ეს, ალბათ, მისი ლეჩაქი იყო. სკოლას რომ მიუახლოვდებოდა, მოიხსნიდან, შინ მისვლისას დაიხურავდა, როცა შემხვდებოდა, შედგებოდა, შემაშტერდებოდა და უთქმელი გამცილდებოდა. უკანასკნელ გამოცდაზე რომ ვიყავი, შევნიშნე, რამდენჯერმე ფანჯრიდან შემოიხედა, რა უნდოდა ნეტავ? ის უკვე სკოლაში აღარ დადიოდა, მაგრამ სრულებითაც აღარ ჩავფიქრებულვარ, თუ რამ ჩამოიყვანა იმ დღეს სკოლის ეზოში. წერითი სამუშაო იყო და მე ცოტა გამიჭირდა, დამაგვიანდა. ის ჩემს პირდაპირ ფანჯრის კუთხიდან ცალი თვალით იჭყიტებოდა. რას მიშლის ნერვებს-მეთქი, ვჯავრობდი. როცა დავამთავრე და გარეთ გამოვედი, მინდოდა დამეტუქსა, მაგრამ ოდნავ ცრემლმორეული და გაღიმებული შემომეგება.
_ მოგილოცავ, _ ძლივს გასაგონად მითხრა.
_ მადლობელი ვარ, აიშე, _ ვუთხარი მე და რატომღაც მის მხარზე ჩემი დაღლილი ხელის დადება მომინდა, მაგრამ იგი გვერდზე გახტა, მორცხვად გაიღიმა და გაიქცა.
მერე დიდხანს ვუყურებდი მას. აღმართს რომ შეუყვა ღელის გაღმა, მაინც მოიხედა ჩემკენ.
მეტი არაფერი.
აჰა, ამის შემდეგ ორი წელი გადის, მისი არაფერი ვიცი. მთელი დღე აწეწილ ფიქრებში გავიდე. ცელს ხელი ვეღარ მოვკიდე. ჩემი ნაპირი მოსათიბი დარჩა.

ხუთშაბაფი ღამდებოდა.
გაღმა სერებს ჩამვალი მზის შუქი ყვითლად ეფინებოდა. ქვეყანა ისე გაჩუმებულიყო, რომ გარკვევით ისმოდა აჭარისწყლის შორეული ჩხრიალი. საიდანღაც ცხენის ჭიხვინიც მოისმოდა და ბავშვის ძახილიც. და ასეთი საამო ხმებით სავსე ჰაერს, რომელიც საღამოს სიგრილემ მთლად გაამსუბუქა, ისე ხარბად ვისუნთქავდი, თითქოს მოწყურებული ცივ წყაროს ვეწაფებოდი.
აიშეს სოფელი აქედანაც ჩანდა, მაგრამ ახლა ისე ჩამდგარიყო ხეობაში ისსფერი ნისლი, რომ იქ, გაღმა ვეღარაფერს გაარჩევდი. ისე კი, აღარ მცილდებოდა ქალიშვილის სახე, მისი ნაღვლიანი თვალები და დამორცხვებული ღიმილი, რომელსაც ადრე ვამჩნევდი.
ახლა რაღაც მეტკინა გულში და იმ ჭორფლიანი ბიჭის მოსვლის მერე ყველაფერი აირია, გაუგებარი გახდა. თუმცა ერთი რამ მაინც აშკარა იყო: აიშე ჩემზე ფიქრობდა, ალბათ, მელოდებოდა…
არა, ესეც შეუძლებელია. როგორ მივიდე მასთან სახლში, ვეჩვენო მშობლებს და ვუთხრა, გოგო მე გამატანეთ-მეთქი. ისიც მაშინ, როცა მეორე დღეს ქორწილია დანიშნული.
არა, მოდი, ეს დღეც წავიდეს.
რადგან ასეთი ამბავია, ის უთუოდ თვითონ იპოვის გამოსავალს. თავად მომძებნის.
ჩუმად სიამაყის გრძნობამ გაიბუდა: კარგ ქალიშვილს ვუყვარვარ, იგი ჩემს გამო უარს ეუბნება სხვას. მაგრამ ამ დამალულ სიამაყეს სრულებითაც არ გაუგრილებია აიშეზე ჩემი მხურვალე ფიქრი. იგი ჩემად დავიგულე, სულში ჩავისვი და სიყვარულით მივეფერე მის ლანდს.
პარასკევი ღამდებოდა, ის კი არ ჩანდა, ხოლო მე ვერ გადამეწყვიტა როგორ მოვქცეულიყავი. ეს დღე მისი ქორწილის დღე იყო. `ალბათ, პირდაპირ ქორწილიდან წამოვა~.
ღამით მუხნარის ღელიდან თბილი ქარი უბერავდა, ყავრებს აწვალებდა, სიმინდებს აშრიალებს და ლეღვის ფოთლებს გულმოსული უსვამდა ჩემი ოთახის კედელს.
მეორე დღეს უცნაური სიცარიელე ვიგრძენი და რატომღაც სოფელში გამოჩენა მომერიდა. ავიღე ცელი და სათიბში წავედი.
მთელი დღე არ დამისვენია. ვუსვამდი ცელს და ვჭრიდი ბალახს. ახალმოჭრილი ბალახის სურნელი მაბრუებდა. გული ამღვრეული მქონდა. მხოლოდ, ხავერდის ლამაზ კაბასავით მოფენილი ბალახი მიმშვიდებდა გულს.
უცებ ყველაფერს მივხვდი. ის ბიჭი, ჩემთან რომ გამოგზავნა აიშემ, შემეცოდა. მისი თვალები მაინც სხვანაირი სევდით იყო დაბინდული. ის ჩემთან მოვიდა, მთხოვა, აიშე მენახა. რა კარგი ბიჭი იყო, მას ძალიან უყვარდა ის, ჩემზე მეტად ებრალებოდა კიდეც.
მე კი აღარ გამოვჩნდი.
შენ, ალბათ, გული შეიცვალე ჩემზე, აიშე. ვერ გაგიმართლე იმედი. გმადლობთ, აიშე, რომ დამსაჯე, ღირსი ვარ. პატარა მუხის ძველი სახლი ისევ კარღია შემომეგება. ერთ ხანს ეზოში ჩამოვჯექი და ჩემს ძველ სახლს დავაკვირდი, თითქოს ისიც ჩაფიქრებული შემომყურებდა და საყვედურს მეუბნებოდა.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა